მერაბ ბლადაძე: „ბედუკაძე იყო მწამებელი და სისასტიკით გამოირჩეოდა!“

777

ციხის კადრები და ფარული ჩანაწერები დღემდე აქტუალობას არ კარგავს და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალშიც პოლიტიკური სპექტრის პოზიციების განმსაზღვრელი იქნება. ასი ათასობით აღმოჩენილი ფირიდან მხოლოდ 11 კაცია გასამართლებული და იმ ქმედებისთვის, რომელიც, როგორც ამბობენ, ყველაზე უწყინარი იყო სახელმწიფოს მიერ განადგურებულთა შორის… მაგრამ, როგორც ჩანს, იგივე კადრები სხვასთანაც ინახება საგულდაგულოდოდ.

მოსწონს ვინმეს თუ არა, სწორედ ეს კადრები გახდა გადამწყვეტი 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ ტრიუმფისა.

ბევრი ითქვა და დაიწერა ლადო ბედუკაძეზე, მაგრამ საინტრესოა როგორ დაიწყო ბედუკაძის „სოლოკარიერა“ ამ საქმეში? მის რეალურ სახესა და მიზნებზე გვესაუბრება უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, რომელიც იმ პერიოდში ბრიუსელში სტუდია „ობიექტივს“ წარმოადგენდა და ამავე დროს იყო ემიგრანტ დევნილთა ომბუდსმენი:

_ ბატონო მერაბ, საიდან დაიწყო ყველაფერი?

_ 2012 წლის ივნისის ბოლოს დავით თარხან-მოურავი დამიკავშირდა და მთხოვა, ერთი კაცი ჩამოვა, დაგეკონტაქტებიან, უნდა მიაკითხო, შენთან წაიყვანო, მიმიხედო და დამიმალოო. რამდენიმე დღის შემდეგ მართლაც დამიკავშირდნენ, მივაკითხე და ჩემთან წავიყვანე სახლში. ეს კაცი ლადო ბედუკაძე იყო.

_ როცა ჩამოვიდა, არ დაინტერესდით, ვინ იყო, რატომ გთხოვეს მისი დაცვა-დამალვა?

_ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა მის მიმართ არ გამომიჩენია. ზოგადად, ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო და ეს საკმარისი გახლდათ ჩემთვის.

აგვისტოს ბოლოს ბრიუსელში ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ჩამოვიდნენ. ამის თაობაზე გიორგი ფოფხაძემ დამირეკა. მე ბრიუსელის გარეუბანში ვცხოვრობდი. ჩავედი და სწორედ მაშინ გავიგე, რომ მათ ე. წ. ციხის კადრები ჩამოიტანეს და რომ ეს კადრები ციხიდან ბედუკაძემ გამოიტანა.

დავსახეთ სამოქმედო გეგმა. გიორგი ფოფხაძეს ევროსტრუქტურებში, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში ეს კადრები უნდა გაევრცელებინა და მათთვის უნდა დაგვენახვებინა „ნაციონალების“ რეალური სახე, მე კი უზრუნველვყოფდი ბედუკაძის უსაფრთხოებას, ხოლო ირმა ინაშვილი _ მისი ოჯახის ბრიუსელში ჩამოყვანას. ე. ი. კულუარულად უნდა გვემოქმედა და არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე, 27-28 სექტემბერს, ეს კადრები უნდა გაგვესაჯაროებინა.

სწორედ იქ ვნახეთ ფირიც და ჩემთვის უდიდესი შოკი იყო, რომ იმ ფირში ბედუკაძის ხმა ამოვიცანი საკმაოდ ამაზრზენად და დამცინავად.

დავით თარხან-მოურავს მაშინვე ვუთხარი, რომ ვეღარ შევძლებდი ასეთი ნაძირალას ჩემს სახლში წაყვანას და მის მიხედვას. ბატონმა დავითმა მთხოვა, პიროვნულზე მაღლა დავმდგარიყავი. მისი კიევში გადაფრენა შეეძლო, მაგრამ იქ დარწმუნებული არ იყო ბედუკაძის უსაფრთხოებაში.

საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შევიკავე და კიდევ რამდენიმე კვირა ვითმენდი ამ ჯალათსა და სასტიკ ადამიანს ჩემს სახლში.

ამ პერიოდში ფოფხაძე ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში კადრებს ავრცელებდა. ამასობაში, ინფორმაციამ გაჟონა, სააკაშვილის ხელისუფლებამ საინფორმაციო შტურმი დაიწყო ციხის კადრების დადგმის შესახებ და 19 სექტემბერს იძულებული გავხდით, დროზე ადრე გაგვესაჯაროებინა კადრები. ბრიუსელში პრესკონფერენცია ქუჩაში გავმართეთ და სააკაშვილის სადისტური რეჟიმი ვამხილეთ.

_ შენი თვალით დანახული ბედუკაძე.

_ სანამ კადრებს ვნახავდი, ბედუკაძე განათლებული, კეთილშობილი ადამიანი მეგონა, რომელმაც ვერ აიტანა ის სისატიკე, ძალადობა, რაც ციხეებში სუფევდა და როგორც კი შანსი გაუჩნდა, ეს ნაბიჯი გადადგა. რეალურად კი, ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, მისი მთავარი მიზანი იყო სარგებლის მისაღებად მომენტის გამოყენება.

_ ფირის გადაცემამდე ხომ შეეძლო მონტაჟი და თავისი ხმის ამოშლა, რატომ არ გააკეთა?

_ ალბათ, იფიქრა, კადრების სიმძაფრე ხმას დაფარავდა, თუმცა მან განაცხადა, რომ იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო, რადგან სხვაგვარად ვერ შეძლებდა ამ კადრების ვერც მოპოვებას და ვერც გარეთ გამოტანას.

ამ კაცს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, გაორება სჭირს. თუ ერთ მომენტში ძალიან კეთილია, მეორე წუთში შეიძლება იყოს დაუნდობელი ჯალათი, მწამებელი. მე მჯერა იმ პატიმრების, რომლებიც ამბობენ, რომ ბედუკაძემ გადაარჩინა ცემას, გაუპატიურებას, რომ მფარველობდა, მაგრამ, ამავე დროს, მჯერა იმათი, ვინც ამტკიცებს, რომ ბედუკაძე იყო მწამებელი და სისასტიკით გამოირჩეოდა. რაც შეეხება იმას, რომ ეს კადრები დადგმული იყო, არ არის მართალი. კადრები რეალურია და ციხეებში მსგავსი და უფრო საშინელებებიც ხდებოდა.

_ თქვენი ჯგუფი ბედუკაძემდე როგორ მივიდა, ან როგორ მოვიდა ის თქვენთან?

_ ის ჩვენი მოძრაობის წევრმა, გიორგი ლომიამ გადმოიბირა, რომელიც ციხეში იჯდა და ამ საშინელებების შესახებ იცოდა.

ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს ბედუკაძე ნანახი არ ჰყავდათ, პირველად ბრიუსელში ნახეს.

_ ბედუკაძემ ეს კადრები მოგყიდათ?

_ რა თქმა უნდა. მან ამ კადრებში სოლიდური თანხა აიღო, თუმცა როცა ჩემთან ჩამოვიდა, ერთი ცენტიც კი არ ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ვარჩენდი, ვინახავდი, ორ თვეს დარჩა ჩემთან და თვეში 800 ევროს ვაძლევდი, ჩემი ჯიბის ფულს.

_ ფული ვინ გადაიხადა?

_ ყველას ვარწმუნებ: ბედუკაძეს თავისი ჯიბის ფული და საკმაოდ სოლიდურიც გადაუხადა დავით თარხან-მოურავმა გიორგი ლომიას მეშვეობით.

_ რა კავშირი ჰქონდა ამ კადრებთან ბიძინა ივანიშვილს?

_ არავითარი. ივანიშვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, ამაში არც თანხა გადაუხდია. ის კი არა, დღემდე ღიზიანდება, როცა ამბობენ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებაში ამ კადრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მას არაერთხელ ხაზგასმით უთქვამს, რომ ამ კადრებს არ უმოქმედია მოსახლეობის განწყობაზე და უფრო ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმუშავა.

დიახ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმუშავა და თანაც როგორ!

სწორედ უცხოეთის განწყობამ გადაწყვიტა არჩევნების ბედი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ უცხოეთში დაწერილი სცენარის მიხედვით, სააკაშვილი ხელისუფლებაში რჩებოდა და `ოცნება~ მეორე ადგილზე გავიდოდა.

დასავლეთს ამ კადრებმა ათქმევინა უარი სააკაშვილის მხარდაჭერაზე, არჩევნების მისთვის არასასურველი შედეგით დამთავრების შემთხვევაში ძალადობის ე. წ. „გაპრავებისათვის“.

_ ბოლოდროს ამ საქმეში ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას სახელმა გაიჟღერა.

_ ნინო ამ საქმეთან არაფერ შუაშია, მით უმეტეს, თანხასთან.

ბედუკაძისა და კადრების ამბავი მის გამოქვეყნებამდე სულ რამდენიმე კაცმა ვიცოდით: დავით თარხან-მოურავმა, ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ, გიორგი ფოფხაძემ, მე და კიდევ ერთმა.

იცით, რომ ჩვენს ჯგუფს კადრების გასაჯაროებამდე ბედუკაძის ოჯახის ჩაყვანა უნდა უზრუნველეყო ბრიუსელში. მართლაც, მისი ოჯახი სტამბულში გავიყვანეთ და იქ ბელგიის ვიზას ველოდებოდით, მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა და მათი ჩაყვანა ვერ მოვასწარით.

ბედუკაძეც და მისი ცოლიც ისტერიკაში ჩაცვივდნენ და სწორედ, მისი ოჯახის დასაწყნარებლად და მხარდასაჭერად, რომ ეჩვენებინათ, ისინი მარტო არ იყვნენ, ირმა ინაშვილმა ნინო ჯღარკავა სტამბულში გააგზავნა. სხვათა შორის, ბედუკაძის ოჯახი სტამბულში შესანიშნავ სასტუმროში ცხოვრობდა შესანიშნავი პირობებით.

და ამ ყველაფრის ხარჯს ჩვენი ჯგუფი სწევდა.

ნინო ჯღარკავას სხვა არავითარი მისია ამ საქმეში არ ჰქონია.

_ საიდან გაჟონა ინფორმაციამ?

_ ევროსტრუქტურებიდან. ამ მასალებს ევროპელებს ვაცნობდით და გინივრული ეჭვი გვაქვს, რომ აქედან.

_ ბრიუსელში ბედუკაძე რატომ სცემეთ?

_ მიუხედავად იმისა, რომ ატანა აღარ მქონდა ამ კაცის, თავს ვიკავებდი. დილით სახლიდან უთენია გავდიოდი და შუაღამისას შევდიოდი, რომ რაც შეიძლებოდა ნაკლები ურთიერთობა მქონოდა მასთან.

ამ პერიოდში ჩემთან გაიცნო საქართველოს საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე, ვიქტორ ჭელიძე, რომლისთვისაც ბევრი სიკეთე გამიკეთებია. მასთან ვმეგობრობდი და ხშირად დადიოდა ჩემთან. ბოლო რამდენიმე დღე ბედუკაძეს ეტყობოდა, რომ ძალიან შეიცვალა: პრეტენზიული გახდა, ისტერიკაში ვარდებოდა, ჩემი ცოლ-შვილი შეგნებით არ ჩამოგყავთო და ა. შ.

როგორც მოგვიანებით გავიგეთ, თურმე, ბედუკაძეს ვიქტორ ჭელიძე აქეზებდა, რომ ამ კადრებში ივანიშვილმა მილიონები გადაიხადა და მას ფული „მოვუტეხეთ“.

ჭელიძის რეალური მიზანი კი ამ საქმიდან ხელის მოთბობა იყო და ერთი პერიოდი აცხადებდა, ბედუკაძის წარმომადგენელი ვარო, ირმა ინაშვილთანაც ამ „სტატუსით“ მივიდა. მაგრამ ისინიც, სულ რაღაც, 10 დღეში ხმაურით დაშორდნენ ერთმანეთს. ამ მათხოვართა „შაიკაში“ იყვნენ გაიძვერა დავით სილაგაძე და მისი მეგობარი ქალი მარინა ბარბაქაძე, რომელსაც, თურმე, ჩემთვის მოსკოვიდან, კრემლიდან გამოგზავნილი ფულის ქვითრები ჰქონია. მოუთმენლად ველოდები მის მიერ ამ ქვითრების გამოქვეყნებას.

სწორედ ისინი აგიჟებდნენ ბედუკაძეს და ამის გამო გავლახე. ისეთი ნაძირალაა, მეორე დღეს მეუბნება, _ მადლობა, მერაბ, რომ დამარტყი, ჭკუაზე მომიყვანეო.

ამდენად, ნუ დაიჯერებს ვინმე, რომ ბედუკაძემ ეს იდეის გამო გააკეთა. ის რიგითი მედროვეა, რომელიც ცდილობდა, სხვისი უბედურება სათავისოდ გამოეყენებინა და სარფიანად გაეყიდა. მოახერხა კიდეც.

გიორგი ფოფხაძეს დავურეკე, _ მომაშორე-მეთქი და წაიყვანა. გაიძვერა ბედუკაძემ ფოფხაძეს უთხრა, _ ამ მერაბიშვილის აგენტთან როგორ მიმიყვანეო.

მივხვდი, ვისი ხელიც ერია ყველაფერში, ვურეკავდი ჭელიძეს და შეხვედრას ვთხოვდი, მაგრამ მემალებოდა. ვერ მივაგენი. ერთ დილით, ბრიუსელის ცენტრში, `მაკდონალდსის~ შესასვლელთან შემხვდნენ ის და ბედუკაძე. ჭელიძეს ვუთხარი, _ გამო, გავიდეთ, საქმე მაქვს-მეთქი. მან კი აგდებით მიპასუხა და სიგარეტის ნამწვავი პაკეტში ჩამიგდო, რომელშიც ბუტერბროდი მქონდა. ამიტომაც მიიღო. კარგა ხანს გარეთ ვეღარ გამოდიოდა, ისე ვცემე. მისი თანმხლები ბედუკაძე კი სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას და ვეღარ ვნახე.

ჭელიძე ბედუკაძის წაქეზების, მისი გაიძვერობისა და ჩემი შურაცხყოფისთვის ვცემე და თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, არც ახლა ვიტყვი ამაზე უარს.

ამ ამბის მერე სახლში მივედი და ქართულ არხებზე მყვირალა სათაურებით ინფორმაცია ვნახე: თავდასხმა ვლადიმერ ბედუკაძეზე და ათასი სისულელე.

ვიქტორ ჭელიძეზე დავამატებდი: ერთხელ მან ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველის საზღვაო ჯარების სარდალი, ადმირალი ზურაბ ირემაძე, სააკაშვილის დავალებით მოწამლეს. სააკაშვილმა მისი ბრძანების შეუსრულებლობისთვის იძია შური მასზეო. მას სოჭიდან სოხუმში მომავალი იმ კატარღის ჩაძირვა უბრძანა, რომელზედაც რუსეთის დუმის დეპუტატები იყვნენო. და ეს სპეცსამსახურებმა მოახერხეს მისი ქალიშვილის ხელითო. ეს ამბავი სიძესაც სცოდნია და ცოლმა ქმარს ავტოავარია მოუწყო და ისიც დაიღუპაო.

ჩემი აზრით, ეს არის ტყუილი და ადამიანი, რომლის გონებაშიც მსგავსი სიბინძურე დაიბადება, ამ საქმეში მთლად სუფთა არ უნდა იყოს.

მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას და ირემაძის ოჯახს, დაინტერესდნენ ჩემ მიერ გაცხადებული ინფორმაციით და ნათელი მოეფინოს ამ ჩახლართულ საქმესაც. თუ საჭირო იქნება, ჩვენებას მეც მივცემ.

_ დღეს ვინ მფარველობს ბედუკაძეს?

_ მაშინაც და დღემდე ჩვენ წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია მიმდინარეობს და ამას ორგანიზებული ხასიათი აქვს. როგორც ჩანს, ვიღაც დიდი კაცის ინტერესში შედის ჩვენი როლის დაკნინება და განადგურება. ვარაუდები გვაქვს, მაგრამ, ჯერჯერობით, დამამტკიცებელი საბუთები _ არა. დარწმუნებული ვარ, გავიგებთ ვინ დგას ამ სიბინძურის უკან. ასევე მჯერა, რომ ბედუკაძეს სწორედ ეს ხალხი იცავს. ის ციხის ნაცვლად დაცვით დადის, შეიწყალეს, სააგენტო გაუხსნეს, ფილმის კონსულტანტად აიყვანეს. და ამ ხალხს ძალიან დიდი გავლენა აქვს მთავრობაში.

ეს ის ჯგუფია, თუ დროულად არ გამოვლინდა, კატასტროფამდე მიიყვანს ამ ხელისუფლებას და ქვეყანასაც.

ბოროტება კი ჯერ არავის შერჩენია.

_ უნდათ თუ არა აღიარება, ამ კადრებმა მართლაც გადაწყვიტა არჩევნების ბედი. რას იტყვით სამი წლის გადასახედიდან?

_ ჩვენ არავისგან არ გვინდა მადლობა და არც ვინმეს აღიარება. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ყველა წესიერი ქართველი გააკეთებდა და ლომის წვლილი შევიტანეთ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მოშორებაში.

რაც შეეხება „ოცნებას“, ერთს ვიტყვი: პარტია, რომელიც ისე მოექცევა თავის თანამებრძოლებს, როგორც ის მოექცა, ჩვენ რატომ უნდა გვქონოდა უკეთესის მოლოდინი?

მიკვირს, რატომ არ სთხოვენ პასუხს ციხის უკანონობაზე დიმიტრი შაშკინს და ხათუნა კალმახელიძეს?

მართალია, ციხეს არაფორმალურად ახალაიები განაგებდნენ, მაგრამ შაშკინი და კალმახელიძე თავიანთი დუმილით ხელს უწყობდნენ იმ ძალადობასა და სისასტიკეს, რომელიც ციხეებში იყო გამეფებული.

მიკვირს სამართალდამცველებში რატომ რჩება ის ხალხი, ვინც ამ უმსგავსობებს სჩადიოდა?

ბევრი რამ მიკვირს…

უმრავლესობის ლიდერის შეცვლამ, წესით, მმართველ პარტიაში მდგომარეობაც უნდა შეცვალოს. ზვიად კვაჭანტირაძეს ამის ძალა, სურვილი და რესურსი აქვს და თუ ისიც ვერ შეძლებს, მაშინ შორს აღარაა 2016 წელი და ხალხი მოახერხებს ცვლილებებს.

 

                                                                                                          ნატო ქათამაძე