მარშრუტი: თბილისი-წვერმაღალა-ნატანები

55

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორს წვერმაღალას ხეების დასაკუთრების ამბის გახმაურება გადააბრალა და საყვედური გამოთქვა, უფრო მეტად გაგვიჩნდა სურვილი, საკუთარი თვალით გვენახა ადგილი, რომელიც დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკუთრებას წარმოადგენს და როგორც თავად აცხადებს, საბოლოოდ, ამ ხეების მოვლით აპირებს დაკავდეს.

რამდენიმე დღის წინ გაზეთის ორმა ჟურნალისტმა გურიისკენ ავიღეთ გეზი. სოფელ ნატანების ცენტრალური გზიდან მარცხნივ გადავუხვიეთ და ორასიოდე მეტრში წვერმაღალას სკანდალად ქცეული ხეებიც გამოჩნდა. ტერიტორიას ღობე აქვს შემოვლებული, თუმცა უცხო თვალისგან უფრო მეტად რომ იყოს დაცული, სამხედრო საფარითაც (კომუფლიაჟი) არის შემოსილი. შიგნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს იმ დროს მოვკარით თვალი, როცა ერთ-ერთი ჭიშკარი გაიხსნა და იქ დიდი ტვირთმზიდი შევიდა. შიდა პერიმეტრის მცირე ნაწილი სწრაფად  დავათვალიერეთ _ უზარმაზარ ხეებს შორის ახალ ნერგებს რგავდნენ, აკეთებდნენ გაზონებსა და აუზებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილი წვერმაღალაში სამოთხის ბაღს იკეთებს, რომელიც, ცხადია, მხოლოდ „მოქალაქეს“ მოჰგვრის სიამოვნებას და არა მოქალაქეებს.

როგორც ადგილობრივებისგან შევიტყვეთ, ხეები, რომელიც ამჟამად ივანიშვილის საკუთრებას წარმოადგენს, უნიკალურია. ივანიშვილის ხეების ბაღს მარცხნიდან შემოვუარეთ და ზემოთ მიმავალ გზას მანქანით დავადექით. მოპირდაპირედ, წყალმომარაგების სამსახურთან მყოფი ადამიანებისგან შევიტყვეთ, რომ გზა, რომელსაც ჩვენ მივუყვებოდით, სოფელ წვერმაღალას ზედა ნაწილში აგვიყვანდა. იქ ასასვლელი უფრო მოკლე გზა კი, წინათ იმ ტერიტორიაზე იყო, რომელიც ივანიშვილმა შემოღობაო.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სოფელი წალკოტშია ჩაფლული, თუმცა განადგურებული გზა ხელს გვიშლიდა ამ სილამაზის სრულფასოვან აღქმაში. დაახლოებით 2-კილომეტრიანი გზის გავლას ნახევარი საათი მაინც მოვუნდით. ზედა წვერმაღალა მთის წვერზე მდებარეობს. აქ ვნახეთ გიგანტური, უნიკალური ჯიშის ნაძვები, რომელიც ბორჯომის ხეობაშიც კი არასდროს შეგვხვედრია. წვერმაღალას მწვერვალიდან ხელისგულივით ჩანდა ლურჯად მოლივლივე უკიდეგანო ზღვა, სანაპიროსთან ივანიშვილის მშენებარე სასტუმრო, დიდი საკონცერტო დარბაზი, მილიარდერის ზღვისპირა რეზიდენციის ტერიტორია და მის საკუთრებაში გადასული წვერმაღალას ხეები.

წვერმაღალაში ასულებს იქაურობაც გაპარტახებული დაგვხვდა. რამდენიმე ჩამონგრეული და ფუნქციადაკარგული შენობა ფოტოზეც აღვბეჭდეთ, იქ მცხოვრებლებს კი „სანთლით“ დავუწყეთ ძებნა. აღმოჩნდა, რომ სოფელში სულ 6 ოჯახი ცხოვრობდა და მათაც ცხოვრების ცუდი პირობები ჰქონდათ. ერთ-ერთ ოჯახში დიასახლისმა სოფელ წვერმაღალაზე საინტერესო ამბები მოგვიყვა:

_ არავინ არის ჩვენი პატრონი და ასეთი გზაც ამიტომ გვაქვს. ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს ახლა ყველაფერს, ქვემოდან დაიწყო და აქამდეც ამოვა. ჯერ გზის მშენებლობას ვერ დაიწყებს, რადგან წყალია გასაკეთებელი. ამის გამო დიდი მანქანები ივლიან და გაკეთებულ გზებს ისევ გააფუჭებენ. წყლის რეზერვუარებს უკვე დგამენ.

_ ივანიშვილმა წვერმაღალას ქვედა ტერიტორია რომ შეისყიდა, ცნობილია. ამ ადგილის ყიდვაც ხომ არ ჩაიფიქრა?

_ კი, ქვემოთ იყიდა და ხეებიც გადაარჩინა იმ მოსახლისგან, რომელიც იქ არსებული უნიკალური ხეების მოჭრას აპირებდა. ეს გახლავთ განსაკუთრებული ჯიშის, ზღვის უნიკალური წითელი ევკალიპტები და კიდევ სხვა სახეობის ხეები. ის ადამიანი ამ ხეების ადგილზე მაღაზიის აშენებას გეგმავდა, მაგრამ მერე ივანიშვილმა იყიდა და შემოღობა.

_ სოფელ წვერმაღალასაც ხომ არ უპირებს შემოღობვას? როგორ ვხედავთ, აქაც უნიკალური ნარგავებია…

_ არ ვიცი, მე ვინ რას მეტყვის. ჩვენ ის გვიხარია, რომ წყალი გაკეთდება. 13 წელია, აქ ვცხოვრობ და წყალი არ გვაქვს. სადაც მივდივართ მანქანით, წყალი მოგვაქვს. რაც წვერმარალაში ვცხოვრობ, გზაც სულ ასეთი ათხრილია, თუმცა ჩვენს ზემოთ კიდევ უფრო უარესია.

_ ამბობენ, წვერმაღალაში მომავალი მოკლე გზა წინათ იმ უნიკალური ხეების ტერიტორიაზე გამოდიოდა, მაგრამ ივანიშვილმა გადაკეტა და ახლა ხალხს გრძელი გზით უხდება სოფელში სიარულიო და ეს სიმართლეა?

_ კი, მოკლე გზა იქ გამოდიოდა, მაგრამ ახლა გზა დაგვიგრძელდა. სხვა მოკლე გზაც არსებობს, თუმცა ის სამანქანო არ არის. ვინც მოდის, ყველას მოსწონს ჩვენი სოფელი, გაოცებული რჩებიან ბუნებით, ისინიც თქვენნაირად ლაპარაკობენ, რატომ უნდა იყოს აქ ასეთი გზაო?! მაგრამ მერე მიდიან და აღარაფერს აკეთებენ ჩვენ დასახმარებლად. ასე გრძელდება ათწლეულები. ივანიშვილი ზაფხულში მას მერე ამოვიდა, რაც ქვედა ტერიტორია იყიდა. არ ვიცი, რა მოიფიქრა, ამ ადგილებსაც იყიდის თუ არა, ან ჩვენ გადაგვიყვანს თუ არა, მაგრამ ამაზე უარეს მდგომარეობაში ხომ არ ვიქნებით? სოფელს მხოლოდ დაწყებითი სკოლა აქვს, მაღალი კლასის მოსწავლეები კი ურეკის სკოლაში დადიან.

ჩვენი სოფლიდან ივანიშვილის რეზიდენციაც კარგად ჩანს და ის სასტუმროც, რომელსაც ზღვაში აშენებს. როგორც ამბობენ, ხიდით უნდა დაუკავშირდეს სასტუმრო სანაპიროს.

_ სოფელში ამდენი დანგრეული და გამოუყენებელი შენობა რომ დგას, წინათ ვის ეკუთვნოდა?

_ არ ვიცი, მეც გაგებული მაქვს, რომ აქ სამედიცინი პუნქტი იყო, სხვა დაწესებულებები და ხალხი კარგად ცხოვრობდა, ახლა კი ასე გაჭირვებით ვცხოვრობთ, შემოსავალი მხოლოდ ციტრუსიდან გვაქვს, თუმცა ისიც უკვე გაუფასურებულია. ჩვენი სახლის გვერდითაც არის დაცარიელებული და ჩამონგრეული კორპუსი, რომელშიც ადრე, თურმე, ხალხი არ შეუშვეს, მერე კი შენობამ მიუხედაობით ნგრევა დაიწყო და საცხოვრებლად გამოუყენებელი გახდა. წეღან რომ გითხარით, სოფელში 6 ოჯახი ვცხოვრობთ-მეთქი, აქედანაც ერთი უკვე სამტრედიაში წავიდა საცხოვრებლად, მეორე _ ურეკში და, რეალურად, 4 ოჯახი დავრჩით. დამსვენებლებიც ვერ ამოდიან აქ, რადგან არც გზა გვაქვს და არც _ წყალი.

თქვენ ის ხეები გაინტერესებთ, ქვემოთ რომ დგას? ასეთი ხეები კერძო საერთოდ არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ წინა მფლობელმა როგორ მიისაკუთრა სააკაშვილის დროს, ან მერე რატომ გაყიდა, ვერ გეტყვით. გამგეობაში მუშაობდა, სააკაშვილის მომხრე იყო და მოახერხა.

_ ჰოდა, წესით, თუ ის უკანონოდ იყო ხელში ჩაგდებული, კანონიერ მფლობელს, სახელმწიფოს არ უნდა დაბრუნებოდა?

_ ეგ მე არ ვიცი, აბა, მაგას მე ვინ მკითხავს?

 

***

როგორც შევიტყვეთ, სოფელს რწმუნებული არ ჰყავს და ყველა პირობა არსებობს იმისთვის, სოფლის კუთვნილი სხვა ტერიტორიებიც რომ გასხვისდეს და წვერმაღალას ჯადოსნური ბუნება კერძო პირების ხელში გადავიდეს.

წვერმაღალას შემდეგ სოფელ ნატანებში ავედით, სადაც ლეიბორისტი, ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ნათია შარაშენიძე ვნახეთ. ბიძინა ივანიშვილის წვერმაღალას ტყეების ამბავი პირველად სწორედ მან გაახმაურა. ნატანებში ის ისტორიული შენობა ვნახეთ, რომელიც, თურმე, ივანიშვილს საკუთარი ბანკისთვის სჭირდება.

 

ნათია შარაშენიძე:

_ ქვემო ნატანებში, ამ შენობაში, ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან, სოფლის ადმინისტრაცია იყო განთავსებული. როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, იქ სოფლის რწმუნებული იჯდა თავისი აპარატით, მაგრამ საზოგადოებრივი სახლის შენობის ერთ-ერთ ოთახში გადაიყვანეს და ისტორიული შენობა გამოათავისუფლეს. სწორედ ამ შენობაშია გადაღებული კინოფილმი ჭრიჭინა. როგორც მოსახლეობა ლაპარაკობს, ამ შენობას ივანიშვილმა დაადგა თვალი, მისი შესყიდვა უნდა და ამიტომ გამოათავისუფლეს. მას იქ `ქართუ ბანკის~ განთავსება სურს და ამიტომ გადაიყვანა რწმუნებული თავისი აპარატით ერთ მოცუცქნულ ოთახშიო. პრობლემა კიდევ ის არის, რომ ქონებებს ივანიშვილი მიზერულ ფასებად ყიდულობს და მასში რეალურ თანხას არ იხდის. რა სიხშირითაც ის ქონებებს ისაკუთრებს, ასე ქარხნებს რომ აშენებდეს, ხალხი დასაქმდებოდა და ქვეყანაც წინ წავიდოდა.

***

ნატანებში ბიძინა ივანიშვილის ფილარმონიის შენობაც ვნახეთ. ის ბათუმის გზაზე, მისი რეზიდენციისა და მშენებარე სასტუმროს მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარესაა. როგორც შარაშენიძე მოგვიყვა, ნატანებში, მინდვრის საძოვრებიდან მიწა მოჭრეს და ივანიშვილის ფილარმონიის გარშემო დაფინეს. ნატანელების ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზის გარდა, ივანიშვილი აქ სასტუმროებისა და კაზინოების აშენებას აპირებს, მომავალში ლას ვეგასის ტიპის პატარა ქალაქი იქნებაო. „ივანიშვილს ინტერვიუში ვუთხარი, ლამის მთელი შავიზღვისპირეთი იყიდეთ და რიგითი ხალხისთვის მიწა და ადგილი აღარ დარჩა-მეთქი. ახლა ხომ ხედავთ, რომ მართალი ვყოფილვარ? მოდით, კიდევ ერთხელ ჩამოგითვლით მის საზღვაო ქონებას: სახლი ნატანებში, ფილარმონიის შენობა და მისი შემოგარენი, მშენებარე სასტუმრო ზღვაში, წვერმაღალა,  ციცინათელა… ჩემი ინფორმაციით, მას უნდა, რომ წვერმაღალა მთლიანად იყიდოს და ამაში ვერაფერი დაუდგება წინ. მთლიანობაში ეს არის ძალიან დიდი ტერიტორია _ ნახევარი ზღვისპირეთი. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ის ჭორვილადან ამოეწერა და ახლა ნატანებშია ჩაწერილი. რატომ მოიქცა ასე, არავინ იცის. თვითმმართველობის არჩევნების დროს ნატანელებს საარჩევნო უბანზე ბიძინა მოულოდნელად გამოეცხადა და მაშინ აღმოაჩინეს, რომ ის საარჩევნო სიებში იყო.

რაც შეეხება წვერმაღალას ხეებს, ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ივანიშვილმა თავადაც აღნიშნა, ეს არის ზღვის კვიპაროსები, ევკალიპტები მე ის ვიცანი და სიხარულით გადავირიე. თან გული მეტკინა, რომ ეს ხეები ეკლებსა და ბარდებში იყო გახვეულიო. როგორც გავარკვიე, ზღვის კვიპაროსებს საკმაოდ ძვირფასი მერქანი აქვს და ისინი სასწრაფოდ ამიტომაც შემოღობა. ზოგი იმასაც ყვებოდა, როცა ეს ხეები მისი გახდა, დადიოდა და სათითაოდ ყველა მათგანს კოცნიდაო.

გასაგებია, რომ მან ეს ტერიტორია იყიდა და ვინც ყიდდა, იმისი დანაშაული იყო, ხეები კერძო საკუთრებაში რომ აღმოჩნდა, მაგრამ ადამიანმა, რომელიც მთელ ერს სამართლიანობის აღდგენას უქადაგებდა და ჰპირდებოდა, თავად რატომ დაიკანონა უკანონოდ ხელში ჩაგდებული სახელმწიფოს ქონება? სამართლიანობა ის იქნებოდა, ტერიტორია ივანიშვილს ისევ სახელმწიფოსთვის რომ დაებრუნებინა და მასაც იგივე არ გაეკეთებინა, რაც წინა მესაკუთრემ გააკეთა“, _ გვითხრა ნათია შარაშენიძემ.

 

                                                                                            ნელი ვარდიაშვილი

1

2

3

4

55

6

7

8

9

10