ხელისუფლება ჩიხშია – გამოსავალი მხოლოდ უკან დახევაა!

101

მიშელ ფუკო თავის ნაწარმოებში „სიტყვები და საგნები“ ამბობს: „კრიზისი ვერ დაიძლევა, თუ კრიზისში არ შეხვედი“. ვფიქრობ, ეს მოსაზრება ნიშანდობლივია საქართველოში დღეს შექმნილ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. თუ რატომ, სწორედ ამაზე გვინდა ვისაუბროთ.

NDI-ის გამოკითხვებმა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ველზე მდგომარეობა ძალიან გაართულა. ოპოზიციური პარტიის რეიტინგმა ხელისუფლების რეიტინგს გადაუსწრო, რასაც ხელისუფლების მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. გამოკითხვების შედეგები 2 საათის დადებული იყო, როდესაც უკრაინულ ვიდეოპორტალზე საქართველოში წამების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. ეს იყო ათვლის წერტილი მოვლენებისა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდება მომავალში… ანუ რაზე შეიძლება ორიენტირდეს ხელისუფლების რიტორიკა და როგორი განვითარება შესაძლოა მიეცეს პროცესებს. ხელისუფლებამ აირჩია ოპოზიციის _ ენმ-ს დისკრედიტაციის გაგრძელება. ხელისუფლება არ ცდილობს შეცვალოს რიტორიკული ველი, რომელიც წინა ხელისუფლების დისკრედიტაციაზე იყო დაფუძნებული. თითქმის მთელი ხელისუფლებაში ყოფნის დრო ამას დაუთმეს და, სავარაუდოდ, ამ რიტორიკით გავლენ არჩევნებზე. ეს კადრები რომ ხელისუფლების გავრცელებული იყო, ამაში დღეს ეჭვი არავის ეპარება და ასევე გავრცელების მიზანი უფრო ფართო იყო, ამ ყველაფერს მოჰყოლოდა დიდი რისხვის ტეხა ენმ-ს თავს, თუმცა მთელი ეს ორომტრიალი ვერ გასცდა საჯარო მოსამსახურეების მიერ ენმ-ს ოფისებზე თავდასხმებს, რატომღაც, არსად ჩანდა მოქალაქეების რისხვა.

ხელისუფლებამ ამ კადრების საჯარო ჩვენებით, რომელიც თბილისსა და ზუგდიდში მოეწყო, პრაქტიკულად, დიდი კრიზისის შექმნა გადაწყვიტა. ეს განპირობებული გახდა იმით, რომ მისი რეიტინგი ძალიან დაბალია. კრიზისის კრიზისით დაძლევა პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია. ეს გამოიკვეთება მაშინ, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალა პოლიტიკურ კრიზისს ქმნის, მეორე პოლიტიკური ძალა ამ კრიზისს კრიზისით გადაფარავს და, შესაბამისად, ორივე კრიზისს მართავს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ცდილობს, კრიზისს, რომელიც შეიქმნა მის გარშემო, უფრო დიდი კრიზისი დაუპირისპიროს. სულაც არ იყო გასაკვირი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ამ ახალ მოძრაობას უდგას სათავეში, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო სამოქალაქო დაპირისპირებას და მისი განცხადება გახდა მწვავე კრიტიკის მიზეზი არა მარტო საქართველოში.

ამ კრიზისის შექმნას ორი მიზანი აქვს: ერთი, ენმ-ს დისკრედიტაციის რიტორიკის გაგრძელება წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებებით და მეორე, _ ტელეკომპანია `რუსთავი 2“-ის კონტროლის ქვეშ აყვანა. პრემიერ-მინისტრი რომ ამ პროცესის სათავეში დგას, ეს მის განცხადებებშიც კარგად გამოჩნდა.

„მე მითხრეს, რომ თითქოს „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები, რეალურად კი, „ნაციონალური მოძრაობა“ _ სადისტების მხარდამჭერები, აპირებენ შეკრებას, ბავშვების მიყვანას და შემდეგ რაღაც პროვოკაციის მოწყობას. მე გაფრთხილებთ ყველას, რომ ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციებს. თქვენ ყველას ბოლო შანსი გაქვთ, ვგულისხმობ `ნაციონალურ მოძრაობას“, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს“ (ი. ღარიბაშვილი).

განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც წამების კადრები საჯაროდ გავრცელდა და ზუგდიდსა და თბილისში შუა ქუჩაში აჩვენებდნენ. განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრი მეთაურობს და, პრაქტიკულად, სამოქალაქო დაპირისპირების წახალისებას ახდენს. შექმნილია სიძულვილის ენა, რომლის შემდეგ უკვე იწყება ფიზიკური აგრესია. სიძულვილის ენის შინაარსი არის ძალადობა. ეს არის იმის ფონი, რომ ხელისუფლებამ უფრო უმტკივნეულოდ შეძლოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონტროლზე აყვანა. ეს რომ ასეა, იგივე პრემიერ-მინისტრის სხვა განცხადებიდანაც ნათლად ჩანს.

„რუსთავი 2“-ის მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობი იყო. არც გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია, ან ვისი გახდება. ჩემთვის მთავარია ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში. სამართალი უნდა აღდგეს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის დავა სააკაშვილსა და ტელევიზიის ყოფილ მფლობელს _ ქიბარ ხალვაშს შორის“ (ი. ღარიბაშვილი).

პრემიერ-მინისტრს სტრიქონებს შორის გაურბის ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც კატეგორიულად უარყოფს. თუ ამ განცხადებას დეტალებში გავშიფრავთ, ფრაზებს გადმოვაადგილებთ მარტივად დავინახავთ, რომ ხელისუფლება პირდაპირაა ჩართული „რუსთავი 2“-ის პროცესებში: „ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის დავა სააკაშვილსა და ტელევიზიის ყოფილ მფლობელს _ ქიბარ ხალვაშს შორის“. და „სამართალი უნდა აღდგეს“. „ჩვენ შეგნებულად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რათა არ მიგვეცა საბაბი იმის თქმის, რომ ჩვენ, ხელისუფლება, ვცდილობთ, თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ. ეს არ მოხდება“ (ი. ღარიბაშვილი). მაშინ, როდესაც უკრაინულ „ვიკილიკსზე“ დაყრდნობით ხელისუფლებამ სახელმწიფო შეთქმულებისა და გადატრიალების მომზადების მუხლით საქმე აღძრა და „რუსთავი 2“-ის გარშემო საპატრულო საქმიანობა დაიწყო, ასევე „რუსთავი 2“-ის მთლიანი პერიმეტრი ვიდეო კონტროლზე აიყვანა, რაც იმის ნათელი მინიშნებაა, რომ ხელისუფლება ძალიან ნერვიულობს „რუსთავი 2“-ის ბედზე. უფრო მეტად ნერვიულობა ეტყობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ძალიან აღელვებული საუბრობდა აღნიშნულ თემებზე. მედია გარემო ძალიან სანერვიულოა ხელისუფლებისთვის.

„ყველა მედიასაშუალება არის მხოლოდ ნეგატივზე ორიენტირებული და მიჰყვებიან იმ ჯალათების, სადისტების დღის წესრიგს… მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არის დროებითი. თვითონ მედიასაშუალებებიც მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, მათი მუშაობის ხარისხიც დაიხვეწება და მიხვდებიან, რომ ხალხს აინტერესებს პოზიტივი, მეტი სიკეთე, ცვლილებები, პროგრესი, რომელიც ქვეყანაში ხდება“ (ი. ღარიბაშვილი).

ხელისუფლების აზრით მხოლოდ ტელევიზიებია დამნაშავე მათ 11-პროცენტიან რეიტინგში. ამ დროს სრულიად ამოვარდნილი აქვთ კონტექსტიდან, ერთი მხრივ, რეალურად ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური სიტუაცია, ლარის დევალვაცია, გაღარიბებული მოსახლეობა, გაძვირებული პროდუქტები და მედიკამენტები… მათი მიზანია, შეცვალონ მედია გარემო და პრემიერს სჯერა, რომ ეს შეიცვლება, როგორ? ვინ შეცვლის? ქვეყნის ეკონომიკას ააღორძინებენ? თუ მოსამართლე ურთმელიძე შეცვლის? ვფიქრობთ, მეორის იმედი უფრო აქვთ. საინტერესოა ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც ამ ყველა განცხადების კვინტესენციაა, პრემიერ-მინისტრის მესიჯი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არ აქვს.

როდესაც საქართველოში პოლიტიკური ან ეკონომიკური პრობლემები მწვავდება, ტრადიციულად, ინტერვიუს ართმევენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ასე მოხდა ახლაც. როდესაც დაიდო პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგები და ხელისუფლებამ სცადა, კრიზისში შეეყვანა სიტუაცია, რამდენიმე დღეში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილიც. თუ მის განცხადებებს ყურადღებას მივაქცევთ, ნათელი გახდება, რომ მთელ ამ პროცესს სწორედ ბიძინა ივანიშვილი მართავს. მისი განცხადებები არაფრით განსხვავდება პრემიერ-მინისტრის განცხადებებისგან. ისიც ძალიან გაღიზიანებულია მედია გარემოზე. მისთვის სამი მედიასაშუალებაა გამაღიზიანებელი: ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „მაესტრო“ და გაზეთი „ქრონიკა+“. ზოგადად, ცნობილია, რომ სწორედ მედია გარემოს ბრალია ხელისუფლების ძალიან დიდი არაპოზიტიურობა. მისი გამოსვლით, უბრალოდ, დადასტურდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები სწორედ მის ინტერესებთან არის თავსებადი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელიც შოკის მომგვრელი იყო ყველასთვის, ბიძინა ივანიშვილისგან შექებას იმსახურებს.

„რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ჩვენ რაც ვართ, ეს ვართ, საუკეთესო ნაწილია დღეს მთავრობაში, მაგრამ კიდევ უკეთესი უნდა შევარჩიოთ, კიდევ მეტი უნდა მოვთხოვოთ, მათაც უნდა დახვეწონ და გააუმჯობესონ. არ იფიქროთ, რომ მე ვხატავ, რომ იდეალურია ირაკლი ღარიბაშვილი, ან სხვა დანარჩენი მთავრობის წევრები. კარგია, რაც ჩვენ გვყავს დღეს და ეს არის ჩვენი რეალობა“ (ბ. ივანიშვილი).

ამ ფრაზიდან ნამდვილად ეტყობა მისი ხელი შექმნილ პროცესებს. ვერც ის ფლობს სოფისტიკის მეთოდებს ისე მძლავრად, რომ საკუთარი თავი გამიჯნოს ამ პროცესებიდან. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში სამი ძირითადი თემა გამოიკვეთა: საქართველოს პრეზიდენტის მიმართ პრობლემა, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა და მედიასაშუალებები, რომელიც ძალიან აღიზიანებს.

ყოფილი პრემიერი მკაცრია წამების კადრების გავრცელების მიმართ: „თუ დამტკიცდება და არის ეჭვები, რომ ვიღაც მთავრობის წევრმა ამაში მიიღო მონაწილეობა, გარწმუნებთ, რომ რეაქცია იქნება ადეკვატური. გავრცელება მაქვს მხედველობაში… და დღეს, ენმ-ის მცდელობით, ამ სიცრუის მანქანის მცდელობით, ძირითადი აქცენტი მიდის იმაზე, რომ ყველაზე დიდი დანაშაულია წამების კადრების გავრცელება და არა ის, რაც შიგთავსია“ (ბ. ივანიშვილი). ამ დროს ზუგდიდის გამგებელი პირდაპირ ქუჩაში აჩვენებდა აღნიშნულ კადრებს, ასევე სხვადასხვა ჯგუფი, რაზედაც გამოძახებულ პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა. ეს კარგად აჩვენებს თავად პოლიტიკური პროცესის მიზანზე, რომ როგორმე მოხდეს ორი მიზნის მიღწევა, _ ძალადობრივი ენის შენარჩუნება და აგრესია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ასევე „რუსთავი 2“-ის პროცესის უმტკივნეულო დასრულებაზე, რომ დღევანდელ მფლობელებს „რუსთავი 2“-ში წილები ჩამოართვან. ფიქრობენ, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც მათი რეიტინგი აიწევს; რომ საქართველოში მედიასივრცის შეცვლა ხელისუფლების პოზიტივზე გააკეთებს სწორებას, რომელიც „რუსთავი 2“-ის მიერ არის ჩაკარგული.

ყოფილი პრემიერი ვერ ამჩნევს, რომ მისი განცხადება პირდაპირ შეიცავს მის მიერ „რუსთავი 2“-ის პროცესში მონაწილეობას.

„რაც მთავარია და რაზედაც ესენი ტირიან, იხურება, იხურებაო, არსად არავის არ უთქვამს, რომ იხურება, რამდენჯერმე წავიკითხე ხალვაშის განცხადება, რომ პირიქით, არავითარი დახურვა. მაინცდამაინც დახურვა, იმიტომ რომ გარედან მეგობრების დახმარება უნდათ, შიგნით მხარდამჭერები ცოტა ჰყავთ, ახლა ამ ხალხს რასაც აგროვებენ, აგროვებენ და გარედან მხარდაჭერა უნდათ მაქსიმალური“ (ბ. ივანიშვილი).

„ამაზე მუშაობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომ გარედან აჩენენ ეჭვებს და ჩვენს მეგობრებს არ აქვთ არც იმის დრო და არც სურვილი, რომ ახალ რეალობაში ჩავიდნენ _ რა ხდება „რუსთავი 2“-ის ირგვლივ. ესენი ინფორმაციას აწვდიან, ღებულობენ, ეს ინფორმაციის მასა მიდის, ჩვენგან მიდის ნაკლები ინფორმაცია და არიან გაწვალებულ დღეში“ (ბ. ივანიშვილი).

„მაგათი აჟიოტაჟი („რუსთავი 2“-ზე) თვითონ მათ პოზიციებს ასუსტებს ძალიან. რატომ არიან ასეთ ისტერიკებში, რა ხდება? რაღაც ეშლებათ, რაღაცა ცუდად აქვთ, რაღაც ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ? რატომ არიან ასეთ ისტერიკებში? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, „რუსთავი 2“…“ (ბ. ივანიშვილი).

სამაგიეროდ ალტერნატივას სთავაზობს საზოგადოებას, „რუსთავი 2“-ის მაგივრად ტელეკომპანია „ტაბულას“ უყურეთო.

„როგორც არ უნდა გადაწყდეს „რუსთავი 2“-ზე დავა, ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოახერხებს, თავისი ემოციები საზოგადოებაში გამოიტანოს. მათ რიგი აქვთ გამოცემების _ აქვთ „ტაბულა.“

ტექსტები, საუბარი, მასში გაქცეული აქცენტები დიდწილად მოიცავს სრულ კონტექსტს იმ პროცესებისა, რომელიც ჩაფიქრებული, ან დაგეგმილია. ამიტომ პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი პრემიერის განცხადებებში (წერილობით ტექსტში), ნამდვილად ჩანს, თითქმის დაუფარავად, მათი მთავარი მიზანი, რომ „რუსთავი 2“-ზე კონტროლს მიაღწიონ. ვერ გაჭრის ვერავითარი მტკიცება, რომ მათ არ აქვთ ამის მიზანი, ამას ბევრი რამ მოწმობს: სასამართლო პროცესები, იუსტიციის სამინისტროს ქმედებები… თუ ამ ყველაფერს აუდიო ხერხით მოვუსმენთ, აშკარაა, რომ პრემიერ-მინისტრიც და ყოფილი პრემიერიც ძალიან გაღიზიანებული საუბრობენ ამ თემაზე.

სწორედ ამის გამო დღეს ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა საქართველოს მედია გარემო. შესაბამისად, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა დემოკრატიის ხარისხი. ხელისუფლება ჩიხშია. ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ უკან დახევაა. უკან დახევა რეიტინგის კიდევ უფრო მეტი დაკარგვაა. ამიტომ ხელისუფლება ქმნის კრიზისს, რომელსაც მიიჩნევს, რომ გაუმკლავდება. იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური პარტია ახდენს სიტუაციის კრიზისში შეყვანას, მან სიტუაცია უნდა მართოს, ან ისე მაინც უნდა მოიქცეს, რომ სხვა პოლიტიკურ ძალას თავის შექმნილ კრიზისზე მანიპულირების საშუალება არ მისცეს. ეს მოხდება ერთ შემთხვევაში, როდესაც კრიზისის შემქმნელი პოლიტიკური ძალა მოახერხებს და არ დატოვებს შემოთავაზებული პოლიტიკური თამაშის საზღვრებს. დღეს ხელისუფლება სწორედ ამ წითელ ხაზებს კვეთს. დღეს აშკარაა, რომ ხელისუფლება ვა ბანკზე მიდის.

უნდა ითქვას, რომ სიძულვილის ენამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ძალიან ახალისებს, რიტორიკული კრიზისი აშკარა გახადა. შესაბამისად, აუცილებელი იქნება, ხელისუფლებამ გადააწყოს საკუთარი რიტორიკა. სახეზეა ხელისუფლების მიერ რეალობის არაადეკვატურად შეფასება, რომელიც თავის შედეგებს აუცილებლად გამოიღებს. შექმნილი კრიზისი, დიდი ალბათობით, ხელისუფლებისთვის ისეთი ბუმერანგის ეფექტს გამოიწვევს, რომლის გაძლებაც ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, როგორც შიდა ფრონტზე, ასევე საგარეო მიმართულებით.

 

                                                                                     ირაკლი მარგველაშვილი