32 წლის სამხედრო მოსამსახურე უვადო პატიმრობაში უკანონოდ იხდის სასჯელს?!

777

„საქართველოს სამხედრო მოსამსახურე უკანონოდ ჰყავს პატიმრობაში“, _ განცხადებას ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აკეთებს, რომელმაც საქმეზე სპეციალური კვლევა აგვისტოში გამოაქვეყნა და დღემდე, საჯარო უწყებებთან კომუნიკაციის შედეგად, ცდილობს, სახელმწიფო დაარწმუნოს ახალგაზრდა სერჟანტის უდანაშაულობაში.

საკითხი გივი დუმბაძის საქმეს ეხება, რომელიც ამჟამად უვადო პატიმრობას გლდანის #8 დაწესებულებაში იხდის, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, აცხადებს, რომ ის, რაც აღნიშნული ადამიანის სისხლის სამართლის საქმეში, მტკიცებულებების სახით არსებობს, სხვა არაფერია, თუ არა საუკეთესო მაგალითი, როგორ თითხნიდნენ საქმეებს წინა ხელისუფლების საგამოძიებო უწყებები. ისტორიას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ გივი დუმბაძემ არ შეასრულა დავალება და არ მოახდინა გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაცია, რის გამოც წინა ხელისუფლებამ ის დასაჯა და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორგანიზაცია დახმარებისთვის მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და სამთავრობო უწყებებს. შეწყალების შესახებ წერილი გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტსაც, რომელმაც გივი დუმბაძის მიერ პირველ ასეთ თხოვნას უარით უპასუხა.

„ქრონიკა+“ საქმის მასალებით დაინტერესდა.

არჩილ კაიკაციშვილი _ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი:

_ ორგანიზაციამ სრულად შეისწავლა გივი დუმბაძის საქმე, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელიც ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ გივი დუმბაძის მიმართ, პოლიტიკური მოსაზრებით, განხორციელებულია იძულება, დევნა და იგი იმყოფება უკანონო პატიმრობაში. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-2012 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი საქმე ექვემდებარება გადახედვას, რომელიც დღემდე არ მომხდარა და საქმის მასალები საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას, ვინაიდან გამოძიების მეშვეობით, უნდა დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები. ორგანიზაცია ეთანხმება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, იკვეთება გივი დუმბაძის მიმართ სამართალწარმოების განხორციელებისას პოლიტიკური მოტივის არსებობა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევები. გივი დუმბაძის უკანონო დაკავება და მსჯავრდადება მოხდა პოლიტიკური მიზნებისთვის და არ იყო დაკავშირებული რაიმე დარღვევასთან. ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, ვინაიდან გივი დუმბაძე 2008 წლის 24 ივნისს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, იმყოფებოდა არა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-გადმოტანის მოტივით, თურქეთში ოჯახის წევრების _ სიძისა და დისთვის _ საზაფხულო ტანსაცმლის გადასაცემად, ამ მიზნით რამდენიმე დღით განთავისუფლება ითხოვა საჯარისო ნაწილის ხელმძღვანელობისგან და დაკავების მომენტში იგი ბრუნდებოდა სამსახურებრივ პოზიციაზე. მისი დაკავების და დანაშაულში ბრალდების ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა ახლო ნათესავის, რომან დუმბაძის მიმართ თვალთვალისა და შემდგომ ლიკვიდაციის დავალების შესრულება, რაზედაც გივი დუმბაძემ თავიდანვე უარი განაცხადა. ყველა ჩვენება, რომელიც გივი დუმბაძის მიერ დაკავების მომენტში, სასამართლო სხდომებსა თუ სამართალწარმოების სტადიაზეა მოცემული, სინამდვილესთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია, ვინაიდან 2008-2012 წლებში არსებობდა მისი და მისი ოჯახის წარმომადგენელთა ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე, თუკი საქმეზე საჯარო გახდებოდა ცალკეული ეპიზოდები და გარემოებები. შესაბამისად, ვიდრე არ დადასტურდება საწინააღმდეგო და არ მოხდება გივი დუმბაძის საქმეში იმ ფაქტების შემოწმება, გამოკვლევა, რომელიც ცნობილი გახდა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, შეუძლებელია გივი დუმბაძის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერ საპატიმრო ვადად. ორგანიზაციის ასეთი პოზიცია, აგრეთვე, დამყარებულია გივი დუმბაძესთან 2015 წლის 13 აგვისტოს შეხვედრაზე საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზზეც. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გივი დუმბაძის საქმე უნდა დაექვემდებაროს დაუყოვნებლივ გადახედვას და სახელმწიფოს შესაბამისმა ინსტიტუციებმა მიიღონ რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონიერი გადაწყვეტილება, რაც იქნება უვადო თავისუფლებააღკვეთილთა საქმეებზე პირველი და მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ სახელმწიფო მზადაა, სამართლიანობის აღდგენა კანონის უზენაესობასა და საჯარო ინტერესს დაუქვემდებაროს.

_ უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა მოხდა სარფის საბაჟოზე, რა მტკიცებულებებია სამხედრო მოსამსახურის უკანონო პატიმრობის შესახებ და რა მიზნით შეხვდით მსჯავრდადებულს საპატიმრო დაწესებულებაში?

_ მინდა გითხრათ, რომ ოჯახი ქობულეთიდან დაგვიკავშირდა და ითხოვა, წარმოდგენილ საქმის მასალებში სამართლებრივი შეფასება მოგვეხდინა. მრავალთვიანი მუშაობის შედეგად ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ გივი დუმბაძე უკანონო პატიმარია. იქედან გამომდინარე, რომ ცალკეული ფაქტობრივი გარემოებები დაგვედასტურებინა, 13 აგვისტოს გივი დუმბაძეს საპატიმრო დაწესებულებაში შევხვდი. ეს არ ყოფილა ადვილი საკითხი, დასაფასებელია, როგორც მაშინდელ მინისტრ გიორგი მღებრიშვილის, ასევე დაწესებულების მოქმედი დირექტორის, ნოდარ ქინქლაძის კეთილი ნება და ორგანიზაციის წერილობითი მიმართვების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება, რომელმაც შესაძლებელი გახადა, მსჯავრდადებულთან შეხვედრა. გივი დუმბაძის საქმეში ოფიციალური მტკიცება ასეთია: 2008 წლის 25 ივნისის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით, დაკმაყოფილდა შს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) აჭარის სამმართველოს შუამდგომლობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სერჟანტს, 25 წლის გივი დუმბაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობის გამოყენების შესახებ შუამდგომლობაში ნათქვამია, რომ გივი დუმბაძემ თითქოსდა 2008 წლის 23 ივნისს, თურქეთში, წინასწარი გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან, უკანონოდ შეიძინა დაფასოებული, წონით 765,1 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერება უკანონოდ გადმოზიდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე, რის შემდგომაც, 2008 წლის 24 ივნისს, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, ტაქსით გადაადგილდებოდა ბათუმის მიმართულებით, რა დროსაც დააკავეს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა. 2008 წლის 22 დეკემბერს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გივი დუმბაძე დამნაშავედ ცნეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც, ხოლო საკასაციო სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. საქმეზე, სიმართლის დადგენის მიზნით, როგორც ოჯახისთვის, ასევე ადვოკატებისთვის, დაიწყო რთული და მძიმე პროცესი, თუმცა 2012 წლის პოლიტიკურ ცვლილებამდე საქმეზე არავითარი რეაგირება არ მომხდარა. არც სახელმწიფო უწყებებმა და არც სასამართლომ მხედველობაში არ მიიღეს დაცვის მხარის უტყუარი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, დაკავების მომენტში გივი დუმბაძე ფიზიკურად სცემეს, მას თავზე დადებული ჰქონდა სპეცრაზმელის `ბატინკი~, არ შეუმჩნევია დაკავებულისგან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება და დაკავების პროცესს იღებდა სპეციალური კამერა, რომელიც შემდგომ, როგორც ოპერატიული ვიდეომასალა, საქმიდან გააქრეს. 2014 წლის 27 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გივი დუმბაძის საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ობიექტურმა მოკვლევამ დაადასტურა შემდეგი გარემოებები, რომ გივი დუმბაძის უკანონო დაკავება და მსჯავრდადება მოხდა პოლიტიკური მიზნებისთვის და არ იყო დაკავშირებული რაიმე დარღვევასთან შემდეგ გარემოებათა გამო: გივი დუმბაძეს, რომელიც იყო აწ გარდაცვლილი გენერალ რომან დუმბაძის უახლოესი ნათესავი, მოუწყვეს სს დანაშაულის პროვოკაცია 2008 წლის 24 ივნისს, როდესაც სარფიდან ბრუნდებოდა ბათუმში, სადაც გადაიტანა თურქეთში მომუშავე სიძისთვის და დისთვის საზაფხულო ტანისამოსი. როგორც გივი დუმბაძეს მაშინ განუმარტეს, მისი ციხეში ჯდომით იგი მეტ სამსახურს გაუწევდა ქვეყანას, რომელმაც მისი წვრთნისა და აღჭურვისთვის უამრავი თანხა დახარჯა. სპეცსამსახურების მოთხოვნით, იგი უნდა შეესახლებინათ გენერალ რომან დუმბაძის საკანში და მისგან გაგებული ყველა ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ოპერატიული მუშაკებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მთავრობამ გენერალ ბორისოვის მოთხოვნით, რომან დუმბაძე გაცვალა 15 ტყვე ჯარისკაცში და იგი წაიყვანა რუსეთში. ომის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში აჭარის ა/რ პროკურორ ავთანდილ კ.-ის დავალებით გივი დუმბაძეს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, გაათავისუფლებდნენ, შეასწავლიდნენ სპეცტექნიკას, გადაიყვანდნენ საქართველოდან რუსეთში, სადაც გენერალი დუმბაძე საქართველოს ხელისუფლებიდან დევნილ უახლოეს ნათესავს მიიღებდა და აცხოვრებდა თავის ოჯახში. გენერლის სახლში გივი დუმბაძეს უნდა დაემონტაჟებინა მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა. დანარჩენ მითითებებს იგი მიიღებდა მოსკოვის მეკავშირისგან. გივი დუმბაძის მხრიდან კატეგორიული უარის მიღების შემდეგ, მას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, რითიც, განმცხადებლის მოსაზრებით, იგი დასაჯეს მმართველი პოლიტიკური ძალის პარტიული ინტერესების შეუსრულებლობისა და უგულებელყოფისთვის. ჩვენ გივი დუმბაძესთან საპატიმრო დაწესებულებაში შეხვედრაზე სწორედ აღნიშნულ ფაქტებზე ვისაუბრეთ, რაც მსჯავრდადებულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

_ არჩილ, მიაწოდეთ თუ არა საქმის ირგვლივ მტკიცებულებები ამჟამად საგამოძიებო ორგანოებს, ვის მიმართ მოამზადეთ რეკომენდაციები და რა მოლოდინები არსებობს ხელისუფლების მხრიდან გივი დუმბაძის განთავისუფლების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით?

_ რასაკვირველია, ჩვენ უკვე მივმართეთ სარეკომენდაციო წერილით პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, პროკურატურას. თითოეული ინსტიტუციის მიმართ მოთხოვნები სხვადასხვაგვარია. მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა ობიექტურად შეისწავლოს გივი დუმბაძის საქმე და საქმის რეალური გარემოებებიდან გამომდინარე, გივი დუმბაძე, შეწყალების აქტის საფუძველზე, სასჯელისგან განთავისუფლდეს. შეწყალების გამოყენებაზე პრეზიდენტის შეწყალების კომისიის უარი დაუსაბუთებელია და არ ეფუძნება საქმის შესწავლის ობიექტურ ვარაუდს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი დაინტერესდეს პატიმრობაში უკანონოდ მყოფი სამხედრო მოსამსახურის, გივი დუმბაძის საკითხით და მის მიმართ გამოიყენოს შეწყალების ექსკლუზიური უფლებამოსილება. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით დასახელებულ პირთა საქმეების გადახედვის მიმართ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების შესახებ, რითაც აღნიშნულ პირთა მიმართ უნდა დაიწყოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ხოლო პროკურატურამ რეალურად შეძლოს ზემოაღნიშნული საქმეების, მათ შორის, გივი დუმბაძის საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. არ შეიძლება, პროკურატურა რაიმე ფორმით უშვებდეს წინა მძიმე მემკვიდრეობის დატოვებას და შემგუებლურ დამოკიდებულებას. ასევე, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის როლიც. საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში და აღმოიფხვრას არსებული ხარვეზი, რომელიც უვადო თავისუფლებააღკვეთის მქონე პატიმრების მიმართ, სასჯელის გადახედვის პროცესში, გაავრცელებს სასჯელის ¼-ით შემცირების პრინციპს და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გავრცელდეს აღნიშნული ნორმა უვადო სასჯელზე. სხვა შემთხვევაში, ამნისტიის კანონი მიიჩნევა მნიშვნელოვანი ხარვეზის მქონედ და არ იქნება ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისი. ერთადერთი უწყება, რომელიც გივი დუმბაძის საქმეს გამოეხმაურა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა. ჩემთან სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, რომელმაც ისაუბრა პრობლემის შესახებ და სამართლიანად აღნიშნა, რომ თუკი იქნება საქმეზე სხვა ორგანოების მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებები, სამინისტრო იმოქმედებდა კანონის ფარგლებში, რადგანაც სამინისტროს უშუალოდ არ გააჩნია უფლებამოსილება, რომელიმე პატიმარი გაათავისუფლოს. გივი დუმბაძის საკითხი დავსვი ბატონ კახი კახიშვილთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე. მადლობელი ვარ ბატონი მინისტრის, რომელმაც საკითხის მიმართ ყურადღება გამოხატა. წერილი გაგზავნილია თავდაცვის სამინისტროში, თუმცა თინათინ ხიდაშელის უწყება დუმს, საქართველოს კი თავისი სამხედრო მოსამსახურე უვადო პატიმრობაში ჰყავს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არავის აინტერესებს საქმეში გარკვევა, არადა, ეს საქმე საქართველოსთვის პრესტიჟის საკითხია, რადგანაც, დამერწმუნეთ, ნატოს არც ერთი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე უკანონოდ სასჯელს არ იხდის აღნიშნული ქვეყნის საპატიმროებში, რადგანაც იქ კანონთან ერთად, ღირსების შეგრძნებაც მუშაობს.

 

                                                                                               თამარ ბატიაშვილი