რატომ არ იქმნება ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ?

67890

„მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპით ჩვენ საკმაოდ ხშირად ვწერთ განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან კონკურენტუნარიანი სისტემის გარეშე ქვეყანას რეალური პროგრესის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. ამ გზაზე ყველა დონეზე განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„ქრონიკა+“ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე, პროფესიული განათლების პროფკავშირის ხელმძღვანელს, დენის დავითაშვილს ესაუბრება:

_ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას პროფესიული განათლება მხოლოდ პიარის დონეზე აქვს წარმოდგენილი და არა ისე, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი და პრიორიტეტული დარგი. ფაქტობრივად, იმის გამო, რომ არც განათლების სამინისტროს აპარატში, არც ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამ დარგის მცოდნე ადამიანები არ მუშაობენ, ვერა და ვერ გამოვიყვანეთ ის ღრმა კრიზისიდან.

მართალია, პროფესიული განათლების ეროვნული საბჭო 2009 წლიდან არის შექმნილი, მაგრამ, პრაქტიკულად, ის არ მუშაობს. არასისტემატურად, სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა ტარდებოდეს სხდომები, მაგრამ წელს, მაგალითად, სულ ერთი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული საბჭოს სხდომა 15 თებერვალს შედგა. საბჭოებზე განსახილველი თემები აღწერს არსებულ პრობლემებს და მათი გამოსწორების გზებს სახავს.

რამდენი ხანია, მუშაობა მიმდინარეობს მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გადასვლასთან დაკავშირებით და მესამე წელია, ამისთვის უამრავი საბიუჯეტო სახსარი იხარჯება: 2013 წელს 400 ათასი, შარშან მილიონ ექვსასი, წელს 2 მილიონ ორასი; და დღემდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვერ შექმნა ისეთი დონის პროფესიული სტანდარტები და მათ საფუძველზე მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აამაღლებენ პროფგანათლების ხარისხს. ჩვენი დამსაქმებლები, რომლებიც პროფესიულ კოლეჯებში მაღალი ხარისხის პროფესიონალების მომზადებას ელოდებიან, ამაოდ რჩებიან დილემის წინაშე _ მიიღონ პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები, თუ ისევ უცხოელი მოქალაქეები მოიწვიონ? ჩვენ ვიცით, რამდენი უცხოელი _ თურქი, ჩინელი, ირანელი, უკვე აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელი, სხვადასხვა დარგის საქმიანობაში აქტიურად ჩართულია. მათ არაფერს ვერჩით, აქ ჩვენს პრიორიტეტულობაზეა საუბარი.

ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობა ცალმხრივად, ჩუმად, საზოგადოების ჩართულობის გარეშე მუშაობს რაღაც საკითხებზე და უკვე მეოთხე წელია, მათ მიერ დაწყებული არც ერთი საკითხი დასრულებული არ არის. შუაშიც კი არ მისულა ეს პროცესები.

_ რაზე ამახვილებთ ყურადღებას? 

_ მაგალითად, რამდენი წელია, ჩვენ საკითხი დავაყენეთ, რომ უნდა შექმნილიყო ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ. დღემდე არ მინახავს საერთოდ მათი კანონპროექტის ჩანასახიც კი. შარშან, პირველ აგვისტოს, შეწყდა კომისიის მუშაობა, რომელიც ამ კანონპროექტზე მუშაობდა. სულ ახლახან გავიგე, რომ მხოლოდ 2016 წლის გაზაფხულზე აპირებენ რაღაც ჩარჩო-კანონპროექტის შეტანას პარლამენტში, რომელიც სულ 20 მუხლისგან შედგება. რეალურად, ასეთი ოცმუხლიანი კანონპროექტი პროფგანათლების შესახებ კი არ გააუმჯობესებს, საერთოდ დაანგრევს პროფესიულ განათლებას.

დღევანდელი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობა, მინისტრისა და მოადგილის, ნატრიაშვლის სახით, საერთოდ აზრზე არ არის პროფესიული განათლების თაობაზე. არც იურიდიულად არიან შესაბამისად მომზადებულები. უკვე შექმნილი დეპარტამენტები პროფგანათლებისთვის სიკეთის მომტანნი არ არიან, რადგან არც ერთ მათგანს ერთი დღეც არ გაუტარებია პროფესიულ განათლებაში. არ იციან თეორიული თუ პრაქტიკული სწავლების არსი, საწარმოო პრაქტიკა, ურთიერთობა დამსაქმებლებთან და ა. შ.

როგორც გითხარით, დღემდე ჩანასახიც კი არ არსებობს კანონისა პროფესიული განათლების შესახებ, რომელზედაც, მინისტრის ბრძანების, შესაბამისად, ჯერ კიდევ, 2014 წლის 31 მარტს დაიწყო მუშაობა. სხვაზე ვის რა უნდა ველაპარაკოთ? საერთოდ დაკარგა აზრი მათთან ურთიერთობამ. განათლების სამინისტროს არანაირი კონსტრუქციული თანამშრომლობა არ სურს იმ პიროვნებებთან, ორგანიზაციებთან, რომლებიც იყვნენ, არიან და ყოველთვის იქნებიან, მათ შორის, ამ დარგის პროფესიონალები.

მეოთხე წელია, განათლების სამინისტრომ ვალდებულება აიღო, რომ 26 ახალი პროფესიული კოლეჯი დაეფუძნებინა. არც ერთი მათგანი დაფუძნებული არ არის. არ დაწყებულა სწავლა არც წინამძღვრიანთკარის კოლეჯში, არც ყოფილი თოიძის სახელობის კოლეჯში, თბილისში სახელოვნებო კოლეჯის შესახებ რომ გამოაცხადა განთლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ. მინისტრი და მისი მოადგილე პარლამენტის 26 მაჟორიტარ დეპუტატს ატყუებენ, რომ, აი, ახლა, წელს დავიწყებთ და პროფესიულ კოლეჯს დავაფუძნებთო. ამ ფონზე კოლეჯი არ დაფუძნებულა არც დუშეთში, თიანეთში, ზესტაფონში, კასპში, არც გურიის რეგიონში, ყაზბეგში, მცხეთაში.

_ ეს სიტუაცია რა მდგომარეობაში აყენებს პროფგანათლების მიღების მსურველებს? ბაზარზე უცხოელი მუშახელის მოჭარბება ახსენეთ…

_ იმის მაგივრად, რომ სწავლა 14 სექტემბერს დაეწყოთ, როგორც ეს მოხდა საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, განათლების სამინისტრო უკვე მესამე წელია, პროფესიული განათლების დაუფლების მსურველებს ერთიან ეროვნულ ტესტირებას უტარებს. დღემდე სწავლა არც ერთ საჯარო კოლეჯში არ დაწყებულია. იგი შესაძლოა, მხოლოდ ნოემბრის დასაწყისში დაიწყოს. ორი თვით დაგვიანებით მიმდინარეობს ეს პროცესი. ახალგაზრდებს, რომლემაც გადაწყვიტეს, მეცხრე კლასში არ გადავიდნენ და პროფგანათლება მიიღონ, გამოცდა დახვდათ. ამის წინაშე რომ დადგნენ (ისევე როგორც წინა წლებში), ნაწილი საერთოდ არ მივიდა ტესტირებაზე, ნაწილმა ვერ ჩააბარა, ნაწილი ტესტირების შემდეგ აღარ გამოცხადდა პროფესიულ კოლეჯებში, ხოლო ვინც ცხადდება, მერე ამ დროის განმავლობაში სწავლას ტოვებს და ამით საბიუჯეტო სახსრები ნიავდება.

ჩვენი არაერთი თხოვნისა თუ განცხადების მიუხედავად, არავინ აკეთებს იმ აპლიკანტების მონიტორინგს, ვისაც სურვილი აქვს, შევიდეს პროფესიულ სასწავლებლებში? თუ რამდენი ამთავრებს პროფესიულ კოლეჯს იმ რაოდენობიდან, ვინც დასაწყისში შედის? მერე ისინი იწყებენ თუ არა მუშაობას? როგორია მათი დასაქმების მდგომარეობა? პროფესიული განათლება ხომ დასაქმებისთვის არსებობს. გავაკეთოთ ანალიზი _ რამდენი თანხა იხარჯება, რამდენი სტუდენტი, ფაქტობრივად, ბოლომდე მიდის და ამთავრებს სასწავლებელს. და შემდეგ რამდენად კმაყოფილი არიან დამსაქმებლები იმ მომზადების დონითა და ხარისხით და საერთოდ, იღებენ თუ არა სამუშაოზე პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულებს?

ახლა კიდევ ახალი უბედურებაა: უამრავი უმაღლესი სასწავლებელი იმისთვის, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს, სისტემატურად ახალ განაცხადს აკეთებს და ითხოვს, რომ მათაც განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. განახორციელონ, მაგრამ ამისთვის პროფესიული განათლების სისტემა არსებობს. თვითონ პროფკოლეჯების ქსელი განვითარდეს და უმაღლესმა სასწავლებლებმა თავისი ძირითადი ფუნქცია შეასრულონ _ ეს არის უმაღლესი განათლების მიცემა.

ფაქტობრივად, ყველაფერი ერთმანეთშია არეული და ეს არეულობა განათლების სამინისტრომ შექმნა. პროფესიული განათლება უნდა განხორციელდეს პროფსასწავლებლებში, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებს შესაბამისი ბაზა არ გააჩნიათ. ამ დროს იქაც უამრავი საბიუჯეტო თანხა იხარჯება ვითომ პროფგანათლების მიცემის კუთხით. სინამდვილეში კი ვნახოთ: ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, რამდენი კურსდამთავრებული მიდის და იწყებს მუშაობას? აი, რეალური ვითარება, სრული ბაკქანალიაა სამინისტროს ხელმძღვანელების თავებში, არაკომპეტენტურობა, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს.

_ გამოსავალი?

_ ყველაფერი განათლების სამინისტროში საკადრო საკითხების მოგვარებით უნდა დაიწყოს. უნდა შეიცვალოს კურაცია და პროფესიული განათლების ხელმძღვანელობა; უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალური ურთიერთობა ნამდვილ სოციალურ პარტნიორებსა და პროფესიონალ ადამიანებთან; `ფუტლიარ~ ეროვნულ საბჭოს უნდა მიეხედოს, რომელიც სხდომებს ვერ ატარებს და არავის განუხილავს პროფესიული განათლების ბიუჯეტის პროექტი. ამ პრობლემატიკისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომაა საჭირო, რაც დღეს არ ხდება.

კიდევ ერთხელ მივმართავ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს: ბოლოს და ბოლოს, განახორციელოს ცვლილება, შეარჩიოს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ სისტემაზე, მათ შორის, პროფესიულ განათლებაზე არის შეყვარებული. შეარჩიოს სწორი კადრები მინისტრის მოადგილისა, დეპარტამენტის უფროსისა და შემდეგ ეს პროცესი მთლიანად საზოგადოების მხრიდან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ დააყენოს.

სამინისტრო ამბობს, რომ ყველაფერი იცის და არავის ჩართულობა არ სჭირდება. ამით საზოგადოებას, მთავრობას, პარლამენტს ატყუებს. შედეგად, დამატებით არც ერთი პროფესიული კოლეჯი არ გახსნილა; უამრავი პროფგანათლების მიღებისა და შემდეგში დასაქმების მსურველი ახალგაზრდა თამაშგარეთაა; განიავებულია მრავალმილიონიანი საბიუჯეტო სახსრები; დასაქმება უშედეგოა;

ასევე ძალზე არაკომპეტენტურია პროფესიული დაწესებულებების ავტორიზების საბჭო. ლომის წილი მიუძღვის ამ საბჭოს, რომლის 25 გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებული გვაქვს პროფკავშირს სასამართლოში. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო ბათილად ცნობს მათ გადაწყვეტილებებს.

 

მარიამ რამინაშვილი, ა/ო „საგანმანათლებლო ალიანსის“ თავმჯდომარე: 

_ განათლების ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით უპირველესად უნდა განვიხილოთ თუ რამდენად სწორადაა დაგეგმილი ის სტრატეგია, რაც ამ პრობლემის მოგვარებასა და, საბოლოო ჯამში, სრულიად აღმოფხვრას შეუწყობს ხელს და, მეორე, რამდენად შესაბამისად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან ის მიმართულებები თუ აქტივობები, რომელიც პრობლემის მოწესრიგებისთვის არის გათვალისწინებული?

არსებული მდგომარეობით, ამ კუთხით ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა განათლების მიღების ყველა ეტაპზე _ იქნება ეს სკოლამდელი თუ შემდგომი ეტაპები.

2015 წლიდან განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სკოლამდელი აღზრდის პროგრამის განხორციელების შესახებ, რასაც საკანონმდებლო დონეზე სკოლაში შესვლის ასაკის ცვლილება და სკოლამდელი საფეხურის ბენეფიციარების განსაზღვრა მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ სამინისტროს ქაოსურად და დაუგეგმავად ჰქონდა ეს გადაწყვეტილებაც მიღებული, რადგან არსებული საფეხური პირველ ეტაპზე მხოლოდ დიდი ქალაქებისთვის განისაზღვრა.

გარდა ამისა, პროგრამა და მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურსის მოძიება თუ სრულყოფა გზადაგზა განხორციელდა. შეასაბამისად, მივიღეთ მდგომარეობა, რომ დიდი ქალაქებისათვისაც აბსოლუტურად გაუაზრებლად შეირჩა ის სკოლები, სადაც პროგრამამ განხორციელება დაიწყო და, ბუნებრივია, ამ კუთხითაც მსურველების დიდ რაოდენობას პრობლემები შეექმნა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამავდროულად, შესაბამისი საკმარისი რესურსის _ იქნება ეს ადამიანურის თუ მატერიალურის არქონა გამოიწვევს პროგრამის არასრულყოფილ განხორციელებას.

რადგან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სკოლამდელი პროგრამის საყოველთაოობა, მათივე თქმით, პროგრამა საპილოტეა (თუმცა იმდენად გაუაზრებლადაა შექმნილი, შედეგების განზოგადების მიზნით, ვერავითარ ინფორმაციას ვერ მიაწვდის) და მხოლოდ სატესტო ხასიათისაა. ეს შექმნის პრობლემას _ გამოიწვევს პირველკლასელთა დიფერენციაციას  მომზადების დონის მიხედვით და საქართველოს მასშტაბით ბავშვები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ეს არგუმენტი იმ პირობებში, როცა სახელმწიფო, მშობლების სურვილის შემთხვევაშიც, ვერ ახერხებს მათ დაკმაყოფილებას.

გარდა ამისა, არსებული სიტუაცია ხელს შეუწყობს, ამ მიმართულებით განვითარდეს კერძო ბიზნესი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია და მისასალმებელი, მაგრამ იმ პირობებში, როცა განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ცენტრს არ აქვს ასეთი სეგმენტისთვის სტანდარტები და კრიტერიუმები მომზადებული, სარისკოა მათი საანდოობის ხარისხი.

_ რაც შეეხება სკოლებს?

_ ამ კუთხით მხოლოდ ორ საკითხზე შევაჩერებ ყურადღებას, თუმცა პრობლემების სპექტრი საკმაოდ დიდია.

პირველი: ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა სკოლების აბსოლუტური უმრავლესობის აღჭურვა ინკლუზიური სწავლების სრულფასოვანი განხორციელებისთვის. არ არსებობს შესაბამისი მატერიალური რესურსი, რომელიც მინიმალურ დონეზე მაინც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს. ამიტომ პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, შეიძლება ითქვას, მხოლოდ სახელით აკმაყოფილებს დაკვეთას, შინაარსით კი მინიმალურ დონეზეც კი ვერ პასუხობს გამოწვევას.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია არაქართულენოვანი სკოლების შესაბამისობაში მოყვანა საგანმანათლებლო რეფორმასთან და მათი სრულფასოვანი ჩართვა ამ პროცესში. სამინისტროს მხრიდან ამ კუთხით გაწეული მუშაობის ანალიზი, 2016 წლის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის მაჩვენებლები, საკმაო საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო კვლავ პრობლემას ტოვებს ამ მიმართულებით.

კერძოდ, პრიორიტეტებში დასახელებული არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების მშობლიურ ენაზე გადამზადებისა და სისტემაში მიმდინარე სიახლეებში მათი სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდება; რადგან შარშანდელთან შედარებით 863 ათასი ლარითაა შემცირებული ამ სეგმენტის დაფინანსება, რაც, ბუნებრივია, შესაბამის შედეგსაც მოგვცემს.

თავისთავად, ცალკე საკითხია, სკოლების დაფინანსების პრობლემა, რომელიც მხოლოდ სახელფასო უზრუნველყოფისთვისაა გათვლილი და, უკეთეს შემთხვევაში, კომუნალური გადასახადების თანხებსაც მოიცავს.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ვერა და ვერ მოახერხა განათლების სამინისტრომ, რომ ამ მიმართულებით საფუძვლიანი კვლევა ჩატარდეს და პროგრამების შექმნა თუ დაფინანსება განხორციელდეს შრომის ბაზართან მიმართებითთ. პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავებისას გასათვალისწინებელია სამიზნე ჯგუფების საჭიროებები, ინტერესები და შესაძლებლობები. ძირითადი კრიტერიუმები ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას უნდა უკავშირდებოდეს. მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რა სახის აქტიური შრომის ბაზრის ღონისძიებები უნდა იყოს გამოყენებული მომზადებისა თუ გადამზადების პროცესში.

ასევე, სამინისტრომ უნდა გააუმჯობესოს ვაუჩერული დაფინანსების სისტემა. უნდა შემუშავდეს და დაინერგოს პროცედურები, რომლის საშუალებითაც სათანადოდ იქნება შესწავლილი და დაანგარიშებული ვაუჩერის ოდენობა ყველა რელევანტური ასპექტის გათვალისწინებით. ვაუჩერი უნდა ასახავდეს და შეესაბამებოდეს სერვისების (სწავლების) დიფერენცირებულ ასპექტებს. ამ შემთხვევაში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, ბუნებრივია, უფრო გაიზრდება და, რაც მთავარია, პრესტიჟული გახდება საზოგადოებისთვის.

_ უმაღლესი განათლების სფერო?..

_ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რა თქმა უნდა, აუცილებელია სახელმწიფოს კონკრეტული პროგრამების არსებობა, რომლებიც საშუალებას მისცემენ დაინტერესებულ ადამიანს, უფასოდ მიიღოს უმაღლესი განათლება. თუმცა გასათვალისწინებელია, ხელმისაწვდომობის პირდაპირი კავშირი ხარისხთან, ანუ რამდენად „ღირს“ ფულის გადახდა ამა თუ იმ სასწავლებელში განათლების მისაღებად? უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ფინანსური პრობლემების გამო, ყოველწლიურად, იმატებს სტატუსშეწყვეტილი სტუდენტების რაოდენობა, რაც სახელმწიფოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაძლებელია მოიძებნოს ისეთი მოქნილი წესი, რომელიც სრულად მოაწესრიგებს ამ პრობლემას.

ასევე, ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა იქნას აღნიშნული, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს შშმ პირების სრულფასოვანი ჩართულობის განხორციელება უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის ადაპტირებული გარემოს არარსებობოს გამო.

საბოლოოდ, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით, მაინც მივდივართ მთავარ პრობლემასთან, რაც გამოიხატება კონკურენტუნარიანი განათლების მიღებაში. რამდენად არის ხელმისაწვდომი ასეთი განათლების მიღება? ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დაფინანსების პირობებში, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს, ასეთი განათლების მიღება შეუძლებელია.

განათლების სხვადასხვა სეგმენტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შეგვიძლია გამოვყოთ საერთო პრობლემები: სახელმწიფომ სწორად უნდა განსაზღვროს ის სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ამ სფეროში ყველა მსურველის თავისუფალ ჩართვას; რასაც აუცილებლად სჭირდება სწორად გააზრებული პროცესის დაგეგმვა, შედეგზე ორიენტებული ნაბიჯების შემუშავება და ფინანსური რესურსის აკუმულირება ამ ნაწილში; რაც მყისიერ შედეგს, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემს, თუმცა დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად, პოზიტიურად გადაწყვეტს განათლების ხარისხის პრობლემას და მოგვცემს სასურველ შედეგს.

 

                                                                                                გელა მამულაშვილი