თაღლითობა ეკლესიის სახელით – ვინ არის ლალი ჩუბინიძე-ულიანკინა?!

444

„ეკლესიურობას ამოფარებული აფერისტი _ ლალი ჩუბინიძე-ულიანკინა! მას წილში ჰყავს უამრავი სასულიერო პირი! თავს აფარებდა სამთავროს დედათა მონასტერს, სანამ მევალეებმა არ მიაგნეს, შემდეგ კი, ოთხი შვილის დედამ, წიკლაურების ოჯახში იპოვა თავშესაფარი, სადაც მას მალავენ და მფარველობენ! პროკურატურის დევნისგან მას ასევე იცავენ: მეტეხის ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი მელიქიძე, ვაკის სამების ტაძრის წინამძღვარი მამა იაკობ სირბილაძე და მამადავითის ეკლესიის წინამძღვრები“, _ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში იმ ადამიანებმა გაავრცელეს, რომლებმაც ჩუბინიძის აფერას ბინები და მნიშვნელოვანი თანხები შესწირეს. ახლა რამდენიმე მათგანი ქუჩაში თუ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს.

დაზარალებული ადამიანები „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდნენ და საკუთარ თავზე გადახდენილი ისტორიები მოუყვნენ. ყველას ანალოგიური კითხვა აწუხებს: რატომ მფარველობენ თაღლითს სასულიერო პირები და რატომ აქვს შემოდებული თაროზე პროკურატურას უამრავი საქმე, რომელიც ლალი ჩუბინიძე-ულიანკინას წინააღმდეგ არის შესული?!

ზურაბ ლეჟავა:

_ 2007 წელს ლალი ჩუბინიძე-ულიანკინა და მისი მეუღლე შემიჩნდნენ, ჩვენთან წამოდი სამუშაოდო. საკუთარ ეზოში საკონდიტრო ჰქონდათ. რამდენიმე თვე ხელფასი გადამიხადეს, მერე მთელი წლის განმავლობაში კაპიკი არ გადაუხდიათ. ლალი ისევ შემიჩნდა, _ რესტორნის ყიდვა მინდა, 2 თვით შენი ბინა იპოთეკაში ჩავდოთ, რესტორანი შენ ამუშავე, თუ არ გამოვიდა მუშაობა, უკვე მყიდველიც მყავს 200 000 დოლარადო. თავიდან არ მინდოდა, მეუღლეც უარს მეუბნებოდა, მაგრამ უბანში ისეთი სახელი ჰქონდა, 24 საათი ხატების წინ იყო, ლოცულობდა, ისეთი საამქრო ააწყო, მანქანა-მანქანაზე მოდიოდა, ხალხი გაგიჟებული იყო, ამ პატარა სოფლელმა გოგომ ამდენს როგორ მიაღწიაო. მოკლედ, ნუცუბიძეზე 100 კვ.მ. ევრორემონტიანი ბინა მქონდა და ჩავუდე. გავიდა 2 თვე, პროცენტის ფული გადაიხადა, მესამე თვე რომ დაიწყო, თანხა მოვთხოვე. მეუბნება, _ აი, ის ქალი ინგლისშია წასული, ის ქალი ისრაელშია… _ მიჭიმავს დროს. ვითომ რესტორნის მყიდველზე მეუბნება. გადის 2-3 თვე, არაფერი… რუსთაველზე წავიყვანე რამდენჯერმე ოფისში. როცა გადადიოდა, მანქანაში ველოდებოდი, ვითომ იმ ებრაელ ქალთან სალაპარაკოდ მიდიოდა, ვისაც რესტორანი უნდა შეესყიდა. ერთხელაც, მანქანიდან რომ გადავიდა, გავყევი, დავინახე, სადაც შევიდა, მოვტრიალდი, დავჯექი მანქანაში. შემდეგ უკვე მარტო მივედი. ვუთხარი: თქვენთან ქალბატონი დადის, ლალი ჩუბინიძე, რესტორნის გაყიდვის თაობაზე ვიღაც ებრაელს ელაპარაკება-მეთქი. _ რას ამბობთო? ის დადის ქალბატონ ანჟელასთან, მის ოთხ ბავშვს უვლისო. თურმე ანჟელას სახლიც ჩადო იპოთეკაში, ისინი აწუხებენ და ამ საქმეზე დარბის. გავგიჟდი! ამ დროს რა ხდება: ერთხელაც ანახა თავის ქმარს ბლომად ფული, ალბათ, ვინმეს ჩაადებინა ბინა. ქმარმა ფული რომ დაინახა, ჩვენი მეზობელი ყიდდა შავ ჯიპს, უბრძანა, _ ეს უნდა მიყიდოო. დილით ხომ ფული მისცა ჯიპის პატრონს, საღამოს მეძახის, _ ზურა, შენ მაგათთან ახლოს ხარ, გემუდარები, 2-3 დღით ეგ ფული უკან მომცენ, ისეთი საქმისთვის მჭირდება, ვიწვებიო. იძულებული ვიყავი, მეთქვა და რატომ _ 2 სესხი გამაკეთებინა, მე ვიყავი თავდებად, შარშან დამთავრდა გადახდა, ძლივს დავაფარინე. უკვე შეტოპილი მქონდა და რომ არ გამეკეთებინა, შეიძლება ეთქვა, არ ვიხდიო. მეზობლებს უკან გამოვართვი ფული, იქ ატყდა ამბავი! რის 2-3 დღე, 6 თვეში ის ფული სულ ცემა-ტყეპით წაართვეს.

ჩემი ბინის ფულიც რომ არ გადაიხადა, გამიყიდეს. ჯერ 28 000 გამოიტანა ჩემი ბინით, 5 იპოთეკარი იყო, ცოტა ხანი ერთმა მოითხოვა ფული, ეს ვერ იხდიდა, მერე გადავაგირავეთ, ახალი იპოთეკარები შემოვიდნენ და 33 000 გამოიტანა. გავიდა ხანი, კაპიკსაც აღარ იხდიდა, დავიწყეთ ჩვენი ოქროულობის დაგირავება, ვსესხულობდი და ძლივს ვიხდიდი, თვეში 1800 დოლარამდე გვიწევდა გადახდა, თან სახლში არც ერთი ვმუშაობთ, ბოლოს ჩვენც რომ ვეღარ შევძელით გადახდა, 2010 წელს ეს ბინა გამიყიდეს. 100 000 დოლარს მაძლევდნენ ამ ბინაში და 39 000 დოლარად იყიდეს იპოთეკარებმა. დავრჩით მთელი ოჯახი ქუჩაში. ცოლისძმამ ერთ პატარა ოთახში შეგვიკედლა, რომ ნახოთ, გული გაგისკდებათ, 20 ტაშტი გვიდგას, სახურავიდან იმდენი წყალი ჩამოდის. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩვენნაირი დაზარალებული და ბინაწართმეული ბევრია: კოკაიები, მეტრეველები, ქალბატონი ანჟელა, ნაზიბროლა ქურხული, ტოგონიძეებს აგარაკი გაუყიდეს…

სასამართლოში ვიჩივლე, რომელმაც 102 000 დოლარი დააკისრა. ბაჟიც მას უნდა გადაეხადა. დღემდე ისიც არ ვიცი, გადაიხადა თუ არა. ეგ საერთოდ არავის არაფერს უხდის. ესეც რომ არ გადაიხადა, სააღსრულებლოში შევიტანე, კიდევ რომ არ გადაიხადა, თვითონვე გადასცეს პროკურატურას და 2010 წელს აღიძრა საქმე თაღლითობის მუხლით. იმის მერე ორჯერ იყო თავის ადვოკატთან ერთად დიდუბის პროკურატურაში, პირობა დადო, რომ ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა. როგორც თქვენთვის არაფერი მოუცია, ისე _ ჩემთვის. ბოლოს პროკურორთან თქვა, რომ მარტის ბოლოს უნდა მოეცა 10 000 დოლარი, მერე ნელ-ნელა უნდა ეხადა… კაპიკი არ გადაუხდია! სამ პროკურორს შევხვდი, ყველა ამბობს, _ თაღლითობაა, დასაჭერიაო… მაგრამ კაციშვილი ხელს არ ანძრევს. მთელი წელია მატყუებს, ცოცხალი თავით არ მხვდება, ტელეფონს არ პასუხობს, 100 მესიჯი რომ გავუგზავნო, შეიძლება ერთზე მიპასუხოს, ისიც მეტყვის, ერთ კვირაში დაგირეკავ, 2 კვირის მერე შეგხვდები, ხელშეკრულებას გაძლევ, ოღონდ შენ არ შეგხვდებიო… ჯიპი რომ იყიდა, ამის მერე ატყდა ყველაფერი, წამოვიდა და წამოვიდა მევალეების ჯარი, თურმე რა საქმეები აქვს ნაკეთები, მაშინ გასკდა ეს ამბავი, მაგრამ 6 თვის ჩადებული მქონდა უკვე ბინა. დოდოსგან 18 000 დოლარი; ლიასგან 12 000; ჟუჟუნას 20 000; საწარმოს უფროსის 4000, დაუგროვდა ვალი და წავიდა; 5000 გვერდით საკონდიტრო იყო _ იმისი აქვს; ბინის მეპატრონე, ვისთანაც საცხობი ჰქონდა, 4000 იმისი აქვს, 3000 ხელფასი აქვს მისაცემი და ვინ მოთვლის!.. მაგის სახელზე არაფერია გაფორმებული, არადა, ვიცი, ფულიც აქვს და ბინებიც, მაგრამ სხვის სახელზე. თბილისში თუ ვინმე გაიცნო, ყველას ფული გამოართვა. შეკრულია მღვდლებთან. სხვადასხვა ეკლესიაში დადის, ბოლოს იყო ვაკეში, ჭავჭავაძეზე რომ ეკლესიაა. უნდა შემხვედროდა, დამირეკა, მეტრო „წერეთელთან“ დამხვდა, ვხედავ, ჯიპით არის მოსული და ვიღაც მამაო ზის, ვითომ ფული უნდა მოეცა. მამა იაკობი აღმოჩნდა ვაკის ტაძრიდან, მეუბნება, _ ზურა, ახლა ფული არ აქვს და ამ დღეებში აუცილებლად მოგცემსო. ქრისტიანი კაცი ვარ, პატივს ვცემ მღვდელს და ვუთხარი, _ კარგი, მაგრამ თქვენთან ერთად თქვას, როდის მომცემს-მეთქი? ჰკითხა, _ ლალი, მისცემ ფულსო? _ კი, მამაო, აბა რაო. ისევ მომატყუა. მამა რევაზია ავჭალის დედათა მონასტერში, ჩემი მეზობელი იყო, იცოდა, რომ უარს ვერ ვეტყოდი. რა გააკეთა _ გავიდა მამა რევაზზე, გაიგო ტელეფონის ნომერი, იცოდა, რომ მამა იაკობს აღარ დავუჯერებდი და მას დაარეკინა მამა რევაზთან, ცოტა ხანიც აპატიოსო, კიდევ გამაჩერა, რადგან იმ კაცს ვერ გადავახტი. ხან მეტეხში იყო მამა აკაკისთან, სულ ასეთ ხალხშია მოდებული, ჰპირდებოდა, ბიზნესებს გავაკეთებთო. მოკლედ, გადამრია. აშკარაა, ვიღაც მფარველი ჰყავს და ფარული ჩანაწერებიც არსებობს, სადაც ამას ადასტურებს!

 

მაია ცირეკიძე:

_ 1014 წლის ზაფხულში ეს ადამიანი გამეცნო, როგორც ელენე წიკლაური. დედა მატრონას სახლში გავიცანი, როგორც ეკლესიური პიროვნება. ჩემი მეგობრის, ლეილა ციცქიშვილის მეშვეობით მოვხვდი დედა მატრონასთან. როცა ეს ქალბატონი გავიცანი, ძალიან დადებითად განვეწყვე, იმდენად კარგად საუბრობდა მოწყალებაზე, ქველმოქმედებაზე… მომიყვა, რომ ჰქონდა საკონდიტრო საწარმოები, ის იყო 15%-იანი მოწილე ვინმე ლაშასთან. მითხრა, _ ახლა ძალიან ჩავვარდი, რადგან რაც თანხა მაქვს ასაღები ლაშასგან, არ მომცა, მინდა ვალები დავუფარო და ისევ 15%-ში ჩავჯდე მასთან, ამისთვის 5000 დოლარი მჭირდება, სხვა საწარმოები მაქვს დაქირავებული და ავამუშავებო. დავინტერესდი და ლეილა ციცქიშვილთან ერთად შევხვდი სპორტის სასახლის წინ, იქვე ერთ-ერთ საწარმოში მივედით. მითხრა, ნაქირავები მაქვსო. იქ ნამდვილად იყვნენ მცხობელები და მუშაობდნენ. დაინტერესებული ვიყავი დამატებითი შემოსავლით, ეს 5000 დოლარი არ მქონდა და გადავწყვიტე, ჩემი ნათესავისგან მესესხა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისესხე და 3 დეკემბერს გადავეცი. ჯერ 1000 დოლარი მივეცი საწარმოში და 4000 დოლარი ჩემი ნათესავის სახლში. სამსახურის შემდეგ საკონდიტროში ვიყავი. რადგან წლის ბოლო იყო, სამსახურიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე, რომ 23 დეკემბრამდე მივსულიყავი. ამასობაში, 10 დეკემბერს, კიდევ მივეცი 15 000 დოლარი და რატომ _ იქვე, სპორტის სასახლესთან ფართი ქირავდებოდა, სადაც ტექნიკა იყო დამონტაჟებული, შეიძლებოდა საცხობი და კაფე-მაღაზია ერთად ყოფილიყო. ამავე დროს, ელენემ წაგვიყვანა თამარაშვილის ქუჩა #1-ში და გაგვაცნო ვინმე გიორგი, რომელიც გახლდათ ფართის მეპატრონე, იქვე გადავიხადეთ 950 დოლარი და ვიქირავეთ ეს მაღაზია. არ მოგვეწონა რემონტი და ჩემი სახსრებით, ოღონდ ელენესთან იყო ეს 20 000 დოლარი, რემონტი გავაკეთეთ. შევიტანეთ 4 მაცივარი, რომელიც „საქმიან ეზოში“ შევუკვეთეთ ვინმე ირაკლისთან. იქვე შევთანხმდით თანხაზე, რომ 5200 ლარი უნდა გადაგვეხადა 2 კედელ-მაცივარში და 3200 _ 2 დახლ-მაცივარში. ფულის გადახდის პროცესი არ მინახავს, მაგრამ, ჩემგან დამოუკიდებლად, ლეილა ციცქიშვილი წაუყვანია და ბანკიდან, მის სახელზე, განვადებით გამოუტანია თანხა 2 მაცივრის შესაძენად, ამ დროს ჩემგან 20 000 დოლარი აქვს აღებული. მპირდებოდა, რომ 50%-იან წილში უნდა ვყოფლიყავი, ახალი წლის პერიოდი იყო და მეუბნებოდა, რომ ამ თანხას რამდენიმე დღეში ამოვიღებდით. 23 დეკემბრიდან უკევ ჩავერთე საწარმოს მუშაობაში, ხან დღე მივდიოდი და ხან ღამესაც ვათევდი. ერთ საღამოს საწარმოში მივედი, ღამის ცვლა არ იყო მოსული, 20 წლის ახალგაზრდა დამხვდა, გიორგი, რომელიც გახლდათ ლეილა ციცქიშვილის შვილი და ელენე. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მოვიდნენ მცხობელები, 2 ქალბატონი. თითოეული მათგანის ტელეფონის ნომრები მაქვს და შემიძლია მათი არსებობა დავადასტურო. ამ ქალბატონებმა ცხობა დაიწყეს, მაგრამ 3 დეკემბრიდან ვხედავდი, რომ ის პროდუქცია, რაც ცხვებოდა, იყრებოდა, ობდებოდა და საწარმოდან არ გადიოდა. მივიდოდი მეორე დღეს და გაფუჭებული პროდუქცია უკვე აღარ იყო. ერთხელ დამლაგებელს ვუთხარი, _ მაჩვენე, თუ მართლაა გადაყრილი-მეთქი და მართლაც მაჩვენა, ბუნკერში ეყარა გამომცხვარი ბისკვიტები. ვურეკავდი ელენეს და ვეკითხებოდი, _ რა ხდება, გამაგებინე-მეთქი! ბუღალტერიაში არ გვახედებდა. როცა მივდიოდი, გიორგი და ლეილა იქ მხვდებოდნენ, მათ საერთოდ არ ალაპარაკებდა, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ მე იგნორირებას ვგრძნობდი, ფარულ ჩანაწერშიც ისმის, რომ მას ჩემი ეშინია, როგორც მკაცრი, მომთხოვნი და საქმეში ჩახედული პიროვნებისა. ჩემთან შეხვედრას გაურბოდა. ერთხელაც საწარმოში შევხვდი და დაპირისპირება მომიწია, მისი საუბარი ჩავიწერე, მინდოდა, ვალი ეღიარებინა და აღიარებს კიდეც. 2 დღის შემდეგ მივედი, ჩემი ნათესავი წავიყვანე, ვისგანაც ფული ვისესხე, მოვთხოვე თანხა და პროდუქციის რეალიზაციის ნუსხა, მაგრამ მსგავსი არაფერი არსებობდა. ვინმე გიას ტაქსიში ჩავალაგეთ ტორტები, ჩემი ადგილი მანქანაში რომ აღარ იყო, სხვა ტაქსი დავიქირავე, გავეკიდე, მაგრამ ვეღარ მივაგენი, სად წავიდა ეს 17 ტორტი და თვითონ ეს ქალბატონი(!!!). 20 დეკემბერს გიორგი, ლეილას შვილი გამომიგზავნა, რომელმაც ჩანაწერი დამიდო, სადაც ელენე ეუბნება, _ ეს ქალი ჩამომაშორე, თორემ შენ და დედაშენს რომ ბინები გაქვთ ჩადებული, იმას დაკარგავო. ბავშვს აშანტაჟებდა, ამიტომ, იძულებული იყო, ჩამოვეშორებინე. ამის შემდეგ საწარმოში დასარჩენად არ მივსულვარ, თორემ დღისით მივდიოდი. მუშა-მოსამსახურეებს, როგორც აღმოჩნდა, არც ერთს ფულს არ უხდიდა და დღემდე მათი ვალი აქვს. 600 დოლარად ჰქონდა ნაქირავები საწარმოს ფართი, 3 თვის მანძილზე არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. როცა მივხვდით, რომ დაზარალებულები ვიყავით და ფულს ვთხოვდით, რამდენიმე თვის მანძილზე გვემალებოდა, თუ გამოვიდოდა კონტაქტზე, აქეთ გვემუქრებოდა, განსაკუთრებით ლეილას, ბინების გაყიდვით ემუქრებოდა და გაუყიდა კიდეც. როცა მივხვდით, ვისთან გვქონდა საქმე, დაზარალებულები გავერთიანდით. არც თამარაშვილის ქუჩაზე გადაიხადა ქირა და ის მაცივრებიც იმ ფულში იქ დარჩა.

მე და ლეილა ციცქიშვილმა გენერალურ პროკურატურაში ერთობლივად შევიტანეთ განცხადება, მერე ეს განცხადებები ერთმანეთს დააშორეს იმის მიხედვით, ფიზიკურად რომელ რაიონში ხდებოდა ამბები. მე დიდუბეში გამამწესეს და ლეილა _ ნაძალადევში. ლეილას პროკურატურაში მეც ვახლდი, ამ საქმეს ვინმე ლეჟავა იძიებს, მაგრამ დღემდე თაროზეა შემოდებული და ხელს არ ჰკიდებენ. ჩემს საქმეს პოლიციაში ვინმე შორენა იძიებდა, მაგრამ პროკურორმა დავით შაკიაშვილმა საქმე დააკვალიფიცირა, როგორც სამოქალაქო დავა. გამომძიებელმა დამკითხა და მეუბნება, _ კი მაგრამ, ამ საქმეს ხომ აკეთებდაო? _ კი აკეთებდა, მაგრამ მოჩვენებით-მეთქი რომ ვეუბნები, არაფრად მიაჩნიათ. ალბათ, დიდუბის რაიონშიც მონახა ვიღაც, აბა, რა ვიფიქრო?.. ამდენი საქმეა შესული სამართალდამცველ ორგანოებში, არც ერთხელ არ არის მისული დაკითხვაზე, გარდა ერთი შემთხვევისა. აღიარებს ამ ვალებს, ნახევარ მილიონზე მეტი აქვს, ვინ არის ამის გადამხდელი?!

 

ლეილა ციცქიშვილი:

_ 1995 წლის 2 თებერვალს, უბედური შემთხვევის გამო, ერთდროულად დამეღუპა მეუღლე და წლისა და 8 თვის ვაჟი. გასაზრდელად დამრჩა 2 თვის ვაჟი _ გიორგი. ვიმყოფებოდი უმძიმეს დეპრესიულ მდგომარეობაში, დავიწყე ტაძარში სიარული და ნელ-ნელა დავუბრუნდი ამქვეყნიურ ცხოვრებას. ეკონომიურად ძალიან გვიჭირდა. გარკვეული პერიოდი ოჯახიდან დავაბრძანებდი მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს. 2014 წლის ივნისში, სოციალური ქსელით, ხატის თაობაზე გამომეხმაურა ვინმე ეთერ თევზაძე და მთხოვა, ხატი მასთან მიმებრძანებინა. ეთერის ახლოს გაცნობის შემდგომ მან შემომთავაზა, ხატი მის ახლო მეგობართან, ელენესთან წაგვებრძანებინა, რადგან სულიერი განსაცდელი ჰქონდა. 2014 წლის პირველ ივლისს ხატი მივაბრძანე ლალი ჩუბინიძე-ულიანკინასთან, თუმცა ის ელენე წიკლაურად გამეცნო. ამ დღეს შედგა ჩვენი პირველი ნაცნობობა. იგი გამოირჩეოდა პიროვნულად ბევრი დადებითი თვისებით, მისი საუბრებით ზედმეტად ეკლესიური, თავმდაბალი და ქველმოქმედი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ეთერი და ელენე მიკავშირდებოდნენ და მთხოვდნენ, დედა მატრონასთან გავყოლოდი. ჩემს შეკითხვაზე, თუ რა მიზეზით სურდათ მათ დედა მატრონასთან ჩემი გაყოლა, მპასუხობდნენ, რომ ტელეფონით სალაპარაკო არ იყო. 17 ივლისს ეთერ თევზაძეს და ლალი ჩუბინიძეს კოლმეურნეობის მოედანზე შევხვდი. ამიხსნეს, რომ ჩუბინიძეს სჭირდებოდა 5000 დოლარი, რომლითაც უნდა წამოეწყოთ საკონდიტრო ბიზნესი და ჩემგან მხოლოდ დედა მატრონასთან გაყოლას ითხოვდნენ. დედა მატრონა გახლავთ ჩემი დიდი ხნის ნაცნობი და ამასთანავე ახლობელი ადამიანიც, რაც მის ჩემდამი ნდობასა და პატივისცემას განაპირობებდა. ლალიმ და ეთერმა იცოდნენ, რომ დედა მატრონა მენდობოდა. გავყევი. ლოცვის დასრულების შემდეგ ლალიმ დედა მატრონას სთხოვა, მცირე დრო გამოეყო მისთვის და ასეთ რამ უთხრა: თუ შეეძლო მისთვის ისეთი პიროვნების პოვნა, ვინც სურვილს გამოთქვამდა მისთვის გადაეცა 5000 დოლარი, სანაცვლოდ კი თანხის მიმცემს ჰპირდებოდა შპს „სწეეტ ცაკე“-დან 15%-იან წილს და წამოწყებული საქმიდან 50%-იან დივიდენდს. ამასთანავე, იგი საუბრობდა მის პიროვნულ ღირსებებსა და სამომავლო გეგმებზე. ლალი ჩუბინიძე ათასგვარი ხერხით ცდილობდა, ჩემი ნდობითა და თანაგრძნობით ესარგებლა, რაც გამოწვეული იყო მისი ასეთი ეკლესიური და ცხოვრებისგან განწირული ადამიანის შთაბეჭდილებით და ცდილობდა, ჩემს ნაცნობებში ვინმე გამომეძებნა, ვინც მას კონკრეტულ თანხას მისცემდა.

ერთ დღესაც ლალი აღელვებული მოვიდა ჩემს სახლში და იმის შესახებ მომიყვა, რომ მას გარდაცვლილი მეუღლის ახლობლები შვილებს ართმევდნენ და მისმა ბიჭმა თვითმკვლელობაც კი სცადა. ლალის თქმით, მას სჭირდებოდა სტაბილური შემოსავალი, რომლის მიღებაც კონკრეტული ბიზნესიდან სურდა. მას სხვა საშუალება არ გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა მოულოდნელმა თხოვნამ ჩემი აღშფოთება გამოიწვია, მან ისარგებლა ჩემი ეკლესიურობით, მისდამი თანაგრძნობითა და კონრეტულ საქმეში არაკომპეტენტურობით, მოახერხა ჩემი დარწმუნება და ბინა მოტყუებით ჩამადებინა იპოთეკაში იმ პირობით, რომ სესხით აღებულ თანხას ერთ თვეში დაფარავდა. მისი თქმით, იგი წილს ელოდებოდა შპს „სწეეტ ცაკე“-დან, ამასთანავე, ბაგებში ჰქონდა დედამისის ნაჩუქარი ბინა და ვალის გასტუმრების გარანტიად, გამოუვალ მდგომარეობაში, მას წარმოადგენდა. ამის შემდეგ მან ჩემს სახელზე გახსნა შპს „შოკოლაინი“ და დირექტორად მთხოვა ჩემი შვილის, გიორგი კამკამიძის დანიშვნა. ჩუბინიძემ ეს საწარმო აამუშავა და საქონელი დისტრიბუციაზე გაჰქონდა. გაყიდული საქონლიდან შემოსულ თანხასაც თავად ინახავდა, ოფიციალურად კი საბუთებში მე და ჩემი შვილი ვიყავით დაფიქსირებულნი. ჩუბინიძე ყველანაირად ცდილობდა, მისი სახელი და გვარი არსად დაფიქსირებულიყო, სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით გვარწმუნებდა, რომ ასე იყო საჭირო. გარკვეული ხნის შემდეგ, როგორც თქვა, საკმარისი საბრუნავი თანხა აღარ გააჩნდა და მთხოვა, მეორე ბინაც ჩამედო იპოთეკაში, რაზედაც უარი განვუცხადე. დიდი ხნის აცრემლებული დევნის შემდეგ მაინც გამაბრიყვა და ისევ მოტყუებითა და იმ პირობით, რომ ერთ თვეში დაფარავდა იპოთეკის ვალს, მცხეთის ბინაც ჩამადებინა კერძო იპოთეკაში. ბინის პროცენტებს თავად იხდიდა იმ მიზეზით, რომ მის სიმართლეში დავრწმუნებულიყავით. მისი თქმით, ჩემი ბინებიდან აღებული თანხა დადებული ჰქონდა შპს „მეტეორას“ ანგარიშზე, რათა მათ ქსელში გაეშვათ მისი პროდუქტი. ზემოთ აღნიშნულ შპს-სგან მან იქირავა ფართი ნონეშვილის ქ. #5-ში და ხელშეკრულებას თავად მოაწერა ხელი ჩემი შვილის ნაცვლად. ამასთანავე, არაერთხელ ჰქონდა იმის მცდელობა, რომ შპს-ს სახელით გამოეტანინებინა ჩემი შვილისთვის ბიზნესსესხი, მაგრამ უარს ვიღებდით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან თუ ბანკებიდან. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მან ისევ შეწუხებული სახით მომმართა, რომ აღარ გააჩნდა საკმარისი საბრუნავი თანხა და მთხოვა, გამოგვენახა ვინმე, ვისაც კონკრეტული თანხის მიცემის შემდეგ წილში შემოიყვანდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც საქმის გაგრძელებას შეძლებდა და ბინების იპოთეკასაც ვერ დაფარავდა. იძულებული გავხდი, დამეწყო ასეთი ადამიანის ძებნა. ლალი ჩუბინიძე იცნობდა ჩემს ახლო მეგობარს, მაია ცირეკიძეს, რომელმაც ჩემგან უკვე იცოდა, რომ არ გვქონდა საქმის გასაგრძელებლად თანხა. მას ტელეფონით დაუკავშირდა და ბიზნესში თანხის ჩადება შესთავაზა. მაიამ თანხა ისესხა და 20 000 დოლარი ჩადო. 2014 წლის 26 დეკემბერს ჩუბინიძემ ისევ მოახერხა ჩემი მოტყუება და „პროკრედიტ ბანკიდან“ გამომატანინა სესხი 1740 ლარი, რომლის გადახდაც მე მომიწია.

თბილისის ბინა გავყიდე, რათა გადამეფარა ორივე ბინის იპოთეკარის ვალი. ამჟამად ვცხოვრობთ მცხეთაში. ლალი ჩუბინიძე ისევ აგრძელებს ხალხის მოტყუებას და თაღლითური გზით ფულის გამოძალვას პატიოსანი ხალხისთვის და ცდილობს, ეკლესიას ამოფარებული შეინიღბოს.

გვაქვს აუდიოჩანაწერი, როგორ ემუქრება ჩემს შვილს ბინების დაკარგვით, თუ მის მითითებებს არ შევასრულებთ. ახლობლებიც მიგვაყვანინა ამ საქმეში, რომლებიც ამუშავა სრულიად უსასყიდლოდ, დიდი დაპირებებითა და გეგმებით. რა თქმა უნდა, არც მათთვის გადაუხდია შესრულებული სამუშაოს საზღაური. შპს-ს პროდუქტის წარმოებისა და რეალიზებისთვის საჭირო ფართებს ქირაობდა და მოქირავნეებთან სიტყვიერ მოლაპარაკებას თავად აწარმოებდა, თანხის გადახდის პასუხისმგებლობასაც თავად იღებდა, თუმცა დღემდე არ გადაუხდია. როდესაც გამოვფხიზლდით, მისი ძებნა და ინფორმაციების მოძიება დავიწყეთ. აღმოჩნდა, რომ ელენე წიკლაური სინამდვილეში ყოფილა ლალი ჩუბინიძე-ულიანკინა, ჩვენამდე მას ბევრი ჰყოლია მოტყუებული და გაბრიყვებული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი გასამართლებული უნდა იყოს თაღლითობისთვის და ამჟამად პირობითი მსჯავრის სტატუსით უნდა იმყოფებოდეს. ეჭვი გვაქვს, რომ მასთან ერთად ამ თაღლითური სქემით მოღვაწეობდა ეთერ თევზაძეც. ჩუბინიძე ამჟამად შეფარებულია წყნეთის ქ. #4, ბ.#4 მისამართზე, ვინმე ალექსანდრე წიკლაურის ოჯახში და ამ გვარითაც, ალბათ, ამიტომ სარგებლობს.

ამის მერე სახლში მომადგნენ შპს „გურგენიძედან“ და მომთხოვეს ფული, საიდანაც ამ თაღლითს ჩვენი შპს-ს სახელით ვალით წამოუღია საკონდიტრო მასალები, თან ჩემზე უთქვამს, დედაჩემიაო… როცა სიტუაცია გაიგეს, შევეცოდე ამ ქალბატონს, ზინული გურგენიძეს და თქვა, გამოძიებას ჩვენებას მივცემო. მომცა იმ ზედნადების ასლი, სადაც ლალი ჩუბინიძე თავის ხელმოწერით შპს-ს სახელზე იღებს ვალს. ეს ასლი გამომძიებელთან დავტოვე. დაახლოებით ორი თვის წინ ერთ-ერთ მღვდელთან სახლში მისულა და უთხოვია მამუკა ხაზარაძესთან გაჰყოლოდა, რომ ფული მიეცა, ახალი ბიზნესიდეა ჰქონდა _ მთელი თბილისის მასშტაბით უნდა გაეკეთებინა საცხობების ქსელი, რომელსაც ერქმეოდა „პური ჩვენი არსობისა“. შედეგი არ ვიცი… ლადო პიტავა, ვისთანაც ერთად ეწევა ამ თაღლითურ საქმიანობას და ვისგანაც ვითომ წამოვიდა შპს „სწეეტ ცაკე“-დან, სინამდვილეში შეკრულები არიან და დღესაც ერთად ძარცვავენ ხალხს, ეს შპს-ც გამოსაკვლევია… როგორც თქვეს, იქ უფრო დიდი თანხებით გაიძარცვა ხალხი. ერთად ნახეს ლალი და ლადო ქალაქში. მას პერიოდულად მალავენ მონასტრებში, ხან წყნეთში ნახულობენ და ხან სამთავროს მონასტერში. გამომძიებელმა ძლივს დაკითხა.

ერთ დღეს შემთხვევით ჩემი შვილი გადააწყდა სვეტიცხოველში მამა აკაკისთან ერთად (მელიქიძე) და დამირეკა, აქ არისო. გამომძიებელს დავურეკე, ჩემი შვილის ტელეფონზე დაელაპარაკა და დაკითხვაზე დაიბარა. აი, ასე ლანგრით მივართვით პოლიციას კრიმინალი, მანამდე „ვერ იპოვეს“… დაკითხვის მერე გამომძიებელი აშკარად იმის მხარეს იყო, მისი საუბრიდან გამომდინარე ვხვდებოდი. ბუნებრივია, მან თავი იმართლა და ცრუ ჩვენება მისცა. აპირებენ, საქმე დახურონ, ან სამოქალაქოს გადასცენ… მთავარი პროკურორის სახელზე ერთად შევიტანეთ განცხადება მე და მაია ცირეკიძემ და იმისი საქმე მაშინვე სამოქალაქოს გადასცეს, ასე ირიდებენ თავიდან…

ლალი ჩუბინიძე-ულიანკინას მფარველობენ და პროკურატურის დევნისგან იცავენ: მეტეხის ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი მელიქიძე; ვაკის სამების ტაძრის წინამძღვარი მამა იაკობ სირბილაძე და მამადავითის ეკლესიის წინამძღვრები.

ლალი ჩუბინიძე-ულიანკინასთან დაკავშირება „ქრონიკა+“-მაც სცადა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სიტყვიერ შეტყობინებაზე კი ასე გვიპასუხა: „თქვენ რა მასალებს ფლობთ, დარწმუნებული ხართ, რომ სიმართლესთან ახლოა, თუ თქვენთვის სულერთია?“

 

მამა გაბრიელი:

_ სავალალოდ, ჩვენში არიან ასეთი სამღვდელო პირები, რომლებიც იგივე გზას ადგანან, ამისთანა ადამიანებს იყენებენ და თვითონაც წილში არიან. მე კი არ დამაზარალა, ღმერთი დააზარალა და ღმერთი მაგას არ აპატიებს. მარტო ის კი არ არის განსაცდელი, ღმერთმა კვერთხი ჩაარტყას თავში და აღარ იყოს. მაგის განსაცდელი სწორედ ეს არის, დღევანდელი მისი ცხოვრება, სადღაც ქვევრში რომ იმალება.

 

დედა მატრონა:

_ რომ გითხრათ, მაგ გოგოს კარგად ვიცნობდი-მეთქი, ასე არ არის. ამ ადამიანებმა რომ გაიცნეს და გადაწყვიტეს მასთან ერთად რამის გაკეთება, ნეტავ, ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ, _ დედაო, შეიძლება თუ არა მოვკიდოთ ხელიო? რომ ეთქვათ, არ ვურჩევდი ბინის ჩადებას. როგორ შეიძლება, ასეთი რამ გააკეთო და ოჯახები გაანადგურო რაღაც სისულელეებზე. რაც საკუთარი თვალით არ მინახავს, იმას ვერ გეტყვით. ჩვენთან ჩვეულებრივ მოვიდოდა, ჩადგებოდა ლოცვაში და წავიდოდა, მოკრძალებით, მორიდებით, პირიქით, ლალის (ლეილა ციცქიშვილი, _ ავტ.) ეუბნებოდა, დედაო არ შეაწუხოო. ისე იქცეოდა, საერთოდ, ეჭვი არავის არაფერში უჩნდებოდა. მამაოს ეუბნებოდა, 5000 მჭირდება, ბიზნესში უნდა ჩავდო, ოღონდ ჩემზე არ გავაფორმოო, მერე მამაომ ერთი ადამიანი გააცნო, ის გოგო იქიდან გამოიქცა და მამაოს უთხრა, აფერისტები არიან, ეს ვინ გაგვაცანიო. მეც კი ვუთხარი მამაოს, მქონდა რაღაცის ეჭვი, მაგრამ საკუთარი თვალით რომ არ გინახავს, ვერ იტყვი-მეთქი. ლალი საიდან გადაეკიდა, არ მოეშვა ამ გაჭირვებულს, ისედაც დუხჭირი ცხოვრება აქვს, ფეხებში ჩაუვარდა. ერთხელ ძლივს გადავარჩინეთ მისი ბინა, მაზლს ჩაუდო მაშინ და ახლაც რომ ეთქვა ჩემთვის, რამენაირად გადავურჩენდი, რადგან აუცილებლად ვეტყოდი _ არას! თან ერთი კი არა, ორი ბინა ჩაადებნა, 4 შვილი მიწაში ჩამიწვესო, რომ იტყვიან, ასე გააბრუა. ერთხელ მეც ვნახე, სპორტის სასახლესთან ჰქონდა ტორტების საცხობი, ლალის ბიჭი გაუფორმებია დირექტორად, კარგი ადგილების ამბიციები ჰქონდა… ადამიანმა ზედმეტი არ უნდა იწუწუნოს, ამ წუწუნ-წუწუნში ბრძოლები წამოვიდა ეშმაკისგან და ასეთ ხაფანგში გააბა. ეგონათ, სიკეთის ხელქვეშ იყვნენ, ფეხზე დადგებოდნენ და ასეთ დღეში ჩაცვივდნენ. წინ რამდენი განსაცდელი ელოდება, ღმერთმა იცის, რა მოუწყო იმ ადამიანმა. არადა, რომ შეხედავ, ვერ იტყვი, რომ ვინმეს იყენებს, იმდენად მოკრძალებით იყო და სხვანაირად იქცეოდა, მაგის დროც არ იყო, რამე გეფიქრა. ამას მხოლოდ უფალი ხედავს.

 

„ქრონიკა+“-მა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსაც მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.

 

                                                                                                        თამარ ბატიაშვილი