მამუკა ნოზაძე: „იუსტიციის მინისტრი უნიათო და უუნაროა!”

111111

 

„ქრონიკა+” აგრძელებს რუბრიკას და უკვე რამდენიმე თვეა გაზეთის ფურცლებზე პერიოდულად იბეჭდება სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზებისა და იმ მოსამართლეების შესახებ, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებით `გამორჩეულია”. ამჯერად ადვოკატი მამუკა ნოზაძე `ქრონიკა+”-თან ისაუბრეს სასამართლო სისტემის იმ რევანშისტულ ძალებზე, რომლებმაც იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

რა საკითხბზე ისაუბრეს და რა შეთანხმებას მიაღწიეს თეა წულუკიანთან, დეტალებზე მამუკა ნოზაძე ისაუბრებს:

_ „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულმა მოსამართლეებმა თავისი გაიტანეს და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან მიმართებით ხელისუფლებამაც უკან დაიხია. თეა წულუკიანმა მეტად შემაშფოთებელი რამ გამოაცხადა, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან კვლავ ვერ ამოქმედდება მოსამართლეებისთვის საქმეთა განაწილების ელექტრონული მოდელი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოსამართლეებთან საქმეები ხვდება ამორჩევით, პოლიტიზებულ საქმეებს იმ მოსამართლეებს აძლევენ, რომლებიც მათთვის მისაღები არიან და ზუსტად იციან, რა სახის გადაწყვეტილებასაც გამოიტანენ. ვგულისხმობ როგორც ადმინისტრაციულ კოლეგიაში, ასევე სამოქალაქო და სისხლის სამართლის პალატაში შესულ საქმეებს. საქმეების განაწილება ელექტრონული პრინციპით იქნებოდა ძალიან დემოკრატიული ნოვაცია. ხელისუფლება დიდი ხნის წინათ გვპირდებოდა, რომ ამ სისტემას აამოქმედებდა, მაგრამ ვფიქრობ, საქმეების ელექტრონული მოდელის ამოქმედება მიზანმიმართულად იბლოკება. ელექტრონული სისტემით საქმის წარმოება უკვე ბევრ სამინისტროშია დამკვიდრებული და საინტერესოა, სასამართლო სისტემაში რატომ გახდა ეს პრობლემა?

_ თქვენი აზრით, რატომ ბლოკავენ?

_ იმიტომ, რომ როგორი სისტემითაც წლებია, ნაწილდება საერთო სასამართლოებში საქმეები, იგივენაირად გაგრძელდეს. ამ ფორმით პოლიტიზებული საქმეები იმ მოსამართლეებთან ხვდება, რომლებიც უსიტყვოდ, მონური მოჩილებით ასრულებენ დავალებებს. როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა. ის  მოსამართლეები, რომელთაც უფლებამოსილება შეუწყდათ, ანუ ვადა გაუვიდათ, რომლითაც დანიშნულნი იყვნენ, უკვე შეიძლებოდა ხელახლა დანიშნულიყვნენ სამწლიანი, ე. წ. გამოსაცდელი ვადით. სამწლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლეების დანიშვნის მოდელი საერთო სასამართლოების კანონში იმისთვის შეიტანეს, რომ თუ ამ ვადას მოსამართლე გაივლიდა, იგი მუდმივად განწესებულიყო მოსამართლედ. გამოსაცდელი ვადის დროს მათ საზოგადოება, იუსტიციის საბჭო უნდა დააკვირდეს, თუ რამდენად არიან კანონმორჩილნი, რამდენად მაღალი დონის გადაწყვეტილებები გამოაქვთ და ა. შ., მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ეს ცვლილებები ძალიან ცუდი ყოფილა. იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეთა გარკვეული კატეგორია უარს აცხადებდა მოსამართლეთა სამწლიან, გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით და მათ თავისას მიაღწიეს. იუსტიციის მინისტრთან მოსამართლეთა შეხვედრის შემდგომ განცხადება გაკეთდა, რომ კანონში შევა ცვლილება და სამწლიანი ვადა კვლავ გაუქმდება. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მთავრობისა და იუსტიციის მინისტრის უნიათობასა და უუნარობაზე. თუ ეს მოდელი სწორი და გამართლებული არ იყო, მაშინ რატომ შემოიტანეს? რატომ უბრუნდებიან ისევ „სტატუს კვოს“?

_ მოსამართლეების სამუდამო ვადით არჩევა რას მოუტანს სასამართლო სისტემას? ე. ი. ამ სისტემაში კადრები ათწლეულები ვეღარ განახლდება, ერთი და იგივე ხალხი გადაწყვეტს ჩვენს ბედსა თუ უბედობას?

_ ამას იმით ამართლებენ, რომ თითქოს სამუდამო ვადით არჩეული მოსამართლეები უფრო მეტად იქნებიან დამოუკიდებელნი, რაც სწორად არ მიმაჩნია. ჩვენ არ ჩამოვყალიბებულვართ სამართლებრივ სახელმწიფოდ და მოსამართლე, რომელიც მუდმივად იქნება გამწესებული ამ საქმიანობაზე, უფრო მეტი თავხედობით ჩაიდენს კანონდარღვევებს, რადგან მას უკვე გარანტია ექნება, რომ ამ სამსახურში მუდმივად დარჩება და ის ხელშეუხებელია. კარგად ვხედავთ, რაც ხდება 10 წლით მოსამართლის არჩევის ფორმის შემოღების შემდგომ და წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა მათ მუდმივად აირჩევენ? ასევე, მოსამართლეებს ყველა ხელისუფლების დროს მიღებული აქვთ ინდულგენცია _ რანაირი დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ, ხელშეუხებლები იქნებიან. მუდმივად არჩევის წესის შემოღების შემთხვევაში კი მოსამართლეთა ახალი ცვლა სისტემაში მაშინ მოვა, როცა რომელიმე მოსამართლე პენსიაზე გავა, ანდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დევნის საფუძველზე განთავისუფლდება სამსახურიდან, მაგრამ ეს საქართველოში განუხორციელებელია. ბოლო პერიოდში დასჯილი მოსამართლე არავის უნახავს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მოსამართლეებზე ისეთი მკაცრი სასჯელის გამოტანა, როგორიც არის თანამდებობიდან გადაყენება, არ მომხდარა. მათ სარეკომენდაციო ბარათსაც იშვიათად აძლევენ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სასამართლო ჩაკეტილი სისტემა ხდება და მუდმივად მოსამართლეთა დანიშვნის შემთხვევაში, საკმაოდ დიდი პერიოდების შემდეგ, უმნიშვნელო განახლებები ჩატარდება. მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ვუყუროთ ერთსა და იმავე მოსამართლეებს და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზეც რეაგირება არ მოხდება. აი, ასეთ რამეს სთავაზობენ საზოგადოებას.

_ ანუ ეს არ არის ის, რასაც ოცნებახალხს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შეჰპირდა?

_ ცხადია, არ არის. მათ ჰპირდებოდნენ, რომ სასამართლო სისტემაში წესიერი ადამიანები მოვიდოდნენ. იმ მოსამართლეს, რომელსაც სისტემურ დანაშაულში მიუძღოდა წვლილი, აუცილებლად პასუხს მოსთხოვდნენ, მაგრამ ეს დაპირება ვერ შეასრულეს. რამდენიმე მოსამართლის გარდა მოსამართლეთა კორპუსი არ შეცვლილა. ღირსეულ მოსამართლეებს თანამდებობებზე კვლავ დანიშვნის გზა მოჭრილი აქვთ. ამ რეფორმამ ეს მოგვიტანა. ყოველდღიურად უფრო და უფრო უკან მიდის სასამართლო სისტემის საკითხი. სახალხო დამცველმა გორის სასამართლოს მაგალითზე უკვე მიმართა რეკომენდაციო წერილით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. წერილში დაფიქსირებულია, რომ გორის სასამართლოში სისტემური ხასიათი აქვს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების არადროულად ჩაბარებას, ასევე სააპელაციო სასამართლოში დროულად არ გადაიგზავნება ისინი. იმაზე დიდი დანაშაული არ არსებობს, როცა მოსამართლეს განაჩენი გამოტანილი აქვს, საჩივარი შესულია, მაგრამ ის სეიფში აქვს ჩეკეტილი და სამი თვის განმავლობაში ზედა ინსტანციაში განხილვის მიზნით არ აგზავნის.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა, კონკრეტულად გოგიაშვილებისა და კიდევ ერთ საქმეზე, სამი თვის წინათ გამოიტანა გადაწყვეტილება, მაგრამ ის მხარეებს დღემდე არ ჩაბარებიათ. ასეთი შემთხვევები ჩვენს სასამართლოებში ძალიან ხშირია, მაშინ, როცა `ნაცმოძრაობის~ დროს მხარეებს დროულად ბარდებოდა განაჩენები. სხვა სალაპარაკოა, იყო თუ არა ობიექტური, მაგრამ ჩაბარების კუთხით წესებს ნამდვილად არ არღვევდნენ. დღეს კი ქართული საზოგადოება ამ დილემის წინაშე დგას.

ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილზე უნდა გესაუბროთ. ის წლების განმავლობაში მუშაობდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ, თუმცა ყოველთვის მონური თვისებებით გამოირჩეოდა. ღირსება, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს იურისტს, მას არასდროს ჰქონია, რადგან როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას, არავინ იცნობს. ის იყო მოსამართლე იური ტყეშელაშვილის თანაშემწე. ტყეშელაშვილი კომუნისტების დროსაც მოსამართლედ მუშაობდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ხელმეორედ აირჩიეს. ის შევარდნაძისა და  სააკაშვილის დროსაც მოსამართლე იყო, მერე კი შვილთან დაკავშირებით ტრაგედია შეემთხვა და დატოვა სამსახური. შავლიაშვილი `ნაცმოძრაობის~ ზეობის დროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნა და 2009 წლამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა. ის ამ სისტემაში გაბატონებული იყო და ცხადია, მოსამართლეებზეც ახდენდა ზეგავლენას ამა თუ იმ გადაწყვტილების მიღების თვალსაზრისით. ყველა საქმე, რომელიც კოლეგიებში შედიოდა, თუ რომელ მოსამართლეს უნდა დაწეროდა, კოლეგიების თავმჯდომარეებთან წყდებოდა და მასთან იმასაც ათანხმებდნენ, მოსამართლეს რა სახის გადაწყვეტილება უნდა მიეღო. შავლიაშვილმა ადეიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკვეთები კარგად შეასრულა, რაც დაუფასეს და უზენაესი სასამართლოს წევრად გადაიყვანეს, შემდგომ კი ასევე აირჩიეს იუსტიციის საბჭოს წევრად, საიდანაც გაათავისუფლეს, მაგრამ უზენესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის კოლეგიის წევრად მაინც დარჩა.

_ იქნებ, კონკრეტულ ფაქტზეც გვესაუბროთ, რომელიც შავლიაშვილმა არასწორად განიხილა, სადაც მისი დარღვევები ან გადაცდომები, მიკერძოება გამოჩნდა?

_ მან უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა ერთ-ერთ პირთან მიმართებით, როდესაც მანდატურებმა არაადამიანური, ღირსებისშემლახველი ქმედება ჩაიდინეს. ამ ფაქტზე პროკურატურამ მოკვლევა ჩაატარა და მანვე დაადგინა, რომ მანდატურების საქციელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაულებრივი ქმედება იყო, რომელიც, სულ მცირე, დასჯადია დისციპლინური დევნით, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შავლიაშვილს უღირსი თანამშრომლები გაეთავისუფლებინა, რომლებიც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადოდნენ, ისევ დაზარალებული მოქალაქე დააჯარიმა 500 ლარით. როდესაც კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი დოკუმენტი არსებობს და იქ გამოკვეთილია, რომ დანაშაული ჩაიდინა მისმა თანამშრომელმა, მოსამართლე კი კვლავ დამნაშავეს იცავს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ შავლიაშვილი ფიქრობს, „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“. ასეთი სტილის მოსამართლეები, ბუნებრივია, დემოკრატიას კარგს ვერაფერს მოუტანენ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ჩამოაყალიბებენ.

შავლიაშვილი 2005 წლიდან 10 წლის ვადით იყო დანიშნული მოსამართლედ, მაგრამ რადგან შემდგომ უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს, ხელახლა აირჩიეს და 2019 წლამდე ვერავინ შეეხება. ასეთი მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული, ძირითადად, უზენაესი სასამართლო. იქ დღესაც ამწესებენ უღირს ხალხს _ ზოგი მოსამართლე უდიპლომოა, ზოგს ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან მიმართებით კითხვის ნიშნები აქვს. კადრები ყოველთვის იმის მიხედვით მიჰყავთ, ვინ ვისი კაცია და არა ისე, ვინ არის კარგი კანონისდამცველი, ინტელექტუალი და სამართლიანი ადამიანი. ფაქტობრივად,  შუა საუკუნეების ფეოდალურ ხანაში ვიმყოფებით, სადაც გვარების მიხედვით აწინაურებდნენ და ნიჭს ყურადღებას არ აქცევდნენ.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეა პაატა სილაგაძე, რომელიც, თავდაპირველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის თანაშემწედ. ორკოდაშვილი უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. ამავდროულად, იგი გახლავთ დეიდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილისა და ამჟამად უზენაესი სასამართლოს წევრის, ზაზა მეიშვილის. თანაშემწეობის შემდეგ სილაგაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო მუშაობა. ამ საბჭოში მომუშავე დამლაგებელიც კი, კუბლაშვილის დროს, გამოჩენილი ერთგულებისთვის შემდგომ მოსამართლედ გადაჰყავდათ. სილაგაძე ჯერ მცხეთაში დანიშნეს მოსამართლედ, მერე კი _ უზენაეს სასამართლოში. მის დაწინაურებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელზედაც წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ. პაატა სილაგაძე უზენაეს სასამართლოში, მხოლოდ და მხოლოდ, ნაცნობ-მეგობრობით დააწინაურეს და არა საკუთარი დამსახურებით. შავლიაშვილმაც და სილაგაძემაც ამ წლების განმავლობაში საკმაოდ მცირე საქმეები განიხილეს და ისინი არაფრის კეთებაში იღებდნენ ხელფასს. სამაგიეროდ, მზად იყვნენ, როცა „ზემოდან“ დაავალებდნენ, ყველაფერი ისე შეესრულებინათ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ. იმის ნაცვლად, რომ მათ პირველ-მეორე ინსტანციაში დაშვებული შეცდომები გამოესწორებინათ, უკანონო მსჯავრდადებული პირების მიმართ ობიექტური გადაწყვეტილებები გამოეტანათ, ფარატინა ქაღალდზე განჩინებები გამოჰქონდათ, სადაც იდენტური ტექსტი ეწერა და მხოლოდ სახელსა და გვარს ცვლიდნენ. ბოლოს კი მიანიშნებდნენ, თითქოს საქმის განხილვა არ იყო მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და პრაქტიკისთვის. ამიტომაც უზენაეს სასამართლოში ყველა საქმეს დაუშვებლად აცხადებდნენ. აქედანაც ჩანს მათი ობიექტურობა, სამარლიანობა და პირუთვნელობა. როცა საქმის განხილვა არ დაგიწყია და იქვე ამბობ, რომ ის არ არის მნიშვნელოვანი, ეს დაუსაბუთებელი და წყალწყალა არგუმენტია, მაგრამ კანონმა მისცა მათ სურვილისამებრ მოქცევის შესაძლებლობა.

_ ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ `რუსთავი 2~-ის მოსამართლესთან დაკავშირებით, რომელიც დედას ოჯახის წევრად არ მიიჩნევს… მისი ქმედებები რამდენად სამართლიანია? 

_ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადება, რომ დედამისი არ არის მისი ოჯახის წევრი, აბსურდული და ალოგიკურია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ნათლად არის განსაზღვრული, თუ ვინ მიიჩნევა ახლო ნათესავად და, ბუნებრივია, დედა არის ოჯახის წევრი. მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილია, რომ ის პირი, რომელიც არანაკლებ ორი წელი ცხოვრობს თუნდაც არანათესავთან და ის ჩაიდენს დანაშაულს მასთან მიმართებით, კვალიფიცირდება, როგორც ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. არანაირი მნიშვნელობა  არ აქვს, ამ შემთხვევაში, თამაზ ურთმელიძის დედა ცხოვრობს თუ არა  მასთან, ცალსახად დედა არის ოჯახის წევრი და ახლო ნათესავი. ურთმელიძე არაქრისტიანულად იქცევა, როცა ის საკუთარ დედას უარყოფს, რადგან ქრისტიანული მოძღვრების 10 მცნებიდან მე-5 ასეთია: „პატივ-ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქვეყანასა ზედა“.

 

                                                                                                    ნელი ვარდიაშვილი