ოცნებების სასაფლაო – ნაწამები პატიმრების ჩვენებები

88

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ციხის სკანდალური კადრები გამოქვეყნდა. ფირებზე, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილის თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ გაასაჯაროვა, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები იყო აღბეჭდილი. განსაკუთრებით ამაზრზენი სანახავი იყო პატიმრის ცოცხით გაუპატიურების კადრები. ცოცხი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სიმბოლოდ გადაიქცა. იმთავითვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადრებში პატიმართა წამების დროს თავად ლადო ბედუკაძის ხმა ისმოდა.

ხელისუფლება შოკში ჩავარდა. ციხის კადრების გამოჩენამ „ქართულ ოცნებას“ გარანტირებული მოგება მოუტანა. სხვათა შორის, ლადო ბედუკაძის ქვეყნიდან გაყვანა, კადრების გატანა და უცხოეთში მისი გამოქვეყნება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მოაგვარა (ეს ის „პატრიოტთა ალიანსია“, რომელსაც, თურმე, ბიძინა ივანიშვილი კარგად არც კი იცნობს) ე. წ. კარანტინის დაშლის კადრებიც „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ლომაიამ დათა აკობიას მეშვეობით გადაიღო. ეს ის კადრებია, რომელმაც სისტემური დანაშაული ამხილა და სააკაშვილის ხელისუფლება იძულებული გახადა, გამოძიება დაეწყო.

გამოძიება ზურაბ ადეიშვილის დროს დაიწყო და არჩილ კბილაშვილის დროს გაგრძელდა.

 

გრიფით საიდუმლო სისხლის სამართლის საქმე #074250812301-ში ე. წ. ციხის კადრებში ამოცნობილი და იდენტიფიცირებული პატიმრების ჩვენებები დევს.

 

მოწმე გოჩა თეიმურაზის ძე ყაზარაშვილის ჩვენებიდან:

_ 2010 წლის 28 დეკემბერს დამაკავა საგარეჯოს პოლიციამ. წამიყენეს ბრალდება, რომ მანავის სასაფლაოზე ჩემი თანასოფლელების, დათო და გია ბუზიაშვილების დედის საფლავი შევლახე. ამისათვის საგარეჯოს სასამართლომ მომისაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და გადმომიყვანეს გლდანის #8 დაწესებულებაში. 2011 წლის თებერვლის შუა რიცხვებში საკანში წესრიგის დარღვევისთვის 20 დღე-ღამით მომათავსეს კარცერში. 20 დღე-ღამის გასვლის შემდეგ ოფიცერმა, რომელსაც არ ვიცნობ, ამიყვანა მიმღებში და შემიყვანა ერთ ოთახში, რომლის კარებიც იყო მთლიანად გისოსები _ „კლეტკა“. ამ ოთახთან იდგა ხუთი ფორმიანი მამაკაცი, რომელთაგან ზოგს ეცვა სამხედრო შარვალი და შავი მაისური და პერანგი, ზოგს კი ჩვეულებრივი ციხის თანამშრომლების ფორმა. აქედან ორ მათგანს ვიცნობდი, კერძოდ: ოლეგ ფაცაციას და ვლადიმერ (ლადო) ბედუკაძეს. მათ მომთხოვეს მუხლებზე დადგომა, რაც არ შევასრულე, რისთვისაც ოლეგ ფაცაციამ დამიწყო ცემა ხელით, ფეხით და რეზინის „დუბინკით“. ამ ყველაფერს ლადო ბედუკაძე ვიდეოკამერით იღებდა, თანაც მითითებას იძლეოდა. ოლეგ ფაცაცია რამდენიმე წუთი მცემდა. ამის შემდეგ ამაყენეს ფეხზე, მარცხენა მხარი შემიკრეს ქამრით და მიმაბეს კარების გისოსზე, ისე, რომ გისოსების მხარეს ვიყავი ზურგით და დამიწყეს ცემა. შემდეგ გაჩერდნენ და თავზე დამაფარეს რაღაც „კასკა“, რომელსაც წინა მხარეს ცარიელი ჰქონდა და დამიწყეს დაცინვა, კვლავ ცემა. უკვე ყველა მათგანი მცემდა და „დუბინკასაც“ მირტყამდა თავში. ამ დროს რომელიღაც მათგანმა მოიტანა ოთახის, ანუ ჩალის ცოცხი და მეუბნებოდნენ, რომ ამ ცოცხს გამიკეთებდნენ უკანალში და შემდეგ ე. წ. ზონაზე გამიბაზრებდნენ. მათ მართლაც ჩამხადეს სპორტული შარვალი, რომელიც იმ დროს მეცვა და ცოცხი უკანალთან ფეხებს შორის შემარჭვეს, ისე რომ საცვალი არ ჩაუწევიათ. შემდეგ ვლადიმერ ბედუკაძე და ოლეგ ფაცაცია მიყვიროდნენ: „ქურდი ხარო?“, რაზედაც მე ვყვიროდი, რომ ვიყავი ქურდი. ეს ყველაფერი ვლადიმერ ბედუკაძემ ვიდეოკამერით გადაიღო, რის შესახებაც მან და ოლეგ ფაცაციამ იცოდნენ. მითხრეს კიდეც. ამის შემდეგ, ჩამომხსნეს და ცოტა ხნით ამიყვანეს დ კორპუსში. საკნის ნომერი არ მახსოვს. გარდა ამისა, ჩემ მიმართ რაიმე ძალადობა, ცემა და ა. შ. აღარ ყოფილა, სასჯელს ვიხდიდი. 2011 წლის ივნისში გადამიყვანეს ე. წ. ზონაზე ორთაჭალაში, სადაც სასჯელი მოვიხადე და 2011 წლის 27 დეკემბერს გავთავისუფლდი. 2012 წლის 22 ივლისს ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დამაკავა ისანი-სამგორის რაიონის საპატრულო პილიციამ ტელეფონის ძარცვაზე. შემდეგ 24 ივლისს თბილისის სასამართლომ შემიფარდა პატიმრობა და გადმომიყვანეს გლდანის #8 დაწესებულებაში, სადაც პატიმრობაში ვიმყოფები დღემდე. ოლეგ ფაცაციას და ვლადიმერ ბედუკაძეს იცნობს ყველა პატიმარი. ოლეგ ფაცაცია იყო რეჟიმის უფროსი, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე იყო „სმენის“  უფროსი და ოპერატიული თანამშრომელი. ისინი ხელით და ფეხით მირტყამდნენ მთელ სხეულზე, ხელკეტს კი მირტყამდნენ მკლავებში და თავში. მათ ცოცხი შემარჭვეს ფეხებს შორის და მეძახდნენ, რომ არ ვიყავი ქურდი, რადგან უკანალში მქონდა ცოცხი, თუმცა კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მათ ჩემთვის უკანალში, ანუ სწორ ნაწლავში, ცოცხი არ შეურჭვიათ.

 

აღნიშნული ჩვენება თვალნათლივ ცხადყოფს, რომ არანაირი ცოცხით გაუპატიურებას გლდანის ციხეში ადგილი არ ჰქონია. წინასაარჩევნოდ ამ კადრების მხოლოდ ერთი ფრაგმენტი ანახეს აუდიტორიას და ყველა ჩვენგანის ემოციაზე ითამაშეს. კადრები რომ სრულად გვენახა, რეალურად დავრწმუნდებოდით, რომ ცოცხით გაუპატიურების სცენა ბუნებაში არ არსებობს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეში დევს ციხის სხვა კადრებში იდენტიფიცირებული კიდევ რამდენიმე პირის ჩვენება, სადაც ისინი რეზინის ხელკეტით გაუპატიურების ფაქტზე ყვებიან.

 

პატიმარი თ. ე.:

_ 2011 წლის 27 აპრილს დაკავებული ვიქენი შსს ქ. თბილისის მთ. სამმართველოს თანამშრომლების მიერ განზრახ მკვლელობისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შემეფარდა პატიმრობა. მერვე დაწესებულებაში ჯერ მომათავსეს კარანტინში, შემდეგ ამიყვანეს მეორე სართულზე. ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც მე მესაუბრებოდა, მთხოვდა შემეგინებინა ქურდებისთვის, რაზეც მე უარი განვაცხადე. მოიმარჯვა პატარა ზომის ვიდეოკამერა და დაიწყო გადაღება. დანარჩენმა ორმა პიროვნებამ დამიწყო ცემა, მირტყამდნენ როგორც ხელებს, ასევე რეზინის ხელკეტებს. ასე მირტყამდნენ, დაახლოებით, 5-10 წუთის განმავლობაში. მე რაც შემეძლო, თავს ვიცავდი და ვთხოვდი, ნუღარ მირტყამდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც განაგრძობდნენ ჩემს ცემას. ცემის შემდგომ შემაგდეს ე. წ. ბოქსში, სადაც შუქი ჩამქრალი იყო. მომთხოვეს გამეხადა ტრუსი, რაზეც მე უარი განვაცხადე, რის შემდგომაც ძალისა და მუქარის გამოყენებით გამხადეს ტრუსი და იმავე ორმა პიროვნებამ, რომლებიც მცემდნენ, ამომიტრიალეს ხელები. ერთ-ერთ პიროვნებას ხელში ეკავა რეზინის შავი ფერის ხელკეტი, რომლითაც მანამდე მცემდა და მომადო უკანალთან და დამემუქრა, რომ გაუპატიურებას მიპირებდა. მე რაც შემეძლო, თავს ვიცავდი და ვთხოვდი, არ გაეკეთებინათ ჩემთვის. რეალურად ხელკეტი მომაჭირა უკანალთან ისე, რომ უკანალში არ მოუთავსებიათ. ამის შემდგომ დამანებეს თავი, მაგრამ გადაღებას კვლავ განაგრძობდა და მეუბნებოდა, რომ მოგტ…ანიო, `დუბინკა~ გაგიყარეო. მე გავაანალიზე რა შექმნილი ვითარება, კამერის წინაშე დავუდასტურე, რომ `დუბინკა~ შემირჭეს. რეალურად კი ხელკეტი მხოლოდ მომადეს უკანალთან, ისე რომ უკანალში არ მოუთავსებიათ. აღნიშნული ვთქვი იმის გამო, რომ აღარ გაეგრძელებინათ ჩემი ცემა და `დუბინკა~ სინამდვილეში არ შეერჭოთ. ამ ყველაფრის შემდგომ მითხრეს, რომ გაფუჭებული ვიყავი და დავმორჩილებოდი რეჟიმს და ციხის შინაგანაწესს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ცემისა და თითქოსდა გაუპატიურების კადრები გადაღებული ჰქონდათ ვიდეოკამერით და „გამიბაზრებდნენ“, ასევე მემუქრებოდნენ ქათმებში ჩასმით და გაფუჭებით.

 

მოწმე დ. ს.-ს ჩვენებიდან:

_ მე ჩხუბი მომივიდა ჩემს უბნელთან, რომელიც გლდანის ციხეში მუშაობდა. ბრალდების წაყენების შემდეგ სასამართლომ შემიფარდა 50-დღიანი წინასწარი პატიმრობა და მოთავსებული ვიქენი გლდანის #8 დაწესებულებაში. იმავე დღეს მომათავსეს კარანტინში პირველ სართულზე. მეორე დღეს, დაახლოებით დილის 08 სთ-ზე, ჩემთან მოვიდა ციხის ორი თანამშრომელი. როგორც შემდგომ ციხეში და ამჟამად ტელევიზიით გავიგე, ერთ-ერთი მათგანი იყო ვლადიმერ ბედუკაძე. ამ უკანასკნელმა ამიყვანა მეორე სართულზე და შემიყვანა ერთ-ერთ გისოსის კარებიან საკანში, სადაც ვლადიმერ ბედუკაძემ ხელბორკილით მიმაბა კარებზე. იქ იყო კიდევ ციხის ორი თანამშრომელი, საერთო ჯამში, ისინი იყვნენ ოთხნი, რომელთაგან ერთ-ერთს ვლადიმერი მიმართავდა „ბასტით“, მეორეს „ბუბუთი“, მეოთხე პიროვნება ჩემთვის უცნობია. შემიძლია მხოლოდ მისი აღწერა. დამიწყეს ცემა და გინება, მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა ჩხუბის სხვა თანამონაწილეები, რაზეც მე ვპასუხობდი სიმართლეს, რომ ჩხუბი მომივიდა მარტო და სხვა არავინ ყოფილა. ამის შემდეგ ვლადიმერ ბედუკაძემ მოიტანა ვიდეო გადამღები, ხოლო დანარჩენი სამიდან ერთ-ერთმა მოიტანა ხელკეტი. ვლადიმერ ბედუკაძის მითითებით „ბასტიმ“ ან „ბუბუმ“ გამხადა შარვალი და ხელკეტით უკანა ტანში, სწორ ნაწლავში ახდენდნენ ჩემზე ზეწოლას, იგივე მეთოდით მაწამებდა დანარჩენი ორი თანამშრომელი, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე მაგინებდა და იღებდა ვიდეოფირზე. მეუბნებოდა, რომ ამ ყველაფერს აჩვენებდა ჩემს ახლობლებს. ამ ფორმით ისინი მაწამებდნენ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, რაც იწვევდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. ამის შემდეგ მათ გამიყვანეს საკნიდან და იქვე კედლისკენ მიმაყენეს. ერთ-ერთმა მათგანმა მომცა მოკიდებული სიგარეტი და მაიძულეს, რომ სიგარეტი შემეტენა სწორ ნაწლავში, ხოლო შემდეგ მომეწია, რაც შიშის გამო ძალით გამაკეთებინეს. ამ ყველაფერს ვიდეოფირზე იღებდა ვლადიმერ ბედუკაძე. ამის მერე შემეშვნენ და დამაბრუნეს კარანტინში, #127-ე საკანში, სადაც ვიყავი 2 თვე და 20 დღე. სხვა ფაქტს ჩემ მიმართ ადგილი არ ჰქონია და არც სხვა პატიმრის ცემა-წამებას შევსწრებივარ.

 

მოწმე ი. რ.-ს ჩვენებიდან:

_ დამაკავეს გურჯაანში. ციხეში ამიყვანეს კარანტინის ზემოთა სართულზე „ბოქსების“ ოთახში, სადაც დამხვდნენ ციხის თანამშრომლები: ვინმე ლადო ბედუკაძე, ბორის ფარულავა, რომელსაც შემდეგ გავიგე, რომ ყველა ეძახის მეტსახელად „ბასტის“. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ბედუკაძემ მოიმარჯვა პატარა ზომის ვიდეოკამერა და ბორის ფარულავას და ლექსოს მიმართა, რომ მე ვიყავი „საღადაო“ მასალა და მთელი ღამის განმავლობაში გაერთობოდნენ ჩემით. შემდეგ მომთხოვეს გამეხადა ტანზე, რის გამოც მე დავემორჩილე და მთლიანად გავიხადე ტანსაცმელი, მათ შორის, ტრუსებიც და დავრჩი დედიშობილა. ამის შემდეგ ლადო ბედუკაძემ მომთხოვა, იატაკზე დავმდგარიყავი ოთხით და ასეთ მდგომარეობაში მევლო ოთახში, რაც მე მართლაც შევასრულე, ამგვარად დავდიოდი 5-10 წუთი. ბედუკაძე კი ჩემს სიარულს, ანუ ხოხვას დედიშობილა მდგომარეობაში იღებდა ვიდეოკამერით და იცინოდა. ასევე იცინოდნენ ბორის ფარულავა და ლექსო, თან მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ხოხვის შემდგომ მითხრეს, ავმდგარიყავი ფეხზე, გავსულიყავი მოშორებით და იქიდან მეყვირა: ასო მინდა, მიხმარეთო, რაც მე ნაძალადევად გავაკეთე. ლადო ბედუკაძემ გადადო ვიდეოკამერა გვერდით, მოიმარჯვა შავი ფერის რეზინის ხელთათმანი და მითხრა, ჩამეხადა შარვალი და ტრუსი და გადავხრილიყავი. აღნიშნულის განხორციელება მე არ მოვინდომე, რის გამოც სამივე პიროვნებამ ყურის ძირებში დამიწყო მუშტებით ცემა და თან მოითხოვდნენ, ჩამეხადა შარვალი და ტრუსი და გადავხრილიყავი, რაც გარკვეული პერიოდის ცემის მერე მე მართლაც განვახორციელე. გადავიხარე რა უკნიდან, მომადგა ლადო ბედუკაძე, რომელიც რეზინის ხელთათმანწამოცმულ ხელკეტს მისმევდა უკანალში, ამისვა და ჩამომისვა რამდენჯერმე, ისე რომ სწორ ნაწლავში არ მოუთავსებია, რის მერეც მითხრა, რომ შევტრიალებულიყავი მისი მიმართულებით, რაც მე შევასრულე. კვლავ ლადო ბედუკაძემ მოიმარჯვა იგივე ხელკეტი, რომელსაც მისმევდა უკანალში და მომთხოვა პირის გაღება, რათა პირში ჩაეტენა ჩემთვის ხელკეტი, მაგრამ მე არ დავემორჩილე და პირი არ გავაღე, რის გამოც ლადო ბედუკაძემ ხელკეტი, რომელზედაც წამოცმული იყო რეზინის ხელთათმანი, რამდენჯერმე წამისვა ტუჩებზე და უნდოდა რამენაირად პირში ჩაეტენა. ამ ყველაფერს უყურებდნენ ბორის ფარულავა, ანუ იგივე `ბასტი~ და ლექსო და იცინოდნენ… შემდგომ მომთხოვეს გადავხრილიყავი, ბორის ფარულავამ მომაწოდა სიგარეტის ღერი და მომთხოვა, უკანალში გამეკეთებინა. როდესაც მე უარი განვაცხადე, დამიწყეს ცემა, რის გამოც მე დავემორჩილე და ჩემი ხელით უკანალში მოვითავსე სიგარეტის ღერი. დამიწყეს დაცინვა. მალევე მომთხოვეს, უკანალში მოთავსებული სიგარეტი გამომეღო და მომეკიდებინა. ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდა ლადო ბედუკაძე… ამის მერე ცოტა ხანი დაისვენეს, მაყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მირტყამდნენ ხელებს და ლადო ბედუკაძე კისრის არეში მირტყამდა გამეტებით რეზინის ხელკეტს. ბორის ფარულავა და ლექსო მირტყამდნენ ხელებს, ამგვარად მცემეს დაახლოებით ერთი ან ორი წუთის განმავლობაში, რის შემდგომაც მომათავსეს ბოქსში, სადაც ვიყავი ოთხი დღე და მეძინა მეტლახის იატაკზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი წამების, ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზატორი იყო ლადო ბედუკაძე, ხოლო ბორის ფარულავა და ლექსო ასრულებდნენ მის დავალებას.

 

პატიმართა ყველა ჩვენების სრულად გაცნობის შემდეგ რეალური ხდება, რომ ფირები, რომლებიც ვლადიმერ ბედუკაძემ გლდანის ციხიდან გამოიტანა, მის დანაშაულსაც ამხელს. მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ვიდეოკამერები სხვა ცვლის უფროსებსაც ჰქონდათ, ჯერჯერობით, არც ერთი სხვა კადრი არ გავრცელებულა. ჩვენება არ შეუცვლია არც ერთ პატიმარს, ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ, თ და ზ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ბრალის წარდგენის მომენტში ბედუკაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, ის ბელგიიდან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა. ერთ განცხადებაში მან თქვა, რომ საქართველოდან წამოსვლის წინ კადრები მეგობარ მინისტრის მოადგილეს გადასცა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ლადო ბედუკაძე ციხეში ვანო მერაბიშვილის მოადგილის, ამირან მესხელის დავალებებს ასრულებდა. დღემდე ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ ამირან მესხელი, სხვა ძალოვნებისგან განსხვავებით, მშვიდად წავიდა ქვეყნიდან და არც კი იძებნება.

საქართველოში დაბრუნებული ბედუკაძე ორი დღით დააპატიმრეს, ხოლო სასამართლო პროცესების დასრულებამდე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, იგი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლა. `ვლადიმერ ბედუკაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გაფორმდა მთ. პროკურორსა და ბრალდებულს შორის, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი განთავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ფორმალურად, საკითხი მოწესრიგებულია სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლში~, _ განაცხადა ამ საკითხზე მოწვეულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ კბილაშვილმა. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მთავარი პროკურორის ამ ქმედებაზე საქმის კურსში არ იყო.

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი კბილაშვილის ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა, „ქრონიკა+“-ის წყაროც ადასტურებს. იგივე წყაროს ცნობით კბილაშვილის ბრიფინგის შემდეგ ივანიშვილს მთელი მთავრობა ურეკში მიუწვევია. შეკრებას, მთავრობის წევრებთან ერთად, იმდროინდელი რუხი კარდინალი, გია ხუხაშვილიც ესწრებოდა. სწორედ მას აუხსნია ივანიშვილისთვის მთ. პროკურორის გადაწყვეტილების მთელი სიმძიმე. შეკრებაზე ჩასულ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს თავი შორს დაუჭერია, კბილაშვილის გადაწყვეტილებაზე არაფერი ვიცოდიო. გამოსავლის ძებნაში ერთ რამეზე შეთანხმებულან _ მმართველი გუნდი მთავარი პროკურორის ქმედებას ერთსულოვნად გაემიჯნებოდა და ლადო ბედუკაძის დასჯას მოითხოვდა. ეს, ძირითადად, ფორმალური ქმედება იყო. მთავარ პროკურორს კანონი მის მიერ დადებული საპროცესო გარიგების გაუქმების საშუალებას არ აძლევდა. ივანიშვილი უფრო ქმედითი გამოსავლის მოძებნას ითხოვდა. ეს დავალება მან მთ. პროკურორის მაშინდელ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს მისცა. კონფიდენციალურმა წყარომ „ქრონიკა+“-ს ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილის ასლი მიაწოდა.

მოსაზრება

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ ვლადიმერ ბედუკაძესთან დადებული საპროცესო შეთანხმების კანონიერების თაობაზე.

 

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ განაჩენით დაამტკიცა ამ უკანასკნელსა და დამამძიმებელ გარემოებებში წამების რამდენიმე ეპიზოდისათვის ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძეს შორის განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რის შედეგადაც იგი სრულად გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი მიღებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევით, საჯარო ინტერესების საპირისპიროდ, რამაც განაპირობა ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონოდ გათავისუფლება, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 334-ე მუხლით.

I. საპროცესო შეთანხმების დადება ბრალის აღიარების გარეშე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე და 218-ე მუხლების შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან

გათავისუფლების შემთხვევაში, განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ საპროცესო შეთანხმების ერთადერთი კანონიერი საფუძველია შეთანხმება ბრალზე, რა დროსაც ბრალდებული, სავალდებულო წესით, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, მიუხედავად მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ხარისხისა და მნიშვნელობისა, აღიარებს დანაშაულს. ვლადიმერ ბედუკაძეს მისთვის შერაცხილი ბრალდება არ უღიარებია, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ არ არსებობდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების კანონით დადგენილი საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

II. წამებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების დაუშვებლობა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. კოდექსის ამ ნორმის როგორც სიტყვა სიტყვითი, ასევე არსობრივი (თეოლოგიური) განმარტებიდან გამომდინარე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს მანამ, ვიდრე სახეზეა დანაშაული და მას ჯერ კიდევ სრულად, ან ნაწილობრივ შენარჩუნებული აქვს საშიშროების ისეთი ხარისხი, რაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელს ხდის მისი ჩამდენის დასჯას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოიცავს ორი სავალდებულო ელემენტის _ გამამტყუნებელი განაჩენისა და სასჯელის კუმულაციურ ერთობლიობას. ცხადია, სასჯელი აქცესორული ხასიათისაა, ვინაიდან იგი არ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე და ამ თვალსაზრისით მისი ერთგვარი თანამგზავრია.

საქართველოს სსსკ-ის 218-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, წამების

საქმეებზე დაუშვებელია მსჯავრდადებულის სასჯელისაგან სრულად განთავისუფლება. ამრიგად, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, ასევე დაუშვებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად განთავისუფლებაც, რადგან ის ავტომატურად სასჯელისაგან სრულად განთავისუფლებას გულისხმობს.

„წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ“ კონვენციის მეორე მუხლის შესაბამისად, არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება (მათ შორის, ცხადია, არც განსაკუთრებული თანამშრომლობა), არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად. ეჭვგარეშეა, რომ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სიტყვა გამართლებაში იგულისხმება სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც წამების ჩამდენ პირს აარიდებს სათანადო სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება ნიშნავს, რომ დამნაშავის დასჯა აღარ არის საჭირო. იგულისხმება, რომ ქმედების დანაშაულებრიობა განსაკუთრებული თანამშრომლობის შედეგად, ფაქტობრივად, გაუქმდა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქარველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონვენციით ინპლემენტირებულ აკრძალვას. სწორედ კონვენციის ამ ნორმამ ჰპოვა ასახვა სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის შენიშვნაში, რომლის მიხედვითაც წამებისათვის პირის სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება დაუშვებელია ასევე ხანდაზმულობის ვადების გასვლის შემთხვევაშიც.

ამრიგად, მთავარმა პროკურორმა და მოსამართლემ ვლადიმერ ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული და ამ დანაშაულისათვის მათი გასამართლების შემთხვევაში შეიქმნება კანონიერი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენის გადასინჯვის უზრუნველსაყოფად.

ლაშა ნაცვლიშვილი.

 

პანდორას ყუთი უკვე გაიხსნა. ე.წ. ცოცხების სცენა რომ დადგმულია, ეს გამოქვეყნებული ჩვენებებითაც ჩანს და იმ კადრებითაც დასტურდება, რომელიც `ქრონიკა+”-ის რედაქციაში ინახება.

ვლადიმერ ბედუკაძე პრემიერის სიმამრის მეგობრის რანგში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მას საინფორმაციო სააგენტოც დაუფინანსეს. ასევე სარგებლობს სახლმწიფო დაცვითაც.

ჩვენს ქვეყანაში თემიდა ნამდვილად ბრმაა.

 

                                                                                                                      ელისო კილაძე