რა კავშირი აქვს არჩილ ხაბაძეს შპს „სტადიონთან?“

55

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, `ოცნების~ სამი წელი დასჭირდა თვითგამორკვევისა და დამკვიდრებისთვის. თუ ადრე მისი სახელი არც პირდაპირ და არც ირიბად არ ასოცირდებოდა ბიზნესთან ფარულ გარიგებაში, თანდათან გამოჟონილი ინფორმაციები გონივრულ ეჭვად ყალიბდება და ფაქტებითაც მყარდება.

შემცირებული ინვესტიციებისა და შეჩერებული პროექტის ფონზე, მზის გამონათებად გამოჩნდა აჭარის მთავრობის მიერ 2015 წელს ორი დიდი პროექტის გამოცხადება.

პირველი _ ბათუმში მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი სტადიონის, ხოლო მეორე _ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა.

სტადიონის პროექტის ავტორებთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მეორე მხარის მტკიცებით, უარგუმენტოდ შეწყვიტა ხელშეკრულება.

ამის შემდეგ აჭარის მთავრობამ მოულოდნელი და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. შექმნა სახელმწიფო შპს „სტადიონი“, გააერთიანა ორივე პროექტი და ისინი განსახორციელებლად მას დაუქვემდებარა. „სტადიონის“ დირექტორად არჩილ ხაბაძის ნათესავი, ჯემალ ბოლქვაძე დაინიშნა. შპს კი პირდაპირ დაექვემდებარა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტს. ამ დეპარტამენტს კი არჩილ ხაბაძის მამა, თამაზ ხაბაძე განაგებს.

შპს „სტადიონმა“ პირველ ოქტომბერს საავადმყოფოს ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება 27.855.955 ლარია. ეს თანხა უნდა მოხმარდეს ბათუმში, პუშკინის #164-ში მრავალპროფილიან, 170-საწოლიან კლინიკურ საავადმყოფოს.

ამ ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა: „ანაგი,“ თურქული „ო.შ. ინშაათი“, „დაგი“ და „საბა კონსტრაქშენი“.

ტენდერში მონაწილეთაგა, ყველაზე დაბალი ფასი, 22.284.764 ლარი, „საბა კონსტრაქშენმა“ წარადგინა, „დაგმა“ კი _ 24.855.000 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრის მიხედვით „საბა კონსტრაქშენი“ და „დაგი“ მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხებშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ტენდერი ცენტრალური ხელისუფლების ინტერესთა სფეროში შედის და მას მეთვალყურეობას უწევს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი-2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

ამ ფესტივალის დასრულებისთანავე ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა ახვლედიანის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემით თავი არავის შეუწუხებია. ის კი არა, მას შემდეგ რამდენიმე საქმეში ფიგურირებს ახვლედიანი, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის საქმეშიც.

სწორედ მისი დავალებით უნდა მოიწონონ ამ ორი კომპანიის სატენდერო წინადადებები.

საყურადღებოა ისიც, რომ ორივე კომპანია ბანკ „ქართუს“ კლიენტია.

კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ 2012 წლის აპრილშია დაფუძნებული, რეგისტრირებულია თბილისში, მიქელაძის #9-ში. მისი დირექტორია ლევან თარგამაძე. ამ სამი წლის მანძილზე ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის, თბილისის ზღვაზე აკვაპარკი „ჯინო პარადისი“, სასტუმრო „ჯინო ველეს რაბათი“, ხშირად იგებს სახელმწიფო ტენდერებს.

„დაგი“ 2003 წელსაა დაარსებული. მისი დამფუძნებელია გოგი გულორდავა. 2012 წლის 18 ივნისიდან თეთრ სიაშია. თუმცა ამ კომპანიას გასული წლის დეკემბარში მესტიის გამგეობა ედავებოდა 6 მილიონ 700 ათას ლარს.

დავის საგანი მესტიის ცენტრის რეაბილიტაცია იყო, რომელიც სამშენებლო კომპანიამ, მესტიის გამგეობის მტკიცებით, კანონიერი საფუძვლის გარეშე, არაკეთილსინდისიერად და უხარისხოდ შეასრულა. სასამართლო პროცესი სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც უსაფუძვლო გამდიდრებას გულისხმობს და ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის დაბრუნებას ითვალისწინებს.

იმედია, ამ ფაქტსაც გაითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღები.

რაც შეეხება „ანაგს“,  მას ამ სეგმენტში მოღვაწეობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, მისი დირექტორი, ზაზა გოგოტიშვილი, ბათუმის მაჟორიტარი იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში და, ამავე დროს, „ნაციონალების“ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი. დღეს კი ხაბაძესთან დაახლოებულ ბიზნესმენთა ტოპ სიაშია, „ანაგის“ ნაციონალებისდროინდელი ფინანსური მენეჯერი კი, დავით ბალაძე, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრია.

თუმცა, როგორც ჩანს, ინტერესი ამ მრავალმილიონიანი პროექტის მიმართ მართლაც დიდია, რახან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თავის პროტეჟეს ღიად აღარ ლობირებს. სამაგიეროდ, იმის დასტური მიიღო, რომ ადგილზე ამ საქმეს მისი ხალხი გააკონტროლებს.

ქრონიკა+აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, იონა წითელაძეს დაუკავშირდა:

_ ბატონო, იონა, არის თუ არა შპს სტადიონისდირექტორი ჯემალ ბოლქვაძე არჩილ ხაბაძის ნათესავი?

_ არა, არ არის.

_ რა კავშირი აქვს ამ შპს-მიერ გამოცხადებულ ტენდერთან ალექსი ახვლედიანს?

_ არავითარი.

_ ექვემდებარება თუ არა ეს შპს იმ დეპარტამენტს, რომელსაც არჩილ ხაბაძის მამა, თამაზ ხაბაძე ხელმძღვანელობს?

_ დიახ, ექვემდებარება.

 

                                                                                                     ნატო ქათამაძე