სოფელ გომარეთის მოსახლეობა ისევ დახმარებას ითხოვს!

xzx

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა „ქრონიკა+“-ს ამავე სოფლის მკვიდრთა, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გამო მიმართეს და დახმარება ითხოვეს.

როგორც გომარეთელები აცხადებენ, მათ უამრავ სახელმწიფო დაწესებულებას მიმართეს, მაგრამ ამაოდ. ისინი იმედოვნებენ, რომ გაზეთის მეშვეობით მიაწვდენენ ხმას იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებსაც გაღატაკებული ხალხის დახმარება ხელეწიფება.

„ქრონიკა+“-ს გიორგი ხიზანაშვილი ესაუბრება:

_ მინდა გადმოგცეთ ჩვენს სოფლში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონის, ჟუჟუნა მჭედლიძის მდგომარეობის, მისი სოციალურ-ეკონომიური სიდუხჭირის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახთან. ამ ოჯახის მდგომარეობას, ფაქტობრივად, სიღატაკის ზღვარს მიღმაც აღარ ჰქვია, იმის იქეთაა კიდევ. ეს ოჯახი ჩვეულებრივ იღებდა სოციალურ დახმარებას პირველ აგვისტომდე, რადგან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხელახალი შეფასებები დაიწყო, ამის გამო შეუჩერეს. ეს ქალბატონი გახლავთ პენსიონერი, ამავე დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული არ აქვს შესაბამისი კატეგორია, რადგან არ შეუძლია წავიდეს და დოკუმენტაცია შეაგროვოს სტატუსის მისაღებად.

ჩვენი სოფელი გომარეთი მდებარეობს დმანისის რაიონიდან 30 კმ-ში, მაღალმთიანი სოფელია, ეს ქალბატონი ბოლნისში უნდა ჩავიდეს, რომ კომისია გაიაროს და შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსი მიიღოს. დადის ორი ჯოხით, მის გარეშე საერთოდ გადაადგილება არ შეუძლია, წონასწორობას ვერ იცავს, ჰყავს ერთი შვილი, 50 წლამდე ასაკის, კობა მჭედლიძე, რომელმაც თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გადაიტანა, მას ფიზიკური მუშაობა არ შეუძლია, ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, ერთი ხელი გაჩერებული აქვს, ძალაც კი არ გააჩნია, რომ იმუშაოს.

აგვისტოში ამ ოჯახს სოციალური დახმარების სააგენტოდან შემოწმება მოუწია, როგორც უმრავლესობას, მათაც შეუჩერდათ დახმარება.

ამ ქალბატონს, როგორც გითხარით, წასვლა-წამოსვლა არ შეუძლია, ვინმემ მანქანით თუ არ წაიყვან-წამოიყვანა, დახმარება უნდა, მანქანაში რომ ჩაჯდეს და ა. შ. როგორც ამ სოფლის მკვიდრმა, ერთხელაც მივაკითხე, რომ მათი მდგომარეობა გამეგო. ჩვენთან უკვე ძალიან აცივდა, ამ წუთას შეშაც კი არ აქვთ. 3 დღის წინ ჩემს შვილს დავავალე, როგორმე რამდენიმე დღის სამყოფი შეშა მაინც მიეტანა, რომ გამთბარიყვნენ. ამ ოჯახის გამო ასევე მივაკითხე დმანისის რაიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს და ვთხოვე, რომ აეხსნათ მდგომარეობა. მითხრეს, ჩვენი საქმე კონფიდენციალურია და ინფორმაციას ვერ მოგცემთო. ავუხსენი, _ ამ ხალხს სიარული არ შეუძლია, ეს იცის თქვენმა სოციალურმა აგენტმა და როგორ შეიძლება, ამ ქალბატონს არ დაეხმაროთ-მეთქი? ასე თუ ისე, პასუხი არ გამცეს. შევწუხდი, მძიმე ზამთარი იცის ჩვენთან, დღესაც ისეთი წვიმა და ისეთი სიცივეა, თითქმის თოვლი მოდის, აბა, როგორია, ადამიანს შეშაც არ აქვს, რომ გათბეს. ავდექი და, როგორც იქნა, შევძელი ამ ადამიანის დმანისში ჩამოყვანა. აღმოჩნდა, რომ მიუნიჭებიათ 75 000 ქულა. საიდან მიანიჭეს, არ ვიცი. ამ დროს ამ ქალბატონს არაფერი უწერია, ისეთი შემოსავალი ჰქონდეს ან რაიმე შენაძენი. შვილი ჰყავს ოპერაცია გაკეთებული, ხელი აქვს გაჩერებული და გვითხრეს, რომ ფორმა #100 მოიტანეთო. მივაკითხეთ სამედიცინო დაწესებულებას, ავიღეთ ეს ფორმა #100, სადაც ექიმი გასაგებად უჩვენებს, რომ ეს ადამიანი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნებაა. ექიმის ცნობით, მას არ შეუძლია გადაადგილება და წონასაწორობის დაცვა ორი ჯოხის გარეშე. ამავე დროს ავიღეთ ცნობა მისი შვილის შესახებ, რომელსაც გადატანილი აქვს მძიმე, ანევრიზმის ოპერაცია, საჭიროებს ძვირადღირებულ წამალს, მაგრამ ამას ვინ ჩივის? იაფფასიანსაც ვერ ყიდულობენ, მათი ერთადერთი შემოსავალი გახლავთ 160 ლარი. _ ფორმა #100 ამაზე არ მოქმედებსო, _ ასეთი პასუხი გაგვცეს. სოფელი კი ვეხმარებით შეძლებისდაგვარად, მაგრამ ჩვენც გვიჭირს, უამრავი პრობლემაა, შეშა ჩვენთვისაც კი არ მოგვიტანია ჯერ, ტყეში სხვა პრობლემებია, ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

ამ ოჯახთან შეთანხმებით, დავწერე წერილი და მივმართე სოფლის გამგებელს, ძალიან კარგი ადამიანია. ვუთხარი, _ ჩემს მიმართვებზე ყურს არავინ იბერტყავს, იქნებ შენმა წერილმა გაჭრას და რაღაც დახმარება გაუწიო-მეთქი. შეადგინა წერილი, სადაც დაწერა, რომ ეს ადამიანი გომარეთის მკვიდრი იყო, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია, აქვს ტკივილები და მუდმივად ესაჭიროება მედიკამენტური მკურნალობა. ის ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც გადატანილი აქვს თავის ტვინის მძიმე ოპერაცია. ჯანმრთელობის ცნობის მიხედვით, ესაჭიროება ექიმის მეთვალყურეობა. გამგებელი წერს, რომ აღნიშნული ოჯახი მიეკუთვნება მძიმე, ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, სოციალურად გაჭირვეულ ოჯახთა კატეგორიას და სწერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, იქნებ, გაგვიწიოთ შუამდგომლობა ზემდგომ ორგანოებში, რომ სოციალური სააგენტოს მხრიდან ოჯახი ხელახლა შეფასდესო. დმანისის გამგებელიც პირადად იცნობს ამ ოჯახს, ადრე ქალბატონმა ჟუჟუნამ თვითონ უთხრა, ხომ სირცხვილია, რომ არ ვიღებ დახმარებასო? დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც შეადგინა ტექსტი და გაუგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს, ზაზა სოფრომაძეს, საიდანაც გარკვეული დროის შემდეგ საინტერესო წერილი მივიღეთ. ოღონდ ეს წერილი მივიღეთ არა სამინისტროდან, არამედ დმანისის მუნიციპალიტეტის სოციალური სააგენტოდან, ვინც შეამოწმა ეს ოჯახი და ვინც შეფასება გააკეთა, ისევ ისინი გვწერენ ასეთ პასუხს: თქვენი ოჯახის დეკლარირება მოხდა აგვისტოში, ამა და ამ რიცხვში და არსებული მეთოდოლოგიით შემოწმდა და მოხდა ქულების გაანგარიშება, თქვენ მოგენიჭათ 75 000 ქულა და ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით მიმართოთ სააგენტოს შესაბამის სოციალურ სამსახურს 2016 წლის სექტემბერშიო. ე. ი. ეს ოჯახი სოციალურ დახმარებას უნდა ელოდოს კიდევ ერთი წელი. უკიდურესად გაღატაკებული, სოციალურად ჩავარდნილი ოჯახი…

ჩვენი სოფელი დღესდღეობით უკვე გაზიფიცირებულია თითქმის 99%. ვკითხე, _ სოციალური აგენტი რომ შევიდა ამ ოჯახში, ვერ ნახა, რომ გაზი არ ჰქონდათ, ღუმელიც რომ ვერ აუნთიათ, ეს არ მოქმედებს იმ ქულებზე, რომ არ შეუძლია ოჯახს გაზი შეიყვანოს-მეთქი? ეს არაო, ფორმა #100 არაო. ეს ყველაფერი სამინისტროში გავაგზავნეთ და არავითარი შედეგი არ მიგვიღია. შედეგი იყო ის, რომ სამინისტროს მაგივრად პასუხი მოგვწერა დმანისის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტომ. რატომ მოხდა ასე? აღარ ვიცით, სად წავიდეთ, ვის მივმართოთ, რა გამოდის? ეს ოჯახი სიცივეში უნდა ამოიხოცოს?!

ეს მდგომარეობა მხოლოდ ამ ოჯახს არ აქვს, ჩვენს სოფელში კიდევ არის ახალგაზრდა ჯემალ ხიზანიშვილის ოჯახი, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია, მაგრამ ოჯახი აქვს, 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს მე-5-6 კლასში სწავლობენ. ჯემალს ჰყავს ლოგინზე მიჯაჭვული მოხუცებული დედა და ამ ოჯახსაც შეუწყვიტეს დახმარება. რატომ ხდება ასე, ვერ გაგვიგია? ვის მივაკითხოთ, სად გავარკვიოთ, აღარ ვიცით. სამინისტროს მივწერეთ, პასუხზე უარი გვითხრეს, ისევ ადგილობრივმა სააგენტომ მოგვწერა პასუხი. სად წავიდეთ აღარ ვიცით. გამგებელსაც რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. თქვენი გაზეთის მეშვეობით გვინდა მივაწვდინოთ ხმა შესაბამის სტრუქტურებს, იქნებ, რაღაც გაიგონ. გუბერნატორიც კი საქმის კურსშია, იცის ამ ოჯახის შესახებ, ამ ზაფხულს იყვნენ მოსულები, მაგრამ შედეგი არ ჩანს. სად ვეძებოთ ადამიანი, ვინც პასუხს გაგვცემს? თქვენი გაზეთის მეშვეობით, გვინდა, იქნებ ვინმეს ყურამდე მივიტანოთ ეს ამბავი და შესაბამისმა ორგანოებმა დახმარება გაგვიწიონ.

ჯემალ ბერუაშვილი _ სოფელ გომარეთის გამგებელი:

_ რაც კანონით არის გათვალისწინებული, ამ ოჯახის დასახმარებლად ყველა მეთოდი ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. უბრალოდ, ახალ რეგულაციებში დაამატეს, თუ მიწა აქვს და ამუშავებს, ერთი მეათედიც რომ იყოს, ავტომატურად ფიქსირდება და ითვლება შემოსავალში. პლუს ამას მძიმე დაავადება უნდა ჰქონდეს, არც ეგ აქვთ. ფიზიკურად კი არ შეუძლიათ მოძრაობა და ჯოხებით დადიან, მაგრამ ეს არ ითვლება სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებად და ამ კატეგორიაში ვერაფრით მოხვდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მეც მივწერე წერილი სოციალური მომსახურების სააგენტოს, დამატებით მოსულიყვნენ, ენახათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე დარჩა. ძალიან რთული მდგომარეობა აქვთ.

 

თამარ ბატიაშვილი