მამუკა ნოზაძე: „საოცნებო საქართველოში ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია!”

5667

ადვოკატი მამუკა ნოზაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მხილებას აგრძელებს და აცხადებს, რომ ისინი საქმეებს არ აკეთებენ, ხელფასებად, პრემიებად და დანამატებად კი კოლოსალურ თანხებს იღებენ.

მამუკა ნოზაძე:

_ წინა ნომერში მკითხველს დავპირდი, რომ კვლავ გავაგრძელებდი საუბარს უზენაესი სასამართლოს კადრებზე და ახლა ამ დაპირებას ვასრულებ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ `ნაციონალური” რეჟიმის დროს მომხდარი უსამართლობების წინააღმდეგ რაიმე სახის პრეტენზია იმ ხალხისგან, ვინც ახლა პრეზიდენტმა გამოარჩია და უზენაეს სასამართლოში გაამწესა, არავის გაუგონია. ვგულისხმობ: ნინო ბექაქურს, ზურაბ ძლიერიშვილსა და ეკა გასიტაშვილს. ისინი მხარსაც კი უჭერდნენ რეჟიმს, არადა, საქართველოში კარგი კადრების დეფიციტი ნამდვილად არ არის და რამდენიმეს დავასახელებ კიდევაც: „ნაციონალების“ დროს მოსამართლედ მუშაობდა ნუნუკა კვანტალიანი. ეს ის მოსამართლეა, რომელიც უზენაეს სასამართლოში სულხან მოლაშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობდა და განსხვავებული აზრი დააფიქსირა. კვანტალიანმა მოითხოვა მოლაშვილის სრული გამართლება და მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, რადგან მოლაშვილის ქმედებაში დანაშაული არ იკვეთებოდა. ამ მოსამართლემ ასეთი ქმედება გაბედა „ნაციონალების“ ზეობის დროს, როცა მოსამართლეები სპეციალურად გადაიყვანეს სხვადასხვა ინსტანციაში, რათა მათ პოლიტიკური დაკვეთა შეესრულებინათ და სულხან მოლაშვილის მიმართ უკანონო გადაწყვეტილების უზრუნველყოფა მოეხდინათ. ნუნუკა კვანტალიანი იმდენად სუფთა, მიუკერძოებელი და ობიექტური ადამიანი არის, რომ სხვა უამრავ საქმეზე, რომელიც ეხებოდა ქონების ჩამორთმევას თუ სხვა საკითხებს, ყოველთვის იღებდა განსხვავებულ და სწორ გადაწყვეტილებებს. მართლია, ის მუდამ იმყოფებოდა უმცირესობაში და მხოლოდ ერთ ხმას წარმოადგენდა, მაგრამ ის არ უშინდებოდა არაფერს და ადამიანების უფლებებს პირუთვნელად იცავდა. მისი ობიექტურობა ვერც „ნაციონალურმა“ რეჟიმმა ჩაახშო. დღეს კი ეს ადამიანი აღარ არის სასამართლო ხელისუფლებაში. კვანტალიანის მსგავს კანდიდატებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება საქართველის პრეზიდენტმა, რადგან ასეთი ადამიანები არიან იმის გარანტი, რომ სასამართლოებში არ მოხდება უკანონო გადაწყვეტილებების მიღება და მოსამართლეები ვინმეს გავლენის ქვეშ არ მოექცევიან.

უზენაეს სასამართლოში სხვა ობიექტური მოსამართლეებიც იყვნენ: თეიმურაზ თოდრია, ნათია წკეპლაძე. რეჟიმის მონა მოსამართლეებს, ცხადია, არ მოსწონდათ ისინი, რადგან ისინი „ძმაკაცურ“ ინტერესებს არ ითვალისწინებდნენ. ეს მოსამართლეები იცავდნენ უბრალო მოქალაქეებს, კანონს და სამართალს. ვფიქრობდით, რომ ახალი ხელისუფლების დროს სწორედ ასეთი თვისებებისა და წარსულის მქონე ადამიანებს მიეცემოდათ თანამდებობებზე მოსვლის საშუალება, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ასე არ მოხდა. არსებობს საშიშროება იმისა, რომ მომავალ წელს უზენაესი სასამართლოს კანდიდატებად კვლავ წარადგენენ გვენეტაძის საახლობლოს წევრებს. ის აუცილებლად ეცდება, რომ მეორე დაქალი, მაკა კვაჭაძეც უზრუნველყოს და უზენაეს სასამართლოში რომელიმე პალატის მოსამართლე გახადოს; ასევე დააწინაუროს სერგო ჯირბენაძე და სხვა. ეს პროცესი ქვეყნისთვის საშიშია. ის ადამიანები, რომლებზეც კრიტიკულად ვსაუბრობ, კი არ მძულს, მაგრამ სიმართლე არის უზენაესი. ისინი თავიანთი თვისებებიდან გამომდინარე არ არიან ობიექტურები, თორემ ვინც დადებითად დავახასიათე, არც ისინი არიან ჩემი მეგობრები და ნათესავები. მე ვხელმძღვანელობ ამ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, მათი მოქმედებებით სასამართლო განხილვების დროს და არა სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ის პიროვნებებიც მყავს ნანახი სასამართლო განხილვებისას, რომლებიც ახლა უზენაესში დიდი ამბით დაინიშნენ და კარგად ვიცი, ვინ რისი გამკეთებელია. არ შეიძლება, ქვემძრომობით და აფერისტობით ადამიანები თანამდებობზე ინიშნებოდნენ. ასეთები კარგს ვერაფერს გააკეთებენ და მათ მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ. ამიტომაც, სხვა კანდიდატებთან მიმართებით, მაინც უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტმა  საზოგადოების აზრი და ის მოსამართლეები, რომელთაც გაუძლეს 9-წლიან რეჟიმს, თავი არ შეირცხვინეს, არ უღალატეს მორალს და ადამიანობას, უნდა დააბრუნოს სასამართლოებში. ეს სჭირდება ქვეყანას და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიც უფრო გამჭვირვალედ და ღიად უნდა მოხდეს. საზოგადოების ყველა წარმომადგენელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ კანდიდატების შერჩევის დროს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და არგუმენტაციაც დაასახელოს. ამ ფორმით უზენაესი სასამართლო მართლაც ღირსეული კანდიდატებით დაკომპლექტდება და არა ისეთებით, როგორი ადამიანებითაც ახლა ავსებენ _ ზოგს რომ დიპლომი არ აქვს და ზოგის მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს.

_ იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, ამჯერად ვის ეხება თქვენი კრიტიკა?

_ ცხადია, კონკრეტულ მოსამართლეებზეც ვისაუბრებ, მაგრამ  როდესაც საზოგადოებაში მოსამართლის მიმართ უარყოფითი აზრი არსებობს, მისი გამოტანილი გადაწყვეტილება ობიექტურად ვერ აღიქმება. მის მიმართ კი ყოველთვის იქნება ძალიან ბევრი  უკმაყოფილება.

როგორც ცნობილია, უზენაეს სასამართლოში საქმეები კატეგორიების მიხედვით განიხილება. ცხადია, ყველა მოსამართლეს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ განსაკუთრებული საპასუხისმგებლო მისია მაინც ადმინისტრაციული პალატის მოსამართლეებს აქვთ. ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე კი გახლავთ `ნაციონალური მოძრაობის~ წევრი და ამის თქმა ნამდვილად არ მომეხათრება. ეს პიროვნება ბრძანდება მიხეილ ჩინჩალაძე. შეგიძლიათ გამოითხოვოთ სტატისტიკა და დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ ადამიანს არ აქვს განხილული არც ერთი ადმინისტრაციული საქმე. მეტიც, არც ერთ საქმეზე საკუთარი პოზიციაც კი არ დაუფიქსირებია. ე. ი. ის უარს ამბობს უპირველესი მოვალეობის შესრულებასა და განხორციელებაზე, რაც დანაშაულად მიმაჩნია. ის საქართველოს პარლამენტმა მოსამართლედ იმიტომ აირჩია, რომ კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა სამოსამართლეო უფლებამოსილების თაობაზე. ბუნებრივია, უნდა განეხილა საქმეები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილებებიც. სხვა საკითხია, როგორი იქნებოდა ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ის, რომ მოსამართლემ არ განიხილოს საქმე და შემოიფარგლოს მხოლოდ ადმინისტრაციული თანამდებობით, არ კადრულობდეს საქმის განხილვას, მიმაჩნია დანაშაულად. ეს მაშინ, როდესაც მას, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ყოველთვიურად, 6300 ლარი აქვს ხელფასი. ამას ემატება პრემიები, სახელფასო დანამატები და მისი შემოსავალი ამ თანამდებობაზე აღწევს კოლოსალურ თანხებს.

ჩემთვის გაურკვეველია, რისთვის უხდის ბიუჯეტი ამ თანხას? მხოლოდ იმისთვის, რომ არაფერი არ გააკეთოს და მოსამართლეებზე ზეწოლით დაკავდეს? სხვათა შორის, მიხეილ ჩინჩალაძე იყო ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი და მარტო კუბლაშვილი არ ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეებზე, ჩინჩალაძეც ერია ამ საქმეში. მან „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მონამორჩილობით გამორჩეული მოსამართლეები, მათი თანაშემწეები და მდივნები შეარჩია და ისინი განამწესა მოსამართლეებად. ახლა ეს ადამიანი იმ ამბოხებულ მოსამართლეთა რიგებშია, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ამჟამინდელ ხელისუფლებას, რაც გამოიხატება იმით, რომ არ სურთ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელდეს ცვლილებები და ელემენტარულ რამეზეც ბუნტს ტეხენ. მათი თქმით, ტრაგედიაა ის, რომ 8 ადამიანმა აღძრას დისციპლინური დევნა მოქმედი მოსამართლის მიმართ და აუცილებლად უნდა იყოს მაღალი კვორუმი, ანუ 10-მა მოსამართლემ მაინც უნდა მოითხოვოს დისციპლინური დევნაო. დისციპლინური დევნის აღძვრა არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული, მოქმედი მოსამართლის მიმართ აუცილებლად გამოიტანენ რაიმე სახდელს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრის მიერ დისციპლინური დევნის დაწყება რატომ არის დაბალი ლეგიტიმაციის მქონე, ცხადია, ამას ვერ ასაბუთებენ ვერც ჩინჩალაძე, ვერც ლევან მურუსიძე და ვერც კიდევ მათი დაჯგუფების სხვა წევრები. არადა, ეს სწორედ ის ხალხია, რომელიც ყველაზე მეტ უკანონობას სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და დღესაც ასე აგრძელებს. მათი უმეტესობა არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი _ თავმჯდომარე, კოლეგიის თავმჯდომარე, რომელთაც მოქმედი ადვოკატები, საზოგადოების წევრები კარგად ვცნობთ და ისიც ვიცით, საიდანაც მოდიან.

_ მაგალითად, ჩინჩალაძე საიდან მოდის?

_ კარგი კითხვა დასვით. მიხეილ ჩინჩალაძე ძალიან კომიკური ფიგურაა. მე იგი მახსოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მდივნობიდან. 2003 წლის შემდგომ, ე. წ. ვარდების რევოლუციის მერე, იგი ძალიან სწრაფად დაწინაურდა. მე მას არაერთ პროცესზე შევხვედრილვარ, როგორც სხდომის მდივანს და იურისპრუდენციის არცოდნას რომ დავანებოთ თავი, მას მხარეებთან კომუნიკაციაც კი უჭირდა და გაბოროტებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არადა, არ შეიძლება, სასამართლოში მუშაობდნენ გაბოტორებული პიროვნებები, რადგან ეს წარმოადგენს საშიშროებას თავად სამართლისთვის, სამართლიანობისთვის და საზოგადოებისთვის. მისი კომიკურობა გამოხატებოდა იმით, რომ ძალიან სწრაფად მიიწევდა წინ კარიერულად: გენერალური პროკურატურიდან მალევე  გადაიყვანეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად _ გამოუცდელ კაცს მოულოდნელად ჩააბარეს ასეთი მაღალი თანამდებობა და ამხელა რეგიონში პირველ ფიგურად აქციეს. ადვოკატებს დღემდე საქილიკოდ აქვთ ქცეული ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ პროცესზე, როცა პროკურორ ჩინჩალაძეს მოსამართლემ მიმართა, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ჩამოეყალიბებინა თავისი პოზიცია, როგორც ჩანს, მას არაფერი ჰქონდა სათქმელი და განაცხადა, დუმილის უფლებას ვინარჩუნებო. ასეთი პროკურორი, რომელმაც არ იცოდა, რა ფუნქცია-მოვალეობები ჰქონდა, შემდგომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს.

_ ვინ და როდის გაამწესა იგი მოსამართლედ? ვინ ჰყავდა „პროტეჟე“?

_ საქართველოს პარლამენტმა მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია 2007 წლის 23 მაისს. მეეჭვება, რომ მას ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეების გამოცდები, რადგან მის დაწინაურებას უზრუნველყოფდა თავად ზურაბ ადეიშვილი. ის ამ ფლანგზე იმიტომ გადაიყვანეს, რომ „ნაცმოძრაობას“ იქ კიდევ ერთი დამტერორებელი მოსამართლე ჰყოლოდა. სხვათა შორის, ადმინისტრაციული პალატის ჩაბარებაც იმას ნიშნავდა, რომ თუ პირველ ან მეორე ინსტანციის სასამართლოში რომელიმე მოსამართლე მოქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, რაც იმ დროს, ავტომატურ რეჟიმში, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას ნიშნავდა, მას ეს „შეცდომა“ გაეუქმებინა. ადმინისტრაციულ დავაში მეორე მხარე ყოველთვის სახელმწიფოა, ამიტომ ჩინჩალაძეს მყისიერად უნდა გამოესწორებინა ე. წ. შეცდომები და გაეუქმებინა წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განხილული საქმეები ქვეყნდება და მას პირადად სისტემატურად ვეცნობი. ბოლო წლებში მის მიერ განხილული საქმე საერთოდ არ მინახავს.

_ ახალ ხელისუფლებას ბოიკოტს უცხადებს, თუ რა ხდება? მაშინ რატომ იღებს ამხელა ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან რატომ ინახავს მას სახელმწიფო ასეთი ფუფუნებით?

_ ცხადია, ის დანაშაულს სჩადის, როცა არ ასრულებს თავის მოვალეობას. თქვენ რომ არ წეროთ სტატიები, ბუნებრივია, რომ რედაქცია გაგათავისუფლებთ სამსახურიდან, რადგან თქვენ არ ასრულებთ საკუთარ მოვალეობას. ასევეა სხვა სამსახურებშიც და სასამართლოშიც, მაგრამ მასზე ეს კანონი, რატომღაც, არ ხორციელდება და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი ოფიციალური ხელფასი არის ძალიან დიდი. ამას ემატება სახელფასო დანამატები და პრემიები, თუმცა მოსამართლეთა ეს აგრესიული ჯგუფი კიდევ ითხოვს ხელფასების მომატებას. ახლა ვსვამ კითხვას: უზენაეს სასამართლოში წლების მანძილზე საქმეები არ განიხილებოდა და ყველა საქმეზე დაშტამპული, ტრაფარეტული და ზოგადი ხასიათის ტექსტი იდებოდა _ ამ საქმის განხილვა არ არის მნიშვნელოვანი პრაქტიკისათვის და დავის საგანი არ განსხვავდება ადრე მიღებული სხვა გადაწყვეტილებებისგანო. უზენაესი სასამართლოს საქმეების 99%-ზე გამოჰქონდა დაშტამპული განჩინებები, სადაც, მხოლოდ და მხოლოდ, იცვლებოდა გვარი და სახელი. „ნაციონალებმა“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს საპროცესო კოდექსში შეიტანეს ცვლილება, რათა ყველა საქმე არ განხილულიყო და მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღარ დაიტოვეს, ხელფასებს მაინც იზრდიდნენ. ეს არ არის სწორი და ველოდები, რომ შეიცვალოს მსგავსი მიდგომა. უზენაესი სასამართლო არის ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლო და ის უნდა ამკვიდრებდეს მნიშვნელოვან პრაქტიკას და არ უნდა იყოს მხოლოდ გადაწყვეტილებების ნორმების გადამწერი. ის უნდა გახდეს სამართლებრივი ნორმების განმარტების ორგანო. პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებს უნდა ასწავლოს, როგორ უნდა იწერებოდეს გადაწყვეტილება და რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული დავის დროს ამა თუ იმ ნორმას. თუ ის ამას არ გააკეთებს, იქნება დიდი დანაშაული. უზენაესი სასამართლო აუცილებლად უნდა იხილავდეს მნიშვნელოვან საქმეებს და ტრაფარეტული დოგმებით არ უნდა ცხადდებოდეს გადაწყვეტილებები.

კონკრეტულად ჩინჩალაძემ კი, არაფერის კეთებაში, ამ წლების მანძილზე, დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ჰონორარი აიღო. ასე არიან სხვებიც! ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დაესვას წერტილი არაფრის კეთებას და სახელმწიფოს ფულების ფლანგვას? უზენაესი სასამართლოს რიგით მოსამართლესაც მარტო ხელფასი აქვს 6 ათასი ლარი და რეალურად ისინი საქმეებს არ იხილავენ.

_ ეს ყველაფერი ძალიან დამაფიქრებელია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ უზენაეს სასამართლოში ნინო გვენეტაძის „პროტეჟეობით“ ახლად დანიშნულ მოსამართლეებზე. ამჟამად, როგორც თქვენ ამბობთ, `ნაციონალურ~ კადრზე, ჩინჩალაძეზე ვსაუბრობთ. მხოლოდ ეს ადამიანები ქმნიან დღეს უზენაეს სასამართლოში პრობლემებს?

_ ყველას მოეხსნება, თუ როგორ მძიმე ფსიქოემოციურ განწყობასთან არის დაკავშირებული პატიმრობის, მით უფრო, უკანონო პატიმრობის თითოეული საათი და დღე. ამიტომაც სასამართლოებმა გონივრული გადაწყვეტილებები უნდა გამოიტანონ იმ პირების მიმართ, რომლებმაც უკანონოდ განიცადეს დევნა და იყვნენ პატიმრობაში, რათა მათ შესაბამისი ანაზღაურება მიეცეთ.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში არის მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე, რომელიც, სხვათა შორის, 1999 წლიდანაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. იმდენად მოხიბლულები იყვნენ `ნაციონალური მოძრაობის~ წევრები ამ ადამიანით და მას ხელისუფლებისთვის იმდენად მაამებელი გადაწყვეტილებები გამოჰქონდა, რომ 2009 წელს ხელმეორედ აირჩიეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ის ჩინჩალაძისგან განსხვავებით საქმეებს იხილავდა, მაგრამ უმეტეს მათგანს დაუშვებლად აცხადებდა. მან დაამკვიდრა საშინელი პრაქტიკა და არ განიხილავდა იმ საკასაციო საჩივრებს, რომლებიც ძალიან დასაბუთებული იყო და შეეხებოდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ა. შ.

სხირტლაძეს გონივრულად მიაჩნია ის, რომ იმ ადამიანისთვის, რომელიც ერთი წლის მანძილზე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა და განიცდიდა საშინელ სტრესს ფსიქოემოციური თვალსაზრისით, ამას ემატებოდა ოჯახში და ქვეყანაში არსებული ფინანსური სიდუხჭირე, კომპენსაციისთვის 7500 ლარი საკმარისი იქნება. ეს მაშინ, როცა თავად, ყოველთვიურად, 6 ათას ლარს იღებს, ამას ემატება დანამატი, პრემია და მაინც არ ჰყოფნით. რა გამოდის? _ ადამიანი, რომელიც კომფორტშია და არანაირი ფსიქოემოციური სტრესი არ აქვს, მისთვის ყოველთვიურად 10-ათასლარიანი შემოსავალი დასაშვებია და ერთი წლის მანძილზე უკანონო  პატიმრობამისჯილისთვის კი 7500 ლარი ზედმეტს წარმოადგენს? ეს არის ამათი სამართალი?

_ ვისთან მიმართებით მიიჩნია სხირტლაძემ ეს თანხა ზედმეტად? 

_ სხირტლაძის წარმოებაში არის გიორგი ბლიაძის საქმე. ეს პიროვნება 9 თვის მანძილზე იყო ბრალდებულის სტატუსის მქონე და მას ბრალი ედებოდა საშინელ დანაშაულში. მედიითაც ვრცელდებოდა მასზე დაუსაბუთებელი ინფორმაციები, რაც ამ პიროვნებაზე ზეწოლის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენდა. როცა იცი, რომ უდანაშაულო ხარ და ხელისუფლების მანქანის მსხვერპლს წარმოადგენ, პატიმრობის თითოეული წუთიც კი საშინელებაა. საბოლოოდ, ეს პიროვნება გამართლდა, თუმცა 9 თვე მოუწია უკანონო პატიმრობა. სასამართლომ კი ამ პერიოდის კომპენსირებისთვის მისაღებ თანხად მხოლოდ 4400 ლარი მიიჩნია. ფულის ეს ოდენობა პირველი ინსტანციის მოსამართლის ერთი თვის ხელფასზე ნაკლებია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ, რომელიც ყოველთვიურად ამაზე მეტს იღებს, განაცხადა: ბიუჯეტს უჭირს და ამიტომ ჩვენც სახელმწიფოებრივად უნდა ვიაზროვნოთო. მას ახლახან შეუწყდა უფლებამოსილება და, ალბათ, კვლავ სურს, რომ დაუბრუნდეს ამ თანამდებობას, მაგრამ ასეთი მოსამართლეების დანიშვნა საზოგადოებისთვის საშიშად მიმაჩნია. მოსამართლემ სამართლებრივად უნდა იაზროვნოს, მაგრამ საზოგადოებრივ ჭრილში. სახელმწიფო ბიუჯეტს თუ უჭირს, ეს არ უნდა იყოს მხარის პრობლემა. ამიტომ ვაცხადებ: ამის ჩამდენი სახელმწიფო მოხელე უნდა დაისაჯოს და მას დაეკისროს სახელმწიფოს სასარგებლოდ დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდა, რადგან მათ ხვალ და ზეგ კიდევ არ გადაამეტონ უფლებამოსილებას, პირს უკანონოდ არ მიუსაჯონ, ან ზიანი არ მიაყენონ. როცა სასამართლო მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებებს და ის სახელმწიფო უწყება დაისჯება, რომელმაც უკანონობა ჩაიდინა, კომპენაცია დაეკისრება, სხვა დროს უკანონობის ჩადენას ვეღარ გაბედავს.

ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციის სასამართლომაც ძალაში დატოვა და ამჟამად ეს საქმე ნუგზარ სხირტლაძის წარმოებაში იმყოფება. ისიც ფიქრობს, რომ ადამიანი, რომელიც უკანონო განაჩენებით ამდენი ხანი იტანჯებოდა, 4 ათასი ლარი თურმე მისთვის არის საკმარისი. აქედან ჩანს ამ მოსამართლეების „სამართლიანობა“. ამიტომ ვაცხადებ, რომ მოსამართლისთვის აპრიორი სამართლებრივი აზროვნება უნდა იყოს.

 

                                                                                                      ნელი ვარდიაშვილი