„ტერორისტული აქტების საზღვრები საქართველოს მოუახლოვდა“

22

რა ძალები დგანან თურქეთში განხორციელებული საშინელი ტერაქტების უკან? ამ ფონზე ტერორიზმის რა გამოწვევები დგას საქართველოში? რა საფრთხეს შეიცავენ პანკისიდან და ქვეყნის სხვა ადგილებიდან ახლო აღმოსავლეთში გადაადგილებული მებრძოლები ჩვენი ქვეყნისთვის და ამის გასანეიტრალებლად თუ მიმდინარეობს რეალური მუშაობა? რამდენად მზად იქნებიან ხალიფატში გაწევრიანებული ადამიანები, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან? რას მიიღებს რუსეთი სირიის სისხლისმღვრელ პროცესებში ასეთი აქტიური ჩართულობით?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარეს, ზაალ კასრელიშვილს ესაუბრა:

_ უპირველესად, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის სახელით მსურს, მივუსამძიმრო თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მთლიანად ქვეყნის მოსახლეობას და სამძიმარი გამოვუცხადო თითოეული დაღუპულის ოჯახს. ამის შესახებ განცხადებაც გავავრცელეთ და კარგი იქნება, თუ ეს გამოხმაურება თქვენი გაზეთის საშუალებითაც გამოქვეყნდება.

რასაკვირველია, ტერაქტი ყველაზე დაუნდობელი და არაორდინარული, არაადეკვატური და აბსოლუტურად გაუთვლელი ბრძოლის მეთოდია, როდესაც ადამიანი მზად არის, გაიღოს საკუთარი სიცოცხლე, რამდენიმე ათეული, ან, შეიძლება, ასეული კაცის სიცოცხლის სანაცვლოდ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტერორისტული ომი XXI საუკუნის შავი ჭირია. მან განვითარება ჰპოვა XX საუკუნის შუა წლებში, მაგრამ ასეთი სასტიკი და მასშტაბური არ ყოფილა _ მაშინ ის გათვლილი იყო კონკრეტულ პიროვნებებზე, ან კონკრეტულ ჯგუფებზე. ახლა მან უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო და ქვეყნების პოლიტიკური მიმდინარეობისა და მასების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამ ტერაქტების უკან ისლამური სახელმწიფო იდგაო. თუმცა ამის შესახებ დანამდვილებით ვერავინ საუბრობს, თუ ვინ განახორციელა ეს საშინელი ტერაქტი. სადღეისოდ ყველა ტერორისტის ხელწერა უკვე ერთნაირია. ასე რომ, როდესაც ქვეყანაში კონფლიქტი რამდენიმე მიმართულებითაა, ძალიან სერიოზული არგუმენტები და მტკიცებულებები უნდა გქონდეს იმისთვის, რომ რომელიმე დაჯგუფებას ხელი დაადო.

თუმცა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბომბვა დაიწყო, ისლამურმა სახელმწიფომ განცხადება გაავრცელა, რომ ცოდვის ცეცხლის ალში გაახვევდა თურქეთის დედაქალაქს, მაგრამ დანამდვილებით ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს ვის ჩაიდინა. ამიტომ თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ოფიციალურ წყაროებს ვეყრდნობით. შეფასებასაც აქედან გამომდინარე ვაკეთებთ.

რაც შეეხება საფრთხეებს, რასაკვირველია, ის არსებობს. მიმდინარე წლის ივლისში, როდესაც თურქეთის პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პირველი იერიში მიიტანა ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე და შემდეგ ქურთების მუშათა პარტიის მებრძოლთა პოზიციებზეც, მაშინვე გავაკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ დაუმთავრებელი, პერმანენტული პარტიზანული ომი დაიწყებოდა, რომელიც თურქეთს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ჭაობში ჩააფლობდა. სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

მოგეხსენებათ, ზაფხულში თურქეთში რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა, რამაც ტურისტული სეზონი ამ ქვეყანაში, პრაქტიკულად, ჩააგდო. საერთოდ, თურქეთის ეკონომიკას ამან სერიოზული ზარალი მოუტანა და ახლა, როგორც ჩანს, ძალის დემონსტრირებას ტერორისტები ახდენენ ცენტრალურ ქალაქებში, სადაც მობილიზებულია მთავრობა და მისი სამხედრო ხელმძღვანელობა.

ამ ორ მიმართულებას შორის იყო თავდასხმები პოლიციასა და სამხედრო დაჯგუფებებზე. ეს მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ სხვადასხვა ხელწერაა _ სადღაც ჩანს ისლამური სახელმწიფოს ხელი და სხვაგან ქურთების მუშათა პარტიის სამხედრო ფრთის ხელწერა. ამდენად, ძნელია, კონკრეტულად ხელი გაიშვირო ვინმესკენ.

თუმცა ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს ვითარება რომელიმე პოლიტიკურმა ძალამაც კი გამოიყენოს თურქეთში და თავადაც ჩაატაროს ასეთი საშინელი ტერაქტები იმაში დარწმუნებულმა, რომ ეს ან ქურთებს ან ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებს დაბრალდება.

რასაკვირველია, საფრთხეები არის. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ტერორისტული აქტების საზღვრები საქართველოს მოუახლოვდა. ვფიქრობთ, რომ ყველა ის ქვეყანა, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ მუსლიმები, გარკვეული საფრთხის მატარებელია. ყველა ის ქვეყანა, რომელიც ჩართულია ანტიტერორისტულ ოპერაციებში, პოტენციური სამიზნეა. და ვფიქრობთ, რომ კავკასია, ამ თვალსაზრისით, ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

•             ერთი ის, რომ კავკასია გეოგრაფიულად უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პლაცდარმია, საიდანაც კარი პირდაპირ ღია არის დასავლეთისკენ;

•             ყველა დამპყრობელი, ისტორიულად და ახლაც, საქართველოზე გავლენების მოპოვებას ცდილობს. ყველა ამის მსურველი ქვეყანა ცდილობს რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად სწორედ საქართველოში შემოვიდეს.

•             რასაკვირველია, ეს მოსაზრება აქვთ ისლამური ხალიფატის ლიდერებსაც და მათ მომდევნო სამიზნედ, სირიის შემდეგ, კავკასიის რეგიონი გამოაცხადეს. ამდენად საფრთხე არსებობს და ის გასათვალისწინებელია.

•             ამას ემატება ის, რომ თურქეთი და რუსეთი კავკასიას თავისი ისტორიული გავლენის სფეროდ მოიაზრებენ. ასე რომ, ყველა ის პრობლემა, რაც ამ ორ დიდ ქვეყანას აქვს (და მინდა გითხრათ, რომ ორივე გრძელვადიანი პარტიზანული ომების ჭაობშია), მათივე ინტერესებს შემოყვება საქართველოში და მთლიანად კავკასიაშიც.

დანარჩენი მკითხველმა განსაზღვროს, რა ხარისხის საფრთხეებზე შეიძლება იყოს საუბარი. ვინ რა რაოდენობის ტროტილს სად დადებს, ამაზე ძალიან ძნელია წინასწარ ლაპარაკი. შეიძლება სულაც არ იყოს ტერაქტი და დავუშვათ, სხვა ტიპის პრობლემები და დაპირისპირებები შეიქმნას.

_ რა საფრთხეს შეიცავენ პანკისიდან და ქვეყნის სხვა ადგილებიდან ახლო აღმოსავლეთში გადაადგილებული მებრძოლები ჩვენი ქვეყნისთვის და ამის გასანეიტრალებლად თუ მიმდინარეობს რეალური მუშაობა?

_ პანკისიდან, ქვემო ქართლიდან და აჭარიდან ხალიფატის მხარეს საომრად წასული ჩვენი მოქალაქეები, ამავე ხალიფატში, უმაღლეს მმართველ ეშელონებში არიან, ხოლო ჩვენ ქვეყანაში, იქ, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ, საიდანაც ისინი ამ ბრძოლებში წავიდნენ, არიან მორალური ავტორიტეტები, რომლებსაც გავლენაც აქვთ, სიტყვა ეთქმით და მატერიალურადაც შეუძლიათ, ხელი გაუმართონ თავიანთ თანასოფლელებს, თანაქალაქელებს, თანამოძმეებს…

მაშასადამე, საჭიროების შემთხვევაში, მათ თანამოაზრეები და თანამებრძოლები, დასაყრდენი ძალა ჰყავთ. რა ბრძანებას გასცემენ, რა მისიას დააკისრებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ პატივს სცემენ და ეთაყვანებიან, ამის წინასწარ გათვლა ძალიან ძნელია. ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაგრამ გარკვეული ბაზა რომ აქვთ, ეს ფაქტია.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ ვინ რას აკეთებს მათ საწინააღმდეგოდ: ეს ჩვენ არ ვიცით, რადგან არ გვაქვს კომუნიკაცია ქართულ სპეცსამსახურებთან და რომც გვქონდეს, არც გვეტყვიან, თუ რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ. ზურგს უკან ვინ რას ფიქრობს, საუბრობს და აკეთებს, ჩვენ ეს არ ვიცით, პრაქტიკულად, ამასთან შეხება არ გვაქვს და ვერც იმას გეტყვით, ისინი სწორ გზაზე დგანან თუ არა.

_ მაგრამ რამდენად მზად იქნებიან ხალიფატში გაწევრიანებული  ადამიანები, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან?

_ ეს ჩვენი ხედვაა პრობლემისადმი. მათი ხედვით, ისინი ნაბიჯს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ კი არ გადადგამენ (თუ ამ გზას დაადგებიან), მათი აზრით, საკუთარ ქვეყანას მხსნელებად მოევლინებიან; თავის მოსახლეობას და ქვეყანას თავისუფლება რომ მოუტანონ, ამისთვის იბრძოლებენ. იდეოლოგიური განსხვავებები მათ მოტივაციაში, ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის გასაგები იქნება.

_ ამ რეალობას რა უნდა დაუპირისპიროს ქართულმა სახელმწიფომ, რომ მსგავს გამოვლინებებს ნაკლებად ჰქონდეს ადგილი?

_ ქართულ სახელმწიფოს სამი გზა აქვს. ამ დროს კი რეალურ მოცემულობას ვიღებთ დაქსაქსული ქვეყნის სახით. მოცემულობას ვიღებთ ტერიტორიებდაკარგულ საქართველოს; ერთმანეთზე ზიზღითა და ეჭვით მომზირალ ქართველებს; მოცემულობას ვიღებთ ყოველ ნაბიჯზე გამეფებულ უნდობლობას _ სიღარიბეს, უპატივცემულობასა და სარგებლის მაძიებელ მედროვეთა არნახულ ზეობას.

აი, ამ ფონზე, ვიმეორებ, რომ დღეს სამი გზა არის გამოკვეთილი:

პირველი, ეს არის ნატო, საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა;

მეორე გზა უკანასკნელ ორ-სამ წელიწადში გამოკვეთილი პოზიციებია _ ევრაზიის კავშირი და მასში გაწევრიანება;

და მესამე გზა _ საქართველოს ბუნებრივი განვითარების გზა. ეს არის მარადიული ღირებულებების სისტემა. და თუკი ოდესმე საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში, ჩვენი წელთაღრიცხვიდან ვიდრე დღემდე, ზენიტში იყო და ამას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, ეს მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც ის რეალურად კავკასიაში საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების მთავარი ხატი და მეტრი იყო. ეს მესამე გზა ეთნო-რეგიონული პოლიტიკა, კავკასიური პოლიტიკაა, რაც თანდათანობით უფრო აქტიური ხდება.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც ნელ-ნელა ეთანხმება ამ მოსაზრებას, რომ თუ საქართველო იქნება მეტრი და გამწევი ძალა რეგიონში პოლიტიკის, კულტურული ცხოვრებისა და ეკონომიკის, მაშინ მას მეტი ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან; მას უფრო მეტ ანგარიშს გაუწევენ და მის გარშემო ძალიან სერიოზული კავკასიური ჯარი შეიკვრება, რომელსაც, გარწმუნებთ, ვერც ერთი ტერაქტი, ვერც ერთი ტერორისტი და ვერც ერთი დამპყრობელი ვერ გაარღვევს.

ამ პროცესზე აქ ზოგადად მოგახსენებთ, რადგან რეალურად ეს ამოუწურავი თემაა. გაზეთის ფორმატი მეტი გავრცობის საშუალებას არ მომცემს, მაგრამ დღეს ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე რეალური და პერსპექტიული ეს არის, ანუ რეგიონული პოლიტიკის პრიორიტეტი ქართულ სახელმწიფოში, რომლისთვისაც საჭიროა ხელისუფლება, ოპოზიცია დასხდნენ და ამ მიმართულებით კონკრეტულ დებულებებზე შეთანხმდნენ. დანარჩენი ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

_ ჩვენს მკითხველს ახმედ ჩატაევზეც ვუამბოთ: როგორ მოხერხა ამ პიროვნებამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანება და ერთ-ერთ ლიდერად გადაქცევა?

_ იცით, რომ ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო მოლაპარაკებაზე, სადაც ეს მოლაპარაკება ჩავარდა. რასაც ახლა ვიტყვი, ქართული მედიისთვის და მოსახლეობისთვის ცოტა მოულოდნელი იქნება, მაგრამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვენს წრეებში ლამის ყველამ იცის. როცა ახმედ ჩატაევი მოლაპარაკებაზე წავიდა და უკან ბრუნდებოდა, ისე რომ პასუხიც არ მიუტანია მაშინდელი ძალოვნებისთვის (რომლებმაც ის მოსალაპარაკებლად გაგზავნეს), სნაიპერებმა სროლა აუტეხეს და სწორედ მაშინ დაიჭრა, დაკარგა ფეხი. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, ჩატაევი რომ გაესამართლებინათ და სასამართლოზე პირი დაეღო და ყველაფერი მოეყოლა _ თუ რა დააბარეს ამათ, რა პირობები მიიღეს იმათ და რის სათქმელად ბრუნდებოდა ის უკან, მაშინდელი ხელისუფლების ძალოვან წარმომადგენლებთან, ამ დროს, ბოლომდე არც მოუშვეს, არც ალაპარაკეს, ისე აუტეხეს საფრიდან სნაიპერებმა სროლა, წარმოიდგინეთ, ამას როგორი რეზონანსი მოჰყვებოდა.

გარდა ამისა, რახან ვაჰაბიტები განადგურებული ჰყავდათ, იფიქრეს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ გაემწვავებინათ და მოწმეც მოიშორეს, ფიზიკურად აქედან გაუშვეს. ამბის მომტანიც გაუშვეს და მოიშორეს. ამით, გარკვეულწილად, გაღიზიანებული ვაჰაბიტების გულისწყრომაც ცოტა ხნით გააქარწყლეს. ამასთან, ის ხომ გარკვეული პირობებით გაუშვეს, ისე ხომ არ გაუშვებდნენ, რომლის არსიც ჩვენ რეალურად არ ვიცით.

აი, ეს ფაქტები და რეალობაა, რაც დღეს ჩვენ ხელთ არსებობს.

_ დაბოლოს, რას მიიღებს რუსეთი სირიის სისხლისმღვრელ პროცესებში ასეთი აქტიური ჩართულობით?

_ სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი ამ კითხვას. ჩვენ გავაკეთეთ გაეროს გენერალურ ასამბლეამდე რამდენიმე დღით ადრე განცხადება, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩათრეული იქნებოდა გრძელვადიან, დუმთავრებელ პარტიზანულ ომში, რომელიც გაზრდიდა მის ხარჯებს და ისედაც შემცირებული შემოსავლებისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსეთის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაციები და პიროვნებები გამარჯვებას ზეიმობენ, ჩვენ მაინც იმავე აზრზე ვართ, რომ რუსეთი უკვე ჩაითრიეს გრძელვადიან ომში. მართალია, 80-იანი წლების ავღანეთი აღარ ექნებათ, მაგრამ მაინც ჩათრეულები არინ რაღაც დოზით და ვფიქრობთ, რომ თუ ჭაობში მუხლებამდე შეგითრევენ, მერე ნელ-ნელა მეტად ჩაეფლობი, უკვე წმინდა სამხედრო გამარჯვებების სურვილებიდან გამომდინარე; ასევე იქიდან გამომდინარე, რომ შიდაეკონომიკური კრიზისი და შიდა უკმაყოფილება რაღაც გარეგამარჯვებებით უნდა გადაფარო.

მსხვერპლი უკვე არის, სახმელეთო ჯარების პირველი შეტაკებები უკვე მოხდა. სირიის, ასადის ჯარი, ჰეზბოლა და რუსეთის დაქირავებული თუ რეგულარული ჯარის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე შეტაკებაში მოხვდნენ და სერიოზული მსხვერპლიც არის, გარდაცვლილები არიან რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები. გარდაცვილილია ჰეზბოლას მაღალჩინოსანი და თუ არ ვცდებით, ასადის არმიის მაღალჩინოსნებიც მათ გზას გაუყენეს.

ის ილუზია, რომ საავიაციო დარტყმებით წელში გადატეხდნენ ისლამური სახელმწიფოს არმიას და მერე მათ ხმელეთზე ძალიან იოლად დაიმორჩილებდნენ, რეალობა არ გამოდგა. ამიტომ ეს ბრძოლა გაგრძელდება უკვე როგორც პარტიზანული ომი. აღარ იქნება ფრონტალური გადაადგილებები, იქნება პარტიზანული ომი. თქვენ კი იცით, რომ პარტიზანული ომები, პრაქტიკულად, არ მთავრდება. ის ფორმას, სახელს იცვლის, ასევე სახეები იცვლებინ, მაგრამ ის გრძელდება.

მაგალითისთვის, ისევ ავღანეთს შეგახსენებთ: 80-იან წლებში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. მართალია, სხვა სახეები და სხვა გენერლები იბრძვიან, სხვა დაჯგუფებები გამოჩნდნენ არენაზე, მაგრამ ეს არის ფორმა, შინაარსით იგივე პარტიზანული ომი დარჩა, რომელმაც დაანგრია ეს სახელმწიფო, მაგრამ არა მარტო ავღანეთის სახელმწიფო _ ლამის, ყველა ის სახელმწიფო დაანგრია, რომელიც ამ კონფლიქტს გარედან შეეხო. არ მეთანხებით?

_ ფაქტი სახეზეა, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს…

_ ამიტომ არ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში თურქეთი ან რუსეთი, აი, ამ დაუმთავრებელი პარტიზანული ომიდან უვნებლად გამოვლენ. მით უმეტეს, რომ სირიაში ამ ორი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდა. ისინი სხვადასხვა მხარეს, ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

 

                                                                                         გელა მამულაშვილი