ნანა თხელიძე: „პროკურატურას ვერანაირი რეფორმა ვერ უშველის!“

655

საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა წარადგინა და პროკურატურის რეფორმას ითვალისწინებს. „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაშია და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ვარიანტი, რომელიც არ მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროკურატურის რეფორმირებას წელსვე ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებას საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს.

ახლი მოდელის თანახმად, პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს მეშვეობით განახორციელებს, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი გადანაწილდება საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე. სამინისტროს ცნობით, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში შევლენ იუსტიციის მინისტრი; საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე; პარლამენტის 2 წევრი, რომლებსაც პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან პარლამენტის მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული 2 წევრი, რომლებიც იმავდროულად არ ეწევიან საადვოკატო საქმიანობას; და პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული 4 წევრი. საბჭოს ექნება უფლება, დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, წარადგინოს მთავრობისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან განთავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.

მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მინისტრი; საბჭო ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარედგინება მთავრობას, შემდეგ კი _ პარლამენტს. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. მთავარი პროკურორის ვადამდე განთავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის, ან სერიოზული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. თუ იარსებებს საკმარისი საფუძველი დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, დაინიშნება საგანგებო პროკურორი, რომელიც ორი თვის ვადაში მოამზადებს და საბჭოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. თუკი დასკვნა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს არ დაადასტურებს, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად მიიჩნევა. თუკი საბჭო წევრთა 2/3-ის უმრავლესობით დაადასტურებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩადენას, ის მიმართავს საქართველოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე თანხმობის მიღების წინადადებით. თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს საპროკურორო საბჭოს წინადადებაზე, ის მიმართავს პარლამენტს, რომელიც წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით გადაწყვეტს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. თუკი მთავრობა ან პარლამენტი უარს განაცხადებს პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილად მიიჩნევა.

უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება პროკურატურაში მიმდინარე რეფორმებიდან რაიმე შედეგს? რატომ ვერ მოხერხდა გახმაურებული საქმეების გამოძიება? რატომ ეშინიათ პროკურორებს და ადვოკატებს ერთმანეთის?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „სამოქალაქო სოლიდარობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი პოლიტპატიმარი და ყოფილი პროკურორი, ნანა თხელიძე:

_ საერთოდ, პროკურატურის სისტემის რეფორმას რომ იწყებენ და ამას ხელს ჰკიდებენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ძალიან სათუთი თემაა. ამაზე დგას სახელმწიფო, მით უმეტეს, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. დღეს ძირითადი წამყვანი ძალა უნდა იყოს პროკურატურა, რომ ქვეყანა დალაგდეს და იმ უსამართლობისა და უბედურების ჩამდენების დასჯა პროკურატურიდან უნდა წამოსულიყო, ყველაფერი თავის ადგილზე დამდგარიყო წესიერებისა და ობიექტურობის მხრივ. სამართლიანობა სხვანაირად ვერ აღდგებოდა, თუ პროკურატურის სისტემა არ დალაგდებოდა. კი ვამბობთ, სამართლიანობა აღდგესო, მაგრამ ამ სამართლიანობას აღმდგენი ხომ უნდა ჰყავდეს?! ამას თვითონ პროკურატურა თუ არა, ვინ გააკეთებს?! სახელი პროკურატურა კი ვერ გააკეთებს, კადრმა უნდა გააკეთოს! ამიტომ ჯერ სამართლიანობის აღდგენამდე ძალიან შორს ვიყავით, ასე ჩქარა ეს არ მოხერხდებოდა, თუ ჯერ არ დალაგდებოდა პროკურატურის სისტემა.

_ ჯერ პროკურატურის რეფორმა უნდა ჩატარებულიყო და მერე დაეწყოთ სამართლიანობის აღდგენა?

_ არანაირი რეფორმა არ სჭირდებოდა, უბრალოდ, პროკურატურის სისტემის შესწავლა და დალაგება იყო საჭირო. შესწავლაში ვგულისხმობ თუნდაც პროკურორების პიროვნულ შესწავლას, იმ 9 წელიწადში პროკურატურაში იმდენი ცუდი რამე ხდებოდა და იმდენი პროკურორი იყო გასვრილი ამ საქმეებში, ხალხის წამებაში, მიტინგების დარბევებში და ა. შ. თქვენ რა გგონიათ, პროკურორები არ არბევდნენ მიტინგებს? _ არბევდნენ! ისეთი ძაფით იყვნენ ეგენი მიბმულნი ადეიშვილთან, რომ გადახედოთ იმ 9 წელს, ბოლოს მაინც, 2008 წლის შემდეგ, სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ძირითადად ადეიშვილის საქმის შემსრულებლები იყვნენ პოლიტპატიმრების საქმეებზე. ამ საქმეებზე კიდევ უარესი საქმეები არსებობდა, რომელიც ასე არ იყო ხელის გულზე გამოტანილი და არ ჩანდა იმიტომ, რომ ეშინოდათ და ხმას ვერ იღებდნენ. იცით, ამ საქმეებში როგორი პროკურორები მონაწილეობდნენ? არც ერთი ძველი, გამოცდილი პროკურორი არ იყო, ძირითადად, სტაჟიორები. სტაჟირებაც ამიტომ ხდებოდა პროკურატურაში, განა რამეს ასწავლიდნენ?! ამ მეთოდს ასწავლიდნენ, გამოსაცდელად ჰყავდათ, პიროვნულად ვინ შეძლებდა დავალების შესრულებას და ვინ _ არა, თორემ ყველას კი არ ავალებდნენ. მთელი პროკურორები რომ გასვრილები ყოფილიყვნენ, ასე არ ხდებოდა! იმათ თავიანთი გარკვეული წრე ჰყავდათ, შეიძლება სულ არ ყოფილიყო საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი, ან პროკურორი, მაგრამ ის რადგან მათთვის მისაღები იყო, რაღაცას დაავალებდნენ და იმას გააკეთებინებდნენ, არ იყო პრობლემა.

_ რაც ხელისუფლება შეიცვალა, მთავარ პროკურორად დაინიშნა ადვოკატი არჩილ კბილაშვილი. მისი მოღვაწეობის პერიოდი განვიხილოთ. თქვენი აზრით, რატომ ვერ მოახერხა მან იმ დაპირების შესრულება, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა? 

_ კბილაშვილის დანიშვნა იყო უდიდესი შეცდომა, ეს პირველ დღესვე ვთქვი, დღემდე გავიმეორებ და ვიტყვი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დანიშნეს და წარადგინეს, პირშიც მითქვამს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა! ჯერ ერთი, ის იყო ადვოკატი და ამის გამო ის პროკურორად ვერ ივარგებდა. პროკურორი ადვოკატად ივარგებს, იმიტომ, რომ იმას გამოძიების გამოცდილება აქვს, ადვოკატი კი არასოდეს ივარგებს პროკურორად, ის საერთოდ სხვანაირად ხედავს ამ ყველაფერს. იმ პერიოდში, როცა კბილაშვილი წინ წამოიწია და ადოკატი იყო, რომ გითხრათ, სისხლის სამართლის დიდი მცოდნე არის-მეთქი, ტყუილს ვიტყვი, პიარზე აწყობილი ადვოკატები რომ არსებობენ, ერთ-ერთი მათგანი იყო კბილაშვილი. ამიტომ ის პროკურორად ვერ ივარგებდა, გამორიცხული იყო და ვერც ივარგა! კაცი, რომელიც მოლაპარაკებასაა მიჩვეული, ის პროკურორად ვერ ივარგებდა! ყველა ადვოკატი მიჩვეულია, რომ მოილაპარაკოს, ამიტომ კბილაშვილის პროკურორობა გამორიცხული იყო, შედეგიც გვაქვს! კბილაშვილის პერიოდში ისეთი საქმეები გაფუჭდა და განადგურდა, რაც სერიოზული საქმეები იყო, მათი აღდენა შეუძლებელია!

_ კონკრეტული მაგალითი შეგიძლიათ დაასახელოთ?

_ თუნდაც დღეს რაც ხდება გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე, თუნდაც ვაზაგაშვილის საქმე. უგულავაზე, მერაბიშვილსა და სხვებზე არ ვიტყვი, ის არ უნდათ და არ აკეთებენ. შორს არ წავალ, ერთ პროკურორს დავასახელებ მაგალითისთვის, მერაბიშვილისა და უგულავას პროცესზე გამოდის ჯარჯი წიკლაური. ეს იყო გენინსპექციის პროკურორი ადეიშვილის დროს. საერთოდ, არანაირი გამოცდილების მქონე კაცი მოხვდა გენინსპექციაში, გახდა უცებ პროკურორი და მერე უცებ თანამდებობაც კი ჰქონდა. ეს იყო პიროვნება, რომელიც ადეიშვილის უშუალო დავალებებს ასრულებდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, კაცი, რომელიც ადეიშვილის უშუალო დავალებებს ასრულებდა, ის როგორი ბრალმდებელი უნდა იყოს, იმის მენტალიტეტი როგორ შეიძლება შეცვალო, რომ გულით, სულით, საქმიანად, ბრალდება წაუყენოს?! ეს გამორიცხულია, ასეთი რამე არ ხდება ადამიანებში!

_ ბრძანეთ, პროკურატურაში მხოლოდ გარკვეული ჯგუფი იყო გასვრილი ამ საქმეებშიო, ადვილი შესაძლებელი იყო მათი მოშორება?

_ რა თქმა უნდა, ელემენტარულია, 10 გახმაურებული საქმე რომ აიღო, თუნდაც არ იყოს გახმაურებული, მაგრამ ძალიან ცუდად, ბინძურად შეთითხნილი, ხალხის გაუბედურების საქმე, პროკურორის გვარს რომ წაიკითხავ, დამთავრებულია, რად უნდა ამას, იმის ყურამდე არ მიდის და ამის ყურამდე არ მიდის… რად უნდა ამას ყურამდე მისვლა, „დეზერტირების ბაზარი“ ხომ არ არის, რომ ჭორი გაიგონო და მიიტან-მოიტანო?! საქმეები იდო და უნდა წაიკითხონ, არავის ენის მიტანა და ზღაპრები არ სჭირდება ამას, მაგრამ ფაქტია, ეს დღესაც არ ხდება! დღესაც კაცმა არ იცის, პროკურატურას ვინ მართავს, იცის ვინმემ? _ არავინ! შიდა კულუარებში კი იციან, მაგრამ ფაქტია, დღესაც პროკურატურაში არ არის ეს სისტემა დალაგებული და ვერც დალაგდება! არ ვამბობ, რომ ყველა პროკურორი გააგდონ, ნუ გააგდებ სამსახურიდან, დატოვე, მაგრამ ხომ შეიძლება, ისეთ განყოფილებაში დატოვო, რომელზედაც ასეთ გახმაურებულ საქმეებზე ხელი არ მიუწვდება, რომელი საქმეებიც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშია?! რომ გამოდიან და ამბობენ, ივანიშვილის პირადი ინტერესიაო, ეს პირადი ინტერესია, ამდენი ადამიანი და ოჯახი რომ გაანადგურეს? თაობები მოსპეს, მამას და დედას რომ დაიჭერდნენ, შვილი ხომ უბედურდებოდა, ყველა გაანადგურეს და რაზეა აქ ლაპარაკი?! ახლა გინდა, საპროკურორო საბჭო დანიშნონ, რაც არ უნდა კანონი მიიღონ და შეცვალონ, რას იზამენ? წარუდგენს იუსტიციის მინისტრი, 2/3-თ აირჩევენ ამ ახალ პროკურორს და 6 წლით დაჯდება. ნახეთ, მისი გადაყენება როგორი გართულებულია _ ადვილი არ იქნება, თუნდაც სისხლის სამართლის საქმის რაიმე ნიშნები არსებობდეს მასზე. როგორ გადააყენებ? _ არჩეული იქნება. მთელი პროცედურებია გასავლელი, რომ პროკურორი გადააყენონ. ასე ადვილი არ იქნება და ეს არაფერს შეცვლის სამართლიანობის აღდგენაში და ვერც აღადგენენ.

_ სკანდალებით სავსე ფარცხალაძის პერიოდზე გადავიდეთ…

_ პროკურორად არ უნდა დაინიშნოს ფინანსური პოლიციის კადრი, მთავარი პროკურორი უნდა იყოს პროკურორი, რომელსაც ექნება საგამოძიებო გამოცდილება! გამომძიებელი რომ შემოვა, პროკურორი თუ შენი მოადგილე, საქმეს რომ წაგიკითხავს, წარმოდგენა უნდა გქონდეს, რას გიკითხავს, თორემ კარგ, გამოცდილ გამომძიებელს ისე შეუძლია საქმე მოგახსენოს, რომ გონზე ვერ მოხვიდე და თავი უქნიო, თუ გამოცდილება არ გაქვს. ვინც დაინიშნენ, გამოცდილება არც ერთს არ გააჩნია. ფარცხალაძეს არც პიროვნულად ვიცნობ და არც მის მუშაობას, კბილაშვილს კარგად ვიცნობ და დღესაც ვიცი მისი საქმიანობა, ისევ განაგრძობს ამ მოლაპარაკებას, მაგით გააკეთა ფული, მაგით შეიქმნა სახელი და დღესაც იგივეს აგრძელებს. ეგ ეხერხება კარგად, იყიდე-გაყიდეს ტიპია.

_ უცხოელი პროკურორებიც ხომ ჩამოიყვანეს, რატომ არ დაეტყო საქმეს?

_ ვერ დაეტყობა, ვერა! ამათ ვერც უცხოელები უშველიან და ვერც ვერავინ, სისტემა თუ არ დალაგდა და გაიწმინდა! ასეთ საქმეებში გარეული ვერ იმუშავებს! ორივემ ერთმანეთის სიბინძურე იცის, ის პროკურორი, რომელიც ბრალდებას მხარს უჭერს და ის ადვოკატი, რომელიც ყოფილი პროკურორი იყო, როგორ გგონიათ, ბრალდებაზე ფიქრობს? პროკურორი პროცესზე რომ ზის, იმას ფიქრობს, ვაიმე, იმან რამე არ წამომაძახოსო! ამიტომ არ შეიძლება და არავინ მითხრას, რომ დღეს საქართველოში არ მოიძებნება პროკურორი, რომელიც ბრალდებას მხარს დაუჭერს. იმ პროკურატურაშიც არიან დღეს ასეთი პროკურორები და საქმესაც ისე გაამაგრებენ, რომ ყოფილი პროკურორები რომ სხედან ადვოკატებად, ორ სიტყვას ერთად ვერ გადააბამენ იმათ დანახვაზე! ფაქტია, რომ არ უნდათ და ამას არავინ აკეთებს!

_ როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ მთავარი პროკურორის არაკვალიფიციურობის შედეგია?

_ რა თქმა უნდა, პროკურორს ნიშნავს მთავრობა, ეს არის იმ ქაოსის შედეგი, რაც ქვეყანაში ხდება, ვინ სად არის, რატომ არის, რას აკეთებს, არავინ მისი ადგილი არ იცის, არსად გამოცდილი კადრი არ მუშაობს, მარტო პროკურატურაში კი არა, ყველა საჯარო სამსახურშიც ხომ ასე ხდება? _ ასეა პროკურატურაში. ხომ არ შეიძლება, კაცი, რომელიც მუშაობს, სულ იმაზე ფიქრობდეს, დილას რომ გაიღვიძებს, ვაიმე, დღეს რეფორმას ჩაატარებენ, დღეს _ გასაუბრებასო. თანამდებობის პირის ამდენი ცვალებადობა არ შეიძლება. მოვა ახალი ხელმძღვანელი, იმას თავისი ხალხი მოჰყავს და ასე რა უნდა ააწყონ?! თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ და თქვენი შემოსავლის წყაროა გაზეთი, ყოველ დილას დაძაბული რომ იყოთ, დღეს ჩემი რედაქტორი გამაგდებს თუ დამტოვებს, არ ვიცი, ჩემს რედაქტორს გააგდებენ თუ დატოვებენ, არ ვიცი და იმას შეიძლება მეც გავყვე, ხომ ვერაფერს გააკეთებთ?! სულ ასეთ სტრესში ჰყავთ ეს ხალხი და რა უნდა გააკეთონ, ან რა უნდა მოვთხოვოთ?! რა უბედურებაა ეს, რომ საქართველოში ამდენი იურისტია და ერთი წესიერი პროკურორი არ გვეღირსა?! ან ახლა ვის აირჩევენ?! ალბათ, არავის განსაკუთრებულს!

_ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვისზეა საუბარი?

_ როგორც ამბობენ, სამი კანდიდატია: ირაკლი შოთაძე, კახა კახიშვილი და მესამე არ ვიცი. ასე მგონია, შოთაძეს აირჩევენ, კახიშვილს არ აირჩევენ…

_ კახიშვილი კარგი პროკურორი იქნება?

_ კახის ძალიან კარგად ვიცნობ, იმ კანდიდატურებთან შედარებით, ვფიქრობ, რომ თავს გაართმევს. უკეთესი იქნება, სხვა კანდიდატურებიც იყოს, მაგრამ ის, რა კანდიდატურებიც დღეს გვყავს წარმოდგენილი, უკეთესია. გამოცდილება აქვს, სისტემაში ნამუშევარია, უკვე პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს, დღევანდელ პირობებში ეგეც საჭიროა. თუ გაგიჟდა და ყველაფერზე თვალი დახუჭა, ამაზე ვინ დადებს თავს, მაგრამ ასე თუ ისე, კახი ციხეებში შედიოდა, ადამიანის გაჭირვება იცის, 9 წლის მანძილზე რაც ხდებოდა, რაღაც საქმეებში ჩახედულია. ასე მგონია და სურვილი მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტია.

_ ნაწილობრივ ვისაუბრეთ რეფორმის შესახებ, სულ არაფერს შეცვლის?

_ ამას რეფორმას არ დავარქმევდი, ეს არის გარეგნული, ფასადური. ვინც ჩახედულია ამ სისტემაში, იმისი თვალით გარედანაც არ მოჩანს ლამაზად. ეს ფურცელზე დაწერილი კანონიც კი არ არის, 6 წლით უნდა აირჩიონ პროკურორი და მერე უნდა დანიშნონ საგანგებო პროკურორი, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს. აბსურდია! ეს არაფერი ცვლილება არ არის, პროკურატურისთვის არ არის! ახლა ვისაც 6 წლით აირჩევენ, იფაფხურებს, დაფერთხავს მინიმალური რაოდენობით პროკურატურიდან ხალხს, იგივე გაგრძელდება, თუ ახალგაზრდები არ გაზარდეს, არაფერი გამოვა! ამ დროს, ახალგაზრდა თაობა უმუშევარია, კარგი იურისტები, ახალგაზრდები უნდა დასვან, ასწავლონ გამოძიება და ამუშაონ. რა გგონით, რეფორმა ადეიშვილმა რატომ მოიფიქრა? მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, რომ 6 თვის სტაჟირების მერე პროკურორად ინიშნებოდეს სტაჟიორი, არ არსებობს ასეთი რამე! რა სტაჟირება უნდა გაიარო 6 თვეში?! გამორიცხულია, რომ პროცესებზე გახვიდე. პროცესი საკმაოდ რთული პოზიციაა პროკურორისთვის. შეიძლება კაბინეტში დაჯდეს, საქმეები წაიკითხოს და რაღაც გააკეთოს, მაგრამ პროცესი საკმაოდ რთულია: გარდა იმისა, რომ სისხლის სამართალი იცის, უნდა იცოდეს ადამიანებთან ურთიერთობა, ბრალდებულთან, მოსამართლესთან, ადვოკატთან… ახლა ყველა პროცესზე ადვოკატები სჯობნიან პროკურორებს. რატომ? ყველა ყოფილი პროკურორია და ყველა ერთად ნამუშევარია! ეს ყოფილი პროკურორები კი, ძირითადად, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დამცველები არიან! ასევე არიან ის პროკურორები, რომლებიც დღეს პროცესებზე სხედან. ზუსტად ვიცი, ყოველდღე პირჯვარს იწერენ, როდის მობრუნდება ჩვენი ადეიშვილიო! გამორიცხულია, ესენი ვერაფერს გააკეთებენ! ისე გააფუჭებენ ყველა საქმეს, როგორც ორჯერ ორი ოთხია. საქმის გაფუჭებას არაფერი უნდა. ელემენტარულად, გახმაურებული საქმეები დაიწყეს რაღაც სისულელეებით, ჟვანიას საქმეზე დაიჭირეს ექსპერტი, ის კი არა, გამომძიებელი უნდა დაეჭირათ, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. ექსპერტმა გააფუჭა მარტო საქმე? ექსპერტის გაფუჭებული გამომძიებელმა არ ჩადო საქმეში? არ იცოდა, რომ საქმეს აფუჭებდა? მერე ისეთი სისწრაფით დაინიშნა თანამდებობაზე მამუკა გვარამია, რომ ვეღარ ეწეოდა ვერაფერი ამ საქმის მერე. ორჯერ დაიბარეს, დაკითხეს და იმის შემდეგ კაციშვილს აღარ მოუკითხავს, მუშაობს მშვენივრად სხვა სისტემაში. ძალიან ჩქარა აანონსებდნენ ჟვანიას საქმის გამოძიებას, ჯერ სისტემა უნდა აეწყოთ! ნეტავ, ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ ეგ საქმე მართლა რეალურად გამოძიებული იქნება და ვინმე რეალურად დაისჯება?! ეგ საქმეები უკვე გაფუჭებულია და რა გამოასწორებს?! ჟვანიას საქმეც სწორედ იმით გააფუჭეს, რომ ექსპერტი დაიჭირეს! საქმის გაფუჭებას რა უნდა, გაკეთებაა ძნელი!

 

                                                                                                                 თამარ ბატიაშვილი