ტექნოკრატების ტირანია და ჰაინრიხ ბიოლი

1616

(ფოტოზე ჰაინრიხ ბიოლი ბუბა ყარალაშვილთან, ნოდარ და ზურაბ კაკაბაძეებთან და მათ ქართველ კოლეგასთან ერთად. 1970-იანი წლები)

ჰანრიხ ბიოლი გერმანიაში `მწვანეთა~ მოძრაობის შემქმნელია. ის ნობელის პრემიის ლაურეატიც გახლდათ მწერლობაში. უდიდესი პიროვნება იყო. მას დიდი როლი მიუძღვის სიტყვა და ცნება `მწვანის~ დამკვიდრებაში. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ტექნოკრატებისა და ინდუსტრიალისტების ტირანიის წინააღმდეგ გამოდიოდა გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში. მის ცხოვრებაშივე შეიქმნა გერმანიის `მწვანეთა პარტია~ და ახლა ეს პარტია გაერთიანებული გერმანიის ოთხ უძლიერს პარტიათა შორისაა.
ბიოლი და მისი მეგობრები მთელ მსოფლიოში _ მათ შორის, ზურაბ კაკაბაძეც _ აფრთხილებდა კაცობრიობას, რომ თუ მსოფლიო მოექცა ტექნოკრატიული აზრის ტირანიის ქვეშ, მაშინ ბუნებრივი კატასტროფები გარდაუვალი იქნება. მას უამრავი მიმდევარი ჰყავდა და ჰყავს. ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს რალფ ნადერი და მისი `მწვანეთა პარტია~ _ მიუხედავად ორპარტიული სისტემის პრაქტიკულად გაუტეხელ ტექნოკრატიულ მონოპოლიაზე ნადერს მაინც დიდი გავლენა აქვს.
საქართველოში 1980-იანი წლების ბოლოს ზურაბ ჟვანიას, ნაირა გელაშვილის, დათო ადეიშვილის, ნინო ჩხობაძის, გივი თუმანიშვილისა და მათი მეგობრების ინიციატივით ჩამოყალიბდა `მწვანეთა პარტია~. ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ამ მოძრაობისა იყო და არის ის, რომ შეწყდეს `გიგანტომანია~ და არ აშენდეს ქვეყნისათვის და, პირველ რიგში, გარემოსათვის კატასტროფის რისკის შემცველი პროექტები. მაშინაც `მწვანეთა მოძრაობამ~ ხუდონჰესის წინააღმდეგ აქციით დაიწყო 1988 წლის ოქტომბერში, სადაც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ნაირა გელაშვილი, ზურაბ ჟვანია და ბევრი სხვა შედიოდა. მეც იქ გახლდით _ მქონდა ეს ბედნიერება.
უკვე 27 წელია, ქართული საზოგადოება ხუდონჰესის კატასტროფულ პროექტს ებრძვის და ამ ბრძოლას შედეგი ჯერაც არ მოუტანია. ტექნოკრატებისა და ჰომო-ეკონომიკუსების წმინდა ბიზნეს-არგუმენტები ყოველთვის უფრო ფასდება, ვიდრე ეკოლოგების რჩევები. საინტერესოა, რომ საქართველოში დღეს უკვე ჰაინრიხ ბიოლის ფონდიც ფუნქციონირებს. ამ სურათის გადაღების პერიოდში მასზე აღბეჭდილი ადამიანები ვერც კი წარმოიდგენდნენ ამას. მაგრამ დღეს საქართველოში, ისევე როგორც მთელ ტექნოკრატიულ სამყაროში, ჰაინრიხ ბიოლის, ან ზურაბ კაკაბაძის აზრი ნაკლებ აინტერესებთ. გუშინ, სპეციალისტების დაჟინებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ააფეთქეს საყდრისი! დღეს კი ამზადებენ ხუდონჰესის პროექტს, რომელიც ჯერ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ წამოიწყო 1980-იანი წლების ბოლოს, მერე სააკაშვილის ნეოლიბერალურ-ნეობოლშევიკურმა მთავრობამ გააგრძელა XXI საუკუნის პირველ დეკადებში და ახლა `ქართული ოცნება~ აგრძელებს.
რად გვინდა ეს კატასტროფული პროექტი?
შეიძლება თუ არა მოეძებნოს მას ალტერნატივა?
დიახ, დღეს მსოფლიოში ტექნოკრატიული ინდუსტრიული პროექტების ბევრი ალტერნატივა არსებობს. მათ შორის მცირე ჰესებიც, მზისა და ქარის სადგურებიც და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებიც. თუმცა ტექნოკრატიული აზრის ტირანია გრძელდება.
ჰაინრიხ ბიოლის სიკვდილიდან 30 წელი გავიდა უკვე, მაგრამ ტექნოკრატები არ ტყდებიან, უფრო სწორად, ტექნოკრატიული სისტემა არ ტყდება.
საქართველოში ვაჟა-ფშაველა იყო მწვანე მოძრაობის მამა. ტექნოკრატებს არც ვაჟა-ფშაველა აინტერესებთ და არც მისი `გველისმჭამელი~, ან `ქეთელაური~. ისინი მხოლოდ დღევანდელი დღის მოთხოვნილებით ცხოვრობენ. დღევანდელი მოგების _ მატერიალური მოგების სურვილი იმხელაა, რომ ვერც ვაჟა-ფშაველა, ვერც ჰაინრიხ ბიოლი და ვერც ზურაბ კაკაბაძე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ დღევანდელ ფილისტერ და მომხმარებელ ტექნოკრატზე.
ის კვლავ ფიქრობს თავის დღევანდელ მოგებაზე.
მდინარე ვერის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ტექნოკრატიული ნორმებით ცხოვრება კატასტროფის რისკს შეიცავს და, საერთოდაც, დღევანდელი მოგების _ პროფიტ მარჯინის გაღმერთება _ რაც უხვად არის თანამედროვე მსოფლიოში _ კატასტროფის მომტანია.
არ სჯობია, ისევ ჰაინრიხ ბიოლის ხედვას დავუჯეროთ? იგივე მაჰათმა განდის `კონსტრუქციულ პროგრამას~ და `სვადეშს~, იგივე ვაჟა-ფშაველას ნაწერებს. მაშინ შესაძლოა, ნაკლები უბედურება დავიტეხოთ თავს.
ტექნოკრატიული აზროვნების ტირანია ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი მტერია. ამის უკან კონკრეტული პოლიტიკოსებიც შეიძლება დგანან. მაგრამ მთავარი პრობლემა ჩვენი მცდარი აზროვნებაა _ აზრი იმისა, რომ დღევანდელი პროფიტის ქათამი ხვალინდელი ეკოლოგიის კვერცხს სჯობია.

ირაკლი კაკაბაძე