მართავს თუ არა `სუსი” თბილისის მერიასა და საკრებულოს?!

1515

ვის მოუწევს თანამდებობების დატოვება?

რა დასკვნა დადო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საკრებულოს მუშაობასთან დაკავშირებით? რეალურად ვინ აპირებს ქვეყანაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას? რა პროცესები მიმდინარეობს დედაქალაქის საბავშვო ბაღებში? სადამდე მივა მერიის სტრუქტურებში საკადრო ცვლილები?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ ა/ო მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ხელმძღვანელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება:

_ სახელმწიფო აუდიტის პირველი დასკვნა თბილისის საკრებულოს ეხებოდა. ეს, ძირითადად, 2013-14 წლების პერიოდია, როდესაც ირაკლი შიხიაშვილი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე. ამ დროს დაიწყო არანორმალური პრემიების, 200-300%-ითაც კი გაცემა და ესეც აუდიტის დასკვნაში მოხვდა. მაშინ გახსოვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გადაბირება ხდებოდა და გარკვეული თანხების სანაცვლოდ, პროკურატურის ზეწოლის შედეგად, ნელ-ნელა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ეს მაისში გაიფორმეს კიდეც, როდესაც შიხიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შემდეგ შიხიაშვილმა ამ დეპუტატებისთვის ბრჭყალებში ვალების გადახდა დაიწყო ბუჯეტის ხარჯზე და, ფაქტობრივად, ყოველთვიურად სამმაგი და ოთხმაგი ხელფასის ოდენობის პრემიას აძლევდა.
ანუ ოპერაცია „ქართულმა ოცნება“, რომელიც შიხიაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობას ითვალისწინებდა, მილიონობით ლარი დაგვიჯდა და ეს უკვე აუდიტის დასკვნაშიც ასახულია.
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აუდიტის დასკვნა, მით უმეტეს, შიხიაშვილზე ე. წ. შემოგდებულ ფანდს ჰგავს. გეტყვით ინფორმაციას, რაც ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს: მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში უკვე საპარლამენტო არჩევნების ციებ-ცხელება დაიწყება და მისი ჩატარების პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე აიღო „სუსმა“, რომელსაც გომელაური ხელმძღვანელობს. თბილისში კი არჩევნები ჩაიბარა ვინმე გოგაშვილმა, გომელაურის მოადგილემ, რომელსაც კონკრეტული დირექტივები აქვს.
პირველი, რაც მან უნდა გააკეთოს, მოიძიოს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული თავმჯდომარეები, აქტივისტები და ა. შ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერების შესახებ ინფორმაცია შეკრიბოს: აქციებზე ვინ დადის, ყოფილი მერიის თანამშრომლები ვინ არიან, ვის ჰქონდა თავის დროზე საბიუჯეტო თანხებთან შეხება, რომ შემდეგ ეს ადამიანები გაიცხრილოს თუ გადახალისდეს, თუ ვის რა მხრიდან მოუარონ. ვიღაცას  „სუსი“ მიუდგება, ვიღაცას _ პროკურატურა, სხვას შსს და ა. შ. ეს აუდიტის დასკვნაც, რომელიც საკრებულოსთან მიმართებით დაწერეს, ერთგვარი „გაპრავების“ მცდელობაა მათი შემდეგი ნაბიჯებისა.
_ რა ნაბიჯებზე მიანიშნებთ?
_ გიამბობთ, შემდეგი ნაბიჯები რა უნდა იყოს: არავის ეჭვიც არ ეპარება, რომ აუდიტის უფროსი თორდია თავად არაფრის გადამწყვეტი არ არის. მასთან ერთად ჩვენთვის ნაცნობი გოგაშვილი გადის კონკრეტულ საკითხებს. საკრებულოში შიხიაშვილთან დაკავშირებით დასკვნაც, დიდი ალბათობით, მასთან იყო შეთანხმებული. მაგრამ ჩვენ თუ წავიკითხავთ გლდანისა და სამგორის გამგეობების წინასწარ კვლევებს, აქ ძალიან საინტერესო მონაცემები იკვეთება. მასში წერია, რომ დასკვნა ეხება აღნიშნული გამგეობების საქმიანობის 2013-14-15 წლებს. მაგრამ თუ დოკუმენტს გაეცნობით, წერია მხოლოდ 2013-14 წლებზე, ანუ წინა გამგებლის პირობებში არსებულ მდგომარეობაზე და არა ბოლო გამგებლებზე, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთ სკანდალში აღმოჩნდნენ.
ამდენად, ის, რომ საკრებულოსა და შიხიაშვილზე ცუდი დასკვნა დადეს, ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკურად გამოიყენონ და ამით ორმაგი სტანდარტი არ დაბრალდეთ. ხვალ-ზეგ ყოფილი მერიის მაღალჩინოსნებზე, პარტიის თავმჯდომარეებზე და ა. შ. ვისაც კი რაიმე სახის შეხება ჰქონია დედაქალაქის მერიასთან, გამგეობასთან ან რომელიმე საჯარო საბიუჯეტო საქმიანობასთან, დაიწყება დევნა და გვეტყვიან, რომ უკაცრავად, აქ ორმაგი სტანდარტი არ არისო და გაგვახსენებენ შიხიაშვილის წინააღმდეგ დაწერილ დასკვნას, რომელსაც, დიდი ალბათობით, არც რეაგირება ექნება და არც პროკურატურა დაინტერესდება მისით. ვიმეორებ, ეს უბრალოდ შემოგდებული თემაა, რის შემდეგაც აპირებენ ის ზეწოლები დაიწყონ და „გააპრავონ“, რაც არჩევნების წინ აქვთ დაგეგმილი.
ამ ყველაფერს „სუსში“ გომელაურის მოადგილე, ვინმე გოგაშვილი ხელმძღვანელობს. ამ ხრივ რეგიონებში სხვა ადამიანები არიან წარმოდგენილი, მეთოდები კი ყველგან იდენტურია. არჩევნებს ხელების გადაგრეხით რომ ჩაატარებენ და აგრესიული პროცესი იქნება, ეს ელემენტარულად ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნებმაც დაგვანახვა, სადაც მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული. უპირველესად კახი კალაძეს ვგულისხმობ, ვიცე-პრემიერს, რომელიც, ფაქტობრივად, იქ პრემიერის ფუნქციას ასრულებდა, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი იმ დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდა. ეს ერთი-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ ხდებოდა და რაც იქ დატრიალდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა.
ეს მოკლედ აუდიტის დასკვნაზე. აღნიშნული საშიში სიგნალია იმ კონტურებიდან გამომდინარე, რაც სამგორისა და გლდანის გამგეობებთან მიმართებით გამოჩნდა. სამგორის გამგებელი არაერთხელ ვამხილეთ საბიუჯეტო გადაცდომებში, სხვადასხვა არამიზნობრივ ხარჯში. ბენზინთან დაკავშირებულ სკანდალებში გაეხვია. თუ შიხიაშვილის დროს საკრებულოს დეპუტატები ბევრ საწვავს იყენებდნენ და ეს აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა, რატომ არ მოხვდა გამგებელ ჩოქურის ამბავი? მით უმეტეს, დასკვნაში წერია, რომ ეს შემოწმება 2013-14 და 15 წლებს ეხება. მაშინ ბოლო წელზე დასკვნაში რატომ არაფერია აღნიშნული? ეს კი ჩვენი შეფასებით იმ ყველაფრის დასაწყისია, რაც არჩევნების წინ იგეგმება _ პოლიტიკური დევნა, ხელების გადაგრეხა და ა. შ.
_ რა პროცესი მოხდა დედაქალაქის 169-ე საბავშვო ბაღში, სადაც დირექტორი გაათავისუფლეს?
_ აქაც „სუსის“ ჩარევის კონკრეტული შემთხვევაა _ ორშაბათს 169-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ ჩატარდება, რადგან პარასკევის ბრძანებით ბაღების სააგენტოს უფროსმა, თორდინავამ, ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილებაში წერია, რომ მან არ შეასრულა ბრძანება, რომ გაეთავისუფლებინა მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, რაც სრული აბსურდია. დირექტორმა ეს თანამშრომელი არ გაათავისუფლა და მხოლოდ საყვედური გამოუცხადა, ამის გამო კი თავად გაუშვეს სამსახურიდან.
ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ ეს რეკომენდაცია თორდინავას სამსახურმა მაისში მისცა და მხოლოდ ახლა, ოქტომბერში გაათავისუფლა. ანუ ამ ადამიანის მიმართ სხვა ინტერესი ჰქონდათ, რეალურად მისი მოშორება უნდოდათ. ვფიქრობ, ეს ზეწოლა ნელ-ნელა გაძლიერდება. წმენდის პროცესი უკვე დაწყებულია და ამასაც „სუსი“ ხელმძღვანელობს.
169-ე ბაღის დირექტორთან საუბრისას მერიის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა არც დამალა, რომ ის არ იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას; მას უშიშროებიდან ავალებენ და ამიტომ უწევს ბაღის დირექტორებისა და თანამშრომლების განთავისუფლება. ეს წნეხი ეტაპობრივად კიდევ უფრო შევიწროვდება, რადგან ახლოვდება არჩევნები და დავალებული აქვთ წმენდის განხორციელება ყველა სტრუქტურაში. როგორც ძველებს დაერევიან, ასევე მათაც, ვინც დღესაც იკავებს თანამდებობას და მათთვის სანდო არ არის.
მინდა გითხრათ, რომ ბაღების დირექტორები გაჩერებას არ აპირებენ. 169-ე ბაღში სასწავლო პროცესი არ ჩატარდება, რადგან დანარჩენი პედაგოგებიც აპროტესტებენ აღნიშნულ ფაქტს. ასევე ამ დირექტორს მხარს უჭერენ სხვა დირექტორებიც, რომლებიც აპირებენ ეს პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ და იგი არ იყოს კულუარული საუბარი. 169-ის დირექტორიც სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და მას ძალიან მარტივად მოიგებს კიდეც, რადგან საჯარო სამსახურიდან ადამიანის გაშვება ასე „უპრაგონოდ“ არ შეიძლება. მან ყველაფერი აბსოლუტურად კანონიერად გააკეთა. თურმე ოთახში ერთი კოლოფი კარაქი იდო და თანამშრომელი ამის გამო უნდა გაეთავისუფლებინა. მას საყვედური მისცა, არ გაუშვია და სავსებით სამართლიანად მოიქცა. ამის გამო თავად არის განთავისუფლებული იმის გამო, რომ „სუსისგან“ კონკრეტული დავალება არ შეასრულა.
მოკლედ, გადაწყვეტილია ე. წ. არასაიმედო ადამიანების ჩამოშორება, რომლებიც ამა თუ იმ დოზით შემჩნეული იყვნენ ოპოზიციურ პარტიასთან ან რაიმეზე ხმამაღლა საუბრობენ. ამაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მერიის კადრებში იღებენ და თორდინავას არაფერს ეკითხებიან. ეს საქმე მერიის მონიტორინგის სამსახურის ხელით კეთდება. ეს ერთეული შემთხვევები არ არის და პროცესი გაგრძელდება.
_ მერიის სტრუქტურებში მიმდინარე ცვლილებებზე, თანამდებობების დატოვებაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
_ რაც შეეხება მერიაში განვითარებულ მოვლენებს, შეუძლებელია ერთი-ორი სიტყვა არ ვთქვათ გეგი ნიჟარაძესა და ავთანდილ სუდაძეზე. ნიჟარაძე ზედამხედველობის სამსახურიდან, ფაქტობრივად, გაიპარა საკუთარი განცხადების საფუძველზე, მაგრამ ყველაფერი ასე არ უნდა დამთავრდეს და საქმის ასე დატოვებას არც ვაპირებთ.
პირველი: ჯოკია ბოდოკიასთან დაკავშირებით თვითონვე განაცხადა, რომ მის საქმიანობაზე გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს და ეს სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ამ სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ბოდოკია იყო და მისი უშუალო უფროსი _ ნიჟარაძე. მაშინვე ვამბობდით, რომ ნარმანიას ის, მინიმუმ, გამოძიების დასრულებამდე უნდა გაეთავისუფლებინა, მაგრამ მერმა ეს არ გააკეთა. გარდა ამისა, გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ „მედიატორს“ ორი სარჩელი აქვს შეტანილი, სადაც აუდიო და ვიდეო მასალა არის წარმოდგენილი. მასში კარგად ჩანს, თუ როგორც აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ნიჟარაძე თავის თანამშრომლებს და აიძულებს, რომ სამსახური დატოვონ. ასევე გემახსოვრებათ საგამოცდო კომისიაზე „სუსის“ თანამშრომელთან ერთად როგორ პირდაპირ „აკაჩავებდა“ აპლიკანტს _ აგინებდა, ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა და ა. შ.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით „მედიატორს“ პროკურატურაში სარჩელები აქვს შეტანილი და ჩვენ ველოდებოდით არა მარტო პოლიტიურ პასუხისმგებლობას და ნიჟარაძის გაპარვას მერიიდან. დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ჯოკია ბოდოკიას საქმესთან დაკავშირებით და ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. რაც უკვე დადგენილია ჩვენი ვიდეო და აუდიომასალებით, ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. იქ ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ უკანონოდ იქცევა გეგი ნიჟარაძე კონკრეტული აპლიკანტებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ. ამ ადამიანს თავისი თანამშრომლებიც ინდივიდუალურად უჩივიან, ამიტომ მოვითხოვთ მის პასუხისგებაში მიცემას. ასე ადამიანებს არ უნდა შერჩეთ, რადგან ხვალ-ზეგ ყველას დაუსჯელობის განცდა ექნება, რომ ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. ეს ნამდვილად დაუშვებელია და თანამდებობის დატოვება ამის საზღაური ვერ იქნება.
სუდაძის გადადგომა კი არავის გაჰკვირვებია, რადგან დღევანდელ თბილისს კეთილმოწყობის ნამდვილად არაფერი ეტყობა. ტელეეთერში სუდაძემ განაცხადა, რომ თურმე კარგად ასრულებენ ბიუჯეტის მოთხოვნებს და საერთოდ, მათზე ვინმე რამეს როგორ ლაპარაკობსო? ბიუჯეტის ათვისებაზე რომ საუბრობს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ მერიამ 12 თვის განმავლობაში 185 მილიონზე ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულება გააფორმა. ვგულისხმობ იმას, რომ ეს ტენდერების გვერდის ავლით გააკეთა. რაც ნიშნავს, რომ ამდენი ერთ პირთან მოლაპარაკება არ ყოფილა დედაქალაქის წინა მთავრობის პირობებში. ფაქტობრივად, 7-8 წლის განმავლობაშიც კი ასეთი სურათი არ დაფიქსირებულა. ბიუჯეტის სახსრების ხარჯვა ტენდერების გარეშე, რასაკვირველია, იოლია და ამას არანაირი მენეჯმენტი არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ფული ასე ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხარჯეს, ქალაქს არაფერი ეტყობა, რომ საქმე გაკეთებულია. ამ დროს დედაქალაქმა მინიმუმ 15-20 მილიონი დაკარგა, რადგან ტენდერების ჩატარების შემთხვევაში იცით, რომ 10-15%-ით იკლებს ფასი. ზოგ შემთხვევაში ეს 30%-ითაც ხდება. ამიტომ დედაქალაქმა ამ გადაწყვეტილებით მინიმუმ 20 მილიონი დაკარგა.
ასე რომ, სუდაძეს არანაირი სალაპარაკო არ აქვს, რომ ბიუჯეტს თურმე კარგად ასრულებდა. ყოველ შემთხვევაში, ქალაქს მისი სამსახურის ნამუშევრის არაფერი ეტყობა და ამას ნებისმიერი თბილისელი საკუთარ ზურგზე გრძნობს. სუდაძესთან დაკავშირებით ბევრი სკანდალი იყო, მის მიერ გაფორმებული 8-10 მილიონის ხელშეკრულებები და ბოლომდე არმიყვანილი სამუშაოები. ასევე გვახსოვს, რომ მისი უშუალო ნათესავი გახლდათ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თვითონ კი შემსრულებელი. ანუ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ლაბრატორიის შემფასებლად მისი ნათესავი იყო. ეს სუდაძეს არც უარუყვია. შესაბამისად, მასთან ისმის კითხვები. არსებობს ინფორმაცია, რომ ამით ანტიკორუფციული სამსახურიც დაინტერესდა და პასუხისმგებლობა მოუწევს.
ასევე თანამდებობაზე ყოფნის მორალური, სამართლებრივი უფლება არ აქვს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს, კალაძის ცოლისძმას, გიორგი არეშიძეს. თავიდანვე გვქონდა პროტესტი, რომ 22 წლის ბიჭის დანიშვნა თანამდებობაზე და ამხელა საბიუჯეტო თანხების ჩაბარება არანორმალური იყო. მით უმეტეს, განათლების სამსახურის ჩაბარება ხომ საერთოდ დიდი შოკი იყო. ამასთან, ეს ადამიანი აპლიკანტების გამოცდებზე იყო საგამოცდო კომისიაში. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქს დღეს ჰყავს განათლების სამსახურის უფროსი, რომლის განათლების წარმომავლობის შესახებ რამდენიმე კვირაა ვცდილობთ რაიმე გავიგოთ და ვერაფერი გავარკვიეთ. აქვს თუ არა უმაღლესი განათლების დიპლომი, საერთოდ სად უსწავლია, საშუალო განათლება მაინც თუ აქვს, უკვე ვეღარაფერი გაიგო საზოგადოებამ. ის კი არა, სამსახურის დატოვება მას ვიცე-პრემიერმაც კი ურჩია, თან არაეთხელ. კორუფციულ სკანდალშიც გაეხვია, როდესაც მისივე თანამშრომელს, ომარ გოგუაძეს 95 ათასი ლარი ჩაურიცხა. ამ უკანასკნელს ამისთვის დასასვენებელი ბანაკის გახსნამდე ერთი თვით ადრე დააფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია. აღნიშნულ ააიპ-ს ურიცხავს 95 ათას ლარს და მისი დირექტორი მისივე თანამშრომელია.
ასევე ჩაშლილ ბიუჯეტში ეწერათ, რომ 12 ათასი ლარი გადაიხადეს ვიდეოგადაღებისთვის. მოკლედ გეტყვით: ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის,  „რუსთავი 2“-ის ნებისმიერი ჟურნალისტი და ოპერატორი დამერწმუნება, რომ 12 ათასი ლარით არა მხოლოდ ერთი ვიდეოს გადაღება, არამედ ერთი ოპერატორისა და ჟურნალისტის შენახვა, მინიმუმ, 6 თვის განმავლობაში შეიძლება. ეს 12 ათასი ლარიც „ჯიდიესს“ გადაურიცხეს. ასე რომ, არეშიძესაც ბევრი დარღვევა აქვს და უნდა დატოვოს თანამდებობა.
რაც შეეხება მერიის მოადგილე სოლომონიას, მასზეც ვრცელდება ინფორმაცია, რომ, ფაქტობრივად, განცხადება დაწერილი აქვს და შვებულებიდან გამოსვლისთანავე თანამდებობას დატოვებს. ჩვენი ინფორმაციით, სოლომონია იყო სპეცსამსახურების, „სუსის“ კადრი. როგორც ჩანს, სპაცსამსახურები მასზე შურს იძიებენ მარტივი მიზეზების გამო _ მან კარგად ვერ გაართვა თავი მერიაში გინდ საკადრო პოლიტიკას, გინდ კორუფციის მიმართულებით მუშაობას. საზოგადოება ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყელაფერზე ინფორმირებული იყო და სოლომონიამ ამის პრევენცია ვერაფრით მოახერხა. სწორედ ამის გამო, დიდი ალბათობით, მას სხვა კადრით ანაცვლებენ.
ვფიქრობ, რამდენიმე ოდიოზური გამგებელიც თანამდებობას დატოვებს, რომელიც უამრავ კორუფციულ ფაქტში არის მხილებული. სპეცსამსახურები ამ წმენდას ბოლომდე მიიყვანენ, რადგან არჩევნებამდე, რაღაც დოზით, რეაბილიტირებული უნდათ მივიდნენ და ბოლომდე არ იყვნენ გაშავებულები. იგივე ნიჟარაძე, სუდაძე, ჩოქური, კალაძის ცოლისძმა არ არიან ის ადამიანები, რომლებზეც რაიმე დაყრდნობა შეიძლება და არც ნდობით სარგებლობენ საზოგადოებაში.
ამასთან ერთად, მეგობარმა არასამთავრობო „სამართლის თაობამ“ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა გამგეობაში მოადგილეებად, მუნიციპალური სამსახურების უფროსებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები იყვნენ და ასეთია ათეულობით ადამიანი. მათ არჩევნებამდე „ოცნებას“ გარკვეული თანხები შესწირეს. ვიცით, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა მინიმალურ კომპეტენციასაც კი ვერ აკმაყოფილებს და გამოცდებზე პანტა-პუნტით იჭრება, მაგრამ მაინც არ ხსნიან მათ თანამდებობიდან. ფაქტობრივად თანამდებობები წინასწარ შეძენილი ჰქონდათ და ამის გამო ვერ ათავისუფლებენ მიუხედავად პრობლემებისა და გამოცდების ვერჩაბარებისა. თურმე ჩვენ არა, „ქართულ ოცნებას“ მათი ვალი ჰქონია, როცა ისინი მილიონობით პრემიებს იღებენ. სავარაუდოდ, პრემიების „უპრაგონოდ“ დარიგება წორედ ამის ნიშანია.
კონკრეტულ ციფრებს გეტყვით, მარტო ივნის-ივლის-აგვისტოში, სამ თვეში, 535 ათასი ლარი დაგვიჯდა ამ გამგებლების, მოადგილეების შენახვა, თავისი სარგო, დანამატითა და პრემიით. თუ ცალკე დანამატსა და პრემიას ავიღებთ, ნახევარი მილიონიდან ეს 300 ათასი იყო. ეს ციფრები არაადეკვატური და არანორმალურია, თან მით უმეტეს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. ეს ნათელი დადასტურებაა, რომ ბიუჯეტს საკუთარი ჯიბის ფულად აღიქვამენ, ფუფუნებაზე ფიქრობენ და არა იმაზე, ესა თუ ის პრობლემა როგორ გადაწყვიტონ.
ასევე უნდა დავამატო, რომ ივლისსა და ავისტოში საკრებულოს აპარატმა სამჯერ აიღო პრემია _ ჯამში ეს თანხაც, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარია. მხოლოდ პრემიას ვგულისხმობ. ახლა ამას დაამატეთ გამგეობების ნახევარი მილიონი ლარი, სადაც მხოლოდ გამგებლებსა და მოადგილეებს ვგულისმობ და არა სხვებს, თორემ ეს ციფრები გაცილებით დიდია. მილიონობით ლარს ვხარჯავთ კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობაზე, მათ პირად კომფორტზე და ა. შ.
მხოლოდ ამაზე რომ ფიქრობენ, აქვე დავამატებ, რომ დედაქალაქის მეთოთხმეტე სართულზე მერიამ კაფეტერიის გახსნა გადაწყვიტა და ამაში მხოლოდ ინვენტარი (მაგიდა-სკამები, განათება და ა. შ.) 150 ათასი ლარი ჯდება. მაღალჩინოსნებმა ამით რომ ისარგებლონ და პირადი კომფორტი მოიწყონ, ბიუჯეტიდან ამხელა თანხა იხარჯება. ესეც იმის ნათელი დადასტურებაა, თუ საითკენ არის მათი გეზი აღებული და რას ფიქრობენ.
აქვე ექსკლუზიურად გეტყვით ერთი კვლევის შედეგებზე: ნახევარი მილიონი ლარის კომპიუტერული ტექნიკა აქვთ შეძენილი 2015 წლის იანვრიდან დღემდე. ესეც არანორმალური ციფრია და იმას გვაფიქრებინებს, რომ ეს ადამიანები საქმის კეთების გარდა ყველაფერზე ფიქრობენ.
_ ამ ფონზე შეიძლება თუ არა დადგეს მერ ნარმანიას გადაყენებისა და რიგგარეშე თვითმმართველობის არჩევნების საკითხი?
_ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ხელისუფლებაში განიხილება და საზოგადოებაშიც აქტუალურია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ამაზე მიდის საუბარი, უბრალოდ, ეს ნაბიჯი პოლიტიკურად რამდენად გამართლებული იქნება, სავარაუდოდ, ამაზე უნდა ჩამოყალიბდეს ბიძინა ივანიშვილი. მასაც ყელში ეჩხირება ნარმანიას უუნარობა. ფაქტობრივად, სახელისუფლებო წრეებში და უმრავლესობის დეპუტატებსაც უჭირთ „გააპრავონ“ ნარმანიას უმაქნისობა, მისი საკადრო პოლიტიკა თუ ა. შ.
გავიხსენებ უმრავლესობის დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის შეფასებას, რომ ნარმანია ნორმალურად მუშაობს, მას სამიანი დუწერა, იმდენად თავგადაკლული  „მეოცნებეა“. ვფიქრობ, ეს ბევრისმთქმელი შეფასებაა, ნარმანის უმოქმედობით აბსოლუტურად ყველა გაღიზიანებულია. ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მისი გადადგომის საკითხი დადგეს. დიდი ალბათობით ხელისუფლებაში ამას ფრთხილად მოეკიდებიან, რადგან არ მგონია, ნარმანიას შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ნდობის მანდატი ჰქონდეს. ნარმანიას ერთწლიანმა მმართველობამ გვაჩვენა, რომ, ფაქტობრივად, დედაქალაქი აღგავეს პირისაგან მიწისა.

თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა, „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ 169-ე ბაგა-ბაღის დირექტორი კონკრეტული დარღვევის საფუძველზე განთავისუფლდა. მისი თქმით, ახლო მომავალში, აღნიშნული ბაღიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი განთავისუფლდება.
სამი თვის წინათაც იყო კონკრეტული დარღვევა და დირექტორს მიეცა გაფრთხილება. ახლა უკვე, ერთი კვირის წინ, მონიტორინგის ჯგუფმა ხელახლა აღმოაჩინა დარღვევა და შესაბამისად, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
„არც ერთი ადამიანის გათავისულფება არ ხდება ისე, თუ მას კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტული დარღვევა არ აქვს. დირექტორის გარდა, იქ იყო რამდენიმე პერსონალი, რომელიც ჩართული გახლდათ ამ დარღვევაში და ეს ადამიანებიც, ალბათ, უნდა განთავისუფლდნენ ახლო მომავალში“, _ განაცხადა თორდინავამ.
169-ე ბაღის უკვე ყოფილი დირექტორი, ფიქრია ჩახნაშვილი, აცხადებს, რომ თორდინავა სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებს.

გელა მამულაშვილი