არის თუ არა პრეზიდენტი ნინო გვენეტაძის გავლენის ქვეშ?!

1414

„ქრონიკა+” აგრძელებს რუბრიკას `მხილების გვერდი,” სადაც  ადვოკატი მამუკა ნოზაძე ყველა იმ სამართლებრივ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც ვერც ახალმა ხელისუფლებამ გადაჭრა. ადვოკატი იმ მოსამართლეებსაც ახსენებს წარსულს, რომლებიც არა თუ მანტიამოსხმულები უნდა იყვნენ და განაჩენებს აწერდნენ ხელს, არამედ ჩადენილი უკანონობისათვის პასუხი უნდა ეგოთ.
რა კონკრეტული საქმეები მოიძია ადვოკატმა `ქრონიკა+”-ის ახალი ნომრისთვის, მამუკა ნოზაძის ინტერვიუში გაეცნობა მკითხველი:

_ ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანები როცა ერთმანეთს ხვდებიან, ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენს ქვეყანას საქართველო აღარ ჰქვია და ეს არის საძმაკაცო და სადაქალო. ასე შეიძლება ეწოდოს სახელმწიფოს, სადაც ნეპოტიზმი უმაღლეს დონეზე ყვავის და ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აქვს იმის მზაობა, რომ ასეთი რამ საკანონმდებლო დონეზე აღიკვეთოს. ისინი, რატომღაც, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ პოლიტიკას მიჰყვებიან. როგორც ხელისუფლების ყველა მაღალ შტოშია გაბატონებული ნეპოტიზმი, ისევეა სასამართლო ხელისუფლებაშიც. ახლა მინდა გესაუბროთ უზენაეს სასამართლოში არსებულ მდგომარეობაზე და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ერთ ფაქტს:
5 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ და ისაუბრა საკუთარ წარმატებაზე სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით. მან არაერთხელ აღნიშნა და ხაზიც გაუსვა, რომ გადადგა მკვეთრი და ძლიერი ნაბიჯები იმისათვის, რომ სასამართლო ხელისუფლება გაძლიერებულიყო, _ ამისათვის მე წარვადგინე 5 უბრწყინვალესი კანდიდატურა უზენაეს სასამართლოშიო. და ამას მიიჩნევდა გამარჯვებად. თუ ნებას მომცემთ, ახლა მის წარდგენილ „უბრწყინვალეს“ კანდიდატურებზე მოგახსენებთ.
_ გისმენთ, ვინ არიან ისინი? როგორც ვხედავ, თქვენი კრიტიკის ობიექტები გახდნენ და აგვიხსენით, რატომ?
_ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ბევრ საკითხში ვეთანხმები, რადგან მას საღი პოზიცია უკავია, სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით ვერ დავეთანხმები. მას უწევს ისეთი კანდიდატების წარდგენა, რომელთაც თავად არ იცნობს და აშკარად არის ერთი პიროვნების, უზენაესი სასამართლის თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის გავლენის ქვეშ. ეს ადამიანი ბოროტად სარგებლობს პრეზიდენტის ნდობით და მას ისეთ კანდიდატურებს აჩეჩებს, რომლებზედაც ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ქვეყნის სირცხვილი არიან.
დავიწყებ ეკა გასიტაშვილით, რომელიც გახლავთ გვენეტაძის დაქალი და ახლობელი. უზენაეს სასამართლოში პრეცედენტი არ ყოფილა იმისა, რომ უზენაეს წევრად გამწესებულიყოს ისეთი მოსამართლე, რომელიც არ გამოირჩევა ავტორიტეტით, ან აღიარებით იურისტების წრეში. სასამართლოს ამ ზედა რგოლის წევრობაზე როცა ხდება პირის წარდგინება, აუცილებლობა მოითხოვს, რომ კანდიდატი იყოს კარგი რეპუტაციის მქონე, მცოდნე, საზოგადოებისთვის მისაღები თავისი ადამიანური ნიშნებით. გასიტაშვილი არც სამეცნიერი წრეებიდან მოდიოდა და არც მნიშვნელოვანი გაუკეთებია რამე. ის რამდენიმე წელი მუშაობდა ადვოკატურაში, თუმცა ყველა ადვოკატმა კარგად იცის, ამ წრეში ვინ რისი შემძლეა, ან რა საქმეების გამკეთებელი. ის არც ადვოკატი იყო ისეთი, რომ ინოვაციები ეკეთებინა და სამართლებრივ საკითხებში თავისი წვლილი შეეტანა, ანუ იყო რიგითი ადვოკატი და ჰქონდა რამდენიმე საქმე, რომელსაც აწვდიდნენ `ნაციონალურ მოძრაობასთან~ დაახლოებული და მათი ინტერესების გამტარებელი ოფისები. ეს ქალბატონი, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილთანაც მუშაობდა.
გასიტაშვილს თანაშემწედ ჰყავს მაია ახალაძე, რომელიც არის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის ყოფილი მოსამართლე. მსოფლიოს სამართლებრივ სისტემაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გადასულიყო თანაშემწის სტატუსზე, რადგან ეს მოსამართლისთვის არის ძალიან დამაკნინებელი, თუმცა ეს სამსახური, თავის მხრივ, არ გახლავთ სასირცხვილო და ეს გზა გაიარა მოსამართლეების გარკვეულმა ნაწილმა, მაგრამ იერარქიულად ქვემოდან ზემოთ და არა ზემოდან დაქვეითებით. თავად გასიტაშვილს მოსამართლეობის გამოცდა არ ჩაუბარებია, მაგრამ თანაშემწედ უზის უზენაეს სასამართლოში გამოცდილი კადრი, ცხადია, გამოცდაჩაბარებული. ეს იმიტომ ხდება, რომ თავად ქალბატონ ეკას, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ შეუძლია გადაწყვეტილებების დაწერა. მას ამისათვის არ აქვს არც სათანადო გამოცდილება და არც _ პრაქტიკა. მართალია, პრეზიდენტი ამბობს, რომ კარგი მოსამართლეები და კარგი სპეციალისტები წარადგინა, სინდისიერი და დამოუკიდებელი პირები არიან ახლა უზენაეს სასამართლოშიო, მაგრამ მიმაჩნია და ხმამაღლაც ვიტყვი, რომ მარგველაშვილის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილ იქნენ არაკომპეტენტური პირები. ეს კადრები რომ პრეზიდენტის შერჩეული არ არის, საზოგადოება ამაში ნათლად დარწმუნდება, თუ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე ნახავს პრეზიდენტის გამოსვლას, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე შემომთავაზეს ორი კანდიდატი და ვახორციელებ მის წარდგენასო. იქვე პრეზიდენტის ინტერვიუს მოჰყვება გვენეტაძის ინტერვიუც: მე პრეზიდენტს შევთავაზე ორი კანდიდატურა. ესენი იყვნენ ეკა გასიტაშვილი და მზია თოდუაო. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი.
_ მზია თოდუასაც იგივენაირად დაახასიათებთ?
_ მზია თოდუა არის პროფესიონალი, კარგი სპეციალისტი, წლების განმავლობაში სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობდა, ხონის სასამართლოს მოსამართლეც იყო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეც. ძალიან კარგი და ობიექტური ადამიანია, მაგრამ ის უზენაეს სასამართლოში მოხვდა იმ ნიშნით, რომ მუშაობდა „ქართუში“ იურიდიული სამსახურის უფროსად. ვერ ვიტყვი, რომ ის „ჰაერიდან“ მოიყვანეს და ისე დასვეს ამ თანამდებობაზე, მაგრამ როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე შემომთავაზესო, ეს არის სამარცხვინო. კი არ უნდა შესთავაზონ პრეზიდენტს, მან იურისტებში ისევე უნდა გამოიკვლიოს კანდიდატი, როგორც ეს მოხდა გვენეტაძის შემთხვევაში, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცა წარდგენის უფლება და მერე მათთან უშუალოდ მოაწყო გასაუბრება. ეს იყო შერჩევა დემოკრატიული პრინციპით და პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაც ამ პრინციპით უნდა ჩაეტარებინა. საზოგადოებას, იურიდიულ წრეებს უნდა მიეცეს უფლება, რეალური კანდიდატები შეარჩიოს და ასე არ უნდა ხდებოდეს დაქალებისა და ძმაკაცების შეთავაზებები.
_ მზია თოდუაც ნინო გვენეტაძის დაქალია?
_ ნინო გვენეტაძეს არ უნდა ჰქონდეს სისტემაში მონოპოლია, რომ მას ვინც სურს, ის შეაჩეჩოს პრეზიდენტს და მისი ნდობის მაღალი კოეფიციენტით ისარგებლოს. არადა, ეს ხდება მაშინ, როცა ძალიან ბევრი, მოსამართლეობა გამოცდაჩაბარებული ადამიანი არის დაუსაქმებელი, მაგრამ მათ არ ჰყავთ გავლენიანი ნათესავ-ნაცნობები და ვერ საქმდებიან. „ქრონიკა+“-ში უკვე ვწერდით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ქსეროქსზე მუშაობს თამუნა ცუცქირიძე, რომლის შესახებაც არა მხოლოდ გაზეთით, განცხადებითაც მივმართე ნინო გვენეტაძეს და ვუთხარი, რომ ეს ადამიანი არც ჩემი ნათესავია და არც მეგობარი, მაგრამ ასეთი კადრების გამოუყენებლობა მიმაჩნია დიდ ცოდვად, როცა სასამართლო სისტემაში ბევრი ისეთი კადრი მუშაობს, რომელსაც არათუ მოსამართლეობის, ზოგს ადვოკატის გამოცდაც არ აქვს ჩაბარებული და ნაცნობების მეოხებით მოხვდნენ სხვადასხვა მაღალანაზღაურებად  პოზიციაზე. მე მოვითხოვე, ცუცქირიძე დაესაქმებინათ, მინიმუმ, თანაშემწის თანამდებობაზე მაინც, მაგრამ ორ კვირაზე მეტია და გვენეტაძისგან პასუხი არ მიმიღია. ის მაინც ხომ უნდა მომწეროს, რომ ეს პიროვნება ამა და ამის გამო მიუღებელია არა მხოლოდ მოსამართლედ, სხდომის მდივნადაცო. ბოლოს და ბოლოს, გამოცდაგაუვლელი, უდიპლომო ადამიანები ინიშნებიან სასამართლოში და ეს მოსამართლის გამოცდაჩაბარებული ქალბატონი, რადგან მას მფარველი არ აღმოაჩნდა სისტემაში, სასამართლოში ქსეროქსზე რატომ უნდა მუშაობდეს?! რა დააშავა ასეთი?!
ნინო გვენეტაძემ რა უნდა თქვას?! მას უკვე არ ამოეღება ხმა, როცა უზენაეს სასამართლოში ჰყავს დასაქმებული ისეთი ხალხი, როგორიც არის მაკა კვაჭაძე, რომელიც ასევე მისი დაქალი გახლავთ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელად კი მიიყვანა ქეთი საგინაშვილი, რომელიც ასევე მისი დაქალია და ა. შ. ისინი წლებია, ერთად მუშაობდნენ ამერიკულ-ქართულ უნივერსიტეტში. დიახ, ჩვენ წინათაც ვწერდით იმის შესახებ, რომ გვენეტაძეს უზენაეს სასამართლოში სადაქალო მოჰყავდა, მაგრამ ამ წერილის შემდგომაც არ შეჩერებულა და კიდევ გაგრძელდა ეს პროცესი. ქეთი საგინაშვილი იქ ახალი კადრია. როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასეთ რამეს აკეთებს, ეს არის დანაშაული. არ შეიძლება ასეთი მიდგომა _ დღეს მე ვარ ხელმძღვანელი და ვისაც მომინდება, იმას მოვიყვან.
_ სანდო ხალხი ახლობლებში უნდა ეძებო, აბა, რა უნდა ქნა? ყველა თანამდებობის პირს სჭირდება თავისი გუნდი, ასე არ არის?
_ არა, რას ამბობთ?! ეს არის აბსურდული შეფასება. რა შუაშია სანდო ხალხი? საჯარო სამსახურში დასაქმებულმა ადამიანებმა უნდა შეასრულონ თავისი მოვალეობა. თუ ის ვერ ასრულებს ამას, მაშინ უნდა გატარდეს შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები და მათ შორის, ყველაზე უარესი არის ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლება და არა ასე, როგორც ახლა ხდება: მე მოვედი, შენი თვალები არ მომეწონა და ჩემი დაქალი უნდა მოვიყვანო. ასე ჩვენ ვერ ავაშენებთ დემოკრატიას. თუ არსებობს ვაკანსია, იქ უნდა ჩატარდეს კონკურსი და ვაკანსიაც უნდა გამოცხადდეს, რასაც გვენეტაძე არ აკეთებს და უზენაეს სასამართლოს უკანონო ფორმით ავსებს ახლობელი ხალხით. მათი გუნდის წევრია სერგო ჯორბენაძეც, რომელსაც ასევე არ გაუვლია არავითარი კონკურსი. მისი მოსვლის შემდეგ არც ერთ თანამდებობაზე უზენაესში არ ჩატარებულა საჯარო კონკურსი, მაშინ როცა სასამართლოებში, სხდომის მდივნის ან რიგითი მოსამართლეების ვაკანტური ადგილის დასაკავებლადაც აცხადებენ კონკურსს. მართალია, ზოგ შემთხვევაში ეს კონკურსი ფორმალურია, მაგრამ მაინც აქვს კონკურსის სახე და ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მასში მონაწილეობა მიიღონ. ამის გამო გვენეტაძის ობიექტურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.
უზენაესი სასამართლოს რაოდენობა იზრდება 24 წევრამდე. მომავალ წელს ამ ინსტანციის სამ მოსამართლეს უწყდება უფლებამოსილება ვადის გასვლის გამო. თუმცა ამათ არ დაიცადეს და როგორც კი გვენეტაძე გახდა სასამართლოს თავმჯდომარე, დაქალს იმავე დღეს შეუსრულა პირობა, სამ დღეში ისიც გახადა მოსამართლე. თანაც უზენაესის ყოფილი მოსამართლე დაუსვა თანაშემწედ, რაც იმის აშკარა ნიშანია, რომ გადაწყვეტილებებს რეალურად იღებს მაია ახალაძე და არა ეკა გასიტაშვილი. გასიტაშვილმა ორი ღერი ინგლისური ისწავლა და გამოიყენა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარეობა. არადა, მისი ერთადერთი მიზანი ადვოკატების დასჯა იყო და ამ კუთხით არაერთი დანაშაული ჩაიდინა. ამაზე კონკრეტული ფაქტებითაც ვისაუბრებ. ეს არის ტრაგედია, რომ ასეთ ადამიანს ისე ნიშნავენ მაღალ თანამდებობაზე, საზოგადოებრივ აზრს არც კითხულობენ და მხოლოდ ნინო გვენეტაძეს ენდობიან. თუნდაც ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ეკა გასიტაშვილი ვერ იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური მოსამართლე, რასაც პრეზიდენტი გვპირდება და მოდით, თვალებს მაინც ნუ გვიხვევენ. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და კარგად ვიცით, სად რა ხდება.
უზენაეს სასამართლოში არის საგანგაშო მდგომარეობა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ სასამართლოებზე, მხოლოდ სასამართლო პროცესებზე მოსამართლეთა უკანონო გადაწყვეტილებები კი არ უნდა ასახონ თავიანთ ანგარიშებში, იმაზეც უნდა გააკეთონ დასკვნები და შეფასებები, რაზედაც მე მოგახსენეთ. უნდა გაარკვიონ, ვინ რისთვის და როგორ მიდის თანამდებობებზე, რა პრინციპებით ინიშნებიან იქ. მეტად გამჭვირვალე უნდა გახდეს ეს სისტემა, თანამდებობებზე რომ არ მოხვდნენ მხოლოდ ნათესავობითა და ძმაკაცობით. საზოგადოება საქართველოს უკვე სადაქალოს და საძმაკაცოს უწოდებს. ჩვენს ისტორიაში ასეთი საძმოები `მხედრიონის~ დროს იყო და ახლაც საძმო-სადაქალოებით იმართება ქვეყანა და გაჭირვებულ ადამიანებზე არავინ ფიქრობს. პრეზიდენტი ასევე განმარტავდა, რომ მოსამართლეების კრიტიკა არის მიუღებელი და ის მოსამართლეთა დისკრედიტაციას ახდენს. ეს არ არის სწორი. ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული არის აზრის გამოთქმა და მათ შორის კრიტიკაც. მაღალსაზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოსამართლეები თუ სხვა საჯარო პირები ვალდებულნი არიან, ითმინონ ეს კრიტიკა, მით უფრო თუ ის არის დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული.
მარგველაშვილი გვმოძღვრავს, თუ  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოგწონთ, წადით სააპელაციოში, უზენაეს სასამართლოში და იქ გაარჩევენ მტყუანსა და მართალსო. საქმეც და პრობლემაც სწორედ ეგ არის, რომ სასამართლოებში არ და ვერ ხდება მტყუან-მართლის ობიექტურად გარჩევა და სასამართლო დავებიც ხშირად ნაცნობობით, მეგობრობითა და სხვა კრიტერიუმებით წყდება. ბევრი მოსამართლე საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს და ანგარიშსწორებებსაც მშვენივრად ახერხებს. სწორედ ასეთი პიროვნებები არიან ეკა გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა პრეზიდენტმა. ძლიერიშვილი, მართალია, მეცნიერი გახლავთ, მაგრამ მეცნიერობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგი პრაქტიკოსი იურისტიც იქნება როგორც ადვოკატურაში, ასევე სასამართლოში. გადაწყვეტილებების დროს მოსამართლე იმით კი არ უნდა ხელმძღვანელობდეს, მას როგორ სწამს, არამედ კანონი უნდა იყოს მისთვის უზენაესი. ზურაბ ძლიერიშვილი ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში მუშაობის დროს არ გამოირჩეოდა ობიექტურობით და როცა ობიექტურობით არ გამოირჩევი ადვოკატების საქმეების განსჯისას, ბუნებრივია, რომ ვერ იქნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო საქმეების განსჯის დროსაც. თქვენ უნდა გენახათ, როგორი აგრესიით მიმდინარეობდა ის სხდომები, სადაც ზურაბ ძლიერიშვილი მონაწილეობდა. ის საოცარ უპატივიცემულობას და არაჰუმანურობას იჩენდა კოლეგების მიმართ. ეთიკის კომისიის ქალ კოლეგებთან ლამის ფიზიკურ შემხებლობაზეც გადადიოდა და ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყოს?
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასევე წარადგინეს ნინო ბაქაქური. ძალიან მიკვირს საქართველოს პრეზიდენტის, სანამ ამ ადამიანებს ასეთი პომპეზურობით წარადგენდა, რატომ არ შეისწავლა მათი ბიოგრაფია, წარსული? ყველა ადამიანი ხომ წარსულიდან და მისი გაკეთებული საქმიანობიდან მოდის? ბაქაქური მოსამართლედ შევარდნაძის დროს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. ორწელიწადნახევრის  მანძილზე მუშაობდა იქ და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი საქმეები აქვს განხილული. მერე მიატოვა მოსამართლეობა და ამერიკაში სასწავლებლად წავიდა. თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს სწავლის გაგრძელება, ვინც არ უნდა შესთავაზოს, არ უნდა დასთანხმდეს დაინიშნოს თანამდებობაზე და მით უმეტეს, ისეთ ადგილზე, როგორიც მეორე ინსტანციის სასამართლოა. თანაც დათანმხდე და არ იმუშაო, მაშინ როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა მოსამართლის მხრიდან დისციპლინური წესით დასჯადი ქმედებაა. თუ მე ვტყუი, მაშინ ბაქაქურმა უნდა წარმოადგინოს სტატისტიკა, ორწელიწადნახევრის განმავლობაში პირადად მან რომელი საქმეები განიხილა. ის 10 წლით იყო დანიშნული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, მაგრამ მოიქცა უპასუხისმგებლოდ, სამეცნიერო მივლინებით წავიდა ამერიკაში, მაგრამ მერე საქართველოში აღარ დაბრუნებულა. პიროვნება, რომელმაც წარსულში არ გამოიჩინა ის თვისებები, ყოფილიყო ობიექტური ადამიანი, როგორ გახდება უზენაეს სასამართლოში მიუკერძოებელი? ასეთი ხალხი წარადგინეს უზენაეს სასამართლოში და პრეზიდენტის ტრაბახი, თოთქოს ძალიან ღირსეულები შეარჩია, არის ტყუილი. შუა საუკუნეები არ გახლავთ, რომ სასამართლო სისტემა მხოლოდ კონკრეტული გვარებისა და სანათესავო კლანების წარმომადგენლების მიერ იმართებოდეს.
ეს არ არის ყველაფერი, რაც დღეს უზენაეს სასამართლოში ხდება.  შემდგომ ნომრებში აუცილებლად გავაგრძელებ ხალხის საოცნებო ნინო გვენეტაძის სისტემაში არსებული უსამართლობების მხილებას.

ნელი ვარდიაშვილი