მიკერძოებული მოსამართლე და სქესობრივი დისკრიმინაცია

1313

გადაწყვეტილება „მხოლოდ კაცებისთვის”

ამჯერად ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, გიორგი ებანოიძის წინააღმდეგ გამოდიან. საქმე ეხება კონკრეტულ დავას ბაია დავითაიასა და თემურ უგულავას შორის, სადაც ებანოიძემ დავითაიას არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატები ამბობენ, მოსამართლემ, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ ქორწინების პერიოდში შექმნილი, შეძენილი და ღირებულება გაზრდილი ქონებიდან დავითაიას არაფერი ეკუთვნის. თუმცა სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას და განქორწინების შემთხვევაში ასეთი ქონება მეუღლეთა შორის იყოფა თანაბარ წილად. მეტიც, ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდე არსებული ქონებაც, შესაძლოა, გადაიქცეს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა მოსამართლემ კანონის ეს ნორმები არ გაითვალისწინა და უპირობოდ გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. საქმეში ადვოკატებთან ერთად ჩართულია ქალთა და ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები, კონკრეტულად, გაეროს ქალთა კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი ლიკა ნადარაია და არასამთავრობო ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისათვის“ წარმომადგენლები: ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი, რომლებიც ასევე აცხადებენ: გარდა იმისა, რომ ამ საქმეში მოსამართლე ებანოიძემ ქალთა უფლებები დაარღვია, მან უხეშად შელახა ბავშვის უფლებაც.
თემურ უგულავასა და ბაია დავითაიას ჰყავთ აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვანი შვილი. უგულავა შვილს წლების განმავლობაში უხდიდა მისი დიაგნოზიდან გამომდინარე მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯებს, ახლა კი ეს ხარჯები მას 25%-ით შეუმცირეს. აქაც უხეშად შეილახა კანონი. სამოქალაქო კოდექსი ამბობს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარებისთვის, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ საზოგადოების ღირსეულ წევრებად. აღნიშნული ვალდებულებები კი მოიცავს როგორც მატერიალურ უზრუნველყოფას, ასევე მორალურ და სულიერ მხარდაჭერას, რაც ბავშვის აღზრდის მთავარი და აუცილებელი პირობაა. მათი თქმით კი წლების განმავლობაში ბაია დავითაია, როგორც დედა, ასრულებს ორივე მშობლის ვალდებულებას, მამა მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფით შემოიფარგლებოდა, თუმცა ამჯერად უნდა, რომ ისიც მოიხსნასო. ბოლო პერიოდში თემურ უგულავა, თურმე, შვილთან საერთოდ არ ურთიერთობს და როგორც ვხედავთ, მის დედასაც უსამართლოდ ექცევა, რომელიც ამ ტვირთს საკუთარ თავზე იღებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსამართლე არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, ამ საქმეში ქალთა და დედათა უფლებების ჭრილში რომ ემსჯელა, რითაც მართლმსაჯულებას ქალებისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა, თუმცა მან უარესი რამ გააკეთა და დიდი რისკის წინაშე დააყენა განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის ფიზიკური და გონებრივი განვითარება, _ ასე მსჯელობენ უფლებადამცველები.
ახლა გაგაცნობთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რატომ მივიდა ცოლ-ქმრის ფაქტობრივი განქორწინება და ქონებრივი დავა ასეთ შედეგებამდე?
ბაია დავითაია და თემურ უგულავა 2002 წლიდან თანაცხოვრობენ ერთ ოჯახად. აქედან 8 წლის მანძილზე (ფორმალურად დღემდე) იმყოფებინ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამ პერიოდში უგულავა ძლიერ ბიზნესმენად და უმდიდრეს ადამიანად იქცა. ბაია დავითაიას ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს წარედგინა სპეციალური ანგარიში, რომელიც ადგენს ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯების მოცულობას და ქონების ღირებულების ზრდას. დადგინდა, რომ შპს „აჭარის“, ამჟამად სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ საბაზრი ღირებულება 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხარჯების მოცულობამ 2-ჯერ გადააჭარბა ქორწინების მომენტისთვის კომპანიის საბაზრო ღირებულებას. თეიმურაზ უგულავას კიდევ ერთი კომპანიის, შპს „ქროსვეისის“ შემთხვევაში, ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯები დაახლოებით 300-ჯერ აღემატებოდა ქორწინების მომენტისთვის კომპანიის ღირებულებას, რამაც განაპირობა კომპანიის საბაზრო ღირებულების 550-ჯერ ზრდა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ მაინც უარი განაცხადა ქონების თანასაკუთრებად მიჩნევაზე. მეტიც, მან თანასაკუთრებად არ ჩათვალა ქორწინების პერიოდში შეძენილი და შექმნილი ახალი აქტივები. როგორც ჩანს, მოსამართლე ებანოიძეს იმდენად გაუჭირდა გადაწყვეტილების ამ ნაწილში თუნდაც აბსურდული დასაბუთება, რომ მან ამჯობინა, არ მიეთითებინა სამართლებრივი საფუძვლები!
„მოსამართლე ებანოიძის მიკერძოება სასამართლო პროცესის მსვლელობისას ყველა ეტაპზე აშკარად იყო გამოკვეთილი:
1. გიორგი ებანოიძემ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნაზე, რომელსაც უნდა დაედგინა საქმისათვის საკვანძო საკითხები;
2. როცა ექსპერტიზა ჩვენმა მხარემ თავისი ინციატივით ჩაატარა, მან მთლიანად უგულებელყო ბაია დავითაიას მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა;
3. გიორგი ებანოიძემ არაერთგზის და სრულიად აბსურდული მიზეზით უარი განაცხადა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ონფორმაციის გამოთხოვაზე თემურ უგულავას კომპანიიდან, მათ შორის, ერთხელ წინასწარ (მტკიცებულებათა გამოკვლევამდე) განაცხადა, რომ საქმეში უკვე იყო „საკმარისი“ მტკიცებულებები;
4. მიუხედავად ამისა, გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებაში სრულიად უგულებელყოფილი და იგნორირებულია მის მიერ „საკმარისად“ მიჩნეული მტკიცებულებები არც ერთი იმ მრავალი ტომი მტკიცებულებიდან, რომელიც ჩვენმა მხარემ მოიპოვა და წარადგინა!
5. თემურ უგულავას მიერ კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულებების აშკარად შეუსრულებლობის მიუხედავად, მოსამართლე ებანოიძემ მიიჩნია, რომ მას საქორწინო ხელშეკრულება საერთოდ არ დაურღვევია. აქაც გიორგი ებანოიძემ გამოიყენა აპრობირებული მეთოდი და არც კი შეეცადა ამ აბსურდის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ქალის პირდაპირი დისკრიმინაცია, ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ნორმის განხორციელების შეზღუდვა სქესის ნიშნით. მოსამართლე ებანოიძის აშკარად გამოხატული მიკერძოება, არაობიექტური და დისკრიმინაციული მიდგომა წარმოშობს სერიოზულ ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა მოსამართლესთან კორუფციულ გარიგებას. სხვა ვარაუდისთვის ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩა“, _ აცხადებენ ბაია დავითაიას ადვოკატები, იურიდიული კომპანია „ერისთავი და პარტნიორების“ ადვოკატები დავით ასათიანი, თამარ ლაკერბაია და იურიდიული კომპანია „ბი-ჯი-აის“ ადვოკატი გიორგი სარაჯიშვილი.
მათ „ქრონიკა+“-თან ისიც აღნიშნეს, რომ მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც, თუმცა როდესაც ვკითხეთ, აღნიშნული მოსამართლე სხვა დროსაც თუ იყო შემჩნეული მსგავს საქმეებში, მასზე რაიმეს თქმისგან თავი შეიკავეს, _ ჩვენთვის ასეთი რამ ცნობილი არ არისო. დავით ერისთავის თქმით, ებანოიძე რადგან კოლეგიის თავმჯდომარეა, ის იშვიათად იხილავს საქმეებს, თუმცა რა ნიშნით ამოარჩია და განიხილა ეს საქმე, ჩემთვის უცნობიაო.
„ქრონიკა+“-მა უფლებადამცველებისა და ადვოკატებისგან შესაძლო კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული მოსამართლის, გიორგი ებანოიძის ბიოგრაფია მოიძია და აღმოჩნდა, რომ ის ახალბედა ნამდვილად არ არის და მოსამართლეობაში, როგორც იტყვიან, ჭიპი აქვს მოჭრილი. ასე რომ, შეცდომა ამ კონკრეტულ საქმეში, უბრალოდ გამორიცხულია.
„გიორგი ებანოიძე დაიბადა 1980 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში; 1995 წელს დაამთავრა თბილისის #51 საშუალო სკოლა; 1996 წელს დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედი; 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხდომის მდივნად; 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტად _ საიდუმლო საქმის მწარმოებლად, პარალელურად იყო პლენუმის სამდივნოს უფროსი; 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; 2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის უფროსის მოადგილედ; 2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსად; 2007 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწედ; 2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბიუროს უფროსად; 2008-2009 წლებში იყო დმანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009 წლის დეკემბრიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2013 წლის 1-ლი იანვრიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“.
გავარკვიეთ ისიც, რომ მის მოსამართლეობას და სახელს არ უკავშირდება რომელიმე გახმაურებული საქმე, თუმცა ამ საქმეში ჩახედული ადამიანები მას ასე ახასიათებენ:
„როგორც ბიოგრაფიიდანაც ჩანს, ის არის ყველა მთავრობის „მონა მოსამართლე“, დაშტამპული, დიდი ჭკუით არგამორჩეული, გადაწყვეტილებების ხელისუფლების სასარგებლოდ მიმღები, რამაც მისი ამ პოსტზე დაწინაურება გამოიწვია“.

ნელი ვარდიაშვილი