„მერმა ოზურგეთი გადაიფორმა, გუბერნატორი კი კაბინეტიდან არ გამოდის!”

1212

რა ხდება გურიაში?

ოზურგეთის საკრებულოს ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ნათია შარაშენიძემ, ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის ამ თანამდებობაზე ყოფნის ერთი წლის შედეგები შეაფასა, რაც იმაზე ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე ადგილობრივები მოელოდნენ.

ნათია შარაშენიძე:
_ ერთი წელი გახდა, რაც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი არის ბეგლარ სიორიძე. თუ ნებას მომცემთ, თქვენს გაზეთში შევაფასებ ამ ერთ წელიწადში მის მუშაობას.
_ შეაფასეთ… იმედია, საინტერესო რამ უნდა გვითხრათ…
_ თავიდანვე სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ ამ ადამიანმა ბოროტად გამოიყენა მისი თანამდებობა და, ფაქტობრივად, ქალაქი მთლიანად საკუთარ თავზე გადაიფორმა. ამ ერთ წელიწადში ქალაქ ოზურგეთში თუ რაიმე გაიყიდა და გამოცხადდა აუქციონი, პირდაპირ თუ ირიბად, ყველა მის სახელს უკავშირდება. ქალაქში რაც იყო უძრავი თუ მოძრავი, ყველაფერი გადავიდა მისი მეგობრებისა და ნათესავების საკუთრებაში. ამიტომაც გითხარით, რომ სიორიძემ ოზურგეთი გადაიფორმა-მეთქი. ბოლო პერიოდში მისი ერთ-ერთი შენაძენი იყო ქალაქ ოზურგეთის საკოლმეურნეო ბაზარი. ამ ობიექტის ირგვლივ დაწყებული ვნებათაღელვა დღემდე არ დასრულებულა, რადგან ბაზრის მოვაჭრეები აპროტესტებენ მის გაყიდვას. ბაზარი ამ ეტაპზე კიდევ არის, მაგრამ ის უკვე კერძო საკუთრებას წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, გაურკვეველია იქ მოვაჭრეების ბედი. აუქციონის პირობებში მხოლოდ ერთი მუხლი იყო მითითებული: ვინც შეისყიდიდა მას, ობიექტისთვის უნდა შეენარჩუნებინა სავაჭრო პროფილი, ანუ შესაძლებლობა ჰქონდა, იქ ბაზარი კი არა, სუპერმარკეტი ან სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტი გაეხსნა და ვერავინ აიძულებდა მას ბაზრის დატოვებას. ადგილობრივების თქმითაც სიორიძე იქ სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებს და ასეთ შემთხვევაში, საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრეები, რომლებიც ვაჭრობით ინახავენ ოჯახებს, ლუკმაპურის გარეშე დარჩებიან. ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან ბევრია.
მინდა, ყურადღება მიაქციოთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც: ამ ბაზრის აუდიტორულ შეფასებაზე ტენდერი გამოცხადდა და ამ საქმიანობის ანაზღაურების თანხად დასახელდა 2900 ლარი. ტენდერში გამარჯვებულს უნდა შეეფასებინა 3 გასაყიდი ობიექტი. მასში მონაწილეობა მიიღო ინდმეწარმე დავით რობაქიძემ და ტენდერი მოიგო 148 ლარად, ანუ მას ამ საქმეში 148 ლარი გადაუხადეს და 3 ობიექტის აუდიტორული მომსახურება შეასრულა ამ მიზერულ თანხაში, რაც არარეალურია და აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს. ამ ფირმამ სხვა აუდიტორული მომსახურებებიც ჩაატარა ოზურგეთში, თუმცა კონკრეტულად ბაზართან განხორციელებული მომსახურება ეჭვებს ბადებს.
_ რატომ ბადებს ეჭვებს ისიც აგვიხსენით? რატომ არ შეიძლებოდა, იაფად გაეკეთებინა ეს ყველაფერი?
_ მან ამ 148 ლარიდან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი ტენდერში მონაწილეობისთვის, ჩამოვიდა თბილისიდან ოზურგეთში და დახარჯა  თანხა. იარა, რომ დოკუმენტაცია შეედგინა და ეს ყველაფერი 148 ლარად როგორ გააკეთა? დიდი ეჭვია, რომ აქ მოხდა დიდი კორუფციული გარიგება სიორიძესთან და სწორედ მას რომ შეეფასებინა ეს ობიექტები და აუცილებლად გაემარჯვა ამ ტენდერში, ამიტომ დაადო თავის შრომას ასეთი მცირე ფასი. როგორც ჩანს, მისი მონაწილეობა ამ საქმეში აუცილებელი იყო.
_ და მერე რაში გამოიყენა ეს აუდიტორი ქალაქის მერმა? რა ფასი დაადო მან ბაზარს და რამდენად გაიყიდა აუქციონზე?
_ ოზურგეთი არის ძალიან პატარა და ბევრმა იცის, რომ ბატონი რობაქიძე თითქმის ყველდღე იჯდა ბეგლარ სიორიძის კაბინეტში. რას აკეთებდნენ იქ, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ნამდვილად რომ იყვნენ ერთად, ამაზე ოზურგეთში ბევრი ლაპარაკობს.
ბაზარი გაიყიდა 27 ათასად, რაც არის საკმაოდ მიზერული თანხა. ეს ობიექტი საკმაოდ რენტაბელურია და მისი წლიური შემოსავალი 84 ათასია. ეს ნიშნავს, რომ ქონება გაყიდეს მიზერულ თანხად. თუ ვინმე მეტყვის, რომ სამი ობიექტის შეფასებას რომელიმე აუდიტორი შეასრულებს 148 ლარად, როცა ამ თანხიდან მან უნდა გადაიხადოს გადასახადებიც, ხმას აღარ ამოვიღებ. ფაქტობრივად, მას ამ ანაზღაურებიდან არაფერი დარჩებოდა და ხომ ისმის კითხვა, _ რატომ იმუშავა და იწვალა, რისთვის გააკეთა ეს საქმე, თუ აქ არ იყო კორუფციული ნიშნები?
ცალკე სალაპარაკოა ისიც, რომ ბაზრის აუქციონი ჩატარდა ალეგრობას, ანუ ოზურგეთობა დღეს და მას ჰყავდა ერთადერთი მონაწილე, რომელმაც აუქციონი მოიგო. ეს ადამიანი გახლდათ ბეგლარ სიორიძის ბიძაშვილის ქმარი, ზურაბ გობრონიძე. როგორც სხვა ობიექტების გაყიდვის დროს არის ირიბად დაკავშირებული ეს პროცესები ბეგლარ სიორიძესთან, აქაც ასეა. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში აპრობირებული მეთოდია, როდესაც თანამდებობის პირებს კაპიკებად სურთ ქონებების ხელში ჩაგდება, მას ძმაკაცის ან საკუთარ სიდედრზე და ნათესავებზე აფორმებენ. ბეგლარ სიორიძემ, ამ შემთხვევაშიც, მიზანმიმართულად დაუგდო ფასი საკოლმეურნეო ბაზარს და ის გაიყიდა იმ ფასად, რამდენადაც მას აწყობდა, რათა ეყიდა მისი ბიძაშვილის ქმარს, სინამდვილეში კი მას.
_ ამ ობიექტების ყიდვა სხვას არ უნდოდა და აუქციონზე სიორიძის ახლობელს კონკურენტი ამიტომ არ ჰყავდა, თუ სხვა რამ მოხდა?
_ ოზურგეთში დადიოდა ხმები, რომ ბაზრის ყიდვა რამდენიმე ადამიანს უნდოდა, მაგრამ მერე ეს ხმები შეწყდა. ყველა მიხვდა, ბატონი ბეგლარი იმდენად იყო დაინტერესებული საკოლმეურნეო ბაზრის ხელში ჩაგდებით, რომ ის არავის მისცემდა უფლებას, ეს ბაზარი ეყიდა. ზუსტად არ ვიცი, ვისთან რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა მსურველი მიმოიფანტა და სიორიძის ნათესავი კონკურენტის გარეშე დარჩა.
ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მკვებავი საკოლმეურნეო ბაზარი, რადგან სოფლებს ბაზარი არ გააჩნიათ. საუბარია 4400 მეტრ ფართობზე. იქ ახლა უამრავი ადამიანი მუშაობს. ისინი შესაძლებელია დარჩნენ სამსახურის გარეშე და სულაც არ იქნება მისი ახალი მეპატრონე ვალდებული, რომ მათ ახალი ბაზარი აუშენოს, რადგან ის შეასრულებს აუქციონის პირობას _ დატოვებს სავაჭრო ობიექტს, რომელიც, ვთქვათ, იქნება არა ბაზარი, არამედ სუპერმარკეტი და იქ ბაზარში დასაქმებული ამჟამინდელი ადამიანები ვეღარ იმუშავებენ. ბაზრის მოვაჭრეებს გაყრის ქუჩაში და ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს.
გარდა ამისა, ამ ერთ წელიწადში ოზურგეთში გაიყიდა ძველი ბავშვთა პოლიკლინიკა. ოზურგეთელები მის გარემონტებას ითხოვდნენ, მაგრამ წლის დასაწყისში შენობა გაყიდეს. მისი გაყიდვა და შესყიდვაც უკავშირდება ქალაქ ოზურგეთის მერს. მისი მყიდველი აღმოჩნდა ბეგლარ სიორიძის მეგობარი, სალუქვაძე. პოლიკლინიკის გვერდითა შენობაც გაიყიდა სიორიძის მერად გახდომის შემდეგ და ის სალუქვაძის სიდედრმა იყიდა. ზოგიერთი გაყიდული შენობა არის ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში, მაგრამ ყველა ეს ადგილი, რომელიც გაიყიდა, კომერციულად არის მომგებიანი ტერიტორია. რაც შეეხება ბავშვთა პოლიკლინიკას, ის იყო უნიკალური თავისი არსით და მთელ მუნიციპალიტეტს ემსახურებოდა. ფაქტობრივად, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში აღარ არსებობს მსგავსი ბავშვთა პოლიკლინიკა და მოსახლეობას მისი გაყიდვა კი არა, აღდგენა ამიტომაც უნდოდა, თუმცა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მათ ჯიბეს წაადგება და არა _ ხალხს.
_ ამ ქმედებას სხვა კუთხიდანაც შევხედოთ: როგორც მე ვიცი, მუნიციპალიტეტების მიერ სხვადასხვა ობიექტის გაყიდვა ემსახურება იმას, რომ ეს თანხა შემდგომ მუნიციპალიტეტს, იქ მცხოვრებ ხალხს მოხმარდეს. გაყიდული ობიექტებიდან შემოსული თანხა რას მოხმარდა?
_ ამ თახების მიმართულება, ამ ეტაპზე, ვერ გავარკვიე. მე არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ ამორტიზებული შენობა, გამოუყენებელი ფართი არ გაიყიდოს. თუ ის შესაბამისი საბაზრო ღირებულებით გაიყიდება და მისგან შემოსულ ფულს ხალხისთვის სასიკეთო დანიშნულება მიეცემა, ამაზე კარგი რა არის? მაგრამ უბედურება ის გახლავთ, რომ ასე არ ხდება გასხვისება და დიდი ალბათობით ამ თანხასაც შემდგომ ხალხისთვის არ ხარჯავენ. წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ რაც აქამდე გაიყიდა, ყველაფერი ირიბად თუ პირდაპირ ხელში უვარდება ერთ ადამიანს, ბეგლარ სიორიძეს, რომელიც ბოროტად იყენებს ამ სკამს და აღნიშნული თანამდებობით საკუთარ ქონებას ზრდის. ცხადია, წინააღმდეგი ვარ მონოპოლიზაციის, ყველაფერი ერთი ადამიანის ხელში არ უნდა მოექცეს და ის ადამიანი არ უნდა იყოს ქალაქის მერი. არამც და არამც არ ვარ ქალაქის განვითარების წინააღმდეგი, თუ რა აშენდება, გაკეთდება და ეს მოსახლეობას კომფორტს შეუქმნის, მივესალმები, მაგრამ ამას მე ვერ ვხედავ. ქალაქის მერის ქმედებების წინააღმდეგი ვარ. მას მიაჩნია, რომ ქალაქის მერობა ბოლომდე იმისთვის უნდა გამოიყენოს, რათა ყველაფერი კაპიკებად ჩაიგდოს ხელში.
რამდენადაც ვიცი, ოზურგეთში კიდევ უნდა გაიყიდოს ერთი შენობა. ოზურგეთელები ამბობენ, რომ მას აქვს ძალიან ღირებული დანიშნულება, რადგან იქ იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. სანამ ამ შენობის გაყიდვის საკითხი დადგებოდა, სიორიძემ გააუქმა მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი და ოზურგეთში ბავშვებისთვის ასეთი დაწესებულება აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივების თქმით, ამ შენობის შეყიდვაც მას სურს, თუმცა ამას, ალბათ, კვლავ სხვისი ხელით გააკეთებს. უკვე იმასაც ამბობენ, რომ მასაც იყიდის სიორიძესთან დაახლოებული პირი, სალუქვაძე. იქაურებმა ისიც იციან, რომ სხვა ვინმე, მოსული პიროვნება, ოზურგეთში ვერაფერს იყიდის, რადგან ამას ბეგლარ სიორიძე არ დაუშვებს. მერის არჩევნებამდეც ოზურგეთელები ლაპარაკობდნენ, ბეგლარს იმიტომ სჭირდება მერობა, რომ რასაც დახარჯავს, უკან დაიბრუნოსო. ეს პიროვნება იმაზეა ორიენტირებული, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს, რაც შეიძლება მეტი ქონება ჩაიგდოს ხელში და საბოლოოდ ვხედავთ კიდევაც, რომ ერთი წლის თავზე ამ ადამიანმა მიისაკუთრა მთელი ქალაქი და პასუხი რომ მოსთხოვოს, ამის განმკითხავიც არავინ არის.
_ ხომ არსებობს გუბერნია, გუბერნატორი?.. ისინი რას აკეთებენ, არ აკონტროლებენ, ოზურგეთში რა ხდება?
_ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე სინამდვილეში რას აკეთებს, ვერ გეტყვით, რადგან ის არაფრით ინტერესდება. ის სტიქიური მოვლენების დროსაც კი არ გამოდის კაბინეტიდან და სხვა რაზე უნდა ვილაპარაკოთ?  მისი ერთ-ერთი დანიშნულებაა ის, რომ ბატონ ბეგლართან ერთად რესტორნებში იაროს და იქეიფოს, გაერთოს…  მოსახლეობა ამას ამჩნევს და ამბობს, გურია უპატრონოდ არის მიტოვებულიო. დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული მერი კი, კაცმა არ იცის, რას აღარ აკეთებს.
_ ლეიბორისტულმა პარტიამ ჩამოაყალიბა ქალთა ორგანიზაცია. როგორც ვიცი, უკვე დადიხართ რეგიონებში, ხვდებით იქაურ ქალბატონებს, მათ აზრს ისმენთ და თქვენსას ეუბნებით. მიზანი ძლიერი ქალი და გენდერული თანასწორობაა, მაგრამ რა პრობლემებზე ყვებიან ქალები, ყველაზე მეტად რა აწუხებთ?
_ ჩვენი პარტია ამ მხრივ ფლაგმანია, რადგან ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ ქალთა ორგანიზაციის ჩამოყალიბება და გენდერული თანასწორობისთვის მხარის აბმა. უკვე მოვიარეთ აჭარა, გურია, სამეგრელო, ვიყავით მარტყოფში, ვაპირებთ მთელი საქართველოს შემოვლას, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები იმერეთში, კახეთში. ჩავალთ ყველა იმ რეგიონში, სადაც რომელიმე ქალი გვეტყვის, ჩვენ თქვენთან შეხვდრა და დახმარება გვინდაო. ყველა რეგიონში ქალებს იდენტური პრობლემები აქვთ: ყველას აწუხებს უმუშევრობა, რადგან თვითრეალიზებას ვერ ახდენენ, უგზოობა, უწყლობა, ყოფითი პრობლემები რომლებიც ქვეყანაში მოუგვარებელია. გურიის, სამეგრელოს, აჭარის ქალების საწუხარი წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. ბევრი მათგანი არ მალავს, რომ გვერდით ედგა `ოცნებას~, სჯეროდა მისი და ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ არაფერი გააკეთეს და ძალიან ნანობენ მათ მხარდაჭერას. იმედგაცრუებულები იმასაც ამბობენ, რა უნდა მოხდეს, არჩევნებზე კვლავ 41 რომ შემოვხაზოთო?! სამეგრელოში `ოცნების~ დაპირებები დაფაზეც კი ჩამოვწერეთ და ერთზე ვერ თქვეს, რომ შესრულდა. არც ერთი დაპირება არ შესრულებულა, რასაც ეს ქალბატონები ელოდებოდნენ. მათ ძველებურად ისევ უწევთ წყლის მოსატანად კილომეტრების გავლა, ვედროებით ზიდვა და ა. შ. ქალებს გაძლიერება და მმართველობის სადავეების ხელში აღება იმიტომ უნდათ, რომ მამაკაცი ვერ ხედავს ყოფით პრობლემებს, სახლში მოსულს ხვდება სადილი, მოვლილი სახლი, შვილი, მაგრამ ეს რის ფასად უჯდება ქალს, მისთვის უცნობია. ქალი ნემსის ყუნწში ძვრება და ამ ყველაფერს აგვარებს, მაგრამ როგორ, რის ფასად, ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ეს დაპირებებიც პირდაპირ და ირიბად მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხებოდა, მაგრამ ის კვლავ საოცნებოდ დარჩა, ამიტომ უნდათ, რომ ხელისუფლებაში იყვნენ და თავად მიხედონ იმ პრობლემებს, რაც მათ წინაშე დგას.

(კომენტარი დასამატებელია)

ნელი ვარდიაშვილი