რა მისწერეს „ადიდასმა“, „ნაიკმა“, „ნიუბალანსმა“ და „პუმამ“ დავით სერგეენკოს?

10111

პროფკავშირების გაერთიანება მთავრობას მიმართავს, მინიმალური ხელფასის ოდენობა გადაიხედოს. რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან, პროფკავშირების ორგანიზებით ღირსეული შრომის დღის აქცია ჩატარდა და მასში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, ახალგაზრდული პროფკავშირების წარმომადგენლები.

გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს საწარმოებში სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, ქვეყანაში კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებები დაუცველია და ანაზღაურება დაბალია.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ, მთავრობისა და პარლამენტისადმი მიმართვა წაიკითხა, რომლითაც პროფკავშირები ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვს. მიმართვის თანახმად, საჯარო სექტორისათვის მინიმალური ხელფასი 115 ლარს შეადგენს, ხოლო კერძო სექტორში დაწესებული სახელფასო მინიმუმი _ 20 ლარი(?!!), 1997 წლიდან აღარ შეცვლილა.
პროფკავშირები მოუწოდებს მთავრობასა და პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები სოციალურ პარტნიორებთან, პროფკავშირებთან ქვეყანაში მინიმალური ხელფასის პოლიტიკის გადახედვის მიზნით.
ამასთან, საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა სემეკის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა. მას სოლიდარობის ნიშნად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და მისი წევრი სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

ზემოაღნიშნულ პრობლემატიკაზე „ქრონიკა+“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას ესაუბრება:

_ დავიწყოთ მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნიდან. ცნობილია, რომ ცივილიზებულ სამყაროში საარსებო მინიმუმი, ერთგვარი, ყველაზე მცირე შემოსავალია, რომელიც შრომისუნარიან ადამიანს უნდა ჰქონდეს ერთსულიან, ორსულიან და ა. შ. ოჯახში. ეს სახელმწიფოს რომელიმე სააგენტოს მიერ გამოითვლება. ჩვენთან ამას აკეთებს სტატისტიკს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც მონაცემებს ყოველთვიურად აქვეყნებს.
ასევე ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასი უნდა უსწრებდეს საარსებო მინიმუმს. ვინაიდან საარსებო მინიმუმი ეს არის ერთგვარად ბიოლოგიური არსებობისთვის საჭირო აუცილებელი თანხა, მომსახურებაზე გასაწევი მცირე ოდენობის თანხის დამატებით, ხოლო მინიმალური ხელფასი ეს არის არა მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილებებისთვის საჭირო თანხის რაოდენობა, არამედ ეს არის ადამიანის, როგორც სოციალურ, კულტურულ ასევე სხვა სფეროებში ნორმალური ფუნქციონირებისთვის, შესაძლებლობებისთვის საჭირო ფინანსური ჯამი. საქართველოში პირიქით არის, საარსებო მინიმუმი უსწრებს მინიმალურ ხელფასს. თუ დავკონკრეტდებით, აღმოვაჩენთ, რომ კერძო სექტორში საარსებო მინიმუმი, რომელიც აგვისტოში 157 ლარი იყო (სექტემბრის ჯერ უცნობია), თითქმის რვაჯერ მეტია მინიმალურ ხელფასზე. მოგეხსენებათ, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი დღემდე 20 ლარია. ეს საკითხი პრეზიდენტის ბრძანებით არის დარეგულირებული; ხოლო საჯარო სექტორში არსებულ მინიმალურ ხელფასს, 115 ლარს, საარსებო მინიმუმი 30-32%-ით უსწრებს. ანუ გამოდის, რომ საქართველოში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე საარსებო მინიმუმი.
მეტიც, პენსია, რომელიც აგვისტომდე 150 ლარს შეადგენდა, ასევე ჩამოუვარდებოდა საარსებო მინიმუმს მთელ ამ პერიოდში. მხოლოდ სექტემბერში, იმის გამო, რომ პენსია 10 ლარით გაიზარდა, ის საარსებო მინიმუმამდე აიწია. ანუ არანორმალურია, რაც საქართველოში მინიმალური ხელფასის კუთხით ხდება და, მეორე მხრივ, ეს სამარცხვინო რეალობაა ხელისუფლებისთვის და, ზოგადად, ჩვენი საზოგადოებისთვის.
რაც შეეხება ჩვენს ბოლო მოთხოვნას, ღირსეული შრომის დღე ჩავატარეთ…
_ სანამ ბოლო მოთხოვნებზე გადავალთ, 1997 წლის შემდეგ მინიმალურ ხელფასზე (20 ლარი) პრეზიდენტის ბრძანებულება დღემდე შეცვლილი რომ არ არის, ამის მიზეზი, მოტივაცია სად უნდა ვეძიოთ?
_ ჩვენთვის ეს მოტივაცია გაუგებარია. პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მთავრობა, პოლიტიკოსები ამაზე ოფიციალურად არ საუბრობენ. თუ კულუარებში მათ ლაპარაკს მოუსმენთ, მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი, როგორც ასეთი, საერთოდ არ უნდა არსებობდეს. პრინციპში, ასეც გამოდის _ კერძო სექტორში 20 ლარი გინდ ყოფილა, გინდა _ არა, ხომ? ამიტომ მათთვის ის არ არსებობს, მაგრამ პრინციპულად არ აუქმებენ და ქაღალდზე მაინც წერია. რომ ჰკითხოთ, ძირითად, არაოფიციალურ მიზეზად რასაც ასახელებენ, ეს არის ინვესტორებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ანუ მათთვის ქვეყანაში მინიმალური ხელფასის არსებობა ხელშემშლელი ფაქტორია ინვესტიციის განხორციელებისთვის. მიაჩნიათ, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება ერთგვარი რეგულაციაა, რომელიც ბიზნესისთვის, ინვესტორებისთვის არასასურველია. ამდენად, ფიქრობენ, რომ ეს უსარგებლო ნაბიჯია.
წინა მთავრობა რეგულაციების მოსპობის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო და, ზოგადად, ყველაფრის ლიბერალიზაციას ემხრობოდა. მათი პოლიტიკით, საჯარო სექტორში კიდევ შეიძლება გავზარდოთ მინიმალური ხელფასი, რადგან იქ ხომ ინვესტიციები არ მიდის, საჯარო სექტორია და სახელმწიფოა იქ დამსაქმებელი. აი, კერძო სექტორში არ უნდა გავზარდოთ, საერთოდაც უნდა დავივიწყოთ, რადგან ამ სექტორში ინვესტიციები არის განსახორციელებელი, ბიზნესმენები უნდა ჩამოვიდნენ და ა. შ. და თუ გავზრდით ამ 20 ლარს, მათ შევაშინებთ და აღარ ჩამოვლენო.
_ მერე რამდენად მისაღებია ეს პოზიცია?
_ სინამდვილეში, ეს ბლეფი და სიცრუეა. ჩვენ სწორედ ბოლო მიმართვაში აღვნიშნეთ, რომ უკვე არა მხოლოდ პროფესიული კავშირების გაერთიანება ან დასაქმებულები მოითხოვენ მინიმალური ხელფასის გაზრდას, არამედ ამას უკვე მსხვილი ბიზნესიც მოითხოვს; მით უმეტეს, უცხოური ბიზნესიც. სერიოზულმა ბრენდებმა: `ადიდასმა~, `ნაიკმა~, `ნიუბალანსმა~, `პუმამ~, მსოფლიოს ოთხმა უმსხვილესმა ბრენდმა, რომელიც სამკერვალო სფეროში მოღვაწეობს, ხელისუფლებას წერილით მიმართეს, კერძოდ შრომისა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, სადაც მოითხოვეს, რომ ჩვენი სახელით ნუ მანიპულირებთო. ანუ ჩვენ, კომპანიები, ინვესტორები მომხრე ვართ ნორმალური, რაციონალური დონის მინიმალური ხელფასისო. პირიქით, მეტიც გვინდა იყოს და თქვენ გადახედეთ თქვენს სამარცხვინო პოლიტიკას და ოცლარიანი მინიმალური ხელფასი ქვეყანაში რეალურ საარსებო მინიმუმს დაუახლოვეთო.
ამავდროულად, მოითხოვეს, რომ საქართველოში ამოქმედდეს ეფექტიანი შრომის ინსპექცია, რათა გაკონტროლდეს, რამდენად შესრულდება მინიმალური ხელფასის მოთხოვნა ქვეყანაში და მას დაიცავენ კომპანიები. რასაკვირველია, ეს უკვე სერიოზული არგუმენტია საზოგადოების ხელში, ჩვენთვისაც, როდესაც მშრომელები და ბიზნესი მთავრობას უკვე ერთ ხმაში ეუბნებიან, რომ ჩვენით ნუ მანიპულირებთ და სპეკულირებთ, გაზარდეთ მინიმალური ხელფასი ღირსეულ ოდენობამდეო. ვფიქრობ, მთავრობას არ აქვს არანაირი არგუმენტი, კიდევ წაუყრუოს და გადაწიოს მინიმალური ხელფასის გადახედვის მოთხოვნას.
_ იყო თუ არა მთავრობის მხრიდან რეაგირება და რას ელოდებით?
_ ოთხი კომპანიის წერილი საქართველოს მთავრობას, თუ არ ვცდები, 25 აგვისტოს მოუვიდა, ანუ თვეზე ცოტა მეტია გასული. ამ კომპანიებს, რომლებსაც ამერიკული, ვაშინგტონში არსებული სამართლიანი შრომის ასოციაცია წარმოადგენდა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
ჩვენი მოთხოვნა მთავრობას 3 ოქტომბერს გავუგზავნეთ და ასევე პასუხს ველოდებით. კონკრეტული გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა. დაველოდებით ერთი კვირა, ათიოდე დღე და შემდეგ, თუ პასუხი არ იქნა, უკვე საინფორმაციო-საპროტესტო კამპანიის ელემენტებს მივმართავთ, რათა მთავრობას, ბოლოს და ბოლოს, ვათქმევინოთ, თუ რას ფიქრობს ამ საკითხზე.
_ „ღირსეული შრომის“ დღეს ირაკლი პეტრიაშვილმა ისაუბრა იმ სავალალო მდგომარეობაზე, რომელიც არსებობს საქართველოს საწარმოებში: ჭიათურაში, ზესტაფონში, ტყიბულში, კაჭრეთში, აჭარის ტექსტილის ფაბრიკებში, შრომის პირობებთან დაკავშირებით. ამ საწარმოებს რა პრობლემატიკა აერთიანებს, რაც სასწრაფოდ გადაწყვეტას მოითხოვს?
_ მთავარი პრობლემები მძიმე მრეწველობაშია, როგორიცაა სათბობ-მომპოვებელი საწარმოები, მეტალურგიული და ა. შ. მათ უმთავრესი აერთიანებს: შრომის უსაფრთხოების პირობები, შრომითი ექსპლუატაცია…
იგულისხმება ის, რომ არასაკმარისი მუშახელით მთელი დატვირთვით მუშაობენ ეს საწარმოები. ანუ უბანზე, სადაც აქამდე 6-7 ადამიანი მუშაობდა, დღეს 3-4 ადამიანი დარჩა. ძალიან ხშირად, შვებულებაში ან სამკურნალოდ გასვლის დროს, არავინაა, რომ უბანზე შეცვალოს სრულფასოვნად. ისევ დარჩენილებს უწევთ იმ ადამიანის დატვირთვის საკუთარ თავზე აღება. ანუ რეალურად ეს არის შრომითი ექსპლუატაციის ნიშნების შემცველი და ადამიანებს მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ.
ეს ხდება განსაკუთრებით ჭიათურაში, სადაც მოძველებულია ტექნიკა, მთელი ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრი სამუშაოა ადგილზე ტრავმების თვალსაზრისით, არის სიკვდილის შემთხვევები. თქვენ მიერ ჩამოთვლილ მძიმე მრეწველობის კომპანიებში ძალიან რთულია ისეთი კანონით დაწესებული უფლებების აღსრულება-ამოქმედება, როგორიცაა ზეგანაკვეთური ანაზღაურების მიღება, ათდღიანი ანაზღაურებადი შვებულების დანამატის სახით მიღება, ვინაიდან ისინი საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არიან დასაქმებული.
მათ ასევე აერთიანებს ის, რომ დამსაქმებელთან რთულია კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება. დამსაქმებელი, ფაქტობრივად, არ ცნობს დასაქმებულების კოლექტიურ წარმომადგენლობას. მათთან არ აქვს ისეთი ურთიერობა, როგორც კანონმდებლობა და მსოფლიოში არსებული ცივილიზებული პრაქტიკა მოითხოვს. აქედან გამომდინარეა დასაქმებულთა პრობლემები.
_ ამ ფონზე, რა ელის ნორმალური ფუნქციის მქონე შრომის ინსპექციის ამოქმედებას?
_ კარგი შეკითხვაა. 2016 წლისთვის ბუჯეტის დაგეგმვის პროცესი დაიწყო და პირველი პროექტი უკვე შევიდა პარლამენტში. რასაკვირველია, ეს პროექტი ჯერ პარლამენტიდან უკან მთავრობაში დაბრუნდება. მაგრამ უკვე შეტანილ პროექტში ჩვენ შევეცადეთ აღმოგვეჩინა არის თუ არა შრომის ინსპექციისთვის გათვალისწინებული ხარჯები. ანუ რა უწერია შრომის ინსპექციის რეალურად შექმნას, რადგან მთავრობა მომავალი წლიდან მის ქმედით ფუნქციონირებას გვპირდებოდა. ამ შემთხვევაში, ეს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ხარჯებში უნდა გამოჩნდეს. ამ ეტაპზე ეს ვერ ვნახეთ, რადგან ბიუჯეტი ვერ მოვიპოვეთ.
ახლა თხოვნით მივმართავთ ფინანსთა სამინისტროს, რათა დეტალურად გავარკვიოთ, თუ რას მოიცავს შრომისა და ჯანდაცვის ხარჯები? იქნებ, მოვიპოვოთ ინფორმაცია ქმედითი შრომის ინსპქციის ამოქმედების შესახებ, რათა დავწყნარდეთ და ეს სასიხარულო ინფორმაცია ჩვენს წევრებს გავაცნოთ, თუ ასეთი იქნება.
დაველოდოთ დეკემბერში ბიუჯეტის დამტკიცებას და მეორე _ რომ რეალურად დაიწყოს ფულის ხარჯვა იანვრიდან. მაშინ უკვე დავრწმუნდებით, როცა რეალურად დავინახავთ დასაქმებულებს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში, ვნახავთ მის ხელმძღვანელს, შრომის ინსპექტორებს და ა. შ. პერსპექტივა ბუნდოვანია და ველოდებით, როგორ შეასრულებს მთავრობა მთელი წლის დანაპირებს.
_ ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქცია ჰქონდათ ენერგეტიკოსებსაც…
_ პრობლემა შემდეგია: როდესაც ენერგო-პროს ახალი ტარიფი დაუმტკიცდა, მასში შრომის ანაზღაურების მატება უნდა ყოფლიყო ასახული, მაგრამ არც კომპანიამ წარადგინა ტარიფში მატების კუთხით წინადადება და რომც წარედგინა, ცნობილი იყო, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია არ აპირებდა სახელფასო დანამატის ტარიფის კომპონენტში შეტანას. შესაბამისად, კომპანია ხელს იშვერს კომისიისკენ, კომისია _ კომპანიისკენ; მაგრამ, ამავდროულად, ამბობს, რომ რომც შემოეტანა, ჩვენ მაინც არ გავითვალისწინებდით გაზრდილ სახელფასო განაკვეთსო.
ფაქტობრივად, ხელფასების მატების საკითხი ყველგან დაბლოკილია _ ყველა იმ კომპანიასა და ორგანიზაციაში, რომელიც მარეგულირებლის ამა თუ იმ ქვეკომისიის განსჯის საგანია.
იგივე სიტუაციაა თელასში. მისი თანამშრომლები ხელფასის მატებას დიდი ხანია, მოითხოვენ. ისევ და ისევ კომისიამ ეს მატება ტარიფის გაზრდის საშიშროების მოტივით დაბლოკა. იგივე სიტუაციაა წყალმომარაგების სფეროში. ანუ ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკა აქვს, რომ ტარიფი უფრო მეტად რომ არ გაიზარდოს, ხელფასების გაზრდა არ უნდა მოითხოვონ კომპანიებმა; და თუ  მოითხოვეს, კომისიამ უნდა დაბლოკოს და არ დაუშვას ტარიფის მატება ხელფასის განაკვეთის ზრდის ხარჯზე.

გელა მამულაშვილი