„საქართველოში განათლება ხელმიუწვდომელი ხდება“

10

განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტულობა; სისტემის დეპოლიტიზება და პოლიციური რეჟიმის გავლენის აღმოფხვრა; ეფექტიანი მართვის, ასევე დაფინანსების მექანიზმების შექმნა; განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ხარისხის ამაღლება; ინფრასტრუქტურის აღდგენა და განვითარება; ნიჭიერი ახალგაზრდობის მოზიდვა მეცნიერებაში; კვლევების ხარისხის ამაღლება; ქართული მეცნიერების ინტეგრირება ევროპულ და საერთო მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში და სხვ. ეს ის საგანმანათლებლო თემებია, რომელზეც ხელისუფლება აღარ საუბრობს.
სამაგიეროდ, სფეროში არსებული მდგომარეობა სპეციალისტებს აშფოთებთ და საგანგაშო დასკვნებსაც აკეთებენ. `ქრონიკა+”-ს ესაუბრება მანანა ნიკოლაიშვილი:

_ რეალობა ისაა, რომ განათლება და მეცნიერება პრიორიტეტული ნამდვილად არ არის. ეს სიტყვა მარტო ქაღალდზე რომ დაწერო, ამით ესა თუ ის დარგი გამორჩეული არ ხდება. პრიორიტეტულობა იმას ნიშნავს, რომ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი მტკიცდება, იქ ყველაზე დიდი დაფინანსება უნდა ჰქონდეს დარგს, რომელიც პრიორიტეტულია. ვიცით, რომ განათლებასა და მეცნიერებას ყველაზე დიდი დაფინანსება არ აქვს.
_ უფრო კონკრეტულად…
_ განათლების სისტემის დეპოლიტიზებასა და პოლიციური რეჟიმის აღმოფხვრაზე გეტყვით. პოლიციურ რეჟიმში იგულისხმება, რომ სკოლებში მანდატურის ინსტიტუტს ისეთი ფუნქციები და მოვალეობები ჰქონდა, რომ ამან უკვე მახინჯი ფორმა მიიღო. კი ბატონო, მანდატურის სამსახური გარდაქმნეს, მისი შინაარსი შეიცვალა. ფსიქოლოგიური სამსახური შეიქმნა და მასთან ერთად თითქოს გაკეთილშობილდა, მაგრამ პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გაუმართლებელია ასეთი ფორმით მანდატურის ინსტიტუტის ყოფნა საგანმანათლებლო დაწესებულებაში _ ფორმა და ა. შ., თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინსტიტუტი ბევრად გაკეთილშობილდა.
მეორე მხრივ, ვერ ვიტყვით, რომ ძალოვანი სტრუქტურებისგან რაღაც დიდი დოზით განთავისუფლდა განათლებისა და მეცნიერების სისტემა. ძალიან დიდი დოზით არის ეს გავლენა ისევ წარმოდგენილი. უმაღლეს სასწავლებლებში რაღაც სპეცდაცვის სამსახურები იყო შექმნილი, უშიშროების სისტემა წინა ხელისუფლების დროსაც უხვად იყო წარმოდგენილი. საკადრო საკითხები იქნება თუ სხვა, დღესაც ძალიან უხეშად შეინიშნება უშიშროების სამსახურების ჩარევა.
რაც შეეხება დეპოლიტიზებას, მთლად ვერ განთავისუფლდება, მით უმეტეს, ჩვენი ტიპისა და ყაიდის ქვეყანაში. პოლიტიკური სახელისუფლებო პარტია და სხვა ძალები არ უნდა ერეოდნენ საგანმანათლებლო სისტემის მართვაში _ ეს არის უპირველესად მართვისა და საკადრო საკითხები. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენნაირი დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყანაში, რომ მმართველი პარტია არ ჩაერიოს და პოლიტიკამ არ ითამაშოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორის როლი?
არაერთხელ, თქვენი გაზეთის ფურცლებზეც დაწერილა, რომ, მაგალითად, სხვადასხვა კონკურსი როცა ტარდება, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა შტო, იგივე უშიშროების (სუსი) თანამშრომლები პროცესში ერევიან, ვიღაცებს იბარებენ და ა. შ. ასეთი შემთხვევები არის და შუქდება კიდეც. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ სისტემის სრული დეპოლიტიზაცია მოხდა. სრული დეპოლიტიზაცია და პოლიციური რეჟიმის გავლენებისგან თავის დაღწევა მაშინ მოხდება, როცა ქვეყანა დემოკრატიულობის თვალსაზრისით უფრო მაღალ საფეხურებზე ავა და განათლების კანონმდებლობა უფრო დემოკრტიული იქნება.
_ განათლების სისტემის ეფექტიანი მართვის მექანიზმები…
_ ამ კუთხით, მართვის თვალსაზრისით, გაკეთდა ის, რომ სტრატეგიული გეგმა შემუშავდა და მოეწყო ფართო განხილვა. მაგრამ ამის იქით რა გაკეთდა? უნდა გაკეთებულიყო განათლების სფეროში სახელმწიფო ორგანოების უფლებებისა და მოვალეობების გონივრული და ეფექტიანი თანაფარდობა; და მკვეთრად უნდა გამიჯნულიყო ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები განათლების სფეროში, მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესების შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში უნდა გადასულიყო ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, სკოლების დაფუძნების საკითხი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ასევე მათი დაფინანსება და კონტროლი. რეგიონს გადაეცემოდა უფლებამოსილებები დაფუძნების, დაფინანსების, კონტროლისა და ასევე პროფესიული განათლების სფეროში. ბაგა-ბაღების სფეროში ისედაც არის გადასული და ეს სასკოლო, პროფესიულში უნდა მომხდარიყო.
გაკეთდა ეს? _ არ გაკეთებულა, ვერ მოახერხეს ამის გაკეთება. ეს ისეთი ხანგრძლივი პროცესია, დარჩენილ ერთ წელიწადში, რასაკვირველია, ამას ვერ მოასწრებენ, სულ დღე და ღამე ამაზე რომ იმუშაონ.
ადგილობრივი ხელისუფლება, თვითმმართველობა ვალდებულია, რომ სასკოლო, პროფესიულ განათლებაში რაღაც მიზნობრივი პროგრამები ჰქონდეს, ამ დროს არაფერი არ არის. რაც უნდა პროგრამაში შეიტანო (აქ მარტო თბილისის მერიას არ ვგულისხმობ), არსად არაფერს აფინანსებენ. ამ ვაუჩერს ცენტრალური ბიუჯეტი იღებს და ადგილობრივ ხელისუფლებას ჰგონია, რომ მორჩა, ამით ყველაფერი დამთავრდა. რადგან არსებობს ვაუჩერი, ჰგონიათ, რომ არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნიათ, არადა, კანონმდებლობით პირდაპირ ევალებათ, რომ სასკოლო თუ პროფესიული განათლების დაწესებულებების დაფინანსების კუთხით, სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა ჰქონდეთ.
საკადრო პოლიტიკის კუთხით არანაირი წინსვლა არ არის, იმიტომ, რომ უნდა შექმნილიყი მოქნილი მექანიზმები, შემუშავებულიყო კრიტერიუმები; მიღებულიყო ნორმატიული აქტები, რომლითაც დამტკიცდებოდა ამა თუ იმ თანამდებობაზე, ადმინისტრაციულზე თუ აკადემიურზე, რა კრიტერიუმებით უნდა იყვნენ უმაღლეს სკოლაში ადამიანები შერჩეული. დღემდე არ შეცვლილა, მაგალითად, დირექტორების არჩევის წესი, რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების, სამინისტროში ხელმძღვანელი მუშაკების შერჩევის წესი. კონკურსები მაქვს მხედველობაში, რაშიც გამოცდები ტარდებოდა. მაგალითად, უმაღლეს სასწავლებლებში დიდად არ შეცვლილა კანონმდებლობა და, ძირითადად, ერთი პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტდა აკადემიური კადრები. მთლიანად, ხელუხლებად შენარჩუნებულია როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული კადრები უმაღლეს სკოლებში. სკოლის დირექტორების ახალი შესარჩევი კონკურსები ჩატარდა, მაგრამ, ძირითადად, მაღალი პროცენტით ისევ ძველ დირექტორთა შემადგენლობა დარჩა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ კადრები აქეთ-იქით გადააადგილეს; ვერ ვიტყვით, რომ პროფესიული კადრები მოზიდეს დირექტორის თანამდებობებზე.
ასევე სკოლებში ვერც პროფესიონალები მოიზიდეს მასწავლებლებად. არავითარი ახალი სისტემა საკადრო პოლიტიკის, ახალი მიმართულებები და მექანიზმები არ შექმნილა.
_ მმართველი გუნდი ბევრს საუბრობდა, რომ დაცული იქნება მასწავლებლის, პროფესორის, მეცნიერის შრომითი უფლება და მათ ვერავინ გაათავისუფლებს, გადაირჩევს პირადი თუ პოლიტიკური მოტივების გამო…
_ ახლა შეიძლება ვინმე შემომედავოს, რომ შრომის კანონთა კოდექსში შევიდა საჭირო ცვლილებები. ამოიღეს, დავუშვათ, ის ყბადაღებული, 37-ე დ მუხლი, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეეძლოთ, შრომითი ხელშეკრულება შეეწყვიტათ. არა, ჩემო ბატონებო, რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები შევიდა, მაგრამ ჩვენ მიერთებული ვართ მთელ რიგ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე და მასწავლებელს უვადო შრომითი ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს. დღემდე კანონმდებლობა იმ ფორმით არის შენარჩუნებული, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. ანუ უვადო შრომითი ხელშეკრულება უნდა იდებოდეს და თუ მასწავლებელი მოსახსნელია (დააშავებს და კანონმდებლობას დაარღვევს), მაშინ მას შეუწყდება ეს ხელშეკრულება. ამიტომ არ შეიძლება, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მოქმედებდეს.
სახელმწიფო კონტროლი სათანადოდ ვერ ხორციელდება ვერც ეფექტიანად და ვერც არაეფექტიანად. მთელი სისტემა ერთიანი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს მოქცეული. დღეს ისეთი სისტემაა შექმნილი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო კონტროლი ვერ ხორციელდება, რაც უდიდესი ნაკლია.
_ რაც შეხება განათლების ხელმისაწვდომობას?
_ ეს ჩვენი კონსტიტუციის უპირველესი მოთხოვნაა. საერთაშორისო ნორმების მოთხოვნაა, რაზედაც საქართველო არის მიბმული. განათლების ხელმისაწვდომობა დარღვეული იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს. „ოცნების“ ხელისუფლებისას რაღაც ნაბიჯები გადაიდგა. მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ბევრი სკოლა რომ დაიხურა, „ოცნების“ მმართველობისას სკოლების მასობრივი დახურვა შეწყდა, ცალკეული შემთხვევები არ მაგონდება. მაგრამ შეპირება, იცით, რა იყო? _ რომ დახურული სკოლები აღდგებოდა გონივრულ ვადებში და გონივრული რიცხვით. 1200-ზე მეტი სკოლა დაიხურა წინა მმართველობისას, შეიძლება ამდენივე არ აღდგენილიყო და ეს, ალბათ, საჭიროებას არც წარმოადგენდა, მაგრამ უმეტესობა უნდა გახსნილიყო. ეს არ მომხდარა, გარდა თითო-ოროლა შემთხვევისა. მაგრამ ეს მთავარი განმსაზღვრელია განათლების ხელმისაწვდომობის, რომ მასობრივი უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამ მხრივაც ჩავარდნა აქვს „ქართულ ოცნებას“.
შემდეგ ტრანსპორტირება მოხდა, მაგრამ არა ყველგან. პირველ წელს 30 სასკოლო ავტობუსი დაინიშნა, მაგრამ ეს არასაკმარისია. მთელ რიგ რეგიონებსა და სოფლებში ბავშვებს ფეხით ათეულობით კილომეტრის გავლა უწევთ.
ასევე, განათლების ხელმისაწვდომობა დარღვეულია პირველ ეტაპზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მხრივ. თავის დროზე, რეფორმის გატარებისას ათასზე მეტი სკოლამდელი დაწესებულება დაიხურა, გაიყიდა, მიიტაცეს მათი ეზოები და შენობები. „ოცნების“ დაპირება იყო, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდებოდა, მაგრამ სახელმწიფოს არაფერი დაუბრუნებია ამ უკანონოდ მიტაცებული ქონებიდან. ამ მხრივ, გაურკვეველი დაპირებებია. მაგალითად, თბილისის საკრებულო ვარდისფერი სათვალით იყურება და დედაქალაქის მოსახლეობას ზღაპრებს უყვება. ასევე ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც ვერ შეასრულებენ: ავაშენებთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, ამდენს და ამდენსო. შეიძლება ბიუჯეტმა ერთი-ორი, მაქსიმუმ, სამი შენობა ააშენოს ყოველწლიურად, მაგრამ ქვეყანას ათასზე მეტი ბაგა-ბაღი სჭირდება, ის, რაც წინა ხელისუფლების დროს დაიხურა. მარტო დედაქალაქში 50-ზე მეტი საბავშვო ბაღი არის მიტაცებული. თბილისის ბიუჯეტი 50 ბაგა-ბაღს როდის ააშენებს, ან კიდევ ცენტრალური ბიუჯეტი? ამიტომ ბავშვები სახლში სხედან და ელემენტარულად სწავლების პირველ საფეხურზე ვერ მიდიან. ასეთი ყოველ წელიწადში ათი ათასობით ბავშვია.
ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სკოლისთვის მზაობის პროგრამა შეიმუშავა, მაგრამ შენობები არ არის, რომ ეს პროგრამა განხორციელდეს. ბაღებში ადგილები არ არის და სკოლებში უნდა გამოყოფილიყო შესაბამისი ადგილები. სკოლებიც ამ დროს გადატვირთულია. ამას გარდა, საქმეს ფინანსები სჭირდება, რაც დიდად არ არის გამოყოფილი.
უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა განხორციელდა, რაც ძალიან დადებითი მოვლენაა. ბევრს აკრიტიკებენ და პროგრამის დეტალებში არ შევალ, ეს სხვა საუბრის თემაა. პროგრამა დადებითია, მაგრამ გარდა სახელმძღვანელოსი ბავშვს უამრავი სხვა რამ სჭირდება _ საკანცელარიო ნივთები, უპირველესად, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სასმელი და საჭმელი. ამ მხრივ, საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვია, რომელსაც ეს არ გააჩნია. და ამ მიზეზის გამო ბავშვი სკოლაში ვერ მიდის. ეს უფასო სახელმძღვანელო აქვს, მაგრამ მაინც ვერ მიდის სკოლაში. ელემენტარულად არ აქვს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რვეული, ჩანთა, პასტა, სახაზავი და ა. შ. ამიტომ საქართველოში განათლება ხელმიუწვდომელი ხდება.
არაქართულენოვან მოსახლეობაში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო და ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფდნენ ქართულ ენაზე სკოლამდელი აღზრდა-განათლების ხელმისაწვდომობას. ეს ქართულ ენაზე არაქართული მოსახლეობისთვის კი არა, საერთოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ ხდება. არ მიმდინარეობს ქართული ენის ინტენსიური სწავლება არაქართულენოვან მოსახლეობაში. ამიტომ სკოლაში მერხთან ისეთი ბავშვი ზის, რომელმაც არც ქართული იცის, არც რუსული და ვერაფერს იგებს. ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ის ცხრათვიანი მოსამზადებელი პროგრამები საკმარისი არ არის. აუდიტორიაში ზის აბიტურიენტი, რომელმაც არც ქართული იცის, არც რუსული, ინგლისური და რა უნდა ისწავლოს?! თავის მხრივ, პროფესორ-მასწავლებლებმა სომხური და აზერბაიჯანული არ იციან და რომც იცოდნენ, ამ ენებზე როგორ წაიკითხავენ? ამისთვის მთავარი ეფექტური საშუალება ის არის, რომ ქართული სახელმწიფო ენის პროგრამა ამუშავდეს და მისი დაცვის ღონისძიებები გატარდეს. არაფერი არ გაკეთებულა ამ კუთხით.
მაღალმთიანი რეგიონების მცირეკონტინგენტიან სკოლებს ეს ხელისუფლება არ ხურავს. ცდილობენ, რომ ასეთი სკოლები შეინარჩუნონ.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ 21 მიმართულებით საბაკალავრო პროგრამებს სახელმწიფო აფინანსებს. კი ბატონო, ეს მისასალმებელი ამბავია, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა, რომ ბაკალავრიატის რაღაც ერთი დონე მთლიანად დაფინანსებულიყო სახელმწიფოს მხრიდან.
სტუდენტთა დახმარების სოციალური პროგრამები, გარკვეულწილად, ფინანსდება. სხვათა შორის, ეს წინა ხელისუფლების დროსაც იყო, მაგრამ ახლა უფრო გაუმჯობესება შეინიშნება. სტუდენტების საერთო საცხოვრებლებით უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯები არ არის.  ყველა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი მიტაცებულ-გაყიდულია და სამშენებლო ფირმები მათ ადგილზე გაშმაგებით აშენებენ მრავალსართულიან სახლებს. მაგალითად, სამედიცინოს საცხოვრებელი აღარ აქვს და ახლა იქ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ზოგან დიდი ხანია, გაყიდეს. მგონი, საქართველო გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც სტუდენტს საერთო საცხოვრებელი არ გააჩნია. ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება სტუდენტს და მის ოჯახს. იცით, რა ღირს დედაქალაქში ბინების დაქირავება? ასევე არიან უცხოეთიდან ჩამოსულები.
ასევე პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იქნებოდა, რასაც ვერ ვიტყვით. წინა ხელისუფლებისას მასშტაბურად დაიხურა და განადგურდა ეს ქსელი. ახლა სახელმწიფო სექტორში დაფინანსება მცირეა, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი საკმაოდ ძვირი ღირს.
გადავიდეთ განათლების ხარისხზე და ორიოდე სიტყვა აქაც ვთქვათ. სახელმწიფო იმიტომ წვალობს და კაცობრიობამ მთელი განათლების სისტემა იმიტომ მოიფიქრა, რომ აქ მთავარია ბავშვმა, სტუდენტმა მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს, კონკურენტუნარიანი გახდეს. საქართველოში, სწავლების ნებისმიერ დონეზე, ეს უზრუნველყოფილი არ არის. განათლების ხარისხი ჩვენში არ ამაღლებულა. პირიქით, წლებთან ერთად, უკან-უკან მივდივართ. რატომ? იმიტომ, რომ განათლების შინაარსი არ შეცვლილა. ამას რა განსაზღვრავს? _ ეროვნული სასწავლო გეგმა არ შეცვლილა, რომელიც ძირფესვიანად უნდა შეცვლილიყო; ანუ საგნობრივი სტანდარტები, პროგრამები, სასკოლო სახელმძღვანელოები. იგივე ეხება პროფესიულ განათლებასაც და უმაღლეს სკოლასაც. ძირფესვიანად უნდა გადახედილიყო განათლების შინაარსი, რაც არ მომხდარა. ძალაშია ის ძველი სტანდარტები, ასეთივე პროგრამები და სასკოლო სახელმძღვანელოები. რა ხდება, რატომ არ შეიცვალა ეს და კიდევ სამი წელი რატომ დაიკარგა? ასი ათასობით ახალგაზრდას რომ უფრო მაღალი ხარისხის განათლება მიწოდებოდა? რატომ არ შემცირდა კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა, რატომ 25-მდე მაინც არ დავიდა? ეს ხომ პროგრამაში უწერიათ, რომელიც ასევე არ შესრულებულა. სკოლები გადატვირთულია და შესრულების შემთხვევაში განიტვირთებოდა.
რაც ჩამოვთვალე, ეს ყველაფერი სწორედ განათლების ხარისხს ურტყამს, მარტო მასწავლებლის კვალიფიკაციას რომ აბრალებენ. თუმცა ამაზეც ვისაუბროთ. მასწავლებლების კვალიფიკაციაზე პროგრამაში უწერიათ, რომ სათანადოდ ამაღლდებოდა და ამ პროცესს დააფინანსებდნენ. ეს რატომ არ მოხდა? საერთოდ არ ჩატარებულა ტრენინგები სახელმწიფოს დაფინანსებით, ესენი რაც სათავეში მოვიდნენ. რატომ არ ჩაატარეს, რა, საგამოცდო წელი არ იყო? მერე „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა, რომ ამ ღირსების შემლახველ და მახინჯი ფორმის სასერტიფიკაციო გამოცდებს არ დატოვებდა, მაგრამ არ შეცვალეს. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა შემოიღეს და ეს რა, იმაზე უკეთესია? არ არის უკეთესი! აბსოლუტურად ბუნდოვანი და არაფრისმომცემი იქნება შეფასების ეს კრიტერიუმები.
ამ პროგრამაში უწერიათ, რომ მასწავლებელს ღირსეული ცხოვრებისთვის პირობებს შევუქმნითო. ამას 50 ლარის მომატებით აპირებენ, გინდა 100 ლარის მატებით?! ამდენიც არ მომატებულა, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა. ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დასაწყისში მინიმალური ხელფასი 920 ლარი უნდა ყოფილიყო და „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, საბაზისო ხელფასი 500 ლარი იქნებაო. ახლაც არ არის, ისე წურავენ ვადას, რომ ეს დაპირებაც ვერ შეასრულეს. ღირსეული ცხოვრების პირობები საიდან იქნება, თუ ხელფასს არ მისცემ, თუ პროფესიული განვითარების სქემით ღირსებას შეულახავ?
დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სად არის? _ არ არის. მე ზეპირად არ ვსაუბრობ, პირდაპირ უწერიათ, რომ არსებითად გადაიხედება ეროვნული სასწავლო გეგმა…
რაც შეეხება მეცნიერებას, იმას ვიტყვი, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეემუშავებინათ მეცნიერებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის კუთხით. ინფრასტრუქტურა განადგურებული დახვდათ, მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები გაყიდული, გასხვისებული და მიტაცებული იქნა. პრაქტიკულად, არც ერთი უკან არ დაბრუნებულა. თავის დროზე, რამდენიმე კაცი შეეწირა მათემათიკის ინსტიტუტის ნგრევას. კარგი იქნებოდა, რომ ამ ადამიანებისთვის სხვა ადგილები მიეცათ. მართალია, იგივე მათემატიკის ინსტიტუტს სხვაგან მისცეს შენობა, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა. მასობრივად რაც არის მიტაცებული, სამეცნიერო ინსტიტუტებს არ დაბრუნებიათ შენობები, მიწის ნაკვეთები, ლაბორატორიები.
დაფინანსების კუთხით მეცნიერ-მუშაკებს ხელფასი გაეზარდათ არცთუ დიდი ხნის წინ. ნიჭიერი ახალგაზრდობის მეცნიერებაში მოზიდვა, პრაქტიკულად, ვერ განხორციელდა, რადგან მეცნიერება საკმარისად დაფინანსებული და პრიორიტეტული არ არის. „ოცნებას“ პროგრამაში კიდევ ეწერა, რომ გადინებულ ტვინებს მოიზიდავდნენ, ვერ მოიზიდეს. პირიქით, ძალიან დიდი დოზით ხდება სამეცნიერო კადრების, ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ტვინების გადინება. საერთოდ, ქართველობა ნიჭიერებით არის ცნობლი, ნიჭიერი ერი ვართ, მაღალი პროცენტით ნიჭიერი მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობა გვყავს. ეს ახალგაზრდობა ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს, როგორც პოლიტიკურს, ასევე ფინანსურ-ეკონიმიკურს; და უყურებს, რომ მის ნიჭსა და შესაძლებლობებს საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ამიტომ მიდიან სხვაგან.
_ აქ რა შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას სახელმწიფომ?
_ პროგრამაში ჩაწერეს, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს მოვიზიდავთო. მაგრამ ეს ბავშვი მეცნიერებამდე ხომ უნდა აღზარდო? სკოლის ასაკიდან, სტუდენტობისას უკვე მიდის აქედან. და ვინც რჩება, მათი ნიჭის დეგრადირება და გაფლანგვა ხდება. ამიტომ სახელმწიფომ ნიჭიერ ბავშვთა პროგრამა უნდა გააკეთოს. არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებაში მსგავსი პროგრამა არ არსებობს. სხვათა შორის, გამალებული ომის მდგომარეობაში რომ ვიყავით და მილიარდი კი არა, მილიონი ლარი რომ არ იყო განათლების ბიუჯეტი, საქართველოში ნიჭიერ ბავშვთა პროგრამა მოქმედებდა; როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე. ახლა რა უბედურება გვჭირს?!

გელა მამულაშვილი