ვინ ითხოვს მონოპოლიური ფარმაცევტული კომპანიების დაშლას?!

99

პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად, ანტიმონოპოლიური კანონის შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოსაგან მონოპოლიური ფარმაცევტული კომპანიების დაშლას ითხოვს. ალიანსის ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განმარტებით, მოსახლეობა ყველაზე მძიმედ წამლების გაძვირებას აღიქვამს, რომელთა ფასი, ბოლო პერიოდში, 20-დან 25%-მდე გაძვირდა, რაც კატასტროფის მაუწყებელია.
შატბერაშვილი განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია მედიკამენტებზე ფასების ზრდა და საუბრობს ასევე ხელისუფლების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზეც. მისი თქმით, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიას უჭირავს, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებით ახდენენ ფასების აწევასა და დაწევას.

ფარმაციის, ზოგადად, სამედიცინო სფეროში არსებულ მდგომარეობასა და გამოსავლის გზებზე, „ქრონიკა+“ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერს, სოსო შატბერაშვილს ესაუბრება:

_ საერთოდ, ქვეყანაში მონოპოლიები არ უნდა არსებობდეს და ამისთვის მოქმედებს ანტიმონოპოლიური კანონი. ამისთვის არსებობდა ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც სააკაშვილის დროს დაიშალა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღდგა და მას კონკურენციის სააგენტო ჰქვია. მაგრამ ეს სამსახური რეალურად არაფერს აკეთებს. აღდგა ფორმალურად, სხვებისთვის თვალის ასახვევად და მისი გაკეთებული რაც ვნახეთ, რამდენიმე ნავთობკომპანია კარტელური შეთანხმების გამო დაჯარიმდა. ამით არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, მათ ჯარიმა გადაახდევინეს და ხელებიც დაიბანეს. ბენზინის ფასი ისევ ისე რჩება, მონოპოლიები ნავთობკომპანიებზე ისევ ისეა.
და რაც მთავარია, საერთოდ არ გაკარებიან მონოპოლიურ ფარმაცევტულ კომპანიებს, რადგან, როგორც ჩანს, მათ ისეთი მფარველი ჰყავთ, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც პატრონობდა და დღესაც აგრძელებს.
ამიტომ არის საჭირო მონოპოლიური ფარმაცევტული კომპანიების დაშლა, რითაც წამლები, დაახლოებით, 30-40%-ით გაიაფდება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ბაზარი შეიქმნება; ამ კომპანიებს შორის არ მოხდება შეთანხმება მაღალი ფასის, მისი აწევის ან შენარჩუნების შესახებ.
_ ვის გულისხმობთ ამ სფეროს „პატრონებში“, რის გამოც მონოპოლიების წინააღმდეგ ნაბიჯები არც ადრე იდგმებოდა და არც ახლა? კონკრეტულად ვისზე მიანიშნებთ?
_ დაზუსტებით კონკრეტულ გვარს ვერ დავასახალებ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეს დარგი – ფარმაცია, ხელშეუხებელი იყო როგორც შევარდნაძის დროს, ასევე სააკაშვილის პერიოდში და ახლა, ღარიბაშვილის მმართველობის პირობებშიც. ამით რისი თქმა მინდა: ჰყავს მფარველი, ან მფარველთა ჯგუფი, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ეხება.
ამ ფონზე, მაინტერესებს, რისთვის აღდგა კონკურენციის სააგენტო, თუ ასეთ მნიშვნელოვან პრობლემას, რასაც ფარმაციაში მონოპოლია ჰქვია, ვერ შეეხებიან? ან ვერ უბედავენ, ან, ვიმეორებ, ერთი ან რამდენიმე მფარველი ჰყავს, რომელიც ხალხის ოფლის, სისხლის, ჯანმრთელობის, მათი ნაშრომ-ნაამაგარი ფულით მდიდრდება, ჯიბეებს ისქელებს.
ფარმაცევტული ბიზნესი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ბიზნესად მიიჩნევა, მაგრამ დასავლეთ ევროპაში არ არის ისეთი მაღალი ფასები წამლებზე, როგორც ეს საქართველოშია. სხვათა შორის, არც რუსეთში, უკრაინასა და სხვაგან, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, არ არის ისეთი მაღალი ფასები, როგორიც ჩვენთანაა. ვერ გავიგე, რა გახდა ამ მონოპოლიური კომპანიების დაშლა?
ამიტომ თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, რომ გააკეთოს განცხადება ამ მწვავე პრობლემატიკის თაობაზე. რეალურად, წამლებზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა და აფთიაქში შემცირდა შემსვლელთა რიცხვი. იმიტომ კი არა, რომ ქვეყანაში ავადობა აღარ გვხვდება, უბრალოდ, მყიდველი არ არის.
მჭიდრო კავშირი მაქვს ექიმებთან: მეუღლე-ქალიშვილი ექიმები მყავს და მათ გარდა, დასტაქრებთანაც პირადი შეხვედრები მაქვს ამ დარგში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვსვამ კონკრეტულ კითხვებს და ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, _ ბოლო დროს, დანიშნული წამლების მიღებაზე ავადმყოფები უარს აცხადებენო. და როდესაც ექიმები ეკითხებიან, _ რატომ არ იღებთ წამალსო? პასუხობენ, _ ფული არ გვაქვსო. ექიმები მეკითხებიან, _ ჩვენ ამ დროს რა გავაკეთოთ, როცა ავადმყოფები პირდაპირ აცხადებენ, ვერ ვიღებთ აუცილებელ მედიკამენტს, იმიტომ, რომ ვერ ვყიდულობთო?
_ ფიქრობთ, რომ არსებული ვითარების მიზეზი მონოპოლიებია, თუ აქ სხვა გამომწვევი ფაქტორებიც არის გამოხატული?
_ რასაკვირველია, გარკვეული წილი ლარის დევალვაციასაც აქვს და ამას ვერავინ უარყოფს, რადგან წამლების უდიდესი უმრავლესობა, დაახლოებით 90%, უცხოეთიდან შემოდის, მაგრამ წამლები შემოდის რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, სომხეთ-აზერბაიჯანიდან და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან (სხვათა შორის, ირანიდან, თურქეთიდანაც) და მათი ვალუტებიც გაუფასურდა. ამიტომ არ უნდა იყოს აქ მაინცდამაინც ლარის დევალვაციასთან დაკავშირებული ფასთა დიდი სხვაობა.
უბედურებაა ქვეყანაში მონოპოლიების არსებობა, გამომდინარე შედეგებით.
_ ამ რეალობის ფონზე, რას აკეთებს კონკურენციის სააგენტო, მონოპოლიური უწყების მემკვიდრე რით არის დაკავებული?
_ გეტყვით, რითაც არის დაკავებული. ჩვენ დავინტერესდით და შევედით მათ საიტზე. დაახლოებით 25 ადამიანი მუშაობს აღნიშნულ კანტორაში, იღებენ ძალიან მაღალ ხელფასებს _ ორიათასებს, სამიათასებს, თავისი (როგორც ამ ხელისუფლებას სჩვევია დანამატებით), რადგან პრემიას აღარ უწოდებენ. ერთადერთი, რაც მათ ამ სამი წლის განმავლობაში გაუკეთებიათ არის ის, რომ საქართველოში ყავის ბაზარი გამოუკვლევიათ. გეკითხებით, ვის რაში აინტერესებს ყავის ბაზარი, როდესაც ხალხი ასე საჭირო წამალს ვერ იღებს? ამიტომ ეს სამსახური ან დასაშლელია, ან ანგარიში უნდა წარადგინოს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის წინაშე.
მოვუწოდებ პარლამენტის შესაბამის კომისიას, რომელიც კურირებს ამ კონკურენციის სააგენტოს, გამოიძახონ სამსახურის უფროსი და მოსთხოვონ პასუხი, თუ რას აკეთებენ.
_ უპირველესად, „პეესპესა“ და „ავერსს“ ახსენებთ; ამის შემდეგ საუბარია „ფარმადეპოზე“, „ჯიპისისა“ და „ფარმასახლზე, ანუ ფასების აწევ-დაწევაში ყველა ეს კომპანია ჩართულია?
_ დიახ, ყველა ერთად მოქმედებს ამ მონოპოლიურ ბაზარზე. ახლა „ავერსი“ და „პეესპე“ რატომ ვახსენე პირველ რიგში: იმიტომ, რომ ისინი ძველი ფარმაცევტული კომპანიები არიან, დაახლოებით, 95-წლიდან მოდიან. „ავერსი“ მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის, ჯორბენაძის მიერ არის ჩამოყალიბებული. თვითონ, რასაკვირველია, ოფიციალურად მასში არ ფიგურირებდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჯორბენაძეს იქ 5% დაუტოვეს და მის წილში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ჩაჯდა. შემდეგ ვეღარ გეტყვით, აღნიშნულ წილს რა ბედი ეწია, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ არ ებრძვის აღნიშნულ მონოპოლიურ კომპანიებს. როგორც ჩანს, ვიღაც დღევანდელ ხელისუფლებაშიც დაინტერესებულია ამ მონოპოლიით. უბრალოდ, გვარს ვერ დაგისახელებთ, ახლა ვინ კურირებს და მფარველობს ამ სფეროს.
დანარჩენი კომპანიებიც ასევე შეთანხმებული არიან ამ ორ ძველ, ბანდიტურ კომპანიასთან, მაგრამ წამლის ექსკლუზიური შემოტანის უფლება აქვს მხოლოდ „ავერსსა“ და „პეესპეს“, ამიტომ უფრო შორს წავიდნენ ეს კომპანიები _ არა მარტო ფარმაციას, არამედ, ზოგადად, მედიცინის დარგს დაეპატრონნენ ქვეყანაში. ამავე დროს, ხელში ჩაიგდეს სადაზღვევო სისტემაც: ანუ წამლის შემოტანა, მისი დისტრიბუცია, საბითუმო, ასევე საცალო ვაჭრობა, კლინიკები და დაზღვევა, ეს ყველაფერი ამ კომპანიების ხელში, ერთ ჩაკეტილ წრეში არის მოქცეული. უხეშად რომ ვთქვათ, წეწავენ ჩვენს მოსახლეობას!
_ ყველაფრის ერთ ხელში მოქცევა მოსახლეობის ჯანდაცვის თვალსაზრისით რა შედეგებს იწვევს?
_ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ჩვენს მოსახლეობას ამის საშუალება მისცა, რომ კლინიკას მიაკითხონ და ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობა არ არის; რაღაც ნაწილში მკურნალობის თანადაფინანსება ხდება, მაგრამ რად მინდა კლინიკა, თუ წამალი ვერ ვიყიდე და ვერ მივიღე? ანუ ექიმის ზეპირი თქმა, რომ თქვენ გაქვთ ესა და ეს დაავადება და გჭირდებათ მკურნალობა, ამის გამოცხადება რაში მჭირდება, თუ ვერ ვიმკურნალე და ის დაავადება ვერ მოვირჩინე?
ფაქტობრივად, ამას ნულზე დაყავს ის სიკეთე, რაც საყოველთაო ჯანდაცვამ მოიტანა. ამით ვერ სარგებლობს მოსახლეობა განსაკუთრებით ბოლო თვეებში, როდესაც 20-25%-ით მოიმატა მედიკამენტების ფასმა.
_ ხელისუფლებას რომ მიმართავთ პროცესში ჩარევის მოთხოვნით, რა რეაქციას ელოდებით მისგან?
_ მე არ ვიცი, რა რეაქცია იქნება. სხვათა შორის, ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ნავთობკომპანიებზეც ერთი ამბავი ავტეხეთ და ამას რეაგირება მოჰყვა _ ისინი დააჯარიმეს. თუმცა ერთი დაჯარიმება არ კმარა. ძვრა იმ სისტემაში მაინც არ არის. უბრალოდ, თემას არ მინდა ავცდე და პარალელს ვავლებ _ კიდევ უნდა დაჯარიმდეს, ამან სისტემატური ხასიათი უნდა მიიღოს და მერე დაიშლება ეს სანავთობო, ასევე მონოპოლიური ფარმაცევტული კომპანიები. სისტემატური დაჯარიმებით ამხელა ჯარიმებს ვერ გაუძლებენ.
საერთოდ, ევროპული კანონმდებლობით, რომელთან ასოცირებაზეც ხელი მოვაწერეთ, აკრძალულია, წამლის შემომტანმა და დისტრიბუტორმა საცალო ვაჭრობა გამართოს. ეს საერთოდ, კანონს, ევროპულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ გახსნას კლინიკა, ასევე სადაზღვევო კომპანია _ მთლიანად დარგს დაეპატრონოს. როდესაც მთელ დარგს ერთი კომპანია ეპატრონება, ფასები ზევით იწევს და ქვევით მისი ჩამომწევი არავინაა.
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფასის ქვემოთ დაწევას, მხოლოდ და მხოლოდ, ჯანსაღი კონკურენცია იწვევს.
_ ერთადერთი გამოსავალი დაჯარიმებაა, რომ საბითუმო და საცალო ვაჭრობა ქვეყანაში ჯანსაღ კონკურენციას დაექვემდებაროს?
_ როდესაც პოლიტიკოსი რაღაც საკითხს აყენებ, იქვე უნდა შესთავაზო ხელისუფლებას გამოსავალი. მოვითხოვ, რომ ძირითადი მოხმარების წამლები: გრიპის, წნევის, დიაბეტის და გადასხმის სისტემები, რომელთა ფასები ძალიან მერყეობს ოპერაციების დროს, დაექვემდებაროს საყოველთაო ჯანდაცვას _ შევიდეს იმ 70%-იან დაფინანსებაში, რომელიც, ზოგადად, დაწესებულია. მით უმეტეს, რომ ბიუჯეტი ათ მილიარდამდე იზრდება და ამის საშუალება, ჯერჯერობით, არის.
გარდა ამისა, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ გაანახევროს ჩინოვნიკების ხელფასები და ამით შექმნას ეს სარეზერვო ფონდი, რომლითაც წამლების სუბსიდირება, ნაწილობრივი თანადაფინანსება მოხდება.
_ თუკი ჯანდაცვის მინისტრი, სერგეენკო, ამ მოსაზრებას იზიარებს, რა უშლის ხელს თუნდაც ბოლო წინადადების ხორცშესხმას?
_ საბედნიეროდ, სერგეენკო იზიარებს ამ მოსაზრებებს. ის გახლავთ ერთადერთი მინისტრი, რომელმაც ეს პოზიცია გაითავისა. ჩვენ უკვე წლებია, ამ საკითხს ვაყენებთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მედიცინაში ჩაბუდებული მაფია, ამ დარგის მფარველები ხელს უშლიან.
მოკლედ, ეს მონოპოლიები რომ გაუქმდება, 30-40%-ით დაიწევს წამლის ფასი. მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა: ჩვენ ხშირად ვამოწმებთ ევროპულ ფასებს, თუ რამდენია. ამას ინტერნეტითაც ვაკეთებთ და იქიდან ჩამოსულ ადამიანებსაც ვეკითხებით, ვავალებთ ხოლმე გაარკვიონ, როგორია იქაური ფასები. დასავლეთ ევროპაში იმაზე დაბალი ფასებია, ვიდრე საქართველოში და ეს კატეგორიულად მიუღებელი მდგომარეობაა, მაშინ როცა ხელფასები იქ 20-30-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში. დასაქმებაც იქ გაცილებით მაღალია, ამის შედარებაც არ არის, ვიდრე ეს ჩვენს ქვეყანაშია. უმუშევრები იღებენ შემწეობას გარკვეული სუბსიდიის სახით და სოციალურად დაუცველები საერთოდ უფასოდ იღებენ მედიკამენტებს.
რაც შეეხება ბრიტანეთს, იქ ჯანდაცვა უფასოა _ საბჭოთა კავშირში რომ იყო, დაახლოებით ის სისტემაა გადმოღებული. სასწრაფოს გამოძახებიდან, პირველადი ჯანდაცვიდან, ურთულეს ოპერაციამდე ყველაფერი სახელმწიფოსგან სუბსიდირებულია. ერთადერთი წამლებს ყიდულობს ბრიტანელი მყიდველი და ისიც ჩვენზე იაფად. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ ამ მდგომარეობის გამოსწორებას.
_ არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ჩვენში რამე საფრთხე ხომ არ ემუქრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას?
_ არ მგონია, მას რამე ემუქრებოდეს, გარდა ფინანსების არქონისა. თუ საყოველთაო ჯანდაცვას საფრთხე დაემუქრა, კეთილი ინებონ და გაინახევრონ ხელფასები ჩინოვნიკებმა. ან ცოტა ხანი უხელფასოდ იმუშაონ (მათ არაფერი უჭირთ, იმდენ აქვთ დაგროვილი) და ამ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას არანაირი საფრთხე არ შეექმნას.
_ მონოპოლიები სხვა რომელ სფეროშია გამოკვეთილი?
_ მონოპოლიები არის, მაგალითად, საკვებ პროდუქტებზე… მაგრამ ფარმაციაში თუ 5-6 კომპანიაა, კვების სისტემაში 40-50-ია და, ასე თუ ისე, იქ კონკურენცია მაინც არის. ამ ფარმაციაში კი წარმოუდგენელი მდგომარეობა და სიძვირეა.
შეიძლება ადამიანმა ძალიან გემრიელად და კალორიულად არ იკვებო, მაგრამ ექიმის გამოწერილი წამალი რომ არ მიიღო, ეს ხომ სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს?!
_ დაბოლოს, წინა საუბრისას თქვენ განცხადება გააკეთეთ, რომ კომპანიები „ენერგო-პრო“ და „თელასი“ ძველ დავალიანებას ახდევინებენ მოსახლეობას. რა რეაქცია მოყვა ამ გამოსვლას?
_ 15-ში დანიშნული იყო სემეკის ახალი სხდომა, რომელიც, რატომღაც, გადადეს. მასზე მსჯელობა უნდა ყოფილიყო დენის ტარიფის დაწევაზე. ხომ დაუჯერებელია, მაგრამ სისტემატურად ვამოწმებთ თელასის საიტს და მასში ერთ-ერთ პუნქტად შეტანილი იყო დენის ტარიფის დაწევის შესახებ. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გაზი, როგორც საწვავი, ნავთობი მსოფლიო ბაზარზე ასევე გაიაფდა. ამის სრული წანამძღვრები არსებობს და ჩვენ ეს დავამტკიცეთ სემეკის სხდომაზე, რომ დენის ტარიფი არამც თუ არ უნდა მომატებულიყო, არამედ პირიქით, ქვემოთ უნდა დაწეულიყო.
_ ძველი დავალიანების უკანონო ამოღებას რაც შეეხება, ამაზე თუ გაჩერდნენ?
_ ჩვენ მოსახლეობისთვის გამოვაცხადეთ, რომ მათსა და ენერგოობდუსმენს შორის შუამავალი ჩვენი პარტია იქნებოდა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ოფისში ახლაც რიგია. არ წყდება ასევე სატელეფონო ზარები _ მოქალაქეები მოდიან და უკვე ათასობით მათგანს დავალიანება ჩამოეწერა. თუ დაინტერესდებით, ამას ენერგოობუდსმემი სალომე ვარდიაშვილი დაგიდასტურებთ.

გელა მამულაშვილი