ჩვენ, ქართველებსა და ოსებს, ვერ მოგვერივნენ!

88

ანუ ამბავი იმაზე, თუ როგორ მოგვენატრეთ

საინგილოში (ისტ. ჰერეთი), ჩემს სოფელში, ერთადერთი ოსი ქალბატონი, ნადია ცხოვრობდა. ცხინვალიდან იყო გამოთხოვილი და რაც თავი მახსოვს, პატარა მაღაზიაში მუშაობდა. პატარაობიდანვე ვგრძნობდი, რომ ის გამორჩეული ადამიანი იყო _ იმის მიუხედავად, რომ მის მეუღლე რომანს პირველ ცოლად ჩემი ახლო ნათესავი ჰყავდა, ნადიასგან სიკეთის მეტი არაფერი მახსოვს. მაღაზიაში ყოველ შესვლაზე ჯიბეში ტკბილ კანფეტებს მიტენიდა ისე, რომ უარის თქმასაც ვერ ვასწრებდი.
ორი შვილი ეყოლათ და ქმარი მალევე მოურჩენელი ავადმყოფობით გარდაეცვალა. სოფლად ბევრი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა ქალი ვერ გაჩერდებოდა და მშობლიურ ალაგს დაუბრუნდებოდა. ასეთი შემთხვევა ხშირია, როცა თანაცხოვრება მალევე ტრაგიკულად სრულდება. მაგრამ ნადიამ უიღბლო მეუღლე ასეთი სიტყვებით გამოიტირა, _ ამ სიშორეზე მხოლოდ შენმა სილამაზემ ჩამომიყვანა, რომან! _ და დარჩა საცხოვრებად სოფელში ისე, რომ კრინტიც არ დაუძრავს ცხინვალში დაბრუნებაზე. ამასობაში შვილები, აზამათი და ბელაც, წამოიზარდნენ, მთისა და ბარის ამაყი შვილები. სოფელმა კი ვერასდროს დაივიწყა ნადიას „დათვლით ტირილი“ (ასე ჰქვია საინგილოში სიტყვიერ გლოვას) _ ამ სიშორეზე მხოლოდ შენმა სილამაზემ წამომიყვანა, რომან…
ნადიას მცირე მაღაზიამაც ვერ გაუძლო დროის სიავეს. საბჭოეთის დანგრევასთან ერთად ისიც დაიხურა… ამ ქალის კეთილგანწყობა კი არსად გამქრალა და სოფლის შარაზე, სადაც კი დამინახავდა, ყოველთვის თბილად მესალმებოდა და მომიკითხავდა.
…წლების შემდეგ, სტუდენტობისას, კასპში, ერთ-ერთი სალოცავის ეზოში მოვხვდით სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის დამსვენებლები. იქვე ადგილობრივი ახალგაზრდებიც იყვნენ მოსულები და გადავწყვიტეთ, მკლავჭიდში გავჯიბრებოდით ერთმანეთს. მაშინ უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ვიყავი და „თბილისელებიდან“ საასპარეზოდ მე გამიყვანეს. კასპელებმა უმალ მოითათბირეს და ეთნიკურად ოსი, კაჩმაზოვი (სახელს ვერაფრით ვიხსენებ) „დამაჯახეს“. ძეძგვივით იყო, აშკარად რომელიღაც სპორტულ სახეობაში ვარჯიშობდა. ვიფიქრე, ამასთან ნაკლებად მექნება შანსი-მეთქი, მაგრამ მოხდა ისე, რომ პირველ დაძგერებაზე, ყველასთვის მოულოდნელად, წინ გავედი. მასზე უფრო მეტად წამქეზებლები იყვნენ გაოგნებულნი და რაღაც გაუგებრობა მოხდა, უნდა გავიმეოროთო. მეორედ უკვე ადგილობრივების „ყოჩმა“ იმარჯვა და მარჯვენა მკლავი მაგიდაზე დამადებინა. მხარეებმა მესამე და სამართალიო და საბოლოოდ, გამარჯვების სასწორი იმ დღეს ჩემკენ გადმოიხარა. უკმაყოფილებისგან წითლდებოდა ეს ბიჭი და ხმას კი არ იღებდა. ბოლოს, პირველმა ისევ მან მომილოცა გამარჯვება, _ ახლა შენ მოიგე, ხვალ შეიძლება მე უფრო ძლიერი ვიყოო. _ წაგება და მოგება ძმები არიან, ასე რომ ძმები ვართ-მეთქი. ასე კავკასიურად გადავეხვიეთ ერთმანეთს, როცა მისი თანაგუნდელები ისევ ამაოდ „ხტუნაობდნენ“.
მას მერე აღარ შემხვედრია კასპელთა ოსი ფალავანი კაჩმაზოვი _ ფიზიკურად ძლიერი ბიჭი, რომელმაც იმ დღეს დამარცხება ღირსეულად მიიღო, მისი თანატოლებისგან განსხვავებით. ამის გამო სალოცავის ეზოში იქაურებსა და თბილისიდან ჩასულებს შორის კინაღამ ჩხუბი ატყდა და ერთადერთი, რამაც ამას ხელი შეუშალა, კაჩმაზოვის წაგებაზე ვაჟკაცური რეაქცია იყო. მისი მხარდაჭერის გარეშე კი დანარჩენებს „არამკითხე მოამბეობა“ გამოუვიდოდათ. იმ დღის მერე დავფიქრდი: `ნეტავ, ცხოვრებაში ნადია დეიდასგან და კაჩმაზოვისგან ცოტა მაინც განსხვავებული ოსი თუ შემხვდება-მეთქი?~
…2003 წლის შემოდგომაზე, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ბრიტანულმა ინსტიტუტმა“ თბილისში ცხინვალელი და დედაქალაქელი ჟურნალისტების რამდენიმედღიანი შეხვედრა-სემინარი მოაწყო. ორივე მხრიდან ათ-ათი კაცი ვიყავით. მე მაშინ გაზეთ „რეზონანსს“ წარმოვადგენდი. პირველივე დღეს ოფისში დამხვდნენ სიკეთით სავსე გოგო-ბიჭები, 15-წლიანმა უაზრო დაპირისპირება-კონფლიქტებმა რომ ვერაფერი დააკლო. გამიხარდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, შევხვდი ჩემს თანამემამულე ოსებს ისე, რომ ამ დღეების განმავლობაში ახლოდან გავიცნობდი და დავუმეგობრდებოდი. მათაც ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ. იმ აღვირახსნილი პროპაგანდის მიუხედავად, რომელიც ორივე მხარეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ტვინების დაუნდობელ „რეცხვაზე“ იყო მიმართული _ ჩვენ ვერ მოგვერივნენ!
ძალიან მალე შევედით კონტაქტში, საერთაშორისო ინსტიტუტის დახმარებით, როგორც იქნა, ვიპოვეთ ერთმანეთი და ისევ დაკარგვაზე მაშინ ერთი წამითაც აღარ ვფიქრობდით. ტრენერთა დავალებებს შერეულ ქართულ-ოსურ ჯგუფებში დიდი ინტერესით ვასრულებდით. ელინა, საშა, რენა, იგორი და სხვები ის ადამიანები იყვნენ, რომლებთან ერთიანი მომავალი უნდა აგვეშენებინა.
ერთ-ერთ შეხვედრაზე კოლეგა მირეკავს, _ სად ხარ, სამსახურში რატომ არ გამოჩნდიო? ვუპასუხე და თურმე ეს ისეთი გაბადრული სახით გავაკეთე, რომ ოსი მეგობრები დაინტერესდნენ, _ ვის ესაუბრებოდი და ასეთი რა უთხარიო?
_ სემინარზე ვარ ჩვენს ცხინვალელ მეგობრებთან ერთად, ძალიან კარგი ადამიანები არიან და მიხარია, რომ ისინი ახლოდან გავიცანი-მეთქი. საჯარო აღსარებამ ყველა გაახარა, ზუსტად ისე, როგორც ამ პროცესს ტრაილერზე ამხედრებული ამხანაგი ხაჩიკიანი აღწერს საკულტო „მიმინოში“. როგორც ფილმის გმირი, მეც სრულ სიმართლეს ვამბობდი: „მე ასე ვფიქრობ“.
ერთ-ერთი ვირტუალური კონფლიქტის მოგვარებაზე მუშობისას, ჩვენს ჯგუფში მყოფმა ნუგზარმა (გაზეთ `24 საათიდან~) გადაწყვეტის რაღაც გამარტივებული ფორმა და გზა შემოგვთავაზა. მისი ვერსიით, ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის კონფლიქტის დასრულება და მშვიდობიანი განვითარება ძალიან ადვილად, სულ რამდენიმე ნაბიჯით იყო შესაძლებელი. ამაზე ელინა არ დაეთანხმა შემდეგი პოზიციით, _ ნუგზარ, შენ შინაგანად სუფთა და კარგი ადამიანი ხარ, ამიტომ ყველაში მხოლოდ კარგის დანახვა გინდა, რეალური ცხოვრება კი ბევრად რთული და სასტიკია, ამიტომ გადაწყვეტის გზებიც არცთუ მარტივიაო. ნუგზარი არ შეწინააღმდეგებია, რადგან ის ამ თემას, მათ შორის, ცხინვალის კონფლიქტს ყოველთვის შორეული დამკვირვებლის პოზიციიდან უყურებდა და მასთან უშუალო შეხება არასოდეს ჰქონია. ხოლო თბილისურ სემინარში მონაწილე ათი ოსი ჟურალისტიდან რამდენიმეს ქართველებთან კონფლიქტში ოჯახის წევრები ჰყავდათ დაღუპული და ასეთი იყო თავად ჩვენი კოლეგა ელინაც. მიუხედავად ამისა, ის არ გაბოროტებულა, იმხელა შინაგანი ძალა გამონახა საკუთარ თავში, რომ წლების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად დაიწყო ფიქრი და მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს სამარცხვინო კონფლიქტი და ავაშენოთ მშვიდობა, რომელსაც ვერანაირი „პუტინიზმი“ და კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკა ვერ შეარყევს.
ელინას ძმის დაღუპვის გამო სიძულვილი ყველა ქართველზე არ გადმოუტანია და ნუგზარს მხოლოდ იმას სთხოვდა, რომ გარედან პროვოცირებული, სისხლიანი კონფლიქტისთვის ვარდისფერი სათვალით არ ეყურებინა. ელინა მართალი იყო და ჩვენ უფრო სერიოზულად მივუდექით დასახელებულ პრობლემატიკაზე მუშაობას.
მაშინ ის დრო იყო, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მზადდებოდა. ოსმა კოლეგებმა თითქმის ყველაფერი იცოდნენ თბილისში მიმდინარე ხმაურიანი პროცესების შესახებ და გვეკითხებოდნენ, _ მიხეილ სააკაშვილი წინამორბედების გზას ხომ არ გააგრძელებსო? ჩვენ ყველანაირად ვამშვიდებდით და ვეუბნებოდით, რომ სააკაშვილი ახალ ევროპულ გზაზე ივლიდა და შეძლებდა განდგომილ თანამემამულეებთან საერთო ენის გამონახვას.
ყველაზე მეტად კი ოსებს რუსული „ეფესბეს“ (უსაფრთხოების ფედერალური ბიურო, „კაგებეს“ უშუალო მემკვიდრე) ფავორიტის, იგორ გიორგაძის პოლიტიკური პერსპექტივები აინტერესებდათ. სულ გვეკითხებოდნენ, „კრასავჩიკს“ რა შანსები აქვს საქართველოს ხელისუფლების სათავეში დასაბრუნებლადო? ჩვენ გულწრფელად გვიკვირდა, თუ რატომ იწვევდა მათში ინტერესს პუტინის რჩეულის გეგმები და ალალად გვიპასუხეს კიდეც, _ იგორ გიორგაძე ის კაცია, რომელიც ქართველებიდან ყველაზე ადვილად მოახერხებს მოსკოვთან საერთო ენის გამონახვას და ცუდი დღე კვლავ ოსებს დაგვატყდებაო.
ჩვენ თბილისში ეს სასტიკი რეალობაც კი ვერ გაგვიაზრებია, სხვა თანამედროვე მიდგომებზე, მათ შორის, მეცნიერულზე, სახელმწიფოებრივზე, ჰუმანურზე და ა. შ. რაღა უნდა ვილაპარაკოთ? საკუთარ თანამემამულეებთან რაციონალური მიდგომების, პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად მთელი რიგი სამეცნიერო ინსტიტუტები უნდა მუშობდნენ, ჩვენ კი ლამის ყველა მათგანი დავანგრიეთ. რაც დარჩა, ისიც მხოლოდ ქაღალდზეა, ხოლო ზოგიერთს საოფისედ ერთი ოთახიც აღარ გააჩნია, რომელ მეცნიერულ შესწავლასა და მიდგომების გამოყენებაზეა საუბარი?
სამაგიეროდ, ბლომად გვყავდა და გვყავს „კოლექტიური ოქრუაშვილი“, რომელიც ახალ წლამდე ცხინვალის აღებას ჯერ დასავლეთის დახმარებით აპირებდა, ხოლო შემდეგ ამავე მიზნის მიღწევას რუსეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან ცდილობდა. აბა, გამოიცანით, ამ ბოლო გზის გავლას ვისი უშუალო დახმარებით ლამობდა? მერე გვიკვირს, რომ ოსებს ყველაზე მეტად იგორ გიორგაძის თბილისში მობრუნება აფიქრებთ.
რთული მდგომარეობის მიუხედავად, მორიგი დისკუსიისას იმდენი საერთო ინტერესი და სიახლოვე ვიგრძენი ჩვენს თანამემაულე ოსებთან, რომ პირდაპირ განვაცხადე, _ ახლა ერთადერთს ვისურვებ, რომ სულ მალე ჩვენ ყველამ თუნდაც ერთიან ფედერაციულ ქვეყანაში ვიცხოვროთ-მეთქი. მაინც შეწინააღმდეგებას ველოდებოდი, ვიცოდი რა კოლეგების ოჯახთა ტრაგიკული ბედი. ჩემს სიტყვას არც ერთი უარყოფა არ მოჰყოლია _ 2003 წლის შემოდგომაზე ოსი ინტელექტუალები, ჟურნალისტები თანახმა იყვნენ, რომ ეცხოვრათ ერთიან ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ერქვა; სადაც სამხრეთ ოსეთს ფართო ავტონომიური სტატუსი ექნებოდა, ჩვენ შორის არასოდეს იქნებოდა კონფლიქტი; ე. წ. საზღვრები გაიხსნებოდა, ადამიანური ურთიერთობები ახალი ძალით იფეთქებდა, რითაც ქართულ-ოსური დამოკიდებულება ყოველთვის ხაზგასმულად გამორჩეული იყო; ჩვენ ერთად შევქმნიდით ქვეყანას, სადაც უმთავრესი ფასეულობა ადამიანის უფლებების დაცვა, თანაბარი დემოკრატიული განვითარება იქნებოდა. ჩვენ ოც ადამიანს, ათს თბილისიდან, ათს ცხინვლიდან ეს ძალიან, ძალიან გვინდოდა, მაგრამ…
ოთხი თუ ხუთდღიანი სემინარის განმავლობაში მათ შემყურეს სულ მახსენდებოდა ჩემი თანასოფლელი ნადია და მისი „დათვლით ტირილი“: „მე ამ სიშორეზე შენმა სილამაზემ ჩამომიყვანა, რომან!“ და ამ დროს სემინარზე რას დავაკვირდი _ აქაურების რაიმე ძველ თუ ახალ ფოტოსურათს რომ უცქერდნენ ოსები, მათი შეფასების საზომი ასეთი იყო _ მშვენიერ ქართველ ქალს ჰგავსო, აი, ისეთს, ძველ უმაგრეს ქართულ ფილმებში რომ გვხვდებიანო. „კრასივაია გრუზინკა“, _ სულ ეს სიტყვები მესმოდა თავად ულამაზესებისგან და უკვე აღარაფერი მიკვირდა.
კოლეგები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ევროპული ტანსაცმლის საყიდლადაც კი ყოველთვის ცხინვალიდან თბილისში, მაშინდელ საფირმო მაღაზიებში, ან ლილოს ბაზრობაზე ჩამოდიოდნენ და აქ იმოსებოდნენ. თბილისი-ცხინვალის სამარშრუტო ტაქსები ყოველდღე დადიოდნენ და ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა. მათშიც ხომ ისევე ძლიერია მშვენიერებისადმი სწრაფვა, როგორც საქართველოს ნებისმიერი სხვა კუთხის წარმომადგენლებში.
ერთადერთი, რაზედაც ჩემს ოს მეგობარს, საშას გული წყდებოდა, ის იყო, რომ მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში არავინ მღეროდა, აბსოლუტურად არავინ. ერთხელ ვეღარ მოითმინა და მკითხა კიდეც, _ აი, თქვენთან, თბილისში, ყველა მღერის, პროფესიონალებიდან დაწყებული, ოჯახური სუფრით დამთავრებული. ვუყურებთ ქართულ ტელეარხებს და ვხედავთ, რამდენი ცნობილი მომღერალი, ვარსკვლავი გყავთ, აი, ჩვენთან კი საერთოდ არავინ არ მღერისო, _ გულის ტკივილით მეუბნება.
_ საშა, ეს შეუძლებელია, რაღაც წარმოუდგენლად მეჩვენება, ცხინვალში ერთი ცნობილი მომღერალი მაინც არ გყავდეთ-მეთქი, _ გულწრფელად გავიკვირვე. _ არაო, _ მითხრა და ამას თვითონაც ვერაფრით ხსნიდა. და ეს ხდება იმ ფონზე, როცა თბილისიდან მთელ მსოფლიოში თავს ვიწონებთ სახელმწიფო აკადემიური ანსამბლების ოსური ცეკვითა თუ სიმღერებით.
ჰაინრიჰ ბიოლი „კლოუნის თვალთახედვაში“ ასეთ სიტყვებს ამბობს: თუ ადამიანი მღერის, ე. ი. ჯერ კიდევ ცოცხალია და თუ საჭმელიც ეგემრიელება _ ბოლომდე ჯერ არ დაღუპულაო. არ შეიძლება თანამემამულე, ჩვენი სისხლი და ხორცი, არ მღეროდეს, როდესაც თბილისში ლამის ყველა სიმღერისა და ცეკვის ვარსკვლავია. სად არიან სამეცნიერო ინსტიტუტები, რომლებიც ყველგან და ყველაფერში რაციონალიზმის, მათ შორის, ქვეყნის რეგიონული, დემოკრატიული განვითარების ანბანს უნდა გვასწავლიდნენ?
სემინარზე შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა ორკაციანი ქართულ-ოსური ჟურნალისტური ჯგუფები და შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე შერეულ, ქართულ-ოსურ ოჯახებზე სტატიებს, რეპორტაჟებს მოვამზადებდით. მე და ელინა ერთ ჯგუფში მოვხვდით. თავიდან ჯერ მას ცხინვალში, მე კი თბილისში უნდა მომემზადებინა ასეთი მასალები, ხოლო შემდეგ ეტაპზე უკვე ორივეს ერთად უნდა გვემუშავა აქაც და იქაც შერეულ ოჯახებზე, მათ ყოველდღიურობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. სიამოვნებით დავთანხმდით აღნიშნულ წინადადებას, ეს ჩვენს მეგობრობასაც განამტკიცებდა და შეუქცევადს გახდიდა. ეჰ, რამდენი კარგი პერსპექტივა და შერიგების პოტენციალი ისახებოდა, თუნდაც ამ ერთი სემინარის ფარგლებში, მაგრამ ამაზე სინანული დაგვიანებულია. ჩემგან განსხვავებით, ელინამ მაშინვე მოხაზა კიდევაც სამომავლო გეგმები და ოჯახები, რომლებსაც პროექტის ფარგლებში გააშუქებდა და ამით კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას ხელს შეუწყობდა.
იქნებ, ეს ოჯახები შემდგომში ერთობლივად გამოსულიყვნენ და კოკოითის ხელისუფლების მიერ რეგიონში ქართული სოფლების დაბომბვის წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ, ხოლო თბილისში საპასუხოდ „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის“ ოპერაციის წინააღმდეგ გაელაშქრათ, იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი ორივე მხარეს ისევ ღრმად ჩახშობილი იყო და ქვემეხები ქუხდნენ, როცა მუზები მყარად იყვნენ დადუმებული.
სემინარის დასკვნით საღამოს რუსთაველზე, თანამედროვე კლუბ „ნოა-ნოაში“ წაგვიყვანეს. ბოლომდე გავიხსენით და გამაყრუებელი მუსიკის ფონზე კოლეგებთან ცეკვა-თამაშით გული ვიჯერეთ. გვიხაროდა, რომ ჩვენი თანამემამულეებიც იქ სტუმრობით ასე კმაყოფილი იყვნენ. გამოსვლის შემდეგ ფეხით ამოვუყევით ფიქრის გორისკენ, სადაც სასტუმროში ცხოვრობდნენ ცხინვალელი სტუმრები. გზად რენა მეკითხება, _ კლუბში ყველაფერი კარგი იყო, სასმელი, მუსიკა და ა. შ. ერთადერთი მეჩვენება, რომ იქ ზოგიერთი ახალგაზრდა მამაკაცი მეტისმეტად გამაღიზიანებლად გამოიყურებოდაო. მაშინვე მივხვდი, რაზედაც მიანიშნებდა, _ ზოგიერთის ლამის იატაკზე ჩამოშვებული შარვლის უბე და კლუბური ქცევის გადაჭარბებული თავისუფლება, რაც იმ მომენტში ჩვენი კოლეგებისთვის ძნელად აღსაქმელი აღმოჩნდა.
_ ჩვენ განა არ ვიცით, რა ფასეულობებზე დგას ევროპა, უპირველესად, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და სოციალური მშვიდობა, განვითარება; მათ შორის სხვადასხვა უმცირესობის უფლებათა დაცვა, მაგრამ მგონია, რომ ამ მხრივ ზოგიერთ ახალგაზრდას ცოტა ზედმეტი მოსდის, როცა გარშემომყოფთა რეაქციას ყურადღებას არ აქცევს. აი, თქვენ, ჟურნალისტებს, კავკასიური იერი გაქვთ და ეს ძალიან კარგია. ევროპასაც ხომ ჩვენ ყველა, ქართველები, ოსები, აფხაზები და სხვები უპირველესად ადგილობრივი იერით, ჩვენი ეთნიკური სიმდიდრით ვჭირდებით და არა ვინმესთვის ამ შიშველი წამბაძველობით? _ მეკითხება რენა და მას ამაშიც სავსებით ვეთანხმები.
ევროპა თავისუფლება, მათ შორის, გამოხატვის თვისუფლებაა, რომელსაც პასუხისმგებლობაც თან ახლავს. და შენი გამოხატვის, ქცევის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი ცხვირი იწყება, _ რენას პოზიცია მხოლოდ ეს იყო, მეტი არაფერი. თორემ თანამედროვე დასავლური ღირებულებები _ შემწყნარებლობა, ყველა ჯგუფის უფლებების უზრუნველყოფა და დემოკრატიული განვითარება რომ ჩვენი საერთო მშვიდობიანი ცხოვრების საწინდარია, ამაში ყველა ჩვენგანი დარწმუნებულია.
უკვე მელიქიშვილის გამზირზე ვართ. რენა სასტუმროში მეპატიჟება _ სად გეჩქარება, წამოდი ჩვენთან, დავსხდებით და ვისაუბრებთ, ჩვენ ხომ ასე ბევრი გვაქვს სალაპარაკოო. როგორც ყოველთვის, უფრო მნიშვნელოვან „ზოგადსაკაცობრიო საქმეზე“ მეჩქარება და კოლეგებს სასტუმროში ვერ მივყვები. მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან მალე შევხვდები და მონატრებისთვის დროც აღარ მექნება. თურმე, სად ხარ? ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა რენასთან, საშასთან, ელინასთან, იგორთან და სხვებთან. ეჰ, გავყოლოდი, ფოიეში დავმსხდარიყავით, გვესაუბრა, ბევრი გვესაუბრა; იქნებ, ახალ-ახალი, უფრო ძლიერი შერიგების იდეები მოგვეფიქრებინა და გვებრძოლა, დაუნდობლად გვებრძოლა მშვიდობისთვის; რომ თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული დღეები აღარ მომხდარიყო. ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ, ინტერნეტით ყოველდღიური კავშირი გაგვეგრძელებინა და უკვე საქვეყნოდ გვეთანამშრომლა მშვიდობის მიღწევისთვის, მაგრამ არა. მაშინ ყველას გვეგონა, რომ მშვიდობა საბოლოოდ იყო დამყარებული და მას ვეღარაფერი შეარყევდა. თურმე საქმე ასე არ ყოფილა, ჩვენ ვცდებოდით.
მახსოვს, ადრე დე ფაქტო პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი ამბობდა, რომ ედუარდ შევარდნაძეს, როგორც „დიდ პოლიტიკოსს“, პატივს სცემდა და, ადრე თუ გვიან, მასთან საერთო ენის გამონახვას შეძლებდა. მერე რუსებმა პროექტი „კოკოითი“ წამოიწყეს და რაც მივიღეთ, კი ვნახეთ, მაგრამ არც ერთ ეტაპზე, ოსი მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ქართველების მიმართ ხაზგასმით უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილი არ ყოფილა. ამას, ალბათ, ხელს უწყობდა შერეული ოჯახების არნახული რაოდენობაც. როგორ უნდა მოახერხო, რომ შენი თანამემამულეების ასეთი დადებითი დამოკიდებულება ვერ გამოიყენო და ათწლეულების განმავლობაში მოსისხლე მტრად აქციო? იქნებ, ჩვენშიც არის პრობლემა, რომლის დანახვაც არ გვინდა? და სანამ „ქოცები“, „ნაცები“ და ათასგვარი ისტები თბილისში ერთმანეთს ცოცხლად „ვჭამთ“, ცხინვალსა და სოხუმში ფიქრობენ, _ ესენი ერთმანეთს არ ინდობენ და ჩვენ თუ ხელში ჩაგვიგდებენ, რას გვიზამენო? ამიტომ, ისევ და ისევ, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ნორმალური ინსტიტუტები, მათ შორის, მყარი სახელმწიფო ინსტიტუციები გვჭირდება, მაგრამ სად არის? სამეცნიერო ინსტიტუტებზე უკვე ვთქვით, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას ყველა ხელისუფლების სათავეში მოსული სულ თავიდან იწყებს, გამომდინარე უარყოფითი შედეგებით.
თბილისის შემდეგ სემინარი მალე ცხინვალში უნდა ჩატარებულიყო. დელეგაცია აქედან გაემგზავრა, მაგრამ მე ვეღარ წავედი, ისევ სადღაც, „ზოგადსაკაცობრიო პრობლემების“ გადასაწყვეტად მიმეჩქარებოდა და ცხინვალისთვის დრო ვერ გამოვნახე. ამ შეხვედრის შემდეგ სამშვიდობო პროექტიც იძულებით შეწყდა და ასე საჭირო და აუცილებელ კონტაქტებსაც ბოლო მოეღო.
მერე იყო ვლადიმირ სანაკოევის თბილისური პროექტი „კოკოითი ფანდარასტი“, დიმიტრი სანაკოევის მთავრობა და 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომი, რომლის შედეგადაც „სამხრეთ ოსეთი“ ერთ მოზრდილ რუსულ სამხედრო ბაზად გადაიქცა. დამატებით დაიკარგა 150 „ქვაღორღიანი“ ქართულ-ოსური სოფელი და „საზღვარი“ ლამის ყოველდღიურად აქეთ მოიწევს ისე, რომ დასავლეთთან დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალს ზედ მოადგა. დღეს რუსი სამხედროები მთლიანად აკონტროლებენ რეგიონში სიტუაციას და ქართველებსა და ოსებს სივრცე აღარ დაგვიტოვეს ურთიერთობისთვის.
ამ ფონზე, უცებ, მახსენდება ჩემი ცხინვალელი მეგობარი ელინა, რომელთან ერთადაც შერეულ, ქართულ-ოსური ოჯახების ყოველდღიური ცხოვრება უნდა გაგვეშუქებინა. ძველ გადანახულ წიგნაკში მის გვარსაც ვპოულობ და ამდენი ხნის შემდეგ სოციალური ქსელით ვუკავშირდები:
_ ელინა, გამარჯობა, მე გიორგი ვარ, ჟურნალისტი თბილისიდან, თუ გახსოვარ. ჩვენ ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის სემინარში ვმონაწილეობდით 2003 წელს, როგორ ხარ?
საღამოსთვის საპასუხო წერილი მხვდება:
_ გიორგი! როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა! თქვენ არ იცით, როგორ მოგვენატრეთ, აუცილებლად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ მეგობრობა. ხომ ვნახეთ, რა დაგვმართეს პოლიტიკოსებმა, ამიტომ პასუხისმგებლობა ჩვენ თვითონ ავიღოთ და ახლა მაინც ბოლომდე ვიბრძოლოთ შერიგებისთვის. ჩვენ ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ეს საქმე უკვე აღარავის უნდა დავუთმოთ, თუკი გვინდა საერთო ენის გამონახვა და ერთად ცხოვრება.
გულის სიღრმეში აღარ მჯეროდა, მაგრამ, აი, ასეთი წერილი გამომიგზავნა ელინამ ცხინვალიდან. ორი ეთნოსის საოცარი ურთიერთმიზიდულობა ისევ შეგვარიგებს და სამუდამოდ ბოლოს მოუღებს ჩვენ შორის სრულიად ხელოვნურ კონფრონტაციას.
და კიდევ, ჩვენ შორის ურთიერთობის გაღვივებისთვის კვლავ მცირე ცეცხლია საჭირო (რაშიც ევროპა ისევ გვერდში დაგვიდგება), რომელიც, თავის დროზე, ნართების ეპოსის გმირებმა, ამირანმა და ბათრაზმა, ერთად მოიპოვეს საკუთარი ხალხისთვის.
ეს ის თანდაყოლილი სილამაზე, სიკეთე და კავკასიური ცეცხლია, რამაც ოსის ქალი ნადია ჰერეთში, ჩემს მშობლიურ სოფელში სამუდამოდ დატოვა…

გიორგი მეფარიძე