სოსო გოგაშვილი, კახი კალაძე, ირაკლი შიხიაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი – ვინ და რატომ ცდილობს ვეტერანის გაჩუმებას?!

xas

„ნაცებს“ დაუწერელი კანონი ჰქონდათ _ საარჩევნო წელს არაპოპულარულ სახეებს, რომლებიც ამომრჩეველს აღიზიანებდა, საგულდაგულოდ მალავდნენ და ტელეეკრანებიდან დროებით ხსნიდნენ. „ოცნებამ“ ვერც საკუთარ და ვერც სხვის შეცდომებზე ვერ ისწავლა. ეკრანებზე „ოცნებაში“ პორტირებული „ნაცის“, ირაკლი შიხიაშვილის გამოჩენა ხარაკირის ტოლფასია. შიხიაშვილს ამბიციები კლავს. მართალია, მას ღალატი დაუფასდა და 11 თვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო, მაგრამ მომდევნო საკრებულოში მის აღზევებას წინ ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აღუდგა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატებიც“ ესწრებოდნენ, ზვიად ჯანყარაშვილმა საარჩევნო სიის მეხუთე ნომრად ირაკლი შიხიაშვილი, ხოლო მეშვიდედ, არც მეტი _ არც ნაკლები, გია უდესიანი დაასახელა, თან იქვე დასძინა, რომ საკითხი პრემიერთან იყო შეთანხმებული. კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილთან წავიდა _ მისი პოზიცია პრინციპული იყო: თუ საარჩევნო სიაში ირაკლი შიხიაშვილი იქნებოდა, ის საარჩევნო შტაბის უფროსის პოსტს ტოვებდა. ბიძინა ივანიშვილმა კალაძის მხარე დაიჭირა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არც ერთი მათგანის ადგილი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ძალიან მალე, ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად დაინიშნა. მოგვიანებით, პრემიერ ღარიბაშვილს ამ უწყების სამინისტროდ გადაკეთება უნდოდა, მაგრამ პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო ვერ გაბედა. სამწუხაროდ, ეს უწყება ზვიად ჯანყარაშვილის გავლენების ბოლო ციტადელია. ირაკლი შიხიაშვილმა კი, ჯერჯერობით, წარუმატებელი პიარით საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელია. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მათ შორის იქნება ხმაურიანი საკადრო გადაადგილებები და დაჭერებიც. შიხიაშვილის საპარლამენტო მოლოდინები შეიძლება აუსრულებელ ოცნებად დარჩეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის თვითმმართველობის ფინანსური შემოწმების შესახებ დასკვნა უკვე გამოაქვეყნა. მათ შორის მოხვდა ირაკლი შიხიაშვილის საკრებულოში მოღვაწეობის პერიოდიც.

4 მილიონი ლარი პრემია, 74 300 ლარის ღირებულების ყავა, ჩაი და ტკბილეული _ ეს იმ ციფრების არასრული ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოხვდა. დასკვნის მიხედვით:

„2014 წელს თბილისის საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია და დანამატი დარიგდა. აქედან წლის განმავლობაში გაცემული საპრემიო თანხის 90% 2014 წლის 6 თვეშია გაცემული;

2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 1 095 900 ლარი;

2013 წელს პრემიის მოცულობა 2 863 200 ლარია, ხოლო 2014 წლის საპრემიო თანხა და სახელფასო დანამატი 4 249 800 ლარს შეადგენს; რიგ შემთხვევებში პრემია გაცემულია თანამდებობრივი სარგოს 200-300%-ის ოდენობით;

საკრებულოს თავმჯდომარეზე 2014 წლის 6 თვეში პრემიის სახით გაცემულია 40, 000 ლარი. ამასთან პრემიების გაცემის დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას გაირკვეს, რა კონკრეტული დამსახურებისთვის ხდებოდა მოსამსახურეთა პირადი წვლილის შეფასება და თანხის განსაზღვრა. პრემიები გაცემულია იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც იმყოფებოდნენ შვებულებაში და ვერ შეძლებდნენ საერთო შედეგში წვლილის შეტანას.

2012-2014 წლებში შეძენილია 74 300 ლარის სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის: ყავა, ჩაი, ტკბილეული და ა. შ. ოფიციალური ღონისძიებებისა და ფურშეტების ორგანიზებისათვის დაიხარჯა 52 300 ლარი;

2014 წლის ოქტომბერში საკრებულოს შენობის ოფიციალურ გახსნაზე დაიხარჯა 19 200 ლარი; 2014 წლის ივლისში საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის საბოლოო ანგარიშზე _ 8100 ლარი; 2014 წლის დეკემბერში საკრებულოს მუშაობის შემაჯამებელ შეხვედრასთან დაკავშირებით მოწყობილ ფურშეტზე _ 2500 ლარი;

55 500 ლარი დაიხარჯა საჩუქრების შესაძენად, მათ შორის, 7100 ლარის ალკოჰოლური სასმელები;

2014 წლის ივლისში საკრებულოს 5-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა ქალაქ პარიზში, მივლინების ინიციატორი იყო საკრებულო, რომელიც დაუკავშირდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს და სთხოვა მიწვევის ორგანიზება. ვიზიტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა დაეფინანსებინა ქ. თბილისის საკრებულოს. აღნიშნულ ვიზიტზე დაიხარჯა 16 900 ლარი. მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია საკრებულომ ვერ წარმოადგინა. ასევე საკრებულოს ცალკეულ ავტომანქანებზე დოკუმენტურად გაწერილი საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპერტიზის მიერ დადგენილ ნორმებს. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი მტკიცებულებები, თუ რამ გამოიწვია საწვავის გადახარჯვა, ამ ათვისების მაჩვენებლის სხვაობა გაცემის სხვადასხვა სისტემას შორის“, _ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. ფაქტები საკმარისია იმისთვის, რომ ირაკლი შიხიაშვილის საქმიანობით სამართალდამცველი უწყება დაინტერესდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ჯანყარაშვილის გარდა, ამ უწყებაში სხვა მფარველებიც იპოვა.

შიხიაშვილის უწყებაში მიმდინარე პროცესებზე პირველად ვეტერანი გია ხიზანიშვილი ალაპარაკდა, რომელიც გმირთა მოედანზე შიმშილობდა. მას უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე სოსო გოგაშვილი დაუკავშირდა და შიმშილობის შეწყვეტის სანაცვლოდ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. როგორც აღმოჩნდა, გოგაშვილი და ხიზანიშვილი ერთმანეთს დიდი ხნის წინ იცნობდნენ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა გოგაშვილი ხორცის ბიზნესით და ფარშის დისტრიბუციით იყო დაკავებული. 42 წლის ასაკში იგი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით პრემიერ ღარიბაშვილის რაიონიდანაა, მფარველად, რატომღაც, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აირჩია. სწორედ კახი კალაძის სახელით გადასცეს ვეტერან გია ხიზანიშვილს „პროგრესბანკში“ 12 000 ლარი კონვერტით. რაიმე დოკუმენტზე ხიზანიშვილს ხელი არ მოუწერია. ცხადია, საინტერესოა როგორც თანხის წარმომავლობა, ისე დანიშნულებაც. იმედია, ეს ის თემაა, რომლითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცველი ორგანოები.

თანხის მეორე ნახევარს, ანუ დამატებით კიდევ 10 000 ლარს, მკურნალობისთვის სოსო გოგაშვილი ხიზანიშვილს მოგვიანებით დაჰპირდა და მასთან საკონტაქტო პირად ვინმე გოგიტა აირჩია. გია ხიაზანიშვილმა „ქრონიკა+“-ს გადასცა მისი პირადი მობილური ტელეფონის დეტალური ამონაწერი, სადაც როგორც სოსო გოგაშვილის, ისე ვინმე გოგიტას ტელეფონის შემომავალი ზარები ფიქსირდება. (სოსო გოგაშვილი ნომრით 595024477, ხოლო გოგიტა – 599878801)

„ქრონიკა+“-მა დაიწყო სოსო გოგაშვილის მარჯვენა ხელის, გოგიტას ძებნა. იმაზე მეტად გაგვიმართლა, ვიდრე წარმოვიდგენდით და ამაში, პირველ რიგში, გოგიტას არაპროფესიონალიზმი დაგვეხმარა. (არადა, ყველა ლოგიკით მას ჯეიმს ბონდი მაინც ჰგონია თავი.) ტელეფონის ნომერი 599 878801, რომლითაც ვინმე გოგიტა გია ხიზანიშვილს უკავშირდებოდა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კორპორაციული ნომერი აღმოჩნდა; ხოლო პირი, რომელიც ამჟამად აღნიშნული ნომრით სარგებლობს, ვიბერზე საკუთარი სახელით, გვარით და ფოტოთი რეგისტრირებული _ გოგიტა ოჩიგავა. ამ „შესაშური“ კონსპირაციის შემდეგ „ქრონიკა+“-მა გოგიტა ოჩიგავაზე სხვა დეტალებიც მოიძია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გოგიტა ოჩიგავა ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან გენერალურ ინსპექციაში სოსო გოგაშვილმა გადაიყვანა. იგი დღემდე ამ სამსახურშია ოფიციალურად გაფორმებული, მაგრამ უწყებაში თითქმის არ დადის და მთელ დღეებს გოგაშვილის გვერდით ატარებს. სწორედ მისი მეშვეობით აგვარებს „ლევ“ საქმეებს უშიშროების მინისტრის მოადგილე, რომელსაც თუნდაც ამ ფაქტიდან გამომდინარე, წარმოდგენაც კი არ აქვს, რა უწყებიდანაა.

 

გია ხიზანიშვილი „ქრონიკა+“-თან კიდევ ერთხელ იხსენებს მისი და სოსო გოგაშვილის საუბრის დეტალებს:

_ ზარების მიხედვით, დეტალური ამონაწერი 11 სექტემბრიდან მომცეს, რადგან ამ დრომდე ჩემი ნომერი ვეტერანთა დეპარტამენტში კორპორაციული ნომერი იყო. თუ პროკურატურა დაინტერესდება, მათ შეუძლიათ, წინა რიცხვების ამონაწერებიც ამოიღონ. შიმშილობა რომ შევწყვიტე, „მოდულის“ შენობაში ვნახე სოსო, დახმარებას დამპირდა, ორი დღე მოვუნდი დოკუმენტების შეგროვებას და მერე გამოჩნდა გოგიტა. დამირეკა, ბანკიდან დაგირეკავენო, „პროგრესბანკში“ ორჯერ ვიყავი, თანხა კონვერტით გადმომცეს, რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია. გოგიტა იყო საკონტაქტო პირი ჩემსა და სოსო გოგაშვილს შორის, გოგიტას ჩავეკითხე, _ თქვენ კახისგან ხართ, ბანკიდან თუ სოსოსგან-მეთქი? დამიზუსტა, _ სოსოს თანამშრომელი ვარო. ჩემი ავადმყოფობა ერთი რამე ნამდვილად არ იყო, კომპლექსური მკურნალობა მჭირდებოდა. მივხვდი, რომ მატყუებდნენ. როცა სოსოსთან კაბინეტში ვიყავი, პირდაპირ მითხრა სოსომ, _ „შიხას“ თავი დაანებე. გეტყვი, რაც ვუთხარი, _ შიხიაშვილს მორალური უფლება არ აქვს, ვეტერანების სახელით ილაპარაკოს-მეთქი. სწორედ ამას მოყვა სოსოს გაფრთხილება, _ დაანებე „შიხას“ თავიო. მერე მოაყოლა, _ ბიჭო, ზვიადისგან რაღა გინდაო? ჯერ ვერ მივხვდი, ვისზე მელაპარაკებოდა, მერე დამიზუსტა, _ ჯანყარაშვილიო. ეტყობა, ჯანყარაშვილს შიხიაშვილთან რამე შეხება აქვს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე სხვა პრეტენზია მქონდა. _ ჩანაწერი რომ მოგეცი, იმ საქმის გამოძიება როგორ მიდის-მეთქი? _ რა ჩანაწერიო? _ გაიკვირვა გოგაშვილმა. ოთხსაათიანი ჩანაწერი მივეცი, ჩემს წინა საქმეს ეხებოდა და იმ ხალხსაც, რომელთანაც ის მეგობრობს, მაგრამ მე არ ვეკონტაქტები. სოსომ ისეთი რამე იკადრა ამ საქმეზე, მე შინაურისგან მწყინს, თორემ მიშასგან არ მწყენია არაფერი. ეგ, იცი, რა მითხრა? „ნაციონალებში“ იყავი, კადრებშიც ხარ რევოლუციის დროსო. გადავირიე, _ რევოლუციის დროს ბიძინა პირველი „ნაციონალი“ იყო-მეთქი და „ნაცებში“ კი არა, ნინო ბურჯანაძეს ვეხმარებოდი, რა არის ამაში დასაძრახი-მეთქი?

_ სოსო გოგაშვილი სად იყო „ნაცების“ დროს?

_ მე კი ვიცი, სადაც იყო, მაგრამ ახლა აღარ დავწვრილმანდები.

_ არც ის გაახსენდა, ეტყობა, 2012 წლის არჩევნებზე თეა წულუკიანს რომ ეხმარებოდი

_ ძალიან კარგად გაახსენდა, მაგრამ ეს იყო შანტაჟი. დარწმუნებული არ იყო, რომ შიხიაშვილს თავს არ დავანებებდი. პირველი დღიდან „ოცნებაში“ ვარ, უბანში შეხვედრა არ გამომიტოვებია. რაზე მელაპარაკება გოგაშვილი?

_ რა ოთხსაათიან ჩანაწერზეა საუბარი?

_ აი, ჩემი საქმე მესამე წელია, თაროზე რომ არის შემოდებული. ჩანაწერი ბევრ სკანდალურ დეტალს ეხება. მე შეიძლება გიჟი დამიძახო, ავადმყოფი დამიძახო, მანიაკი დამიძახო, მაგრამ ფაქტებზე როცა ვლაპარაკობ და ჩანაწერს ვდებ, ის საქმე უნდა გამოიძიო. კეთილი ინებოს სოსო გოგაშვილმა და პასუხი გამცეს, სად წაიღო ჩანაწერი?!

 

როგორც ჩანს, გია ხიზანიშვილისა და სოსო გოგაშვილის დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება და გზადაგზა ახალი დეტალები გახდება ცნობილი; ისევე როგორც ირაკლი შიხიაშვილს, თავის რამდენიმე მომხრესთან ერთად, კარგა ხნის განმავლობაში მოუწევს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის კრიტიკის ატანა, გია ხიზანიშვილს, რომლის ინტერვიუც გაზეთში გამოვაქვეყნეთ, შიხიაშვილის პირისპირ მარტო არ დავტოვებთ. ვეტერანის დაცვის ნაცვლად „მაესტროს“ ეთერში ირაკლი შიხიაშვილი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ ხიზანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები, ანუ პერსონალური ინფორმაცია გაამჟღავნა, ხოლო „ქრონიკა+“-ის რედაქტორს პროკურატურაში მუშაობის დაწყება ურჩია. სანამ მისი სურვილები მხოლოდ სურვილებია, საჯაროდ მოგახსენებთ ჩემს პოზიციას:

1. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რა თანხა გადასცეს გია ხიზანიშვილს „პროგრესბანკში“ და გაირკვეს 12 000 ლარის წარმომავლობა;

2. ასევე საინტერესოა, რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან სოსო გოგაშვილს, ირაკლი შიხიაშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს? რატომ ზრუნავდა გოგაშვილი ხიზანიშვილის სიჩუმეზე?

3. ვინ არის გოგიტა ოჩიგავა? ევალება თუ არა მას, როგორც გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, პარალელური უწყების მინისტრის მოადგილის დავალებების შესრულება?

4. რა ჩანაწერი გადასცა გია ხიზანიშვილმა უშიშროების მინისტრის მოადგილეს? შეიცავს თუ არა ეს ჩანაწერი კონკრეტულ ცნობებს კონკრეტული დანაშაულის შესახებ და სად წაიღო სოსო გოგაშვილმა ხიზანიშვილის მიერ გადაცემული ჩანაწერი?

 

რაც შეეხება ირაკლი შიხიაშვილს, მე, ჟურნალისტი ელისო კილაძე, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას:

ირაკლი შიხიაშვილი არის პორტირებული „ნაცი“, რომელმაც დღევანდელი თანამდებობა მიიღო ღალატის საფასურად. ის იყო გია უდესიანის ზონდერი, ირიცხებოდა იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც გეგმავდნენ, სად და ვინ უნდა ეცემათ თბილისში, სად და ვინ უნდა დაესაჯათ ოპოზიციის მომხრეებიდან! შიხიაშვილის მანქანით მიიტანეს ზოოპარკიდან განავალი და 2009 წლის კარვების აქციის დროს კარვებში შეყარეს! შიხიაშვილი „ქართული ოცნების“ გამარჯვებას სწორედ „ნაცების“ ბანაკში შეხვდა. ის ამ ქვეყანაში წარსულია და მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერის ცოლის ნათესავებთან სიტუაცია „დაალაგა“, ვერასოდეს გახდება მომავალი. ღარიბაშვილის ე. წ. კახელების კლანს ბევრი რამე მოეკითხება ამ ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი _ კოლექტიური შიხიაშვილების მფარველობა!!!

 

ელისო კილაძე