ირმა ინაშვილი „ინტერპრესნიუსს“ პასუხობს!

irma

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი „ინტერპრესნიუსით“ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. განცხადებას ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს:

 

„ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, შემოწირულობის მიღების თვალსაზრისით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, თურმე, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჩამორჩება და ჩვენი ყველაზე მსხვილი შემომწირველი ჩვენივე პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ლომიაა. კითხვა პირველი: 1. რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში? რატომ ქმნით შთაბეჭდილებას, თითქოს, შემოწირულობების მიღების თვალსაზრისით, რიგით მესამე პარტია ვართ?! ეს სამარცხვინო ტყუილია! არადა, ამ „ნიუსის“ წაკითხვის შემდეგ, ხომ ეს აზრი რჩება? ცნობილია, რომ არჩევნების პერიოდში მხოლოდ 200 000 ლარი გვაქვს დახარჯული. სხვა პარტიებს ამ თანხაზე ასჯერ მეტი აქვთ დახარჯული, ასე არაა?! ხაზს ვუსვამ: ყველას წარმატებებს ვუსურვებ, არავის ვუთვლი, ვინ რამდენი და როგორ დახარჯა. მე მხოლოდ ბოროტი ინტერპრეტაციის წინააღმდეგი ვარ, რასაც „ინტერპრესნიუსი“ პირველად არ აკეთებს! 2. რა შუაშია შემოწირულობების საკითხთან გიორგი ლომიას მოხსენიება, როგორც ციხის კადრების ერთ-ერთი გამავრცელებლის?! გიორგი ლომია პარტიის პოლიტიკური მდივანია, ეს საინტერესო არაა?! 3. ვწუხვარ, რომ ქართული მედიის ნაწილი კვლავ ანგაჟირებულია, ან საკუთარი რედაქტორების პოლიტიკური სიმპათიის მსხვერპლია, ან სულაც კონკრეტული პოლიტიკური ძალების.“

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ცნობით” 2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის პირველ ივნისამდე შემოწირულობის რაოდენობით კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მან 8 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მეორე ადგილს ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ იკავებს, რომელმაც 2 მილონ 600 ათას ლარზე მეტი მიიღო, 700 ათას ლარიანი შემოწირულობით მესამე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.“ ირმა ინაშვილის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 200 000 ლარზე ნაკლები დახარჯა. „მიმაჩნია, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ ფრაგმენტული მონაცემების გამოქვეყნება, ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო მაინც და მაინც 13-დან 30 ივნისის ჩათვლით, ესაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“- აცხადებს ინაშვილი.