„VIP”- თავმჯდომარე და „შეჩვენებული“ დუმბაძე

222

რა ხდება? _ ეს კითხვა ხშირად გვესმის ყველგან, ყოველთვის, შინ თუ გარეთ.
მართლაც, რა ხდება?
ერთი შეხედვით, არაფერი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, მაგრამ მაინც ხდება და უფრო მეტიც, _ ცუდი რამეები.

მართალია, აღარავის აქვს სამსახურის დაკარგვის, ქუჩაში დახვრეტის, ციხეებსა თუ გარეთ ღირსების შელახვის შიში.
პირველ ოქტომბერს სამი წელი შესრულდა იმ საბედისწერო დღიდან, როცა დიდი რისკის, შინაგანი რწმენისა და თავგანწირვის ფასად მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მისცა `ქართულ ოცნებას~ და მოიყვანა სათავეში.
და დაიწყო მეოთხე სასწაული წელი…
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში უმნიშვნელო ადგილი ეჭირა, ზოგადად, აჭარა წლების მანძილზე მაინც ხელისუფლებისთვის ხმების ბეღლად ითვლებოდა.
2012 წელს კი აჭარამ თავისი სიტყვა თქვა არჩევნებზე, `ოცნებას~ დაუჭირა მხარი და ყველაზე რთულ ოლქებში სამი მაჟორიტარი გაიყვანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.
`ქართულ ოცნებაზე~ ხმის მიცემით მაშინ ყველა ჩვენგანს უკეთესი ცხოვრება გვინდოდა, თუმცა არავის ჰქონია ეკონომიკური სასწაულის ილუზია.
ხალხი აიტანს სიდუხჭირეს, მაგრამ ვერ აიტანს უსამართლობას.
უსამართლობა კი ყველგან იმხელა რქებით დადის, ყოველ წამს გვეჩხირება თვალებში.
ყველგან ისევ ისინი, ვისაც ებრძოდნენ `ოცნების~ აქტივისტები შიშველი ხელებით, არავითარი მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები, ისევ მორჩილი, არაკომპეტენტური და უნიათო საკრებულოები, სადაც პირველი ვიოლინო ისევ `ნაციონალური მოძრაობაა~. უვარგისი, უუნარო და უგერგილო ადგილობრივი მმართველობები. გაუგონარი მასშტაბის ნეპოტიზმი.
მაამებლობა, უპრინციპობა, კომფორმიზმი იმ ხალხის იგნორირება, ვინც, თავის დროზე, ეს გამარჯვება მოიტანა.
სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ამის გამოსწორების არათუ მცდელობა, სურვილიც კი არ ჩანს.
ბიუჯეტის ლეგალური ვირთხები. საკუთარი ხალხის მიმართ ასეთი არასოლიდარული ხელისუფლება საქართველოს არასოდეს ჰყოლია.
მოსახლეობის `ნაციონალებისადმი~ დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ უნდა აიტანოს ის სიბეცე და უნიათობა, რასაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ.
აჭარაში, ისე როგორც მთელ ქვეყანაში, გარეგნული სტაგნაციაა. არავითარი ადგილობრივი ინიციატივები, არანაირი ეკონომიკური ხედვები, ეკომიგრანტებისა და იპოთეკარების მოუგვარებელი პრობლემები, შეჩერებული პროექტები, ინვესტორთა სიმცირე, მოუვლელია ის, რაც გაკეთებულია. დინებას მიყოლილი მკვდარი თევზები.

`ოცნების~ სამწლიანი პერიოდის შესაფასებლად `ქრონიკა+~-მა საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიმართა.

პეტრე ზამბახიძე _ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, `ნაციონალური მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი:
_ მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ არა მხოლოდ პროგორც ძირითადი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენილი, არამედ, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი, რიგითი მოქალაქე.
პირველი ოქტომბერი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ქვეყანაში და მათ შორის, აჭარაშიც ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით. დემოკრატიული ცვლილებებით მოვიდა ხელისუფლება, რომელსაც იმის მინიმუმი მაინც უნდა გაეკეთებინა, რასაც საზოგადება მისგან ელოდა.
`ოცნება~ დიდი დაპირებებით და ნდობით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. მათ ვერ შეძლეს რეგიონის მართვა, ვერ ღებულობენ სათანადო გადაწყვეტილებებს, შეჩერდა ბევრი საკითხის მოგვარების პროცესი, არის ინვესტიციების პრობლემა, აღარ ხორციელდება მასშტაბური პროექტები, უკვე თვალში საცემია სახელისუფლებო კორუფცია, გარიგებები, მათი ინტერესების ლობირება. საერთო ჯამში, რეგიონი ვეღარ განვითარდა.
ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ხელისუფლება ვაიძულოთ ამუშავდეს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, წარსულს ჩაბარდეს საკუთარი ნათესავობის დასაქმება.
_ ბატონო პეტრე, `ოცნებას~ სწორედ იმას ედავებიან, რომ არსად არავინ შეუცვლიათ.
_ ბიუროკრატიის  შენარჩუნება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ისინი წლების მანძილზე ჩამოყალიბდნენ, როგორც პროფესიოანალები, და თუ ვინმემ საქმე იცის და აკეთებს დღევანდელ ხელისუფლებაში სწორედ ისინი არიან.
საკადრო პრობლემები ჩვენც გვქონდა, მაგრამ მისი უმოკლეს ვადაში მოგვარება შევძელით. მეოთხე წელი დაიწყო და `ოცნების~ მიერ დანიშნული კადრები დღემდე ვერ ერკვევიან საკუთარ უფლებებში, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ კვალიფიკაციასა და კომპეტენტურობაზე.
რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე `ოცნების~ დეპუატატმა ალეკო ჩიტიშვილმა ადრე განაცხადა, მაგრამ ხელისუფლებამ შეძლო მისი გაჩუმება და ვეჭვობ, ეს უანგაროდ მოხდა.
_ აჭარის უმაღლესი საბჭო თქვენი ხელისუფლების დროს ამორფული იყო. რით განსხვავდება დღევანდელი უმაღლესი საბჭო მისგან?
_ არ უარვყოფთ, რომ მაშინაც არ იყო უმაღლესი საბჭო დიდად ეფექტიანი, მაგრამ მისი შედარება დღევანდელთან დეპუტატთა კორპუსის კვალიფიციურობით, კომპეტენტურობით, კანონშემოქმედებითი საქმიანობით, საკანონმდებლო ინიციატივებით საქართველოს პარლამენტში არც კი შეიძლება შევადაროთ.
ფაქტობრივად, არაფერი სიახლე არ არის აჭარის კანონმდებლობაში. წინა უმაღლეს საბჭოში ჩვენ 18 საკანონმდებლო ინიციატივა მოვამზადეთ პარლამენტში წარსადგენად, აღარაფერს ვამბობ, კანონქვემდებარე აქტებსა და სხვა ინიციატივებზე.
დღევანდელ უსაქმურ და უუნარო ხელისუფლებას კი არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
თქვენ წარმოიდგინეთ, `ოცნების~ დეპუტატთაგან ძალიან ბევრს დღემდე უკვირს, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრები რომ გახდნენ.
თავის დროზე `ოცნების~ დეპუტატები გვექადნებოდნენ, რომ ყოველ ექვს თვეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაიბარებდნენ და ანგარიშს მოსთხოვდნენ გაწეული საქმიანობის შესახებ, მაგრამ მესმე წელია, დაბარების მიუხედავად არც კი მოსულა უმაღლეს საბჭოში. ამით უპატივცემულობას გამოხატავს არა მარტო წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ, არამედ უხეშად არღვევს კონსტიტუციას.
როგორც ჩანს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არაფერი აქვს სათქმელი.

სულხან ღლონტი _ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, `თავისუფალი დემოკრატები~:
_ `ქართული ოცნების~ კოალიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუბიექტი ჩვენც ვიყავით და აჭარაში ორი მაჟორიტარული ოლქი _ ქობულეთი და ხელვაჩაური _ სწორედ ჩვენი პარტიის წევრებმა მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაერთიანება ძალიან ეკლექტიკური იყო და იდეების კი არა, ვიღაცის წინააღმდეგ ვიყავით ერთად, მაინც დიდი საქმე გაკეთდა.
ქვეყნის მმართველობას ჩამოვაცილეთ ავტორიტარული რეჟიმი და ამით ქვეყანას ავარიდეთ აშკარა სამოქალაქო დაპირისპირება.
_ სანამ კოალიციაში იყავით, რა გაკეთდა უმაღლესი საბჭოს მიერ?
_ პოზიტივი იყო ის, რომ გავზარდეთ ტრანსფერები რაიონებისთვის, სხვადასხვა პროექტს დავუჭირეთ მხარი. პოზიტივია ისიც, რომ ეს უმაღლესი საბჭო მრავალპარტიულია, თუმცა აკადემიზმითა და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით ძალიან მოიკოჭლებს. არ აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც მმართველ გუნდს მიაჩნია საჭიროდ. ვერ ახორციელებს აჭარის მთავრობის რეალურ მონიტორინგს და მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს გამოხატავს და არა საზოგადოებისას.
დღემდე პრობლემაა ხაბაძის გამოცხადება უმაღლეს საბჭოში. შეიძლება, არ მოსწონდეს ვინმეს საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა, მაგრამ ეს რეალობაა და ამას პატივი უნდა სცეს მთავრობამ.
_ რა უნდა შეცვალოს მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ?
_ ძალიან ბევრი რამ: უპირველესად ეფექტიანი უნდა გახდნენ; ამოქმედდნენ, გამოიჩინონ ინიციატივები, მიხედონ სოციალურ და რეგიონის პრობლემებს (ეკომიგრანტები, იპიოთეკარები), გაითავოსონ, ისწავლონ გადაწყვეტილებების მიღება. საერთოდ, მუშაობის სტილი აქვთ შესაცვლელი, მაგრამ არა მგონია, არჩევნებამდე მოასწრონ ეს.
_ რა უშლის ხელისუფლებას ეფექტიან მუშაობაში?
_ მძიმე სახელისუფლებო ვერტიკალი, რომლისგანაც ვერა და ვერ გავთავისუფლდით, თანამდებობის პირთა მეტი კომპეტენცია, რეგიონის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი, და ხელისუფლების არარეფორმატორული სული ადგილებზე. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩვენი რეგიონის კი არა, ქვეყნის ხელისუფლების  პრობლემაა.
ამ ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი ნაკლია ნეპოტიზმი. ასე აშკარად გაცხადებული არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. ეს სენი ჩრდილავს სხვათა შესაძლებლობებს.
ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს უარყოფითად უყურებს. მოგვწონს ჯანდაცვის რეფორმა, თუმცა შეიძლებოდა მისი დახვეწა.

პაატა აროშიძე _ ექსპერტი:
_ ბატონო პაატა, რეგიონის ხელმძღვანელობას ეკონომიკური პოლიტიკა აქვს?
_ არათუ რეგიონის, არამედ, ქვეყანასაც არ გააჩნია დოკუმენტი, რომლითაც ისარგებლებდა და საქართველოს სტაბილური ეკონომიკური განვითარების საშუალებას მისცემდა. თუმცა ჰქონდა ამის მცდელობა, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა ეს დოკუმენტი ფარატინა ქაღალდად აქცია. დოკუმენტს, რომელსაც ერქვა `2020 ეკონომიკური ზრდა~ 12-13%-ით იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში კი მხოლოდ 3%-იანი ზრდაა დაფიქსირებული, რაც არაფერს ნიშნავს.
ასე რომ, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა არ არსებობს. წინა ხელისუფლების დროს ინსტინქტების დონეზე ხდებოდა განვითარება, დღეს კი პრიორიტეტებიც არაა განსაზღვრული.
ამის ნათელი მაგალითია სოფლის მეურნეობაში სეზონურად მიღებული გადაწყვეტლებები და არა სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა ამ მიმართულებით.
_ რაზე თქვა უარი ამ ხელისუფლებამ?
_ უარი თქვა აგრესიულ პრივატიზაციაზე, რაც კარგია, რადგან ამ პროცესში ძალიან ბევრი 1 ლარად გაყიდული ქონება სადავო გახდა ინვესტორის მიერ განუხორციელებელი პირობების გამო. ეს უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც აქვს და რამდენადაც ვიცი, ჯერ არ გასხვისებულა ასე არაფერი. აღარ ხდება ბიზნესის ტერორი, ჩემი აზრით, `რუსთავი 2~-ისთვის დავაც ამის ნაწილია მხოლოდ.
მართალია, ბიზნესი თავისუფალია მარწუხებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა.
დღემდე ვერაფერი მოუხერხეს საწვავისა და ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიას.
_ თუ სახელმწიფო მონოპოლიების შესაქმნელად ერეოდა აგრესიულად, დემონოპოლიზაციის პროცეში არ შეიძლება აგრესიული ჩარევა?
_ აგრესიული ჩარევა უნდა გამოიხატოს მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფით და ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნით.
დღეს არსებული ანტიმონოპოლიური სააგენტო კი წელიწადზე მეტია, იკვლევს საწვავის ფასებს და დღემდე ვერაფერი დაუდგენია.
მონოპოლიების შექმნის მცდელობები ამ ხელისუფლების პირობებშიც იგრძნობა, _ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შერწყმა მსხვილ ბანკებთან, `ნიკორასა~ და `ნუგეშის~ გაერთიანება. იქნებ, ეს ნორმალური ეკონომიკური პროცესია, მაგრამ წარსული გამოცდილების საფუძველზე საეჭვოა, ასე იყოს.
_ რამ უნდა განსაზღვროს რეგიონის ეკონომიკური პოლიტიკა?
_ რეგიონის ეკონომიკური პოლიტიკა იზოლირებული ვერ იქნება მთელი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისგან.
სამწუხაროდ, დღეს რეგიონში ეკონომიკური ხედვაც კი არ გააჩნიათ, არათუ სტრატეგია. არადა, პოტენციალი ძალიან დიდია, მისი გამოყენება კი ვერ ხერხდება. მას ობიექტურთან ერთად ხშირად სუბიექტური მიზეზები აქვს. ესაა უინიციატივობა, მათ არ იციან თავიანთი უფლებამოსილება, და საერთოდ, საკადრო პოლიტიკასთან ერთად თვითმმართველობა არ თვითმმართველობს.
სწორი ეკონომიკური პრიორიტეტების განსაზღვრის გარეშე კი წარმოუდგენელია ეკონომიკური წინსვლა.
ამ სამ წელიწადში, მიუხედავად გარე ეკონომიკური ფაქტორებისა, უფრო მეტი ეკონომიკური წინსვლა იყო შესაძლებელი.
ინვესტორთა მოზიდვისათვის აუცილებელია საგარეო უწყების აქტიურობა, რადგან ქვეყნის გარეშე გაიტანონ და გააცნონ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გარემო.

ნინო ჩხეტია _ ექსპერტი:
_ რა შეცვალა რეგიონში პირველმა ოქტომბერმა?
_ ბათუმი აპოლიტიკური ქალაქიაო, მესმოდა ყოველთვის, თუმცა ის მუდამ აქტიური იყო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. და, რა თქმა უნდა, პოლიტიკის განმსაზღვრელი დედაქალაქია. ჩვენც, ისევე როგორც მთელი ქვეყანა, საარჩევნო კალენდრით ვცხოვრობთ.
საკადრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა. კოჰაბიტაციამ გამოიწვია ქართული ოცნების მიერ საკუთარი მხარდამჭერების იგნორირება და ამით ამ კოალიციიდან, როგორც პარტია, ყველაზე მეტად ქართული ოცნება დაზარალდა.
კოჰაბიტაცია შეიძლება საკამათო თემა იყოს, მაგრამ სახელმწიფოებრივად ეს პოზიტივია.
მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მნიშვნელოვანწილად გარეფაქტორები განსაზღვრავს და ეს პროცესიც მისი შედეგია.
საგულისხმოა, რომ თუ ცენტრში კოჰაბიტაციით სარგებლობდნენ და ცალკეულ უწყებებში პრობლემებს ქმნიდნენ, აჭარაში ასე არ ყოფილა.
_ აჭარაში არც არაფერი გაკეთებულა და როგორ უნდა შეეშალათ ხელი?
_ ხელის შეშლა ყველაფერში შეიძლება.
`ნაციონალური მოძრაობა~ ყველაფრისგან პიარს აკეთებდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: წინა ხელისუფლების დროს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა მასშტაბური პროექტი, სრულად შეიცვალა წყალ-კანალიზაციის სისტემა და ამას აპიარებდა სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი და ამით პოლიტიკურ ელფერს ანიჭებდა მას. ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი უფრო მასშტაბური პროექტი ხორციელდება? მაგრამ მის სანახავად მხოლოდ ქალაქის მერი თუ გადის. ამით მას წმინდა ინფრასტრუქტურული დატვირთვა მიენიჭა და ასეც უნდა იყოს. თუ ის ხელისუფლება ყველაფერს აპიარებდა, ეს მეორე უკიდურესობაში გადავარდა. საერთოდ უარი თქვა საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე.
_ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თავისი სტატუსითა და უფლებამოსილებით რამდენად მიმზიდველია ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნისათვის?
_ შეიძლება სამართლებრივად საკამათო იყოს ავტონომიის სტატუსი, მაგრამ ამ ეტაპზე მისაღებია და საკმარისი. იმავე დასავლეთში მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო რეგიონების მკვეთრი დეცენტრალიზაცია. ალბათ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენც მივალთ ამ კონდიციამდე. დღევანდელი გამოწვევის ფონზე კი ეს მიუღებელია ქვეყნისათვის.
ავტონომიის დღევანდელი სტატუსი ხელს არ უშლის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, თუ ამის სურვილს და ინიციატივას გამოხატავს ადგილობრივი ხელისუფლება.
_ ე. ი. ინიციატივის პრობლემაა?
_ ადრე ქვეყანა ერთიანი ვერტიკალით  იმართებოდა, ახლა ეს ვერტიკალი იმდენად ძლიერი და ქმედითი აღარაა და გადაწყვეტილებების მიღებაც ოპერატიულად აღარ ხდება. ამ ხაზის მოშლამ ადგილობრივ თვითმმართველობებში სხვა პრობლემა გამოიწვია. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება რთულია, ხოლო მიღებული დავალების შესრულება გაცილებით მარტივი და კომფორტული. 2017 წელს დასრულდება თვითმმართველობების რეფორმა და, ალბათ, ყველაფერი დალაგდება.
_ რა მიგაჩნიათ ამ ხელისუფლების მთავარ მიღწევად?
_ დამოუკიდებლობის მერე ეს პირველი ხელისუფლებაა, რომელსაც პირველ სამ წელიწადში მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისი არ ჰქონია. გაიხსენეთ გამსახურდია, შევარდნაძე. სააკაშვილსაც პრობლემები 2006 წლიდან დაეწყო.
_ ეს ხელისუფლების დამსახურებაა თუ ჩვენც გავიზარდეთ?
_ პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების სისუსტე მისი პოზიტივია. ამასთან, ჩვენც ვისწავლეთ ბევრი რამ. ვისწავლეთ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გვაქვს დაწერილი ჯვარი. ასევე, ვერ მოხერხდა ხალხში არსებული აშკარა უკმაყოფილების კონსოლიდირება, რადგან ძალა არ გამოჩნდა, ვინც ამას შეძლებდა.
საგარეო ფაქტორებით გადარჩენილი `ნაცმოძრაობა~ გახდა სწორედ ის ძალა, რომელიც `ოცნებისათვის~, ჯერჯერობით, სასიამოვნო საჩუქრია.
ეს პროფესიონალთა მოსაზრებები, ხოლო უბრალო ხალხი, რომელმაც თავის მხსნელად და უკეთესი ცხოვრების იმედად `ქართული ოცნება~ დაინახა, თავის პრობლემებში იხრჩობა.

`ქრონიკა+~-ს უნდოდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსაზრებები და შეფასებებიც ჩაეწერა, მაგრამ ჩვენს სატელეფონო ზარებს ავთანდილ ბერიძემ არ უპასუხა. ასევე უპასუხოდ დატოვა ჩვენი მესიჯებიც. ქოლგის არ იყოს, ამ კაცს სრული ბედნიერებისთვის                                                                                                                                                            მეტელეფონეც აუყვანეთ.
მაშინ, როცა ავტონომიის არაფრისმაქნისი უმაღლესი საჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე, 90-ათასლარიანი ჯიპით დადის, ასობით მოქალაქეს ლუკმაპურის შოვნაში უთენდება და უღამდება.
მანამ როცა არჩილ ხაბაძე თავისი სანათესავოს დასაქმებითაა დაკავებული, ათასობით აჭარის მცხოვრები თურქებს უდგას მოჯამაგირედ.
ასობით ოჯახი იპოთეკით დატვირთული ქონების გამო ყოველ წუთს გამოსახლების შიშითაა.
ათასობით ეკომიგრანტი ელის თავის ჭერს საკუთარ სამშობლოში.
10 ლარით პენსიაგაზრდილ მოქალაქეებს ჭკუას ასწავლის წელიწადში 7-ჯერ პრემიააღებული ჩინოვნიკი.
და თუ ეს არის `ქართული ოცნება~, იყოს…

საკმაოდ ენაწყლიანია `ქრონიკა+”-სთან მურმან დუმბაძე, რომელიც მმართველი გუნდის სამწლიან პერიოდს ჩვენთან ერთად აფასებს:

_ ბატონო მურმან, როგორ ხედავთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს დღევანდელი გადასახედიდან, როცა, თავის დროზე, `ქართული ოცნების~ ერთ-ერთი ლიდერთაგანი ამ ორგანიზაციის ოპონენტი ხართ?
_ 2012 წლის პირველ ოქტომბერს არ ვნანობ. დღესაც ზუსტად ისე მოვიქცეოდი, როგორც მაშინ. ქვეყანაში იზრდებოდა ავტორიტარიზმის ხარისხი, ვითარდებოდა პროცესები, რომელიც დაპირისპირების რისკს ზრდიდა. ახლაც ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო არა მარტო პოლიტიკური სპექტრის, არამედ საზოგადოების გაერთიანებაც და პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით.
_ მაგრამ თქვენი გზები გაიყარა…
_ მე გზა და გეზი არ შემიცვლია, ზუსტად იმ გზით გავაგრძელე, რა გზითაც დავდიოდი ყოველთვის. ჩემთვის მთავარია სიმართლე. ცუდზე კარგს ვერ ვიტყოდი და პირიქით.
ჩვენი მთავარი დაპირება, რის გამოც ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა მივიღეთ, სამართლიანობის აღდგენა იყო, მაგრამ მეოთხე წელი დაიწყო და სამართლიანობის აღდგენა პატრონებისთვის 4-5 მანქანის დაბრუნებით დაიწყო და დასრულდა. მთელ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, ზღვისპირეთში, მოხდა სასტუმროების ჩამორთმევა, გადაფორმება, მიწების წართმევა, ბიზნესწილების გადანაწილება. ერთბაშად ყველასთვის ყველაფრის დაბრუნება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ პროცესი მაინც უნდა დაწყებულიყო.
მე შევთავაზე სქემა, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო ეტაპობრივად ეს. ქონების, რომელსაც კანონმდებლობით კეთილსინდისიერი მფლობელი ჰყავს, დაბრუნება რთულია და სახსრებს მოითხოვს, მაგრამ იყო და არის ჩამორთმეული ქონებები, რომლებიც დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაა და მის დასაბრუნებლად მხოლოდ სურვილიც კმაროდა.
თუნდაც დღეიდან წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ რომ დაიწყოს ფაფხური ამ მიმართულებით, ჯერ ერთი, ვერ მოესწრება და მეორეც, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს იქნება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა, რაც ამ ხელისუფლებას ცუდად შემოუბრუნდება.
სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ წართმეული ქონების დაბრუნებას არ ნიშნავს. იყო რიგი საკითხებისა, რომლის გადაწყვეტას ფინანსები კი არა, პოლიტიკური ნება სჭირდებოდა.
თუნდაც ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და არჩევნების მხოლოდ პროპორციული სიით ჩატარება. ამას ვითხოვდით ხელისუფლებაში მოსვლამდე. ხელისუფლებამ დაივიწყა ეს დანაპირები და საკითხი 2020 წლამდე გადადო. შეთანხმებული ვიყავით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ მომხდარიყო პარლამენტართა 5/6-ის ნების გარეშე. არც ეს საკითხი დასმულა.
და როცა ხელისუფლება, თუნდაც ჩემი გუნდი, რომელიც თავის პრინციპებზე უარს იტყვის, იქ ჩემი ადგილი არ არის.
_ სხვა რა დაპირებები არ შეასრულა `ოცნებამ~?
_ არც ერთი ეკონომიკური პროექტი, რომელიც საარჩევნო პროგრამაში იყო გათვალისწინებული, არ განხორციელებულა. ის კი არა, ამ კუთხით ხელისუფლებამ სრული ფიასკო განიცადა. ლარი 2.40 გახდა და ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა უარეს დღეში ჩაცვივდა.
`ოცნებას~ პროგრამაში ჰქონდა სოფლის მეურნეობის 1-მილიარდიანი ფონდის შექმნა, რომელსაც სოფელი ფეხზე უნდა დაეყენებინა. შეიქმნა? _ არა.
პრემიერი ღარიბაშვილი თავს იწონებს, _ სამ წელიწადში სოფლის მეურნეობაში მილიარდ ლარამდე დაიხარჯაო.
ეს არის ტყუილი. წელიწადში ბიუჯეტით სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილია 300 მილიონი და თანაც აქედან ნახევარი მიდის ხელფასებში, ის ფონდი კი ბიუჯეტს მიღმა უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში დაიხარჯებოდა 3 მილიარდი ლარი _ წელიწადში 1 მლრდ.
უნდა შექმნილიყო საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი. გინახავთ ვინმე, ვისაც დახმარება და ხელშეწყობა მიეღოს ამ დარგში? _ არა, იმიტომ რომ ასეთი ფონდი არც კი შექმნილა.
და ლარის ასეთი დევალვაცია სწორედ არაინდუსტრიული ფულის შედეგია.
ხელისუფლებამ არ იზრუნა არც სოფლის მეურნეობის, არც წარმოების განვითარებისთვის. ის კი არა, ხშირად ხელს უშლიდა კიდეც.
ასე მოხდა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღდგენის მცდელობისას. ნაპოვნი ინვესტორი გააქციეს და დღემდე როგორ ნიავდება ამ ქარხნის ქონება, არავინ კითხულობს!
ფაქტობრივად, არ მუშაობს ბათუმის პორტი. 15 მილიონ ტონამდე ტვირთბრუნვის პორტი ახლა 4-5 მილიონ ტონას ძლივს უმკლავდება. პორტი დეფოლტზე ზის და ის ხელოვნურად გააკოტრეს, რადგან იგი რაც შეიძლება იაფად და მალე გაიყიდოს.
_ რით ხსნით ამას?
_ ან ხელისუფლების მაზოხიზმით, რომ საკუთარი მოსახლეობა გასაჭირში ამყოფოს, ან ბიძინა ივანიშვილის ინტერესით, რაც შეიძლება იაფად ჩაიგდოს ხელში მსგავსი ობიექტები.
_ იყიდოს, მერე ვინ უშლის? იყიდოს და ამუშაოს.
_ იყიდოს, მაგრამ აქაც აუხსნელია მისი საქციელი.
_ საკადრო პოლიტიკა?
_ ამაშიც ფიასკო განიცადა ხელისუფლებამ მთელ საქართველოში. ეს განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნებისას გამოიკვეთა, როცა აბსოლუტურად ყველგან ზემოდან თავსმოხვეული და მიუღებელი კანდიდატები წარადგინეს მერებისა და გამგებლების პოსტებზე. აბსოლუტურად იგნორირებულ იქნა ის ხალხი, რომელთაც ეს გამარჯვება რისკისა და თავგანწირვის ფასად მოიტანა.
ყველგან ასეა, მაგრამ მე ორ მაგალითს მოგიყვანთ:
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისას, `ნაციონალური მოძრაობის~ აქტივისტი იყო და ამომრჩევლის მობილიზებაში აქტიურად მონაწილეობდა.
უფრო უარესი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რომელსაც წინა ხელისუფლებაშიც მაღალი პოსტები ეჭირა, არათუ 2012 წელს, 2013 წელსაც კი საპრეზიდენტო არჩევნებისას ბაქრაძეს უჭერდა მხარს და მის შტაბს ეხმარებოდა.
ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ `ქართული ოცნება~, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, არ არსებობს. როცა პარტიიდან გამრიცხეს, დოკუმენტი მოვითხოვე, მაგრამ ვერ მომცეს, რადგან არ აქვთ ორგანიზაცია და რას მომცემდნენ? არც ერთ რეგიონში არ აქვთ პარტიული სტრუქტურა და ოფისები. როცა ხელისუფლება არ ეყრდნობა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის გამარჯვების წყალობითაც მოვიდა, ყოველთვის განწირულია დამარცხებისთვის.
ამას მივუმატოთ საშინელი ნეპოტიზმი და ზღვარსგადასული ხელფასები, დანამატები და პრემიები.
_ სხვათა შორის, თავის დროზე, ნეპოტიზმი სწორედ თქვენს სახელს უკავშირდებოდა და ამასთან, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებიც თქვენი შერჩეულია, მათ შორის, არჩილ ხაბაძეც.
_ ეგ სიცრუეა! არც ერთი ჩემი ნათესავი არც ერთ თანამდებობაზე არ მუშაობს.
ვადასტურებ, რომ აჭარის მთავრობის სამი წევრი ჩემი რეკომენდაციით დაინიშნა. მათ ჰქონდათ დიდი დამსახურებები ოპოზიციურ ბრძოლაში.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაურ ფუტკარაძე, ჩემი მეგობარი იყო და რჩება დღემდე. ის იყო 2004 წლის აჭარის მოვლენებისას ჩვენი დამფინანსებელი, ის აფინანსებდა და მხარს უჭერდა `ნაციონალების~ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს; გიორგი თავამაიშვილი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, გამოცდილი პოლიტიკოსია; ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ძალზე გვეხმარებოდა იმ ძნელი არჩევნების პერიოდში. მათგან არც ერთი არ არის ჩემი ნათესავი.
რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არც არავინ მოიაზრებდა.
ჩვენ დიდხანს ვეძებდით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ისეთ ადამიანს, ვინც მაშინდელი პრემიერ ივანიშვილის ნდობას დაიმსახურებდა და მასთან იქნებოდა პირდაპირ კავშირში, რადგან არ გვინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ რახან ფინანსები იყო, რამე ინტერესებიც გვქონდა. მოვძებნე ივანიშვილის ბანკის მენეჯერი ბათუმში. ეს იყო არჩილ ხაბაძე. ჩვენ მოვძებნეთ რანგი და არა პიროვნება.
სამწუხაროდ, მერე მოხდა ხელისუფლების გადათამაშება და რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერით წარადგინეს ამ თანამდებობაზე. პოლიტსაბჭოს სხდომაზე მაშინვე განვაცხადე, რომ ხაბაძე არ არის პოლიტიკური ფიგურა და ის ვერ შეძლებს რეგიონის მართვას, მაგრამ რახან გადაწყვეტლებას გუნდური პრინციპით ვიღებთ, მხარს გიჭერთ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვიხსნი-მეთქი.
მართალიც აღმოვჩნდი. არჩილ ხაბაძეს საკუთარი არაფერი აქვს, უსახურია, უუნარო, უნიათო, უგერგილო. კაცი, რომელიც ზემოდან ზარის დროს სავარძლიდან ინსტინქტურად წამოვარდება, თითქოს ვინმე ხედავდეს.
ჩემი აზრით, მსგავსი საკადრო პოლიტიკა იმიტომ ხორციელდება, რომ ხელისუფლებას რეგიონში არ ჰყავდეს მოაზროვნე, ინიციატივიანი ადამიანები და ამით არ მოეშალოს სახელისუფლებო ვერტიკალი. ევგენიძე, ერმაკოვი, ხაბაძე და ძმანი მათნი იოლი სამართავები არიან და ამ ნიშნით შეირჩნენ მხოლოდ.
ხოლო ხაბაძის მხარდაჭერით ხელისუფლება დღემდე არ უშვებს რეგიონში პოლიტიკური ლიდერის წარმოჩენას, რაც ხელისუფლების კომპლექსზე მიუთითებს.
_ რას აპირებთ?
_ ბრძოლას, მხოლოდ სამართლებრივი გზით. მეტი კომუნიკაცია ხალხთან.
ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ ხელისუფლებას, რადგან ვიცით ხალხის განწყობა და თუ ბიძინა ივანიშვილი ეცდება არჩევნების გაყალბებას, ის მიიღებს რევოლუციას. საქართველო იმსახურებს ნორმალურ ხელისუფლებას.
ბრძოლა ბოლომდე!

ნატო ქათამაძე