დაგვიანებული სამართალი

33

„ქართული ოცნების“ უპირველესი სლოგანი და მთავარი დაპირება _ „სამართლიანობის აღდგენა“ შეუსრულებელი დარჩა. ის ადამიანები კი, რომლებიც ამას თავგამოდებით მოითხოვდნენ, შეკრებებს აწყობდნენ და ღიადაც ამხელდნენ დამნაშავეებს, დღესაც იმედგაცრუებულები არიან. მათ სამართლიანობაზე მხოლოდ ოცნება შერჩათ, სხვა არაფერი.

როინ მიგრიაული, სამართლის სპეციალისტი, პროფესორი, ადვოკატი:

_ სამართლებრივ სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა, რაც გულისხმობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში (2003-2012 წლებში) უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების უკან დაბრუნებას. კონკრეტულ შემთხვევებში თანამდებობის პირთა ასეთი ქმედებები არა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხასიათს ატარებდა, არამედ ისინი შეიცავდა, აგრეთვე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან ადგილი ჰქონდა პირთა უკანონო დაპატიმრებებს და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანას, კერძო საკუთრების ჩამორთმევას, მითვისებას და სხვ. შესაბამისად, მოქალაქეებს, ანუ სახელმწიფოს ქვეშევრდომებს, რომელთა მიმართაც ზრუნვა თითოეული ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, ახალი ხელისუფლების პირობებში გაუჩნდათ იმის განცდა და მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება შექმნიდა შესაბამის სამართლებრივ წინაპირობებს და აღმოფხვრიდა მათ მიმართ ჩადენილ უსამართლობებს. სწორედ ასე გაიგეს მოქალაქეებმა _ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებმა, სამართლიანობის აღდგენის შინაარსი.

_ რა უნდა გაეკეთებინა ამ დაპირების შესასრულებლად ხელისუფლებაში მოსულ „ოცნებას“?

_ პირველი – პოლიტიკურ რეჟიმად გამოეცხადებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი _ 2003-2012 წლები; მეორე – შეექმნა სპეციალური საკანონმდებლო ბაზა, რომელიც განსაზღვრავდა არა მხოლოდ აღნიშნული რეჟიმის პერიოდში რეპრესირებულ პირთა (რეჟიმის მსხვერპლთა) სამართლებრივ სტატუსს და კანონის საფუძველზე შემოიღებდა ლეგალურ წესებს რეპრესირებული პირებისთვის ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნების, ან ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათთვის შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ; მესამე – დაეწყო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გამოძიებები იმ თანამდებობის პირთა წინააღმდეგ, რომელთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებითაც კერძო პირთა ქონება აღმოჩნდა სახელმწიფოს, ან სახელმწიფო თანამდებობის, ანდა მათთან დაახლოებული პირების ხელში.

სამწუხაროდ, მოქალაქეთა მოლოდინი მოლოდინად დარჩა და ახალ პოლიტიკურ ძალას არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება არ განუხორციელებია. პირიქით, გვახსოვს კოჰაბიტაციის 1-წლიანი პერიოდი, რამაც სულის მოთქმის საშუალება მისცა ყოფილ დანაშაულებრივ პარტიას _ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, აქცია იგი ერთ-ერთ ძლიერ ოპოზიციურ ძალად, რაც, თავისთავად, გამორიცხავს, მათი ოპონირების პირობებში, სპეციალური საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული გამოძიებების ჩატარებას.

 

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:

_ ხელისუფლებაში მოსვლის წინ `ოცნების~ ლიდერებმა საქართველო ფეხდაფეხ შემოიარეს, ყველა რეგიონში ჩაატარეს ფართომასშტაბიანი აქციები და ყველგან ყურადღება ექცეოდა იმას, რომ საქართველოში აღარ მოხდებოდა ადამიანების დაჩაგვრა, პოლიცია არ იქნებოდა პოლიტიზებული და მოსახლეობას დაუბრუნებდნენ სამართლიან სასამართლოს. ხალხს ასევე დაპირდნენ, რომ იმ საქმეებზე, სადაც აშკარად ჩანდა, რომ კერძო საკუთრება, ან ქონება წართმეული იყო პროკურატურაში ღამეული დაბარებების შედეგად, ოჯახების ფსიქოლოგიური ტერორით, ანდაც ვითომ მესაკუთრეების ხელისუფლებისთვის ჩუქების სურვილით, მოახდენდნენ რეაგირებას და ყველაფერს დაუბრუნებდნენ რეალურ მესაკუთრეებს, რაც ასე არ მომხდარა.

_ წართმეული ქონება არავისთვის არ დაუბრუნებიათ?

_ როგორ არა, წართმეული ქონება დაიბრუნა ბიძინა ივანიშვილმა. ისე გამოვიდა, რომ სამართლიანობის დამკვიდრება მხოლოდ მასთან მიმართებით მოხდა. ცინიკურობით გამორჩეული თეა წულუკიანი ამტკიცებდა, რომ შეიქმნებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია და მისი დასკვნის საფუძველზე მოხდებოდა განაჩენების, გადაწყვეტილებების გადასინჯვა. ეს იყო ის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირებები სამართლებრივ სფეროში, რომელმაც მოსახლეობას გადააწყვეტინა, რომ ხმა მიეცა `ქართული ოცნების~ წარმომადგენლებისთვის და არა იმ პერსონალიებისთვის, რომლებიც დღეს სხედან პარლამენტში. პარლამენტში მყოფებიდან ბევრია ოდიოზური პიროვნება. ისინი სახელმწიფოს მართვის ელემენტარულ ნიშნებშიც კი არ არიან გარკვეული. `ოცნების~ პოლიტიკოსებს არ რცხვენიათ იმ ტყუილების, რომელიც ხალხს უთხრეს, ახლაც ეუბნებიან და ასეთ ადამიანებს, პოლიტიკურ ძალას, კიდევ აქვს პრეტენზია  სამართლიანობაზე.

_ შეიძლება მათ ეგონათ, რომ ეს ადვილი პროცესი იყო და მარტივად მოხდებოდა წართმეული ქონებების დაბრუნება.

_ რას ჰქვია, ეგონათ? მათთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ ის ქონებები, რომელიც ადამიანებს ჩამოართვეს, იყო დანაშაულებრივი გზით ჩაგდებული ხელში. ამის შესახებ ადვოკატებს და თავად ამ ქონებების მფლობელებს, დაზარალებულებს არაერთხელ უსაუბრიათ, თუმცა სამართლოანობის აღსადგენად არაფერი გაკეთებულა.

2015 წლის გაზაფხულზე პროკურატურაში შექმნეს დეპარტამენტი, რომელსაც დაევალა ასეთი დანაშაულებების გამოვლენა, მაგრამ ეს დეპარტამენტიც არის მიკერძოებული და რაიმე ქმედითი მას არაფერი გაუკეთებია. როგორც გამოაცხადეს, ან დაწესებულებაში დასაქმებული არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ძველ პროკურატურასთან შემხებლობა არ ჰქონიათ, მაგრამ ესეც არის აბსურდი. რეალურად, იქ დასაქმებული ჰყავთ პროკურორები, რომლებიც ასეთ საქმეებს თავად თითხნიდნენ და აკოწიწებდნენ იმისათვის, `ნაციონალური~ ხელისუფლების დავალება, რომ შეესრულებინათ. ორი-სამი პიროვნების გარდა, დეპარტამენტში ყველა არის მიშას რეჟიმის მსახური, ყოფილი პროკურორი და მისი სისტემის ნაწილს წარმოადგენდნენ. ახლა თქვენ მითხარით, ესენი თავიანთ ჩდენილ დანაშაულებრივ საქმეებს, სისტემის დანაშაულის ფაქტებს როგორ მოექცეოდნენ? ყველაფერი ისე ხდება, როგორც აქედან გამომდინარე შეიძლება რომ მომხდარიყო. ამ ხალხმა მხოლოდ ის გააკეთა, რომ რამდენიმე პიროვნებას დაუბრუნა წართმეული ავტომანქანა, მეტი არაფერი. უძრავი ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. რაც მთავარია, როცა მანქანას პირვანდელ მფლობელს უბრუნებენ, ეს დეპარტამენტი საჯაროს ხდის ფაქტს და ამბობს,  რომ ამა თუ იმ  პიროვნებამ დანაშაული ჩაიდინა, მას უნდა ჩამოართვან ქონება და გადასცენ რეალურ მფლობელს. ადგენენ იმასაც, ვინ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ არც ერთი დამნაშავე არ არის პასუხისგებაში მიცემული და რა არის ეს? ამის შემდგომ რომელი სამართლიანობის აღდგენაზეა ლაპარაკი? ამ უკანონობის შედეგია ის, რომ მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, რომლებიც უკანონოდ ქონებების ჩამორთმევებში მონაწილეობდნენ, დღეს კვლავ თანამდებობებზე სხედან და იგივე ადგილებზე მუშაობენ. ზოგჯერ დაწინაურებულებიც არიან.

ახალმა ხელისუფლებამ რეგიონებში ასევე შექმნა იურიდიული კომიტეტები, სადაც დასაქმებული იყვნენ მოქმედი ადვოკატები. გორისა და თბილისის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ უკანონო განაჩენების გადასინჯვასთან დაკავშირებით რიგები იდგა, ადამიანებს მიჰქონდათ თავისი განაჩენები, საქმეები, მათ ჰპირდებოდნენ, რომ ყველა გადასინჯვა მოხდებოდა და ამ ადამიანების მიმართ დადგებოდა დასაბუთებული განაჩენი. ამის ჩამდენები კი დაისჯებოდნენ, მაგრამ მითხარით, აბა, რომელი პროკურორი, პოლიციელი დაისჯა, რომელმაც პიროვნებებს ჩაუდო ნარკოტიკული ნივთიერება, იარაღი და სხვა? `ოცნების~ ხელისუფლება ამის გაკეთებას არც შემდგომ აპირებს. წინასაარჩევნო წელი უკვე დაიწყო, მაგრამ არც ეს აძლევთ სტიმულს, რამე გააკეთონ.

 

                                                                                                    ნელი ვარდიაშვილი