„ჩვენ სამი წელია, ერთ ადგილს ვტკეპნით და წინ ვერ მივდივართ“

555

კოალიცია „ქართული ოცნება“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში შემდეგი სოციალურ-ეკონომიკური დაპირებებით მოვიდა: ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი; თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარი გამოცდილების ადეკვატურ სამუშაოს; გამარჯვებისთანავე ღირსეული დასაქმება ყველას! დაიწევს ფასი კომუნალურ გადასახადებზე; გაზის საფასური შემცირდება 3-ჯერ; ბენზინზე დაიკლებს ფასი; ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური; წლის ბოლომდე უნდა მოვახერხოთ და მინიმუმ 60 ქარხანა უნდა გვქონდეს; რეგიონებში შეიქმნება ათასობით საწარმო; პენსია 220 ლარი; დაახლოებით 250-300 ლარი გახდება პენსია გარკვეული ჯგუფებისთვის; პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია _ ექსპერტების გათვლებით რეალური საარსებო მინიმუმი 200-220 ლარის ფარგლებშია და ა. შ. ყველა დაპირების ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს.

რა დაპირებები შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობიდან სამი წლისთავზე და რა _ არა, ამაზე „ქრონიკა+“ ექსპერტებს ესაუბრება:

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:

_ აქ ბევრი საანალიზო არაფერია. სამწუხაროდ, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, რეალური შედეგები ისეთი არ არის, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეკონიმიკის ის მიზერული ზრდა სამი წლის განმავლობაში იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დოვლათი ვერ დაგროვდა და მთავარი გარღვევა დასაქმებაში ვერ მოხერხდა. ეს იმიტომ, რომ ეკონომიკური აქტივობა დაბალია, რადგან ხელმისწავდომი არაფერია.

მართალია, ფორმალური ნიშნები ბიზნესის წარმოებისა თითქოსდა არის, ეს წინა ხელისუფლების დროსაც იყო _ რეგისტრაციის სიიოლე და ა. შ., მაგრამ ჩაკეტილი საბანკო სისტემა, სხვა ფინანსური სისტემის განუვითარებლობა, კონკურენციის არარსებობა, საბაზრო მექანიზმების ფაქტობრივად მოშლა და ხელისუფლების დომინირება ეკონომიკაში (განსაკუთრებით მონოპოლიური ჯგუფებისთვის ხელშეწყობა),  გარღვევის საშუალებას არ იძლევა და ეს არის ფაქტობრივი გზა განუვითარებლობისკენ.

ამ დროს ბევრი რამის გაკეთება უკეთესად შეიძლებოდა, რომ ხელისუფლებას მოდერნიზაციის სტრატეგია აერჩია. მთავრობა ირჩევს ძალიან ყოფით, კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც ვერ ცვლის სიტუაციას და არც პერსპექტივა არის, რომ ამ გზით რამე შეცვალოს.

_ ახსენეთ არსებული მდგომარეობის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები; აქ წამყვანი როლი რომელს აკისრია?

_ ქვეყნის შიგნით რომ პრობლემებია, აქ სუბიექტურ ფაქტორს ვგულისხმობ; და ობიექტურში ვგულისხმობ იმ გარემოებებს, რომ ირგვლივ უკანასკნელ სამ წელიწადში სიტუაცია ძალიან შეიცვალა. ნახეთ პრობლემები რუსეთში, უკრაინაში, ომი, ევროკავშირის პრობლემები, საბერძნეთი, იტალია, სადაც ჩვენი მოქალაქეები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან. ბუნებრივია, ისეთ სუსტ ეკონიმიკაზე, როგორიც საქართველოა, გართულებული საგარეო პირობები უარყოფითად მოქმედებს. მით უმეტეს, როცა საშინაო პოლიტიკა არ არის შესაბამისი საკუთარი რესურსის განვითარებისა და ამაზე საერთოდ არ ფიქრობს ხელისუფლება.

ფორმალური სახელმწიფო პროგრამები არ ცვლის სიტუაციას, არამედ ისეთ მდგომარეობას ქმნის, რომ წელსაც, მაქსიმუმ, ორნახევარი პროცენტით თუ იქნება ზრდა, დიდი მიღწევაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამი წელია, ერთ ადგილს ვტკეპნით და წინ ვერ მივდივართ.

_ ამ სამი წლის განმავლობაში შედარებითი მიღწევები რომელ სფეროში შეიძლება გამოვყოთ?

_ ვერ გეტყვით, თქვენ თუ იცით, ეგებ მითხრათ. რაღაც კი გაკეთდა იმ დაზღვევის პროგრამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ცვლის რთულ მდგომარეობას. რასაკვირველია, გარკვეული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სამედიცინო მომსახურების რაღაც სფეროები, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკა, რომელიც შეიძლება დღეგრძელი იყოს. საქმე ისაა, რომ ღარიბ ქვეყანაში სოციალური პროგრამები წარმატებული ვერ იქნება და იგი მალე ჩიხში შევა. თუ სიმდიდრე არ შეიქმნა და მისი გადანაწილების საშუალება არ ექნა ხელისუფლებას, ამ გზით, სოციალური ვალდებულებების აღების გზით, რასაკვირველია, სასურველი შედეგი არ დადგება, რადგან საკმარისი რესურსი არ არის ასეთი პროგრამებისთვის.

_ დაპირებების შესრულების კუთხით მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი როგორია?

_ დღიდან თავისი საქმიანობის დაწყებისა მთავრობა არაეფექტური იყო, დღესაც არაეფექტურია. სამწუხაროდ, ისინი კმაყოფილი იყვნენ და დღესაც ამ განწყობაზე არიან მიღწევებით, მაგრამ მიღწევები, რომლითაც მთავრობა შეიძლება რეალურად კმაყოფილი იყოს, უბრალოდ, არ არსებობს. ასეთი შედეგები სახეზე არ გვაქვს.

_ უკეთესობისკენ გამოსავალი სად შეიძლება იყოს?

_ გამოსავალი მარტივია, ეს არის საკუთარი ადამიანური, მატერიალური, ფინანსური რესურსების მობილიზება და განვითარების სტრატეგიის არჩევა. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობის ზრდა, საკუთარი შრომით უზრუნველყოფა ოჯახების მოთხოვნილებებისა. ამის საშუალება ქვეყანაში, ჯერჯერობით, არ არის და რა უნდა გაკეთდეს, ასევე გაურკვეველია. სამწუხაროდ, მთავრობა ამ საქმეს თავს ვერ ართმევს.

 

თენგიზ სიგუა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი:

_ ამ მთავრობის მიღწევებთან შედარებით პრობლემები გაცილებით მეტია. დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი, ჯერჯერობით, შეუსრულებელია.

_ რომელ დაპირებებს გულისხმობთ?

_ ხომ გახსოვთ, იყო დაპირება, რომ 100 საწარმოს ააშენებდნენ და უმუშევრობას მნიშვნელოვნად შეამცირებდნენ, ეს არ გაკეთებულა. ოფიციალური მაჩვენებლებით, წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო პერიოდში, უმუშევრობა 16% იყო, დღესაც იგივე მაჩვენებელია. დასაქმების დონე მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ოდნავ, პატარა საწარმოები შეიძლება გაკეთდა, ოღონდ იქ ძალიან ცოტა ხალხია დასაქმებული. ე. ი. უმუშევრობის პრობლემა მნიშვნელოვანია, რასაც დღემდე არაფერი ეშველა.

მეორეა ლარის კურსის ვარდნა, რამაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედა. მეჩვენება, რომ ხელისუფლება მთლად სწორ ნაბიჯებს არ დგამს ლარის კურსის გასამაგრებლად. აუცილებელია ბიუჯეტის შემცირება, რომ ლარი ცოტა მაინც გამაგრდეს. 1 და 77-დან 2 და 38-მდე ავიდა. ჩემი გაანგარიშებით, არის შესაძლებლობები, რომ 2 და ათამდე მაინც იყოს დაყვანილი, მაგრამ ეს ნაბიჯები არ იდგმება.

_ ამისთვის რა უნდა გაკეთდეს?

_ ჯერ ერთი, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი უნდა გამკაცრდეს, ხარჯები ბიუჯეტისა უნდა შემცირდეს. იცით, პირველ ორ წელიწადში სახელმწიფო ჩინოვნიკები ძალიან დიდ ჯამაგირსა და პრემიებს იღებდნენ, რაც არ შეიძლება, როცა ქვეყანას ასე უჭირს. ამხელა პრემიებისა და ჯამაგირის ზემოთ ფულის მიღება არასწორი საქციელია. ეს ყველაფერი ყოველ მიზეზ-გარეშე უნდა აიკრძალოს.

ასეთ სახასიათო მაგალითს მოგიყვანთ: დამსახურებულ პროფესორებს, რომლებსაც ათასობით ახალგაზრდა ჰყავთ აღზრდილი (დღეს მთავრობაში სხედან), 150 ლარი პენსია აქვთ და სექტემბრიდან 10 ლარი მოემატათ _ 160 გახდა. ამ დროს მათი აღზრდილები 5-10 ათასებს იღებენ თვეში, ასე არ შეიძლება!

მე, მაგალითად, 18 სახელმწიფოს ხელფასები და პენსიები ერთმანეთს შევადარე. ისეთი მდგომარეობა, როგორც ჩვენთან არის, გარწმუნებთ, არსადაა! ვთქვათ, ჩვენი მთავრობის წევრების ხელფასი ოცდაათჯერ აღემატება პენსიას. ძალიან ბევრ ქვეყანაში, ევროპის სახელმწიფოებს ვგულისხმობ, 20-22 ოდენობას არ აღემატება ეს სხვაობა. ე. ი. ჩვენ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ეს სწორი მიდგომა არ არის. როდესაც მოსახლეობა ასეთ გაჭირვებაშია, დაუშვებელია ამხელა ხელფასები, პრემიები და ჯილდოები. არის მაჩვენებლები, რომ ერთ წელიწადში მაღალი რანგის ჩინოვნიკებს აღებული აქვთ 150, 160 ათასი ლარი. როცა დამსახურებული პენსიონერი ყველაზე მეტი წელიწადში 2 ათას ლარს იღებს.

ამიტომ ბიუჯეტის ხარჯები აუცილებლად უნდა გამკაცრდეს და ლარი გამაგრდეს.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოიზიდოს ინვესტიციები. ძალიან შემცირებულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა, რაც, რასაკვირველია, ცუდ გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის ფინანსურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

_ ბრძანეთ, რომ კოალიციის მხრიდან მთავარი დაპირებები შესრულებული არ არის. ამის მიზეზები სად უნდა ვეძიოთ, რომელ გარემოებებში?

_ ორივე ფაქტორი არის გამოხატული _ სუბიექტური და ობიექტური. ბოლოზე გეტყვით _ როდესაც წინა ხელისუფლება წავიდა, ავიღოთ ერთი მშენებლობის სფერო, სამშენებლო ფირმების 80% მათ დაქვემდებარებაში იყო. ისინი რომ ხელისუფლებიდან წავიდნენ, აღნიშნულ ფირმებს უბრძანეს, _ შეაჩერეთ მუშაობაო. იმ პერიოდში სამშენებლო მასალების ბაზარი ჩამკვდარი იყო _ არც აგური, არც კრამიტი, ცემენტი, სხვა მასალები, ფაქტობრივად, არ იყიდებოდა. 80%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების რეალიზაცია აღნიშნულ ბაზარზე, ძალიან დიდი მშენებლობები გაჩერდა. ეს, რასაკვირველია, საბოტაჟი იყო, რასაც წინა ხელისუფლების თავდახრილი მონები, მშენებლები ასრულებდნენ.

მაგრამ რასაკვირველია არის სხვა მიზეზებიც _ დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი ვერ აკეთებს იმას, რაც უნდა  გააკეთოს. ძალიან ხშირად, უბრალოდ, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. მერე, როგორც ვატყობ, შიგნით არის წინააღმდეგობები, რაც ცუდად მოქმედებს ეკონომიკასა და ფინანსურ მდგომარეობაზე.

_ სწორი გადაწყვეტილებების ვერმიღების მიზეზებს სად ხედავთ?

_ პირდაპირ გეტყვით: მიზეზი ეკონომიკური და ფინანსური ცოდნის დაბალი დონეა. დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის იმ დონის, როგორიც უნდა იყოს, ამიტომ ბევრი მინისტრი შესაცვლელია.

_ გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რომ ქვეყანა განვითარებისკენ წავიდეს?

_ აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა შეიცვალოს და იქ უნდა მივიდეს გამოცდილი, მცოდნე, მაღალი მოტივაციის ხალხი, რომელსაც შესაბამისი მონაცემები აქვს. ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მართებული არ არის. ახლა, მაგალითად, ლარის ვარდნას მარტო ეროვნულ ბანკს აბრალებენ. კი, მისი ბრალიც არის ნაწილობრივ, მაგრამ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების დანაშაულიცაა. არ შეიძლება, მარტო ეროვნულ ბანკს დააბრალო ის, რაც ახლა ლართან დაკავშირებით ხდება. არ არის საკმარისი დონის ჩვენი დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლება გამოცდილებისა და ცოდნის მხრივ, ამიტომ მთავრობაში ცვლილებები აუცილებელია.

_ აქვს სისტემას უნარი, რომ განახლება-განვითარება მოახდინოს?

_ ქვეყანას ნამდვილად აქვს. ავიღოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, სადაც არიან 35-37 წლის ახალგაზრდები, რომელთაც დასავლეთის კარგი განათლების სკოლა გაიარეს საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში და სხვ. გარკვეული გამოცდილებაც უკვე დაუგროვდათ ამ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში 3-4-5-წლიანი მუშაობისა საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობებზე. მთავრობაში სწორედ ასეთი ხალხი უნდა ჩართონ. არადა, ისეთი ხალხი მუშაობს, რომელსაც არც გამოცდილება აქვს და არც საკმარისი ცოდნა.

_ ფიქრობთ, რომ აქაც ნეპოტიზმის პრობლემაა?

_ არის, ნამდვილად. არ შეიძლება ცოლი, ქმარი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი, მეზობელ-მეგობარი ამ  ნიშნით მთავრობაში მიიყვანო. არადა, მსგავსი შემთხვევები ბევრია.

_ მომავალი წლის არჩევნებს რამდენად შეუძლია ამ მიმართულებით გარკვეული გარღვევის მოტანა?

_ ძალიან მეეჭვება და რატომ: ქვეყანაში, ფაქტობრივად, ორი ძლიერი ძალაა _ დღევანდელი მმართველი და ყოფილი მმართველი ძალა. საქმე ისაა, რომ დიდი ფინანსები მხოლოდ ამ ორ ძალას აქვს; მესამე ადგილზე, ჩემი დღევანდელი გაანგარიშებით, ნინო ბურჯანაძე მოდის თავისი პარტიით, მაგრამ მისი ფინანსური მდგომარეობა ამ ორ ძალას ვერ შეედრება; მეოთხე ადგილზე პატრიოტთა ალიანსია, რომლის ერთი უპირატესობა ისაა, რომ ტელევიზია აქვს, მაგრამ ფინანსები არც მას მოეპოვება. ამ პარტიამ ბოლო არჩევნებში ჩემთვისაც მოულოდნელად მაღალი მაჩვენებელი მიიღო. მათი უპირატესობა ტელევიზიაა და ეს ძალიან დიდი ძალაა.

ამიტომ ისევ ორი პოლიტიკური პარტია იბრძოლებს პირველობისთვის. მმართველი ძალა ხმებს დაკარგავს და სრულ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს. „ნაციონალებიც“ ვერ გაიმარჯვებენ. ამ მხრივ, დაახლოებით, 40 სახელმწიფოს მონაცემები შევისწავლე. როდესაც მმართველი ძალა კატასტროფულად წააგებს არჩევნებს (როგორც „ნაციონალებმა“ ბოლო არჩევნები წააგეს), შემდეგ კენჭისყრაზე ვერ იმარჯვებენ ხოლმე. როგორც წესი, არჩევნებს დედაქალაქი იგებს. ორ-სამ ქვეყანაშია სხვაგვარად. მაგალითად, აშშ-ში არა ვაშინგტონი, არამედ ნიუ-იორკი იგებს, მაგრამ ეს გამონაკლისია. არჩევნებს მაინც დედაქალაქი იგებს და როცა დედაქალაქში 18 პროცენტს მიიღებს მმართველი ძალა, ეს კატასტროფული წაგებაა. ასეთი წაგების შემდეგ მომავალ არჩევნებში გამორიცხულია, ამ პარტიამ მოიგოს. მერე, 8-10 წლის გასვლის შემდეგ, შეიძლება ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში.

ამდენად, შეიძლება „ნაციონალებმა“ წინა არჩევნების მაჩვენებელს მოუმატონ, მაგრამ სრულად რომ მოიგონ, ეს ძნელად წარმოსადგენია. დღევანდელი მმართველი ძალა კი ხმებს ნამდვილად დაკარგავს. ეს ხმები, მგონი, იმ ორ ძალაზე გადანაწილდება, რომელზედაც ვისაუბრეთ _ მესამე პოზიციაზე მყოფ ბურჯანაძესა და პატრიოტთა ალიანსზე.

 

ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი:

_ მთავარი მიღწევა, რაც დღევანდელმა მთავრობამ გააკეთა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა თავიდან ბოლომდე. თუმცა მეორე ნაწილში საყოველთაო ჯანდაცვამ ბიუჯეტის შემოსავლებიდან საკმაოდ სერიოზული ფინანსური ნაწილი წაიღო და,  ბუნებრივია, ეს ეკონომიკურ ზრდას საკმაოდ დააკლდა.

ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ბიზნესთავისუფლებისა და ბიზნესმენების ნდობის ინდექსი, რაც ერთ-ერთი სერიოზული თემაა. მეორე მხრივ, პრობლემებია ბიზნესში სასამართლო ხელისუფლების მოუწყობლობის გამო; სასამართლო ზეწოლას არ განიცდის, მაგრამ ჩამოყალიბებული არ არის და ყადაღას ადებს, როგორც უნდა. ამიტომ ეს ბიზნესს, განსაკუთრებით ინვესტორებს აფრთხობს. ეს რეალობა პრობლემებს ქმნის და ამის გამო ინვესტორები სასამართლო ხელისუფლებას აბსოლუტურ უნდობლობას უცხადებენ.

დღეს სასამართლო სისტემაში სამი დიდი პრობლემაა: პროცესები იწელება უსასრულოდ; ყადაღის დადება აბსოლუტურად ერთი მოთხოვნისთანავე ხდება; სასამართლო საქმეს არსებითად არც განიხილავს. ინვესტორი ვერ იგებს, თუ რატომ უყადაღბენ ქონებას. არ ხდება არგუმენტირებულად მათი ინვესტიციების დაცვა, ამიტომ მთლიანად რეორგანიზაციას ითხოვენ. სასამართლო ხელისუფლება, ერთი მხრივ, განთავისუფლდა, მეორე მხრივ, სრულ განუკითხაობაში გადავიდა პროცესი.

ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ნაწილში (საფინანსო დავები) გადაწყვეტილების მიღება აბსოლუტურად მათ საკეთილდღეოდ მოხდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე შეიძლება ითქვას, რომ საფინანსო დავების ნაწილში არ არის დამთავრებული ბიზნესმენების ძველი საქმეები, რომელსაც ვადაც აქვს დამთავრებული და სხვა ყველაფერი. სჯობს, ამნისტია გამოცხადდეს და ეს საქმეები დასრულდეს, იმიტომ, რომ როდესაც თქვენ ინვესტორები მოგყავთ, ისინი მუდმივად ფიქრობენ მომავალზე, რომ შეიძლება თუ არა ძველი დავების განხილვა ამ ვადაგასული დავალიანების გარეშე.

მეოთხე ნაწილია კიდევ უმუშევრობის დონე, რომელიც პრობლემად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალისხმევაა და პროგრამა „აწარმოე ქართული“ საკმაოდ დადებითი მომენტია. ასეთი პროგრამა საკმაოდ სერიოზული დახმარებაა ბიზნესმენებისთვის. მეორე მხრივ, უმუშევრობა, ბაზრის შეზღუდულობა და გარე პირობები ამ პროცესს, რასაკვირველია, ზღუდავს.

ყველაზე დიდი დამსახურება ევროინტეგრაციის მიმართულებით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა. თუმცა ინვესტიციები ვერ მოვიძიეთ საჭირო ოდენობით, რომ ამან დიდი ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკის განვითარებაზე. პლუს კიდევ სოფლის მეურეობაში საკმაოდ დადებითი ძვრები მოხდა: სერიოზულად დაეტყო ის, რომ დააფინანსეს ხვნა, თესვა, ჩაბარება და ა. შ. თუმცა მთელ რიგ სფეროებში რეფორმები ბოლომდე ვერ განვახორციელეთ და დღეს უჭირთ ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურების მიღება და ევროკავშირში სამრეწველო პროდუქციის გატანა.

_ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ბრძანეთ, რომ ამან გარკვეული პრობლემებიც წარმოშვა. რა ელის, შეიძლება თუ არა ამ სასიკეთო პროგრამას საფრთხე შეექმნას?

_ არ მგონია, რადგან გარე ინვესტორები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და მთავრობაც ერთ ხმაში ამბობენ, რომ ამ პროგრამას არანაირი დაფინანსება არ მოაკლდება. ანუ ჩვენი ბიუჯეტი მაინც სოციალურია. ის მთლიანობაში სრულდება და ჯანდაცვის არც ერთ პროგრამას არაფერი ემუქრება. პირიქით _ საუბარია, რომ პროგრამა კიდევ უნდა განვითარდეს და წამლებზე მომსახურების დონითაც უნდა იყოს მისაღები. წამლების დაფინანსებაც უფრო მაღალი დოზით უნდა მოხდეს.

რასაკვირველია, ჩვენ მეტი შემოსავალი, ეკონომიკური ზრდა გვჭირდება, რომ პირიქით, ეკონომიკასაც ხელი შევუწყოთ. ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის დაფინანსებას აბსოლუტურად არაფერი ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, მომავალი ორი წელი მას ცუდი არაფერი ელის.

_ ზემოთ რა პრობლემებიც ჩამოთვალეთ, ამის მიზეზები სუბიექტურ ფაქტორში, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობაში უნდა ვეძიოთ, თუ ობიექტურ რეალობაში?

_ ალალად უნდა გითხრათ, რომ გარე ფაქტორებში საერთოდ არ გაუმართლათ, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო საკმაოდ რთულ ეკონომიკურ პრობლემებში არის გახვეული. თქვენ ხედავთ ამას. მაგრამ, გარკვეულწილად, არის სუბიექტური ფაქტორებიც _ გადაწყვეტილების მიღების საქმეში და ა. შ. ამას ვერ გამოვრიცხავთ და მსგავსი დაბრკოლებები ყოველთვის ხდება. ბუნებრივიც არის, რომ ეს სუბიექტური ფაქტორები არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთიანი გუნდის პრობლემაა, გადაწყვეტილების მიღების სიმარტივის პრობლემა და ა. შ. თუმცა, კიდევ გეუბნებით, რომ რაც ხდება ქვეყნის ირგვლივ, რეგიონში, მსოფლიოში, რაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ამაშიც არ გაუმართლათ.

_ არსებული სიტუაცია პროგრესისკენ როგორ უნდა წავიდეს?

_ ღრმა, ყოვლისმომცველი რეფორმები! სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს. ეს ერთადერთი გამოსავალია, იმიტომ, რომ გარე ფაქტორებსა და პრობლემებს ჩვენ ვერ შევეხებით და ვერც მოვაწესრიგებთ. ვერც ჩინეთის ეკონომიკას მოვაწესრიგებთ და ვერც რუსეთ-უკრაინის ომს შევწყვეტთ.

მთავარია, ჩვენ დავიწყოთ ყოვლისმომცველი რეფორმები, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ ეს რეფორმები დააფინანსონ, რადგან რეფორმას ფული სჭირდება და დავარწმუნოთ ინვესტორები, რომ ჩადონ საქართველოში ინვესტიციები. სხვა გადარჩენის გზა, უბრალოდ, არ არსებობს. ეს ორი გზაა _ ღრმა, სერიოზული რეფორმა და ბუნებრივია, ინვესტორების დარწმუნება.

ეკონომიკა ვერ განვითარდება და სოციალური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, თუ ქვეყანაში დასაქმებულთა ელემენტარული შრომითი უფლებები არ იქნება დაცული. შემთხვევითი არ არის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, მოსახლეობის შრომითი უფლებების დაცვასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

ქრონიკა+“-ის რესპონდენტია მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ლიდერი _ თამაზ დოლაბერიძე:

_ ჩვენი შეფასებით, მეოთხე „საუკეთესო წლის“ რეალური შედეგები დიდად არის აცდენილი კოალიცია `ქართული ოცნების~ მიერ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს.

მართალია, 2013 წელს ცვლილებები შევიდა საქართველოს შრომის კოდექსში, რის შედეგადაც დასაქმებულის დაცვის ზოგადი გარანტიები ოდნავ უფრო მყარია, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული მის მიმართ დამსაქმებლის უკანონო მოპყრობას სასამართლოში გაასაჩივრებს და გადაწყვეტს, რომ პროცესის დასრულებას ყველაზე კარგ შემთხვევაში 1,5, ხოლო უარეს შემთხვევაში 3 წელი დაელოდოს; ანუ შეიძლება კანონში ცვლილება შევიდა და დასაქმებულის სამუშაოდან უკანონო განთავისუფლების შემთხვევაში, სასამართლო პროცესს დასაქმებული დიდი ვარაუდით მოიგებს; მაგრამ ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ წახალისებულიყო კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესი და მთავრობას, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის დამყარებულიყო ევროპული ყაიდის სოციალური პარტნიორობის ატმოსფერო.

ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ურთიერთობები გაირკვეს ადგილზე, საწარმოებსა და ორგანიზაციებში და ამ პროცესში ჩართული იყოს დასაქმებულთა წარმომადგენლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვრჩებით კონფრონტაციული შრომითი ურთიერთობების პირობებში.

აშკარად გამოვლინდა მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობა იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკის მაჩვენებელი კლების ტენდენციით დაფიქსირდეს. დღემდე არ არის შექმნილი შრომის ინსპექცია. მის მაგივრად ფუნქციონირება დაიწყო შრომის პირობების მონიტორინგის ჯგუფმა, რომელსაც შესამოწმებელი კომპანიის მიწვევა და თანხმობა უნდა ჰქონდეს, რომ მონიტორინგი განხორციელდეს; და რაც მთავარია, ჯგუფს არ გააჩნია უფლება, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია დააჯარიმოს, ან რაიმე სახის სასჯელი დააკისროს.

საბოლოო ჯამში კი ასეთი სურათი იხატება: დასაქმებულები საწარმოო ტრავმებს ღებულობენ და რიგ შემთხვევებში იღუპებიან ტყიბულის შახტებზე, ჭიათურის მაღაროებზე, მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხნებში; ხოლო მონიტორინგის ჯგუფი შემოწმებებზე დადის კომპანია „ბარამბოში“, ლუდსახარშ „ნატახტარში“, მეტროში, ფარმაცევტულ ქარხნებში…

რა თმა უნდა, ასეთი მიდგომით სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა სავალალო სტატისტიკას ვერ შევამცირებთ.

ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობა. უფრო სწორად, ისევ შევარდნაძისდროინდელი ნორმა მოქმედებს და შეადგენს 20 ლარს. ჯერ ისევ არ მომხდარა საპენსიო სისტემის დიფერენცირება სამუშაო სპეციფიკის, მავნეობისა და საშიში პირობების შესაბამისად. ამის შედეგად კი საქართველოში ტყიბულელი მეშახტე და აფთიაქარი ერთი და იგივე ასაკში გადიან პენსიაზე! ამის შედეგად კი ტყიბულში შეხვდებით 63 წლის მეშახტეს, რომელიც იძულებულია, კიდევ 2 წელი რამენაირად გაძლოს სამუშაოზე, რომ საპენსიო ასაკს მიაღწიოს და პერიოდი არ გაუცდეს!

განვლილ 3 წელიწადში, ფაქტობრივად, არ უმუშავია სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას და არ განუხილავს ისეთი გართულებული შრომითი დავები, რასაც ადგილი აქვს კაზრეთსა და რკინიგზაში.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ შრომითი ურთიერთობების სფეროში მთავრობას ჯერ კიდევ ბევრი გასაკეთებელი საქმე აქვს იმისთვის, რომ საზოგადოების დამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღოს.

 

                                                                                                     გელა მამულაშვილი