წერილი დავით ნარმანიას…

333

„ქრონიკა+“ უკვე წერდა ერეკლე მეორის მოედანზე, #6-ში არსებული ვითარების შესახებ (#28 (113) 28.07.15 წ.). „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, რამდენიმე წლის წინათ, ორსართულიანი შენობა იდგა, მაგრამ ის თბილისის მერიის ააიპ „თბილისის განვითარების ფონდმა“ იმ მიზნით დაანგრია, რომ იქ იგივე სახის ახალი საცხოვრებელი აეშენებინა და მობინადრეები დაეკმაყოფილებინა.

 

2011 წლის შემდეგ მშენებლობა არ იწყება, არადა, პროექტის მიხედვით 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ამ ბინის ერთ-ერთი მობინადრე, ვახტანგ ნაცვლიშვილიც, ბინის „არაშენებისა“ და ხელშეკრულების პირობების დარღვევის დეტალებზე საუბრობდა. მთავარ მიზეზად მან დაასახელა ერთ-ერთ ბინათმესაკუთრეს _ შპს „მეიდან ჯგუფსა“ და „ფონდს“ შორის დადებული, როგორც თავად აცხადებს, დანაშაულებრივი ხელშეკრულება: როცა თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჩაუდგა სათავეში, ამ პიროვნებამ აღარ ისურვა პროექტის ასეთი ფორმით გაგრძელება და დაიწყო კიდევაც სასამართლო პროცესები „ფონდსა“ და შპს-ს შორის, რის გამოც ჩვენ ვზარალდებით. უკვე დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ამით ჩვენი ბინის მშენებლობის გაჭიანურებას ცდილობენო. წერილში ვახტან ნაცვლიშვილი ქალაქის მერს, დავით ნარმანიას სთხოვდა, გამოეყო მათთვის ბიოტუალეტები და კარვები, რათა ასე მაინც ეცხოვრათ საკუთარ ტერიტორიაზე.

ვახტანგ ნაცვლიშვილის ბრალდებებზე კომენტარი გააკეთეს თბილისის განვითარების ფონდის პრესსამსხურის ხელმძღვანელმაც და „მეიდან ჯგუფის“ ხელმძღვანელმაც. მათი თქმით, ვახტანგ ნაცვლიშვილი ამ სახლში არ ცხოვრობს და მას ძმამ გაუფორმა ჩუქების ხელშეკრულებით სარდაფი. ისე გამოვიდა, სახლის არაშენებასა და ამ ტერიტორიაზე ბალახის ამობიბინებასთან დაკავშირებით პრეტენზია ამ სახლში სარდაფის მფლობელ ვახტანგ ნაცვლიშვილის მეტს არავის აქვს და ამ სახლის ბინათმესაკუთრეებისთვის სულ ერთი იყოს, მათ აუშენებენ შენობას, თუ მუდმივად ქირით იცხოვრებენ.

„ქრონიკა+“ მოვლენების განვითარებას მიჰყვა და გაარკვია, რომ წერილის დაბეჭდვის შემდეგ ვახტანგ ნაცვლიშვილმა თბილისის მერს, დავით ნარმანიას, კიდევ რამდენჯერმე მიმართა, ერთ-ერთი წერილი კი მეგრულ ენაზე გაუგზავნა.

 

ვახტანგ ნაცვლიშვილი:

_ დიახ, ბოლო წერილში ერთი ფურცელი მეგრულადაც იყო დაწერილი. აბა, რა ვქნა? ამ ადამიანს ქართულ ენაზე ვერ გავაგებინე, რომ უკანონობა ხდება და ამას მერიაზე დაქვემდებარებული ფონდი აკეთებს. სანამ თბილისის მერს მეგრულ უსტარს მივწერდი, 30 ივლისს კიდევ გავუგზავნე განცხადება, სადაც ვწერდი: გაზეთ „ქრონიკა+~-ში, ჩემი ინტერვიუს ქვემოთ, დაფიქსირებულია ააიპ თბილისის განვითარების ფონდის პრესსამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია, თუმცა ვერ ამიხსნია, რა კავშირშია სახლის მშენებლობის დაწყება-დასრულების მოთხოვნა ბინის ქირის გადახდასთან მიმართებით? ის აღნიშნავს, რომ ჩემი ძმის, დიმიტრი ნაცვლიშვილის მიერ გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოგვიანებით გავხდი გარკვეული ფართის მესაკუთრე და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ეს ფართი წარმოადგენს სარდაფს, არ არის საცხოვრებელ ფართი და თურმე არ მიცხოვრია აღნიშნულ მისამართზე. ჩემთვის გაუგებარია, რის მიღწევას ცდილობს-მეთქი.

_ თბილისის განვითარების ფონდის პრესსამსახურის ხელმძღვანელის კომენტარი სიმართლე არ არის, თუ კონკრეტულად რა ვერ გაგიგიათ?

_ დიახ, სიმართლე არ არის. ასევე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ სურთ, შენობის მშენებლობის დაწყება-დასრულების საკითხი გადაფარონ სხვა თემით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ბ პუნქტით, ფართი, თუნდაც ის იყოს სარდაფი, ფარდული და ა. შ., მოიხსენიება როგორც ბინა მრავალბინიან სახლში და რა გასაკვირია, რომ მის აშენებას ვითხოვ? ჩემს დოკუმენტებს ვინც თვალს გადაავლებს დარწმუნდება, რომ მე აღნიშნულ მისამართზე, სანამ ბინას დაანგრევდნენ, ანუ 2011 წლამდე, დაბადებიდან ვცხოვრობდი.

გარდა ამისა, ნარმანიას ის კითხვებიც მივწერე, რომელიც თქვენს გაზეთში „მეიდან ჯგუფის“ ხელმძღვანელის კომენტარზე გამიჩნდა. მაგალითად: როცა ამბობს, რომ 69 კვ.მ. წარმოადგენს მის საკუთრებას, ამის მტკიცებულებად რა მოაქვს?

ასევე აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორიები აღჭურვა ლამპიონებით, 15 წლის განმავლობაში განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი _ სასტუმროების, მაღაზიებისა და ა. შ. რეაბილიტაცია-მშენებლობა; აღადგინა და რეაბილიტაცია ჩაუტარა როსტომ მეფის სასახლეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისს, დახარჯა მნიშვნელოვანი თანხები, რომ არ იღებს ამ ფართის დანგრევის გამო ქირის ფულს. ამ შემთხვევაში ჩვენ რა შუაში ვართ? ანუ აღიარებენ, რომ ამის გამო გაფორმდა 2012 წლის 3 ივლისს ხელშეკრულება ფონდსა და „მეიდან ჯგუფს“ შორის გაუგებარი და დაუსაბუთებელი 69 კვ.მ., დამატებითი 180 კვ.მ. და 250 კვ.მ. ფართების გადაცემასთან დაკავშირებით?! ე. ი. „მეიდან ჯგუფის“ მსგავს „ქველმოქმედ“ ორგანიზაციებს ეძლეოდათ და ეძლევათ უფლება, უპრობლემოდ, სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე, კანონზე წიხლით შედგომით მიაღწიონ ანალოგიურ შედეგებს?! მიმაჩნია, რომ ხსენებული ხელშეკრულება წარმოადგენს მკვეთრი დანაშაულებრივი ნიშნების მქონე „გარიგებას“, რომელიც მიღწეულია ამგვარი თაღლითური სქემით. ვფიქრობ, ეს ნამდვილად იყო საგამოძიებო საქმის წარმოების დაწყების აბსოლუტური საფუძველი.

_ ნარმანიამ ამ წერილებზე გიპასუხათ?

_ არა, ამიტომ 5 აგვისტოსაც გავუგზავნე წერილი და 17 აგვისტოსაც. ამჯერად თბილისის მერისგან უკვე მოვითხოვე: ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაზე 2-სართულიანი სახლის მშენებლობის დაწყება და კარვები-ბიოტუალეტების ადგილზე განთავსება მისი მოწყობის ნებართვით.

„კატეგორიულად მოვითხოვ შემდეგს:

1) გასცეთ ქ. თბილისში, ერეკლე მეორის მოედნის #6-ისა და პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისს შორის არსებულ ტერიტორიაზე კარვებისა და ბიოტუალეტების განთავსებასთან დაკავშირებით ნებართვა;

2) ჩვენი კონსტიტუციური უფლებების (სიტყვის, აზრის გამოხატვის, პოზიციების დაფიქსირებისა და ა. შ.) უკანონო შეზღუდვის (სავარაუდო-მოსალოდნელი ხელშეშლის) თავიდან აცილების მიზნით, პირველ პუნქტში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ ძალოვან უწყებებს;

3) განცხადება განსახილველად არ გადაუგზავნოთ „ფონდს“ და არქიტექტურის სამსახურს, რაც უკვე მრავალჯერ გააკეთეთ!“ _ ასე მივწერე.

ამასაც არ მოჰყოლია პასუხი და რადგან ნარმანია პასუხს არც ერთ წერილზე არ მცემს, მას მეგრულად დაწერილი, ერთფურცლიანი წერილიც მივაბი, სადაც იგივე მოთხოვნები მეგრულ ენაზეც იყო გადმოცემული. ვიფიქრე, იქნებ, ასე მაინც შევასმინო და გაიგოს, რომ როცა სახლს უნგრევ ადამიანს და ჰპირდები, რომ ახალს აუშენებ, კიდევაც უნდა აუშენო და სახვეწრად და სადავოდ არ გაუხადო საქმე.

 

`ქრონიკა+” ასევე აქვეყნებს ვახტანგ ნაცვლიშვილის მიერ ნარმანიასადმი მიწერილი წერილს მეგრულ ენაზე:

 

„ვახტანგ ნაცვლიშვილის

განცხადება

მოგოშონანთ, ნამუდგა, ქ. ქართის, ერეკლე 2-ის მოედ. #6 ამშვიწკუმა შექმნიი ვითარებაშ გამო, ანდაშახ მოგოშინით განცხადებათ, მარა, ტერიტორიაშ მოწესრიგებაშ მანგიორო, ახერხენთ ნახვარები ასფალტიშ დაღვაფას, მუთ ხეს უშლენს ეზოშა დინუიას.

ჟიდო ნაჭარაშე დინახაე კატეგორიულო მივთხიინთ:

1) ქომუჩათ ნება ქ. ქართიშ, ერეკლე 2-ის მოედ. #6 ამშვიდო პ.გ. „ქორთუი ოცნებაშ“ ოფისიშ შკას ეზოს კარავიშ დო „ბიოუბორნიაშ“ დოდგუმაშ;

2) პირვეი პუნქტის მითითებუი ინფორმაცია ქიმიაწოდათ უფლებამეჩამიი ძაიამ უწყებას;

3) ათე განცხადება ვეგნუჯღონათ „ფონდს“ დო არქიტექტურაშ სამსხურს.

ჯგირო ზოჯუნდათ, უხადუქ თქვან პასუხის“.

ვახტანგ ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ ნარმანია, ბოლოს და ბოლოს, გაარკვევს, ამდენ ხანს რას სთხოვს დედაქალაქის მერს და მისი მეოხებით „ფონდი“ დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებს დაპირებულ სახლს თუ არ აუშენებს, ქალაქის მერი მათ პასუხს მაინც აღირსებს.

ნელი ვარდიაშვილი