რა კავშირშია „ხოფის ბაზართან“ არჩილ ხაბაძისა და დავით ბალაძის ოჯახები?

4444

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ადგილობრივები „ხოფის ბაზარს“ ეძახიან, ყოფილ მეპატრონეს 2007-2009 წლებში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩამოართვეს. დავით ანანიძე 2007 წლიდან ცდილობს წართმეული ქონების დაბრუნებას, თუმცა მისი ყველა მცდელობა უშედეგოა.

ასლან აბაშიძის მმართველობის დროს აჭარის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქონება ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილას 1998 წელს შეიძინა, 2007 წელს წაართვეს, 2012 წელს კი იგი კოალიცია `ქართული ოცნებიდან~ მაჟორიტარად იყრიდა კენჭს მშობლიური ქედის მუნიციპალიტეტში. არჩევნებში წააგო. მოგვიანებით, აჭარის ახლად დანიშნულ მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან ეცადა ქონების დაბრუნებას, თუმცა ხაბაძემ უარით გაისტუმრა. ანანიძე დარწმუნებულია, რომ ბაზრობა, რომელიც მას წაართვეს, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძის ოჯახების განკარგულებაშია.

ქრონიკა+“-დავით ანანიძე ესაუბრება:

_ ბატონო დავით, როდის და რა გარემოებაში ჩამოგართვეს ქონება?

_ ეს იყო 2007 წლის 17 მაისს: ბათუმის მაშინდელმა მერმა, ირაკლი თავართქილაძემ, ბრძანება გამოსცა და გამიუქმა საკუთრება ე. წ. ხოფის ბაზრობა, მაშინ ერქვა შპს „სავაჭრო ცენტრი ბათუმი“. ეს ბრძანება აღსასრულებლად გადასცა საჯარო რეესტრს, რომ ჩვენ თითქოს ქონება არასწორად გვქონდა დარეგისტრირებული. საჯარო რეესტრმა ერთ დღეში აღასრულა ბრძანება და სახელმწიფო საკუთრებაში გადააფორმა. ამით დაიწყო საკუთრების ჩამორთმევა. როცა გავიგეთ, რომ ქონება უკვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელზე იყო გადაფორმებული, დავიწყეთ დავა სასამართლოში. რა თქმა უნდა, მოსამართლეები თავს იკავებდნენ ამ პროცედურების დაწყებისგან. მაინც მივაღწიეთ იმას, რომ ქონებას ყადაღა დაედო და რამდენიმე ხნის შემდეგ პროცედურული მუშაობა დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადმოსცა. 2009 წელს მაშინდელმა მინისტრმა, ვაჟა ბოლქვაძემ, ბრძანება გამოსცა, რომ ამ ტერიტორიაზე არსებული ქონების ბაზაზე შეიქმნას შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. ეს ქონება ჩვენ შევიძინეთ 1998 წლის ოქტომბერში.

_ როდესაც სასამართლოს მიმართეთ, რა არგუმენტები ჰქონდა მოპასუხე მხარეს?

_ ჩვენ გავასაჩივრეთ სასამართლოში. ვითხოვდით, მერის ბრძანება, რომელმაც ხელყო კერძო საკუთრება, გამოეცხადებინათ, როგორც არარა აქტი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე მუხლი ითვალისწინებს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, მაშინ მისი განხილვის უფლება არ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს. ქალაქის მერს არანაირი უფლება არ გააჩნდა, ასეთი აქტი გამოეცა. რადგანაც ეს არის უფლებამოსილების გადაჭარბება, აქტი ითვლება არარა ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად, რომელსაც არ გააჩნია გასაჩივრების ვადა, ანუ ნებისმიერ დროს შეგიძლია გასაჩივრება. მაშინ ჩვენ მოვითხოვეთ მისი შეჩერება.

_ გასაგებია, მაგრამ სასამართლომ ხომ მიიღო წარმოებაში?

_ ჩვენი გასაჩივრების პარალელურად ბათუმის მერიამ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, სადაც მოითხოვდა ჩანაწერის გაუქმებას ჩვენთვის საკუთრებაში გადმოცემის შესახებ. როდესაც საქმე სასამართლოში დევს, მით უმეტეს არავის შეუძლია მისი განხილვა. სასამართლომ განიხილა ჩვენი საქმე ადმინისტრაციული აქტის ბათილობის თაობაზე. მიზეზები გამონახეს და მიიჩნიეს, რომ გასაჩივრების ვადა გაშვებულია. აქტს, რომელიც არარად მიიჩნევა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მიხედვით აქვს გასაჩივრების ვადა. განცხადება დაუშვებლად მიიჩნიეს და მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ასეთი ჩანაწერი გააკეთა განჩინების აღწერილობით ნაწილში: მართალია, ვადა გაშვებულია, მაგრამ მერიის მოქმედება სამართლიანიაო. როცა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საქმე და მიუხედავად ამისა ცალმხრივად ამბობს, მერიის მოქმედება სამართლიანიაო, ეს, ფაქტობრივად, მერიის ადვოკატობაა. მაშინდელი მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე, იმით აპელირებდა, რომ მოსამართლის ჩანაწერით მართალი ვართო.

_ წინა ხელისუფლების პირობებში გვახსოვს, რომ ბევრი ბიზნესმენი იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახალი ხელისუფლების იმედი თუ გაქვთ, რომ ქონება დაგიბრუნდებათ?

_ მე რასაც ვამბობ, ის დასაბუთებულია დოკუმენტურად. როცა ამ ქონების ჩამორთმევა მიდიოდა, საწარმოთა ზედამხედველობის უფროსად ეკონომიკის სამინისტროში მაშინაც და ახლაც მუშაობდა არჩილ ხაბაძის მამა _ თამაზ ხაბაძე. სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები დადიოდნენ ჩვენთან შპს-ს ჩამორთმევისას, რომელიც შემდეგ ხაბაძის მამის უწყებამ გააკოტრა _ ვინმე ბლიაძე იყო, რომელიც თამაზ ხაბაძის დავალებებს ასრულებდა.

ეს პიროვნება, თამაზ ხაბაძე კურირებდა ამ ყველაფერს. წარმატებული ფირმა, რომელსაც კარგი შემოსავლები ჰქონდა და კარგ შენატანს აკეთებდა ბიუჯეტში, გააკოტრეს და ახალი შპს დააფუძნეს, იმას გადასცეს ქონება. ჩემს ძმას საპატიმროში ქონების გადაცემაზე თანხმობა ბლიაძის სახელზე დააწერინეს. უთხრეს, რომ სანამ არ მოაწერთ ხელს მინდობილობას ქონების გადაცემაზე, საპატიმროდან ფეხს არ გადაგადგმევინებთო. პროკურორი გელა კუჭაშვილი გვკარნახობდა ტექსტის შინაარსს. ჩემს შვილსაც ემუქრებოდა დაჭერით, მე არ დამმუქრებიან. ჩვენ იძულებული ვიყავით, დავთანხმებოდით, რომ ძმა და ოჯახის მამა გამოგვეშვა საპატიმროდან.

_ ანუ რამდენიმე ქმედება იყო: მერიამ გამოსცა ბრძანება და ქონება გადასცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, შემდეგ ამ სამინისტრომ გადასცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ, საბოლოოდ, სიტუაციის უკუკავშირის შეუძლებლობის მიზნით, ეს შპს გააკოტრეს?

_ როდესაც ქონება წაიღეს და ახალი შპს გახსნეს, აქაც დაარღვიეს კანონი. შპს-ს ქონება, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენ ვიყავით, გადასცეს ახალ შპს-ს, რომელსაც ჰქვია შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“. მინისტრის ბრძანებაში ჩაწერილი მიწა, სადაც ეს ბაზრობაა, შეფასებულია, დაახლოებით, 4 მილიონად, რასაც ემატება შენობა-ნაგებობები, ერთი ხელის მოსმით გადასცეს ახალ ფირმას. ვერც აქ ხედავს პროკურატურა დანაშაულს, რომ კონკრეტული ადამიანი ბრძანებით აკოტრებს ერთს და მის ქონებას აძლევს მეორეს, ისევე როგორც ჩამოგვართვეს. ჩამორთმევის ბრძანებაში წერია, რომ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 31800 კვ.მ. მიწა დარეგისტრირდეს სახელმწიფო საკუთრებაში. ეს ბრძანება მიიტანეს საჯარო რეესტრში და საჯარო რეესტრმა ამ ბრძანებით დაარეგისტრირა მათ საკუთრებაში. სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს. ასე არ რეგისტრირდება ქონება.

_ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თუ ესაუბრეთ არჩილ ხაბაძეს ამ საკითხზე?

_ როცა ხელისუფლება შეიცვალა, ახლად დანიშნულ არჩილ ხაბაძეს მივმართე და ვუთხარი, _ როგორი წესითაც წაიღო სახელმწიფომ საკუთრებაში ეს ქონება, იგივე მეთოდით შეიძლება დაბრუნება-მეთქი. _ არაფერსაც არ დავაბრუნებო! _ მითხრა და სულ სხვა თემაზე დამიწყო საუბარი, _ ბანკის ვალი რატომ გაქვსო? ვალი შემახსენა.

_ რა ვალზეა საუბარი?

_ როცა სახელმწიფომ შპს წაიღო, შპს „სავაჭრო ცენტრ ბათუმს“ სესხი ჰქონდა გამოტანილი „საქართველოს ბანკიდან“ 250 ათასი დოლარის ოდენობით. გარანტორები იყვნენ ჩემი ძმა, რომელიც ამ შპს-ს დამფუძნებელი იყო და ჩემი შვილი, რომელიც მაშინ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. კომპანიის ჩამორთმევის შემდეგ ეს სესხი გადმოგვილოცეს ჩვენ, ქონება კი წაიღეს. წარმოიდგინეთ, რამხელა ფულია, როცა ყველაფერი დაკარგული გაქვს! მადლობა ბატონ ბიძინას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს სესხი სანახევროდ გადამიფარეს (დავით ანანიძე 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში ქედის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, _ მ. ბ.). როდესაც მთავრობის თავმჯდომარესთან ვსაუბრობდი, იგი შებრუნდა და  იურიდიული განყოფილების უფროსს, პარმენ ჯალაღონიას ჰკითხა, _ ამან ის თუ იცის, ანანიძეების მისვლას იქ რომ ეწინააღმდეგებიან და ხელმოწერები აქვთ შეგროვებულიო?

_ რა ხელმოწერები? სად არიან თქვენი მისვლის წინააღმდეგნი?

_ სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლებს და მომუშავეებს ხელმოწერები შეუგროვებიათ, რომ ანანიძეები არ დაბრუნდნენ ამ სავაჭრო ცენტრშიო.

_ კი მაგრამ, ეს ხომ თქვენი საკუთრება იყო, თქვენი ბიზნესი და რიგით თანამშრომელს უფლება აქვს, მეპატრონეს მისვლა აუკრძალოს?

_ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ არჩილ ხაბაძის დედა მუშაობს იქ. ეს არის უკვე ხაბაძეების ბიზნესი. ჩემმა ძმამ მიიყვანა სამუშაოზე ხაბაძის დედა და შემდეგ ამ უკანასკნელმა ხელწერილები დააწერინა თანამშრომლებს, ესენი არ დაბრუნდნენო. საოჯახო ბიზნესად იქციეს, ათასი რაღაც შეუერთეს ამ შპს-ს. როდესაც ხაბაძემ ეს მესამე პირში მითხრა, მე ვუთხარი, რომ ოჯახს პრობლემები გვაქვს, ვალებს ვერ ვიხდით და ოჯახის რომელიმე წევრს სადმე დააწყებინე მუშაობა-მეთქი. _ მაგას ვერ ვიზამო. იურისტებმა უთხრეს, _ არანაირი იურიდიული დარღვევა არ არისო… მაგრამ მაინც თქვა, _ ვერაო! ახლა მისი დეიდაშვილი კახიძეა იმ სამუშაო ადგილზე, სადაც მე ვთხოვდი ჩემი ოჯახის წევრის დასაქმებას.

_ ხაბაძის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ახალი ხელისუფლების პირობებში მიმართეთ თუ არა მერიას, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სასამართლოს, ან პროკურატურას ხელახლა შესწავლის მიზნით?

_ მივმართე მერიას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. ორივეგან ერთი და იგივე, გადაწერილი პასუხი მივიღე. ვიღაცამ უკარნახა, სათაური შეუცვალეს და ისე გამომიგზავნეს. ადმინისტრაციული წარმოებაც კი არ აღძრეს, რომ მივსულიყავი და ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელს ევალება, რომ წარმოება აღძრას, მაგრამ არანაირი რეაგირება და თანამშრომლობა მათგან არ ყოფილა. რადგან პირველი კაციდან (არჩილ ხაბაძე) არ წამოვიდა, სამინისტროდან გასაგებია, რომ არ იქნებოდა რეაგირება.

_ პროკურატურის პოზიცია როგორი იყო?

_ გელა კუჭაშვილმა, მთავარმა პროკურორმა მოგვწერა, რომ საქმის წარმოება საგამოძიებო განყოფილებას დაევალა, მაგრამ იქ იგივე ხალხი მუშაობს, ვინც ჩამოგვართვა. ის პროკურორები არ გამოიძიებენ. მამუკა ვასაძე, ადამიანი, რომელიც ჩემი შპს-დან საბუთების ამოღებას ხელმძღვანელობდა, ახლაც პროკურატურაში მუშაობს. მეტიც, ეს პიროვნება დააწინაურეს და საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსია. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ამ ქონების დაბრუნება კოლაფსს გამოიწვევს და ა. შ. პირიქით, იქ სამი ფირმა მუშაობდა და უფრო მეტი შენატანი გვქოდა, ვიდრე ახლაა. მთავარია, სამართლიანობა აღდგეს, ამის დაბრუნება შეიძლება ერთ დღეში. როგორ მიჰყიდეს ანბანის კოშკი 1 ლარად? როგორ გაყიდეს 19-მილიონიანი პიაცა 11 მილიონად? როგორ მიჰყიდეს არაბ შეიხებს მიწა ერთ ლარად? განა, არ შეუძლიათ? აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ვაჭრებად იქცნენ.

_ რა გზას ხედავთ თქვენი ქონების დასაბრუნებლად?

_ დაბრუნების საუკეთესო გზა არის სასამართლო. ჩემთვის ქონება სასამართლოს კანონის ძალით რომ წაერთმია, რომ მენახა, კვალიფიციურმა ადამიანმა დაწერა გადაწყვეტილება, დიდი ხანია შევეშვებოდი დავას. სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და მოსამართლეს ფეხსაცმელი არ უნდა უჭერდეს. თუ მოსამართლე თავისუფალი იქნება, მაშინ სამართლიანობაც აღდგება. სანამ სასამართლო არ განთავისუფლდება, მანამდე ჩავიძირებით ამ ჭაობში. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ დაინტერესდეს ამ საქმით.

 

***

აჭარის მთავრობაში დავით ანანიძის თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. მთავრობის პრესსამსახურისთვის აღნიშნულ თემაზე კომენტარის თხოვნის მიმართვიდან რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ მთავრობაში განაცხადეს, რომ კომენტარს არც ხაბაძე და არც ბალაძე არ გააკეთებენ, რადგან ანანიძეს ქონება წინა ხელისუფლების პირობებში ჩამოართვეს.

დავით ანანიძე მხოლოდ ერთი ბიზნესმენი არ არის, რომელსაც ყოფილი ხელისუფლების დროს ქონება ჩამოართვეს. ანანიძე ერთადერთი არც იმ ბიზნესმენთაგან გახლავთ, ვინც სამართლიანობის აღდგენას ელოდებოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.

 

                                                                                                 მარიამ ბალანჩივაძე