„ირაკლი შიხიაშვილმა მითხრა: აიო, ამან მოკლა გია კრიალაშვილიო. პროფესიონალიაო!“

555

გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანზე, გია ხიზანიშვილზე, პირველი ინფორმაცია სწორედ მისმა თანამებრძოლებმა გაავრცელეს. ის სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდა. მოგვიანებით, მისსავე მეგობრებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ გიას ფსიქიკური პრობლემები აქვს, ხოლო ვეტერანთა დეპარტამენტმა მის პროტესტს განცხადებით უპასუხა და მის მიერ აღებული ხელფასის ოდენობა, ანუ პერსონალური ინფორმაცია გაასაჯაროვა.

გია ხიზანიშვილი აღარ შიმშილობს, მან განცხადება დაწერა და ვეტერანთა დეპარტამენტიდან წამოვიდა, თუმცა ირაკლი შიხიაშვილის მხილებაზე უარს არ ამბობს და „ქრონიკა+“-ს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს.

_ ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტში აღარ ვმუშაობ, განცხადება დავწერე და წამოვედი. ახლახან ვშიმშილობდი გმირთა მოედანზე, პირველი არხი მოვიდა, ინტერვიუ კი ჩაიწერა, მაგრამ ეთერში აღარ გაუშვა. ჩემი პროტესტის შესახებ ყველამ იცოდა _ შიდა წრეებში ხშირად ვაფიქსირებდი. ჯერ კიდევ მაისში მივწერე შიხიაშვილს წერილი, შეხვედრა მინდოდა, მაგრამ უშედეგოდ _ ჩემთვის არავის ეცალა. პირადულიც მაქვს მასთან და სამსახურებრივიც. პირადულით რომ დავიწყო, ყველას თავი მოვაბეზრე, მით უმეტეს, რომ პირადი პრობლემების დიდი ნაწილი უკვე მომიგვარდა და სხვა დახმარებებსაც მპირდებიან.

_ ვინ მოგიგვარათ?

_ კახი კალაძემ. რაც ვალი მქონდა დაგროვილი, მათ შორის ჩემი სამსახურის გამოც _ 12 000 ლარი გადამიხადა. თავი რომ მქონდა მოსაკლავი, არ ვიკლავ და მშვიდად მძინავს. მკურნალობაში და დასაქმებაში დახმარებას უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, სოსო გოგაშვილი დამპირდა. ბავშვობიდან არა, მაგრამ კარგად ვიცნობ, დიდი ხანია, მეზობლები ვართ. ძალიან კარგი ადამიანია, წესიერი, მშრომელი ბიჭია. ახლა დააწინაურეს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. შარშანაც ვშიმშილობდი, იქ სხვა პრობლემებიც მქონდა. ჩემი პრობლემა სამართლებრივი იყო, პოლიციის ქმედებაზე საქმე აღიძრა, რომელიც ამ დრომდე თაროზე დევს. ეს არ არის პოლიტიკური საქმე, ამასაც ამერიკას ნუ დააბრალებენ, რომ ხელს გვიშლის. ჩვეულებრივი კრიმინალია და სამი წელი თაროზე დევს. პირდაპირ მეუბნებიან, _ სისტემაა, სისტემას ვერ დავანგრევთ შენ გამოო. ედიკას დროსაც ვიჯექი, მიშას დროსაც ვიჯექი, არც ამათმა დამაკლეს, მაგრამ დროულად ჩაერივნენ. რაც მართალია, მართალია, რეაგირება არის, წინა ხელისუფლებასთან შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ კრიტიკა აუცილებელია, გაჩუმებამ მერე თავში ავარდნა იცის. 18 დღე ვიშიმშილე, სწორედ იმ დროს დაინიშნა შიხიაშვილი ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. კარგა ხანს ვილაპარაკეთ, ჩემი ამბები მოვუყევი, გამოსავალიც შევთავაზე. დამპირდა, დაგასაქმებ, 1000 ლარს აიღებ პირველი სამი თვე, მერე მოგიმატებ და შენს პრობლემებსაც მიხედავო. არც სახლი მაქვს, არც კარი მაქვს, ძმასთან ვარ შეკედლებული. შიმშილობის დროს ექიმიც გამომიგზავნეს. სისხლში გლუკოზა შემიმოწმეს, მართლა ვშიმშილობდი თუ არა. დარწმუნდნენ, რომ არ ვსიმულიანტობდი. მუშაობა დავიწყე, პირველი სამი თვე ყველაფერი კარგად მიდიოდა, დავფრინავდი, სამსახურში ისე დავდიოდი. ბევრი კარგი პროექტი დაიწყო, მათ შორის ებრაელებთან ერთად. როცა ნელ-ნელა ჩავიხედე ყველაფერში, აღმოვაჩინე, რომ ფულის კეთების სქემაა და სხვა არაფერი.

_ გია, რას გულისხმობთ?

_ მარტივად აგიხსნით: მე როგორც ვიცი, ეს ჩასახლების პროექტი 400 მილიონი ჯდება, 500-1000 კაცი, 3000 სული ძროხა და სხვა თანმხლები ამბები. 400 მილიონი დოლარით 10 000 კაცს ჩავასახლებ სხვადასხვა რეგიონში, დიდი ფერმა არ არის. სოციალური პროექტი საზღვრისპირა სოფლებში ე. წ. კომუნა, ანუ ერთობლივი დასახლება ნამდვილად ძალიან საინტერესოა, მაგრამ უცხოეთში ვეტერანები ქმნიან კომუნას, ყველაფერი მათი განკარგულების ქვეშაა, აქ კი იმ ებრაელმა ბიზნესმენმა რომ დახუროს ბიზნესი, ჩასახლებული ვეტერანები ისევ ცაში დარჩებიან გამოკიდებულები. აშენებული მინისოფელი ხომ დაცარიელდება?

_ ანუ ფიქრობ, რომ ამ პროექტში ფული ტყდება?

_ დიახ და ახლავე აგიხსნით, რა ჯდება ერთი ვეტერანის ჩასახლება, მინიმუმ: მანდ მიდის ფულის გათეთრება ერთი ერთზე, ნახევარი ტყდება.

_ გია, ამოდენა თანხაში ირაკლი შიხიაშვილი მარტოა?

_ ვაიმე, რას ამბობ? არ დაიჯეროთ, რომ შიხიაშვილი მარტოა. ჩემმა მეგობარმა მითხრა უშიშროებიდან, არ დაიჯეროო, მანეთი რომ აქვს შიხიაშვილს განსაზღვრული, იმ მანეთის ზევით ხელი რომ რამეს წაუწიოს, წააჭრიანო. მასთან ერთად ის ხალხია, ვინც მაგას ასე იცავს. ყოველთვის, როცა წინააღმდეგობა იწყება, გამოდის და ამბობს: ეს ხალხი მართულია, ესენი „ნაციონალების“ აგენტები არიანო და ა. შ.

_ ეტყობა, დაავიწყდა, თვითონ ვინ იყო…

_ კი, დაავიწყდა. მე ვყოფილვარ „ნაცებთან“ და ზონდერბრიგადებში უდესიანის მარჯვენა ხელი. ბოლოს რაც იყო მინიშნება უშიშროებიდან, გეტყვით: პირველი თანხა ისე მივიღე, კახი კალაძე არც მინახავს. დამირეკეს, მივედი „პროგრესბანკში“, საბუთებიც არ მოუთხოვიათ, ხელი მოვაწერე და 12 000 ლარი მომცეს. მეორე ნაწილი გაჯანჯლდა, უშიშროებიდან დამირეკეს, _ შიხიაშვილს შეეშვი და ჯანყარაშვილს ნუ ახსენებო.

_ გია, ზვიად ჯანყარაშვილს ახსენებდით?

_ ერთი ორჯერ მყავს ნახსენები, ისე არც მინახავს. თუ გახსოვთ, უგულავას სკანდალი რომ იყო, ფულს როცა სძალავდნენ, მაშინ დავწერე კომენტარი: ძველებს რომ დასდევ და გაფუჭებულ საქმეებს, შენი წარმომადგენლები უნდა დასაჯო-მეთქი.

_ ვინ გეუბნებათ, შიხიაშვილს და ჯანყარაშვილს თავი დაანებეო?

_ უშიშროებიდან იყო ეს ზარი, ყველამ კარგად იცის. ჩემთან შანტაჟი არ გამოვა, გატეხვით ვერ გამტეხენ, შეიძლება მომკლან, სხვა არაფერი. 11 წელი ვიჯექი მიშას დროს, აქედან 9 წელი დახურულ სისტემაში. თუ უშიშროებამ არ იცის, რას ნიშნავს დახურულ სისტემაში ცხრა წელი, მაშინ ცოტა თავი გაანძრიონ. გიმკურნალებთ კიდევაც, სამსახურიც გექნება და ყველაფერიო.

_ თქვენი მეგობარი, სოსო გოგაშვილი გიყენებთ ამ პირობას?

_ კი, კი, მაგრამ გოგაშვილისგან არ მოდის მსგავსი რამ. დიდი ხანია, მიცნობს და ამას ვერ მაკადრებს, ხმამაღალი ლაპარაკი კი მქონდა, _ რამდენი გინდა სამკურნალოდო? იქ შევლაპარაკდით, მერე ჩემს ძმას დაურეკა, _ რა დღეში აქვს შენს ძმას ნერვებიო? კიდევ კარგად ვარ, რაც მე ცხოვრება გავიარე. სოსო მიცნობს, „ნახალოვკა“ ხომ იცით, როგორი უბანია, ყველამ ერთმანეთის ყველაფერი ვიცით. თავის დროზე რომ მცოდნოდა, იქ სამუშაოდ არ წავიდოდი, ხელმრუდეებს ვერ ვიტან! ხმამაღლა მაქვს დაგინებული, _ ვინც ვეტერანების ფულს ჭამს, იმის დედაც-მეთქი!.. ის განცხადება რომ გაავრცელეს, რა, ხელფასს ტყუილად ვიღებდი? არ ვმუშაობდი? ზედმეტი ავიღე? ამ დროს ნახევარი დეპარტამენტი სამსახურში არ დადის, ვინც დადის _ მთელი დღე ფეისბუქში ზის, საქმე არა აქვთ, ხელოვნურად გაბერილი შტატებია! მკურნალობაზე ვუმკურნალეთო _ ივლისში გამოკვლევები და წამლები დამიფინანსეს, მანამდე ოპერაცია გავიკეთე, დამიწერეს საგარანტიო, მერე აღარ გადამიხადეს, _ უფლება არ გვაქვს, თანამშრომელს მკურნალობის თანხა გადავუხადოთო. პრემიას გამოგიწერთ და ოპერაციის თანხა იქიდან დაფარეო. ეს რატომ არ აღნიშნეს განცხადებაში? ჰოსპიტალზეც აკეთებდა ასეთ განცხადებებს. იქ, რეალურად, ავადმყოფის გამოჯანმრთელება არ ხდება, მენეჯმენტი მოშლილია, მაგრამ ჰოსპიტლის წართმევაზე იყო საუბარი, ზღვაზე ასაშენებელი სარეაბილიტაციო ცენტრის სანაცვლოდ. ცენტრი სხვაა და ჰოსპიტალი _ სხვა, დასავლეთ საქართველოშიც უნდა იყოს.

მთავარია, უშიშროება ნუ ერევა ვეტერანების საქმეში. ჩვენი სიებია შედგენილი და საშიშ ადამიანთა ნუსხაში ვართ შეყვანილი. მოვიდა თუ არა შიხიაშვილი, დაცვით დადის, ყველაფერს უშიშროებას უთანხმებს. ქვეყანას სპეცსამსახური მართავს, პარლამენტარების ყველა ნაბიჯსაც კი აკონტროლებენ. თუ უნდათ, კამერები დამიყენონ, მაგრამ მართვაში ნუ ერევიან, მით უმეტეს, ვეტერანებში. მიდის ვეტერანების დაპირისპირება. მიწის ნაკვეთებზე გაგონილი გაქვთ? მე რომ დამიწერა განცხადება იმ გოგონამ, ორი თვის მოყვანილი ჰყავთ, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მიწის ნაკვეთები არ რიგდებაო, ტყუილია _ 25 კაცზეა გაცემული მიწის ნაკვეთი. რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს ადამიანები? თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაა. ეს განცხადება რომ გავრცელდა, ჩემთან თანამებრძოლი მოვიდა, ტაქსში სძინავს, ისიც ნათხოვარი ჰყავს, რომ შიმშილით არ მოკვდეს, „მოიკებზე“ იბანს კაცი, კვირაში ერთხელ თეთრიწყაროში მიდის, რომ გამოიცვალოს. გია კრიალაშვილი ხომ გახსოვთ? ესეც გია კრიალაშვილია, მისი ბიძაშვილი. ისიც კი მოვატყუე, _ ნაკვეთები არ რიგდება-მეთქი. იმის გამო, რომ პრესცენტრის განცხადებას ვენდე. აღმოჩნდა _ 25 კაცმა მიიღო ნაკვეთები.

_ გია კრიალაშვილი ახსენეთ და იცით, ალბათ, რომ მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააწინაურეს.

_ მაგაზე უარესს გეტყვით: უკვე ვმუშაობდი, რამდენიმე თვის წინათ ერთ-ერთი ჩემი თანამებრძოლი მოვიდა, შიხიაშვილთან ჰქონდა საქმე. აღმოჩნდა, რომ მას კარგად იცნობდა. ვილაპარაკეთ. როცა ის წავიდა, მე და შიხა დავრჩით, კარი გაიღო, ვიღაც ბიჭი შემოვიდა, რაღაც ილაპარაკეს და გავიდა. ირაკლი შიხიაშვილი მეუბნება, _ აიო, ამან მოკლა გია კრიალაშვილიო, ამან ესროლაო, პროფესიონალიაო. მერე გავიგე, რომ გია კრიალაშვილი და ირაკლი შიხიაშვილი ერთი სოფლიდან ყოფილან, დიდი ხნის დაპირისპირება ჰქონიათ ერთმანეთში. პირდაპირ გეტყვი _ კარგის მთქმელს სადაც მოძებნი შიხიაშვილზე, მეც დამიძახეო, რომ მოვისმინოო, _ მითხრა ჩემმა მეგობარმა. ან რეგიონებში რას აკეთებენ ჩვენი სამსახურები? თაიგულების ტარებაა ჩვენი ფუნქცია? რატომ ვართ საშიში ადამიანები? ჩვენთვის არავის დაუძალებია აფხაზეთში ბრძოლა, ოთხჯერ შეგვიყვანეს და ოთხივეჯერ გამოგვიყვანეს! ამდენი ომი გავიარეთ, ამდენი სიკვდილი ვნახეთ. როცა ვშიმშილობდი, ვეტერანებმა სოლიდარობა არ გამომიცხადეს. მეგობარი ბიჭი მოვიდა, მსახიობი ბესო ზანგური, ფოტოები გადავიღეთ, მითხრა, _ ამას ახლა ფეისბუქით კალაძის მეგობრებს გავუგზავნიო. ამის მერე დამირეკა სოსო გოგაშვილმა, _ რა გინდა მანდო? _ როგორ რა მინდა, მე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხმა არ მიმიცია, ამ კოალიციისთვის ხმა არ მიმიცია, მე ბიძინას ვენდე პიროვნულად, უბრალოდ, კახი კალაძე და სოსო გოგაშვილი იმიტომ დავასახელე, რომ ჩემს ნათქვამს სიტყვა-სიტყვით მიიტანენ ბიძინა ივანიშვილამდე, ბევრი არ ჰყავს ასეთი ადამიანი, ორ სიტყვას არ მიიტანენ იქამდე სწორად. მარტო ერთგულება ხომ არაა, თავში „ბაგაჟიც“ ხომ უნდა გქონდეს? ასე ჩაერია აქ სოსო. თქვენ გგონიათ, მარტო შიხიაშვილთანაა მსგავსი პრობლემები? ყველგან კორუფციაა, მოსწრებაზე არიან. ჩვენ ქვეყანაში კი არა, დერეფანში ვცხოვრობთ, შიხიაშვილი კი გაიძახის, პოლიტიკოსი ვარო, მაგრამ ჩვეულებრივი საქმოსანია, „ძელეცი“, რომელიც მხოლოდ ფულზეა ორიენტირებული.

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურს, თუ სურვილი გაუჩნდება პოზიცია დააფიქსიროს, „ქრონიკა+“ აუცილებლლად დაუთმობს მომდევნო ნომერში ადგილს.

 

                                                                                                  ელისო კილაძე