რატომ სჭირდება საქართველოს „გველისმჭამელის“ მოძრაობა?

xxx

„მანამ მინდია ჰბელადობს, ხევსურებს არა უშავთ-რა, ვეღარვინ ჰბედავს რჩოლასა, მყუდროობაა ყველგანა…“ („გველისმჭამელი“)

ვაჟა-ფშაველას „გველისმჭამელი“ არა მარტო ხელოვნების უდიდესი ნაწარმოებია, არამედ ის დღეს ჩვენთვის გზისმკვლევია ბევრი განზომილებით. მინდია ის გმირია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჭიროა დღეს _ არა მხოლოდ საქართველოში. მინდია იძლევა პასუხს დღევანდელობის მრავალ უმტკივნეულეს კითხვაზე. უკვე დიდი ხანია, რაც ე. წ. განვითარებული მსოფლიო ბიოპოლიტიკის სენით არის დაავადებული, ამ სენიდან გამომდინარე განუწყვეტლივ და დაუნდობლად ანადგურებს გარემოს, ცხოველთა სამყაროსა და, რასაკვირველია, თვით ადამიანებსაც. წელიწადში მიალიარდობით ცოცხალი არსების მოკვდინება ხდება მომხმარებლობის სახელით. ხმარების სახელით ბინძურდება ჰაერი, მიწა და წყალი, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ადამიანების ტრაგიკულ დაღუპვასაც. ბიოპოლიტიკის დაუნდობელი „ბაზრის“ კანონების შესაბამისად, სრულიად ხელოვნურად და შიმშილით, წელიწადში 8 მილიონი ბავშვი კვდება. ეს იმიტომ, რომ „ეკონომიკა განვითარდეს“ და „ბაზრის კანონებმა“ იმუშაოს. პირობითად, ბიოპოლიტიკის გამავრცელებელ ე. წ ნეოლიბერალურ სამყაროს, რომელიც საკმაოდ ცოტა ადამიანისგან შედგება, შეგვიძლია „ქაჯთა სამფლობელო“ ვუწოდოთ. თუმცა აქვე უნდა მოვერიდოთ ამ ადამიანებისა და სპეციალისტების დემონიზაციას. თვით ვაჟა მათ უნარებს სათანადოდ აფასებს. მათ ცხოველების ენაც ესმით და მინდიას სწორედ ამ ენის მოსმენას ასწავლიან 12 წლის განმავლობაში. ეს კი დიდი ნიჭი და უნარია, რომელიც კარგად თუ გამოიყენება, სასწაულის მოხდენას შეძლებს. ვაჟას მინდია გარემოს დაცვისა და მისი გაგების საკითხს, ჯერ კიდევ, 1901 წელს აყენებს. ამ დროს მართალი იბსენის „ხალხის მტერი“ უკვე დაწერილია, მაგრამ „გველისმჭამელთან“ შედარებით ის ბევრად უფრო ზედაპირულ პლასტს ეხება ბუნებასთან ჩვენი ურთიერთობისა. დიახ, მინდია ქაჯთაგან სწავლობს ცხოველების ენას. ეს იმის ადეკვატია, რომ მას 12 წელი პრაქტიკა გაევლო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და კომუნიკაციების თეორია და პრაქტიკა ისე საფუძვლიანად შეესწავლა, რომ ნამდვილად ჩასწვდომოდა ცხოველების ენას და რეალურად დაენახა „სვეტი-ცხოველი“ _ პრაქტიკაში. ამას მინდია აკეთებს _ ეს მეომარი კაცი, რომელიც ხევსურთა მთავარი გმირია. ის იგებს სამყაროს ნამდვილ ენას _ ის მეტაფიზიკურად იხსნება სამყაროში და ხედავს, რომ არ არსებობს რეალური უკმარისობა და რომ ჩვენ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არათუ ერთმანეთის, არამედ ცხოველებისა და მცენარეების მოკვდინებაც არ გვჭირდება უმრავლეს შემთხვევაში. მინდიას განცხადება არა მხოლოდ ეკოლოგიურია _ ის ონტოლოგიურიც არის.

„თუ სად ხმელს წიწკრებს იპოვნის, არც დაიწუნებს იმასა, მაინც ღმერთს ჰმადლობს, მაინცა, საღამოსა და დილასა, სხვებსაც მას ურჩევს: „კაცებო, მოდით ნუ ჰშვრებით ცოდვასა; ნუ მასჭრით ხესა, დავჯერდეთ ჯოყრებს, ხმელს წიწკრებს ცოტასა. არავინ უსმენს, არქმევენ ამ გვარს მის რჩევას ბოდვასა: `ღმერთს ჩვენთვის გაუჩენაო სარგოდა, მოსახმარადა! და დღესაც არავინ ჰზოგავს ვერხვ-ფიფელს მოსაკლავადა“ („გველისმჭამელი“).

როგორ არ შეიძლება გაგახსენდეს ამ სიტყვების წაკითხვისას ის, რაც დღეს ხდება საქართველოში და არა მარტო საქართველოში _ ბიოპოლიტიკის ერთგული ტექნოკრატების დისკურსი! ისინი ხომ ამნაირ საუბარს დღესაც ბოდვას უწოდებენ. დიახ, ასეთი საუბარი დღესაც მარგინალურ ბოდვად მიიჩნევა. არადა, მინდია ჭეშმარიტებას ამბობს. მას ქაჯეთის სამყაროში საკუთარი დოქტორის დიპლომი მიღებული აქვს _ მას ესმის ბუნების ენა. და ის ამ ცოდნას კეთილი მიზნით იყენებს. ის ცდილობს, ადამიანს მისი მთლიანობის შესაძლებლობა დაანახვოს. დღეს თბილისსა და მთელ ტექნოკრატიულ „საქაჯეთში“ რკინა-ბეტონის კორპუსებს აშენებენ მოჭრილი ხეებისა და დანგრეული ძველი სახლების მაგიერ. დღეს ადამიანობის მგრძნობიარე ბუნებას ქოლავენ ყველანაირად აბსოლუტურად ცივი და მკვლელი ცივი-ლიზაციის სახელით. ბერდია ის სახელმწიფო მეთაურია, ან მთავარი ოლიგარქი, რომელსაც ქვეყნისთვის კარგი შეიძლება უნდა, მაგრამ არ ესმის, რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს საყოველთაოდ ცნობილ ბუნებისა და ადამიანების მკვლელობას? მით უმეტეს, რომ მინდია თვით მეომარია. რატომ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი? ბერდიას თემი „მეინსტრიმის“ ცნობიერებაშია ჩამჯდარი, მაგრამ ეს ცნობიერება ვერ არის მთლიანი და ამიტომაც სტანჯავს ბერდიას მუდამ ეს კითხვები. რატომ არ უნდა ავაშენო ხუდონჰესი, როცა ეს „ეკონომიკისთვინ კარგია“? რატომ არ უნდა ამეფეთქებინა საყდრისი, როცა ესეც „სიმდიდრის მომტანია“? რატომ არ უნდა გავაკეთოთ მირზა შაფის პროექტი, როცა ეს ბევრ „ტურისტს“ ჩამოიყვანს? მინდიას ამ კითხვებზე პასუხი გამზადებული აქვს. ეს არ არის მარტო მეტაფიზიკური წვდომის შედეგი, არამედ ფაქტობრივი დასაბუთებაც. ოღონდ ამ ფაქტობრივი დასაბუთების მისაღებად ადამიანს სჭირდება ცოტა მაინც ადამიანური ემოცია _ ჯანმრთელი ემოცია, რომელსაც ბიოპოლიტიკის მსახური ქაჯები კლავენ. შეიძლება თავისდაუნებურად, მაგრამ მაინც კლავენ. ჩვენ ხომ ქაჯისაც უნდა გვესმოდეს _ მასაც ეშინია საკუთარი ხელფასის დაკარგვის. ეს არის მინდიას გენია. დღეს მსოფლიოს ტექნოკრატიული სამყაროს მრავალი პოლიტიკური ლიდერი იმის ნაცვლად, რომ ხალხსა და სამყაროს ჰარმონიას ემსახუროს, საკუთარი კარიერული შიშის გამო სწორედ იმ ქაჯთა სამეფოს ემსახურება, რომელიც უმწიკვლო ბუნებასა და ადამიანებსაც ანადგურებს. ბატონი ღარიბაშვილიც ქაჯეთის ნებსითი თუ უნებლიე წარმომადგენელია. მას ეშინია საკუთარი თანამდებობის დაკარგვის, ან ხელფასის დაკარგვის და ამიტომაც არჩევს, რომ თავისივე კახელ გლეხებს ყურძენი ააჩეხინოს, საყდრისი ააფეთქოს, ხუდონი ააშენოს, გინდაც ეს მთელი საქართველოს განადგურებით გვემუქრებოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მონსტრია _ ის ერთი შეშინებულია ადამიანია, რომელიც ვერ ბედავს იმას, რაც მინდიამ გაბედა და რასაც მინდია გაბედავს. დღევანდელი ტექნოკრატიული სამყაროს მეტაფიზიკაგამოცლილ ლიდერებს ხომ სიტყვა ეკონომიკა სულ პირზე აკერიათ, მაგრამ იმას არ აანალიზებენ, რომ უკმარისობის ეკონომიკის გარდა არსებობს სულიერი ჰარმონიისა და სამყაროსთან შერწყმის ეკონომიკა. მათ არ წარმოუდგენიათ, რომ მილტონ ფრიდმანის, ჰაიეკისა და სხვა ტექნოკრატთა ნააზრევის მიღმა არსებობს ბუნების სიბრძნე _ მეტაფიზიკური სიბრძნე, რომელიც უტყუარად ამტკიცებს იმას, რასაც მინდია ამბობს: „ჰო და სთქვი, _ კვლავ სთხოვს ბერდია, _ გულზე რა ჭირი გჭირია? _ აგერ, ამ ჩიტებს ყურს ვუგდებ, _ თითით უჩვენა ჩიტებზე, ორნი ფრთებ-ჩამოშვებულნი იფნის ქვეშ ისხდნენ სიპებზე. ერთი მეორეს უამბობს სიკვდილის ამბავს შვილებზე, მარცხნით მჯდომარე დედაა, მარჯვნისკე _ ამბის მთხრობელი, თქვენს მტერს, რომ გულ-მოკლულადა შვილებსა სტირის მშობელი“ („გველისმჭამელი“).

დიახ, გველისმჭამელი ჩვენ ყველას გველაპარაკება და უეჭველად გვიმტკიცებს, რომ ყოველდღიური მკვლელობის გზა დაღუპვის გზაა. გვიმტკიცებს იმას, რომ სამყაროში განხორციელება მასში გახსას ნიშნავს _ და არა მხოლოდ ფიზიკურ თავისუფლებას, არამედ მეტაფიზიკურსაც. ისევე როგორც ანტონინ არტო, ისიც სულიერი თავისუფლების მოტრფიალეა _ და ეს არის ერთადერთი გადარჩენის გზა. ის ყვირის ჩვენი ბედნიერების იმედით და ბედნიერება არ არის სხვის ხარჯზე მოპოვებული წარმატება. ის არის სხვებთან ერთად სამყაროში გახსნა და საოცარი უსასრულობის გაცნობიერება _ ეს არის დაქუცმაცებული ადამიანის ხელახლა გამთლიანება. ღმერთი ხომ ყველას მთლიანად აჩენს და მხოლოდ ტექნოკრატიული ქაჯი ყოველ ჩვენგანში ანაწევრებს და კუწავს მის სულს.

„ხევსურთ შაჰხედეს ერთმანეთს გაოცებულის თვალითა; ნუთუ ასეთი ცოდნაო იქნება კაცის ძალითა?“

დიახ, ასეთი ცოდნა იქნება და არის კაცის ძალითა. კაცს _ და ქალსაც _ გააჩნია არა მხლოდ მშრალი გონება, მას აქვს ბუნებასთან უხილავი კავშირი. ის გვაფრთხილებს ბუნებისა და ადამიანის მეტად მოვლისთვის. ჩვენ მას არ ვუსმენთ და ვიღებთ ისეთ წყალდიდობას, რომელსაც უბედურება მოაქვს ჩვენთვის.

დღეს საქართველოში მინდიას გენებმა ისევ გაიღვიძა ჩვენს ახალგაზრდობაში და გველისმჭამელი ისევ მოდის ჩვენთან, იმისათვის რომ თვალი აგვიხილოს ჩვენს არასწორ ცხოვრებაზე. და ჩვენ ვიცით, რომ ის მართალია და ის უცილობლად გაიმარჯვებს ისტორიის სამსჯავროზე.

„დარწმუნდნენ იმის ცოდნაში, საქმე წინ ედვა ყველასა, მაგრამ ნაგრძნობსა გულითა გონებით ჰშველენ ვერასა“.

რადგან მარტო „რაციონალური“ გონება ვერ იცავს ადამიანს კატასტროფისგან. კატასტროფის თავიდან აცილება მხოლოდ ბუნებაში გახსნით შეიძლება. შეიძლება და კარგიც არის ქაჯებისგან განათლების მიღება და ცხოველების ენის სწავლა, მაგრამ ამის მერე ამ ცხოველებისა და ადამიანების დაცვაა საჭირო მათი უცილობელი სიკვდილისგან.

საქართველოში, ამ გაუგონარ სოციალურ უსამართლობაში, გველისმჭამელი სწორედ იმიტომ მოდის, რომ ჩვენი სამყარო დაიცვას უწყალო და მშრალი სიკვდილისგან; იმისთვის, რომ ჩვენ ბუნებაში გავმთლიანდეთ და შემოქმედს შემოქმედის ენაზე ველაპარაკოთ.

აი, ამიტომ მოდის გველისმჭამელი.

 

                                                                                                                  ირაკლი კაკაბაძე