უსმენს თუ არა მთავრობა მასწავლებელს?

33

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დიდი პომპეზურობით აღინიშნა. პრეზიდენტი, პრემიერი მინისტრები სისტემის მიმართ თანადგომის გამოხატვაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. სკოლა ის ადგილია, სადაც ქვეყნის მომავალი იჭედება და იგი მთავრობის მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს.

არსებულ რეალობასა და პერსპექტივებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ა/ო „საგანმანათლებლო ალიანსის“ დამფუძნებელს, მარიამ რამინაშვილს:

_ ქალბატონო მარიამ, უპირველესად, სწავლის დაწყება შევაფასოთ: რამდენიმე სკოლაში პროცესი რემონტის გამო ვერ დაიწყო და საერთოდ რა პრობლემების მოგვარება ვერ მოასწრეს და რატომ?

_ სამწუხაროდ, სასწავლო წელი სრული ქაოსით დაიწყო განათლების სამინისტრომ. არგუმენტებად ისიც საკმარისია, რომ საათობრივი ბადის ცვლილების შესახებ პროცესის დაწყებამდე 5 დღით ადრე გამოაცხადა, როცა კანონით, სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე სასკოლო სასწავლო გეგმა სკოლებს უკვე დამტკიცებული ჰქონდათ.

გარდა ამისა, არასწორად დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება _ ერთი მხრივ, არაკომპეტენტურმა კადრებმა, რომლებიც სუბიექტურად დანიშნა მინისტრმა დირექტორებად, ვერ შეძლეს სწორად დაეგეგმათ სარემონტო სამუშაოები; მეორე მხრივ, გადადებულმა და ჩაშლილმა ტენდერებმა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის რეალურმა სეკვესტრმა განაპირობა _ სკოლებში ინფრასტრუქტურული პოექტების ჩაშლა გამოიწვია და საქართველოს მასშტაბით არაერთ სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო.

ამ ფაქტმა, თავის მხრივ, იმ ბავშვების უფლებები შელახა, რომლებსაც საშუალება არ მიეცათ, ბაზაში დარეგისტრირებულიყვნენ და მოსწავლის სტატუსი მოეპოვებინათ, რადგან მინისტრის მიერ განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღით ვერ აკმაყოფილებდნენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ვგულისხმობ პირველკლასელებს).

_ მთავრობის პირველი პირები სწავლის დაწყებას სხვადასხვა სკოლაში შეხვდნენ…

_ პრემიერისა და რამდენიმე მაღალჩინოსნის მისვლამ სკოლებში და საჩვენებელმა გამოსვლამ საზოგადოება გააღიზიანა, რადგან ყველასთვის ცნობილია თუნდაც ის ფაქტი, რომ პირველკლასელებს მეორადი მოხმარებისთვის განკუთვნილი დედაენა დაურიგდათ და განათლების სამინისტრომ საკუთარი ბიუჯეტის სეკვესტრი სწორედ სახელმძღვანელოებზე გააკეთა ისე, რომ საკუთარ საპრემიო ფონდს არც კი შეხებია. არავინ გამოხატა თანაგრძნობა იმ პირველკლასელების გამო, რომელთაც დაუგეგმავი პროცესისა და უპასუხისმგებლო ადამიანების გამო სკოლა ვერ გაურემონტეს და ტელევიზორით მოუწიათ, თანატოლებისგან განსხვავებით, პირველი სასწავლო დღის აღქმა.

კურიოზული იყო ახალციხისა და ონის  პირველი საჯარო სკოლების მდგომარეობა. სამინისტროს დავალებით ეს სკოლები სრულად დაცალეს და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად მოამზადეს, თუმცა ფინანსების არარსებობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მიხედვით სამინისტრომ პოსტფაქტუმ მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა აღნიშნული სკოლების რეაბილიტაცია, რაც ამავე სკოლებისთვის საგანგაშო აღმოჩნდა, რადგან დაზიანდა ის ინვენტარი, რომელსაც, მართალია, დიდი ხანია ამოეწურა ექსპლუატაციის ვადა, თუმცა სკოლები მაინც ახერხებდნენ გამოეყენებინათ საჭიროებისათვის და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დანიშნულება ჰქონდა.

_ ბოლო დროს ბევრი საუბარია, რომ დღევანდელი ქართული სკოლა, განათლების ხარისხი თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად? გამოსავალი?..

_ სამინისტროს მხრიდან განხორციელებული პროექტების უმრავლესობა მხოლოდ ფორმალურად წარმოადგენს სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის განკუთვნილ აქტივობებს და, ძირითადად, სამინისტროს პიარკამპანიაა. პროცესის გაუაზრებელ ქმედებებსა და უპასუხისმგებლო ქმედებებზე არაერთი არგუმენტი შეიძლება მოვიყვანო… თუმცა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა სულ ცოტა ხნის წინათ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ერთ-ერთი კერძო სასწავლებლის დამფუძნებლის, ლევან ვასაძის ინტერვიუმ, რაც სამინისტროს უპრინციპობისა და ქმედუუნარობის პირდაპირი დადასტურებაა. ჩემი აზრით, განათლების სამინისტრო ვალდებულია,  უპასუხოს იმ ბრალდებებს, რომელიც კერძო სკოლის დამფუძნებელმა გაახმოვანა.

ერთი, რომ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მართავდა ამდენ საკონსულტაციო შეხვედრას ერთ-ერთი სკოლის მესვეურთან სამინისტრო და რატომ იყო მისი აზრი ასეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო სასწავლო კურიკულუმის ავკარგიანობის შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სწორედ ამ ბიზნესსუბიექტის აბსოლუტურად არაკომპეტენტურმა და გაუაზრებელმა არგუმენტებმა მიაღებინა გადაწყვეტილება, თურმე, სამინისტროს.

მეორე, რატომ აქვს ერთ ადამიანს უფლება, დირექტივები ყოველგვარი მსჯელობისა და აზრების გაცვლის გარეშე გასცეს? გარდა ამისა, რატომ ეთმობათ დრო კონკრეტულ ადამიანებს, ასეთი დამაჯერებლობითა და უალტერნატივოდ მოახდინონ თავიანთი აზრების ტირაჟირება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება? და აქვე: აღნიშნულ ინტერვიუს არაფერი ჰქონდა საერთო განათლებასთან და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად არ იყო მიმართული.

შესაბამისად, მარტივია პასუხი, _ როცა ადამიანების გარკვეულ წრეს, მიუხედავად იმისა, ერკვევა თუ არა საკითხში, აქვს თუ არა ამის კანონიერი უფლება, შეუძლია ჩაერიოს განათლების პოლიტიკის სისტემური საკითხების გადაჭრის საქმეში. ბუნებრივია, ასე დაგეგმილი პროცესი პოზიტიურ ასახვას ვერ ჰპოვებს საბოლოო შედეგზე და ვერ შეუწყობს ხელს მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებას.

თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილება თანამედროვე სტანდარტებითა და ცოდნით აღჭურვილ პედაგოგს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფომ უნდა მისცეს მოტივაცია, სრულად ჩაებას პროცესში. თუმცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ის სქემა, რაც სამინისტრომ შესთავაზა პედაგოგებს, სრულად სცდება იმ რაციონალურ შესაძლებლობებს, რაც დღესდღეობით სჭირდება ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებულ ქმედებებს და მხოლოდ მასწავლებელთა გაჩუმების მცდელობაა, სქემით განსაზღვრული ვადების ამოწურვამდე პრეტენზიები არ გაუჩნდეთ პედაგოგებს ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით.

თუ ვინმე კონტრარგუმენტად მასწავლებელთა ხელფასის დაგეგმილ მატებაზე გააკეთებს აქცენტს, ძალიან მნიშვნელოვანია, ცხრილს ჩახედოს და შედარების შემდგომ გააკეთოს დასკვნა, მოემატათ თუ დააკლდათ ხელფასი მასწავლებლებს.

სახელმწიფოს მხრიდან ასე ხმაურითა და ბაქიბუქით დაანონსებული სახელფასო ზრდა, რეალურად, მხოლოდ 100 მასწავლებლის 15 დოლარით გაზრდილი ხელფასია და მეტი არაფერი. მოცემული სტატისტიკა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდანაა აღებული და, შესაბამისად, უტყუარი ინფორმაციაა.

ესეც კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ ვერ იქნება საგანმანათლებლო პროცესი ხარისხზე ორიენტირებული იქამდე, ვიდრე სახელმწიფო ჯეროვნად არ დააფასებს და შეაფასებს მასწავლებლის შრომას და, მინიმუმ, არ გადაწყვეტს, არ მოატყუოს პედაგოგი.

_ რა უნდა გაკეთდეს?

_ მთავრობამ უნდა მოუსმინოს მასწავლებელს, უნდა გაითვალისწინოს კომპეტენტური აზრი და თავისი ქმედებები დაგეგმოს არა მხოლოდ პირადი პოლიტიკური ამბიციებისა და ფინანსური მიზნების დასაკმაყოფილებლად, არამედ გააცნობიეროს _ ემსახუროს სახელმწიფოს მიზნებს.

 

                                                                                                    გელა მამულაშვილი