დემურ გიორხელიძე: „ფარმაცევტული ბაზარი _ ერთ-ერთი ყველაზე ბნელი თემა საქართველოში“

55

„თუ გავიხსენებთ, რა მემკვიდრეობა ერგო ხელისუფლებას, ერთი მხრივ, გასაგებია მათი მცდელობა, რაღაცით მაინც გაეუმჯობესებინათ პირობები ჯანდაცვაში _ იქ, სადაც ბევრისთვის, მიუხედავად ასაკისა, კარი ხშირად დახურული იყო. თუმცა წინა ხელისუფლებამ მედიცინის რეფორმა სოციალური დატვირთვიდან იზოლირებულად მოახდინა და მივიღეთ წმინდა კომერციული მედიცინა, სადაც ყველაფერი საბაზრო პრინციპებზე იყო აგებული. როგორც წესი, ასეთი რაღაცები მსოფლიოს არც ერთ წამყვან ქვეყანაში არ კეთდება იმიტომ, რომ ამა თუ იმ კულტურაში არსებობს სოციალური სამართლიანობის გაგება და ხელისუფლებები ამას გვერდს ვერ უვლიან. მიუხედავად იმისა, რომ, გარკვეულწილად, გაუმჯობესდა ზოგიერთი დაწესებულების იერსახე, ახალი ტექნოლოგიები შემოიღეს, კვალიფიკაცია ცოტათი დაიხვეწა, მაინც ეს იყო გაკეთებული შეძლებული ადამიანებისთვის.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, გარკვეულწილად, ადამიანებს შვება მისცა და ამის უგულებელყოფა სწორი არ იქნება, იმიტომ რომ მას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, მაგრამ არსებობს მეორე საკითხი, რომელიც თავიდანვე ჩანდა. კერძოდ: ისეთ ღარიბ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა სულს ღაფავს, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა და დიდი სოციალური ვალდებულებების აღება ცოტა საეჭვოა არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. ქვეყანაში ამხელა ფუფუნება არ არსებობს, უბრალოდ, ფული არ არის. ამხელა ხარჯები ჩიხში შეიყვანს სახელმწიფოს. ამიტომ მე კარგად მესმის, რომ სამინისტრო ალტერნატიულ გზებზე ფიქრობს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, გამართულ, რეალობაზე დაფუძნებულ პროგრამას ვერ ვხედავ“, _ ამბობს დემურ გიორხელიძე.

დემურ გიორხელიძემ ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში ეკონომისტების ჩართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

„აქ არის ერთი პრობლემა _ ჯანდაცვის რეფორმას არ შეიძლება აკეთებდნენ მხოლოდ ექიმები, რადგან ჯანდაცვა არის ეკონომიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის დიდი სფერო. ამდენად, მას რეფორმატორები, სისტემური ხედვის მქონე ადამიანები უნდა აკეთებდნენ. ჯანდაცვა განიხილება, როგორც ბალანსი ეკონომიკურ ეფექტიანობას, ჯანდაცვის ეფექტიანობასა და სოციალურ სამართლიანობას შორის. ჯერ მთავრობა ამისთვის მზად არ არის, ექიმები კი რეფორმას სწორად ვერ გაატარებენ. ქვეყანა არის ღარიბი, გვყავს უამრავი ავადმყოფი. სამინისტრო ხომ დაავადებების პრევენციაზე იღებს ორიენტაციას? დიაგნოსტიკის შედეგად, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაავადება გამოვლინდება და მე კარგად არ მესმის, როგორ აპირებს გასწვდეს ამდენს სამინისტრო?“ _ აღნიშნა მან.

დემურ გიორხელიძეს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ აზრი:

_ ფარმაბაზრის სტრუქტურასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? არსებობს მოსაზრება, რომ წარმატებული რეფორმისთვის აუცილებელია მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ფასების დარეგულირება. ემხრობით თუ არა მას?

_ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი თემა საქართველოში. ეს არის ოლიგოპოლიური ბაზარი. რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ხელშეწყობილია ხელისუფლების მიერ, რომელიც სჩადის განუკითხაობას და ამას წამლის კონტროლის შესაბამისი სამსახურიც ეხმარება. დააკვირდით უბრალო რამეს _ გასული წლის 6 თვეში ქვეყანაში შემოვიდა 176 მილიონი ამერიკული დოლარის წამალი, წელს კი _ 405 მილიონი დოლარის წამალი. სერიოზული ზეწოლაა ლარის კურსზე. ვფიქრობ, სად წავიდა ამდენი წამალი და რას უნდა მოხმარებოდა, რადგან ზრდა თითქმის ორნახევარჯერ მეტია.

კიდევ ერთი რამ არის საინტერესო _ მიუხედავად წამლის ასეთი ოდენობით იმპორტისა, ფასებიც საშინლად იზრდება, ის არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. ეს ხელისუფლების უსუსურობის შედეგია! ამიტომ ჯანდაცვაში ნებისმიერი რეფორმა განწირულია, თუ მთლიანად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ინფრასტრუქტურული ელემენტი არ იქნა მოდერნიზებული, გაუმჯობესებული. მოერევა თუ არა სამინისტრო მონოპოლიებს და რაიმე სერიოზულს გააკეთებს, ეს ცალკე კითხვის საგანია.

_ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსმა“ სამინისტროს კონსულტაციები უნდა გაუწიოს ჯანდაცვის სისტემის ევროპულ მოდელზე გადასასვლელად. რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება მედიკამენტების ბაზარზე ევროპული რეგულაციების დასამკვიდრებლად?

_ ევროპული რეგულაციები ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილია, იმ სისტემისა, რომლის მსგავსი საქართველოში არაფერი არის. აქ, რატომღაც, წინა ხელისუფლების ე. წ. რეფორმატორებმა მიიჩნიეს, რომ, თურმე, ბაზარი არეგულირებს ყველაფერს, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროშიც. უხეშად დათვალეს, რამდენს ხარჯავდა თითო ადამიანი მედიცინაზე და იფიქრეს, რომ ამ თანხით შეეძლო შეეძინა პიროვნებას კონკრეტული სამედიცინო სერვისი. თუმცა ქართველი ადამიანის ბუნება ისეთია, თუ მის ახლობელს დასჭირდება, ყველაფერს გაყიდის ჯანმრთელობისთვის. დღეს არ მეგულება ისეთი რეფორმატორები, რომლებიც წინა მახინჯ რეფორმას შეცვლიან. კოსმეტიკური რეფორმები არ ცვლის სისტემას. თუ სისტემა არ იცვლება, იგი თავიდანვე მახინჯია, ასეთ სისტემაში რაიმე გაუმჯობესებები ეფექტიანი არ არის ხოლმე.

_ ხელისუფლება მედიკამენტებზე გარკვეული შეღავათების დაწესებას გეგმავს. რეფორმის ფარგლებში უნდა გაიაფდეს პირველადი მოხმარების მედიკამენტები და ჯენერიკები? ექნება თუ არა ამ წამოწყებაში სამინისტროს საზოგადოების მხარდაჭერა?

_ რატომ უნდა დაწესდეს შეღავათები, როდესაც ხელისუფლებამ მონოპოლიური ბაზარი არასწორი კანონებით ჩამოაყალიბა და არასწორ რეგულაციებს ახორციელებს? ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ბაზარი უნდა გახადოს კონკურენტული, ღია, ხელმისაწვდომი მრავალი მოთამაშისთვის და წესიერი რეგულაციები დააწესოს. ამის ნაცვლად მონოპოლისტებს ბიუჯეტიდან კიდევ თანხები უნდა გადაერიცხოთ, რომ გაჭირვებულმა ადამიანებმა წამლების შესყიდვა შეძლონ. ეს იქნება სისტემის სიმახინჯის შენარჩუნების შენიღბული ფორმა.

 

                                                                                                            commersant.ge