„თიბისი ბანკის“ ახალი გამოწვევა _ „წერე ქართულად!“

44

„წერე ქართულად“ _ „თიბისი ბანკის“ ახალი წამოწყებაა, რომელიც ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, ენის, როგორც ეროვნული ფასეულობის დაცვასა და განვითარებას ემსახურება. პროექტი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, კერძოდ: ელექტრონულ მოწყობილობაში ქართული ენის პოპულარიზაცია, ახალი ფონტების შექმნა, ლექსიკონების გამდიდრება, ენის განთავისუფლება პარაზიტი სიტყვებისაგან და ა. შ.

პროექტის პრეზენტაცია 17 სექტემბერს „არტარეას“ ეზოში გაიმართა. პროექტის მესვეურების განცხადებით მათ პირველივე დღეებიდანვე შემოუერთდნენ ენათმეცნიერები, ლიტერატორები, მწერლები, პედაგოგები და პარტნიორი ორგანიზაციები:Microsoft, Leavingstone, Lemondo , ჯეოლაბი და ა. შ. დაგეგმილია ქართული ფონტების კონკურსი. ცნობილი დიზაინერი, ზვიად ციკოლია, ქართული ფონტების კურსს უხელმძღვანელებს. კონკურსის მიზანი ახალი ქართული ფონტების შექმნაა. დღეისთვის ქართული ფონტების მხოლოდ მცირე არჩევანი არსებობს, რომელიც არ არის მორგებული სხვადასხვა ფორმატს. ჩამოყალიბდება ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარი 6-კაციანი ჟიური, რომელიც კონკურსზე შემოსულ ფონტებს შეაფასებს და, მათ შორის, 10 საუკეთესოს გამოავლენს. კონკურსზე ნამუშევრების წარდგენა მოხდება ვებგვერდზე. სამომავლოდ კონკურსის შედეგად შერჩეული ფონტების გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„თიბისი ბანკმა“ საერთაშორისო კომპანია Microsoft Georgia-სთან, არასამთავრობო ორგანიზაცია PhInternationa-თან და ჯეოლაბთან ერთად დაიწყო მუშაობა ონლაინ ბინგის _ ქართული თარჯიმანი პროგრამის შექმნაზე. პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნება ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ სრული ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე თარგმანი გახდება უფრო სრულყოფილი და ხარისხიანი. კერძოდ, ინტერნეტში ძიებისას ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და მრავალფეროვანი ქართული შესატყვისები. პროექტის ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად იგეგმება ორი ყველაზე სრულყოფილი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება, რომელიც ყველასთვის იქნება ღია რესურსი.

პროექტ „წერე ქართულად“ მხარდამჭერია ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელმაც ქართული ენისადმი მიძღვნილი მხატვრული ნაწარმოებები, სამეცნიერო კვლევები და პუბლიცისტური წერილები ანთოლოგიაში გააერთიანა და უფასოდ სთავაზობს თავის მკითხველს ვებგვერდზე: saba.com.ge. პრეზენტაციის მსვლელობისას „არტარეას“ გალერეაში გამოიფინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კალიგრაფების მიერ შექმნილი ხელნაწერები.

მამუკა ხაზარაძე _ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

_ დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ ინიციატივას, რომელსაც მარტივად ჰქვია _ „წერე ქართულად“. მოკლედ მოგიყვებით ამ იდეის შესახებ და გთხოვთ, რომ მხარი დაუჭიროთ, რამეთუ ეს არ არის არც „თიბისის“, არც ჩემი პროექტი, ეს არის თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი მომავლის პროექტი, რადგან საკითხი ეხება უმთავრესს, რაც ქართველებს გვაბადია, ეს არის ჩვენი ენა, ანბანი და ამ უნიკალურ დამწერლობას სჭირდება დაცვა. რამდენიმე ხნის წინ საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ე. წ. შეტყობინებებს, ელექტრონულ ფოსტას ვაგზავნიდი ხშირად ლათინური ასოებით აწყობილი ქართული შინაარსით, ან ვიღებდი ასევე ჩემი ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და ა. შ. მივხვდი, რომ მე ვარ, ისევე როგორც ბევრი ჩვენგანი, იმ მტრულად განწყობილი ადამიანების რიცხვში, რა თქმა უნდა, შეუგნებლად, რომელიც აბინძურებს და ებრძვის ყველაზე სანუკვარს, რასაც ქართული ანბანი ჰქვია. თქვენ ახლა ნახეთ ანიმაციური ფილმი, სადაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ ჩვენ გვყავს 33 მებრძოლი. ამას უნდა ჩავუფიქრდეთ, თითოეული ასო არის მებრძოლი, იმიტომ, რომ ანბანის 33-მა მეომარმა საუკუნეების განმავლობაში მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და ისინი იცავენ ყოველთვის თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს წინაპარს, დედას, მამას, ჩვენს მეობას, ღირსებას… ამ ანბანის წევრებს არასოდეს უღალატიათ ჩვენთვის. ამ ანბანზე შეიქმნა არაჩვეულებრივი ნაწარმოებები, ამ ანბანზე მეტყველებენ ჩვენი შვილები, XXI საუკუნეში ჩვენ აღმოვჩნდით ამ დიდი შემოტევის, ექსპანსიის წინაშე, რასაც ჰქვია კომპიუტერიზაცია, ელექტრონული მატარებლები, მომხმარებლები, რომლებმაც შეუგნებლად შევუტიეთ ამ 33 მეომარს. თუ ასე შევხედავთ, მივხვდებით, რამხელა უსამართლობასთან გვაქვს საქმე და მინდა გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს, რომ დავიცვათ ჩვენი ჯარი, ჩვენი 33 მებრძოლი, რომელიც კიდევ მრავალი ათეული საუკუნე იქნება ჩვენი ერის სამსახურში. მინდა მოგიწოდოთ, რომ თითოეული თქვენგანი გახდეთ კეთილი ნების ელჩი, რამეთუ, როგორც გითხარით, ეს არის თითოეული ჩვენგანის საქმე. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ პირველი, რაც  გავაკეთეთ, შევხვდით ჩვენს არაჩვეულებრივ მეცნიერებს, როგორც ყოველთვის, ისინი დადგნენ ჩვენი ერის სადარაჯოზე, ჩვენ აღვუთქვით მათ მხარდაჭერა, რამეთუ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ დავაფინანსოთ ყველა ის ტექნიკური საშუალება, რაც საჭირო იქნება ამ ელექტრონულ მატარებლებში ქართული ენის წერისთვის რედაქტირების თვალსაზრისით და ა. შ. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი სხვადასხვა კალიგრაფიული კონკურსის მოწყობისა, რომელსაც მხარს დავუჭერთ და ეს იქნება მუდმივი პროცესი. დამერწმუნეთ, არ გვაინტერსებს ავანგარდში დგომა, ამას სპეციალურად ვუსვამ ხაზს, რადგან ეს არის თითოეული ჩვენგანის საქმე. მადლობას ვუხდი ყველა იმ სამინისტროსა და სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში გამოგვეხმაურა და მხარი დაუჭირა ამ წამოწყებას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობდნენ. მოგიწოდებთ, წეროთ ქართულად, ასევე დავეხმაროთ საქართველოში მყოფ არაქართველებს, რომ მათაც წერონ ქართულად. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენს ენას ყველამ პატივი სცეს. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა დავანახვოთ მათ, თავად როგორ ვცემთ პატივს საკუთარ ენას.

ზვიად ციკოლია _ დიზაინერი:

_ ეს იდეა დიდი ხანია, არსებობს, წელს კი მას ხორცი შეესხა. გადავწყვიტეთ, აქტიურ ფაზაში გადაგვეყვანა. პირდაპირ ვიტყვი: ქართულ ინტერნეტსივრცეში არაპროფესიონალურ შრიფტებს იყენებენ. სწორედ ამას რომ შევუშალოთ ხელი და გადავიდეთ პროფესიონალურზე, გადავწყვიტეთ, მრავალფეროვანი კონკურსი ჩაგვეტარებინა, სადაც, სხვებთან ერთად, იქნება კატეგორია, რომელიც მაქსიმალურად მიემსგავსება ლათინურ შრიფტებში გავრცელებულ პოპულარულ ფონტებს, რომ მათი ადაპტაციაც მოხდეს; ასევე იქნება მხატვრულად და თანამედროვედ შექმნილი შრიფტები. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენი საგანძური, რაც გახლავთ ქართული შრიფტი, მისი არქიტექტურა, შევინარჩუნოთ და არ დაიკარგოს მისი უნიკალურობა, არ დამახინჯდეს ხელოვნურად. სულ მალე გაგაცნობთ კონკურსის პირობებს, სახელს და უკვე გადავალთ აქტიურ ფაზაში, როდესაც დაიწყება კონკურსანტების რეგისტრაცია. იმედია, ყველაფერი ისე წავა, როგორც ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული და ეს კონკურსი მიიღებს ყოველწლიურ სახეს. საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო ჩვენ, არამედ, მთელი მსოფლიოს მოსახლეობას გვექნება საშუალება, უნიკალური და ლამაზი, გრამატიკულად, პროფესიონალურ დონეზე შესრულებული შრიფტები ჩამოვტვირთოთ და ვისარგებლოთ მათით.

 

                                                                                      თამარ ბატიაშვილი