აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რუსი ოკუპანტები და თხილის ფასი!

tt

 

უკვე წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მოსახლეობაში გავრცელებული ხმებისა და შეთქმულების თეორიის მიხედვით, კაბინეტებში მსხდომი სააკაშვილის ჩინოვნიკები, ან, თუნდაც, თავად სააკაშვილი კალკულატორით ხელში ანგარიშობდნენ სათავისოდ და ასევე სათავისოდ ხან ასწევდნენ, ხან დასწევდნენ კილოგრამი თხილის ფასს.

მოგეხსენებათ, თხილი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამურზაყანოსა და სამეგრელოში, გლეხის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. გალის რაიონში, ნოყიერ მიწაზე, ერთ ჰექტარზე, დაახლოებით, ტონანახევარი თხილიც კი მოდის. არის ოჯახები, სადაც თხილი ორ, სამ ჰექტარზეც აქვთ გაშენებული, ზოგს კი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან ერთად, ცალკე აქვს ნაკვეთი, სადაც მხოლოდ თხილია დარგული.

გავრცელებული ინფორმაციით, თხილის ბუჩქებს ბევრი შრომა და წვალება არ სჭირდება, ასე ვთქვათ, იოლი ფულის წყაროდაა მიჩნეული. რასაკვირველია, ასე არ არის. თხილის ნარგავები ნამდვილ, გასაყიდად ვარგის პროდუქტს მხოლოდ გაშენებიდან მეოთხე წელს იძლევა, მანამდე კი უნდა სივრცე, სწორი დაშორებით დარგვა, თავდაპირველად მორწყვაც, სანიაღვრე არხების გამზადება, რომ წყალი არ დაგუბდეს, ნაკელით განაყოფიერებაც… მოკლედ, იოლი შემოსავალი ნამდვილად არ არის.

არც მერეა ადვილი, როცა უკვე ნაყოფს მოგცემთ: წარმოიდგინეთ ორ ჰექტარზე გაშლილი თხილის ნარგავები, თითოეული ბუჩქის განშტოებები და ნაყოფი, რომელიც ძირსაა მიმოფანტული, რაც მიმოფანტული არაა, ის კი უნდა ჩამობერტყო და მოაგროვო. ხშირად მოგროვების პროცესი იმდენად შრომატევადია, რომ ისინი, ვისაც თხილი დიდ ფართობზე აქვს მოშენებული, მუშებს სპეციალურად ქირაობენ და დღეში 10, ზოგჯერ 15 ლარსაც აძლევენ, რათა თხილი შეაგროვონ და ტომრებში გადაანაწილონ. და, რაც მთვარია, ეს ყველაფერი არ არის _ ამას მოსდევს უკვე დაფასოება, ანუ ჩენჩოსა და თხილის ერთმანეთისგან განცალკევება, რაც არანაკლებ შრომატევადი პროცესია და ზოგჯერ ამით მრავალრიცხოვანი ოჯახის ყველა წევრია დაკავებული.

ამ დეტალებზე თქვენი ყურადღება ასე დაწვრილებით იმიტომ შევაჩერე, რომ ბევრისგან მსმენია, გლეხებს, რომლებსაც ყაჩაღობის დროს გალის რაიონში თხილს ართმევენ, გული დიდად არ სწყდებათ, თხილის პლანტაციას ხომ ვერ წამოიკიდებენ ზურგზე და ვერც ათეულობით ტონა თხილს წაართმევენო.

არადა, იყო შემთხვევები, როცა გლეხის სახლს ყაჩაღებმა პირდაპირ სატვირთო მანქანა მიაყენეს და თავად მასპინძელი აიძულეს, თხილის ტომრების დატვირთვაში მიხმარებოდა: მე შენ გეტყვი და დრო ჰქონდათ ცოტა _ პატრული არ დასდგომოდათ თავს…

არ გეგონოთ, რომ თხილის გატაცება-მითვისებით მხოლოდ აფხაზი `ბოევიკები~ იყვნენ დაკავებული: სულ ცოტა ხნის წინათ ქართველებიც კარგად ითბობდნენ ხელს ამ „ბიზნესით“ _ თხილი ზუგდიდის რაიონში გადმოჰქონდათ და თხილის ქარხნებში აბარებდნენ, ადმინისტრაციულ საზღვართან, ქართულ საგუშაგოებზე კი პოლიციას ქრთამს უჯიბავდნენ.

ეს ცოტა ხნის წინათ იყო და, რა თქმა უნდა, საინტერესოა, რა შეიცვალა შემდეგ? მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სიგარეტისა და ჯართის კონტრაბანდისტებს კი გაუმწარდათ სიცოცხლე და საქმე რამდენჯერმე ორმხრივ სროლამდეც კი მივიდა, მაგრამ თხილის ამბები უფრო სეზონური იყო და ამიტომ, არცთუ იშვიათად, „გამოეპარებოდათ“ ხოლმე. თუმცა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლება პარტიზანებს შემოსწყრა, თხილის გადაზიდვის პრობლემა თავისთავად მოგვარდა და ბურთი და მოედანი აფხაზურ მხარეს დარჩა, რომელმაც გლეხებთან ცივილიზებული გზა აირჩია: ისინი ადრეულ გაზაფხულზე მიდიოდნენ და გლეხს ჯერაც ყვავილოვან თხილში მიზერულ თანხას, 30-დან 50 თეთრამდე უხდიდნენ. ბევრი ამაზე თანხმდებოდა: ორი ტონა თხილის წინასწარ გაყიდვა მათთვის ერთად მოგროვილ ბევრ ფულს ნიშნავდა, ხოლო მყიდველი დაზღვეული იყო, რადგან შემოდგომამდე დარჩენილ პერიოდში თხილს არაფერი ემუქრებოდა: ქარი და წყალდიდობა თხილნარს დიდად ვერ აზარალებს ხოლმე.

ბოლო პერიოდში კი ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა თავად თხილის მწარმოებლებმაც ისწავლეს: ისინი თავიანთ წარმომადგენლებს უშვებდნენ გალის რაიონის სოფლებში, გადადიოდნენ სატვირთო მანქანებით, აფხაზ ე. წ. მებაჟეებს მოქრთამავდნენ და თხილი თვითონ გადმოჰქონდათ _ ასე უფრო იოლად გამოდიოდნენ.

ახლაც იგივე სიტუაციაა და თხილის მწარმოებლები თავად ადგენენ და არეგულირებენ ფასებს, ოღონდ, როგორც ასეთ დროს ბაზარზე მოთამაშეებს სჩვევიათ, ხრიკებსაც მიმართავენ. ასე მაგალითად, სულ რაღაც ერთი თვის წინათ კილოგრამი თხილი თითქმის 7 ლარი ღირდა და გლეხებმა ის იყო, იფიქრეს, გვეშველაო, რომ, მოულოდნელად, აგვისტოს ბოლოსკენ, ფასი ჯერ 6, შემდეგ კი 5 ლარამდე დაეცა.

იმ დროს, როცა დოლარის ფასი იზრდება, ასეთი ცვლილება არასდროს არაა ბუნებრივი და ცხადია, ბაზრის მოთამაშეების ვერაგობას უკავშირდება: გლეხებს ხომ თხილის ტომრები გადაუდებელი აუცილებლობისთვის აქვთ შენახული და დროდადრო წაავლებენ ხოლმე ხელს, რათა ჩააბარონ: ზოგს პურის ფქვილის ყიდვა სჭირდება, ზოგს შაქარი სჭირდება მოხმარებისთვის და ღვინის დასაყენებლად, ზოგს, კიდევ, სტუდენტი ან მოსწავლე ჰყავს შვილი და რახან ეს უკანასკნელი ყველაზე მეტია, ბაზრის მოთამაშეებმა კი იციან, რომ გლეხს ფულის შოვნის სხვა საშუალება არ გააჩნია და აუცილებლად თხილი უნდა ჩააბაროს, ერთმანეთში თანხმდებიან და ფასს აგდებენ.

რას იზამს სოფლიდან ზუგდიდში ოთხთვალით ჩასული გლეხი, რომელმაც, ვთქვათ, ოთხი ტომარა (თითოში 50 კგ.) თხილი ჩაიტანა ჩასაბარებლად? გაბრუნდება უკან, როცა დაბალ ფასს ნახავს? რა თქმა უნდა, არა. ჰოდა, ასე გამოდის, რომ სეზონის პიკზე გლეხები თხილს მუდამ უფრო იაფად აბარებენ, ვიდრე მისი რეალური ფასია.

ადრე ამასაც `ნაცმოძრაობას” აბრალებდნენ, _ ხელისუფლება აგდებს ფასსო და საპროტესტო აქციებსაც აწყობდნენ. ახლა ვის აბრალებენ, გაუგებარია, არიან ჩუმად და აბარებენ 5 ლარად თხილს, რომელიც სექტემბრის ბოლოდან უკვე ისევ 7 ლარი ეღირება, საახალწლოდ კი, შესაძლოა, ფასი 9 და 10 ლარამდეც ავიდეს…

რა ხეირი ადგას ამ ყველაფრიდან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და ოკუპირებულ რეგიონში განთავსებულ რუს ოკუპანტებს? რატომ უშვებენ ისინი გალის რაიონში მოწეული თხილის მთელი მარაგის გადაზიდვას ზუგდიდის რაიონში? ეტყობა, ამაზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერტიკალშიც ფიქრობდნენ და ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ერთ დასკვნამდე მივიდნენ: აფხაზეთის ე. წ. საზღვრებს გარეთ თხილის გატანისთვის მათ მოსაკრებლის შემოღების ინიციატივა გააჟღერეს. ეს ინიციატივა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ვერტიკალში შემუშავდა, ახლა იწყებს მოძრაობას ქვემოდან ზემოთ: ანუ იდეა თითქოს გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას ეკუთვნის და ის შუამდგომლობით გამოდის, რომ მოსაკრებელი შემოიღონ.

ეს დეტალი „ქრონიკა+“-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი და მეტიც, ჩვენ ხელთ გვაქვს ამ იდეის დოკუმენტური დადასტურება _ ნადარაიას ინიციატივა, რომელიც მიმართავს დეპუტატებს, იმუშაონ ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზის უზრუნველსაყოფად. ნადარაიას ინიციატივაში თხილის ე. წ. საზღვრებს გარეთ გატანისთვის მოსაკრებლის თანხად 25 რუბლია დაწესებული.

აფხაზურ მედიაში მასთან ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს, რომ გალის რაიონში რეკორდული რაოდენობით მოჰყავთ თხილი, მისი უდიდესი ნაწილი „სხვა ქვეყანაში, ანუ საქართველოში“ გაედინება, ამისგან კი ადგილობრივი ბიუჯეტი ვერაფერს ხეირობს. ნადარაია ენგურსგამოღმა თხილის გადმოტანით იმდენად არაა შეშფოთებული, რამდენადაც იმით, რომ აქედან აფხაზურ ბიუჯეტს ხეირი არ აქვს. ეს გასაგებიცაა: რამდენიც უნდა მოინდომოს ნადარაიამ, ზუგდიდში თხილის გადატანას ვერ აღკვეთს, ამიტომაც მოსაკრებლის შემოღების იდეა შედარებით რეალისტურად ჟღერს.

ნადარაია თავის ინიციატივას კონკრეტული სტატისტიკის მოშველიებით ამტკიცებს: „დავუშვათ, გლეხს აქვს ერთი ჰექტარი მიწა. ის ამ მიწის გადასახდს სახელმწიფოს უხდის სულ 2.200 რუბლს. ერთ ჰექტარზე, საშუალოდ, მას ტონანახევარი თხილი მოჰყავს. თხილი ახლა 140 რუბლი ღირს, დეკემბერში შარშან 300 ღირდა, ახლაც ამ ფასამდე და უფრო მაღლაც ავა. თუ 200 რუბლს ვიანგარიშებთ, გამოდის, რომ ტონანახევარი თხილის რეალიზაციით გლეხს 200.000 რუბლი (დაახლოებით 7.000 ლარი, _ რედ.) რჩება. იჯარისა და მიწის გადასახადის სახით ის ამ თანხის მხოლოდ 2%-ს იხდის, ეს სამართლიანია?“

ამასთან, იდეის ავტორები ამტკიცებენ, რომ გლეხს ეს გადასახადი იმდენად არ შეეხება, რამდენადაც იმ გადამყიდველს, ვინც თხილს გლეხისგან ყიდულობს და აფხაზეთის ე. წ. საზღვრებს მიღმა გააქვს.

ამ საკანონმდებლო ინიციატივამ, რომელიც 2016 წლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე იმუშავებს, როგორც საკანონმდებლო ნორმა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თვითონ აფხაზურ ფორუმებსა და წრეებში, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ გლეხს, რომელიც საკუთარ მიწა-წყალზე შრომობს, ლუკმა არ უნდა გააგდებინო პირიდან. ამის მიუხედავად, ინიციატივა მოწონებულია. აფხაზური ხელისუფლება დიდად არ დარდობს გლეხის შრომაზე, რადგან ფაქტია, რომ გალის რაიონში, რომელიც თხილის ძირითადი მწარმოებელია, მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, ხოლო აფხაზური მოსახლეობის 1% ამ რაიონში სულაც არ გამოირჩევა დიდი შრომისმოყვარეობით. მართლაც, რატომ უნდა იშრომონ, როცა მზამზარეულზე მივლენ და თხილს იაფად იყიდიან, ანდა, სულაც, წაართმევენ?

 

                                                                                             დოროთე გითოლენდია

17217_1097763066915680_8252538704607376105_n

12049363_1097763433582310_735246027217053783_n