ხათუნა გოგორიშვილი: „ჩვენ მართლა ძალიან მაგარი სახელმწიფო დავუტოვეთ ამ უნიათოებს, რომ 3 წელია ანგრევენ და ჯერ მაინც ვერ დაუნგრევიათ!“

vvvc

გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი პროცესი და მორიგი წაგებული რაუნდი „მეოცნებე“ ხელისუფლებისგან უნაკლოდ შედგა. ყოფილმა მმართველმა გუნდმა საკუთარ აქტივში კიდევ ერთხელ მიითვალა „დამსახურებული“ გამარჯვება. თბილისის ექსმერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ერთდღიანი თავისუფლება სამოქალაქო სექტორში „ასულ“ მოქალაქესა და მისსავე „ქვეკონტრაქტორ“ პოლიტიკოსებს ძვირად დაუჯდათ.

აღიარებს თუ არა ამ მარცხს ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ეს უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია. ყველაზე კარგად საზოგადოებამ „ჩააანალიზა“, რომ ერთ ღამეში გამოშვებულ და მეორე ღამით ისევ საბრალდებო სკამზე აღმოჩენილ გიგი უგულავას სასამართლო პროცესებს არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმ „დემოკრატიის ტესტთან“, ლარივით უვნებელი მოქალაქე რომ დაჰპირდა ევროპას გაოცებით. გაოცების რა მოგახსენოთ, მაგრამ ევროპა რომ შეაშფოთა არა მარტო ბოლო კვირაში, არამედ ბოლო სამი წლის მანძილზე მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, ეს ფაქტია და ამ ფაქტობრივი გარემოებებით მიიღო საზოგადოებამაც.

თუმცა დარჩა ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები არ მიგვიღია. ხელისუფლებამ დამარცხება ერთ ღამეში აღიარა და საკუთარი უსუსურობისა თუ ძალოვანი უწყებების არაკომპეტენტურობის გადასაფარად უმოკლესი გზა არჩია _ მოსამართლე ტურავადან მოსამართლე ჩხიკვაძემდე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც თანამედროვე სასამართლოს საქმისწარმოებაში, ალბათ, ყველაზე დიდ კაზუსად დარჩება და იმ კლასიკურ მაგალითად, რომ „სამართლიანობის აღდგენის“ სურვილით მოსულმა ხელისუფლებამ, სწორედ, სამართალს გაუსწორა „პარტიული“ ანგარიში.

რა დარჩა გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი პროცესის მიღმა? რაზე არ ითქვა ბოლომდე და რისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა?

ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტარი, უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი _ ხათუნა გოგორიშვილი:

_ ჩვენი საუბარი, ალბათ, უნდა დავიწყოთ იმით, როგორ და რატომ დააკავეს გიგი უგულავა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდა ყველამ და არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მხოლოდ ერთი დღით გადიოდა საქართველოდან და ისევ დაბრუნდებოდა, მთავარ მიზეზად მაინც ის დასახელდა, რომ გიგი უგულავა ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. არავის მიუქცევია ყურადღება, რომ მას ჰქონდა ბილეთი, რომლითაც უკან ბრუნდებოდა. არც ის გახსენებიათ, რომ ჩვენ ყველანი კიევში ვიყავით, იქ გვქონდა შეხვედრა, თუ როგორ უნდა დაგვეგეგმა მომავალი საქმიანობა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ისინი იძულებული იყვნენ, დაეკავებინათ გიგი უგულავა, მიღებული პოლიტიკური დავალება სამართლებრივი ფორმით შეეფუთათ და თითზე დაეხვიათ მიზეზი, რომ გიგი უგულავა პასუხისმგებლობას გაურბოდა და ქვეყანას ტოვებდა.

რატომ დავიწყე დაკავების ფაქტით თქვენთან საუბარი, გეტყვით: შემდეგ იყო ორი პროცესი, როდესაც გიგის აღკვეთის ღონისძიების სახით მიუსაჯეს პატიმრობა, მაგრამ არასდროს ყოფილა საუბარი, თუ რომელ საქმეებზე აქვს გიგი უგულავას პატიმრობა მისჯილი. ეს გახლავთ ე. წ. მარნეულის ეპიზოდი _ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საოლქო კომისიის თავმჯდომარეს უნდოდა, ჩვენი კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ განკარგულებაზე ხელი მოეწერა. ეს მაშინ გაფორმდა, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თავისუფლების აღკვეთის მცდელობა. სხვათა შორის, ამ ჯგუფის წევრი მეც ვარ, მეტიც _ მე დავურეკე გიგი უგულავას და ვუთხარი, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარე კანონის დარღვევას აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადნახევარი გავიდა, არც მე და არც ჩემი მეგობრები _ ირმა ნადირაშვილი, გიორგი გაბაშვილი და ნუგზარ წიკლაური, რომლებიც ასევე მოვიაზრებით ამ საქმეში მოწმეებად, არავის დავუკითხივართ და ჩვენებაც არავის ჩამოურთმევია.

მეტსაც გეტყვით: გავასაჯაროეთ კიდეც ის ტყუილი, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა, თითქოსდა მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარლამენტის თავმჯდომარესთან უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ჩვენებების ჩამორთმევის ფორმის შესახებ. ჩვენ მაშინ პარლამენტის თავმჯდომარესთან მივედით და ვკითხეთ, თუ რა მოლაპრაკებებს აწარმოებდა პროკურატურა, ჰქონდა თუ არა ადგილი ჩვენი მხრიდან თავის არიდებას, უარის თქმას ჩვენებების მიცემაზე და ა. შ. რბილად რომ გითხრათ, დავით უსუფაშვილი ამ საუბრის შემდეგ იმდენად გაკვირვებული დარჩა, რომ პლენარულ სხდომაზეც კი გააკეთა განცხადება, როდესაც პარლამენტი ერთ-ერთ კანონპროექტს განიხილავდა. მახსოვს უსუფაშვილის სიტყვები, _ აი, ასეთი უაზრო არგუმენტები რომ არის, იმიტომ უწევს მერე პროკურატურას ტყუილების დაწერა და შემდეგ იმის მომიზეზება, თითქოს ჩემთან აწარმოებს რაიმე სახის მოლაპარაკებასო. ანუ იმ მომენტში პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად განაცხადა, რომ პროკურატურა ტყუოდა.

მეორე საქმე არის პატარკაციშვილის ე. წ. ქონებები, რომელშიც ჯოზეფ ქეის წყალობით, რატომღაც, გიგიც ფიგურირებს, მაგრამ 6 თვეზე მეტია, ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა, მეტიც _ საგამოძიებო მოქმედებაც კი არ განხორციელებულა. გიგის მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ანუ იმ საქმეებზე, რის გამოც დღეს გიგი უგულავა დაპატიმრებულია, გამოძიება არ მიდის ერთი მიზეზის გამო _ პროკურატურამ ვერ მოძებნა ცრუმოწმეები, ვერავინ დააშინა და დააშანტაჟა, ისევე როგორც ვერავის ათქმევინა და ვერ დაადებინა ხელი გიგიზე. მაგრამ ერთადერთი, რომელზეც პროკურატურა გამალებით მუშაობდა, იყო „თბილსერვისის“ საქმე. მათ ჰქონდათ მიღებული დავალება და შეასრულეს კიდეც. გამოძიება იძულებული გახდა, იმ მიმართულებით წასულიყო, რომელიც უმოკლესი გზა აღმოჩნდა ცრუმოწმეებზე გასასვლელად და იმ შედეგის მისაღწევად, რომელიც სამარცხვინოა.

***

ეს „მიმართულება“ პროკურატურისთვის, როგორც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგნელები ხსნიან, ის ორი ადამიანი, იგივე მოწმეები _ ტარიელ ხიზანეიშვილი და ნინო თევდორაძე აღმოჩნდნენ, რომლებმაც საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ფასად გიგი უგულავას გაწირვა გადაწყვიტეს. მთავარი არგუმენტიც, ფაქტიც და მტკიცებულებაც, 21-ე საუკუნის სასამართლოს საქმის წარმოებაში, თბილისის ყოფილი მერის კაბინეტში დაბარება და „ყურში ჩაჩურჩულება“ აღმოჩნდა…

_ მხოლოდ ეს ორი ადამიანი გამონახა პროკურატურამ, რომლებმაც უნამუსობაზე მოაწერეს ხელი და ტყუილები ილაპარაკეს. არ შევეხები ამ ადამიანების მორალურ მხარეს, ნამდვილად არ მიღირს დროის დაკარგვად, მაგრამ არსებობს სამართლებრივი მხარე _ ყველა დოკუმენტს, რომელიც „თბილსერვისის“ საქმეში ფიგურირებს, რის გამოც ედავებიან გიგი უგულავას, ხელს აწერს ტარიელ ხიზანეიშვილი, რომელიც ამ საქმეში მოწმის სტატუსითაც კი არ ფიგურირებს, არათუ როგორც ბრალდებული. მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილმა საკუთარ უსაფრთხოებას მიაღწია. იგი ჩვენებაში ამბობს, _ ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, ხუთწუთიანი შეხვედრა მქონდა უგულავასთან და მან ყურში ჩამჩურჩულა, რომ ეს გააკეთეო.

გიგიმ ყურში ვის რა „ჩასჩურჩულა“, ან არ „ჩასჩურჩულა“, ამის მოსმენა არავის უნდოდა სასამართლოში. საქმე აქამდეც არ მისულა, რომ გიგის მოეყოლა რეალურად მასსა და ტარიელ ხიზანეიშვილს შორის არა მარტო საუბრის, არამედ ურთიერთობის შესახებ. ალბათ, ის პერიოდიც გახსოვთ, პიარი რომ იყო აგორებული, „გიგი უგულავამ მილიონები ჩაიდო ჯიბეში“, _ ამას ამბობდნენ ჩემი კოლეგები პარლამენტში უმრავლესობიდან, ხელისუფლების პირველი პირებიც… არაერთხელ მოგვისმენია იგივე აზრი ივანიშვილისგან, ღარიბაშვილისგან, კალაძისგან და ა. შ., მაგრამ რეალურად საქმე საქმეზე რომ მიდგა, მიუხედავად ასეთი მცდელობისა, მათაც კი ვერ მოახერხეს ის, რომ როგორმე გამოჩენილიყო, გიგი უგულავამ საკუთარი კეთილდღეობისთვის, პირადი მიზნებისთვის როგორ აიღო ეს ფული ქრთამის სახით. ეს თანხა რეალურად აქვთ გადახდილი კონკრეტულ ადამიანებს ხელფასის სახით. ყველა ის, ვინც ამ საქმეში ფიგურირებდა და პროკურატურა დაკითხვების რეჟიმში ამყოფებდა, ადასტურებდა, რომ მათ აღებული ჰქონდათ თანხა. ამიტომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ამ ადამიანების დაკითხვამ აზრი დაკარგა, პროკურატურამ საგამოძიებო სამუშაოები შეწყვიტა, რადგან ვერც ერთ მათგანს ვერ ათქმევინა, რომ ხელფასი არ აუღია და ე. წ. ჯიბეში ჩადების თემა მოიხსნა. ამიტომ ისევ სხვა მიმართულება მოძებნეს პროკურატურაში _ რამდენად შეიძლებოდა და მიზანშეწონილი იყო ამ ადამიანების აღნიშნული ფორმით დასაქმება. არადა, რეალურად, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ეს თემა შეეხება ათასობით ადამიანის დასაქმებას, რომლებიც იღებდნენ ხელფასს, რომლებიც აკეთებდნენ საქმეს, თუმცაღა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნით სასამართლომ თქვა, რომ ეს არის პარტიული საქმიანობა, მაშინ როცა ეს ეხებოდა ისეთ თემებს როგრიცაა: ავიღოთ თუ არა ბუნკერები, კორპუსის პრობლემები, დავგეგმოთ ბიუჯეტი ხალხთან ერთად _ ანუ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ, ასრულებდნენ სამუშაოს და შემდეგ ბოლო ეტაპი იყო დასაქმების მსურველთა მონაცემების შეგროვება. ეს ადამიანები ჩაითვალნენ პარტიულ მხარდამჭერებად და აღმოჩნდა, _ პარტიული ნიშანი გახდა მიზეზი, რომ გიგი უგულავასთვის 9 წელი მიესაჯა ლაშა ჩხიკვაძეს.

არადა, კვირა არ გავა, რომ არ მოვისმინოთ მსგავსი დაპირებები იგივე ღარიბაშვილისგან, კალაძისგან და სხვა მინისტრებისგან, რომ ისინი „ქართული ოცნების“ აქტივისტებს არ მიატოვებენ და დაასაქმებენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ აინტერესებს არც სასამართლოს, არც პროკურატურას, არც ხელისუფლებას, მათ უნდათ შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომელმაც თქვა: გიგი უგულავა უნდა იყოს ციხეში და როგორც გინდათ, ისე მოახერხეთ, ისეთი მუხლი მიუყენეთ, რომ უგულავა იყოს ციხეში!

***

შემსრულებელიც ადვილად მოიძებნა _ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე! თუ სხვა მოსამართლეები, რომლებიც გიგის საქმეს იძიებენ და მომდევნო სხდომის ჩანიშვნისას 20-დღიან, ან ერთთვიან შუალედს იკავებენ, ეს არის მოსამართლე, რომელიც მომდევნო პროცესს აუცილებლად მეორე დღეს ჩანიშნავდა და გამალებული ინტენსივობით აწარმოებდა გიგის საქმეს. განსაკუთრებით გაძლიერდა „საქმის წარმოება“ იანვრის მერე, როდესაც მას ინციდენტი შეემთხვა და ეს აღმოჩნდა  გადამწყვეტი მოსამართლის საქმიანობაში. ლაშა ჩხიკვაძე გახდა მძევალი ამ ხელისუფლებისა, რომელსაც პირდაპირ უბრძანეს დავალების შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას იმ უბედურ შემთხვევას გაუხსენებდნენ, რომელიც მოსამართლეს აპატიეს მხოლოდ იმ ვალდებულებით, რომ ის ყოველთვის მიიღებდა მონაწილეობას ხელისუფლების მხრიდან მართულ და დაკვეთილ სასამართლო პროცესებში.

მეორე შემსრულებელი მოსამართლე მერაბ ტურავა აღმოჩნდა, რომელსაც ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ჰქონდა საბოლოო ხელმოსაწერი დოკუმენტი მზად, თუმცა მერე უცებ გავიგეთ, რომ ის ვერ მოახერხებდა ერთ დღეში, ან ორ დღეში წაკითხვას და შემდეგ ავად გახდა… თუმცა ტურავას, ალბათ, მოგვიანებით გაახსენდა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან და ასევე კარგად ახსოვთ, თუ როგორ იყენებდა „ჯანმრთელობის პრობლემებს“ წინა ცხოვრებაში ტურავა. ამიტომაც გადათქვა მეორე დღეს ავადმყოფობის ვერსია და დოკუმენტების გაცნობისთვის არასაკმარისი ვადა მოიმიზეზა. ანუ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გათვლილი იყო ლაშა ჩხიკვაძეზე, რომელსაც უნდა დაესრულებინა საქმე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებდა, _ რომ გიგი უგულავა არ განთავისუფლებულიყო.

ის, რაც ხდებოდა სასამართლოში, მართლაც სასაცილო იყო… მოსამართლეს იმ დღეს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებთან მიმართებით კი არ ჰქონდა გადაწყვეტილება მისაღები, არამედ არჩევანი ჰქონდა გასაკეთებელი _ თვითონ წასულიყო ციხეში, თუ უგულავა გაეშვა? რა თქმა უნდა, ლაშა ჩხიკვაძემ ადვილად მიიღო გადაწყვეტილება _ გიგი უგულავა წავიდეს ციხეში და თვითონ იყოს გარეთ!

***

არასასიამოვნო რეაქციები მოყვა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, საიდანაც, ფაქტობრივად, გიგი უგულავას ერთდღიანი თავისუფლების ათვლის წერტილიც დაიწყო. თუმცა გაჩნდა კითხვა, _ მიიღებდა თუ არა საზოგადოება ერთსულოვნად ამ გადაწყვეტილებას და გამოხატავდა თუ არა პატივისცემას როგორც სამართლიანი ინსტიტუციის მიმართ, რომ არ ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული? მოჰყვებოდა თუ არა სხვა შემთხვევაშიც მუქარისა და პირადი შეურაცხყოფის ქმედებები იმ მოსამართლეების მისამართით, რომელთა მანტიის ფასიც უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ნებისმიერი პარტიული სიმპათია-ანტიპათია… ამ კითხვაზეც აქვთ პასუხი ყოფილ მმართველ გუნდში.

_ დავიწყებ იქიდან, რომ ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ არის გიორგი პაპუაშვილი ასოცირებული „ნაცმოძრაობასთან“? თუ ლაპარაკია იმაზე, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ადამიანი სადღაც მუშაობდა და მხოლოდ ეს არის დანაშაული, ან მანკიერება, უამრავ ადამიანს ჩამოგითვლით, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს თანამდებობებზე იყვნენ და ახლაც გეტყვით, ვინ რომელ თანამდებობაზეა, რას აკეთებენ და ისინი რატომ არ არიან ასოცირებულნი „ნაცმოძრაობასთან“…

მეორეც _ გიორგი პაპუაშვილი არის ძალიან პრინციპული, მაღალი კვალიფიკაციის იურისტი და ამას ხათუნა გოგორიშვილი კი არ ამბობს, ამას ამბობენ მსოფლიოს, ევროპის  საუკეთესო იურისტები და ექსპერტები, რისი დასტურიც არის ის წარმატებები, რასაც მიაღწია ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ და მისმა შემადგენლობამ. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის გიორგი პაპუაშვილი, ის შედგება 9 მოსამართლისგან და მერაბ ტურავა ერთ-ერთია, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მონა. ტურავაზე იმდენი შემიძლია მოგიყვეთ „სასაცილო“ ისტორია მისი წარსული გამოცდილებიდან, მოსამართლეობის პერიოდიდან, რომ დაფიქრებაც არ დამჭირდება. ის ამბიციური ადამიანია და ბიძინა ივანიშვილის გარდა უფრო დაბალ დონეზე პატრონს არ აირჩევს. შემიძლია დაგარწმუნოთ ამაში და მოგცეთ სტატისტიკა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენჯერ მიიღო გადაწყვეტილება და რამდენჯერ გაამტყუნა პარლამენტი, რომელიც მოპასუხე მხარე იყო. ასე რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია ყოველთვის არის კონსტიტუციიდან გამომდინარე და ამიტომაც ჰქვია საკონსტიტუციო სასამართლო, ის არის ყველაზე მაღალი იერარქია. მართალია, დღევანდელ ხელისუფლებაში, მაგალითად, განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეუძლია ისაუბროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის გადახედვაზე, მაგრამ ყველა საღად მოაზროვნემ იცის, რომ ეს შეფასება, უბრალოდ, სიბეცეა და მეტი არაფერი.

რაც არ უნდა არგუმენტებით ვისაუბროთ მე და თქვენ, ადამიანს მაინც როგორც სურს, ისე დაინახავს. პაპუაშვილი არ იქნებოდა, ვინც იქნებოდა, იმაზე ექნებოდათ პრეტენზია. ეს პრეტენზია კიდევ ცალკე სალაპარაკოა. როცა ყველაფერ იმას ვუყურებ, რაც ხდება, ძალიან მტკივა და მაწუხებს. როცა ვუყურებ, რომ ჩვენი ქვეყნის ისედაც შელახულ იმიჯს ემატება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების საცხოვრებელი სახლებისთვის ქვების დაშენა, მათი შვილების ზეწოლის ქვეშ ყოფნა და მათი ლანძღვა უწმაწური სიტყვებით, რომელსაც ჩვენი კოლეგები უმრავლესობიდან პარლამენტში, უფლებადამცველი დეპუტატები ხსნიან გამოხატვის თავისუფლებით, ნამდვილად არ მაქვს კომენტარი.

სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ის ქმედება, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს ანგრევს და ნამდვილად არ მინდა, ამ თემით ცეცხლზე ნავთი დავასხა. სხვათა შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი წევრები კანონით დაცულები არიან. ამავდროულად, ვხედავ, რომ ივანიშვილის სახლთან 150 ახალგაზრდა მივიდა, 10 საათზე დაძინებული ბიძინა შეაწუხა, გააღვიძა, ხოლო სრულიად თბილისის საპატრულო პოლიციას მობილიზაცია გაუკეთეს და ის ადამიანები, რომლებიც ხმაურობდნენ, დააპატიმრეს, მათი პროტესტი კი გამოხატვის თავისუფლებად არ ჩაითვალა. აქ  ხულიგნობა გამოიკვეთა, თუ საქმე ადმინისტრაციულით წავიდა, სამაღარიჩო სიტუაცია გვაქვს, თუ არადა, უნდა ველოდოთ სისხლის სამართლის კოდექსით აღძრულ საქმეს, რომლის გამოცდილებაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ხელისუფლების პირობებში გვაქვს.

ასეთი ორმაგი სტანდარტები და ასეთი შერჩევითი სამართალია, რომ ღუპავს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და შემდეგ ძალიან უკვირთ, რატომ აკეთებენ უცხოელები მათგან განსხვავებულ განცხადებებს. ისინი ამ ყველაფერს ხედავენ, ხედავენ, რომ გიორგი პაპუაშვილის სახლს, სადაც მისი შვილები არიან, პომიდვრებს ესვრიან, ქვემოთ მიტინგია, უწმაწური გინებაა და არანაირი რეაგირება არ არის. ასე იშლება ქვეყნის იმიჯი.

***

ხმაურიან პროცესს დამატებითი სპეცეფექტის როლში მოევლინა საქართველოს პრეზიდენტი. ის იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა გადადგა ნაბიჯი და პირველმა მოუწოდა საჯაროდ შესაბამის ორგანოებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. რეაქციამაც არ დააყოვნა, კულუარებში დაიწყო საუბარი, რომ სწორედ გიორგი მარგველაშვილი იქნება, რომელიც ციხეში დაბრუნებულ გიგი უგულავას შეიწყალებს და ისევ აჩუქებს თავისუფლებას. ამ ვერსიასაც თავისი მომხრეები ჰყავს, ისევე როგორც მოწინააღმდეგეები… თუმცა მაინც რჩება თემად, რომელზე საუბარიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ იმიტომ არ სურს, რომ უხერხულობის მომენტი არც გიგი უგულავას შეუქმნას და არც თავად გიორგი მარგველაშვილს…

_ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა და განცხადების გაკეთება მისი კონსტიტუციური ვალდებულება იყო. საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, შესაბამისად, ნებისმიერი დარღვევა, რომელიც კონსტიტუციას ეხება, მისი მხრიდან რეაგირებას საჭიროებს, რაც პრეზიდენტის უშუალო მოვალეობაა. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა არ იყო პოლიტიკური განცხადება, ვინმეს მხარდასაჭერი, ან ვინმეს საწინააღმდეგო. პრეზიდენტმა აღასრულა თავისი კონსტიტუციური მოვალეობა. ასე რომ, ამ განცხადებას ნუ შევხედავთ სხვა თვალით. ამიტომ ნებისმიერ კითხვაზე, ან კულუარულ ვერსიაზე იმასთან დაკავშირებით, რას იზამს პრეზიდენტი, ჩემი მხრიდან არ მიმაჩნია სწორად, კომენტარი გავაკეთო. თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ შეწყალება იქნება ეს თუ სხვა საკითხი, რომელზედაც გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, აქვს თავისი პროცედურა. ეს პროცედურები გასავლელია, რამდენიმე ეტაპიანია და მიმაჩნია, რომ ამაზე საუბარი ცოტა ადრეა.

თან ერთიცაა, პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თვითონ გიგი უგულავამ, მიმართავს ის თუ არა. ასე რომ, მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებენ და ნამდვილად ნუ ჩააყენებენ გიგი უგულავასა და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ისეთ მდგომარეობაში, რომელზედაც ატყდება აჟიოტაჟი და აქედან გამომდინარე, ან ერთს, ან მეორე მათგანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. ზოგადად, როდესაც საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა ხდება დადებით, ან უარყოფით კონტექსტში, ყველა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტი იქნება თუ რიგითი მოქალაქე, ამ გადაწყვეტილებას, გარკვეულწილად, მოცემულობას უსადაგებს. ასე რომ, დავანებოთ ამ თემას ცოტა ხნით თავი და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

***

პოლიტიკურ კულუარებში კეთდება აქცენტი „თავისუფალ დემოკრატებზე“, რომლებიც ასევე პირველები გამოეხმაურნენ გიგი უგულავას განთავისუფლება-დაკავების თემას და ის პოლიტპატიმრად შერაცხეს. ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტად „შეთქმულების თეორიის“ სჯერათ, უკვე ღიად საუბრობენ, რომ მომავალ არჩევნებში, არ არის გამორიცხული, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტჰიბრიდიც ვიხილოთ.

_ ალბათ ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ის განცხადებები, რომელიც თავდაპირველად კეთდებოდა „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ „ნაცმოძრაობასთან“ არანაირი ურთიერთობა არ ექნებოდათ. თუმცა ასევე ძალიან კარგად გვახსოვს ის განცხადებებიც კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ და საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ ბოლო ორი კვირაა, მე პირადად ნამდვილად ვმუშაობ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელთან _ შალვა შავგულიძესთან ერთად იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, ხელმოწერებიც ერთად წარვადგინეთ და უახლოეს მომავალში აუცილებლად, ოფიციალურად შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

ასევე ჩვენ ვითანამშრომლეთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, არასაპარლამენტო პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა ხელი მოვაწერეთ, რა სახის საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო იმისთვის, რომ მაჟორიტარული სისტემა აღარ ყოფილიყო. ჩვენ დავიწყეთ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება, ხელი მოაწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და  „თავისუფალი დემოკრატების“ ყველა დეპუტატმა, რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დაგვეწყო. ასე რომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ვისთანაც კონკრეტულ საკითხზე აქვს თანხვედრა.

თუმცა წინასაარჩევნო ალიანსს რაც შეეხება, გულწრფელად გეუბნებით, ახლა არაფერი მსგავსი არ არის. პირადად მე ძალიან დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ ამ გაერთიანებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები, რიგითი იქნება თუ რიგგარეშე,  „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, ამას წყალი არ გაუვა. ივანიშვილის კოალიცია არჩევნებს ვერ მოიგებს.

დღეს ძალიან სასაცილო რამე წავიკითხე: „ქართული ოცნების“ ლიდერები იმას კი არ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ მოვუგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებსო, ახალი ძალა გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე და ისინი მოუგებენო. პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია და აქვს პრეტენზია, ლიდერი ძალაა დღევანდელ საქართველოში, როგორ უნდა გამოდიოდეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და აკეთებდეს განცხადებას, _ „ნაციონალებს“ ტყუილად უხარიათ, ახალი ძალა მოდის და ის დაამარცხებს არჩევნებშიო?! ეს ხომ პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს აღარ აქვთ თავიანთი პოლიტიკური ძალის იმედი და მიხვდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა ქართველი მოსახლეობის მანდატი და ისინი ნამდვილად წააგებენ მოახლოებულ არჩევნებს.

***

ყოფილი მმართველები, რომლებმაც, ალბათ, ყველაზე კარგად იციან, თუ რა შეცდომები დაუშვეს ჯერ კიდევ ყბადაღებული „9-წლიანი“ ეპოპეის დროს და საკადრისი პასუხიც მიიღეს 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს, დღეს მაღალი სახელისუფლებო ტრიბუნიდან წასულები, ადვილად ხედავენ და უთვლიან კიდეც იმ შეცდომებს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ვერც წინამორბედების მწარე გამოცდილებიდან ისწავლა ჭკუა და ვერც თავად შეძლო უშეცდომოდ ხელისუფლებაში ამ დრომდე ყოფნა…

_ რასაც ვუყურებ, კოალიცია არის ხელოვნური გაერთიანება, რომელიც ზიზღსა და სიძულვილზეა აგებული. თავის დროზე, როცა „ქართული ოცნება“ შეიქმნა, არავის აინტერესებდა კოალიციაში შემავალი პარტია, მემარცხენე იყო თუ მემარჯვენე, რა პრინციპების მატარებელი იყო, ევროინტეგრაცია აინტერესებდა თუ რუსეთისკენ მიდიოდა, რა იყო მათთვის საერთო და ასე შემდეგ… ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეზიზღებოდათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე და მეორე, უმთავრესი მიზანი ამოძრავებდათ _ ძალიან უნდოდათ ხელისუფლებაში მოსვლა, თანამდებობების დაკავება და სავარძლების მორგება. თუ ამ ორ ფაქტორს ისიც დაემატებოდა, რომ ბიძინა ცოტ-ცოტა ფულსაც დაურიგებდა, ამაზეც უარს არ იტყოდნენ. სავარძლები მათ გონებაში ავტომატურად ასოცირდება ფულის კეთებასთან, რასაც, სამწუხაროდ, დღეს მასობრივად აქვს ადგილი. სასაცილოა ის გადანაწილებითი სისტემაც, როცა ხშირი იყო საუბრები, ვის რამდენი კვოტა ჰქონდა, ვინ ვეღარ მოითხოვდა მეტ თანამდებობას სხვადასხვა სამინისტროსა თუ საჯარო სამსახურში, ასევე პარლამენტის კომიტეტებში და ა. შ. სასაცილოზე მეტად სატირალი ის არის, რომ ამ გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა არაკომპეტენტურია და საერთოდ არ იცის, რა უნდა გააკეთოს.

შემიძლია პირდაპირ დავიწყო ბიუჯეტთან დაკავშირებით: მათ ეშინოდათ ფულის ხარჯვა. შემოსავალი, რომელიც შემოდის ბიუჯეტში, სად უნდა მოახდინო შემდეგ ამის აკუმულირება, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ არ განახორციელე და თუ შემდეგ არ დაიწყე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანები თუ არ დაასაქმე, შესაბამისად, ეს ფულიც უკვე იყინება და ამიტომაა სწორედ დღეს ლარის დევალვაცია. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერებულია. მაგალითად ბათუმს მოვიყვან: 2015 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებული იყო 80 მილიონი და პირველ სექტემბრამდე ერთი ლარიც კი არ გახარჯულა.

ამასთან დაკავშირებით აჭარის პარლამენტმა სრულიად უნიკალური რამ მოიფიქრა _ თქვა, რომ ხელისუფლება ვერ ხარჯავს თანხებს და ვერ აკეთებს საქმეს, ამიტომ შეიქმნა რაღაც „შპს“ და მას მისცეს ეს მილიონები.  წადით, მოიკითხეთ, ვის მფლობელობაშია ეს „შპს“? შემთხვევით, თბილისიდან ხომ არ გარბიან ვიღაცის ოჯახის წევრები და მეგობრები ამ კონკრეტული „შპს“-ს ასამუშავებლად? და ეს არ არის კახური დაჯგუფება, ეს უკვე გზაა, რომელიც „სამტრედიული კლანისკენ“ მიდის.

სავარძლებზე სწორედ ამიტომ ჰქონდათ გართულება. თბილისის მერიაში რა ხდება, ეს ცალკე თემაა. ნებისმიერ თვითმმართველობაში კონკურსები როგორ ჩატარდა და როგორ უშვებენ სამსახურებიდან პროფესიონალებს და ვის ასაქმებენ მათ ნაცვლად, ამაზე უკვე საუბარიც ზედმეტია. ერთ მაგალითს მოვიყვან: ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა, ჩვენს დროსაც და ჩვენამდეც, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ისეთი ინსტიტუციური მეხსიერება აქვს, სად რა დევს, თავლდახუჭულმა იცის, ხელით აგნებს ყველა დოკუმენტს, მას უშვებ სამსახურიდან და აგყავს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ოფიციალური დოკუმენტი არ დაუწერია?! ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. ამიტომ გვაქვს შემდეგ ისეთი სიტუაცია, როცა კოალიციის მიერ დასაქმებული საჯარო მოხელეები სამსახურიდან დათხოვილ ადამიანებს სახლში აკითხავენ, დოკუმენტების მომზადებას სთხოვენ და საკუთარი ხელფასიდან თანხასაც  უხდიან.

ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სოციალურ თუ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში ყველაფერი რომ უკან-უკან მიდის, როგორც ჩანს, ჩვენ მართლა ძალიან მაგარი სახელმწიფო დავუტოვეთ ამ უნიათოებს, რომ 3 წელია, ანგრევენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ჯერ მაინც ვერ დაუნგრევიათ!

 

***

ხელისუფლებაში დაპირებებით მოსულ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დაპირებით პასუხობს. პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ერთხელ „ვარდების რევოლუციით“ დაიმკვიდრა ადგილი და მეორედ, უკვე 2012 წელს, არჩევნების გზით, მშვიდ ვითარებაში დათმო ხელისუფლება, ხვალაც სიმშვიდის შენარჩუნებას გეგმავს და უარს ამბობს ხელისუფლებიდან წასული „ნაოცნებარი პოლიტიკოსების“ ანგარიშსწორებაზე.  თუ ეს პირობა, რომელსაც „ქრონიკა+“-თან პარლამენტარი ხათუნა გოგორიშვილი დებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მართლაც შეასრულა, თანამედროვე ისტორიაში კიდევ ერთ პრეცედენტს შექმნის სააკაშვილის გუნდი. თუმცა მანამდე ჩვენს რესპონდენტს ერთი დაპირებაც აქვს შესასრულებელი _ თუ ნება დართეს და შეძლო „მატროსოვზე“ თანაგუნდელის, ვანო მერაბიშვილის ნახვა, „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად უნდა გამოუტანოს ამბავი, როგორ აღმოჩნდა, თავის დროზე, ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ „ქველმოქმედის“ სახელით ცნობილი ბიძინა ივანიშვილი, მაშინაც იყო თუ არა გატაცებული მოქალაქე ფსიქოანალიზით, ეხერხებოდა თუ არა ანეკდოტების მოყოლა და რა ტიპის „ჩაკითხვებს“ ჰქონდა ადგილი ვანო მერაბიშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან…   

 

                                                                                    ნანა თვალაბეიშვილი