ნათია კორკოტაძე: „სანამ ადვოკატი მქვია, ნაირა გიგიტაშვილს არ ვაპატიებ უდანაშაულო ბიჭის ციხეში გაშვებას!“

qw1

უახლოეს მომავალში ადვოკატი ნათია კორკოტაძე მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინურ სარჩელს შეიტანს. როგორც ადვოკატი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ამ სისტემაში დღესაც რჩებიან მოსამართლეები, რომლებიც პროკურატურის უკანონო დავალებების შემსრულებლებად გვევლინებიან და უდანაშაულო ადამიანებს ციხეში უშვებენ. ნათია კორკოტაძე მკითხველს ერთი კონკრეტული საქმის დეტალებს აცნობს და აცხადებს, რომ დღევანდელი სამართალდამცველი სისტემა კვლავ ხელს უწყობს უდანაშაულო ადამიანის პოტენციურ დამნაშავედ ჩამოყალიბებას.

ნათია კორკოტაძე:

_ 2014 წლის 12 დეკემბერს ხაშურში დააკავეს გიორგი ამაშუკელი და წაიყვანეს შესამოწმებლად _ იმყოფებოდა თუ არა ნარკოლოგიური თრობის ქვეშ? დადგინდა, რომ მას მარიხუანა ჰქონდა მოწეული და მეორე დღეს მოსამართლემ ადმინისტრაციული სახდელით 500 ლარით დააჯარიმა. ზუსტად იმ დღეს, 13 დეკემბერს, დაახლოებით 2 საათი იქნებოდა გასული, ამაშუკელს დაურეკა მეგობარმა, რომელმაც უთხრა, რომ ერთ-ერთ მეგობართან, ბექა სახვაძესთან იყვნენ, _ მარტო ღვინო გვაქვს და თუ შეგიძლია, საჭმელი მოგვიტანეო. ამაშუკელმა იყიდა პროდუქტი და მივიდა სახვაძის სახლში. სუფრასთან 5 წუთის დამსხდრები არ იყვნენ, რომ მოვიდნენ პოლიციის განყოფილების თანამშრომლები 15-20 კაცის შემადგენლობით, რომლებიც ამ ბიჭებთან ერთად ქეიფობდნენ. თან ელოდებოდნენ ვიღაცის მოსვლასა და დირექტივების მიღებას. როგორც უკვე საქმის მასალებიდან და ახსნა-განმარტებებით გაირკვა, მოვიდა პოლიციის სამმართველოს უფროსი, ნუკრი ცარციძე, რომელთან დაკავშირებითაც  გენინსპექციაში საჩივარი მაქვს შეტანილი და დღესდღეობით აღარ მუშაობს ხაშურში, თბილისშია გადმოყვანილი, ისევე როგორც მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი, რომელზედაც ქვემოთ მოგახსენებთ, რომელიც მუშაობდა თბილისში და ხაშურში გადაიყვანეს, ხალხს თვალში ცუდად ხვდებოდა და მოაშორეს. მოკლედ, მოდის ცარციძე, ამ ბიჭებს ხელბორკილებს ადებენ, გიორგი ამაშუკელთან ერთად ბორკილები აქვს დადებული თენგიზ ოსაძეს, გელა ნადირაძეს; ბექა სახვაძეს, ვის საცხოვრებელ სახლშიც იყვნენ შეკრებილები, იმას არაფერი. ამის შემდეგ პოლიციელებმა დაკავებულებს ვითომ განუმარტეს უფლებები, სინამდვილეში, არავის არაფერი განუმარტავს. წარმოიდგინეთ, იმ ღამეს ამაშუკელი დროებითი მოთავსების იზოლატორში ათენებს ღამეს, მეორე დღეს უშვებენ სასამართლო დარბაზიდან. როგორ უნდა იყო ნორმალური ადამიანი, რომ საათნახევრის შემდეგ მარიხუანა მოწიო, ჯიბეში ფაქტი ჩაიდო და ქუჩაში გახვიდე? როდესაც სახვაძის სახლში პოლიციელები მივიდნენ, გიორგი ამაშუკელს `დუტის~ ჟილეტი ეცვა. მან, როგორც სხვებმა, გაიხადა და საწოლზე დადო იგი. ამ დროს დაიწყო ჩხრეკა. სინამდვილეში, ბექა სახვაძე მარიხუანას ხარშავდა, ამ ბიჭებმა კი არაფერი იცოდნენ, ამიტომ ისინი ცალ-ცალკე გაიყვანეს. როგორც სასამართლო პროცესზე აღნიშნეს, პოლიციის თანამშრომელმა, აკაკი ხიჩაკაძემ, დაკავებულებს განმარტებები მისცა და მხოლოდ მისი განმარტების შემდეგ გაიყვანეს ამაშუკელი გასაჩხრეკად ცალკე, ანუ გიორგი გაიყვანეს ცალკე ოთახში, დანარჩენი 4 დაკავებული იქვე გაჩხრიკეს. ოქმის მიხედვით, ჩხრეკა ჩაატარა დიმიტრი ქიმერიძემ. ამ პროცესს ესწრებოდა პოლიციის 2 თანამშრომელი _ ბეჟანიშვილი და ბლუაშვილი. სინამდვილეში, ბეჟანიშვილი და ბლუაშვილი არ მონაწილეობდნენ. ოქმის შედგენამ და საგამოძიებო მოქმედებებმა ისე ჩაიარა, ისინი იქ არ იმყოფებოდნენ. დიმიტრი ქიმერიძეს შეჰყავს პოლიციის უფროსის მოადგილე, ვინმე ავთო და ამაშუკელს მაგიდაზე დადებულ ცელოფნის პარკზე ეუბნებიან, რომ შენიაო. ამაზე, რა თქმა უნდა, გიორგიმ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მან მხოლოდ პროდუქტები მოიტანა და ბიჭებთან ერთად მიირთმევდა. შეადგინეს ოქმი, რაზედაც გიორგი ამაშუკელს ხელი არ მოუწერია. რამდენიმე საათის შემდეგ საქმეში უკვე მე ვერთვები.

იმ დღესვე, 14-ში, გამთენიისას, ბორჯომში ჩავედი დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამაშუკელმა მითხრა, _ არაფერი ვიცი, რა ოქმი შეადგინეს, ხელი არ მომიწერიაო. თენგიზ ოსაძე, უჩა ახალკაცი და გელა ნადირაძე იმ ღამესვე, სანამ საქმეში ჩავერთვებოდი, პოლიციას უკვე დაკითხული ჰყავდა. ისინი წერენ, რომ ჩვენ დავურეკეთ გიორგის, როცა მოვიდა, გიორგი და ბექა სამზარეულოში გავიდნენ, იქ რაღაცები იხარშებოდაო. ამ დროს ერთი ბრალი აქვს წაყენებული სახვაძესაც და ამაშუკელსაც, 360-ე მუხლის პირველი ნაწილი. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ, სავარაუდოდ, არ არის გაკეთებული, მაგრამ ნარკოტიკული დანაშაული ორივეს აქვს. დაკავებულებს არ მისცეს ტელეფონით დარეკვის საშუალება, ადვოკატის ყოლის უფლება, არც განუმარტეს, რა ეკუთვნოდათ და, საერთოდ, რის უფლება ჰქონდათ. 14-ში დილით მივედი გამომძიებელთან, დავწერე განცხადება, მაგრამ მასალები არ გადმომცეს, არადა, ვალდებულები იყვნენ. მე ოსაძესთან, ამაშუკელთან და სახვაძესთან გამოკითხვის ოქმები შევადგინე, დაწერეს, რომ გიორგი ოთახიდან არსად გასულა, 5 წუთის მოსული იყო, როდესაც პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენო.

15-ში გამომძიებელი თამარ ლომიძე მირეკავს და მეუბნება, ბრალი უნდა წავუყენოთო. 14-ში დაწერილი მაქვს უკვე განცხადება და მასალების გადმოცემა ისევ მოვთხოვე. მითხრა, _ ჯერ არ მაქვს ყველაფერი სრულყოფილად და ბრალს რომ წავუყენებთ, ერთად მოგცემთო. 17:50 სთ-ია, არ მაძლევს. უფლება არ მაქვს, რომ გავჩერდე, რადგან 18:00 სთ-ის მერე ჩემს მტკიცებულებას სასამართლო არ მიიღებს, თან ის სამი პირი გამოკითხული მყავდა. ნადირაძე, ოსაძე და ახალკაცი გაათავისუფლეს, ტესტი ჩაუტარეს და ნარკოტიკული ზემოქმედება არ ამოუვიდათ. მივედი სასამართლოში. ამ დროს მირეკავს პროკურორი როზა სამუშია, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ვუთხარი, _ აღარც მაინტერესებს-მეთქი. მითხრა, _ ძალიან გთხოვთ, მიდით გამომძიებელთან და მოგცემთ ყველაფერსო. ზუსტად 18:45 სთ-ზე გადმომცეს მასალები. ამ დროს ცნობილი გახდა, რომ ჩვენებებში წერია, ორივენი გადიოდნენ სამზარეულოში და ამიტომ ორივეზე დაფიქსირდა ნარკოტიკული დანაშაულიო. 16-ში სასამართლო პროცესზე პირველი წარდგენა იყო, არ ვაღიარეთ ბრალი. ბრალი რომ წაუყენეს, დავადასტურე, რომ როდესაც დააკავეს, გიორგი ამაშუკელმა ოქმს ხელი არ მოაწერა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება მას არ ეკუთვნის-მეთქი.

_ თქვენ ამბობთ, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს?

_ დიახ, დავწერე კიდეც, როგორც ადვოკატმა, რომ ეს პოლიციის თანამშრომელმა ჩადო. რა თქმა უნდა, ბრალი არ ვაღიარეთ. ლალი ბესტავაშვილი იყო მოსამართლე და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, რადგან იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, იშვიათია, გირაო იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით, მაგრამ ქალბატონმა ლალიმ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. გიორგი ამაშუკელი განთავისუფლდა 16-ში. როცა პროკურატურამ ნახა, გამოვკითხე ის 3 პიროვნება, რომლებიც გაათავისუფლეს, 19 დეკემბერს გააკეთეს დადგენილება საქმის ცალკე გამოყოფის შესახებ, ანუ ბექა სახვაძისა და გიორგი ამაშუკელის საქმე ცალკე გამოყვეს, თურმე მათ სხვადასხვა დანაშაულში მიუძღვით ბრალი, ერთნაირი ნარკოტიკული დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, ამ დროს ორივეს ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაული, რა შუაში იყო გამოყოფა?! ამის შემდეგ ვითხოვდი ინფორმაციას, რომ რაც მასალები ჰქონდათ, ყველაფერი გადმოეცათ. ჯერ პროკურატურაში შევიდა საქმე, შემდეგ უკვე ექსპერტიზის დასკვნა დაიდო, გიორგი შემოწმებაზე წაიყვანეს, აღმოჩნდა ნარკოტიკის ზემოქმედება და პროკურატურა უკვე აპირებდა, რომ 273-ე მუხლი კიდევ დაემატებინა, ანუ დაემძიმებინათ. ამ დროს გიორგის ვეკითხები, _ ხომ არ მოწიე რამე-მეთქი? რადგან 1-ლში ოპიუმის ჯგუფი ამოუვარდა და როდესაც ამათ დასკვნა წარადგინეს, უკვე მარიხუანა ამოუვარდა. 14-დღიანი ვადა იყო იმ შუალედში და უფლება მქონდა, გამესაჩივრებინა. წავედი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, მოვითხოვე მასალის გორიდან წამოღება და თავიდან გასინჯვა. მართლაც ასე მოხდა, აღმოჩნდა, რომ გიორგი ამაშუკელს 12-ში მოხმარებულო ჰქონდა ოპიუმი და მარიხუანა. ამათ კი რა გააკეთეს _ 12-ში დატოვეს ოპიუმი და 13-ში გადაიტანეს მარიხუანა, რადგან ასე ჰქონდათ გეგმაში. ამიტომ 273-ე მუხლით ამაშუკელს ბრალი არ წაეყენა. გამომძიებლები ბლუაშვილი და ბეჟანიშვილი ამბობდნენ, ამაშუკელს ეცვა შავი ფერის `დუტის~ ქურთუკი და ამოღებულ იქნა ეს ნივთიერება, რომელიც შემდეგში აღმოჩნდა მწვანე ფერის ნარკოტიკული ნივთიერებაო. პირად ჩხრეკაში, ბრალდებულად დაკავების ოქმში, ყველა განკარგულებაში, დოკუმენტებში, რომლებიც შემდეგ სასამართლომ დააკანონა, ყველა დადგენილებაში მითითებულია, რომ ამაშუკელის შავი `დუტის~ ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია დაუდგენელი ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით აღმოჩნდა ნარკოტიკი. საერთოდ, სასამართლო პრაქტიკაში ასეა, რომ შეიძლება მოწმის სახით დაიკითხოს პირი წინასწარ გამოძიებაში, მაგრამ სასამართლო გამოძიების დროს, დარბაზში, ახსნა-განმარტებისას უნდა გაიზიარონ და გაითვალსიწინონ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება. ახლა ზოგი ამბობდა, `დუტის~ ქურთუკი ეცვაო, ზოგი _ ჟილეტი ეცვაო, მერე სასამართლოს წინაშე  გაუგებრად ამბობდნენ, რა ეცვა. ბლუაშვილი რომ გაუგებრად ამბობდა, კითხვა დავუსვი, _ ჟილეტი ეცვა თუ ქურთუკი-მეთქი? დაიბნა! მოსამართლე განაწყენებული ტონით ეკითხებოდა, _ ჟილეტს ამბობ, თუ ქურთუკსო?! მერე თქვა, _ ქართულად არის ჟილეტიო. წარვადგინე ქართული ენის მოდელირებული ლექსიკონი, რომ ქურთუკისა და ჟილეტის განმარტება სხვადასხვაა(!!!). ყველაზე მთავარი _ შეიძლება, სასამართლო პროცესზე მოწმე მოვიდეს და თქვას, იქ ქურთუკი ეწერა, მაგრამ ისე ჟილეტი იყოო, მაგრამ იმ დროს, როდესაც ყველა განჩინებაში, განაჩენში წერია, ქურთუკის ჯიბიდან იყო ამოღებულიო, როგორ შეიძლება, რომ მოსამართლის ბრძანებებში წერია და დაკანონებულია ქურთუკი, ამ დროს კი ჟილეტზეა უკვე ლაპარაკი? 9 თვის მანძილზე გრძელდებოდა სასამართლო პროცესები, 2015 წლის 15 სექტემბერს დასრულდა. პარალელურად იმართებოდა ბექა სახვაძის საქმის განხილვა, 10-15 დღის განმავლობაში იდებოდა პროცესები. ბოლოს, 15 სექტემბერს, 10 დღით გადაიდო. უთხრეს, დღეს გადაწყდება ამაშუკელის ბედი და ამის შემდეგ ან საპროცესოს გაგიფორმებთ, ან შენც ციხეში გაგიშვებთო.

_ რატომ უყურებენ ამაშუკელის პროცესს, ეს საქმე ხომ გაიყო?

_ როცა სახვაძე სასამართლო პროცესზე მოვიდა, დანაშაულს აღიარებდა, რომ ის სინამდვილეში სახლში ხარშავდა მარიხუანას, მაგრამ ამის შესახებ ამაშუკელმა არაფერი იცოდა. ამ ჩვენების შემდეგ მისმა ადვოკატმა უთხრა, _ ისეთი ჩვენება მიეცი ჩვენ წინააღმდეგ, ციხეში გაგიშვებენო. ალბათ, 10 დღეში გადაწყდება მისი ბედი. ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ამოვიღე ფოტომასალა, სადაც ამაშუკელი როდესაც შეიყვანეს, ეცვა `დუტის~ ჟილეტი. სააპელირო თემა რომ გახდა, ქურთუკი ეცვა თუ ჟილეტი, შუამდგომლობა დავაყენე სასამართლოს წინაშე და მოსამართლეს ვუთხარი, _ ვინაიდან ამ თემამ აჟიტირება გამოიწვია, წარმოგიდგენთ ფოტომასალას და შეხედეთ-მეთქი. ამაზე ისეთი რეაქცია ჰქონდა პროკურორ ბაჩანა ქარქუსაშვილს, მოსამართლეს მიმართა, ფოტოშოპშია გაკეთებულიო და ექსპერტიზას ჩავატარებო, ანუ იქაც ამტკიცებდა, რომ მას მოკლესახელოებიანი ჟილეტი კი არ ეცვა, არამედ, ქურთუკი. ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ქურთუკს როცა ვიტყვით, ჟილეტი იგულისხმეთო. ასეთი რაღაცები არ ხდება! პროკურორმა თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, _ რა მნიშვნელობა აქვს, რა ეცვა, მოკლემკლავებიანი თუ გრძელმკლავებიანი, შავი ჟილეტი თუ ყვითელი, მთავარი ის არის, მისი ჯიბიდან ამოღებულია რაღაც ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ნარკოტიკული საშუალება იყოო. 15 სექტემბერს, როდესაც სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 15:00 სთ-ზე, განაჩენის გამოტანამდე, დილიდან, უკვე მობილიზებული იყო პოლიცია, რადგან განაჩენი უკვე ცნობილი იყო პროკურორისთვისაც და პოლიციისთვისაც, რომ უნდა შემოსულიყვნენ დარბაზში და გიორგი ამაშუკელი აეყვანათ. მოსამართლემ 6 წელი მიუსაჯა, ეს მუხლი ითვალისწინებს 5-დან 8 წელს. წარმოიდგინეთ, იმ დროს, როცა ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, როდესაც პროკურატურამ შემოგვითვალა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, მაგრამ არ მივსულვარ, რადგან ბრალს არ აღიარებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და არ ვაპირებდით პროკურატურასთან გარიგებას, ეს მოსამართლესაც ვუთხარი და გასული წლებიც გავახსენე. სხვათა შორის, მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილს ძალიან ბევრი უკანონო განაჩენი აქვს გამოტანილი, 2011 წლის 21-26 მაისის ამბები რომ იყო, ნინო ბურჯანაძე ტელევიზიასთან საპროტესტო აქციებს რომ ატარებდა, მაშინ ძალიან იყო მოდაში 356-ე მუხლი _ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მან ამ მუხლით უამრავი გაასამართლა, მერე ეს ხალხი პოლიტპატიმრებად შერაცხეს. პოლიციელები მოდიოდნენ, მოჰქონდათ ჟილეტები, ვითომ ამ ხალხმა შემოგვახიაო, ამ მოსამართლემ ძალიან ბევრი უკანონო გადაწყვეტილება დააყენა, მაგრამ მაშინ არ მქონია ასეთი განცდა, ეს პროტესტი, რაც დღეს მაქვს, რადგან მაშინ ვიცოდი, რომ იყო ხელისუფლება, რომელიც თეთრზე გვეტყოდა შავიაო, შავზე გვეტყოდა თეთრიაო. სხვათა შორის, დღეს ძალიან ბევრი გამამართლებელი განაჩენი გამოაქვთ მოსამართლეებს. თურმე, რატომ ვწვალობდი, გიგიტაშვილს წინასწარ ჰქონდა განაჩენი გამოტანილი. ბოლოს ისიც კი ვუთხარი, _ თქვენ ისევ ის დარჩენილხართ, რაც ბოლო წლებში იყავით, არაფერი შეცვლილა-მეთქი. თუკი რამე იყო ამ მუხლში მითითებული, ყველაფერი გამოიყენა უმაღლეს დონეზე და არ ვიცი, რა ინტერესი ჰქონდა?! 2012 წელს თეა წულუკიანს ასეთ შეკითხვას უსვამენ, _ მოსამართლეებს, რომლებმაც ცნობილი საქმეები უსამართლოდ განიხილეს, დისციპლინური სასჯელი დაუწესდებათ? წულუკიანი პასუხობს, _ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ვეჯახებით პრინციპს, რომელიც უნდა მეფობდეს ყველა ქვეყანაში, ეს არის მოსამართლის უცვლელობის პრინციპი დემოკრატიულ ქვეყანაში. საერთოდ, არაფერია უფრო კეთილშობილი, ვიდრე მოსამართლეობა, ამიტომ მოსამართლეებს ვერ შევეხებით, მე მათ მოვუწოდებ, საკუთარ სინდისთან დარჩნენ. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: გიორგი ჩემია, ნაირა გიგიტაშვილი, ლევან თევზაძე, დავით კეკენიძე, _ ესენი ჩემს თვალში არ არიან მოსამართლეები, მათ არ შეიძლება ებაროთ ადამიანის ბედი, მაგრამ ისე ქნა ბედის უკუღმართობამ, რომ მათ მოსამართლეები ჰქვიათ და მოსამართლის უცვლელობის პრინციპი მოქმედებს. ჩვენ მოვიფიქრებთ მექანიზმებს, როგორ მოვუაროთ ამას, მაგრამ წინასწარ დაწესებული მექანიზმი არ არსებობს, რაც ურთულესი პრობლემაა.

იმ დროს, როდესაც ლევან თევზაძეზე იწერება, რომ არ შეიძლება ადამიანის ბედი ებაროს, ინიშნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; ნაირა გიგიტაშვილი, თქვენი გაზეთი არ გამოსულა, მისი და ჯემალ კოპალიანის სურათი გადიდებული ფორმატით არ დაიბეჭდოს; მაია თეთრაულზე იყო ლაპარაკი, მზია ლომთათიძეზე, ეს ხალხი აქ არ უნდა ყოფილიყო! როცა თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ უნდა ჩავუგდოთ ამათ ხელში უდანაშაულო ადამიანის ბედიო, მინისტრი რომ სახელსა და გვარებს ასახელებს, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. 3 წელია გასული ხელისუფლების შეცვლიდან და ის ვერ გააკეთეს, რომ ეს მოსამართლეები ხაშურში კი არ გადაეყვანათ, არამედ, საერთოდ მოეცილებინათ! მათ არ უნდა ეცვათ მოსამართლის მანტია! უდანაშაულო ადამიანი დამნაშავედ შერაცხა ნაირა გიგიტაშვილმა, 29 წლის ბიჭს ცხოვრება დაუნგრია, რომელსაც ასაკოვანი მშობლები ჰყავს.

_ რას აპირებთ?

_ სანამ ადვოკატი მქვია, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ, ყველაფერს ვეცდები, რომ ნაირა გიგიტაშვილი და მისნაირი მოსამართლეები არ იყვნენ მოსამართლეთა რიგებში! ზუსტად „ქართული ოცნების“ კოჰაბიტაციამ მიგვიყვანა აქამდე! 6 წლის შემდეგ, ეს ბიჭი რომ გამოვა, ხომ შეიძლება, პოტენციურ მკვლელად ჩამოყალიბდეს?! ხომ შეიძლება, ხელი აღმართოს თუნდაც მოსამართლე გიგიტაშვილის, პროკურორ ქარქუსაშვილის, დიმიტრი ქიმერიძის, ბესიკ კილაძის წინააღმდეგ?! როგორც გავიგე, კილაძე სურამის პოლიციის უფროსად არის დანიშნული, კაცი, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა და იფიცებს, რომ სიმართლეს ვიტყვიო. მე ადვოკატი ვარ და, რა თქმა უნდა, ვამბობ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ იმ დროს, როდესაც ეს მას არ ჩაუდენია, მიგაქვს ცელოფანი და ადამიანს ეუბნები, შენს თავზე უნდა აიღო, ხელი მოაწერე და მერე არაფერი იქნება, საპროცესოს გაგიფორმებ მინიმალურ თანხაშიო, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული! ველოდები დასაბუთებულ განაჩენს, მაინტერესებს, რა საფუძველი აქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის ვერდიქტი დამიყენა მოსამართლემ, როდესაც 15-ფურცლიანი დასკვნითი სიტყვა წარვუდგინე! იცით, რამ დამაეჭვა? როცა სასამართლო პროცესი დამთავრდა, მოსამართლემ საქმის მასალები აიღო და სათათბირო ოთახში ცოტა ხნით გავდივარო. არც ერთ მოსამართლეს არ გაუკეთებია ეს. ისე მიდიოდა, ჩემი დასკვნითი სიტყვა, არც აინტერესებდა, რომ თან წაეღო. მე თვითონ ვუთხარი, წერილობით მაქვს წარმოდგენილი-მეთქი, მერე მოკიდა ხელი და წაიღო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისევ ის დარჩა და ისევ ის სიტუაციაა. ნინო გვენეტაძე არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს რამეს არც ერთ მოსამართლეს, არც იკადრებს, ის პირველი მსხვერპლი იყო, როდესაც  დისციპლინური სახდელი დაადეს და გაათავისუფლეს. გიგიტაშვილმა ისევ შეასრულა პროკურორ როზა სამუშიას მითითება, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ხაშურში. იმის მოცილებას მაინც რა უნდა, იქ რომ უზით და მოადგილედ ჰყავთ?! კარგი, პროკურორია, სახელმწიფო ბრალმდებელია, მაგრამ შენ რომ მოსამართლე ხარ, ხომ უნდა გამოიტანო დასაბუთებული გადაწყვეტილება, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ გაუშვა, შენ რას აკეთებ?! ანუ ისევ ასრულებს პროკურატურის შეკვეთებს, რაც იყო ადრე, ამიტომ ასეთი მოსამართლე არ უნდა იყოს! მე დისციპლინურ საჩივარს ვამზადებ, პირველ რიგში უნდა მივმართო იუსტიციის საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს და მოვითხოვო ვნახო, რამდენწლიანი ხელშეკრულება აქვს ნაირა გიგიტაშვილთან დადებული, როდის უწყდება მას უფლებამოსილება?! არიან მოსამართლეები, რომელთაც შეუწყდათ უფლებამოსილება, მაგალითად, ჯემალ კოპალიანს, მაგრამ კიდევ დაუტოვეს განსახილველი საქმეები, რომ უკანონო ვერდიქტი გამოიტანოს! როგორც კი დასაბუთებული გადაწყვეტილება მექნება და რით დამისაბუთებს, არ ვიცი, აუცილებლად უნდა შევიტანო დისციპლინური სარჩელი ნინო გვენეტაძის სახელზე, რადგან ის არის იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე და მჯერა, მოსამართლე გიგიტაშვილის წინააღმდეგ დაიწყება დისციპლინური დევნა. კიდევ გეუბნებით, სანამ პირში სული მიდგას და სანამ ადვოკატი მქვია, ნაირა გიგიტაშვილს არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ 29 წლის უდანაშაულო ბიჭის ციხეში გაშვებას! როგორ შეიძლება, ასეთი მოსამართლეები იყვნენ დღევანდელ მოსამართლეთა რიგებში?! უდიდეს პატივს ვცემ მოსამართლე ნინო ნაჭყებიას, როგორი დასაბუთებული განაჩენი გამოაქვს, იცით? ბადრი კოჭლამაზაშვილს, დავით ჯუღელს… არიან მოსამართლეები, რომლებიც აღკვეთის ღონისიების შეცვლასაც აკეთებენ და ასაბუთებენ ამ ყველაფერს.

 

                                                                                                               თამარ ბატიაშვილი