ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი საქართველოს მთავრობაში

Capture

ეს ბზარი აქ იყო? _ კითხულობს მარკშეიდერი რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთებიდან“,

ზოგი შაბიამნის ახალ პარტიას ელოდება, ზოგიც მოტობურთს თამაშობს და ზოგიც „გრენლანდიის“ გატანას ამაოდ ითხოვს, ზოგიც ომამდე ტანკისტობით იწონებს თავს, რაც მთავარია, საქმის გაკეთებაზე არავინ ფიქრობს და ბოლოს ყველაფერი ნგრევით სრულდება.

საქართველოს მთავრობა დიდი ხანია „ცისფერი მთების” გაურკვეველ ორგანიზაციას დაემსგავსა. ქვეყანა ერთ წრეზე დადის და ვერავინ ხვდება, ვინ არის „ის“ უჩინარი პერსონა, რომელიც ყველაფერს ამუხრუჭებს. ბოლოს და ბოლოს, როგორც რეზო ჭეიშვილი იტყოდა, – გაგვაგებინეთ აქ ვართ თუ იქ? ხალხი კითხულობს – რა დაწესებულებაა, ვინ მოგიწვიათ?!

შედი, ქალო, „ბუტკაშიო“!

_ არ ვარ იმნაირიო.

_ შედი, ქალო, „ბუტკაშიო“!

_ არ ვარ იმნაირიო.

_ შედი, აფეთქებაა, არ დაიღუპო, რანაირიც გინდა, იმნაირი იყავიო, _ ეს ანეკდოტი ბიძინა ივანიშვილმა მინისტრების წარდგენისას ჟურნალისტებს მოუყვა.

ჰოდა, ახლა სწორედ ამას გეუბნებით, _ აფეთქებაა, ბატონო ბიძინა, და არ დაიღუპოთ!!!

წარუმატებელი საკადრო პოლიტიკის, მძიმე ფინანსური კრიზისის, წაგებული საგარეო და საშინაო პიარის, დაწყებული და დაუმთავრებელი სისხლის სამართლის საქმეების ფონზე „მატროსოვის“ ციხეში გამოკეტილი სამი ყოფილი მაღალჩინოსანი ცოტა კომიკურადაც კი გამოიყურება, მით უფრო მაშინ, როცა დაკავებულიდან ერთ-ერთი, დედაქალაქის ყოფილი მერი, ერთდღიანი თავისუფლების შემდეგ ციხეში აშკარად ლიდერის სტატუსით შებრუნდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს კინო 2003 წელს ერთხელ უკვე ვნახეთ, ძნელი გამოსათვლელი არ არის, რომ ჰაერში, სულ ცოტა, რევოლუციის სუნი ტრიალებს, ხელისუფლების სრული უმოქმედობა, ქაოსი გუნდის შიგნით და რაც მთავარია, სტაგნაცია ნამდვილად ჰგავს 2003 წლის გაზაფხულს.

ირაკლი ღარიბაშვილი შევარდნაძე არ არის, ის ამ პოლიტიკურ სვლებს ვერც გამოთვლის და ვერც უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, მით უფრო, რომ პოლიტიკაში ყოფნისას მან მეგობრები დაკარგა და პირადი მტრები შეიძინა, მათ შორის ერთ-ერთია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია, რომელსაც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე სულელი და ბრიყვი საჯაროდ უწოდა. ალასანია უსუფაშვილი არ არის, პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, ის პირად შეურაცხყოფას არ გადაყლაპავს და ღარიბაშვილს ცუდად გაუხსენებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მომავალ კოალიციურ მთავრობაში ერთ-ერთ წამყვან ძალად, სწორედ „თავისუფალი დემოკრატები“ განიხილება. რა შეიძლება მოხდეს 2016 წელს?

კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს ამ შემოდგომაზეც ცხადზე ცხადია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზაციის პირობებშიც კი, მაქსიმუმ, 35% აიღოს, ეს კი პროპორციული სიით, დაახლოებით, 22 კაცია. თუ მაჟორიტარული არჩევნები ძალაში დარჩა, მაშინ „ოცნებას“ აქაც სერიოზული ფილტრი მოუწევს. მაჟორიტარების დიდმა ნაწილმა თავი ისე მოიჭრა, საკუთარ რაიონებში არც კი ჩაესვლებათ. სულ რომ იდეალური კანდიდატურები შეარჩიონ, მაქსიმუმ, 30 რაიონი მოიგონ. ესეც 52 დეპუტატი, ისიც მაქსიმუმ!!! უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად 76 დეპუტატია საჭირო, „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ბარიერგადალახულ პარტიებთან. თუ „ოცნება“ პრორუსულ ძალებს დაელაპარაკება, ამას ავტომატურად მოყვება პროდასავლური ძალების გაერთიანება, `მაიდანი” და რევოლუცია, არ დაელაპარაკება და მომავალ კოალიციურ მთავრობაში წამყვან პოზიციებს უნდა დაემშვიდობოს.

რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი პირობა ძალოვანი უწყების პარალიზება, კორუფცია და არაპროფესიონალიზმია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორად გაყოფა ერთადერთი საარჩევნო დაპირებაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა. უწყების ერთ ნაწილს ბიძინა ივანიშვილის კადრი, ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს, მეორეს _ ირაკლი ღარიბაშვილის კადრი, გიორგი მღებრიშვილი. გულწრფელად გეტყვით, რომ არც ერთი მათგანის ერთგულებაში პირადად ეჭვი არ მეპარება, მაგრამ საკადრო გადაადგილებები, რომელიც ამ უწყებებში ბოლო დროს განხორციელდა, ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

გახსოვთ, ალბათ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ორ გვამს ითხოვს, კადრში „სოდისა“ და „კუდის“ მაშინდელ უფროსებთან ერთად რამდენიმე უცნობი, მაგრამ აშკარად სანდო პირი ჩანს. (რომ არა ნდობის მაღალი ხარისხი, ისინი სპეცოპერაციის დაგეგმვას ვერ დაესწრებოდნენ) პრემია დიდია, _ ამბობს გავრცელებულ ვიდეომასალაში მერაბიშვილი. სხვათა შორის, ყოფილი ძალოვნები დიდხანს ხუმრობდნენ, _ ვანოს თათბირის დასრულების მერე ერთმანეთს ვეკითხებოდით, მინისტრმა რა თქვა, იმდენად ვერ ვიგებდით მის საუბარს. რაღა „ორი გვამი მინდა“ თქვა ასე ხმამაღლა და გამართულადო! ხუმრობა იქით იყოს და ვიდეოზე ყოფილი მინისტრის უკან ერთი უცნობი პირი დგას. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ეს ნიკა შარაძეა, მერაბიშვილთან დაახლოებული მაშინდელი მაღალჩინოსანი.

„ამ ვიდეოთი ახალი არაფერი გამიგია, თუმცა ჩემი თვალით ვუყურე, ეს მკვლელები როგორ გეგმავდნენ გიას და კობას (კრიალაშვილი და ოთანაძე) სიკვდილს. ის ორი გვამი, რომელსაც მერაბიშვილი ითხოვდა, ეს იყო ღია მინიშნება იმისა, რომ გია და კობა უნდა მოეკლათ“, _ აცხადებდა ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი. სამწუხაროდ, დღეს, როცა გია კრიალაშვილი ცოცხალი აღარ არის, მისი ოჯახი „ქრონიკა+“-ის მეშვეობით გაიგებს, რომ ნიკა შარაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, „მატროსოვის“ ნაცვლად, ძალოვან უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე გაამწესეს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის „სუსის“ უფროსის მოვალეობას ასრულებს, უფროსად კი მხოლოდ იმიტომ ვერ ნიშნავენ, რომ, ჯერჯერობით, ჟურნალისტების რეაქციის ეშინიათ.

2015 წლის 23 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე გასამართლებულმა კიდევ ერთმა პირმა, კობა ოთანაძემ, საგანგებო ბრიფინგი გამართა და ძალოვან უწყებაში დასაქმებულ ყოფილ ძალოვნებზე ისაუბრა: „ძალიან ბევრის სახელი და გვარი ვიცი, ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, მაგ.: „სოდის“ სპეცრაზმის ყოფილი უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, ვინც მე და ცხონებული გია კრიალაშვილი ჩაგვცხრილა და 26 მაისს ხალხი დაარბია, დღეს კარალეთში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სპეცრაზმის უფროსად ჰყავთ დანიშნული. ზვიად ხარაზიშვილს უამრავი მკვლელობა, უბედურება აქვს ჩადენილი და არ არის გამორიცხული, თუ მიშა გამოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინვე გადავიდეს სააკაშვილის მხარეს. მე არ ვიცი, ეს ხელისუფლება რას ფიქრობს და რას უყურებს?!“ _ აცხადებდა საგანგებო ბრიფინგზე კობა ოთანაძე (ყველა დაინტერესებულ პირს კობა ოთანაძის მიერ ჩატარებული ბრიფინგის ჩანაწერი ინტერნეტში შეუძლია ნახოს). „ქრონიკა+“ თავად კობა ოთანაძესთან დაკავშირებას ამაოდ ცდილობდა. როგორც აგვიხსნეს, ამ მომენტისთვის ის საქართველოში არ იმყოფება. გვინდოდა მისთვის გვეცნობებინა, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო შორს წავიდა _ 26 მაისის დამრბევი და მათი დაკავების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი დააწინაურა და კარალეთიდან უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის თანამდებობაზე დანიშნა!!!

მაშინ, როცა შს მინისტრი ციხეშია გამოკეტილი, „სოდისა“ და „კუდის“ ყოფილი უფროსები წითელი ცირკულარით იძებნებიან, ვანო მერაბიშვილის მოადგილეს, ამირან მესხელს, არავინ ეძებს. პერიოდულად ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მესხელი ახალ ხელისუფლებას საჭირო მომენტში აუცილებლად დაეხმარება. მიუხედავად დაპირებებისა, ინტერნეტსივრცეში ჯერ არც სააკაშვილის თათბირების ჩანაწერები გამოჩენილა და არც „ნაცების“ მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალები, სამაგიეროდ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ამირან მესხელის ყოფილი თანაშემწე და მარჯვენა ხელი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა. იმის მაგიერ, რომ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საკუთარ მოვალეობას ასრულებდეს და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობას სწავლობდეს, მესხელის ყოფილი თანაშემწე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში დელეგატების „დაკაჩავებითაა“ დაკავებული. თუმცა ეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ერთადერთი აქტივობა არ არის, ის დიდხანს ითხოვდა ერთი ცნობილი ექსპერტის დანიშვნას ერთ-ერთ სამინისტროში.

იური ვაზაგაშვილის მსგავსად რომელი ჩვენგანი უნდა ააფეთქონ ქუჩაში, რომ ვინმემ ამ ფაქტებს ყურადღება მიაქციოს?!!

უკეთესი მდგომარეობა არც პრემიერის კანცელარიაშია _ „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პრემიერის კარის ბიზნესმენის სტატუსს ამჯერადაც ის პირი ფლობს, ვინც ამ ტიტულს სააკაშვილის კარზეც ატარებდა. ეს, არც მეტი _ არც ნაკლები, სკანდალურად ცნობილი, გენო მალაზონიაა, რომელმაც პრემიერის კანცელარიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის მეშვეობით დაალაგა ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე თქვა, ეს ქალი აქ არ დამანახვოთო, ნინო კობახიძე თანამდებობას და გავლენებს ამ დრომდე ინარჩუნებს. თუ წინა ხელისუფლების დროს მისი ოჯახის წევრების სკანდალს გივი თარგამაძე აგვარებდა, ამ ხელისუფლების პირობებში პრემიერი ეხმარება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, საბურთალოზე მომხდარ დაჭრაში ნინო კობახიძის ოჯახის ერთ-ერთი წევრი მონაწილეობდა. პოლიციამ „იზრუნა“ და ვიდეოკამერების ჩანაწერები უკვე გააქრო.

არ გაინტერესებთ, ვინ გეგმავს პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრებს? მართალია უნიჭოდ, მაგრამ მაინც _ ამ სამსახურს ვერა ქობალიას „პადრუგა“ და ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი პიარი, თათა თამაზაშვილი ხელმძღვანელობს. აქვე ერთი რჩევა მინდა მივცე პრემიერის ცოლისძმას, დეპუტატ ლექსო თამაზაშვილს, _ სანამ ნარკოტიკებისადმი ჩემს მიდრეკილებას არკვევს და ამის გამო ყველა პირი დასცინის, ვინც მე მიცნობს, იქნებ, პრემიერის კანცელარიაში მიმოიხედოს და ნარკოდამოკიდებული გოგონები შეამჩნიოს? ამით საკუთარი სიძის რეპუტაციას ნამდვილად გადაარჩენს!!!

უკეთესი მდგომარეობა არც მმართველ პარტიაშია: პრემიერ ღარიბაშვილს „ქართულ ოცნებაში“ გავლენები საერთოდ არ აქვს, ოფისი გაურკვეველი ხალხით აივსო, კახი კალაძე პარტიისთვის ნაკლებად იცლის, გავლენები მნიშვნელოვნად გაზარდა გია ვოლსკიმ, „ოცნების“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა მარუაშვილი დანიშნეს, რასაც დიდი სკანდალი და გაწევ-გამოწევა მოყვა. გაირკვა, რომ მარუაშვილის ჩვენებით სააკაშვილის დროს რამდენიმე ადამიანი იყო დაკავებული. ამ „რაზბორკის“ მერე მარუაშვილი გაათავისუფლეს და მის ადგილას დავით კირკიტაძე მიიყვანეს. არ შეგეშალოთ, ეს „ნაცმოძრაობის“  კირკიტაძე არ არის. სამაგიეროდ, საქმეში ჩახედული ადამიანები იხსენებენ ქუთაისში მომხდარ ფაქტს. დათო კირკიტაძემ მაშინდელი „კუდის“ დავალებით ქუთაისში ამომრჩევლისთვის ფულის დარიგება დაიწყო და მისივე დახმარებით იმავე ღამეს ქუთაისში თბილისიდან ჩასული აქტივისტები დაიჭირეს. „ოცნების“ ოფისში მხრებს იჩეჩენ _ ყველამ იცის, რომ კირკიტაძე „კუდის“ ყოფილი აგენტია, მაგრამ არავინ იცის, ვინ დანიშნა იგი თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად.

ოცნებავ, თქვენზე მითხრეს, ლიფტში გაიჭედაო. (ახლა არ მითხრათ, ბავშვობიდან აქა ვზივართო…)

ჰოდა, ამ ყველაფრის მერე არის თუ არა მთავრობაში „ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“? (არა, რა საჭიროა ორი სათაური)

აფეთქებაა, ბატონო ბიძინა, არ დაიღუპოთ!!!

 

                                                                                                            ელისო კილაძე