ლია კრიალაშვილი: „ოცნება“ ხელისუფლებაში ჩემი ძმისა და სხვა დახოცილი ბიჭების სისხლით მოვიდა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენისთვის არ უზრუნია.”

sae

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის იმ ნორმის არაკოსტიტუციულად ცნობის თაობაზე, რომლითაც უგულავა ერთდღიან თავისუფლებაში აღმოჩნდა, ბევრმა სამართლიანობის აღდგენად მიიჩნია. „ნაციონალები“ ზეიმობდნენ, რომ მათ მიმართ მოხდა ეს, ხელისუფლება კი თავს იქებდა _ ჩვენი დამსახურებააო. თუმცა სრულიად სხვაგვარად ფიქრობს ის ხალხი, რომელთა ოჯახებიც სააკაშვილის ხელისუფლების უსამართლობას შეეწირა, მაგრამ სამართლიანობას მათ მიმართ ჯერაც არ უზეიმია. ის ადამიანები კი, რომლებიც მათ საქმეში დამნაშავეებად გამოიკვეთნენ, ახალმა ხელისუფლებამაც  გაანებივრა და სამსახურებში დააწინაურა.

სპეცოპერაციის დროს მოკლული გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი, დიდი ხანია იბრძვის, მისი ძმის მკვლელები სათანადოდ დაისაჯონ, თუმცა ამაოდ. იგი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ ის ადამიანი, ვინც მის უდანაშაულო ძმას ტყვია ესროლა, სამსახურში დაწინაურებულია.

 

ლია კრიალაშვილი:

_ აბა, რა შეიძლება ვიფიქრო იმ ამბების შემყურემ, რაც ქვეყანაში ხდება? გაოგნებული ვარ! ყველა იმას ლაპარაკობს, რომ პროკურატურა სათანადოდ ვერ მუშაობს. არ ვიცი, რა მოხდა იქ, ისე როგორ მოსპეს მტკიცებულებები კბილაშვილმა და ნაცვლიშვილმა, რომ ამათ ხელი ვეღარ გაუნძრევიათ? ან რა მტკიცებულებები უნდა იმას, რომ ადამიანი მკვდარია, მიწაში წევს და თვითმხილველებიც არიან, რომლებიც ამბობენ, ამან და ამან ესროლაო? ადამიანის მკვლელობა კიდევ დასამტკიცებელი რატომ არის, ვერ ვხვდები.

ამ დღეებში სამართლიანობას ისევ `ნაციონალები~ ზეიმობდნენ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციური მუხლი გააუქმა და უგულავა ციხიდან განთავისუფლდა. ამერიკის საელოჩომაც გამოუცხადა მადლობა ხელისუფლებას, სამართლიანად მიდის ყველა პროცესიო. არავინ კითხულობს, ჩვენთვის სამართლიანობა რატომ არ აღდგა ჯერ? ამ ხელისუფლებამ ხალხი გააცურა, კიდევ ერთხელ მოგვატუა და სულში ჩაგვაფურთხა. იმიტომ ვიბრძოდით, გვინდოდა ხალხს ამოესუნთქა და სამართალი ეპოვა, მაგრამ მთელი დღე სიმწრით ცრემლები მომდის. სრულიად საქართველო მოგვატყუეს თავიანთი კოჰაბიტაციით. ეს ყველაფერი იმ კოჰაბიტაციამ გამოიწვია, რომლის მოთავენიც „რესპუბლიკელები“ იყვნენ.

იმასაც ამბობენ, მერაბიშვილსა და ახალაიასაც გამოუშვებენ ციხიდანო. თუ ასეა, ოქროპირიძეც უნდა გამოუშვან, რომელმაც ლაშა ჩხაიძე მოკლა. მერაბიშვილისა და ახალაიასგან განსხვავებული მან რა ჩაიდინა? სააკაშვილთან ერთად ამ ადამიანებმა რამდენ დედას მოუკლეს შვილი, რამდენს გაუმწარეს სიცოცხლე! რადგან საქმე ასე მიდის, ქართველმა ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა. განა, თავმოყვარეობა აღარ გვაქვს?! ეს ყველაფერი როგორ უნდა გადავყლაპოთ?!

_ ქართველმა ხალხმა ყველაზე მთავარი გადაყლაპა, რეჟიმის დამნაშავე წევრები დღეს კვლავ თანამდებობებზე არიან, ზოგი დააწინაურა კიდეც ახალმა ხელისუფლებამ, მაგრამ, რატომღაც, ყველა დუმს და ხელისუფლებასთანაც, ამ მხრივ, პრეტენზია არ აქვთ. ამ საკითხს თქვენ როგორ უყურებთ?

_ ჩემი ძმის მკვლელობის შემოქმედი ადამიანებიდანაც ბევრია ისევ თანამდებობაზე. ზვიად ხარაზიშვილი ერთი წლის წინ გორის სპეცრაზმის ხელმძღვანელად დანიშნეს, ანუ დააწინაურეს. არადა, მე როგორც ვიცი, ის იმ მკვლელების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, რომლებიც `მარშუტკაში~ ისხდნენ და ჩემი ძმა სიცოცხლეს გამოასალმეს. რეალურად, ეგენი სპეცრაზმელები კი არა, ჩამოყალიბებული ქილერები არიან, მკვლელობებს რომ უკვეთენ. ახალმა ხელისუფლებამ ხარაზიშვილი სამსახურიდანაც კი არ გაათავისუფლა, დააწინაურა. ჩემს გიას პირადად ზვიად ხარაზიშვილმა ესროლა. ერთ-ერთი წევრი ამ ზაფხულს სხვა დანაშაულზე, ადამიანის გატაცებაზე აიყვანეს, დანარჩენისთვის კი ხელი არავის უხლია, ისე გააგრძელეს ცხოვრება.

_ ხარაზიშვილის დაწინაურებას, თქვენი ძმის მკვლელების ჯგუფის წევრებისთვის ყველაფრის შერჩენას და დაუსჯელობას რას მიაწერთ?

_ რას უნდა მივაწერო? ალბათ, ახალ ხელისუფლებაშიც ჰყავთ ლობისტები და მფარველები. ფაქტი ის არის, რომ სამართალი ვერ მიპოვია. ჯერ ძმა მომიკლეს, შემდეგ ბინა წამართვეს. დღემდე დავდევ იმ პიროვნებას, ვინც ჩემი ბინა ჩემ გარეშე ბანკში ჩადო სესხის უზრუნველსაყოფად და როგორც გავიგე, ეს კაცი საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დაუნიშნავთ. არადა, ეს არის განთქმული თაღლითი, გრიგოლ  ბუაძე, რომელსაც 75 ოჯახი ჰყავს გამწარებული, მათ შორის, ცნობილი ადამიანები _ ქეთი დოლიძე, კაკო ასათიანი და ა. შ. ახლა ის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, კავკასიის დასაქმების ცენტრის სამთავრობო სესხების, ანუ საკრედიტო განყოფილების უფროსია. მგელს ცხვრის ფარაში რომ შეუშვებენ, ისე გააკეთეს. ბუაძე ჩემი ძმის უახლოესი მეგობარი იყო, მაგრამ მთელი ოჯახი ამ ადამიანმა ქუჩაში დაგვტოვა. ბინა „რესპუბლიკა ბანკმა“ ჩემი ძმის მკვლელობის შემდგომ გამიყიდა. ყველამ იცის, რომ ამ ბანკში თაღლითების გუნდია თავმოყრილი, მაგრამ სამართალი მაინც ვერ ვიპოვე. არა მგონია, რომ იქ ხელმძღვანელის გარეშე რაიმე გაკეთებულიყო.

_ თქვენი ძმის საქმეზე სასამართლო პროცესი როდის იწყება?

_ არ ვიცი. თითქოს ჭიანჭველა მოკლეს და ყველას ყველაფერი ეპატია. ისევ „ნაციონალები“ ზეიმობენ სამართლიანობას. სად არ გამოვედი _ ტელევიზიით, პრესით, ვითხოვდი სამართლიანობის აღდგენას, ჩემი ძმის საქმეზე ნორმალური გამოძიების დაწყებას. ახლაც მაქვს კავშირი პროკურატურასთან, ვრეკავ, მივდივარ, რამდენიმე დღის წინათაც ვიყავი, მაგრამ მეუბნებიან, ძიება მიმდინარეობსო. რაღაც ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელიც ჯერ არ არის. იძულებული ვარ, მეც დაველოდო, აბა, სხვა რა გავაკეთო? ჩემი ძმა ცოცხალი რომ იყოს, ვიცი, ესენი როგორც იქნებოდნენ. იმიტომ მოკლეს, რომ ის სამართლიანი კაცი იყო.

ჩემი ძმის არც ერთ მკვლელს პირადად არ ვიცნობ, რადგან, როგორც გითხარით, სასამართლომდე საქმე არ მისულა. მე მგონი, ვიღაც სპეციალურად აჭიანურებს, რათა მკვლელებმა პოზიციები არ დაკარგონ. ეს ყველაფერი, ალბათ, განგებ ხდება, თუმცა, პირველ რიგში, ამ ოპერაციის დამკვეთები უნდა დაისაჯონ, ანუ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, თუნდაც გიგი უგულავა, რომელიც კადრებშიც ჩანს, რომ იქ იყო. მკვლელები მათ დავალებას მონურად ასრულებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გამწარებული ვარ, რაღაც იმედი

მაინც მაქვს, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვან. „ოცნება“ ხელისუფლებაში ჩემი ძმისა და სხვა დახოცილი ბიჭების  სისხლით მოვიდა, მაგრამ მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენისთვის არ უზრუნია. იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა გონიერებას გამოიჩენს, გაწმენდს „ქართულ ოცნებას“ ასეთი ხალხისგან. ხარაზიშვილისნაირ ადამიანებზე სამართალი უნდა დადგეს. ისინი თანამდებობებზე კი არა, ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა იხდიდნენ სასჯელს.

 

                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი