არჩევანის თავისუფლება

222

დღეს ლიბერალები და ნეოლიბერალები ამტკიცებენ, რომ ადამიანს საკუთარ ბიოლოგიასთან მიმართებით არანაირი არჩევანი არ გააჩნია. თანამედროვე ლიბერალიზმის თვალსაზრისით ადამიანი საკუთარი მოთხოვნილებების მონაა. თუმცა ამ მოთხოვნილებებში აშკარად ხაზს უსვამენ ფიზიკურ და ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს და არაფერს ამბობენ ონტოლოგიურ (ანუ სულიერ) მოთხოვნილებებზე. თავის დროზე დიდმა მოაზროვნეებმა და ფილოსოფოსებმა ამას უკვე დაარქვეს „ბილოპოლიტიკის მონობა“, ანუ საკუთარ ბიოლოგიურ ინსტინქტებზე მიბმული ადამიანი მონაა თავისი ინსტინქტებისა.

ამერიკის უზენაესი სასამართლოს ამასწინანდელმა გადაწყვეტილებაც, რომელსაც ლიბერალები უჭერდნენ მხარს და კონსერვატორები ეწინააღმდეგებოდნენ, ზუსტადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ადამიანი ბიოლოგიური ინსტინქტის მონაა. და ეს გადაწყვეტილება სრულებით მცდარია. ამას არანაირი კავშირი არ გააჩნია ჰომოფობიასთან, ან რომელიმე უმცირესობის უფლებების დაცვასთან. მთავარი ამ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ ამერიკის მთავარმა მოსამართლეებმა ადამიანს არჩევანის თავისუფლება წაართვეს _ იგი ინსტინქტების მონად გამოაცხადეს.

იმის თქმა, რომ ადამიანს არჩევანი არ გააჩნია და ის რომელიღაც გარემოებებში არის საკუთარი ინსტინქტების მონა, არის ყველაზე დიდი ცდომილება, რომელიც შეიძლება ადამიანმა დაუშვას. ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი _ იმ დონემდეც კი, რომ იგი ხანდახან თავის სიცოცხლეზე ამბობს უარს. დღევანდელი ლიბერალური დოგმა იმის შესახებ, რომ ადამიანი თავისუფალ არჩევანს კარგავს გარკვეული ინსტინქტების კარნახით, არის ყველაზე დიდი სიბნელის აპოთეოზი. ადამიანი ღმერთმა შექმნა თავისუფალ არსებად, რომელიც თავის ნებისმიერ ინსტინქტს აჯობებს, თუ მოისურვა და ინება. ადამიანს აქვს სრულიად არაჩვეულებრივი თვისება _ ნება _ რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გატეხს – თუ ეს ნება უდრეკი რწმენით არის განმტკიცებული. დიახ, ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი და ყოველდღე ვირჩევთ ზნეობრივსა და უზნეოს შორის. ეს არის ადამიანის ცხოვრების არსი.

ახლა, კონკრეტულად ვთქვათ, თუ რომელი მოთხოვნილებების მონებად გამოგვაცხადეს პატივცემულმა ნეოლიბერალმა მოსამართლეებმა: ლიბერალური დოგმატიკით მიღებულია, რომ ადამიანთა უმრავლესობა, ანუ, დაახლოებით, 90% ჰეტეროსექსუალური ინსტინქტის მონაა და, შესაბამისად, 10%-მდე ჰომოსექსუალური ინსტინქტისაა. ეს ფსევდომეცნიერული შეფასებაა, თუნდაც ბიოლოგიური მეცნიერების სტანდარტების შესაბამისად. დიდმა ამერიკელმა ბიოლოგმა, ალფრედ ქინზიმ, რომელიც ინდიანის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, ღრმად გამოიკვლია ადამიანის სექსუალობის საკითხი. ამ საფუძვლიანი კვლევების შედეგად მან შეადგინა „ქინზის შკალა“, რომლის მიხედვით ექსკლუზიურად ჰეტერო ან ჰომოსექსუალი ადამიანების რაოდენობა ძალიან დაბალია. ადამიანების უმრავლესობის ბიოლოგიაში ურევია არა მხოლოდ ორივე სქესის არსებისადმი მიზიდულობა, არამედ ზოოფილიაც კი. თუკი ადამიანის ბიოლოგიური ინსტინქტები ბოლომდე მივუშვით, დავინახავთ, რომ ადამიანი არადიფერენცირებადი პირუტყვისგან დიდი არაფრით განსხვავდება. ანუ ეს პირობითი ციფრები იმაზე, რომ 10% აუცილებლად ასეთია და მეორე 10% აუცილებლად ისეთი _ სრულებით პრიმიტიული და ფსევდომეცნიერული მიდგომის შედეგია. ადამიანების უმრავლესობაში დევს ყველანაირი სექსუალური პერვერსიაც და გასტრონომიული კორუფციაც. ეს ბევრი ცდით მტკიცდება. „ქინზის შკალამ“ ბიოლოგიური მეცნიერების ენაზე კარგად დაამტკიცა, რომ ადამიანის სექსუალურ ქცევას ბიოლოგიური ინსტინქტები არ განსაზღვრავს, არსებობს რაღაც, რაც ბიოლოგიაზე მეტია. არსებობს რაღაც, რაც ფიზიკაზე მეტია. არისტოტელე ამ „ფიზიკაზე მეტს“ – „მეტაფიზიკას“ უწოდებდა. სხვადასხვა ფილოსოფოსი ბიოლოგიურზე უფრო დიდ მოთხოვნილებას ონტოლოგიურს უწოდებს.  ზოგიერთი ტრანსცენდენტურს, ზოგიერთიც იმანენტურს და ასე შემდეგ.  სოციალურ მეცნიერებასა და ფილოსოფიაში დამტკიცებულია, რომ ადამიანს აქვს, აგრეთვე, უძლიერესი ონტოლოგიური, სულიერი მოთხოვნილებები, რომლებიც თავისი არსით ბიოლოგიურზე უფრო ძლიერია და რომელთა ზეგავლენითაც ადამიანი ხშირად თავის ფიზიკურ ცხოვრებაზეც კი უარს ამბობს. ასეთ ონტოლოგიურ მოთხოვნილებათა შკალას აყალიბებეს ბევრი სოციალური მეცნიერი, მაგალითად: ჯონ ბარტონი, იოჰან გალტუნგი, მერი კლარკი, რიჩარდ რუბინშტაინი და სხვები. სიყვარული ამ უძლიერესი ონტოლოგიური მოთხოვნილებების რიგში შედის, ისევე როგორც ცხოვრების საზრისის პოვნის მოთხოვნილება.

სიყვარული _ ანუ აგაპე _ ზოგად-ადამიანური ვალდებულებაა და ის არამც და არამც არ უნდა შემოიფარგლებოდეს მონოგამიური ოჯახის საზღვრებით. ადამიანს უნდა უყვარდეს იმდენი და გასცეს იმდენისთვის, რამდენისთვისაც შეუძლია. ღმერთი არის სიყვარული… მაგრამ ეს სქესობრივ კავშირს არ გულისხმობს. ადამიანმა ოჯახის ფარგლებში სქესობრივი ცხოვრება იმიტომ შეზღუდა, რომ ამით ბავშვების უფლებები დაიცვა. თუკი ადამიანი თავის მოთხოვნილებებს ბოლომდე გაჰყვება და მრავალ ქალთან და კაცთან დაიწყებს ორგიასტულ კავშირში შესვლას, მაშინ მისი ბავშვები ზარალდებიან ყველაზე მეტად. მათ აკლდებათ მშობლების დრო და ეკარგებათ ონტოლოგიური ორიენტირები _ სულიერი ორიენტირები, რომლებიც „პური ჩვენი არსობისაა“ ადამიანებისთვის. დიახ, ცნობილი ფაქტია, რომ საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე არტისტები ხშირად არიან ასეთ ურთიერთობებში _ ანგელოზები არავინ ვართ, მაგრამ ბავშვებისთვის ასეთი ურთიერთობების წესად შემოღება დამღუპველია. პირველ რიგში, ეს მოზარდების სულიერ წყობას ამახინჯებს და პერვერსიისკენ უბიძგებს. ამით ყველაზე მეტად ბავშვის უფლებები ირღვევა. დიახ, მონოგამიური და ოჯახში ჩაკეტილი სტრუქტურა არ შეესაბამება ადამიანის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს, მაგრამ ის მისი ონტოლოგიური, სულიერი მოთხოვნაა. და რადგანაც გამჩენმა ამ ქვეყანაზე ადამიანი ორ ფორმად _ კაცად და ქალად მოავლინა _ ბავშვს სჭირდება ორივე სქესის როლის მოდელი თავის ცხოვრებაში, რათა წარმოდგენა შეიქმნას ერთიანობაზე და განსხვავებებზე.

ბავშვმა, აგრეთვე, უნდა ისწავლოს, რომ ის არ იყოს ბიოლოგიური ინსტინქტების მონა _ ის უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფალი ადამიანი სწორედ ისაა, ვინც ინსტინქტებზე მაღლა დგება.

ადამიანის მთელი ძალა ის არის, რომ მას შეუძლია თავი შეიკავოს ფიზიკური და ბიოლოგიური მოთხოვნილებების მონობისგან. ამაზეა აგებული არა მარტო ქრისტიანობა, არამედ ბევრი სხვა _ იგივე ბუდისტური, იუდეველური, მუსლიმური და ა. შ. _ რელიგიური სწავლება. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით ადამიანის ტანჯვის მთავარი მიზეზიც სწორედაც რომ ამ მოთხოვნილებების მონობაა _ „სანსარას წრე“ _ და მხოლოდ მათგან განთავისუფლება _ „ნირვანა“ მოიტანს ნამდვილ ადამიანურ ბედნიერებას. ჩვენს, ქრისტიანულ სწავლებაშიც ადამიანის მიერ საკუთარ ინსტინქტებზე უარის თქმა ხშირად არის რეკომენდებული. უფრო მეტიც, ბერობა და მონაზვნობა _ ეს ის ინსტიტუტია, რომელიც მუდმივად აძლევს ადამიანებს ამ ონტოლოგიური მოთხოვნილებების ზეობის მაგალითს. ჩვენი ისტორიიდან ასეთად გამოდგება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. ევროპაში ჩვენ ვიცით ნეტარი ავგუსტინე (რომელიც თავდაპირველად დიდი დედათმავალი იყო), ფრანჩესკო ასიზელი და ასე შემდეგ.

სიყვარულის იდეა, _ როგორც ჰანა არენდტი ამბობს თავის წიგნში „სიყვარული და ნეტარი ავგუსტინე“, _ სრულიად განყენებულია სექსის ბიოლოგიური მოთხოვნილებისგან. რომაული ტერმინით რომ ავხსნათ, „კარიტას“, ან იგივე ბერძნული ტერმინით „აგაპე“ _ ეს არის ნამდვილი სიყვარული _ ფიქრი „სხვაზე“ და ზრუნვა მასზედ, ყოველგვარი ბილოგიური ანგარების გარეშე. ორი აზრი არაა, რომ ადამიანს აქვს ბიოლოგიური მოთხოვნილებები, მაგრამ ისინი არანაირად არ შეიძლება მივიჩნიოთ სიყვარულის ადეკვატად. ვნებას ძალიან მალე გასდის ვადა, მაგრამ არა _ სიყვარულს. სიყვარულის კატეგორია არის მარადიული კატეგორია.

თუმცა დღეს ამაზე ლაპარაკი არის ანათემა! დღეს ყველაფერი ადამიანის მატერიალური ინსტინქტებით უნდა აიხსნას _ ადამიანი, როგორც ინსტინქტების მონა. და თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის მთავარი ცდომილება, რომელზედაც ამდენს ლაპარაკობენ ისევ დასავლეთის წამყვანი ფილოსოფოსები ალენ ბადიუ, ჯორჯო აგამბენი, ჟაკ რანსიერი, ტონი ნეგრი და ბევრი სხვა, არის სწორედაც რომ ყველაფერ ონტოლოგიურის მეორეხარისხოვნად მიჩნევა _ სულიერების მთლიანად გვერდზე გადადება. ეს არის თანამედროვე დასავლური ცხოვრების სტილის საბედისწერო შეცდომა. მავანი აუცილებლად იტყვის, რომ მერე რა? დასავლეთი ხომ მაინც ყველაზე დიდი იმპერიაა, ისევე როგორც რომი იყო ნერონის დროს და აყვავების პერიოდში, და რა მოაკლდება მას ამისგან? პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თვით დასავლეთშიაც ძალიან ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება ლიბერალურ ინდოქტრინაციას ინსტინქტების მონობაში. დასავლეთი არ არის ერთგვარი _ მას აქვს სულიერება და ის ახლა განსაცდელშია. ჰედონიზმმა და კონსუმერიზმმა დასავლური კულტურა ძალიან ღრმა კრიზისში ჩააგდო _ სწორედ იმიტომ არის, რომ საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებები დასავლეთში კი არა, აღმოსავლეთში (რომელიც რუსეთი არაა) იქმნება. ირანული, კორეული, თურქული და სხვა სამხრეთული ფილმები ბევრად დიდი ინტერესით სარგებლობს. ფელინის, ანტონიონის, ბერგმანის თაობის შემდეგ დასავლური კულტურა „ალმოდოვარიზაციას“ და „ფონ ტრიერიზაციას“ განიცდის _ რაც, აგრეთვე, კატასტროფასთან მიახლოების ნიშანია.

ფროიდის ფილოსოფიის ასეთი გაღმერთება და იგივე ბერგსონის ფილოსოფიის ასე უკანა პლანზე გადაწევა აუცილებლად აისახება დასავლეთის ცხოვრებაზე, თუ უკვე არ აისახა. დასავლეთს დღეს კიდევ უფრო დიდი ეგზისტენციური კრიზისი აქვს. ტონი ნეგრი და მაიკლ ჰარტი კარგად ამბობენ თავის წიგნში „საერთო სიმდიდრე _ თანამეგობრობა“ _ რომ ადამიანური ბედნიერების პოვნა დღევანდელ მომხმარებლურ დასავლეთში ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში. ისინი დასავლეთის ქვეყნებს „ქონების რესპუბლიკებს“ უწოდებენ. ეს აღარ არის ადამიანების რესპუბლიკა _ ეს არის ქონებისა და მის დამცველთა რესპუბლიკა, სადაც კანონებს ქონების მფლობელები წერენ. და ის ადამიანები, რომლებიც ამ ქონებას არ ფლობენ, ჯორჯო აგამბენის არ იყოს, „ჰომო საკერები“ არიან _ უბრალოდ, „გასაქონლებული პირუტყვები“. აი, ასეთ მდგომარეობაში აგდებს დღევანდელი ჰედონისტური, ლიბერალური სამყარო ქონების არმქონე ადამიანს. არადა, ასეთია ადამიანების უმრავლესობა _ რომლებსაც მერე ბნელს და მასას უწოდებენ, მისი დამცირება რომ ბოლომდე დაამთავრონ. ეს არის არნახული სოციალური უთანასწორობისა და უსამართლობის პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში. დიახ, დღეს ნეოლიბერალურ მომხმარებლურ სისტემას ალტერნატივა, პრაქტიკულად, არ გააჩნია და ის გვკარნახობს დამამცირებელ ექსპლუატაციას და სახმარ ნივთად ქცევას.

მაგრამ ისტორია ისეთი მუხთალი რამაა, რომ ეს ასე არ გაგრძელდება. ჰილარი კლინტონის შანსები ამერიკის პრეზიდენტობაზე ერთსქესიანი ქორწინების მხარდაჭერის შემდეგ, ვფიქრობ, შემცირდება.  გამოკითხვების თანახმად, მას ახლა უკვე ეწევა ვერმონტელი სოციალისტი ბერნი სანდერსი. ბევრი დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერიც რესპუბლიკელებს მისცემს ხმას. იქაც „რადიკალი“ დონალდ ტრამპი კარგა გვარიანად უსწრებს ისტებლიშმენტის კანდიდატ ჯებ ბუშს. მაგრამ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დღევანდელ „ნერონის იმპერიას“ დაემუქრება.

ეს არის ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის ონტოლოგიური მოთხოვნილება. დიახ, ადამიანი არ დაემორჩილება იმ სასამართლოს ბრძანებას, რომელიც მას ეუბნება, რომ ის „სახმარი საქონელია“ და რომ სიყვარული ბევრად მეტია კომერციაზე. ჰომოსექსუალები ყოველთვის არსებობდნენ დედამიწაზე და ყოველთის იარსებებენ _ ჩვენი საკუთარი სერგო ფარაჯანოვით და ჭაბუკიანით რომ დავიწყოთ და ლეონარდო და ვინჩით რომ დავამთავროთ. ჟან ჟენესთვის, ან ბატაისთვის ჰომოსექსუალობა სწორედ აჯანყების ფორმა იყო მომხმარებლური სამყაროს წინააღმდეგ. ამერიკის უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ყველა აჯანყება ჩაახშო და მომხმარებლობას დაუმორჩილა. ყველაფერი უოლ სტრიტის ლოგიკაში უნდა ჩაჯდეს. უფრო სწორად, ყველაფერი ტექნოკრატი ვაჭრების ტირანიას უნდა დაექვემდებაროს.

ადამიანს თავისუფალი არჩევანი აუკრძალეს _ მაგრამ მას თავისუფლებას ვერასდროს წაართმევენ. ადამიანს ყოველთვის ექნება თავისუფლება, რომ უარი თქვას საკუთარ ინსტინქტებზე _ იქნება ეს ჰეტერო თუ ჰომოსექსუალური. ყველა ადამიანი აგრეთვე ღმერთის წინაშე თანასწორია. და მსოფლიოს დემოკრატია სჭირდება. თუ ჩვენ გვინდა, ადამიანებს შორის ურთიერთობების ფორმები შევცვალოთ, მაშინ მსოფლიოში საკითხები 9-კაციანმა სასამართლოებმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, არამედ 7 მილიარდი ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულმა რეფერენდუმებმა.

დროა, გათავდეს ის ხანა, როცა პატარა, ფულიანი უმცირესობა ისე ეპყრობა კაცობრიობის აბსოლუტურ უმრავლესობას, როგორც „გასაქონლებულ პირუტყვს“. ადამიანი ღმერთის მიერ გაჩენილი არსებაა _ მისი საკუთარი სახების მიხედვით. ეს არის შეუვალი ჭეშმარიტება.

 

ირაკლი კაკაბაძე