რატომ შეარქვეს ქალაქის გამგეობას ზუგდიდლებმა „ხაშილნია?“

b44

„აჩრდილი დადის ზუგდიდში, აჩრდილი მიშასი“, _ ბევრჯერ და სხვადასხვაზე ადამიანზე მორგებულ ამ უკვდავ ფრაზას არსად არ აქვს ისეთი თანხვედრა, როგორც ამჟამინდელ ზუგდიდში და უნდა ითქვას ისიც, რომ რაც უფრო ეცემა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რომელიც სამეგრელოში არც არასდროს ეთამაშებოდა ვარსკვლავებს, მით უფრო მკვეთრია მიშას აჩრდილი და მით უფრო თეთრია ადგილობრივ ხელისუფალთა ღამეები.

რას იზამ, სამეგრელოში სააკაშვილი პოპულარულია და ვერც კახა მიქაია, ვერც ლალი ანთია, ვერც ედიშერ თოლორაია და ვერც სხვები ამ მოცემულობას ვერ შეცვლიან. ჯერ იყო და, „რუსთავი-2“-ის კონცერტის წინ, იმის მიუხედავად, რომ ზაფხული გახლდათ, სკოლების დირექტორები შეაფუცხუნეს, _ ემანდ, სასწრაფოდ ჩამოურეკეთ თქვენს მოსწავლეებს, გაარკვიეთ, სად არიან და რჩევა მიეცით, კონცერტზე არ მივიდნენო, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა: ერთ-ერთმა დირექტორმა დაიქადნა, _ თუ ამ უმსგავსობას არ შეწყვეტთ, ჟურნალისტებს ყველაფერს შევატყობინებო და რესურსცენტრმაც უკან დაიხია, _ აქაოდა, ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვივალებიაო.

როგორ ჩატარდა კონცერტი ზუგდიდში, ყველამ ნახა და „ოცნებისტები“ სულ ტყუილად იმშვიდებენ თავს, უფასო კონცერტზე მისული ადამიანების რაოდენობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა პროპორციული სულაც არაა და თანაც, იქ უმეტესობა ბავშვები და ახალგაზრდები იყვნენო. დიახ, ასეა _ კონცერტზე მისულთაგან ყველა არ იყო „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, მაგრამ მერწმუნეთ, ხელისუფალნო, თქვენი მოწინააღმდეგე ან თქვენზე გულაცრუებული კი, მინიმუმ, 90% მაინც იყო და რა ხეირი თქვენთვის, რომ „ნაცმოძრაობას“ არ დაუჭერენ მხარს?

მოკლედ, „ოცნებას“სამეგრელოშიც კარგა გვარიანად აერია რამსები. ეს არცაა გასაკვირი, თუ ვნახავთ, რომ აქ მათი დასაყრდენი, როგორც წესი, „ნაცმოძრაობის“ ნავიდან „ოცნების“ ხომალდზე გადამხტარი მედროვეები იყვნენ. „ოცნების“ კრახი განსაკუთრებით გამოვლინდა სენაკში, სადაც ყოფილმა „ნაციონალმა“, მეტიც, ყოფილმა გუბერნატორმა, აწ უკვე მეოცნებე გურამ მისაბიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე აითვალწუნა _ ხვიჩა ჯიშკარიანი, რომელიც ადგილობრივებში მართლაც სარგებლობდა ავტორიტეტით, ყოველ შემთხვევაში, სენაკში ყველამ იცის, რომ ზოგიერთივით არ გასვრილა კორუფციაში და ქალაქისთვის საჭირო საქმესაც, ასე თუ ისე, აკეთებდა…

მისაბიშვილს ლახვარი ჩასცეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმაც: ვინ, თუ არა „ნაციონალებმა“ იციან, რას აკეთებდა გურამ მისაბიშვილი წინა ხელისუფლების დროს, რა ბერკეტებს იყენებდა და როგორ ანაწილებდა გავლენის სფეროებს…

რაც შეეხება ზუგდიდს, იქ ადგილობრივი ხელისუფლება სრულ ეიფორიაშია. ყველა მიმართულებით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, „ბარდაკია“: ქალაქის გამგეობას ზუგდიდლებმა „ხაშილნია“ შეარქვეს და ეს „მოფერებითი“ ტერმინი სულაც არ უკავშირდება ხაშს, რადგან მეგრულად „ხაშუა“ ხარშვას ნიშნავს… ხოლო რის ხარშვას მოიხსენიებენ ჟარგონულ საუბრებში, ყველამ კარგად ვიცით…

იმისთვის, რომ რაღაცის კეთების ილუზია შექმნილიყო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე ქუჩაზე გზის საფრის დაგება დაიწყო. ბევრგან ამ სამუშაოებს ახალგამოჩეკილი, ელემენტარული გამოცდილების არმქონე ფირმები ატარებენ _ აბა, ვინც წინა წლებში დაგვაქცია და დაგვაფსო, მაგათ ხომ არ ჩაუგდებდნენ ხელში?

შედეგი? _ რამდენიმე ქუჩაზე დაგებული ასფალტი და სამ თვეში ასფალტზე გაჩენილი ორმოები. თუმცა ნუ დავუკარგავთ, ზუგდიდის აღმოსავლეთის შემოსასვლელში გზა ნამდვილად ხარისხიანად გააკეთეს, რადგან იცოდნენ, რომ გახსნიდან მეორე დღეს ამ გზაზე ანაკლიაში მიმავალ პრემიერ-მინისტრს უნდა გაევლო. იმ გზებზე კი, რომლებიც პრემიერის მარშრუტში არ მოხვდა, აბა, რა გითხრათ?..

მიშას აჩრდილის დევნა არა მხოლოდ კონცერტებზე მისული ბავშვების გაკონტროლების მცდელობაში, ქალაქში მიშას დროს დატოვებული ნაკვალევის წაშლაშიც ვლინდება. და თუმცა ნაკვალევი ბევრია და ვერ წაშლი, ხომ ცდილობენ მაინც? მაგალითი გნებავთ? ახლავე: ქალაქის ცენტრში მდებარე შადრევანი.

რა, რა და მიშას შადრევნების გემოვნებას მაინც ვერ დაუწუნებდი _ ისეთებს და იმდენს ხსნიდა, რომ ჯერ ხომ „შადრევან პირველი“ შეარქვეს, მერე იყო და, თუ არ ვცდები, ინგა გრიგოლიას გადაცემის პრომოში დიდხანს ისმოდა ახლანდელი თავდაცვის მინისტრის ხმა: „რა ამბავია ამდენი შადრევანი? რა, ჟენევაში ვართ?“ _ ჰოდა, მიშამ ზუგდიდში შადრევანი გახსნა. ერთი კი არა, ორი გახსნა და სწორედ ეს მეორე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის წინ გახსნილი შადრევანი იქცა განხილვის საგნად ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე მიზანში ამოიღო და, საბოლოოდ, მასზე „გაიმარჯვა“ კიდეც…

რა ხდებოდა? საქმე ის გახლდათ, რომ შადრევანი ბეტონის ლამაზ ფილაქნებზე ამოყვანილი საქართველოს დროშიდან „ამოსჩქეფდა“, ანუ მოზაიკებით შექმნილი იყო დროშა, ხოლო მისი ყოველი ჯვრიდან წყალი ამოდიოდა. ბუნებრივია, ამ შადრევნის გარე პერიმეტრზე ადამიანები მოძრაობდნენ, როცა ის არ იყო ჩართული, ხოლო როცა ჩართული იყო, ძირითადად, ბავშვები ჭყუმპალაობდნენ ზაფხულში.

ჰოდა, განხილვის საგნად სწორედ ეს იქცა, _ როგორ შეიძლება, დროშაზე ფეხით გაიაროო?! და თუმცა ასეთი შადრევნების უამრავი ანალოგი არსებობს ისეთ ქვეყნებში, რომლებზეც ვერ იტყვი, დროშას არ სცემენ პატივსო, მაგრამ ოპოზიცია რის ოპოზიცია იქნებოდა, შარი ვერ მოედო და მოსდო კიდეც.

შადრევნის რეაბილიტაცია _ როგორც მას ზუგდიდის ხელისუფლებამ დაარქვა, უკვე დასრულებულია. ბიუჯეტიდან დაიხარჯა სოლიდური თანხა, გამოცხადდა ტენდერი, კომპანიამ სამუშაოები ჩაატარა. და რა? აღმოჩნდა, რომ ახალი არაფრით სჯობს წინას, ერთადერთი ეგაა, რომ დროშა აღარ არის, სამაგიეროდ, დიზაინი იმდენად მწირია, თვით ყველაზე პირწავარდნილი ქოცებიც კი აღიარებენ, აშკარად წინა სჯობდაო…

ინფრასტრუქტურით ეს სტატია შემთხვევით არ დამიწყია _ უფრო მძიმე თემები ბოლოსკენ შემოვინახე. უფრო სწორად, თემა _ კრიმინალი.

დიდი დაკვირვება სულაც არ არის საჭირო დარწმუნდე, რომ ზუგდიდში მოსახლეობა უკვე საღამოობით ქუჩაში დიდხანს ყოფნას თავს არიდებს. ცხადია, არც ახალგაზრდების სიმრავლეა, როგორც ეს ადრე იყო რაფიელ ერისთავის სახელობის ხეივანში, იუსტიციის ახალ სახლთან, თუნდაც, ბოტანიკურ ბაღში…

მიზეზი ძალიან მარტივია: გახშირდა ქურდობის, ძარცვის ფაქტები: ვიღაცამ ვალუტის გადამცვლელს „დაუპადიეზდა“ და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ფული კი გასტაცა, ვიღაცას მანქანიდან გვერდითი სარკეები მოუხსნეს, ვიღაცას კი ტრანსპორტში საფულე ამოაცალეს.

მაგრამ იმან, რაც აგვისტოს ბოლოს ზუგდიდში მოხდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საქმე ის გახლავთ, რომ დღისით, მზისით, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ბიზნესმენი რუზგენ ჩუხუა. მას მკერდში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ჭრილობა გამავალი იყო. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. სწორედ თვითმკვლელობის ვერსიაა ერთადერთი სამუშაო ვერსია, სხვა ვერსიას გამოძიება არც კი განიხილავს.

ამავე დროს, ბიზნესმენის ოჯახი აცხადებს, რომ რუზგენ ჩუხუა მოკლეს. გასაჯაროვდა ვიდეო მასალაც, რომელზედაც სწორედ ტრაგიკული დღის ის მონაკვეთია ასახული, როცა რუზგენ ჩუხუა საკუთარი ავტომობილით შინ ბრუნდება. ვიდეომასალა ჟურნალისტებს ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წარმომადგენელმა, ლევან თორიამ გადასცა.

ვიდეოში შორი კადრით, მაგრამ ჩანს, როგორ ჩერდება ბიზნესმენის შავი ფერის ავტომანქანა მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტა ხანში კი მას უახლოვდება მეორე, ასევე მსუბუქი მანქანა. ბიზნესმენი აღებს კარს, თუმცა კადრიდან თითქმის შეუძლებელია ნათლად დანახვა, რა ხდება მის ავტომანქანაში.

როგორც ლევან თორიამ ბრიფინგზე განაცხადა, რუზგენ ჩუხუას მკვლელობას ადასტურებს სწორედ ამ ვიდეოში ასახული ფაქტი, რომ ის იმ დღეს თავად იჯდა საჭესთან, რამდენიმე წუთში კი გარდაცვლილს უკანა სავარძელზე პოულობენ.

ამასთან, თორიას განცხადებით, მკვლელობის ვერსიას ამყარებს დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ჩუხუას გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული აქვს გამავალი ჭრილობა, მიმართულებით ზევიდან ქვევით. ლევან თორიას თქმით, მის გარდაცვალებას წინ უძღოდა ასევე მუქარები ზუგდიდის დაცვის პოლიციის უფროსის, ზვიად კილასონიას მხრიდან.

„31 აგვისტო _ ბიზნესმენის ლიკვიდაციის დღე _ იყო მუქარისა და ზეწოლის პიკი. ჩუხუას რამდენჯერმე შეხვდნენ კილასოანია, ჯიშკარიანი და სხვები, რომლებიც მას აგრესიულად ექცეოდნენ, ბოლოს კი მანქანას გამოედევნენ. მაშინ, როცა რუზგენი თავისი მანქანით გაჩერდა საკუთარ სახლთან, მივიდნენ და მოხდა გასროლა“, _ განაცხადა ლევან თორიამ.

ის მიიჩნევს, რომ ბიზნესმენის გარდაცვალება არ უკავშირდება ფინანსურ საკითხებს, არამედ „გარკვეულ ძალებს“ სურდათ მისი მოშორება. აქვე თორია დასძენს, რომ სხვა პირებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასაც ჰქონდა ფინანსური ვალდებულებები გარდაცვლილის წინაშე. ცენტრის წარმომადგენლის მტკიცებით, სწორედ მას მიჰყიდა რუზგენ ჩუხუამ უძრავი ქონება, სადაც დღეისთვის სლოტ-კლუბი „რიოა“ განთავსებული, თუმცა თანხა ბოლომდე არ გადაუხდია. თორია არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ სურს, ბიზნესმენის გარდაცვალების საქმეზე სიმართლე დადგინდეს…

გარდაცვლილის ცოლის, რუზანა მარგარიანის თქმით, მისი ქმრის მისამართით იყო მუქარები, მათ შორის, მუქარის შემცველი შეტყობინებები, ზარები ტელეფონზე, დაცვის პოლიციის უფროსის, ზვიად კილასონიასა და მისი სიძეების მხრიდან. საქმე ფულს ეხებოდა, რომელიც რუზგენ ჩუხუას ემართა. რუზანა მარგარიანი იხსენებს, რომ მათთან ხუთშაბათს იმყოფებოდა ზვიად კილასონია, ასევე შაბათს აგრესიულად იყო განწყობილი და გარდაცვლილთან შეხვედრას ითხოვდა. ცოლის თქმით, მას ჯერ ზვიად კილასონია დაემუქრა, თუ თანხას არ მოიტან, ვიცით, რა მოგიხერხოთო, მოგვიანებით იგივე შინაარსის შეტყობინება ტელეფონზე უკვე კილასონიას სიძისგან მიიღო. ორშაბათს კი სახლიდან გასულს მოშორებით დაცვის პოლიციის უფროსი და მისი სიძეები დახვდნენ:

„რუსლანმა ძმას დაურეკა და დახმარება ითხოვა. მერე ტელეფონი გამოირთო. ათ წუთში მირეკავს რუსლანი, სად არისო რუზგენი, მე გარეთ გამოვედი. მანქანა ჭიშკართან იდგა და მისი ყველა კარი ღია იყო. უკანა სავარძელზე მკვდარი იწვა ჩემი ქმარი. ისინი გარბოდნენ“, _ ამბობს მეუღლე.

მაია ნიკოლეიშვილმა დაადასტურა, რომ ეჭვები არსებობს, თუმცა კონკრეტულად არაფერი უთქვამს, – სხვადასხვა ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო და სიმართლე მერე დადგინდებაო…

როგორ წარიმართება გამოძიება, ჯერ უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ბუნდოვანი საქმე აქ წლების წინაც არ ახსოვთ. ადგილობრივები პარალელს ავლებენ ეროსი კიწმარიშვილის დღემდე ბურუსით მოცულ სიკვდილთან და არცთუ უსაფუძვლოდ…

 

                                                                                            დოროთე გითოლენდია