ქართული მართლმსაჯულება თაღლითობის წინაშე უძლურია?!

12048422_10206847467360639_970561503_n

შარშან „ქრონიკა+“-ის 3 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია „ქალაქში დადის თაღლითი“, რამელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ შეტანილი კოლექტიური განცხადების საფუძველზე პროკურატურამ ათი ადამიანი საქმეზე დაზარალებულად ცნო, ისინი დღემდე სამართლიანობას ვერ აღწევენ. როგორც ჩანს, სახელმწიფო ორგანოები „გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთნით“ პრინციპით ამჯობინებენ მოქმედებას.

„ქრონიკა+“ გახმაურებული საქმის მიმდინარე პერიპეტიებზე ერთ-ერთ დაზარალებულს, შოთა ჩხეიძეს ესაუბრება, ხოლო დასკვნების კეთებას მკითხველს მივანდობთ. 

_ ჩვენ ვართ ერთი პიროვნების მიმართ ნდობისა და სიკეთის გამოვლენის გამო გაბრიყვებული, მოტყუებული, დაზარალებული და ქართული მართლმსაჯულების მიერ იგნორირებული ადამიანები. საქმე ეხება მოქალაქე ალბერტ (ლებე) გიორგობიანის ჩვენ მიმართ თაღლითურ ქმედებას, მის პასუხს ჩვენს სიკეთეზე.

ალბერტ გიორგობიანი (რომელიც რაჭის ერთ-ერთ სოფელში იზრდებოდა) ქალაქ ქუთაისში ჩამოვიდა, სადაც ახალგაზრდობის წლები დაჰყო; იქიდან გადმოვიდა თბილისში, სადაც საქმოსნის სახელი მოიხვეჭა და მოახერხა შეეძინა ბინები: პეტრიაშვილის 4-ში (ფართობი 72 კვ.მ., დამხ. ფართი 43 კვ.მ., სადაც ცხოვრობდა თვითონ), იქვე სარდაფი (12 კვ.მ.); თამარაშვილის 4ა (250 კვ.მ., რომელიც გაქირავებულია უცხოელებზე), იქვე სარდაფის ტიპის ფართი (156 კვ.მ.); აღმაშენებლის გამზირი 144 საოფისე ფართი (100 კვ.მ., სადაც ამჟამად მდებარეობს ქირით მაღაზია „ბატა“) და 3-სართულიანი სახლი სოფ. დიღომში ხეხილიანი ეზოთი და მიწის ნაკვეთით, სადაც ცხოვრობს მისი მეუღლე, ლამარა ლორია.

ალბერტ გიორგობიანი (როგორც მისმა ქმედებებმა გვიჩვენა და შემდეგში ჩვენთან ურთიერთობით გამოაშკარავდა) დახელოვნებული იყო მიმნდობი ადამიანებისგან დიდი ოდენობით სესხის აღებაზე, რომლის გარანტად იყენებდა ზემოაღნიშნული ქონების ჩამოთვლა-დათვალიერებას (მსხვერპლისათვის ჩვენებას); ამბობდა, რომ პეტრიაშვილზე მდებარე ბინაში 100.000 დოლარს სთავაზობენ, თამარაშვილზე _ 400.000 დოლარს, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფართში _ 1 მილიონ 200 ათას დოლარს, ხოლო 3-სართულიანი სასახლე სოფ. დიღომში შეუფასებელი იყო და ვერც შეელეოდა.

ამასთან ერთად, როგორც წესი, ყველასთან ჩამოთვლიდა ხოლმე ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს და მათ მის ახლო მეგობრებად ასაღებდა. მსხვერპლთან საუბრის დროს ამბობდა, რომ მალე ჩამოდის პიროვნება, ვისაც მისთვის ჩამოაქვს დიდი ოდენობით თანხა, ამერიკიდან მეგობარი უგზავნის ფულს, მალე რესტორანს აიღებს იჯარით, მის წილში შემოდის ვიღაც, რომელსაც 25 ან 50 ათასი შემოაქვს და იქიდან გადაუხდის მას ვალს და ა. შ. ამით ატყუებდა  მსხვერპლს და ვალის გადახდის დროს წელავდა.

როგორც მისი ქმედებებიდან გამოჩნდა, ის გამიზნულად, სპეციალურად იღებდა ქირით სხვადასხვა, მაღალი რანგის რესტორანს მსხვერპლისთვის საჩვენებლად და არწმუნებდა მას, რომ თუ ის ფულს ასესხებდა, ამ რესტორანს ინტენსიურად აამუშავებდა, ბევრ ფულს გააკეთებდა, მასაც ახეირებდა და მის ვალს იოლად, თანაც მალე დაუბრუნებდა. ასე აიღო მან 2012 წლის მარტში ქირით რესტორანი „სადადიანო“, რომელიც ნორმალურად არ აამუშავა; ფაქტობრივად, შეინარჩუნა რამდენიმე თვე და ბოლო 3-თვის ქირის ფულიც კი არ გადაუხდია მეპატრონისთვის, ისე წამოვიდა იქიდან. მალე მან მეორე რესტორანი აიღო ქირით ყიფშიძის 48-ში (რესტორანი „გორგია“). აქაც რამდენიმე თვე „იმუშავა“ და ისე წამოვიდა, რომ 1,5 თვის ქირის ფული არ გადაუხდია. ამ პერიოდში (2012-2014 წლის 1-ლი კვარტალი) კი მან მოახერხა, ჩვენი, 10 ადამიანის თაღლითური გზით „გადაგდება“; კერძოდ: ზოგიერთს არწმუნებდა, რომ თუ იგი რესტორნის 25%-იან წილში შევიდოდა, დიდ ფულს გააკეთებინებდა და ჩადებულ ფულსაც რამდენიმე თვეში დაუბრუნებდა; ზოგს კი უპროცენტოდ, სესხის სანაცვლოდ მაღალი პროცენტით (5-10% თვეში) ანაზღაურებას ჰპირდებოდა. შემდეგში, როცა მის ძებნაში უცნობმა ადამიანებმა ერთმანეთი გავიცანით, გამოაშკარავდა, რომ რესტორნების მესაკუთრეებთან დადებულ ხელშეკრულებებში არსად არ ვჩანდით მისი მევალეები და 100%-იანი წილით მხოლოდ თვითონ ფიგურირებდა. მის აშკარა თაღლითობაზე მიუთითებს ასევე ისიც, რომ 25%-იანი წილის შეპირებით გაბრიყვებული ადამიანების რაოდენობა ბევრად აჭარბებდა 100%-ს! ალბერტ გიორგობიანი ამითაც არ ჯერდებოდა და ათეულობით ადამიანს სთავაზობდა იგივე პირობებს. ეს პიროვნებები ჩვენთვის ცნობილია და საჭიროების შემთხვევაში ისინი ამას დაადასტურებენ.

_ ვინ არიან ეს ადამიანები?

_ წარმოგიდგენთ დაზარალებული ადამიანების სიას: ოთარ დვალაძე მისი ახლო მეგობარი, რომელთანაც ერთად ალბერტ გიორგობიანმა დაჰყო ბავშვობის წლები რაჭაში. მან ეს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანი მოძებნა თბილისში (რომელიც ცოლ-შვილთან ერთად სიდედრთან ცხოვრობს) და მატერიალურად წელში გამართვის შეპირებით ასესხებინა ნათესავებსა და მეზობლებში 5000 აშშ დოლარი; იჯარით აღებულ რესტორან „გორგიაში“ წაიყვანა თითქოს მეწილედ (25%), მუშაობის (3 თვე) გასამრჯელოც კი არ მისცა, მიატოვა იგი რესტორანში და თვითონ წამოვიდა რესტორნიდან ისე, რომ ვალის ნაწილიც კი არ დაუბრუნებია;

თენგიზ ჭოლაძე, ოთარ დვალაძის ახლობელი, რომელმაც ამ უკანასკნელის რეკომენდაციით გიორგობიანს მისცა 6000 დოლარი რესტორნის 25%-იანი წილის სანაცვლოდ (ეს თანხაც, ფაქტობრივად, როგორც რეკომენდატორს _ ოთარ დვალაძეს ედება ვალად 5000 დოლართან ერთად, სულ 11000 დოლარი. ვაჟა ლორია, გიორგობიანის მეუღლის ახლო ნათესავი, რომელსაც 2013 წლის თებერვალში ბანკიდან გამოატანინა მის მიერ შეტანილი 10000 ლარი სესხად 2-3 თვით, რისი პროცენტითაც (3% თვეში) ეს მოხუცი ადამიანი ცხოვრობდა; გელა ფოცხიშვილი, გიორგობიანის ახლო მეგობრის შვილი, მას გამოართვა 4500 დოლარი 2014 წლის იანვარში; მასაც ჰპირდებოდა 25%-იან წილს რესტორან „გორგიაში“, რისთვისაც ლომბარდში ჩაადებინა ავტომანქანა.

(ასევე მოატყუა აწგარდაცვლილი მისი ახლო მეგობრის სიძე, გიორგი ჯალიაშვილი და 25%-იანი წილის შეპირების სანაცვლოდ გამოართვა 2500 დოლარი. მან სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვისგან თავი შეიკავა);

მე, შოთა ჩხეიძე, გიორგობიანის, უბრალოდ, ნაცნობი, მაგრამ მისგან გამიზნულად, წინასწარ გამოჩენილი ყურადღების გამო (ჩემს უახლოეს მეგობარს თითქოსდა ჩემი ხათრითა და პატივისცემით აჩუქა 900 ლარი საჭირო ოპერაციის გასაკეთებლად) მორალურად დავალებული ადამიანი, რომელსაც 2012 წლის თებერვალში გამომართვა 6000 დოლარი 3 თვით (მეც მპირდებოდა 25%-იან წილს რესტორნიდან); ნანული რუხაია, რომელსაც გამოართვა 2000 დოლარი სესხად 2012 წლის ოქტომბერში; რუსუდან კეშელავას გამოართვა 5000 დოლარი; ლიალია მწითურიძემ ალბერტ გიორგობიანს მისცა 5000 დოლარი სესხად; ნანა ბერაძე _ გიორგობიანის ძველი ნაცნობი, რომლის რეკომენდაციითაც ერთ-ერთი ქალბატონისგან ისესხა რამდენიმე თვით 7000 დოლარი, მაღალი პროცენტით დაბრუნების შეპირებით. 2 წლის შემდეგ ამ ქალბატონს ბავშვი გაუხდა ავად მძიმე დაავადებით, რაც სასწრაფო ოპერაციას მოითხოვდა. საერთო ნაცნობებისა და საზოგადოებაში ცნობილი ადამიანების ჩარევის მიუხედავად, გიორგობიანმა ვალის ნაწილიც კი არ დააბრუნა… ოჯახის უსახსრობის გამო ბავშვი გარდაიცვალა (მარტო ეს იყო საკმარისი იმ განაჩენისთვის, რაც განგებამ ალბერტ გიორგობიანს გამოუტანა)!!! ქალბატონს ნანა ბერაძემ აუნაზღაურა მისი რეკომენდაციით გაცემული თანხა და თვითონ დარჩა დაზარალებული;

ჟუჟუნა წულაძე _ გიორგობიანმა ახლობელი ადამიანის, აწგარდაცვლილი ირაკლი წულაძის მეუღლისგან ისესხა 10500 დოლარი რამდენიმე თვით. აღსანიშნავია, რომ წლების წინათ ქუთაისიდან თბილისში გადმოსული ალბერტ გიორგობიანი, მისთვის დამახასიათებელი თაღლითური თვისებების გამოყენებით, დაუახლოვდა აღნიშნულ პიროვნებას, რომელსაც წარმატებული ბიზნესი ჰქონდა თბილისში და მისი დახმარებით შეძლო საქმიანობის დაწყება და შემდგომი განხორციელება; მან მოახერხა ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა მის ოჯახთან, ირაკლი წულაძის გარდაცვალების შემდეგ მიაკითხა ოჯახს და მისი მეუღლისაგან რამდენიმე თვით ისესხა ზემოთ აღნიშნული თანხა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩამოთვლილ ათივე მევალეს იგი სთხოვდა, მისი ვალი საიდუმლოდ შეენახათ იმ მოტივით, რომ მისთვის, როგორც დიდი ქონებისა და საქმეების მფლობელი ადამიანისათვის, სირცხვილი იქნებოდა ასეთი მცირე თანხის (5-10 ათასი დოლარი) ვალის აღება. თითოეულ მევალეს გვეგონა, რომ მხოლოდ ჩვენი ვალი ჰქონდა და ამ თხოვნას ვუსრულებდით და თითქმის 2 წლის განმავლობაში ვისმენდით მის ბოდიშებს ვალის დათქმულ ვადებში დაუბრუნებლობის გამო და ზღაპრებს იმის შესახებ, რომ „სულ მალე საქმეს მაგრად ააწყობს რესტორანში, ვიღაც ჩამოდის და მისთვის დიდი თანხა ჩამოაქვს, მის ახლობელს 1 მილიონი ლარი გამოაქვს ბანკიდან და მას ნაწილს აძლევს სესხად“ და ა. შ. ჩვენც შევდიოდით მის მდგომარეობაში და ვაცდიდით. როცა დავრწმუნდით, რომ იგი იტყუებოდა და თაღლითობა შევამჩნიეთ, დავიწყეთ ვალის დაბრუნების კატეგორიული მოთხოვნა. მე, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, მისი უტიფრობით აღშფოთებული (2 წლის განმავლობაში მატყუებდა) იძულებული გავხდი, მაგნიტოფონზე ჩამეწერა მის მიერ ვალის მრავალფერადი აღიარება, ბოდიშები და შეპირებები.

_ რა შედეგი მიიღეთ აღნიშნული ნაბიჯებით?

_ ალბერტ გიორგობიანს მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, არც ერთი მევალისთვის არ დაუბრუნებია ვალის მცირე ნაწილიც კი. იგი შიშობდა და განზრახული ჰქონდა (თუ ამის საჭიროება ოფიციალურად დადგებოდა), უარეყო საერთოდ ჩვენგან ვალის აღების ფაქტი (ასეც მოიქცა). 2014 წლის მარტის ბოლოდან კი საერთოდ დაიკარგა, არც თავის ბინაში იმყოფებოდა (ღამეს სადღაც სხვაგან ათევდა) და აღარც ტელეფონზე პასუხობდა. თუ დავუჯერებთ მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს (ქალიშვილი, მეუღლე, და, დისშვილი, გერი), მათ არ იცოდნენ, სად იყო ის; თუმცა მათ არ ეტყობოდათ შეშფოთება იმის გამო, სად გაქრა, ან რა მდგომარეობაში იყო 78 წლის უახლოესი ადამიანი.

როცა ალბერტ გიორგობიანი მევალეებთან შეხვედრისას ვალის დაუბრუნებლობის მიზეზად ახალ-ახალ ხელშემშლელ ფაქტორებს იშველიებდა და თანაც ამბობდა, რომ „ჯიბეში 10 ლარიც არ აქვს, ბენზინის ჩასასხმელი ფული არ აქვს“ და ა. შ. შემდეგში გაირკვა, რომ იმ პერიოდში (2014 წლის თებერვალი) ოთარ დვალაძისა და თენგიზ ჭოლაძისგან აღებული ჰქონდა 11000 დოლარი, გელა ფოცხიშვილისგან 4500 დოლარი, ვაჟა ლორიასგან 10000 ლარი და ა. შ. ამასთან ერთად, მას გაყიდული ჰქონდა თამარაშვილის ქ. #4ა-ში 156 კვ.მ. სარდაფი 40 ათას დოლარად მოქალაქე ნ. გიორგაძეზე (2013 წელი), ხოლო აღმაშენებლის 144-ის ფართის ნაწილები (2014 წლის იანვარი და მარტი).

ამ ფულებიდან მას არც რესტორანში მიუტანია რაიმე და არც რესტორნის ქირა გადაუხდია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ალბერტ გიორგობიანის ძებნის პერიოდში ჩვენი ურთიერთგაცნობისა (2014 წლის მარტი-აპრილი) და ვაკე-საბურთალოს პოლიციაში კოლექტიური განცხადების შეტანის შემდეგაც (2014 წლის 5 მაისი) მან გააგრძელა თავისი „მოღვაწეობა“ ახალი რესტორნის იჯარით ასაღებად. იგი რამდენჯერმე იყო მისული დოლიძის ქუჩაზე, ეკლესიის პირდაპირ მდებარე საბანკეტო დარბაზში და მის მესაკუთრეს, ქ-ნ რუსუდანს შესთავაზა პარტნიორობა და მისთვის ჩვეული ხერხით ჩამოუთვალა მისი ქონება და ნაცნობ-მეგობრების წრე. უარის მიღების შემდეგ მასაც ფულის სესხება სთხოვა. ასევე რამდენიმე დღის შემდეგ იგი ნახეს სასტუმრო „საქართველოს“ წინ ლომბარდში, სადაც მიყვანილი ჰყავდა მორიგი მსხვერპლი ფულის გამოტანის მიზნით მიტანილი ნივთით.

ეს ფაქტი საინტერესოა იმით, რომ, როგორც ჩანს, ალბერტ გიორგობიანი თავისი ქალიშვილის თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების საფუძველზე სამართალდამცველ ორგანოებში დააიმედეს, რომ მას არაფერი დაემუქრებოდა. ამის შედეგი იყო ისიც, რომ თითქმის 2 თვით დაკარგული ალბერტ გიორგობიანი აღარ იმალებოდა, თავის ბინაშიც ათევდა ღამეს და თავისუფლადაც გადაადგილდებოდა.

ეჭვს არ იწვევს ის, რომ ალბერტ გიორგობიანის ოჯახის უშუალო წევრები: მეუღლე, შვილი საქმის კურსში იყვნენ მის თაღლითურ ქმედებებში, განსაკუთრებით კი მისი ქალიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს თანამშრომელი, ყოფილი ვიცე-კონსული ავსტრიაში.

_ გქონდათ თუ არა ამ პრობლემაზე უშუალო საუბარი გიორგობიანის ქალიშვილთან?

_ დაზარალებული ადამიანების ჯგუფი შევხვდით მის ქალიშვილს. ჩვენდა გასაკვირად მან „ხელი დაიბანა“ მამამისის ქმედებებისგან და განგვიცხადა, რომ მამამისს იმ ბინებიდან არაფერი ეკუთვნის, ყველა მათი ქონება დედამ შექმნა, რომელიც ცალკე ცხოვრობს, ქმართან არავითარი ურთიერთობა არ გააჩნია, არც ელაპარაკება; მასაც არ აქვს მამამისთან კარგი ურთიერთობა და ამიტომაც არ იცის, სად არის და როგორ არის როგორც გინდათ ისე მოიქეცით, თუგინდ პროკურატურაში იჩივლეთო…

_ რა მოიმოქმედეთ ამის შემდეგ?

_ ყოველივე ამის შემდეგ, 2014 წლის 5 მაისს, განცხადება შევიტანეთ ვაკე-საბურთალოს პოლიციაში. თამარ გიორგობიანის აქტიური ხელშეწყობა მამამისის თაღლითურ საქმიანობაში კარგად ჩანს მის მიერ გაკეთებულ ცრუ განცხადებებსა და ქმედებებში, კერძოდ: მან იცრუა, როცა გაზეთ „ქრონიკა+“-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ის არც ერთ პიროვნებას არ იცნობს, რომლებსაც მამამისთან პრეტენზიები აქვთ. სინამდვილეში ერთ-ერთი მათგანი, ვაჟა ლორია, დედამისის ბიძაშვილია, მისი ოჯახის უახლოესი ადამიანი, რომელმაც თამარ გიორგობიანს რამდენიმე წლის წინათ ოპერაცია გაუკეთა და მისი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო;

გიორგობიანმა მოიტყუა, როცა განაცხადა: არ ვერევი მამაჩემის  საქმეებში და არც მაქვს მასთან ახლო მამაშვილური ურთიერთობაო. ის ახლდა მამამისს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ჩვენების მიცემის დროს; გიორგობიანმა, რომელიც „არ ერეოდა მამამისის საქმეებში“, იმავე დღეს, როცა ჩვენ განცხადება შევიტანეთ გადაიფორმა 2 ბინა თავის და მისი შვილების სახელზე (სოფ. დიღომში 3-სართულიანი სახლი ნაკვეთით და აღმაშენებლის გამზ. 144-ში მდებარე საოფისე ფართი _ 92 კვ.მ., სადაც მდებარეობს მაღაზია „ბატა“). მესამე ბინა პეტრიაშვილის 4-ში (იგი ერთადერთია, რომელიც ალბერტ გიორგობიანის სახელზეა დღესაც) ვერ გადააფორმა, რადგან იგი იპოთეკით იყო დატვირთული და ყადაღა ედო.

თამარ გიორგობიანის სიხარბე და უპასუხისმგებლო, უსულგულო დამოკიდებულება დაზარალებული ადამიანებისადმი კიდევ ერთხელ გამოჩნდა მაშინ, როცა ივლისში, მამამისის გარდაცვალების შემდეგ, ვალების გადახდის ნაცვლად, ჩვენ მიერ ქ. თბილისის სამოქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ ის თავის ძმასთან ერთად (ა. გიორგობიანის გერი) მივიდა ერთ-ერთ  დაზარალებულთან, დედამისის ბიძაშვილთან, ვაჟა ლორიასთან და ეცადა დაეყოლიებინა იგი, შეთანხმებული თანხის გადახდის სანაცვლოდ ჩამოშორებოდა სხვა დაზარალებულებს. ამით მას სურდა, მოსარჩელეებისგან ჩამოეცილებინა ახლობელი ნათესავი, რათა ვერსიას იმის შესახებ, რომ ალბერტ გიორგობიანს არავის ვალი არ ჰქონდა, მეტი დამაჯერებლობა მისცემოდა.

ვაჟა ლორიას იმდენი პატიოსნება და მოქალაქეობრივი ვალდებულება აღმოაჩნდა, რომ არ დათანხმდა, გააცნო მას დაზარალებულების მძიმე მდგომარეობა და ურჩია, დაენებებინა თავი ნათესაობისთვის სამარცხვინო ქმედებებისთვის და ყველას ვალი გადაეხადა, მით უმეტეს, რომ ეს ვალი მისი პერსპექტიული ქონების მე-40 ნაწილსაც კი არ შეადგენდა.

პროფესიით დიპლომატი ადამიანი, ყოველგვარი დიპლომატიისა და ასევე მორალური წესების დაცვის გვერდის ავლით, დაუფარავად იბრძვის თავისი პერსპექტიული ქონების (5 ბინა) მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის და თავის თანამდებობასაც იყენებს.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა ჩვენ მიერ განცხადების შეტანის პირველ თვეებში: 2 თვე ძიება არ დაწყებულა, ოფიციალურად არ დავკითხულვართ, არც ყადაღა დაადეს ალბერტ გიორგობიანის სახელზე რიცხულ ერთადერთ ბინას (პეტრიაშვილის 4) და ჩემს, როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის მიერ ამ პერიოდში რამდენჯერმე მიტანილ აუდიო ჩანაწერებზე (რომლებშიც ნათლად ჩანს ალბერტ გიორგობიანის მიერ ჩადენილი თაღლითობა და მისი ბოდიშები ვალის გადახდის გაჭიანურების გამო) მირჩიეს, ჯერ არ არის საჭირო ამის ოფიციალური წარდგენა, დაველაპარაკებით ალბერტ გიორგობიანს, მის ოჯახს და მორიგებით გადაწყდება თქვენი პრობლემაო.

ივლისის ბოლოს, ჩვენ მიერ განცხადების შეტანიდან 2,5 თვეში, ალბერტ გიორგობიანი გარდაიცვალა და ასეთი მნიშვნელოვანი საბრალდებო დოკუმენტის ნამდვილობა (გამიზნულად თუ დაუდევრობის მიზეზით) დღეისთვის საეჭვო გახადეს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ პერიოდში (2014 წლის მაისი-ივნისი) არ აღძრულა, სანამ რამდენჯერმე ოფიციალური განცხადებით არ მივმართეთ პროკურატურის ზემდგომ ორგანოს.

ჩატარდა სათანადო, ობიექტური საგამოძიებო პროცედურები, დაიკითხნენ მოწმეები და ოფიციალურად დადგინდა ალბერტ გიორგობიანის ბრალეულობა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით და დაზარალებულად ვართ ცნობილი ყველა მოსარჩელე; ხოლო ალბერტ გიორგობიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა მისი გარდაცვალების გამო.

_ რა წერია პროკურატურის დადგენილებაში?

_ პროკურატურის დადგენილებაში სიტყვა-სიტყვით ჩაწერილია: „ალბერტ გიორგობიანი იჯარით იღებდა ფართს რესტორნის ფუნქციონირებისთვის, ძველ ნაცნობ-მეგობრებს ათვალიერებინებდა რესტორანს და ვითომდა რესტორნის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ თანხებს იღებდა მათგან სესხად. არაერთი მოქალაქისგან დიდი ოდენობით ფულის გამორთმევის მიუხედავად, მას სარესტორნე ბიზნესსაქმიანობა, ფაქტობრივად, არ უწარმოებია (რესტორანი „სადადიანო“, მდებარე გელოვანის გამზირზე და რამდენიმე თვის იჯარის თანხის გადაუხდელად მიტოვების შემდეგ რესტორანი „გორგია“, მდებარე ყიფშიძის #9ა-ში, რომელიც ასევე რამდენიმე თვის იჯარის თანხის გადაუხდელად მიატოვა). რესტორნების იჯარით აღება მოქალაქეთაგან მოტყუებით ფულის გამოძალვის მიზანს ემსახურებოდა“.

ვინაიდან ალბერტ გიორგობიანის გარდაცვალების გამო სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და მის მიმართ განაჩენი ვერ დადგებოდა, მივმართეთ ქ. თბილისის სამოქალაქო სასამართლოს ალბერტ გიორგობიანის მემკვიდრის, თამარ გიორგობიანისათვის ალბერტ გიორგობიანის სახელზე რიცხული ქონების (ბინა პეტრიაშვილის 4-ში) რეალიზაციით 10 დაზარალებული მოქალაქის მატერიალური ზარალის (60 ათას აშშ დოლარამდე) ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. ამ პერიოდშიც თამარ გიორგობიანმა განცხადებით მოითხოვა მამამისის ქონების მის სახელზე დამტკიცება, რაზეც მას ოფიციალურად უარი ეთქვა ჩვენი ადვოკატის მიერ სათანადო დოკუმენტების რეესტრში წარდგენის შედეგად.

რაც შეეხება გავლენიანი პირების მეშვეობით სასამართლოზე ზემოქმედებას, ის თავიდანვე შესამჩნევი გახდა. ჩვენ გასაკვირად სასამართლო არაადეკვატურად მოიქცა, როცა არ მიიღო ჩვენი კოლექტიური სარჩელი ზარალის ანაზღაურების შესახებ და დაშალა იგი 10 საქმედ. სარჩელების ცალ-ცალკე განხილვა საქმის ხელოვნურად გაჭიანურების გარდა აუფერულებს თაღლითის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ასუსტებს მოსარჩელეების მტკიცებულებებსა და მოთხოვნებს;

პირველივე პროცესებზე მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ არსებული კანონმდებლობით სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით სესხის ხელშეკრულება არ შეიძლება დადგინდესო, სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია ვალის აღების ხელწერილი არსებობდესო. ამით პროცესის დაწყებისთანავე მოწმეების დაკითხვამდეც ჩვენთვის გასაგები გახდა მათი განწყობა და შემდგომი, საბოლოო განაჩენის შინაარსიც.

ჩვენთვის მიუღებელია მოსამართლეთა ასეთი მიდგომა ჩვენი სარჩელებისადმი. ჯერ ერთი, განა მოწმეებით არ დასტურდება ხოლმე ისეთი მძიმე დანაშაულიც კი, როგორიც მკვლელობაა? სესხად ფულის გამორთმევის დასასაბუთებლად დადასტურება რატომ უნდა იყოს მიუღებელი მოწმეების ჩვენებებით, რომელთა რიცხვი თითოეულს 10-ზე მეტი გვყავს და ორივე რესტორნის თანამშრომლები არიან? მეორეც, ასეც რომ იყოს, ჩვენ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ ვადასტურებთ, რომ ალბერტ გიორგობიანმა ფული გამოგვართვა, აღარ დაგვიბრუნა და გვატყუებდა 2 წლის განმავლობაში, გვიბოდიშებდა სხვადასხვა პიროვნების თანდასწრებით და გვპირდებოდა მის დაბრუნებას. ჩვენ მოწმეების ჩვენებებთან ერთად გვაქვს პროკურატურის დასკვნაც ალბერტ გიორგობიანის მიერ თაღლითური გზით ჩვენგან ფულის მითვისებაზე და დაზარალებულად ჩვენი ცნობის თაობაზე. ამას მნიშვნელობა არ აქვს? განა, ნორმალურია მოსამართლეების განცხადება იმის თაობაზე, რომ მათ არ აინტერესებთ სისხლის სამართლის საქმის შედეგები, ვინ რა თაღლითობა ჩაიდინა და ა. შ.? მათ არც გამოუთხოვიათ საქმე პროკურატურიდან და არ გასცნობიან მას. მაშ, პროკურატურის მიერ ჩატარებული კვლევა-ძიება და დასკვნა-დადგენილება არაფერს ნიშნავს? თუ არც მოწმეების ჩვენებებსა და არც პროკურატურის დასკვნას არავითარი აზრი არ აქვს, რატომ მიიღო სარჩელები სასამართლომ განსახილველად? სარჩელების გაცნობისას მათ ხომ ნახეს, რომ ხელწერილი ალბერტ გიორგობიანისგან არც ერთ მოსარჩელეს არ ჰქონდა? ასევე რა მიზნით ხდებოდა მოწმეთა დაკითხვები და რატომ ტარდებოდა საერთოდ სასამართლო პროცესები, თუ ის წინასწარ გათვლილი, დაგეგმილი სპექტაკლი იყო? დავიჯეროთ, რომ სასამართლოს მიზანი მხოლოდ დაზარალებული ადამიანებისგან სასამართლო ბაჟის თანხის გადახდაა?

იქნებ, ვინმემ გვითხრას, რომელი თაღლითი იძლევა წინასწარ ხელწერილს ვალის აღების თაობაზე, რომლის დაბრუნებასაც ის არ აპირებს? თაღლითი იმიტომაც არის თაღლითი, რომ მან იცის, ვის გამოსტყუოს თითქოსდა სესხის სახით, ან ბიზნესსაქმიანობის წილში შეყვანის შეპირებით ფული. რასაკვირველია, ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც მას ხელწერილი არ დასჭირდება. რომელი ჩვენგანი მოსთხოვდა ალბერტ გიორგობიანს წინასწარ ხელწერილს: მისი ბავშვობის მეგობარი ოთარ დვალაძე? უახლოესი მეგობრის შვილი გელა ფოცხიშვილი? აწ გარდაცვლილი უახლოესი ადამიანის, მისთვის უამრავი სიკეთის გამკეთებლის მეუღლე ჟუჟუნა წულაძე? მისი ყოფილი თანამშრომელი (ბუღალტერი) ნანა ბერაძე? რომლებსაც 2-3 თვეში ვალის დაბრუნების გარდა რესტორნიდან წილებს და მატერიალურად წელში გასწორება-აშენებას ჰპირდებოდა?!

სამოქალაქო სასამართლოზე პროკურატურის დასკვნის, მოწმეთა ჩვენებების იგნორირება და დაზარალებულთა სარჩელებზე უარის თქმა ნიშნავს თაღლითის გამართლებას და დაზარალებულთა გამტყუნებას. გამოდის, რომ ჩვენ თვითონ ვყოფილვართ თაღლითები, შევთხზეთ ისტორიები, დავიმოწმეთ ხალხი და მოვინდომეთ ალბერტ გიორგობიანისაგან ფულის გამოძალვა. ისღა დარჩა, რომ ბარემ ჩვენი დასჯა მოითხოვონ!

არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია პროკურატურის შეფასებას და მის დასკვნა-დადგენილებას. გამოდის, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ ჰქონია თაღლითების გამამტყუნებელი, გამართული კანონმდებლობა, რასაც ამტკიცებს არა მარტო ალბერტ გიორგობიანის მიერ ჩვენი „გადაგდების“ ისტორია, არამედ ათასობით მოტყუებული, ულუკმაპუროდ და უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქის რიცხვი და მოჭარბებული თაღლითების არმია, რომელთა მიმართ ჩვენი მართლმსაჯულება უსუსური ყოფილა.

ვვარაუდობთ რა, რომ შესაძლოა, ეს წერილი იურიდიული განათლების არმქონე პასუხისმგებელმა პირებმაც წაიკითხონ, ჩვენი მოსაზრებების სისწორის საილუსტრაციოდ, თქვენთან გულწრფელი ბოდიშის მოხდით, საჭიროდ მიგვაჩნია, წარმოვადგინოთ ეს საბედისწერო, აბსურდული მუხლი, რომელიც არაადეკვატური, ურთიერთგამომრიცხავი წინადადებებითაა შედგენილი, მიუხედავად იმისა, რომ მასში სულ 3 წინადადებაა. აი, ეს „შედევრიც“: კოდექსის 624-ე მუხლი _ „სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით“. როგორც ხედავთ, მესამე წინადადება სრულიად გამორიცხავს პირველს, მიუხედავად იმისა, რომ იგი სესხზე შეთანხმების ძირითად ფორმად არის მიჩნეული.

_ ამჟამად საქმეზე რა მდგომარეობაა?

_ ვაჟა ლორიასა და ოთარ დვალაძის განაჩენები გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო დანარჩენი 8 დაზარალებულიდან მხოლოდ ჩემი სასამართლო პროცესია ჩანიშნული სამოქალაქო სასამართლოში.

მივმართავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს: გთხოვთ, კონტროლზე აიყვანოთ ჩვენი საქმე, თუ საჭირო გახდება, შეაჩეროთ მისი სასამართლო განხილვა, დააყენოთ საკითხი სამოქალაქო კოდექსის აბსურდულ, ყოვლად გაუმართლებელ, 624-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ, განსჯის საგანი გახადოთ წერილში მოყვანილი ფაქტები, რეაგირება მოახდინოთ მათზე, მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები ჩვენი სარჩელების გაერთიანებისა და მისი ობიექტურად განხილვის უზრუნველსაყოფად.

დაზარალებულთა აღნიშნულ მოთხოვნაზე მოპასუხე თამარ გიორგობიანი შემდეგი კომენტარით შემოიფარგლა: – ბატონ ვაჟას სასამართლოში აქვს საჩივარი შეტანილი და შეგიძლიათ საჯარო ინფორმაცია საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვოთ.

 

                                                                                                გელა მამულაშვილი