რატომ უწოდებენ ხაშურის დეპუტატს „პროფესიონალ აფერისტს?“

s33

ხშირად მედია დედაქალაქის პრობლემების გაშუქებით იფარგლება და რეგიონის გამოწვევები ავიწყდება. არადა, დღეს რაიონებში არსებული მდგომარეობა იმის ინდიკატორია, თუ სად იმყოფება ქვეყანა და რეალურად საით მიექანება იგი. „ქრონიკა+“ ხაშურის რაიონში მიმდინარე პროცესებზე ადგილობრივ მცხოვრებ ზაზა მეხრიშვილს კიდევ ერთხელ ესაუბრება:

_ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა: პროფესიონალ აფერისტს (რომელიც ათას რამეს ჰპირდებოდა ხაშურის მოსახლეობას) საერთოდ არაფერი გაუკეთებია რაიონისთვის _ წავიდა, გაიქცა ხაშურიდან, აღარც კი ჩამოდის. მხოლოდ ხანდახან შემოირბენს, თავის შეძენილ ობიექტებს დახედავს, რაც არჩევნებში გამარჯვების მერე შეიძინა და გარბის, ხალხის დანახვაც კი არ უნდა. არადა, რას არ ჰპირდებოდა დაქცეულ რაიონს: სტადიონის გაკეთებას, გზების, წყლის, გაზის პრობლემების მოგვარებას და სპორტკომპლექსის დაბრუნებას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელმა კორუმპირებულმა წევრებმა მიითვისეს და დღემდე ხახვივით შერჩათ.

აგრეთვე რაც კარგი მიწები იყო, ყველაფერი მათ იყიდეს, ჰექტრობით კაპიკებად, მერე სხვებზე გადააფორმეს. ასე შერჩა ყველას ყველაფერი ხაშურში. გელაშვილი გაურიგდა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც დღესაც საკრებულოს წევრია, დაუტოვა ეს მიტაცებული ქონება, რის სანაცვლოდ, კაცმა არ იცის. თუმცა ეს ჩემთვის გასაგებია, რომ აქაც პირადი ინტერესები იკვეთება. ასე მიდის ხაშურში სიამტკბილობა ხელმძღვანელ „ნაცებსა“ და ვალერი გელაშვილს შორის.

ამ ყველაფრის მერე, როგორც ხალხი საუბრობს და მეც ზუსტად ვიცი (რადგან ვალერი გელაშვილთან დაახლოებულმა პირმა საიდუმლოდ მითხრა), მატყუარა, მტაცებელი დეპუტატი კვლავ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. აი, ასე, ფული ჯოჯოხეთს ანათებს.

_ გინესების რეკორდში მინდა მოვხვდე, კიდევ უნდა ვიყარო კენჭი დეპუტატობაზეო, _ ეს მისი სიტყვებია და არც მიკვირს. გელაშვილი არჩევნების წინ დადიოდა ხალხში და ამბობდა, რომ ჯიბეგამოფხეკილი დეპუტატი არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, რომ მან საქმე აკეთოს და ფული არ მოიპაროსო. ამის კადრებიც არსებობს, რომელსაც მეც დღემდე ვინახავ. დეპუტატი, რომელიც ფულითა და პირადი ინტერესებით მოდის ხელისუფლების სათავეში, ღიად აფიქსირებს ამ ყველაფერს და იგივეს გამეორებას აპირებს. პირდაპირ დაგვცინის, ასე ჰგონია, რომ მისი ფული ყველაფერს წყვეტს.

_ ხაშურის მუნიციპალიტეტი როგორ მუშაობს?

_ რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის მუშაობას, არც აქაა მთლად კარგად საქმე. მართალია, ამ ბოლო 4 თვის მანძილზე ბევრი პროექტი განხორციელდა და ეს მართლა მისასალმებელია, მაგრამ რაც კეთდება, შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო.

კეთდება ჯებირები მდინარე სურამულაზე _ ერთ მათგანზე ჯებირი უსწორმასწოროდაა ჩასხმული. საკმაოდ სოლიდური თანხა იხარჯება ამ პროექტზე და ოდნავი ესთეტიკური მხარე მაინც კარგი იქნებოდა. რადგან კეთდება, ვფიქრობ, უკეთესია, ნორმალურად გაკეთდეს. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯებირის სწორად და ლამაზად ჩასხმა პროექტს არც ერთი თეთრით არ გააძვირებს და ეს ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. ახალი ჯებირის გამო მდინარის კალაპოტი დავიწროებულია, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს. ალბათ, ყველას გვახსოვს, სურამულას ადიდებამ რა გამოიწვია 2011 წელს და რასაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. საინტერესოა, ვინ მოამზადა და დაამტკიცა პროექტი, რომელშიც კალაპოტის დავიწროების ხარჯზე დაიგეგმა ნაპირსამაგრი სამუშაოები?

_ საკადრო საკითხი როგორ დგას რაიონში?

_ რეალურად, აქაც არაპროფესიონალ კადრებთან გვაქვს საქმე, რაც მართლა გამოსასწორებელია. მე ბევრჯერ მივმართე მუნიციპალიტეტს ზედამხედველობის სამსახურის არაპროფესიონალიზმზე, თუმცა უშედეგოდ. ნაცნობობითა და მეგობრობით ხდება ყველაფერი. ზოგისთვის ყველაფერი დასაშვებია, ზოგისთვის კი _ არაფერი.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ქუჩაზე დაყრილი ნაგვის ურნები ვიპოვე. ხალხი გამოვკითხე და მითხრეს, რომ ერთი წელიწადი აქ ყრია და არ ვიცით, რა ხდება, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი აქ ცხოვრობს და მას ჰკითხეთო. მივწერე დასუფთავების სამსახურს და ასე მიპასუხეს, _ ბატონო ზაზა, მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი ელშემდუღებელი ცხოვრობს და ეს ურნის თავსახურებიც შესაკეთებლადაა მიტანილიო…

თვალებში ნაცარს გვაყრიან იმის მაგივრად, რომ შეცდომები გამოასწორონ. დასუფთავების სამსახური მართლაც კარგად ამუშავდა ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ ხარვეზები ბევრია და თუ არ მიუთითე, სტატია არ გამოაქვეყნე, ყურს არავინ იბერტყავს. ესაა დიდი უბედურება, რომ მითითებები სჭირდებათ და ისეთი კადრი არავინაა, რომელიც ამ ყველაფერს ხელს მოჰკიდებს და გააკეთებს.

_ ამ კონტექსტში სტადიონის პრობლემას თუ ეშველა რამე?

_ სტადიონის თემაზე ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. თუ ვერ აკეთებენ, ხომ შეიძლება, ნაგავი მაინც გაიტანონ და, უბრალოდ, შემოღობონ, რომ ბავშვებმა ივარჯიშონ? რაგბისა და ფეხბურთის გუნდს ნაგავში და საქონელთან ერთად უხდება ვარჯიში, რაც სრულიად მიუღებელია.

_ ორი სიტყვით რაიონის საკრებულოს მუშაობაც შევაფასოთ…

_ მინდა გითხრათ, რომ რაც იქ ხდება, ეს არის უბედურება. ამას წინათ საკრებულოში შეიკრიბნენ, ჯერ სხდომა ჩაატარეს და მერე ბიურო, რაც კანონით არაა სწორი მიდგომა. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება და გამგეობას 20 000 ათასი გამოუყვეს მანქანის შესაძენად; ეს იმ მწირი ბიუჯეტის ხარჯზე, როდესაც რაიონში არაფერია გაკეთებული.

საერთოდ, საკრებულოს წევრები მართული არიან ვალერი გელაშვილისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. როგრც გითხარით, აქაური „ნაცები“ გელაშვილს ჰყავს კლანჭებში დაჭერილი, დამოუკიდებელი დეპუტატები _ ადგილობრივ ხელისუფლებას, რამდენიმე ადამიანის გარდა. ამ ფონზე სამმა დეპუტატმა რა უნდა ქნას? _ ყვირიან, ჩხუბობენ, მაგრამ ამაოდ. ყველაფერი ისე წყდება მაინც, როგორც მათ აწყობთ.

ერთი კვირით ადრე ჩემზე ჭორიც კი დაყარეს, რომ მე, თურმე, ხაშურის გამგებელს შევეკარი. თუმცა არც მიკვირს, ტალახის სროლა კარგად იციან. კიდევ ვიმეორებ ყველას გასაგონად საკრებულოში თუ სხვაგან: არ ვიყიდები თქვენსავით და სხვის დაკრულზე არ ვცეკვავ, შევიდეს ეს თქვენს დამონებულ თავებში!

ამ ყველაფერს ერთი ქალბატონი, ირინა გელაშვილი მივრცელებს, ვალერი გელაშვილის მარჯვენა ხელი და ქომაგი, რადგან მას ვუთხარი, რომ იგი ვერ გახდებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ხალხი იყო მისი და, საერთოდ, ვალერის კლანის წინააღმდეგი. მან კი ეს იმად მიიჩნია, რომ მე გამგებელს შევეკარი. არადა, ხაშურში ყველამ იცის, მე თუ რამე ვნახე დასაწერი და სათქმელი, ყველაფერს ვწერ და ვაქვეყნებ. ვერავინ ვერ მმართავს ვერასდროს, ეს გამორიცხულია! ბევრჯერ აისახა ეს ჩემს ცხოვრებაზეც, მაგრამ არ დამითმია არაფერი. არავის არ მეშინია.

მთლიანობაში რომ ავიღოთ, ცუდადაა რაიონის საქმე. პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად ყველაფერში ნულზე ვართ გაყინული. რა ეშველება ხაშურს, არავინ გვპასუხობს, მართლა ჩავრჩით 90-იანებში. წეღანაც აღვნიშნე, რომ ამ 4 თვეში რაღაც ცოტა წინ წავედით, მაგრამ ამდენ ტალახიან ქუჩას, უწყლოდ და უგაზოდ დარჩენილ მოსახლეობას რა ეშველება, მართლა არ ვიცი? სახელმწიფო არ იმეტებს თანხებს ხაშურისთვის! ეტყობა, მისაღები არ არის ხაშური თუ რა ხდება, ვეღარ გავიგე.

კიდევ ერთი: მანქანის ყიდვასთან დაკავშირებით მივმართე გამგებლის მოადგილე ზურა ჩხიტუნიძეს, თუ ვისთვის ყიდულობენ ამ მანქანას. აგერ მისი პასუხი, რაც მომწერა… ვნახოთ, ნეტა, მართლა ასე მოხდეს და ვინმემ საკუთარი თავისთვის არ იყიდოს. ზურა ჩხიტუნიძე მწერს: `რაც შეეხება მანქანას, მე ერთადერთი მოადგილე ვარ მთელ საქართველოში, ვისაც პერსონალური მანქანა არ ჰყავს და არც მეყოლება ჩემი პრინციპების გამო. როცა მანქანის ყიდვაზეა საუბარი, იმას რატომ არავინ ამბობს, ჩემს საკუთარ მანქანას სამსახურისთვის რომ ვიყენებ ჩემივე საწვავით? ეს როდესმე ვინმეს გაუკეთებია? ასე ვარ უკვე მეცხრამეტე წელია, რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. არა მარტო მე, სხვა თანამშრომლებიც საკუთარი მანქანებით დარბიან სამსახურის საქმეებზე. მხედველობაში რატომ არავინ იღებს, რომ 130 პროექტზე მეტს ვახორციელებთ და თითო პროექტზე მინიმუმ ოცჯერ და ზოგიერთზე ორმოცდაათჯერ უნდა გავიდეთ, რომ რამე დარღვევა არ მოხდეს? წადით და ნახეთ სხვა მუნიციპალიტეტში რამდენი ავტომობილი ჰყავთ. იმ ფონზე, რომ პრემიები მოვიკელით, არ ნიშნავს, რომ ხელფასის ასი პროცენტი სამსახურში უნდა დავხარჯოთ, თუმცა ასე გამოდის, მაგრამ მანქანა ხომ გინდა, მშენებლობები რომ აკონტროლო, ან ამდენი განცხადება შეასრულო და მოქალაქეებამდე მიხვიდე? აი, საკრებულო რომ მანქანას ითხოვს, ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია, როცა სამსახურში არ დადიან. თვეში ერთხელ იკრიბებიან და ხარჯებსაც ვუნაზღაურებთ… მაგრამ მათ მართლა საკუთარი ფუფუნებისთვის სჭირდებათ, ამაში, ალბათ, დამეთანხმები…~

ბატონი ზურაც კი მეთანხმება იმაში, რომ საკრებულოს დეპუტატები არაფრის მაქნისები არიან. აქედანაც დასკვნას, ალბათ, მკითხველი გამოიტანს.

დაბოლოს, თქვენ იცით,

ბატონი დავით დევიძე და მე ყოველთვის ვწერდით ხაშურზე. ბატონი დათო იყო თავისი ქვეყნის პატრიოტი და საქმის პროფესიონალი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ხაშურისთვის თავისი სტატიებით. რომ არა ეს ადამიანი და მისი გამოქვეყნებული მასალები, ხაშურში უარესი მდგომარეობა იქნებოდა. მადლობა გვინდა ვუთხრათ ხაშურის მოსახლეობის სახელით ბატონ დავითს იმ გაწეული ღვაწლისთვის, რაც მან ხაშურის რაიონისთვის გააკეთა თავისი სტატიებით, ნათელში იყოს მისი სული…

 

                                                                                                         გელა მამულაშვილი