ვინ გაყიდა მანგლისის ნაკრძალი და რატომ ანგრევდნენ ეკლესიას ძმები ბეჟუაშვილები?!

s22

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის მოსახლეობა 25 წლის წინათ ნაკრძალის ტერიტორიის გაყიდული ნაწილის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს. მათ კი, ვინც რამდენიმესაუკუნოვანი ფიჭვის ტყეების განადგურების ხარჯზე სახლების მშენებლობას აპირებს, მანგლისელები მიმართავენ და აცხადებენ, რომ ამას არ დაუშვებენ. როგორც ისინი „ქრონიკა+“-თან ამბობენ, დაპირისპირება შესაძლებელია იქამდე მივიდეს, რომ ვიღაცას შეაკვდნენ, ან შემოაკვდეთ. დაბის მოსახლეობა ძმების _ დავით და გელა ბეჟუაშვილების მისამართითაც გამოხატავს უკმაყოფილებას. მათი თქმით, ისინი წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური საკურორტო ადგილის განადგურების ხელშემწყობები არიან.

რევაზ წიკლაური _ მანგლისის მკვიდრი:

_ გაუბედურებულია მთელი მანგლისი, გაზი ჩვენ არ გვაქვს, წყალი და არაფერი… ერთ დღესაც მეზობელი მოვიდა და მითხრა, _ რეზო ძია, ადრე რომ გვეუბნებოდი, ფიჭვის ხეებს იმიტომ აკაფინებენ ხალხს, რომ გაყიდვით არიან დაინტერესებულნი, მართალი აღმოჩნდიო. რას ვხედავ? _ მოვიდნენ ვიღაც ბიჭები და ადგილებს ზომავენ ტყე-პარკში. ვკითხე, _ ვინ ხართ-მეთქი? _ თბილისელები ვართ კერძო კომპანიიდან, აზომვა დაგვიკვეთეს, აქ სახლები უნდა აშენდესო. ისე მოვიფრინე აქედან ის ბიჭები, რომ გარბოდნენ, უკან აღარ იხედებოდნენ! ეს არის ისტორიული ადგილი, აქ სახლებს რა უნდა?! ერთმანეთს აბრალებენ, ღარიბაშვილმა გარემოს დაცვას გადასცა ჩვენი წერილი, გარემოს დაცვამ _ სატყეო დეპარტამენტს, იმათ _ გამგეობას და ასე. ზოგადად, ეს ამბავი 1991 წლიდან დაიწყო. სადაბო საბჭო ერქვა, მაგათ გამოჰქონდათ გადაწყვეტილება, აღმასკომის თავმჯდომარე იყო ვახტანგ მჭედლიძე. ამ კაცმა გასცა სამოსახლოდ ნაკრძალის მიწები. ეს ტყეები აქედან მისდევს და ბორჯომ-ბაკურიანზეა გადაბმული. 3-4 ჰექტარი მაინც იქნება, რაც სამოსახლოდ არის გაცემული, აქედან დაწყებული ნახევარი კილომეტრი მაინც არის ტყის პირზე, მზე რომ ადგება, ისეთი ადგილებია გაყიდული. 1991 წლიდან, უბრალოდ, გაცემული იყო, აზომვები და მშენებლობები არავის დაუწყია. მომენტს ელოდებოდნენ, რომ ქვეყანაში რაღაც ცვლილება მომხდარიყო და მშენებლობები დაეწყოთ. შარშან ამ დროს უკვე გამოჩნდნენ. უბანი აზომეს, მერე ქვემოთ უბანში ჩასულან და ბოსტანს ზომავენ, სამოსახლოდ გვაქვს ნაყიდიო. გამოუცვივდნენ იმ ოჯახის წევრები, 9 სული არის, _ თუ აშენდება, ჩვენ თვითონ ავაშენებთო. იურისტები იყვნენ ჩამოსულები, ვუთხარი, _ ჩემს სახლ-კარს, თუ რამე გამაჩნია, ვთმობ, ცისა და მიწის შუა ვრჩები, არჩევნებზე რომ მოდიოდნენ საიქიოდან, ეჭვი მეპარებოდა, არ მჯეროდა და ახლა სამოსახლო ადგილების გასაფორმებლადაც თუ გზავნიან, ოღონდ ის გავლენიანი პიროვნება მაჩვენეთ-მეთქი. იყოს თუნდაც რეესტრში ეს მიწები ვიღაცის სახელზე გატარებული, მერე რა, არ ვიცით, რომ გაყალბებულია ყველაფერი?! 20 წელზე მეტია, გარდაცვლილია ის კაცი, მჭდლიძე, ვინც ეს მიწები გაყიდა. გაკეთებულია საბუთები, ვითომ სიძეს აჩუქა, იმან კიდევ თავის სიძეს… გაყალბებულ დოკუმენტებს მიიტანენ და რეესტრიც იმას ატარებს. ფაქტია, ვიღაცები მფარველობენ! იურისტები რამდენჯერმე მოვიდნენ, თქვეს, რომ ხეს ვინც მოჭრის, 6000-დან 8000 ლარამდე ჯარიმა, ან 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებაო. აქ დასჯილი და დაჯარიმებული ჩვენ ვერავინ ვნახეთ, ყოველდღიურად ნადგურდება და იჭრება ფიჭვები. იცით, აქ რამდენი უსახლკარო ადამიანია? აგერ, 4 ბავშვი ჰყავს ტარიელს, რაც შეგვიძლია, გვერდში ვუდგავართ, მაგრამ მის შემხედვარეს მეტირება ხოლმე. მამუკა რა დღეშია, ობოლია, მამა სხვაგან არის და დედა _ სხვაგან. როგორ შრომობს ახალგაზრდა ბიჭი, რეებს აკეთებს, არ დაიჯერებთ, იმათ არა აქვთ ადგილი, რომ სახლი ააშენონ და გადამთიელები მოდიან. ეს მიწები გაცემულია მანგლისელებზე, მაგრამ რომ გაიფორმებდნენ, მერე ყიდდნენ. როგორც გავიგე, უკვე 14 სახლის ადგილია გაყიდული მარტო ერთი კაცის სახელზე, ვახტანგ ლონდარიძეზე. მაგას 5-სართულიანი სახლიც აქვს, სიძეზე ჰქონია ჩუქება გაკეთებული. ეს კაცი ადრე აქ გამგეობაში მუშაობდა, კომუნალურ განყოფილებაში და გაიკეთა საქმე.

რაც შეეხება ძმებ ბეჟუაშვილებს, ერთი გრამი სისხლი მაგათ ქართული არ ურევიათ, მათი ისტორია ძალიან კარგად ვიცი და კი ხედავთ, როგორც დგანან, რომ გაანადგურონ აქაურობა. ის ტერიტორია, რომელიც მაგათ უკავიათ, 8 ჰექტარია და თავის დროზე ამიერკავკასიის სამხედრო ნაწილს ეკუთვნოდა. ვინც ჯარში მსახურობდა, იმათ ბავშვებს უნდა დაესვენათ, მათთვის იყო განკუთვნილი, ბადით იყო შემოღობილი. ქვეყანაში რომ გადატრიალება მოხდა, ბეჟუაშვილებმა შეისყიდეს. ჯერ დაანგრევინეს ხალხს, გაასუფთავებინეს, გაპარტახებულ ადგილს ხომ უფრო იაფად ჩაიგდებდნენ ხელში და ასეც გააკეთეს, 8000 ლარად შეისყიდესო, ასე ამბობენ. შიგნით კოტეჯები იყო, ხის ეკლესიაც შიგნით მოყვა, სამხედროები მანდ ფიცს იღებდნენ ხოლმე. ბეჟუაშვილები დანგრევას აპირებდნენ, მაგრამ ჩვენთან ერთი მღვდელია, მამა გიორგი, იმან დაუშალა, ერთი დიდი შეხლა-შემოხლა ჰქონდათ ამ მღვდელთან. რადგან სამღვდელოება ჩაერია, ეკლესია დანგრევას გადაურჩა. რუსის ჯარი რომ წავიდა, სანამ ბეჟუაშვილები შემოღობავდნენ, ხალხი ამ ეკლესიაში შედიოდა, ლოცულობდა, სულთმოფენობას ყვავილები შეჰქონდა…

წეღან გითხარით, მიწის მზომავები მოვიფრინე-მეთქი, ეს რომ გაიგეს, თონეთიდანაც კი მოვიდა ხალხი და მადლობა გადამიხადა. იქით უბნიდან ძმები ოქრუაშვილებიც მოვიდნენ, _ შევწუხდით, მოდიან და მოდიან კლიენტები, აქ ადგილები იყიდება, დღეში 10-15 კაცი მაინც მოდისო. მოსახლეობამ ხელმოწერები შევაგროვეთ და სახელმწიფო კანცელარიაში შევიტანეთ. პირადად ღარიბაშვილისგან მოვიდა პასუხი, _ თქვენი განცხადება გადაცემულია შესაბამის ინსტანციებში და განხილული იქნებაო. შარშან იყო ეს ამბავი, გაჩერებულები არიან იმის შემდეგ, მაგრამ ჩასაფრებულები მომენტს ელოდებიან, ამიტომ განგაში უნდა ავტეხოთ. ყოველ წუთში ემუქრება საფრთხე უნიკალურ ნაკრძალს. რაც თავი მახსოვს, მანგლისი საკავშირო მნიშვნელობის კურორტად იყო გამოცხადებული და წითელ წიგნში შედიოდა. ახლა ქონების შესყიდვა რომ მოინდომეს, იცით, რა ჩაიდინეს? სოფელი დაარქვეს, რადგან სოფლის მიწებს იოლად გაყიდდნენ! ბევრს ახლა პირადობის მოწმობაში სოფელი მანგლისი უწერია. დაბაში რთულია სამოსახლო მიწის აღება და გაცემა, სოფელში კიდევ იოლია. გაანიავეს ქონება, მიითვისეს ყველაფერი და ისევ დაბად გადმოაკეთეს! როცა მანგლისის სახელმწიფო ნაკრძალი ჩამოყალიბდა, პირველი დღიდანვე იქ ვმუშაობდი, კახელი ბიჭი იყო თეთრი წყაროს სატყეოში და ის გამოუშვეს დირექტორად, არ მოსწონდათ, თავიდან მოვიცილოთო, მაგრამ ღმერთმა გაანათლოს ჩახოშვილი გოგია, ისეთი პატრიოტი კაცი და ქართველი ერის მოყვარული იყო, ზედ დაჰკანკალებდა თითოეულ ნარგავს. რამდენჯერმე იყო ჩამოსული ნიკო კეცხოველი, მერე აკადემიკოსებთან დავით კობახიძესთან და მუხაშავრიასთან ერთად მოვიდა. იმათი ნალაპარაკებიდან მახსოვს, მანგლისი აღმოსავლეთ საქართველოში ნაძვის გავრცელების ბოლო ადგილიაო. ფიჭვის კი არა, ნაძვისო! იცით, როგორი სიმკაცრე იყო? ბატი თუ გავიდოდა ნაკრძალის ტერიტორიაზე, 5 მანეთი უნდა გადაგეხადა, ან ბატს მოკლავდნენ. ახლა ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს! ბეჟუაშვილი რამდენი წელია, პარლამენტში ზის, იცით, ხალხს რა უთხრა, გაზის გამოყვანა რომ მოსთხოვეს? _ გაზი რად გინდათ, ტყე ცხვირწინ გაქვთ, გაჩეხეთ და გათბითო! მაშინ ვთქვი, ზოგს მოხუცი ჰყავს სახლში, ზოგს პატარა ბავშვი, ზოგს ავადმყოფი, არ აქვს ხალხს იმის საშუალება, რომ 500-600 ლარი მისცეს მანქანა შეშაში და მოიტანოს, იძულებულია, გავიდეს და მოჭრას-მეთქი, მაგრამ მთლად ასეც არ არის! ჩემი ხნის კაცი რომ გავა და ნარგავ ხეს მოჭრის, გაიდებს მხარზე და ამაყად მოდის, იმას რა უნდა უწოდო?! ასე დაიწყეს განადურება, ახლა 14 ძირია განადგურებული, სულ ერთი კვირის მოჭრილი იქნება. იმიტომ აკაფინებენ და პასუხს არ სთხოვენ, ცარიელი ადგილი აინტერესებთ, რომ გაყიდონ. აი, შედეგიც, მოვიდნენ და ზომავდნენ! ბეჟუაშვილმა არჩევნების წინ ასურეთში საკლავი დაკლა და ბიჭები დაპატჟა, დამშვიდობების დროს უთხრა, მეორე არჩევნებამდე გეყოფათო… ჩემი ახლობლები მომიგზავნეს ბეჟუაშვილებმა და მითხრეს, _ რეზო, არაფერი დაგმართონ, რა გინდა, გაჩერდიო. ვუთხარი, _ კარგად მიცნობთ, ასეთი მშიშარა რომ ვიყო, კარის ჩარჩოს გარეთ არ გამოვცვდებოდი და ყოველ წამში ტყვიას არ მივუშვერდი-მეთქი შუბლს. ახლა დგანან და ლაპარაკობენ, 3-4 წელი დარჩენია რეზოს, გადადებულია და მერე მოწინააღმდეგე აღარ გვეყოლებაო. ეს ჭორი იმათ დაყარეს, ვისაც ადგილები აინტერესებს. ამდენი ხალხი ვცხოვრობთ აქ, ამ ხეებს ვინ გააჩეხინებს, როგორ შეიძლება, 100-200-წლოვანი ხეები მოჭრან, ვინ აპატიებს?! დამსვენებლებმა რომ გაიგეს ეს ამბავი, გვეუბნებოდნენ, გვერდში დაგიდგებით, გარეთ გამოვალთო. ჩვენს მეზობელს, ფედია საცენკოს, 1945 წელს ცალი ფილტვი ჰქონდა ამოჭრილი, აქამდე იცოცხლა, მისი ბიჭი გორში ცხოვრობს, წაიყვანა დედაც და მამაც. ერთი წელი ვერ გაძლეს, ორივე დაიხოცა, ჰაერი აცოცხლებდა. ამ ყველაფერს კი ჩვენივე ხელით ვსპობთ! რამდენი ტუბერკულოზიანი განკურნებულა!

ამ მთავრობაზე ბრაზი მომდის, ახალსოფელია გაღმა, სკოლაში 11 მოწაფეა და 13 მასწავლებელი, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, დეპუტატი, მრჩეველი და დამლაგებელი. იმ სოფლის შემოსავალი ამ ხალხს ხელფასად ეყოფა? ან რა შემოსავალი აქვთ? ყველაზე რთული რაიონია ჩვენი, ბიუჯეტი ძალიან პატარაა, უყურადღებოდ ვართ მიტოვებულები, მიგდებულები. 82 წლის კაცი ვარ და ჩემგან ბაქიაობა არავის მოუსმენია, გეუბნებით, კიდევ თუ გაბედეს და მიწების ასაზომად მოვიდნენ, აქ არიან ისეთი კაციჭამიები, საძირკვლის მაგიერ მართლა სამარეს გაათხრევინებენ! აქ მოხდება სხვანაირი დაპირისპირება, უკვე ვეღარ დაფარავენ ნერვიულობას და შეაკვდებიან თუ შემოიკლავენ, არ ვიცი! არ დავუშვებთ ნაკრძალის განადგურებას და სახლების მშენებლობას, გამორიცხულია!

 

ვასილ ბექაური _ მანგლისის მკვიდრი:

_ ყველაზე დიდი დანაშაული იცით, რა არის? დასაბამიდან მანგლისი იყო სახელმწიფოსი, ეს ტყეპარკი მთელ საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი, რა უფლება ჰქონდა ადგილობრივ საბჭოს, რომ სამოსახლოდ გაეცა ეს ადგილები? ადგილობრივი აღმასკომის ბრალია ეს ყველაფერი. იცით, რამდენს ჩამოართვეს საკუთრება და გაყიდეს, ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. აქაური ბიჭია, ბადრი ჰქვია, გაფორმებული სამოსახლო ნაკვეთი ჰქონდა ყველა საბუთით, მოვიდა სხვა და დაეპატრონა, იმ სხვაზეც იყო გაფორმებული და აჯობა, წაართვეს ბადრის. რამდენი ასეთი შემთხვევა იყო, იცით? ერთი სამოსახლო ადგილი 2-3 პიროვნებაზე გაიცემოდა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით კეთდებოდა ეს ყველაფერი, ოქმი ფორმდებოდა, ხელს აწერდა აღმასკომის გამგეობა და ასე გასცემდნენ. აქ არავინ იყო სხვა, არავითარი ზემდგომი ორგანო. ეს იყო დიდი დანაშაული, რომ ხალხის ტყეპარკში, ნაკრძალში, ამისთანა ადგილებში სამოსახლოების გაცემა დაიწყეს და უნდა მოეჭრათ ფიჭვები. ეს ფიჭვები რომ გაიჩეხოს, მანგლისი აღარაფერი იქნება, ერთი უბედური სოფელი. ვინც ეს ტერიტორია გაყიდა, დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მანგლისელი ხარ, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ლუკმაპურსაც კი ამით ვჭამთ. ვთქვათ და გამოგიყო ადგილი აღმასკომის თავმჯდომარემ თუ ვიღაცამ, არაადამიანმა, არაპატრიოტმა, შენ როგორ უნდა მოჭრა ფიჭვები და ააშენო სახლი?! როგორ უნდა გააკეთო ეს?! მაშინ არ უნდა იყო ადამიანი, არც ქართველი, რომ მანგლისის ტერიტორიაზე, შენს ნაკრძალში, შენს ფიჭვებში სამოსახლო ადგილი აიღო და სახლი აიშენო! ჯერ ხომ ის არის დმნაშავე, ვინც გასცა ეს ადგილები, მერე შენ რატომ აიღე, შენ?! როგორ არ იფიქრე ამაზე?! ჩვენი ხალხია მაინც დამნაშავე, რომ ეჩუქებინათ, სამოსახლოს ავიღებდი ამ ტყეში? რომ ეთქვათ, შედი, თორემ, მოგკლავთო, მაინც არ შევიდოდი, არ ავაშენებდი, ეს არის! ხალხიც დამნაშავე ვართ, არ ვვარგივართ! ადგილობრივებმა აიღეს ეს სამოსახლოები, უცხოელებმა კი არა! მერე გაყიდეს! გზები ამ დღეშია! ნერგები მაინც მოგვიტანონ, რომ დავრგათ, ყოველ წელიწადს მიდიოდა ხოლმე განახლება, ესენი უკვე 300-400 წლის ფიჭვებია, აახლებდნენ და პატარებს რგავდნენ. ახლა რაც პატარები იყო, მოჭრეს! ადრე შეღობილი იყო და არავის უშვებდნენ, ახლა გახსნილია და ერთ პატარა ხეს ვერ ნახავ. ზემოთ რომ ავიდეთ, 60-იან წლებში დარგულები ისეა, ვერ გაივლი, ყანასავით არის, სადაც გზიდან მოცილებით არის და ვერ ზიდავენ, აქ სულ დაჭრეს.

წლების მანძილზე მანგლისში ტუბსანატორიუმი იყო, მიანგრ-მოანგრიეს, ნასახიც აღარ დარჩა. მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოჰყავდათ აქ ბავშვები, ჰაერი იმდენად კარგად მოქმედებდა. ახლა იმ სანატორიუმის ეზოში ძროხები ცოხნიან. ქვეყანა რომ აირია 90-იან წლებში, სანატორიუმი გაიყიდა, დაანგრიეს, მიშალ-მოშალეს და მაგით დამთავრდა. ეს მხოლოდ მთავრობის ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიცაა! აი, თუნდაც ახლა, ვინც არ უნდა იმან მაჩუქოს ეს ადგილი, ფიჭვებს გავჩეხავ და სახლს ავაშენებ? ნაკრძალს შევეხები? ამიერკავკასიაში სამი სახელმწიფო ვართ, აბა, ნახონ სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთი მარცვალი და გრამი თუ გაიტანა ვინმემ სახელმწიფოდან, ჩვენ რა ვქენით? თუ რამე არსებობდა, ლურსმანს და მავთულებსაც კი თურქეთში ვეზიდებოდით, გავანადგურეთ. ჯერ ამაზე რამხელა დანაშაული ჩაიდინა სახელმწიფომ, რომ მთელი ჯართი თურქეთში გაიტანეს. არა ვტყუივართ? ჩვენი მეცხვარეები მატყლს ყრიან, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. თურქები ჩამოიტანენ უვარგის ლეიბებს, ჩვენ ვეტაკებით, ერთი-მეორეს დავასწროთ, რომ ვიყიდოთ. რატომ ყიდულობთ? ჩვენმა მტრებმა ხმლითა და ზარბაზნით ვერ დაგვაჩოქეს, ახლა 2 კილო „პესოკის“ გულისთვის ქვეყანა იეღოველებად აქციეს, აგერ აშენებენ ახლა სახლსაც. თანდათან მცირდება დამსვენებლების რაოდენობაც. გაზი არ არის, კანალიზაცია საშინელ დღეშია, ტუალეტები მოსაწესრიგებელია. მანქანაც არ არის, რომ ამოვტუმბოთ, ვიღაც კერძო შპს შემოვიდა და ისეთი ფასი დაადო, ხალხი ვერ წვდება. ასეთ პირობებში დამსვენებელი მოვიდოდა? წყნეთის მეწყერმა გზა რომ დააზიანა, მაგანაც იმოქმედა. არაფერი შემოსავალი არ გაგვაჩნია, თითო ოროლა ძროხა გვყავს. ძალიან მწირი მიწებია, სარწყავი წყალი არ არის, კარტოფილი მოგვყავს და ისიც ჰა და ჰა. არც სასმელი წყალია. 2000-ტონიანი სასმელი წყლის გამანაწილებელი რეზერვუარი გვაქვს. კომუნისტების დროს 4-ცვლიანი დაცვა იყო, ერთი წამით კაცი გარეთ ვერ გამოვიდოდა, რომ სიგარეტი მოეწია, დღეს ისეა მიტოვებული, ქვეყანაზე პატრონი არ ჰყავს, ათასნაირი საწამლავი ნივთიერებაა, მთელ მანგლისს გაჟუჟავს, არანაირი დაცვა აღარ არსებობს, შიგ შედიან, ქეიფობენ, ახდილია ლუქები. ერთი კაცი ემსახურება, ერთ დღეს მივა, 364 დღე მიტოვებულია. მიგდებული აუზი შეიძლება? ასეთი საშინელება არის სადმე?! თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო ხელისუფლებას, მოგვხედონ, როგორმე უნდა გადავურჩინოთ და შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას ეს უნიკალური ადგილი!

 

თამარ ბატიაშვილი