„ამ მთავრობის უუნარობით „ნაციონალური მოძრაობა“ მხსნელის როლში მოგვევლინა!“

s1111

რამდენიმე დღეა, ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით კახეთის სოფლებიდან გურჯაანში მევენახეები ჩადიან და საპროტესტო აქციებს მართავენ. გურჯაანში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციამ მას შემდეგ დაშალა, რაც აქციის მონაწილეებმა გურჯაანი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს. სამართალდამცველებმა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციის 4 მონაწილე დააკავეს.

მევენახეები კახეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლას ითხოვენ და ვიდრე რქაწითელის ფასი ერთ ლარს არ მიაღწევს, აქციების გაგრძელებას აპირებენ.

წელს კახეთში ყურძნის უხვი მოსავალი მოვიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რეგიონში 200 ათას ტონამდე ყურძნის მოკრეფაა მოსალოდნელი. რთველის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 17 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 ღვინის საწარმო, რომელიც ყურძენს დედოფლისწყაროს რაიონიდან იღებს. სახელმწიფო ერთ კილოგრამ რქაწითელში 25 თეთრს იხდის, რასაც სახელმწიფო სუბსიდიის სახით 35 თეთრი ემატება და ჯამში 60 თეთრს შეადგენს. საფერავს სახელმწიფო 60 თეთრად იბარებს და სუბსიდიის სახით 15 თეთრი ემატება, ჯამში ერთი კილოგრამი საფერავის ფასი 75 თეთრია. რთველის შტაბის განცხადებით, რეგიონში უკვე 4,4 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მევენახეები ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ, მთავრობამ უზრუნველყოს, რომ ღვინის ქარხნებმა რქაწითელი ერთ ლარად, საფერავი კი 1,50 ლარად ჩაიბარონ. ამ მოთხოვნით, რამდენიმე დღეა, მევენახეები რეგიონში საპროტესტო აქციებს მართავენ.

მევენახეების საპასუხოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსის, ასოცირებული პროფესორის, ზვიად ბობოქაშვილის განმარტება, რომ, საშუალოდ, ერთი კილოგრამი ყურძნის მოყვანა 29 თეთრი ჯდება, რასაც მევენახეები არ ეთანხმებიან. ბობოქაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის წარმოებაში ორმოცდაათ პროცენტიანი მოგების მარჟა სავსებით მისაღები უნდა იყოს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, გიორგი სამანიშვილმა კი განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება ის ყურძენი, რაც გვაქვს. თუ ოდნავ გავზრდით ღვინის მოხმარებას, ჭარბი ყურძენი საქართველოში არ გვექნება. პერსპექტივაში, ჩვენი ვენახი კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. შემცირებაზე არ არის საუბარი. ჩვენ რეალური პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ შევიქმენით პრობლემა სუბსიდიებით და უხეში ჩარევით ბაზარზე. წელს ცოტა რთული იქნება იმის გადალახვა, რომ მოლოდინი მაღალ ფასზეა, რეალურ ფასთან შეგუება კი ყველას უჭირს. ნელ-ნელა ესეც თავისით დალაგდება. ძალიან მალე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. ჩვენი დარგი ზედმეტ ჩარევას არ საჭიროებს“.

მევენახეების საპასუხოდ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ყურძენზე ფასების გადახედვა არ იგეგმება: „უკვე წავედით კომპრომისზე, იმიტომ, რომ სუბსიდირებას არ ვგეგმავდით. იმ შემთხვევაში, თუ ქარხნები ვერ მიიღებენ, ვინაიდან მათი მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, გვესმის, რომ გადავსებული აქვთ ის ჭურჭელი, რომელიც მათ გააჩნიათ და ღვინო აქვთ გასაყიდი, ამ შემთხვევაში ყურძენს ჩვენ მივიღებთ“, _ აღნიშნა დანელიამ.

ქრონიკა+“-მა გურჯაანის მკვიდრები ჩაწერა და მევენახეთა აქციის შესახებ კომენტარი სთხოვა:

გიორგი თევდორაშვილი:

_ რა ქნას გლეხმა, ბანკის ვალებში იხრჩობა ყველა. იფიქრეს, შემოდგომით გაისტუმრებდნენ. შარშან ერთ კილო ყურძენში ლარი გადაუხადეს, დღეს უკვე 70 თეთრზეა ლაპარაკი. ზოგმა მანქანა იყიდა, ზოგმა სარეცხი მანქანა თუ ტელევიზორი, იმედი ხომ ჰქონდათ, რომ თანხას მისცემდნენ. რომ გადაიანგარიშოთ ის თანხა, რაც გლეხებს ამ ყურძნის მოყვანა დაუჯდათ, 70 თეთრს რომ აძლევ, ამ თანხაში ის უკვე გადავარდნილია. 70 თეთრი ისედაც აქვთ დამჯდარი და დამატებით ხომ კიდევ უნდათ, რომ ვენახს მოუარონ? გლეხების ძირითადი მოთხოვნაა, რეალური ფასის გადახდა და ტყუილია, რომ ამბობენ, თითქოს პოლიტიკური პარტიები დგანან ამ აქციების უკან. მეტი მოთხოვნა არაფერია, 1,30-1,50 ლარი რომ იყოს საფერავის ფასი, ის უფრო შრომატევადია და ლარი _ თეთრი ყურძენი. მეტი მოთხოვნა არაფერია, ცოტა რომ დაფასება ჰქონდეს გლეხს და სამომავლოდაც მიხედოს, თორემ ჩაიქნევს ხელს და რაღად უნდა ვენახი, თუ სულ ვალებში იქნება ჩაძირული?! ადგება და გაყიდის, თუკი იმაზე მეტს დახარჯავს, რასაც უხდიან და არაფერი გამოუვა, ურჩევნია გაყიდოს! გაყიდოს და ვინ უნდა იყიდოს? უცხოელმა, ხომ? ვრჩებით უმიწოდ. ეს არის ხალხის მოთხოვნა! წინასწარ რომ სცოდნოდათ, ასე იქნებოდა, ვალებს ვინ დაიდებდა? მაგას ვინ წარმოიდგენდა, რომ შარშან ლარი იყო და წელს 70 თეთრი იქნებოდა?! უფრო არ უნდა გაუმჯობესებულიყო? მით უმეტეს, შარშან ყურძენი რომ ჩააბარეს, დოლარი იყო 1,70 ლარი. დღეს ლარადაც რომ ჩაიბარონ, რომ შეადარო, მაინც 70 თეთრი გამოდის მსყიდველუნარიანობით. მთელი კახეთი ჩამოვიდა, შეკრება იყო გურჯაანში. მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობს. პოლიტიკასთან ამ ამბავს არავითარი საქმე არ აქვს, ვიღაც-ვიღაცებმა შეიძლება ეს გამოიყენონ და ილაპარაკონ, ჩვენს დროს როგორი კარგი იყოო, ღვინიაშვილს კიდევ თუ ვინმემ ხელი დაარტყა, ეგ არაფერი. ხელისუფლებაში როცა იყვნენ, მაშინაც ტარდებოდა გლეხების აქციები, სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო ჩამოსული, კვეზერელი და გლეხს უთხრა, _ შენი ყურძენი, ბოდიში და, უკანალში შეიყარეო. ახლა არიან კარგები? ახლა გახდნენ მამა აბრაამის ბატკნები? მაგათ დროს არ იყო, რომ გამოვიდა შს მინიტრი და აბა, ერთი, გზა გადაკეტეთ, „პერედაჩებში“ არ გეყოფათ ეგ ფულიო?!. ახლა გახდნენ მაგრები?! ამ აქციების მიზანი ის არის, რომ მთავრობამაც და ევროკავშირმაც დაინახოს, რა სიტუაციაა რეალურად. ევროკავშირს ჩვენი ყურძენი სულ არ აინტერესებს, საფრანგეთს და იტალიას აქვს, აგერ ბულგარეთს რა უყვეს, სულ გააკაფინეს, რომ არ სჭირდებათ. ჩვენ გვინდა რუსული ბაზარი. მეღვინეებიც იმას ამბობენ, არ გვინდა ეს სუბსიდიები, ჩვენ გადავიხდით უფრო მეტს, ოღონდ ბაზარი გვქონდესო. მეღვინეები იმაში არიან დამნაშავენი, რომ ღვინის ფალსიფიკაცია გააკეთეს, ქარხნის მეპატარონე სხვა არის, ვინც ფულს იხდის, დირექტორი _ სხვა, ფეხებზე ჰკიდია მეღვინეს და ეუბნება, ღვინოს გავაკეთებო. დამამზადებლებს რომ ეუბნებიან, 200 კილო შაქარი დააყარეო, ის 500-ს აყრის. ვიღაცას ფულებს უტეხავენ, აღარც ღვინო გამოდის ხარისხიანი და ამ ფალსიფიცირებული ღვინისგან კერძო პირი ბოლოს გადავარდნილია. ფალსიფიკაცია უნდა მოსპონ, სახელმწიფომ ამას უნდა გაუწიოს კონტროლი და ბაზარი ხარისხიან პროდუქციას მისცეს!

გიორგი ხელაშვილი:

_ ეს ადამიანები რომ იკრიბებიან ყურძნის ფასის გამო, სრულიად ნორმალური და ბუნებრივია, მით უმეტეს, ყურძენზეა საუბარი, ატამზე და სოკოზე არავის უთხოვია ფასების გაზრდა. ეს იდენტობის ამბავია, ასეა ახლა და ასე იქნება მომავალშიც! ხომ გახსოვთ, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა _ აბა, ერთი, გაებედა ვინმეს რამე, რა ტერორი და ძალადობა მოჰყვებოდა! თავდაპირველად ჩვეულებრივ, გლეხების მოთხოვნით დაიწყო აქციები, ახლა აბსოლუტურად პოლიტიზებულია ყველაფერი და უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ, მაგალითად, დღეს გურჯაანში, პრაქტიკულად, ამ მთავრობის უუნარობით, პირდაპირი გაგებით ვამბობ, თავიდან ბოლომდე დომინირებდა „ნაციონალური მოძრაობა“. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, პატიოსანი, წესიერი ადამიანების მოთხოვნა გამოიყენეს მათი მომავალი საქმიანობისთვის. აქციის მონაწილე ძალიან ბევრი ადამიანი უაღრესად წესიერი და მშრომელია, რომელთაც აინტერესებთ ის, რომ მახრჩობელა ბანკების ვალების ნაწილი მაინც დაფარონ, რა ზამთარი გველოდება, ყველას მოგეხსენებათ, ასეთი არნახული ვითარება არ გვქონია, არ ვიცი, ალბათ, თემურ ლენგის შემოსევის დროს თუ იყო. ამის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, მაგალითად, მხსნელის როლში მოევლინა რაიონს და ხალხის გვერდით დადგა ის კატეგორია, რომელიც ადრე, მაგათ დროს, გლეხი 5 წუთი რომ გაჩერებულიყო, ეს ხალხი, ალბათ, დაასახიჩრებდა და ექიმებს მკურნალობის უფლებასაც არ მისცემდა. არ ვიცი, სად არის მთავრობა?! ეს ვითარებაა, რაც საკუთარი თვალით ვნახე, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკმაოდ კარგად წაყვანილი სიტუაცია, მაგათი მთელი აქტივი მოვიდა და ხალხში გაერია. ძალიან რთული სათქმელია, რა უნდა გაკეთდეს მთავრობის მხრიდან? როცა საუბრები მიდის საბაზრო ეკონიმიკაზე, რატომღაც, ყველას ავიწყდება მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ფასები ეცემა საწვავზე, აქ კი ძვირდება. ამ დროს ყველამ იცის, რა შეთანხმებები არსებობს, კარტელური და ა. შ. წეღანაც გითხარით, ყურძენი სრულიად განსხვავებული თემაა, ეს პირდაპირ მიბმულია პოლიტიკასთან, შარშანდელი ფასი უკვე ყველას დავიწყებული აქვს, ყოველ 5-10 თეთრს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანისთვის და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას იქონიებს მომავალ არჩევნებზე. ხელისუფლების მოვალეობაა, ეს პროვოკატორები ჩამოიცილოს, რომლებიც კარგად შევიდნენ სიტუაციაში; მევენახეების ფართო ფენები, რაღაცნაირად, გაანეიტრალონ, გამონახონ შესაძლებლობა და გადაუხადონ მათ რეალური ფასი. მე ამაში ვხედავ გამოსავალს!

დავით თამარაშვილი _ მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი, სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი:

_ ყოველდღიურად, მედიასაშუალებებით თუ სოციალური ქსელით, ვრცელდება ნეგატიური ინფორმაცია, რომ ყურძნის ფასი იქნება ძალიან დაბალი და ამით ყველას უაღრესად აღიზიანებენ! პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ნეგატიური მუხტი აწყობთ მხოლოდ პოლიტიკანებს, რომელთაც ამ რთველის შემდეგ მომდევნო რთველის სეზონამდე აღარავინ გაახსენდებათ! მათ სურთ ხალხის კეთილგანწყობის მოპოვება საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის და არა რეალურად პრობლემის მოგვარებისთვის! თუ მათ პრობლემების მოგვარება სურთ, მაშინ რთველამდე უნდა იმსჯელონ ჩვენთან ერთად, დასახონ ღონისძიებები მათ მოსაგვარებლად და მკაცრად მოსთხოვონ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარება, მხოლოდ ეს არის საქმიანი მიდგომა!

მიმდინარე რთველის სეზონზე ყურძენზე ფასის დავარდნა რამდენიმე ფაქტორის გამო მოხდა, კონკრეტულად, რუსეთის ეკონომიკაში არსებულმა კრიზისმა ძალიან ცუდი გავლენა იქონია ქართული ღვინის გაყიდვის მოცულობაზე. ამასთან ერთად, ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი _ უკრაინაც პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ფინანსურ კრიზისშია და ამ ქვეყანაშიც ჩვენი ღვინოების გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან დაბლა ჩამოვიდა. ფაქტობრივად, ქართული ღვინის ექსპორტი ამ ქვეყნებში მკვეთრად შემცირებულია.

ამ ფაქტორებს დაემატა შიდა ეკონომიკური ვითარებაც, როდესაც ეროვნული ვალუტა ინფლაციას განიცდის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის „დიდი შრომის შედეგად“! ამ პროცესმა მნიშვნელოვნად გაზარდა სასუქების, შხამ-ქიმიკატების, განსაკუთრებით კი მუშახელის ღირებულება და შედეგად ეს ყოველივე აისახა ყურძნის თვითღირებულებაზე! თუ ორიოდე წლის წინათ ვენახის მოვლა 1 ჰექტარზე საშუალოდ 2500-3000 ლარი ჯდებოდა, დღეს ეს ხარჯი 3500-4000 ლარს შორის მერყეობს. არიან ისეთი მევენახეებიც, რომელთაც უფრო მეტი თანხა დაეხარჯათ ვენახის მოვლაზე.

ასეთ ეკონომიკურ ვითარებაში ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება ყურძნის დაწურვა და ღვინოდ რეალიზება, რაც უფრო მეტი შემოსავლის საშუალებას მისცემს მევენახეებს, განსაკუთრებით მსხვილ მევენახეებს. ვინც ამ გზით წავა, იცოდეთ, რომ ღვინო გაუყიდავი არ დაგრჩებათ, რადგან მომავალი წელი უფრო უკეთესი იქნება ღვინის გაყიდვის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ეს ყველას არ შეუძლია, მაგრამ ვისაც შეუძლია, უკან არ უნდა დაიხიოს!

რაც შეეხება ყურძნის დაბალ ფასს, რომლის შესახებ ასე ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია მედიაში, მევენახეებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ყურძენი არის მათი და  ფასიც თვითონ უნდა დაადონ. მყიდველი, _ იქნება ეს ღვინის კომპანია თუ სხვა ვინმე, რა ფასს გადაიხდის, ეს მეორე საკითხია, მაგრამ გამყიდველსა და მყიდველს შორის ურთიერთხელსაყრელი მორიგება გარდაუვალია! ყველამ კარგად ვიცით, რომ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისთვის ყურძენს მხოლოდ ღვინის კომპანიები იყიდიან და შესაბამისად, ეს ყურძენი არ დარჩება გაუყიდავი, ფასზეც აუცილებლად შეთანხმდებით. შარშანდელი მაღალი ფასი, სამწუხაროდ, ყურძენზე არ იქნება, მაგრამ თვითღირებულების ფასად რომ ყურძენს არ გაყიდით, ეს კარგად იციან მეღვინეებმა.

მევენახეობის ზონებს გარეთ არსებულ ყურძენს ხარისხის მიხედვით სხვადასხვა ფასი ექნება, კარგ „მორჩეულ“ ყურძენს თბილისიდან და ქვეყნის სხვა ქალაქებიდან ჩამოსული მოვაჭრეები წაიღებენ, ასე რომ, ხელსაყრელ ფასზე აუცილებლად შეთანხმდებით. ისინი ასევე საშუალო ხარისხის ყურძენსაც გაიტანენ კახეთიდან, რათა ღვინის დაყენება ქვეყნის სხვა რეგიონების ღვინის მოყვარულებმაც შეძლონ. ამ შემთხვევაშიც მევენახეები მათთვის ხელსაყრელ ფასზე შეთანხმდებიან. ამ ყურძენს ღვინის კომპანიებიც იყიდიან და ფასზე ამ შემთხვევაშიც აუცილებლად შეთანხმდებიან. მივმართავ მევენახეებს: იმ ყურძენს, რომელშიც თქვენ თვითონვე არ გადაიხდიდით მაღალ ფასს, ნუ მოსთხოვთ ღვინის კომპანიას მის გადახდას, ეს ნუ გახდება სალაპარაკო. სახელმწიფო ღვინის კომპანიაც მომზადებულია თქვენი ყურძნის მისაღებად და ღვინის დასაყენებლად. აქ ყველაზე რთულადაა საქმე, რადგან მევენახეების გარკვეულ ნაწილს სახელმწიფო ღვინის კომპანიაში ყველაზე დაბალი ხარისხის ყურძენი მიაქვს ჩასაბარებლად, მეტიც _ ამ ყურძენს მდინარის წყალს ასხამს წონის მოსამატებლად, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს! მევენახემ არ იცის, რომ რაც მეტ მდინარის წყალს დაასხამს ყურძენს, მით მეტი რაოდენობის ფულს ამოაცლის სახელმწიფოს ერთი ჯიბიდან და ჩაუდებს მეორე ჯიბეში და მეტიც, მადლობასაც ათქმევინებს, მაგრამ მევენახის პრობლემა მოუგვარებელი დარჩება და მოტყუებულიც საბოლოოდ თვითონ იქნება! ხომ არ სჯობდა, ყურძნის მიყიდვის ნაცვლად, საღვინე ჭურჭელი მოგვეთხოვა მთავრობისთვის?!

მევენახეებო, კარგად იცით, რომ ყურძნის გამყიდველსა და მყიდველს შორის ძალიან ცუდ როლს ასრულებს „დამამზადებლის ინსტიტუტი“, რომელიც უფრო მეტად „სპეკულიანტია“, ვიდრე ყურძნის დამამზადებელი, ამიტომ აუცილებლად მოერიდეთ მათ! ისინი თქვენ გეუბნებიან, მეღვინეები მეტ ფულს არ იხდიანო, მეღვინეებს ეუბნებიან, მევენახეები დაბალ ფასში არ იძლევიანო და მათ შორის სხვაობას თვითონ იდებენ ჯიბეში! პოლიტიკანების დარად ესენიც თქვენზე მანიპულირებენ და სარგებელს მხოლოდ ეს „ორი კასტა“ ნახულობს რთველზე. მევენახეებო, მეღვინეები არ არიან თქვენი მტრები. როცა ღვინის ბაზარი აქვთ, ყურძენში მაღალი ფასის გადახდას არ ერიდებიან, ამის ნათელი მაგალითი წინა, 2014 წლის რთველი იყო! ფასზე წუწუნი ყოველთვის იყო მევენახე-მეღვინეს შორის, ეს ბუნებრივია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთმანეთის გარეშე მევენახეობა და მეღვინეობა არ იარსებებს!

მიმდინარე რთველი პრობლემების მიდგომის თვალსაზრისით წყალგამყოფი იქნება არსებულ მიდგომებსა და ახლებურ მიდგომებს შორის. არსებული მიდგომებით, სუბსიდირებით, სახელმწიფო ჩარევის სხვადასხვა მეთებით და ა.შ. თქვენი და დარგში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდა, დაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი და პრობლემა პრობლემად დარჩა! მთავრობას პრობლემებიც მოემატა და უკვე ვეღარ პასუხობს გამოწვევებს! რთველის პროცესი აუცილებლად უნდა გავიდეს „პოლიტიკური დემაგოგიის სივრციდან“ და გადავიდეს ბიზნესის ჯანსაღ სივრცეში! ამ პროცესს ხელისუფლებამ თავად უნდა შეუწყოს ხელი, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას და კერძო სექტორს შორის კრიზისი უფრო მეტად გაღრმავდება! თითოეული მევენახის ინტერესების დაცვისთვის მევენახეთა გაერთიანებების შექმნას ალტერნატივა არ გააჩნია! ეს გაერთიანებები სოფლების მიხედვით შეიქმნება თუ მევენახეობის მიკროზონების მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს, მევენახეები საკუთარი ინტერესების დასაცავად აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ! მევენახეების გაერთიანება მეღვინეების გარეშე ვერ მოხდება! ეს ორი ჯგუფი ერთმანეთის პარტნიორია და ინტერესები ერთმანეთში უნდა დალაგდეს და ერთმანეთის გვერდში დგომით განვითარების გზას უნდა დავადგეთ! კერძო სექტორის მიერ უნდა მოხდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული პრობლემების კვალიფიციური ანალიზი, განისაზღვროს პრიორიტეტები, ჩამოყალიბდეს პროგრესული მიდგომები, კვალიფიციური მოთხოვნები და გონივრული ვალდებულებები მთავრობისთვის, მევენახისთვის, მეღვინისთვის, ლოჯისტიკური კომპანიებისთვის და ა. შ., რომ არსებულ „მარაზმს“სამუდამოდ დავაღწიოთ თავი! მევენახეობისა და მეღვინეობის დარგში ჯანსაღი ბიზნესგარემოს ფორმირებას ალტერნატივა არ გააჩნია!

სახელმწიფოს მიერ ყურძნის გადამუშავების პრაქტიკა სრულად უნდა აღმოიფხვრას დარგიდან, რადგან ვარდისფერი რეჟიმის დროს დანერგილი „საბჭოთა მეღვინეობის მოდელი“ ამ დარგის განვითარებას ყველაზე მეტად უშლის ხელს და ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში!

ადგილობრივ ღვინის ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გაყიდვები აუცილებლად უნდა აიკრძალოს და ამ თვალსაზრისით ხელისუფლებამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს! ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მევენახეების მიერ ღვინის წარმოების სტიმულირებას და ღვინოების გაყიდვების გაზრდას. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, უნდა ვეძიოთ, უნდა ვიმსჯელოთ და უნდა ვაკეთოთ, რომ შევქმნათ უკეთესი მომავლი, სხვა გზა არ გაგვაჩნია!

 თამარ ბატიაშვილი