უდიპლომო მოსამართლეები

44

ადვოკატი მამუკა ნოზაძე იმ მოსამართლეებს ასახელებს, რომელთაც იურისტის დიპლომები არ გააჩნიათ, მაგრამ მაინც მოსამართლის მანტიით არიან შემოსილნი. ადვოკატის თქმით, ეს ადამიანები, ამ თანამდებობებზე უამრავ დანაშაულს სჩადიან.

მამუკა ნოზაძე:

_ ქვეყანაში ხდება სამარცხვინო რამ, თავად დამნაშავე მოსამართლეები ასამართლებენ უდანაშაულო ადამიანებს. ამ მოსამართლეებს სხვადასხვა სახის დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ შორის გამოვყოფ სიყალბეს. ყოველგვარი დამსახურებისა და გამოცდილების გარეშე ხდებიან პიროვნებები მოსამართლეები, მაღალი თანამდებობის პირები, რაც მიუღებელი და გაუგონარია.

_ სიყალბეში რას გულისხმობთ, ან რომელ მოსამართლეს გულისხმობთ, იქნებ, დააკონკრეტოთ?

_ ბესიკ ალავიძე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლედ `ნაციონალების~ დროს ისე დაინიშნა, რომ მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია. საქართველოს ორგანულ კანონში უზენაესი სასამართლოს შესახებ, ასევე საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არის მინიშნებული, ვინ შეძლება გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინიჭებული იურისტის კვალიფიკაცია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც იუსტიციის მინისტრად გვყავს ადამიანი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე დიდი ვნებათაღელვა ატყდა და შესაბამისი მტკიცებულებაც დაიდო, რაიმე საპირწონე, ან ამ ბრალდების საწინააღმდეგო დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს. საზოგადოებამ ვერ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იუსტიციის მინისტრს აქვს იურისტის დიპლომი. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ იუსტიციის მინისტრია. ასევეა ალავიძის შემთხვევაშიც. ამ ქვეყანაში კანონს, სამართალს, სამართლიანობას არავინ ყურადღებას არ აქცევს და მმართველი ელიტისთვის მხოლოდ მნიშვნელოვანია ის, ვინ ვისი ერთგულია და რომელ პოლიტიკურ ძალებს განეკუთვნება. მსგავსი მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან ერთად, რომლებიც ფიქრობენ, რომ კანონი არის სხვისი და არა მათი, ქვეყნად ვერ ჩამოვყალიბდებით.

_ ანუ ბესიკ ალავიძეს უმაღლესი განათლება არ გააჩნია?

_ მას ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან არსებული რაღაც ჰუმანიტარული სასწავლებელი აქვს გავლილი. უნივერსიტეტმა გასცა დოკუმენტი, საიდანაც უტყუარად დასტურდება, რომ მას იურისტის კვალიფიკაცია არ გააჩნია. უნივერსიტეტი თავად რომ ამბობს, ეს არ არის იურისტის დიპლომიო და სასამართლოს ხელმძღვანელობა მაინც არ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ეს არ არის დანაშაულზე მეტი? როცა ამის შესახებ პირველად დიდი ამბავი ატყდა, უზენაესი სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე, კუბლაშვილი გაჩუმდა, რადგან ბესიკ ალავიძე მისი კადრი იყო. სწორედ მან გადაიყვანა ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან უზენაეს სასამართლოში, მაგრამ დღეს ხომ ახალი ხელისუფლებაა? ნუთუ, არ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც მოქალაქეები ისჯებიან არჩადენილი დანაშაულებისთვის, აზრის გამოხატვისთვის, ასეთ დანაშაულზეც აგებინონ ვინმეს პასუხი, ან აღკვეთონ მაინც? ამას წინათ თბილისის საკრებულოსთან რამდენიმე მოქალაქე შეიკრიბა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ასევე `პანორამა თბილისის~ პროექტი გააპროტესტა. რაღაც ნახატი ჰქონდათ გამოტანილი და ამის გამო დაისაჯნენ, რაც კონსტიტუციით, ევროკონვენციით და კანონით გარანტირებული ჰქონდათ. ისინი კი,  რომელთაც მართლა აქვთ ჩადენილი დანაშაული, სიყალბე, სარგებლობენ ყალბი დიპლომით, მაინც სხედან მაღალ თანამდებობებზე. ეს არის მარაზმი და აბსურდების თეატრი, უკანონობის, უსამართლობის ზეობა, სხვა არ ვიცი, რა ვუწოდო!

_ მხოლოდ ეს ერთი მოსამართლეა, ვისაც იურისტის დიპლომი არ გააჩნია?

_ იურისტის დიპლომის არმქონეა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია გიგაურიც. ამ ორი მოსამართლის მიმართ არსებობს დასაბუთებული მტკიცებულებები, რომ მათ არ გააჩნიათ იურისტის დიპლომი და კვალიფიკაცია. ყალბი დიპლომებით გამწესებული მოსამართლეები ასამართლებენ ადამიანებს, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამაზე საზოგადოება დუმს, ჟურნალისტები დუმან, პოლიტიკური ძალები ხმას არ იღებენ. არ არის ეს ის საქმე, რომელსაც ერთხელ გააჟღერებ ტელევიზიით და საკმარისი იქნება, მას ბოლომდე უნდა მიყოლა, მაგრამ ამას არავინ აკეთებს.

ბესიკ ალავიძე ხელისუფლების მონამორჩილი პიროვნება იყო და არის. ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ რომ მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეების განხილვისას კონკრეტული დარღვევები ჰქონდა. ყოველთვის იცავდა სახელმწიფო ინტერესებს იმ საქმეებზე, რომელზედაც პირველი ინსტანციის სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდა. ის დაუყოვნებლივ, ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, აუქმებდა ასეთ გადაწყვეტილებებს. არაერთი საქმის მოყვანა შეიძლება ამის მაგალითად, თუმცა კონკრეტული პერსონალიების დასახელებას აზრი არ აქვს, რადგან ბესო ალავიძეს დანაშაულად ისიც ეყოფა, რომ იურისტის დიპლომი არ გააჩნია და ისეა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ამოეწურება მოსამართლეობის 10 წელი და სახელმწიფომ მას მოსამართლის პენსია უნდა უხადოს, ის სოციალური გარანტიები დაუწესოს, რომელიც არ ეკუთვნის. აქედანაც კარგად ჩანს, რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ან როგორი სახელმწიფოს აშენებას ვაპირებთ. ეს რომ რიგით მოსამართლეს გაეკეთებინა, ციხეში დიდი ხნის გამომწყვდეული ეყოლებოდათ.

_ უდიპლომი, ან სხვა პროფესიის მქონე ადამიანების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის ტენდენცია ბოლო პერიოდს უკავშირდება?

_ ასეთი შემთხვევები ახლა უფრო ინტენსიურად მჟღავნდება, თუმცა მსგავსი ფაქტები კომუნისტების დროსაც ხდებოდა და მის შემდგომაც. ადამიანები, რომელთაც არ გააჩნდათ შესაბამისი განათლება, მაგრამ ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობა, იღებდნენ დიპლომებს როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში ისე, რომ არ სწავლობდნენ, ასეთები თანამდებობებზეც ინიშნებოდნენ. იმ დროს ძნელი იყო ინფორმაციის მოპოვება სხვა ქვეყნებიდან, ეს ხალხი მართლაც სწავლობდა თუ არა იმ უმაღლეს სასწავლებელში, ან რა სახის კვალიფიკაცია მიენიჭათ მათ და ა. შ. თანამედროვე ტექნოლოგიების პერიოდში კი ასეთი ინფორმაციების მოპოვება მარტივია. თეა წულუკიანის შემთხვევაში უმაღლესი სასწავლებლიდან ოფიციალურად გამოითხოვეს დოკუმენტი, რომელშიც წერია მისი სპეციალობა. იგი გახლავთ ადმინისტრირების მენეჯერი და არა იურისტი.

_ რა შეიძლება დაუშავდეს საზოგადოებას არაიურისტი მოსამართლის მიერ, იქნებ, ესეც აუხსნათ მკითხველს?

_ იურისტობა ხელწამოსაკრავი პროფესია არ არის. სამართალი სხვადასხვა სფეროდ იყოფა და ადვილი არ გახლავთ, რომელიმე სფეროში გადაწყვეტილება მიიღოს ადამიანმა, რომელსაც იურისტის დიპლომი არ გააჩნია. იურისპრუდენციის  ყველა სფეროში იურისტის კვალიფიკაციის ადამიანიც კი ვერ იქნება ბოლომდე გათვითცნობიერებული. ადამიანის მოსამართლედ გამწესება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ოდესღაც სასამართლოს სხდომას მდივნობდა, არ არის ნორმალური ქმედება. კომუნისტების დროს სასამართლოს  მდივნებისთვის იურიდიული განათლება სავალდებულო არ იყო. მდივნებად იყვნენ  როგორც პედაგოები, ასევე ქიმიკოსები და კიდევ სხვა პროფესიის ადამიანები და ამის გამო ისინიც მოსამართლეებად უნდა დაენიშნათ?

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში რიგითი გამომძიებლის თანამდებობა რომ დაიკავო, სულაც არ არის სავალდებულო, იურისტის დიპლომი გქონდეს. სამწუხაროდ, ასეთი აბსურდული კანონმდებლობა გვაქვს. აბა, მითხარით, ჟურნალისტმა როგორ უნდა იმუშაოს გამომძიებლად?

_ ხოო, არა მგონია, ჟურნალიტებს გამომძიებლობა გაგვიჭირდეს. შეიძლება, ბევრ გამომძიებელზე უკეთესადაც გავართვათ თავი ამ საქმეს…

_ კი ბატონო, ბევრ ჟურნალისტს გიმუშავიათ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში და იცით, რა ჰკითხოთ ადამიანს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეს გამოიძიებთ და გახსნით? კოდექსი რომ გაიგო, წაიკითხო, კომპეტენტური უნდა იყო, მაგრამ ახლა ეუბნებიან, გამომძიებლისთვის იურისტის დიპლომი საჭირო არ არისო, რაც არ შეიძლება. დარღვევად მიმაჩნია ისიც, რომ სამედიცინო სფეროში მენეჯერულ თანამდებობებზე პოზიციებს არამედიკოსები იკავებენ. ესეც ძალიან დიდი დარღვევაა და ასე მგონია, რომ მსგავსი რამ უცხოეთის ქვეყნებში არ მოხდება. იქ აუცილებელია სპეციალური ცოდნა, გამოცდილება და ამის შემდგომ ინიშნები თანამდებობაზე.

თქვენ მკითხეთ, რა ზიანის მიყენება შეუძლია არაიურისტს  მოსამართლის პოსტზეო? ზიანია ის, როცა მოსამართლე გამოდის  და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები გამოაქვს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე. ასე იმიტომაც ხდება, რომ ეს ადამიანები არ არიან სპეციალისტები და არ იციან, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შესაძლებელია, ერთი რაიონის მოსამართლემ ანალოგიურ საქმეზე ნახოს სხვა რაიონის მოსამართლის გადაწყვეტილება და მისი გადაწერა მოახერხოს, ამაშიც კი შეცდომებს უშვებენ. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანონ, ადამიანი დაღუპონ, საკუთრების ხელყოფა მოახდინონ! არადა, საკუთრების დაცულობა საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია. პიროვნება, რომელზედაც ხელისუფლებამ იცის, რომ დიპლომი არ გააჩნია და მაინც ტოვებს თანამდებობაზე, უფრო მეტად ხდება ხელისუფლების მონამორჩილი, ფეხქვეშ ეგება, უკეთ ასრულებს დავალებებს, რათა პასუხი არ მოსთხოვონ იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა სიყალბისა და არაუფლებამოსილების გამო. ასე გამოდის უკანონი განაჩენები, ასე მკვიდრდება შერჩევითი სამართალი, პოლიტიკური ნიშნით ასე აპატიმრებენ ადამიანებს. ამას უზრუნველყოფენ არა პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ან სხვა მაღალი თანამდებობის პირები, არამედ ის მოსამართლეები, რომლებიც კანონთან არიან კონფლიქტში.

როდესაც ერთ-ერთმა ადვოკატმა ბესიკ ალავიძისა და მაია გიგაურის არაკვალიფიციურობის საკითხი წამოწია, მერე ის პროკურატურამაც გამოიძია, მაგრამ მიაჩუმათეს, _ ასეთი მოსამართლეები ხელისუფლებას სჭირდება, რადგან უსიტყვოდ ემსახურებიან. საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, იუსტიციის საბჭომ რა სახის გადაწყვეტილებები გამოიტანა ამ საქმეებთან დაკავშირებით. განათლების სამინისტროში არის სპეციალური სამსახური, რომელიც დოკუმენტს იძლევა იმის შესახებ, კონკრეტული სასწავლებლის დიპლომი აღიარებულია თუ არა სახელმწიფოს მიერ. ასევე, როცა მოქალაქეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადება შეაქვს და ითხოვს რომელიმე ისეთ კონკურსში მონაწილეობას, როგორიც ტარდება მოსამართლეობის მსურველთათვის, მათი დიპლომები მოწმდება. ზემოთ აღნიშნული მოსამართლეთა დიპლომები რომ არ არის იურისტის, ამას დიდი გამჭრიახობაც არ სჭირდება, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამით არ დაინტერესდა, რადგან დღემდე მუშაობს პრინციპით: ის ჩემი ნათესავია, ეს მისი ბიძაშვილი, მეგობარი, დაქალია და ა. შ. შემხვედრი პასუხები კი ასეთი აქვთ: იცი, რაა, შენ რომ დაგნიშნონ თანამდებობაზე, არ წაიყვან შენი ოჯახის წევრებს და არ დანიშნავ მაღალ თანამდებობებზეო? ვერ გაუგიათ, რომ არავინ არ უნდა დანიშნო ამ ნიშნით თანამდებობაზე. ნეპოტიზმი ჩვენს ქვეყანაში იქამდეა მისული, რომ გამგებლები, სოფლის რწმუნებულები უმაღლესი განათლების არმქონენი არიან. ზოგს 10 კლასის ცოდნაც არ აქვს მიღებული და გამგებლის წარმომადგენელია სოფელში, ან რამდენიმე სოფლის ხელმძღვანელ პირად მიიჩნევა, უფლებამოსილია, გასცეს ესა თუ ის დოკუმენტი, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ორგანოებში _ იუსტიციის სახლებში, სასამართლოში, პოლიციის სამსახურებში და ა. შ. როგორ შეიძლება, ადამიანს, რომელსაც არანაირი განათლება არ გააჩნია, წიგნი არ წაუკითხავს, ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ჩააბარო?

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, იქნებ, ალავიძისა და გიგაურის ის საქმეები დაგვისახელოთ, სადაც მათგან იურისპრუდენციის არცოდნის გამო ჩადენილი დანაშაული იკვეთება?

_ როგორც უკვე გითხარით, ასეთ დროს მარტო კანონების არცოდნაზე არ არის საუბარი. მათ უდიპლომობას მოაქვს მიუღებელი მორჩილება, რაც ასევე უბიძგებთ დანაშაულის ჩადენისკენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმა  მოქალაქემ პროცესი მოუგო აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რადგან ბიურომ მას სახლში არსებული ქონება დაუყადაღა. ამ პიროვნებას არავის ვალი არ ჰქონია, ვალი ჰქონდა მის ახლო ნათესავს, რომელიც რეგისტრირებული იყო მის სახლში. ეს მოქალაქე იძულებული გახდა, გადაეხადა თანხა, რადგან მისი სახლიდან აღმასრულებლებმა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს! თანხის გადახდის შემდგომ კი მან სასამართლოში შეიტანა საჩივარი და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, რადგან უკანონოდ დააყადაღეს მისი საკუთრება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და დაუკმაყოფილა სარჩელი, რადგან უტყუარად დადასტურდა ის გარემოება, რომ მოქალაქე სხვა პირის ვალთან არანაირ კავშირში არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლოში ეს საქმე განიხილა ალავიძემ და მან, ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება. სააკაშვილის დროს სახელმწიფო სტრუქტურების გამტყუნება, მოგეხსენებათ, კატასტროფის მომასწავლებელი და ქვეყნიერების დაქცევის ნიშანი იყო. ალავიძემ არასწორი გადაწყვეტილებით ზიანი მიაყენა მოქალაქეს. არაპროფესიონალი ადამიანი ყველაფერზე ადვილად რომ წავა, ამითაც მტკიცდება.

რაც შეეხება მაია გიგაურს, ეს ადამიანი არის სამყაროზე, ცხოვრებაზე გაბოროტებული და წარმოიდგინეთ, როცა ასეთ პიროვნებას მოსამართლედ დანიშნავ, მისგან რას უნდა ელოდო?! როგორც რუსთაველი ადვოკატები ამბობენ, ის არის მოსამართლე, რომელიც არ იღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს და ეს ხდება სისტემატურად. ის ყოველთვის მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ატარებს და მოქალაქეების პოციზიები, მათი სიმართლე სულ არ აინტერესებსო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობით, ამ საკითხებზე მოკვლევა ჩაატარა, მაგრამ გადაწყვეტილებებს არც ამჯერად იღებენ. ახლა თქვენ მითხარით, არ არის ის ფაქტი დანაშაული, რომ დიპლომს აყალბებენ, უკანონოდ, თაღლითური მეთოდებით, სხვა პირთა ხელშეწყობით ინიშნებიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე? ასეთი დანაშაულის ჩამდენს რატომ არ უნდა მოეთხოვოს პასუხი და რატომ უნდა ისჯებოდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც, სოციალური დაუცველობის გამო, მცირე ფინანსური დანაშაული ჩაიდინეს? რა უფრო დიდი დანაშაულია, პურს რომ წაიღებს მაღაზიიდან გაჭირვებული და შვილს აჭმევს, თუ საქართველოს სახელით უკანონო განაჩენს რომ გამოიტანს და კანონს, კონსტიტუციას ფეხქვეშ გათელავს? საზოგადოებამ თავად უნდა უპასუხოს ამ კითხვას!

 

                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი