ვახტანგ მაისაია: „მცოცავმა ოკუპაციამ“ ამოწურა ლიმიტი – გამოვიყენოთ ტერმინი – „პირდაპირი აგრესია“

33

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „ქრონიკა+“-თან არ გამორიცხავს, რომ რუსეთისთვის სირიაში იარაღის გადასროლის სატრანზიტო გზა საქართველო გახდეს. მისი თქმით, დიდი ალბათობაა, რუსეთისგან ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლება მას დასთანხმდეს.

ვახტანგ მაისაია:

_ მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნით თურქეთში თითქოს სიმშვიდე ჩამოწვა, რამდენიმე დღეში ის, ალბათ, დაირღვევა. ეს ყველაფერი თურქეთში მხოლოდ საგარეო-პოლიტიკურმა და გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ არ განაპირობა და იქ მძიმე შიდაპოლიტიკური ფონიც შეიქმნა. ივნისში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და მმართველმა „სამართლიანობის პარტიამ“ ვეღარ შეძლო პოზიციების შენარჩუნება. პარლამენტში მოხვდა 4 პოლიტიკური ძალა, მათ შორის, „სახალხო დემოკრატიული“ პარტია, რომელიც არის ქურთების დემოკრატიული პარტიის მიმდევარი და გამოხატავდა პროქურთულ ინტერესებს. სწორედ მან შეძლო მმართველი გუნდის დამარცხება, რამაც დიდი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. თურქეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ერდოღანმა 7 ნოემბერს გამოაცხადა ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი კი მოხდა იმ ფონზე, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მდგომარეობა დაიძაბა და თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეიარაღებული ძალები შეეყვანა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში და შეექმნა ე. წ. უსაფრთხოების ზონა. როცა თურქეთმა სამხედრო ოპერაციები დაიწყო, სირიისა და ერაყის მიმართულებით მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. მისი ძირითადი მიზანი იყო ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართვა, რასაც თან ერთვოდა ხალიფატის მიერ განხორციელებული რამდენიმე ტერაქტი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში.

თურქეთი ამჟამად სამოქალაქო ომის ზღვარზეა _ ხდება შეტაკებები ქურთების მუშათა პარტიის შეიარაღებულ ჯგუფებსა და ქურთების ჟანდარმერიას შორის. მუშათა პარტიის მებრძოლებმა საქართველომდე მოღწევაც მოახერხეს.

_ რას გულისხმობთ?

_ ორი მილსადენი, რომლითაც საქართველოდან მიდიოდა გაზი და ნავთობი, მწყობრიდან გამოიყვანეს. ამით საქართველოს ენერგოუსაფრთხოება, გარკვეულწილად, მოწყვლადი გახადეს.

თურქეთში მოქმედი ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება უკვე იხრება ავტორიტარული ტიპის მართვისკენ. მსგავსი მიმართულებები აშკარადაც ჩანს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი ცნობილი თურქი მეცნიერი, პროფესორი დაიბარეს უშიშროების სამინისტროში და, შესაბამისად, განმარტება მოსთხოვეს, რატომ გადაურიცხა რაღაც სიმბოლური თანხა თავის მეგობარს? იქ უკვე საუბარია პირადი თავისუფლების შეზღუდვაზე, იყო ლაპარაკი ჟურნალისტებზე თავდასხმებზეც და ა. შ. თურქეთში ავტორიტარიზმის ნიშნებმა საერთაშორისო შეშფოთებაც გამოიწვია.

თურქეთის მიერ საქმეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგვარების მცდელობას მოჰყვა რუსეთის გააქტიურება. მან უკვე ღიად დააფიქსირა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის მომხრეა და მხარს დაუჭერს სამხედრო ძალითაც, რაც უკვე დაიწყო. ამან კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შექმნა დასავლეთსა და რუსეთს შორის აღმოსავლეთის მიმართულებით. წყალგამყოფი გახდა ბალტიის სახელმწიფოები, უკრაინა, საქართველო და ამ ფერხულში ახლა მოლდოვაც ჩაერთო. ისიც ფრონტის ხაზის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი გახდა. მოლდოვაში სიტუაცია გაუარესდა იმის გამო, რომ იქ უკვე დაეჯახნენ ერთმანეთს პრომოსკოვური და პროატლანტისტური მხარეები და ახალი ძალთა გადანაწილების პროცესი მიდის. უკრაინაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს კარგად შეიმჩნევა მოლდოვის მაგალითზე. მოკლედ, მეორე ფრონტის გახსნით აღმოსავლეთის რეგიონში რთული პროცესების მომსწრენი გაგვხდებით.

_ ანუ ამ რეგიონებში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება? საქართველოს ეს როგორ შეეხება? ზოგიერთის ვარაუდით, „მცოცავი ოკუპაცია“ უფრო გააქტიურდება და შეიძლება, ეს სიმართლე აღმოჩნდეს?     

_ „მცოცავი ოკუპაცია“ უკვე გადავიდა პირდაპირ აგრესიაში და მას ოკუპაცია აღარ ჰქვია. მინდა, ჟურნალისტებს გთხოვოთ, რომ ამ შემთხვევაში გამოიყენოთ ტერმინი „პირდაპირი აგრესია“, რადგან „მცოცავმა ოკუპაციამ“ უკვე ამოწურა ლიმიტი. პირდაპირი აგრესიის ქვეშ იგულისხმება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ცენტრებისა და კომუნიკაციებისთვის უშუალო საფრთხის შექმნა, ან მისი გადასვლა მოწინააღმდეგის კონტროლქვეშ. ბაქო-თბილისი-სუფსის 2-კილომეტრიან მონაკვეთს უკვე აკონტროლებს რუსეთის მხარე და, შესაბამისად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება. ეს კი საფრთხეს უქმნის ნავთობსადენის ფუნქციონირებას. ოსებმა განაცხადეს კიდეც, რომ „ბრიტიშ პეტროლიუმმა“, რომელიც ამ გაზსადენის ოპერატორია, უნდა გადაუხადოს სატრანზიტო თანხა ოსეთის სეპარატისტულ, დე ფაქტო ხელისუფლებას. ამ მილსადენის პროვოკაციული გზით ხელში ჩაგდების შემდეგ კი ორივე მილსადენს ქურთების მუშათა არმიის მებრძოლები თავს ესხმიან და მწყობრიდან გამოჰყავთ, რაც ბევრ კითხვას ბადებს. რუსების პირდაპირი, რეალური აგრესიის შედეგი იყო ის, რომ, ფაქტობრივად, ისინი მიუახლოვდნენ მნიშვნელოვან სატრანზიტო-სტრატეგიულ ცენტრს _ თბილისი-გორის ცენტრალურ მაგისტრალს 300-400 მეტრის მოშორებით და თუ დასჭირდათ, შეუძლიათ, გადაკეტონ კიდეც. პირდაპირი აგრესიის განვითარების ფონზე, მოკლე პერიოდში, რუსებმა დაიწყეს აფხაზეთში მორიგი პროვოკაციული ქმედება, როდესაც მათ იქ შეიყვანეს რუსეთის სარკინიგზო ჯარების შენაერთები და დაიწყეს ოჩამჩირიდან მდინარე ენგურამდე არსებული სარკინიგზო მაგისტრალის რესტავრაცია. აქ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ აღდგენას ახორციელებენ სამხედროები და არა რუსეთის რკინიგზის კორპორაციის თანამშრომლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რკინიგზით აპირებენ სამხედრო ეშელონებისა და ტვირთების გადაზიდვას.

2008 წლის აპრილში აფხაზეთში პუტინის ბრძანებით შევიდნენ სამხედრო ძალები, რომელთაც სოჭიდან ოჩამჩირემდე დაიწყეს სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია, რასაც მოყვა ის, რომ აგვისტოში რუსებმა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია დაიწყეს. ცოცხალი ძალა, რომელიც საქართველოს ოკუპაციაში მონაწილეობდა, ამ სარკინიგზო ხაზის შედეგად ოჩამჩირემდე გადმოისროლეს და იქიდან საქართველოში შემოიყვანეს ზოგი საზღვაო და ზოგიც სახმელეთო გზით. ახლაც იგივე ვარიანტი თამაშდება. რუსებმა უცებ მოინდომეს ოჩამჩირიდან ენგურის მიმართულებით არსებული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია და აპირებენ, რომ დეკემბერში ამ საქმეს მორჩნენ. არა მგონია, 30 კმ. გზის რეაბილიტაციისთვის ამდენი ხანი დასჭირდეთ.

_ რა მიზანი ამოძრავებს ამჯერად რუსეთს, რკინიგზის აღდგენა რისთვის სჭირდება და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?

_ რუსეთი ჩაერთო სირიის ამბებში, ამიტომ მას აუცილებლად დასჭირდება სატრანზიტო დერეფნის გაჭრა საქართველო-სომხეთი-ირანი-ერაყი-სირიის მიმართულებით იმ დიდი რაოდენობის ტყვია-წამლისა და საბრძოლო ტექნიკის გადასასროლად, რომელიც ასადის რეჟიმს ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად სჭირდება. ამ სცენარზე მხოლოდ მე არ ვსაუბრობ.

წინა ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა მიმდინარე ფაქტებს. მაშინ დამშვიდებულები ვაცხადებდით, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არიან ჟანგიანი ტანკებისა და თვითმფრინავების ამარა, მისგან არავითარი საფრთხე არ გვემუქრებაო. ვინც რეალურ მდგომარეობას აქცევდა ყურადღებას, მას აპოკალიფსის მქადაგებლის იარლიყს აკერებდნენ, მაგრამ შემდგომ ვინ მიიღო აპოკალიფსური სცენარი, ნათელი გახდა.

_ ამჯერად რა სახის პროვოკაციაა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი?

_ თუ ისინი რკინიგზის რეაბილიტაციას ენგურამდე მოახდენენ, ზუგდიდიდან თბილსამდე სარკინიგზო ხაზი უკვე მოქმედებს, ასევე მოქმედია თბილისიდან _ ერევნამდე. შემთხვევითი არ იყო ის,  რომ ბოლოს, კარასინი-აბაშიძის შეხვედრის ფორმატის დროს, კარასინმა უცებ დაიწყო საუბარი აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციაზე. შეიძლება, რუსეთმა ჩვენს ხელისუფლებას ძალიან მალე მოსთხოვოს ამ სატრანზიტო ხაზის გამოყენება საკუთარი გეოსტრატეგიული მიზნების მისაღწევად. არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, მაგრამ ამის ალბათობა არ უნდა გამოვრიცხოთ.

2010 წელს საქართველომ რუსეთთან ხელი მოაწერა სატრანზიტო გზის გამოყენების შესახებ ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთს ეძლეოდა საშუალება, გარკვეულ მონაკვეთზე გადაეტანა არასაბრძოლო დანიშნულების ტვირთები. ეს ხელშეკრულება ძალაშია, ამიტომ შეიძლება, საქართველოს ხელისუფლება აიძულონ, რომ სარკინიგზო კუთხითაც გადაადგილდეს ტვირთები სომხეთისკენ. მას რკინიგზით სასურველი ტვირთების გადასროლა გაცილებით იაფი დაუჯდება, თანაც ეს ხაზი უფრო ეფექტიანი და ჩქარი იქნება. ამას ემატება ისიც, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის სამხედრო სატრანზიტო თვითმფრინავებს აუკრძალეს, რომ გადაფრენა განახორციელონ მათი ტერიტორიების გავლით.

_ თქვენი აზრით, საქართველო ამ შეთავაზებაზე რუსეთს დასთანხმდება? ასეთ შეხთხვევაში საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები ხომ არ გადაიხედება?.. ანუ როგორ განვითარდება შემდგომი მოვლენები, თუ ეს სურვილი რუსეთმა აისრულა?

_ საქართველო სიტუაციის მძევალია, რადგან ჩვენს ხელისუფლებას არ შეუძლია სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა და მისი იგნორირება, თუ ასეთი ულტიმატუმი რუსეთმა წამოაყენა. ასეთ შემთხვევაში დასავლეთი შეშფოთდება-აღშფოთდება, მაგრამ რამდენად ჩაერთვება ამ მომენტის გამოსარიცხავად, რთული სათქმელია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროცესები ემთხვევა პერიოდს, როცა ევროპა რთული გამოწვევის წინაშე დააყენეს მიგრანტებმა. ამან შეიძლება დიდი პოლიტიკური კრიზისი შექმნას ევროკავშირის შიგნით. ესეც გამოწვეულია ისლამური ხალიფატის ფაქტორის გამო. ყველას უნდა, რომ ეს ძალა რაიმე ფორმით შეჩერდეს, რადგან მარტო საჰაერო დაბომბვები საქმეს ვერ შველის. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არალეგალური მიგრანტების ტალღით მოხდება არაბული ხალიფატის წევრების ინფილტრირება. ცოტა ხნის წინათ ისლამური ხალიფატის უმაღლესმა ორგანომ მოუწოდა მომხრეებს, რომ დაბრუნდნენ თავიანთ კერებში და იქ განავრცონ ე. წ. ჯიჰადი იმ მიზნების მისაღწევად, რომელსაც ისლამური ხალიფატი ავითარებს. ხალიფატმა გამოაქვეყნა რუკა, სადაც გამოკვეთა ის გეოპოლიტიკური სივრცეები, სადაც მას სურს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება გაავრცელოს. ამ რუკაზე დაფიქსირდა კავკასიაც და რუსეთიც. ევროპელები კარგად ათვითცნობიერებენ, რომ ისლამური ხალიფატი გაცილებით მეტ საშიშროებას უქმნის, ვიდრე რუსეთის ფედერაცია.

რუსეთის გააქტიურება სირიაში შემთხვევითი არ ყოფილა. პუტინი ამით მესიჯს უგზავნის დასავლეთს, მოდით, შევრიგდეთ, გადავდოთ ყველა წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს, თუნდაც, უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით და ერთობლივად უფრო დიდ ძალას გავუმკლავდეთო. ამით რუსეთი ხელს უწყობს ასადის რეჟიმის გახანგრძლივებას და ისლამურ ხალიფატს ებრძვის მისსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსეთი სირიაში ფეხის მოკიდების გზით ცდილობს, ჩააგდოს ის ენერგეტიკული პროექტები, რომლის მეშვეობითაც უნდა მომხდარიყო ევროკავშირის რუსეთზე გაზის ეკონომიკური ექსპორტის დამოკიდებულების შემცირება. ნავარაუდები იყო, ეგვიპტიდან თურქეთის გავლით გაზის საკმაოდ მძლავრი მიწოდების განხორციელება ევროკავშირის მიმართულებით. ყატარი და ალჟირი ხდებოდნენ გაზის მარაგების ძლიერი ენერგომიმწოდებლები ევროკავშირისთვის. ეს ზრდიდა ევროკავშირის უსაფრთხოების პირობებს, მაგრამ სირიის ომმა ეს პროექტები ეჭვქვეშ დააყენა.

თუ რუსეთმა მოგვთხოვა სახმელეთო გზის ტრანზიტის სახით გამოყენება, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ჩაავვარდებით, როგორშიც იყვნენ 1939-40 წელს მაშინდელი ბალტიის სახელმწიფოები. მათ სტალინმა ულტიმატუმი წაუყენა, რომ გასვლა სჭირდებოდა ბალტიის საზღვაო არეალისკენ, მოითხოვა იქ სამხედრო ბაზების შექმნა და ეს სახელმწიფოებიც იძულებული გახდნენ, ამის საშუალება მიეცათ, რაშიც სტალინი ფულსაც კი უხდიდა, თუმცა შემდგომ ამან რაც გამოიწვია, ყველამ კარგად იცის.

_ რა გველის, თუკი საქართველოს ხელისუფლებაც დასთანხმდება რუსეთს, საკუთარი ტვირთის ტრანზიტი ჩვენი სახმელეთო გზით განახორციელოს? ისლამურ ხალიფატს ამის გამო რა რეაქციები ექნება?

_ ისლამურ ხალიფატთან ნებისმიერი დაპირისპირება შეიძლება ძალიან რთული და მძიმე აღმოჩნდეს. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან ისეთი კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამ პრობლემის უმტკივნეულო გადაწყვეტას. ისლამური ხალიფატის საკითხთან მიმართებით არ არსებობს არც გეგმა, არც სტრატეგია და მიდგომა, ყველაფერი დინებაზეა მიშვებული. როგორც იტყვიან, ოღონდ არ იყოს ბუნტი, დანარჩენი თუნდაც ყველაფერი იყოსო, აქაც ისეა. ჯერჯერობით, თითქოს ისლამური ხალიფატისგან საფრთხე არ ჩანს, მაგრამ ინფორმაციას ვფლობ იმის შესახებ, რომ საკმაოდ რთულ პროცესებთან გვაქვს საქმე. ისლამური ხალიფატის დაჯგუფებები გადავიდნენ ღრმა იატაკქვეშეთში რუსეთშიც. კავკასიურმა ემირატმა კი, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა მაშინ, როცა მათი ლიდერი, სულეიმან აგუმედოვი, ლიკვიდირებულ იქნა. ამჯერად ინციატივა ისლამური ხალიფატის მომხრე დაჯგუფებებზეა გადატანილი. რა თქმა უნდა, მათ მიიღეს დარტყმები რუსული შეიარაღებული ძალებისგან და თითქოს ჩრდილოკავკასიაში პუტინმა ველი განაღმა, მაგრამ მე მგონი, ისლამური ხალიფატის ეს შენაერთები ძალების კონცენტრაციას ახორციელებელებენ, ჩუმად აფართოებენ საკუთარ ბაზებს, რათა საჭირო დროს მოახდინონ მძლავრი იერიშები. როდის იფეთქებს ეს ძალა, რეალურად, არავინ იცის.

 

                                                                                                  ნელი ვარდიაშვილი