მედვედევის პატარა განცხადების დიდი კონტექსტი

moi

2014 წლის 27 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, განაცხადა: „ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ რეფორმებზე და მინდა, განვაცხადო, რომ ამერიკის მთავრობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იმუშაოს ამ თემაზე ამერიკასთან ერთად. კანონის უზენაესობის პრინციპები იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტორებს, დააბანდონ დამატებითი თანხები საქართველოში და დაეხმარონ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, გაერთიანდნენ, გაიხედონ წინ და დატოვონ წარსული წარსულში. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ რეგიონული ჰაბი და დარჩეთ ლიდერები რეგიონული ურთიერთობის საკითხებში“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება ნათლად მიუთითებს საქართველოს მნიშვნელობაზე საერთაშორისო გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც დამატებით დიდ ძალისხმევას გულისხმობს. თუმცა ყველაზე თვალში საცემია აშშ-ის სახელმწიფოს ხედვა საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერი სახელმწიფოს თვალსაზრისით. ეს ლიდერობა განპირობებულია იმ წარმატებით, რომელიც საქართველომ განახორციელა უკანასკნელი წლების მანძილზე. ჩვენ მოვახდინეთ იმ დისკურსში შეღწევა, რომელიც გულისხმობს ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებას, განხორციელებას და ჩვენს ჩამოყალიბებას, როგორც რეგიონული ლიდერი სახელმწიფოსი. ეს ხედვა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ისტორიული ფუნქციის განსახორციელებლად, რომ რეგიონში შევასრულოთ ლიდერი სახელმწიფოს როლი, რა თქმა უნდა, მტკიცე კავშირით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად. ასევე დიდი ალბათობაა, რომ ამ სტრატეგიულ სამეულს შემოუერთდეს ირანიც, რაც გახდება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გარანტია.

საქართველოს დამოუკიდებლობა ფორმალობა იქნებოდა, რომ არა გეოპოლიტიკური გზა, რომელიც ამ დამოუკიდებლობამ უნდა გაკვალოს, გახდეს საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი დამოუკიდებლობა ვერ იარსებებს, თუ საქართველოს არ ექნება თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ესაა რუსეთთან წინააღმდეგობის საგანიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან.

2011 წლის ნოემბერში მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა: „2008 წლის აგვისტოს ომით და რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრით რუსეთმა ნატოს გაფართოება შეაჩერა. ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა განსხვავებული გეოპოლიტიკა იქნებოდა და რამდენიმე ქვეყანა ნატოში შევიდოდა“. აღნიშნულ განცხადებაზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ მე პირადად არ შემხვედრია იმის ანალიზი, თუ რა მოხდებოდა და რას გულისხმობდა ბატონი მედვედევი გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლაში, ან როგორ შეიცვლებოდა ეს გეოპოლიტიკა და როგორ დალაგდებოდა სიტუაცია?

სწორედ ეს საკითხი მინდა განვიხილო წინამდებარე წერილში. ვისაუბროთ იმაზე, თუ რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძვრებს გამოიწვევს ნატოს გაფართოება რეგიონში, ასევე საქართველოს ნატოში შესვლა რუსული პოლიტიკისთვის რა საფრთხეს წარმოადგენს. ამის გაანალიზების შედეგად შესაძლოა, უფრო გარკვეული და გასაგები იყოს მედვედევის განცხადება, თუ რას გულისხმობდა ის თავის განცხადებაში. ასევე გაცილებით გასაგები გახდება 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელიც ისევ დიდი კამათისა და ინტერპრეტირების საგანია დღესაც.

რუსეთის პრეზიდენტის გულწრფელი განცხადება მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, როგორც ეკონომიკურს, ასევე პოლიტიკურს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება თითოეულის განხილვა ცალ-ცალკე და შემდეგ ერთიანი დასკვნის გაკეთება. დავიწყოთ პოლიტიკური ასპექტით:

საქართველოს ნატოში გაწევრიანება სრულიად შეცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას კავკასიის რეგიონში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი, რომელიც ერთადერთ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ მოიაზრებს თავს კავკასიაში, პრაქტიკულად, მიიღებს თავის სწორ გეოპოლიტიკურ სუბიექტს _ საქართველოს (რომელიც იქნება ნატოს წარმომადგენელი რეგიონში). ეს გამოიწვევს რუსეთის გეოპოლიტიკური როლის შესუსტებას და იმ ბერკეტების განეიტრალებას, რომლითაც ცდილობს კავკასიაში სიტუაციის დაჭერას და თავისი პოლიტიკის გატარებას.

რა არის ეს ბერკეტები?

1. შავ ზღვაზე თითქმის ერთპიროვნული კონტროლი;

2. ოკუპირებული ტერიტორიები და იქ განთავსებული (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) ბაზები;

3. ამიერკავკასიის ქვეყნებისა და, განსაკუთრებით, სომხეთის სტრატეგიული ურთიერთობები რუსეთთან;

4. დროში გაწელილი აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი ყარაბაღში;

რაც შეეხება შავ ზღვაზე რუსეთის დომინირებულ არსებობას, საქართველოს ნატოში შესვლა, პრაქტიკულად, მოშლის 1938 წლის მონტროს ხელშეკრულებით დადგენილ რეგულაციებს. საერთაშორისო საზღვაო სამართლით ამ საკითხის დაყენება საქართველოს თავისუფლად შეუძლია. ახალი რეალობა, რაც იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ნათელს გახდის, რომ მონტროს ხელშეკრულების რეგულაციამ თავისი თავი ამოწურა. შავ ზღვაზე გაჩნდება კიდევ ერთი ნატოს წევრი სახელმწიფო, რომელსაც სრული უფლება ექნება, მოითხოვოს, ვთქვათ, ნატოს საზღვაო ბაზის განთავსება თავის აკვატორიაში.

ჯაჭვური რეაქციით ეს გადაედება რუსეთის მიერ 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ბერკეტების (საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია) განეიტრალებას და ხელს შეუწყობს დეოკუპაციის პროცესს, რომელიც უნდა განხორციელდეს ოკუპაციის აბსურდად ქცევით.

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, პრაქტიკულად, აბსურდად აქცევს რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ოკუპაციის მიზანშეწონილობას. გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლაა  ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის პროცესის დაწყება საქართველოს შემადგენლობაში. ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილება შესაძლოა იყოს მხოლოდ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, რაც რუსეთის დომინირებულ გეოპოლიტიკას შეცვლის რეგიონში. შესაბამისად, ის ბერკეტები, რომელიც რუსეთმა 2008 წელს გამოიყენა ამ ტერიტორიების სრული ოკუპაციით, აზრს კარგავს, აბსურდი ხდება. სწორედ ამის შემდეგ ჩნდება საშუალება, რომ დავიწყოთ ინტეგრაციული პროცესები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან.

გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლის გარეშე რუსეთთან ვერც ურთიერთობის დალაგება მოხერხდება და ვერც ოკუპირებულ ტერიტორიებთან  რეალური ინტეგრაციული პროცესი დაიწყება. ეს იქნება კვლავ თავის მოტყუება, რაც 11 წლის მანძილზე გრძელდებოდა 2003 წლამდე, შევარდნაძის დროს. სწორედ ამ გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლას გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი თავის განცხადებაში.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთის სამართლებრივი რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მყიფეა, ვინაიდან არაღიარების პოლიტიკამ და ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივმა ინტეგრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რუსეთის შანსები, რომ როგორმე მოეხდინა ამ ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება, პრაქტიკულად, ნულს გაუტოლა. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია კი სრულიად აბსურდად აქცევს რუსეთის 2008 წლის ოკუპაციას, ისევე როგორც ერთ დროს აბსურდად იქცა სსრკ-ს მიერ ავღანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაცია. ესეც გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლის შედეგად განხორციელდა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში.

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ბიძგს მისცემს ამიერკავკასიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, უფრო მჭიდრო ინტეგრაცია დაიწყონ ნატოს ბლოკში შემდგომ მათი სრული გაწევრიანებით. ასევე გაანეიტრალონ რუსეთის ფაქტორი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით და გაცილებით ობიექტური მხარეები ჩართონ შუამავლად, რაც ამ კონფლიქტის დასრულებას საბოლოოდ შეძლებს, რომელიც რუსეთმა მოახვია თავს ორივე მხარეს, ისარგებლა რა ამ ქვეყნების პოლიტიკური უმწიფრობით 90-იან წლებში. ჯაჭვური რეაქციით უნდა გაძლიერდეს ამ ქვეყნების დაახლოება და შემდეგ სრული ინტეგრაცია ევროკავშირთან, რაც რუსეთის გეოპოლიტიკის სრული კრახი გახდება კავკასიაში. აი, ამას ებრძოდა რუსეთის ფედერაცია 2008 წლის აგვისტოში. ამასვე გულისხმობდა ბატონი მედვედევი თავის ზემოთ მოყვანილ განცხადებაში.

გარდა პოლიტიკური ასპექტისა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია გამოიწვევს საკმაო უკუეფქტს რუსეთის ეკონომიკური სიტუაციისთვის. გაცილებით თამამი გახდება ევროკავშირი ალტერნატიული ენერგომომარაგების კუთხით და კასპიის ენერგორესურსების ათვისების შესაძლებლობებით, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს პოსტსაბჭოთა შუა აზიაში (თურქმენეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი) ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიმართულების (რომელიც ამჟამად საკმაოდ იაფად გადის რუსეთის გავლით ევროპაში) შეცვლა ტრანსკავკასიური მიმართულებით და, შესაბამისად, ევროპული სახელმწიფოებიდან გაცილებით დიდი თანხების მიღება, ხოლო ევროპაში გაზზე რუსული მონოპოლიური ფასის დაწევა და კონკურენციის გაჩენა, რაც ძალიან ცუდად იმოქმედებს რუსეთის ინტერესებზე, რომლის ბიუჯეტის ძირითადი შევსების წყარო გაზისა და ნავთობის რეალიზაციაა.

კავკასიაში გავლენის დაკარგვა, გარკვეულწილად, აამაღლებს პოსტსაბჭოთა შუა აზიის ქვეყნების დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედის, ვინაიდან რუსეთს დღემდე საკმაო გავლენა აქვს ამ ქვეყნებზე. თავის მხრივ, დროში ეს გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკური (გაზისა და ნავთობის რეალიზაცია) ინფრასტრუქტურის ძირეულ ცვლილებას და დიდ დანახარჯებს რუსეთის ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნის არსებობისათვის კი ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება.

იმ პატარა განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა მედვედევმა გააჟღერა, ჩატეულია ძალიან დიდი კონტექსტი, ხოლო საქართველოს საკითხი და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია მოიცავს ძალიან დიდ თემებს. შესაბამისად, რუსეთის გაბედულება, დაეწყო 2008 წლის აგვისტოს აგრესია, სრულიად გასაგებ ლოგიკურ ჩარჩოში ჯდება.

რაც შეეხება რუსეთთან სიტუაციის დალაგებას, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოდაშიც კი შემოვიდა, მოიცავს მთელი ამ საკითხების, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, გადაწყობას და გადალაგებას. არ მგონია, დღეს ბუნებაში არსებობდეს ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთს ამ ყოველივეს ნებით გააკეთებინებს. ამიტომ დროა, დასრულდეს პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემებზე და უფრო რეალურ პოლიტიკურ საკითხებზე წარიმართოს მსჯელობაც და სტრატეგიული სწორებაც, ვინაიდან საქართველოს შანსი, გახდეს საერთაშორისო გეოპოლიტიკის ქმედითი წევრი, სამწუხაროდ, რუსეთთან საკმაოდ მტკივნეულ წერტილშია გადაკვეთილი.

არ შეიძლება, ამ კონტექსტში არ შევეხოთ უკრაინის თემას: ისევე, როგორც საქართველოს, უკრაინას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის. უკრაინაზე და კავკასიაზე გადის რუსეთის, როგორც იმპერიის გეოპოლიტიკური მომავალი. ამ ორ ქვეყანაში მისი დამარცხება გულისხმობს საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, ნატოში ინტეგრაციას, ეკონომიკურ რეფორმებს და რუსულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცესთან მენტალური კავშირის გაწყვეტას. სწორედ ამას ეწინააღმდეგება რუსეთი დღეს უკრაინაში. ის, როგორც 2008 წელს ცდილობდა შეეჩერებინა საქართელოს ნატოში ინტეგრაცია, დღეს უკრაინაში ცდილობს, მოახდინოს უკრაინის სახელმწიფოს დანაწევრება, მისი დასავლეთთან ინტეგრაციის შეჩერება. თუმცა ერთი რამ ცხადია: როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის საზოგადოებისთვის, ამ ქვეყნების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების მომავალი, მისი სრულყოფილი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ რუსული იმპერიის სივრცის გარეთ, სადაც განხორციელდება ამ ქვეყნების გეოპოლიტიკური ფუნქცია, რომელიც თავსებადი უნდა იყოს მსოფლიო თანამეგობრობის დისკურსთან.

ხშირად გავიგონებთ, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ვიყოთ ნეიტრალური ქვეყანა, როგორც არის შვეიცარია, იმის გამო, რომ ჩვენი აგრესიული მეზობელი ვერ მოგვიაზრებს ნეიტრალურად. ჩვენ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ გეოპოლიტიკურად აქტიური ქვეყანა, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავიძვრინოთ რუსული იმპერიული სივრცისგან. ჩვენი ნეიტრალიტეტით, უბრალოდ, დავაკანონებთ რუსულ ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ნეიტრალიტეტის იდეა ეს რუსული ინტერესია. სწორედ ეს შეცდომა დაუშვეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს (1918-1921 წწ.). როგორც კი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით უარი ვთქვით ინგლისელთა დახმარებაზე, რადენიმე თვეში მივიღეთ ოკუპაცია და ანექსია. ის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა ჩვენი ოკუპაცია, დღესაც არ შეცვლილა, იგივე პოლიტიკას ატარებს და ისევ ახდენს ოკუპაციას. ამიტომ საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა, გაწევრიანდეს მძლავრ სამხედრო ბლოკში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებს მხარს დაუჭერს. როგორც ბატონმა ჯონ კერიმ განაცხადა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ რეგიონული ჰაბი და დარჩეთ ლიდერები რეგიონული ურთიერთობის საკითხებში“. ამიტომ უნდა დავძლიოთ ეს წინააღმდეგობა, რათა შევცვალოთ კავკასიაში გეოპოლიტიკური დისკურსი და მოვახდინოთ ჩვენი სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ფუნქციის განხორციელება ეკონომიკური ჰაბისა და რეგიონულ ურთიერთობებში ლიდერი სახელმწიფოს ფუნქციის ჩამოყალიბებით.

 

                                                                                                ირაკლი მარგველაშვილი