„სამწლიანი ინერციით სვლა დამთავრდა, მეოთხე წელს უკან დაგორებას დავიწყებთ!“

goc

როგორ აისახება ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე? რა გავლენა იქონია ამ პროცესმა ეკონომიკაზე? რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რომ ამ სამსახურმა გამართულად იმუშაოს? როგორ უნდა დაკომპლექტდეს ახალი ზედამხედველობის სამსახური, რომ ამ ნდობის აღდგენა შეძლოს? საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეცვალეს თუ არა  ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შესახებ მათი უარყოფითი დამოკიდებულება, თუ სამომავლოდ უნდა ველოდოთ კვლავ რაიმე სახის პროტესტს?

ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე „ქრონიკა+“ ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ესაუბრება:

 

_ ბატონო რომან, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შესახებ. როგორ აისახება ეს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე? იყო მოლოდინი, რომ ეს ლარის გამყარებას შეუწყობდა ხელს…

_ ამას ლართან არავითარი კავშირი არ გააჩნია.

საქართველოში ეკონომიკურმა დისკუსიამ დაკარგა სოლიდურობა და ორღობის მსჯელობებამდე დაეშვა. ნაცარში რომ უხაზავდა ილიკო ილარიონს ჰიტლერის დამარცხების სამხედრო სტრატეგიას, დაახლოებით ამის მსგავსია. ეს მითი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის გამოყოფის დასასაბუთებლად დემაგოგმა პოლიტიკოსებმა და მთავრობის მომსახურე ე. წ. ექსპერტებმა მოიგონეს. აქ რა მოსატანია და, მომსახურება უანგაროდ რომ არ ხდება, ხომ იცით? _ ან ფული უნდა გადაუხადო, ან ფულიან თანამდებობაზე უნდა დანიშნო. აბა, მუქთად ვინ წავა საკუთარი რეპუტაციის გაუფასურებაზე? თუმცა ეს უკანასკნელი ფრაზა ზუსტი არ გამომივიდა. გაუფასურება ხდება იმის, რასაც ერთ დროს ფასი ჰქონდა _ ესენი ისედაც უფასურები იყვნენ.

როდესაც არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთი ავტორიტეტული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ერთი პარტია, გარდა სახელისუფლო, არც ერთი პროფესიონალი ეკონომისტი არ უჭერს ამ ახირებას მხარს და მაინც რქებით გააქვთ, სახიფათო სწორედ ეს არის. ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან ჩამოცილების ფორმა და მოტივებია აქ დამაფიქრებელი. ეს იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა სიტყვა „პოლიტიკურის“ გამოყენება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც, სერიოზულ ელფერს აძლევს იმას, რაც მოხდა. სინამდვილეში ეს იყო ეროვნული ბანკის გახლეჩა საბანკო სექტორსა და მის კლიენტურაზე კონტროლის დამყარების მიზნით. ასევე მოხდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შემთხვევაშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის ტრანსაქციებს გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან, ვიღაცისაზე თვალს დახუჭავენ, თუნდაც ეს ფულის გათეთრება იყოს.

ზედამხედველობის გამოყოფას წმინდა შურისძიებითი ხასიათიც ჰქონდა. პრეზიდენტი მარგველაშვილი არ აღმოჩნდა ადვილად სამართავი. ეროვნული ბანკის გამოთავისუფლებული წევრის ნაცვლად მის მიერ ინიცირებული კანდიდატურა შეიყვანა საბჭოში. ასევე მოიქცა მოსამართლეებთან დაკავშირებით და სულ ახლახან გაზისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელი სამსახურის ვადაგასულ წევრებთან მიმართებითაც. ნათელი გახდა, რომ ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ უნდა დაინიშნოს, ვერ დასვამს მმართველი პარტია. ეს მოხდება კონსტიტუციის შესაბამისად, ანუ ქვეყნის პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს მის მიერ შერჩეულ პიროვნებას. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ეროვნული ბანკის ყველაზე რეპრესიული ნაწილი, რომელსაც სერიოზული ზემოქმედება შეუძლია საბანკო სექტორზე, ჯარიმებით დაწყებული, ბანკის ლიკვიდაციით დამთავრებული, ჩამოეცილებინათ  ეროვნული ბანკისგან და იგი საეჭვო პოლიტიკანების გავლენის ქვეშ მოაქციეს. ეს პროცესია სახიფათო და არა ის, რომ ეს ორგანო შეიძლება ცალკე არსებობდეს. თუმცა ეფექტურობის თვალსაზრისით სჯობია, რომ ეროვნულ ბანკში იყოს.

გარდა წმინდა ტექნიკური ფაქტორებისა, მნიშვნელოვანია მისი იურიდიული ასპექტები. ეროვნული ბანკი კონსტიტუციით შექმნილი ორგანოა და მას დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები აქვს, ვიდრე უბრალო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით შექმნილ დაწესებულებას. მასზე უფრო ადვილია პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის ზემოქმედება და მისი გამოყენება სუბიექტური მიზნებისთვის, ვიდრე ეროვნულ ბანკზე.

_ რა გავლენა იქონია ამ პროცესმა ეკონომიკაზე? პრეზიდენტის ვეტო, მისი დაძლევა, ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანა რაღაც ქრონიკულ სახეს იძენს?!

_ რასაკვირველია, მთელმა ამ პოროცესმა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა შეარყია. ხელისუფლების მმართველი გუნდი მოიქცა უპასუხისმგებლოდ და მოახდინა ეროვნული ბანკის დისკრედიტაცია და მისი ინსტიტუციური დასუსტება. მთავრობას არც მანამდე ჰქონდა ნდობა და ამ პროცესებში მისი და მისი დაქირავებულების უარყოფითი როლით კიდევ უფრო დაკარგა ავტორიტეტი. სხვათა შორის, გამოყოფის კანონი დაიწერა მთავრობაში და მერე მიაჩეჩეს დეპუტატებს. ფაქტობრივად, მათ ზურგს უკან მთავრობა მოქმედებდა და ისინი, როგორც მარიონეტები, წინა პლანზე გამოჰყავდა.

_ რაც მოხდა, მოხდა. რა უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ ამ სამსახურმა გამართულად იმუშაოს?

_ დღეს აუცილებელია, რომ არ ეს უარყოფითი მოვლენები კიდევ უფრო გაიზარდოს და სისტემის დეგრადაცია თავიდან ავიცილოთ.

პრაგმატულ და ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს გადააყოლეს ლარის სტაბილურობა. რომ არა ეს მოვლენები, დღეს ლარის კურსი არ იქნებოდა ამ ზომით გაუფასურებული და მოსახლეობაში არსებული ფულადი დანაზოგების დოლარში გადატანის პროცესიც ნაკლებ ინტენსიური იქნებოდა.

მაშინ, როცა საჭირო იყო კომპეტენტური აზრის მოსმენა და პანიკების მოხსნა, ხშირად მცდარ მოლოდინებზე დამყარებული ქმედებების თავიდან აცილება, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა  ურთიერთმტრობასა და კინკლაობაში გაატარა მთელი დრო, დაკარგა ნდობა, „სიტყვიერი იტერვენციით“ ზემოქმედების უნარი, რაც ლარის გაუფასურების მოლოდინში გარდაისახა.

_ ახალი ზედამხედველობის სამსახური როგორ უნდა დაკომპლექტდეს, რომ ამ ნდობის აღდგენა შეძლოს?

_ ნდობის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა პრინციპით დაინიშნება ამ უწყებაში ახალი ხელმძღვანელი კადრები. დღემდე ეს პოლიტიკური გუნდი ნაცნობ-მეგობრობის პრინციპით მოქმედებდა და გაავსო ადგილობრივი მმართველობიდან დაწყებული, სამინისტროებით დამთავრებული ყველა რგოლი არაკომპეტენტური ადამიანებით, ბიუჯეტისმჭამელებით.  სულ მალე პარლამენტი დაამტკიცებს ზედამხედველობის საბჭოს 7 წევრიდან 5 წევრს. ორი ავტომატურად არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ვინ იქნება დარჩენილი 5 წევრი, ამას გულისყურით უნდა ადევნოს თვალი საზოგადოებამ.

ჯერ ერთი, ზუსტად უნდა დაიცვან, თუნდაც, ამ ახლად მიღებული კანონის მოთხოვნები, სადაც საკმაოდ მკაცრი პროფესიული კრიტერიუმებია ჩამოყალიბებული; უნდა მოიძებნოს ამ სფეროში მაღალი კვალიფიკაციისა და კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანები. თუ ისეთივე კადრები დაინიშნა, როგორსაც ვხედავთ აღმასრულებელ ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, ძალიან სავალალო შედეგს მივიღებთ.

_ გვყავს ასეთი კადრები?

_ რასაკვირველია, კი. ამ სფეროში ბევრი მაღალი დონის კვალიფიციური სპეციალისტი საქმიანობს, მაგრამ, პირველ რიგში, საჭიროა გამოირიცხოს იმ ე. წ. ექსპერტების დანიშვნა, რომლებიც უსინდისოდ და უპასუხისმგებლოდ ძაბავდნენ მთელი წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკთან ურთიერთობას; აკეთებდნენ არაკომპეტენტურ,  შეკვეთილ შეფასებებს და აშკარად იყვნენ ხელისუფლების გარკვეული ძალების მიერ მართულები. ასეთი ტიპის ადამიანების მიმართ ნდობა ისეთივე დაბალია საბანკო თუ პროფესიულ წრეებში, როგორც მათი კვალიფიკაცია.

ზედამხედველობის სამსახურის მოქმედ სტრუქტურაში დაუშვებელია უხეში საკადრო ჩარევები; მით უმეტეს, არაკომპეტენტური და პარტიული ნიშნით მათი ჩანაცვლება. ფაქტობრივად, უნდა დაინიშნოს ექვსი კაცი. საბჭოს ხუთი წევრი, რომლიდანაც ერთი იქნება საბჭოს თავმჯდომარე და ერთიც ამ სამსახურის უფროსი, ანუ აღმასრულებელი სტრუქტურის პირველი პირი. მთელი ამჟამინდელი საკადრო შემადგენლობა უნდა დარჩეს ხელუხლებელი. ამ სამსახურის უფროსი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უნდა იყოს ძალიან გამოცდილი, კომპეტენტური, პატიოსანი და საერთაშორისო წრეებისთვის მისაღები ადამიანი. საბჭოს წევრებიც ფინანსურ წრეებში ავტორიტეტის მქონე ადამიანები უნდა იყვნენ.

_ საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეცვალეს თუ არა  ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შესახებ მათი უარყოფითი დამოკიდებულება, ან სამომავლოდ უნდა ველოდოთ კვლავ რაიმე სახის პროტესტს?

_ მათი პოზიცია უცვლელია. უარყოფითი დამოკიდებულება დღემდე არ შეცვლილა, ამიტომ ეს გარემოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ პოსტზე დასანიშნი ადამიანიების უმკაცრესად შერჩევის საჭიროებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღმოვჩნდეთ საერთაშორისო-საფინანსო თუ სხვა სახის დახმარების გარეშე.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკვე მესამე თვეა, პრინციპულად არ აწერს ხელს საქართველოსთვის გამოყოფილი „სტენდ ბაის“ კრედიტით გათვალისწინებულ „რევიუს“-მიმოხილვას. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სისტემის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით საჭიროა ცხრათვიანი გარდამავალი პერიოდის დაწესება, რათა, როგორც ამ ხელისუფლებას ჩვევია, ბულდოზერებით არ მიადგნენ და არ გარეკონ მრავალი წლის განმავლობაში ნაზარდი და ნატრენინგები კადრები. მეორეც, ისინი ითხოვენ ამ უწყების ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დატოვებას. ამას მოითხოვს ევროკავშირიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალუტო ფონდი არ დაამთავრებს მიმოხილვას, რის გამოც საქართველო ვერ მიიღებს სესხის დარჩენილ ტრანშს, რასაც მოჰყვება ევროკავშირის გრანტის გადმორიცხვის შეჩერება.

_ ე. ი. ჯერ არაფერი დამთავრებულა და ეს თემა კვლავ იქნება განხეთქილების საბაბი?

_ ასეა. უცნაური ვითარებაა შექმნილი. ერთი მხრივ, პრეზიდენტმა მოაწერა ამ კანონს ხელი და იგი აუცილებლად უნდა აღსრულდეს, მეორე მხრივ, სახეზეა საგარეო რისკები. კომპრომისული გამოსავალი შეიძლება ის იყოს, რომ პარლამენტი საბჭოს შემადგენლობას დააკომპლექტებს და მერე დაიწყება ცვლილებების განხორციელება ამ ახალ კანონში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი მეტი დამოუკიდებლობა და გარკვეული ფორმით ხაზგასმული იქნება ეროვნული ბანკის როლიც.

მოკლედ, აუტკივარი თავი აიტკივეს!

ამასობაში ეკონომიკა ერთ ადგილს ტკეპნის. სამწლიანი ინერციით სვლა დამთავრდა, მეოთხე წელს უკან დაგორებას დავიწყებთ. ახლა ამის შეჩერებაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ.

_ ცოტა რომ გადავუხვიოთ თემას: მევენახეების ბუნტმა ლარის თემაც კი გადაფარა. რამდენად სამართლიანია გლეხების მოთხოვნა და ვინ არის დამნაშავე შექმნილ ვითარებაში? რატომ არ მიდის ჯიუტად მთავრობა დათმობაზე? ეს მათ პრინციპულობას უნდა მივაწეროთ, თუ ცარიელ ბიუჯეტს?

_ მთავრობა ხაფანგში გაება. უკვე აშკარად იჩინა თავი იმ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც ახალი ხელისუფლება მოსვლის დღიდან ატარებდა: ყველაფრის დაფინანსება ბიუჯეტიდან, არის თუ არა ეს პრიორიტეტული, გაქვს თუ არა ამის რესურსი? განსაკუთრებით სუბსიდირების ზრდა პოპულისტური საარჩევნო დაპირებების ნაწილობრივ მაინც შესრულების მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, მომავალ არჩევნებზე ფიქრს ნიშნავს და არა ჯანსაღი ეკონომიკის ფორმირებაზე ზრუნვას. ამიტომ სუბსიდირდებოდა უამრავი რამ: აგროდაზღვევა, ყურძნის ჩაბარება, ციტრუსების დამზადება, არაკონდიცირებული ხარისხის ვაშლის გადამუშავება, ხვნა-თესვა. მერე ამას დაემატა თბილისში გაზი, მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია. მალე წყალიც გაძვირდება ლარის დევალვაციის გამო. აქაც სუბსიდირებას მიმართავს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს საარჩევნო წელიწადს მოხდება. ამას დამატებული გადახარჯვა ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამაში და ასე შემდეგ.

მთავრობა საკუთარი ეკონომიკური მოდელის მძევალი გახდა. გადმობრუნდა ლოდი და ქვეშ მოექცა.

მევენახეებზე უარის თქმას პრინციპულობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს ბიუჯეტის შეზღუდულობითაა გამოწვეული. თანაც ბიუჯეტი დეფიციტურია, ანუ შემოსავლებზე ხარჯების მეტობა იფარება საგარეო და შიდა ვალით. საშინაო ვალის აღება დღითი დღე უძვირდება მთავრობას. იმაში, რასაც შარშან წლიურ 5-6 პროცენტს იხდიდა, ახლა 10 და მეტი პროცენტი უჯდება. მხოლოდ პროცენტის სახით 120-130 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს საშინაო ვალზე ბიუჯეტიდან.

_ უნდა აეღო თუ არა ყურძნის ფასების კომპენსირების ვალდებულება მთავრობას?

_ როცა აკეთებ იმას, რაც შენი საქმე არ არის, როცა აწესებ ყურძენზე ფასს, რომელიც შენი საქმე არ არის, როცა ყიდულობ საქონელს და კიდევ უფრო მეტ თანხას ანიავებ მის გადასამუშავებლად და რაც ასევე შენი საქმე არ არის, გგონია, ყოველთვის მიიღებ ამისგან დივიდენდს?

ყურძნის რეალური საბაზრო ფასი, გამომდინარე კრიზისული ვითარებიდან და ბაზრების შეკვეციდან (სხვათა შორის, ეს საშინაო ბაზარსაც ეხება, ხალხს არ აქვს ღვინის შესყიდვისა და ოჯახებში დამზადების ფული), თუ გამოვაკლებთ მთავრობის მიერ დაწესებულ წანამატს (სუბსიდია) და თუ სახელმწიფო არ განახორციელებდა შესყიდვებს (რაც, როგორც უკვე ვთქვი, მისი საქმე არ არის), თეთრ ყურძენზე არის, დაახლოებით, 15-20 თეთრი (60 თეთრს მინუს 35 თეთრი სუბსიდირება, მინუს 5-10 თეთრი, სახელმწიფოს მიერ ყურძნის შესყიდვის ეფექტი), შავ ყურძენზე _ 60-65 თეთრი. ეს იმას ნიშნავს, რომ მევენახეობის დარგი საქართველოში მთლიანად გაკოტრებულია. ამაში მთავრობაა დამნაშავე. ესაა არასწორი აგრარული პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდები იხარჯება ბიუჯეტიდან შესაბამისი უკუგების გარეშე; როცა უაზრო სუბსიდირებას ახდენდა ხვნა-თესვით დაწყებული, ღვინის ქარხნების პირდაპირი დაფინანსებით დამთავრებული და ქმნიდა პროდუქციას საწყობისთვის; დამნაშავეა რუსული ბაზრის იდეალიზებისა და ელემენტარული პროგნოზირების უუნარობის გამო.

ხვალ დენის სუბსიდირებით იქნება უკმაყოფილება ხალხში, ზეგ _ გაზის, მერე _ ციტრუსებისა და ვაშლის, წყლის ფასიც აუცილებლად მოიმატებს, რადგან ვერ მიხედეს ლარის კურსს და ეროვნულ ბანკთან ბრძოლას და ფინანსური ძალაუფლების განმტკიცებას მოახმარეს მთელი ენერგია.

სუბსიდირებით კი არა, ლამის ლას-ვეგასივით ბათუმი ააშენა წინა ხელისუფლებამ, მაგრამ მაინც წააგო არჩევნები.

საბოლოოდ იგებს ის, ვინც მოქმედებს დანტეს პრინციპით: „იარე შენი გზით და დაე, ადამიანებმა რაც უნდა თქვან!“

ოპოზიციური პარტიებიც პოპულისტობენ და ქულებს იწერენ. აბა, რა ეგონა მმართველ ძალას? ასეთია ოპოზიციის ლოგიკა, თუ მასეთია ხელისუფლების ლოგიკა!

_ ანუ მთავრობა რომ არ ჩაერიოს, გლეხებს ყურძნის გაყიდვა თვითღირებულებაზე იაფად მოუწევთ?

_ რა თქმა უნდა. თუ არავინ იყიდის, მისი ფასი  ნული თეთრი ღირს. ჭარბწარმოების კრიზისი არ გახსოვთ ისტორიის წიგნიდან? როგორ ყრიდნენ ზღვაში ზედმეტ ხორბალს „საზიზღარი კაპიტალისტები“ და არ ურიგებდნენ ხალხს. ასეა აქაც. ყურძენი რომ ხალხს აჩუქო, ფასი დაეცემა. ამიტომ მთავრობა „ზღვაში ყრის“ _ თავის ქარხნებში აძმარებს.

_ ამბობენ, მთავრობა ამ ყურძნით სპირტს გამოხდის და ოდესღაც გაყიდისო!

_ თავისი არსით ეს არის კორუფციის წყარო. არაეფექტიანი რომაა, ბავშვიც კი მიხვდება. ჯერ ერთი, ვერასდროს დაადგენ, სინამდვილეში რამდენი ყურძენი ჩაიბარეს. მერე გადაამუშავებენ ან ღვინოდ, ან ძმრად, ან სპირტად. სპირტზე იტყვიან, აორთქლდაო. ასე იყო კომუნისტების დროს.

_ აბსურდული ვითარება გამოდის…

_ გეთანხმებით. გლეხს მოჰყავს ყურძენი, რომელსაც ვერ ყიდის, ანუ არავის სჭირდება. ჰუმანური სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, რომ იყიდოს მისგან ეს საქონელი, თუმცა მასაც არაფერში სჭირდება.

ყურძენი მალფუჭებადია, ამიტომ სახელმწიფო სასწრაფოდ გადააქცევს მას ღვინოდ _ სპეციალურად ამ მიზნით აშენებულ ქარხნებში, ან კერძო საწარმოებს ჩამოურიგებს ყურძენს და შეუკვეთავს სახელმწიფო ღვინის წარმოებას.

სახელმწიფოს ღვინოც არაფერში სჭირდება. ის უარესი ხარისხისაა და არც ვაჭრობა ეხერხება, ღვინო კი მალე ძმარდება. ამიტომ, დამატებითი ხარჯების მიუხედავად, მას აქცევს სახელმწიფო სპირტად _ უკეთესად ინახება. კი, შენახვასაც ხარჯები აქვს, დანაკარგებიც, მაგრამ ძმარს მაინც სჯობია. ერთ დროს შეიძლება გაყიდოს. ძმრის ფასად, რა თქმა უნდა, რადგან ბაზარზე მსგავსი პროდუქცია (განსაკუთრებით უცხოური) გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე სახელმწიფო საქონელი. სახელმწიფოს ხომ არ ადარდებს მისი დანახარჯები? სინამდვილეში ეს ფული მისი ხომ არ არის. იგი ე. წ. გადასახადების გადამხდელებისაა.

_ იქნებ, უკეთესი იყო, არ გამოეხადა სპირტი და ძმრად გაეყიდა?

_ იქნებ, უკეთესი იყო, რომ არ მიეყვანა საქმე დაძმარებამდე და გაეყიდა, როგორც ყურძენი? რა თქმა უნდა, კი!

_ იქნებ, უკეთესი იყო, გლეხს არ ეწარმოებინა ყურძენი და პირდაპირ ეჩუქებინა ფული მისთვის სახელმწიფოს არწარმოებისთვის? დაიზოგებოდა რესურსები.

_ სწორედ ამას აკეთებენ ევროკავშირში, რომლის მაგალითად მოყვანა ასე უყვართ სუბსიდირების გასამართლებლად.

ესაა აბსურდის ეკონომიკა. ევროკავშირშიც, რა თქმა უნდა. ეს მახინჯი ტრადიცია მრავალი ათეული თუ უფრო მეტი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა ამ ქვეყნებში და ახლა მის ეტაპობრივად მოშლას ცდილობენ. ძალიან ძნელია. პოლიტიკურადაც, ანუ ელიტების კეთილდღეობასაც ეხება ეს და ვერ ბედავენ ამ აბსურდიდან სწრაფად გამოსვლას.

ჩვენ კი გვინდა, რომ მასში შევყოთ თავი.

გლეხებზე ზრუნავენ? სულ ფეხებზე ჰკიდიათ. არჩევნებზე ფიქრობენ, რომ კიდევ ერთი ციკლი თბილად მოკალათდნენ.

_ მთავრობას შტაბები აქვს შექმნილი და გვპირდება, რთველი წარმატებით ჩაივლისო…

_ როდესაც მოსავლის მოყვანას სამთავრობო შტაბის შექმნა სჭირდება, იმ ქვეყნის ეკონომიკას არაფერი ეშველება.

როცა ტრადიციულად ვსვმათ კითხვას, _ რა გვეშველებაო? _ მოიცადეთ შემოდგომამდე, მერე გაიხედ-გამოიხედეთ და რთველში, ციტრუსების კრეფისას, ან სხვა სახის მოსავლის დაბინავებისას შტაბს თუ ვერ მოჰკარით თვალი, ესე იგი, გვეშველა!

 

                                                                                                             გელა მამულაშვილი