მამუკა ნოზაძე: „მიროტაძე-თედეშვილის ადგილი ციხეშია და არა მოსამართლის სავარძლებში!“

xe

ადვოკატი მამუკა ნოზაძე „ქრონიკა+“-თან ორ მოქმედ მოსამართლეს ამხელს და აცხადებს, რომ მათ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს და ციხეში უნდა ისხდნენო.

 

მამუკა ნოზაძე:

_ მცდელობას, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე დანაშაულებრივი ქმედებები გამოვავლინოთ და დამნაშავე მოსამართლეები ვამხილოთ, ვფიქრობ, წარმატებით ვახორციელებთ, თუმცა საჭირო შედეგს ვერ ვიღებთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიული და სამართლებრივი არ არის, თორემ მასობრივ საშუალებაში მსგავსი ინფორმაციების გავრცელებას აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს რეაგირება. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან დღეს თუ არა ხვალ მაინც მიხვდება ხელისუფლება და ხალხი, რომ მოსამართლეები, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, მართლაც უკანონო ქმედებებს სჩადიოდნენ და დამნაშავენი იყვნენ.

ამჯერად კიდევ ორი მოსამართლის „საქმენი საგმირონი“ მინდა გაგაცნოთ და მათ დანაშაულებრივ საქმიანობებზე გესაუბროთ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძე ორი წლის წინათ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ საგამოძიებო კოლეგიაში. 2016 წელს მას სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა ეწურება, ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ამ ადამიანმა რა გზა განვლო და როგორი საქმეები ჩაიდინა.

მან 2005 წელს გორის რაიონის მოსამართლედ რამდენიმე თვე იმუშავა, მაგრამ მაინც მოასწრო მნიშვნელოვანი კრიმინალური ქმედებების ჩადენა. მიროტაძე იყო პროკურატურის ყურმოჭრილი მონა. მოგეხსენებათ, ამ დროს ადეიშვილთან უშუალო შეთანხმებით ხდებოდა მოსამართლეებად დანიშვნა და კანდიდატებსაც პროკურატურის მაღალჩინოსნები არჩევდნენ. მათი შერჩეულია გიორგი მიროტაძეც, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. მოსამართლეობის პერიოდში მან ორი ადვოკატის მიმართ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიო სამართლებრივ სივრცეშიც არ გააჩნია პრეცედენტი.

_ ასეთი რა გააკეთა?

_ 2005 წლის 3 ნოემბერს, გორის სასამართლოში, ღამის 11 საათზე შევიდა შუამდგომლობა 2 ადვოკატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. საქართველოს სასამართლოებში სამუშაო დრო მკაცრად არის განსაზღვრული: 10 საათიდან 18 საათამდე, 18 საათის შემდგომ საქმის განხილვა არ შეიძლება.

_ სააკაშვილის დროს სასამართლო პროცესები ღამის საათებში ხშირად ტარდებოდა და გადაწყვეტილებებს ამ დროს იღებდნენ და აცხადებდნენ. ასე არ იყო?

_ დიახ ასე იყო, მაგრამ ამ ფაქტის გარდა არ ყოფილა შემთხვევა, რომ 6 საათის შემდგომ, მით უფრო, ღამის 11 საათზე, სასამართლოში შესულიყო  შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების საკითხი მყისიერად განხილულიყო. მიროტაძემ ღამის 11 საათზე მობილიზება გაუკეთა სასამართლოს კანცელარიას, მათ პროკურატურის შუამდგომლობა გაატარეს რეგისტრაციაში და 11 საათსა და 45 წუთზე დაიწყო სასამართლო განხილვა ადვოკატების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოტანის თაობაზე. 45 წუთის განმავლობაში სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა შუამდგომლობა, იგი გადაეცა მოსამართლეს, რომელიც მას გაეცნო და დანიშნა და ჩაატარა კიდევაც სასამართლო სხდომა. ყველაფერს აქვს საზღვარი და წესი. შუამდგომლობის შესვლა სასამართლოში გარკვეულ პროცედურებს მოიცავს: სანამ ის მოსამართლესთან მივა, უნდა გაიაროს გარკვეული გზა, გაცნობის შემდგომ მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დაავალოს შესაბამის უწყებებს, წარმოადგინონ ბრალდებულები საქმის განხილვისთვის. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი 45 წუთში სრულყოფილად ვერ მოესწრება. ამის გამკეთებელი მოსამართლე არის პროკურორის ყურმოჭრილი მონა. იმ დღეს მიროტაძე სასამართლოში მორიგეც არ იყო, მეორე დღეს კი მამის წლისთავი ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ღამის 4 საათამდე იხილავდა ამ საქმეს და ისიც ვერ შეჰბედა პროკურატურას, რომ ეთხოვა, მამის წლისთავზე დროულად გაეშვა. ამ საქმის განხილვა ევროპულ სასამართლოში უკვე დასრულებულია და დღე-დღეზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ საშინელ დანაშაულს აუცილებლად მიეცემა შეფასება. სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც ჩაიდინა მიროტაძემ.

_ მაგალითად?

_ რადგან მიროტაძემ ვერ შეასრულა მოსამართლის მისია, არ ეყო ინტელექტი, გამოცდილება, ნიჭი და ცოდნა, მან 2006 წლის დასაწყისში დაწერა განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე. როცა ადამიანი განცხადებას წერს განთავისუფლებაზე, უნდა მიადევნონ თვალყური, როდის გამოიცემა ბრძანება და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ დროს უკანონოდ შეასრულოს რაიმე საქმიანობა. თავად მიროტაძისთვის ცნობილი იყო ის, რომ ოფიციალურად აღარ ითვლებოდა მოსამართლედ, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკვე გამოტანილი ჰქონდა განთავისუფლების ბრძანება, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში მან განიხილა სამი პირის საქმე და მათ ისე შეუფარდა პატიმრობა, რომ მოსამართლედ აღარ იმყოფებოდა.

_ ვის შეუფარდა მიროტაძემ მოსამართლედ არყოფნის პერიოდში პატიმრობა?

_ რამინ ძმორაშვილს, სულიკო რაზმაძეს და კიდევ ერთ ადამიანს. ამ დროს მიროტაძე აღარ იყო მოსამართლე. ეს პიროვნებები, მიროტაძის უკანონო ქმედებების გამო, ორ კვირაზე მეტ ხანს იყვნენ ციხეში. საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია ადამიანის დაპატიმრება და ციხეში მოთავსება მოსამართლის შესაბამისი ბრძანების გარეშე. მოსამართლედ კი მიიჩნევა ის პირი, რომელიც კანონის შესაბამისად არჩეულია, ან დანიშნულია აღნიშნულ თანამდებობაზე. მიროტაძის საქციელი, დაახლოებით, ნიშნავს იმას, რომ თქვენ დღეს დაწეროთ რაღაც ბრძანება, გარკვეულ პირებს შეეფარდოს პატიმრობა და ის აღასრულოს შს სამინისტრომ. ეს არის დანაშაული, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, სს საპროცესო კოდექსის დარღვევა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ამ დროს მიროტაძე კაბინეტიდან გამოსული არ იყო და ამ დანაშაულის ჩადენა ამიტომაც მოახერხა, რაც უკვე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა უზრუნველეყო. აქედან გამომდინარე, მის მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაში ვინც მონაწილეობა მიიღო, ყველა ის პირი არის დამნაშავე, რადგან ფეხქვეშ გათელეს კონსტიტუცია და ადამიანს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ეს არის დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დასჯადი ქმედება. ასეთი რამ ზიმბაბვეში და კონგოშიც არ მოხდება, თუმცა კრიმინალ გიორგი მიროტაძეს პასუხი არ აგებინეს. საკუთარი განცხადებით განთავისუფლების შემდგომ მას ისევ დააწყებინეს მუშაობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამჯერად ის საერთო სასამართლოებში სხვა მოსამართლეების მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე დისციპლინური საქმის წარმოებას უძღვებოდა. ანუ მას ჰქონდა უფლება, რომელიმე საერთო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დაეწყო დისციპლინური დევნა კანონისა და ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო. ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ საზოგადოების მიმართ დანაშაულებრივია, არის სამარცხვინო და ცინიკური.

მიროტაძისა და მისნაირი ადამიანების დაწინაურების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის სამართლებრივი სახელმწიფო. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და ახლაც აქ ყველაფერი წყდება ძმაკაცობით, დაქალობით და კანონს არავინ დაგიდევს. აბსურდია ისიც, რომ ჩვენ რამე მიმართულებით გვაქვს წარმატება. ასეთი საუბრები ემსახურება მხოლოდ ადამიანების მოტყუებასა და მათთვის თვალებში ნაცრის შეყრას. `ნაციონალური~ გუნდის წევრი იყო მიროტაძე, ამიტომ არ დატოვეს და დაასაქმეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საიდანაც, გარკვეული წლების შემდგომ, ის კვლავ მოავლინეს მოსამართლედ. ამას წინათ მიროტაძის გვარმა გაიჟღერა „თავისუფალი დემოკრატების“ საქმეში. ირაკლი ალასანიას გუნდის წევრების საქმეზე, პირველ ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე ჯუღელმა  გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება პროკურატურის მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. მაშინ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თქვეს, რომ მეორე ინსტანციაში ამ საქმეს მიროტაძეს დააწერდნენ და ის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გააუქმებდა. მართალია, საქმე მიროტაძეს არ ჩაბარდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ საზოგადოებას დასაბუთებული ვარაუდი აქვს: ეს მოსამართლე არის მონა და მისი სასამართლო ხელისუფლებაში ყოფნა საშიშია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ამ ინფორმაციებს აუცილებლად მიექცევა ყურადღება და 2016 წელს, როცა ხელახლა იმსჯელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის მიმართ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე, მას მოსამართლედ ყოფნის უფლებას აღარ მისცემს. ასევე ვიმედოვნებ, რომ ოდესმე, ასეთ საქმეებზე, გამოძიება დაიწყება და ჩვენი ნათქვამი და დაწერილი არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. იმის თქმა, რომ მოსამართლეები არიან ხელშეუხებელნი, ეწინააღმდეგება ყოველგვარ სამართალსა და კანონს. არავინ არ დგას კანონზე მაღლა და დანაშაულებრივი ქმედების გამო ყველას უნდა მოეთხოვოს სათანადო პასუხი თანამდებობისა და მდგომარეობის მიუხედავად.

 

აქვე ვისაუბრებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატა თედეშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე. კომპეტენტურმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია და ამაზე რუსთავშიც საუბრობენ, რომ მის კარიერულ წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის ბიძას. სანამ მოსამართლე გახდებოდა, თედეშვილი რიგითი ადვოკატი იყო, თუმცა თითო-ოროლა საქმე ჰქონდა წარმოებაში და იმასაც ვერ ახორციელებდა  სრულყოფილად. ის მოსამართლედ თავდაპირველად ქარელის რაიონის სასამართლოში დაინიშნა, შემდეგ კვლავ ლევან მამალაძის შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. ერთი პერიოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაშიც ასრულებდა სამოსამართლეო საქმიანობას. ყველაზე საგულისხმო კი მაინც ის არის, რომ მამალაძეების დამსახურებით გახდა მოსამართლე, მაგრამ მერე სწორედ მათ მიმართ ჩაიდინა შურისმაძიებლური, დანაშაულებრივი ქმედება.

_ იქნებ, დააკონკრეტოთ, რაში სდებთ ბრალს ამ მოსამართლეს?

_ მან ლევან მამალაძის მიმართ უზრუნველყო უკანონო განაჩენის გამოტანა და ხანგრძლივი ვადით აღუკვეთა თავისუფლება. ამ საქმეს ვინც ჩახედავს, მიხვდება, რომ მოსამართლე ნატა თედეშვილი არის არაპროფესიონალი და ასეთი მოსამართლეების სასამართლო ხელისუფლებაში ყოფნა ქვეყნისთვის უბედურების მომტანია და საშიში. ლევან მამალაძის საქმეში მან მტკიცებულებად მიიჩნია ისეთი დოკუმენტი, რომლის წყაროც გარკვეული არ იყო. ეს გახლდათ უცხოეთიდან ქსეროქსით გამოგზავნილი საბუთი, რომელსაც ხელი მოწერილი არ ჰქონდა, არც ნოტარიულად იყო დამოწმებული, აქედან გამომდინარე, ის მტკიცებულებად არ უნდა მიჩნეულიყო. მიუხედავად ამისა, ამ დოკუმენტის საფუძველზე ლევან მამალაძეს 12 წლით აღეკვეთა თავისუფლება. მოსამართლე, რომელიც ასეთ ელემენტარულ სამართლებრივ ნიუანსებში ვერ ერკვევა, ან ერკვევა და ბოროტად იყენებს სამსახურებრივ მდგომარეობას, მისი ადგილი არის ციხეში და არა სასამართლოში, მოსამართლის სავარძელში. მიუხედავად იმისა, რომ თედშვილი შევარდნაძის დროს გახდა მოსამართლე, `ნაცმოძრაობასაც~ მშვენივრად მოერგო და მათ დაკვეთებსაც კარგად ასრულებდა.

მან ციცო ქოროღლიშვილის საქმეზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს დაარღვია კანონი და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იყო, ქვემო ქართლის პროკურორის, მიხეილ აბულაძის დაკვეთით, ციხეში გაუშვა. მიზანი ერთადერთი იყო, _ ამ ადამიანისთვის უნდა გამოეძალათ სოლიდური თანხა და ასე შეევსოთ სახელმწიფო ბიუჯეტი. მიხეილ აბულაძე, თავის დროზე, ადეიშვილის ხელისბიჭი იყო, დღეს კი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაული სწორედ ის არის, რომ იმ ყოფილ პროკურორებს, რომლებიც უამრავ უკანონობას სჩადიოდნენ, ატერორებდნენ ბიზნესმენებს, ართმევდნენ ქონებას, ციხეებში უშვებდნენ უდანაშაულო ადამიანებს, აიძულებდნენ მათ ბიუჯეტში შეეტანათ თანხები და სხვა, არ მოეთხოვა პასუხი. დღეს ზოგი მათგანი არასამთავრობოს სახელით საუბრობს უსამართლობებზე და იცავს ყოფილი დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს. დანაშაულს ადეიშვილი მარტო ვერც ჩაიდენდა. ის ასეთი ადამიანების მეშვეობით ახორციელებდა ამას, მაგრამ ამ ხალხის დიდი ნაწილი კვლავ მოსამართლე, პროკურორი, ან შს სამინისტროს თანამშრომელია და ეს ყველაფერი სახელმწიფოს ძალიან ცუდად შემოუტრიალდება.

 

                                                                                                       ნელი ვარდიაშვილი